Home Blog Page 39

კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა – სერგეი ლავროვი

კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქის ტერიტორიაზე თავდასხმის ფონზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ის ხალხი, ვინც დასავლეთმა მოიყვანა უკრაინის ხელისუფლებაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების გზით, ასრულებს დასავლეთის ბრძანებას – ქვეყანა კიდევ ერთხელ გადააქციონ ნაცისტურ საფრთხედ რუსეთის ფედერაციისთვის. ეს არ გამოვა და ეს უკვე ყველასთვის გასაგებია. ერთგვარი კრუნჩხვები, აგონია, რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის ე.წ კურსკის მოქმედების ფარგლებში, ყველასთვის აშკარაა. ამიტომ ჩვენი საქმე სამართლიანია“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი, უმეტესწილად, რუსეთის ძმები არიან.

„ჩვენ ამაზე არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ჩვენ ეს ვიცით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს – რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება.

11 სექტემბერს იმიტირებული კენჭისყრის პროცესი დაიწყება 11:00 საათიდან და გაგრძელდება 18:00 საათამდე. საარჩევნო ოლქების მიხედვით საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება იმიტირებული კენჭისყრა, განთავსებულია ბმულზე: https://cesko.ge/static/file/202409085742-imitacia.pdf


საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესონ ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ  საარჩევნო  ტექნოლოგიებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის  ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ეს იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი – ჯეიმს ო’ბრაიენი

ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს.

აღნიშნულით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აღსრულების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც ჯეიმს ო’ბრაიენი განმარტავს, არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ, ეს კანონი ამას არ აკეთებს.

„ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, ვნახოთ, რომ მთელი პროცესი კარგად მუშაობს. ეს მოიცავს სათემო გაერთიანებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მოხალისეებს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ამ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს ეფექტიანად, შევიწროების და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი რამაა. რაც შეეხება ამ კანონს, როგორც ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ, ის ფუნდამენტურად ნაკლოვანია. არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ. ეს კანონი ამას არ აკეთებს. როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი საკითხი ისაა, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, საუბარია იძულებაზე: ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს [ორგანიზაციას] რეგისტრაციას, და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია“,- აღნიშნავს ჯეიმს ო’ბრაიენი.

ამასთან, მან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის არჩევნებზე შესაძლო გავლენაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს კანონი ცდილობს ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს.

„არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. კარგია, რომ ეუთოს შესაძლებლობა ექნება ზოგ ნაწილში სადამკვირვებლო მისია შეასრულოს, მაგრამ ეს ორგანიზაციაც ეყრდნობა ადგილობრივ ჯგუფებს, რიგით ქართველებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეები დარეგისტრირებულები არიან, აქვთ საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ ხმა მისცენ, სწორ ადგილას გამოცხადდნენ და რომ მათი ხმები დაითვალოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სისტემის ნაწილია. ეს კანონი კი ცდილობს ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ის ნამდვილად არ იქნება აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის გარეშე კი საქართველო წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს“,- აღნიშნავს ჯეიმს ო’ბრაიენი.

ამასთან, მან იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მცდელობაში სდებენ ბრალს და ამერიკული ორგანიზაციების – NDI-ისა და IRI-ის მისამართითაც ისმის ბრალდებები თბილისში თითქოს ისინი ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს.

როგორც ჯეიმს ო’ბრაიენი განმარტავს, ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა, თავს ისულელებს. ამერიკული ორგანიზაციები კი ძალიან გამჭვირვალეა.

„ცნობილია ვისთან ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება მთავრობის შიგნით, თუ – მის გარეთ. ესაა მთლიანი მიზანი. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. უცნაურია, რომ “ქართული ოცნება” კვლავ და კვლავ იგებს არჩევნებს მაშინ, როცა ამტკიცებს, რომ ჩვენ როგორღაც მათ წინააღმდეგ შეთქმულებებს ვაწყობთ. ეს სასაცილო კომენტარია. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხისთვის, ვის უმეტესობასაც, თითქმის 90 %-საც სურს ევროპისკენ წასვლა. ეს მთავრობა და მისი ძალიან ცუდი სამართალშემოქმედებაა, რომელმაც ეს პრობლემა გამოიწვია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ეს გამოასწორონ იმისთვის, რომ ხალხმა თვითორგანიზება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღება შეძლოს“,- აღნიშნავს ჯეიმს ო’ბრაიენი.

კითხვაზე აშფოთებთ თუ არა რუსული შესაძლო ჩარევა ან მავნე ზეგავლენა საქართველოში უახლოეს მომავალში, ჯეიმს ო’ბრაიენი განმარტავს, რომ რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს.

„მინდა იმაზე ვფოკუსირდეთ, რომ ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა, მთავრობა აკეთებს იმას, რომ ურთულებს საკუთარ მოქალაქეებს თვითორგანიზებას, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს კი – ევროპასა და შეერთებულ შტატებში – საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ამ გარემოში, თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო აქამდე, რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს“,- აღნიშნავს ჯეიმს ო’ბრაიენი.

ვენესუელას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა მისი დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა

ვენესუელას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც ესპანეთში თავშესაფარი მოითხოვა, – ინფორმაციას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

„ედმუნდო გონსალესი, მისივე თხოვნით, ესპანეთში ესპანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით გაფრინდა. ესპანეთის მთავრობა ერთგულია ყველა ვენესუელელის პოლიტიკური უფლებებისა და ფიზიკური მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა.

ედმუნდო გონსალესს ვენესუელას ოპოზიცია და რამდენიმე უცხოური ქვეყნის მთავრობა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს. რამდენიმე დღის წინ, ვენესუელას მთავრობამ მისი დაკავების ბრძანება გასცა.

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ედმუნდო გონსალესს უსაფრთხოდ გასვლის საშუალება მისცა, რათა ხელი შეეწყო ქვეყანაში პოლიტიკური მშვიდობისთვის.

რუსებმა სუმი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა გუშინ ღამით ქალაქ სუმიზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი“, – აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.

“ცოტა მეშინოდა, რაღაც კარგის მერე აუცილებლად ვურევთ ხოლმე, მაგრამ დღეს ჩამოყალიბებული ფეხბურთელები დავინახე”-გურამ კაშია

დღეს დავინახე ფეხბურთელები, რომლებიც არიან უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები და მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ჩეხეთთან მატჩის შემდეგ.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, იმ წარმატების შემდეგ როგორ ვითამაშებდით დღეს, მეშინოდა რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა გვექნებოდაგვექნებოდა, ქართულ ხასიათს მანდ გამოვავლენდით – რაღაც კარგის მერე აუცილებლად ვურევთ ხოლმე. მაგრამ დღეს ჩამოყალიბებული ფეხბურთელები დავინახე”. – განაცხადა გურამ კაშიამ

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში უკრაინა გასვლით მატჩში დაამარცხა (2:1) და საქართელოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია.

ჩეხეთთან ლამაზი ფეხბურთით და ასეთი ანგარიშით მოგება, ძალიან მნიშვნელოვანია -ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის B1 ჯგუფში ჩეხეთთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო 4:1, კვარაცხელიამ კი ანგარიში პენალტით გახსნა.

„რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო… ვილიმ [სანიოლი] ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. ჩემი აზრით, ასეთი ლამაზი ფეხბურთი დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან კმაყოფილები ვართ. იყო შეცდომები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ამას გავაანალიზებთ. 4:1-ით მოგება ისეთ ძლიერ ნაკრებთან როგორიც ჩეხეთია, ძალიან მნიშვნელოვანია.

თითქმის ყველა შექმნილი ეპიზოდი გამოვიყენეთ და, ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ამით ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯგუფური ეტაპის მოგებით დაწყება, რაც ალბანეთთან სტუმრად კარგი თამაშით უნდა გავამყაროთ.

საქართველოს ნაკრებს ყველა ტურნირზე შეუძლია წარმატების მიღწევა, რადგან დღეს ანგარიშგასაწევი გუნდი ვართ და ყველაფერს კარგად ვაკეთებთ – ეს დღევანდელმა მატჩმაც დაამტკიცა, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1-ის მოგება, თანაც ასეთი ლამაზი ფეხბურთის ჩვენება ძალიან კარგია.

ყველა გოლი ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღევანდელი თამაშით ბედნიერი ვარ. შევეცდები, გოლები სხვა მატჩებშიც გავიტანო და საქართველოს ნაკრებს ყველანაირად დავეხმარო, რასაც ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში უკრაინა გასვლით მატჩში დაამარცხა (2:1) და საქართელოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია.

გულდასაწყვეტია, რომ მატჩთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი არ გამართლდა, ქართველი ფანები ჩვენზე დამთრგუნველად მოქმედებდნენ – ივან ჰაშეკი

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა საქართველოსთან ერთა ლიგაზე წაგებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და მეტოქეს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა.

„ჩვენს თამაშს პოზიტიურად ვერ შევაფასებ. ამაზე ის ერთადერთი გოლი მეტყველებს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. შედეგით კმაყოფილი არ ვარ. განსაკუთრებით ბოლო 10 წუთი არ მომეწონა. ქართველმა ფეხბურთელმა ჩვენს გუნდს დიდი სხვაობით აჯობეს.

რაც შეეხება ფანების განწყობას, ჩვენ ვგრძნობდით ამ ემოციას. არაა გასაკვირი, რომ ქართველები ასე ემოციურად გულშემატკივრებდნენ საკუთარ გუნდს და ეს ჩემს ფეხბურთელებზე ცოტა დამთრგუნველად მოქმედებდა.

გულდასაწყვეტია, რომ მატჩთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი არ გამართლდა. იმედია, უკრაინასთან უკეთ ვითამაშებთ და შედეგიც უკეთესი იქნება“, – განაცხადა ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა, ევროპის ჩემპიონატმა მეტი თავდაჯერება შეგვძინა – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მოგებული მატჩი (4:1) პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„სამი წლის განმავლობაში დიდი გზა გავიარეთ, ბევრი რამ გარედან არ ჩანდა. მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა. ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და ნახეს, რას მიაღწიეს გუნდური თამაშით და თავდაჯერებულები გახდნენ.

პირველი 20 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ. მერე შემტევებს, ხვიჩას, მიქაუტაძეს და ჩაკვეტაძეს ვთხოვე, რომ დაცვაში დიდ ძალებს ნუ დახარჯავდნენ და ეს ძალიან კარგად მოახერხეს. საწყის წუთებს თუ არ ჩავთვლით, მთლიანობაში გუნდმა იდეალური თამაში აჩვენა.

მაინტერესებდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოთამაშეები ნაკრებში რა განწყობით ჩამოვიდოდნენ. მინდა, მივულოცო მათ, რომ საუკეთესო განწყობით ჩამოვიდნენ და შესანიშნავი თამაში აჩვენეს.

რაც შეეხება ცვლილებებს, კიტეიშვილს არ შეეძლო 90 წუთის თამაში, ჩაკვეტაძემაც მთხოვა შეცვლა. კვარაცხელია კი დიდი ხანია, მაღალ დონეზე თამაშობს და იცის, როგორ გადაანაწილოს ძალები. კიტეიშვილი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მოთამაშეა. ჩვენთვის მისი მნიშვნელობა მაშინაც გამოჩნდა, როდესაც ევრო 2024-ის რამდენიმე შეხვედრაში ვერ დაგვეხმარა. მას შეუძლია, ტოპლიგაში ითამაშოს, ოთარი იდეალურად ასრულებს თავის როლს და მიხარია, ასეთი მოთამაშე რომ გვყავს.

შემდეგი შეხვედრა ალბანეთთან გველის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან რთული მატჩი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, ეს ძალიან ძლიერი გუნდია“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდეგ მატჩს ტირანაში გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი 10 სექტემბერს ალბანეთს ესტუმრება.

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თავს მხნედ და ხალისიანად გრძნობთ. ამ დღეს ყველაზე კარგად ის საქმეები გამოგდით, სადაც საშუალება გაქვთ, რომ თქვენი მდიდარი ფანტაზია გამოავლინოთ. ინტუიცია სწორ მინიშნებებს გაძლევთ, ამიტომ ყველაზე სწორი სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები იქნება. მუშაობის საბოლოო შედეგი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, ყველაფრის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. არ შეუშინდეთ სიყვარულის აღიარებას, თუ ეს გულიდან მოდის.

კურო

დღის მეორე ნახევარი პირველზე გაცილებით წარმატებული იქნება. დილით მცირე პრობლემებისა და უსიამოვნო საუბრისთვის უნდა მოემზადოთ. ეცადეთ, უფრო თავშეკავებული იყოთ და თქვენი უკმაყოფილება საყვარელ ადამიანებზე არ გადაიტანოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ უთანხმოებას შეუძლია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დიდი ხნით გააფუჭოს. 8 სექტემბრის საღამოს შესაძლოა, ნანატრი და სასიამოვნო ამბები მიიღოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში მეტი სიმშვიდე და თავაზიანობა გამოიჩინოთ. სასურველია, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ, ემოციების კონტროლი ისწავლოთ და მედიტაციაში ივარჯიშოთ. ხელსაყრელი დროა მომავლის დაგეგმვისა და ახალ მიზნებზე ფიქრისთვის.

კირჩხიბი

თქვენი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა ახლობელ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. გირჩევთ, მათ უფრო ხშირად შეეხმიანოთ და მხარი დაუჭიროთ. ძველმა საქმემ ან ურთიერთობამ შეიძლება თავი შეგახსენოთ. ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და ეს თემა სამუდამოდ დახუროთ. შესაძლებელია, რომ თქვენმა ცხოვრებამ სხვა კალაპოტში გადაინაცვლოს, რაც საშუალებას მოგცემთ, აკეთოთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.

ლომი

თქვენი ქარიზმა და გაბედულება გულგრილს არავის ტოვებს. ვიღაცას თქვენი ქმედებები აღაფრთოვანებს, ვიღაც კი ამ გეგმებში ჩარევას გადაწყვეტს. გარშემო მყოფთა მოწონებას და ნებართვას ნუ დაელოდებით. ისე იმოქმედეთ, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. საკმარისია, რაც სხვებს ანგარიში გაუწიეთ, ახლა დროა, ანგარიში თქვენ გაგიწიონ.

ქალწული

პრობლემებს ნუ გაურბიხართ. ხელსაყრელი დღეა იმ უსიამოვნო საკითხების მოსაგვარებლად, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით. ნათესავები და მეგობრები თქვენს საქმიან თუ მორალურ თვისებებს დააფასებენ. თუ პარტნიორი ცუდ ხასიათზეა, მოთმინება გამოიჩინეთ და კითხვებით ნუ შეაწუხებთ. გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. არსებობს შეცდომისა და არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკი, ამიტომ ყველა ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და კარგად ნაცნობი მეთოდებით იმოქმედეთ. დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ამ დღეს დამოუკიდებლად უნდა იმუშაოთ.

მორიელი

თუ გარშემო მყოფთა საუბრებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება ახალი ამბავი ან თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. ეცადეთ, ის თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია, სახლში ხელსაყრელი გარემო და ენერგეტიკა შექმნათ. ასეთ გარემოში უფრო ადვილად იმუშავებთ, დაისვენებთ და ძალებს აღიდგენთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არსებობს საშიში სიტუაციების, უბედური შემთხვევებისა და ტრავმების ალბათობა, ამიტომ ფრთხილად და ყურადღებით უნდა იმოქმედოთ. ურთიერთობაში ნეგატივს უნდა ერიდოთ. მთავარია, ცუდ ფიქრებს არ აჰყვეთ და ირგვლივ მყოფები უარყოფითი აზრებით არ დამუხტოთ. ამან შეიძლება ადამიანები შეაშინოს და თქვენი დახმარების სურვილი გაუქროს.

თხის რქა

ამ დღეს ყველაფერს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. ეცადეთ, ნათესავების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი გულისხმიერება გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სიკეთე უახლოეს მომავალში ორმაგად დაგიბრუნდებათ. კარგი იქნება, თუ უკიდურესობაში არ გადავარდებით – დაიცავით ბალანსი ყველაფერში. მოერიდეთ უსარგებლო ურთიერთობას და ნეგატიურ ადამიანებს.

მერწყული

საინტერესო და წარმატებული დღეა. მერწყულები უჩვეულო ადამიანებს შეხვდებიან, ნათელ ემოციებს განიცდიან და რაღაც სასარგებლოს ისწავლიან. ამ დღეს გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება და ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. ნუ ინერვიულებთ ყოველ წვრილმანზე და სიყვარულში უკიდურესობაში ნუ გადავარდებით – ეს მნიშვნელოვანია.

თევზები

მოემზადეთ მოულოდნელობისთვის. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და თქვენთვის უჩვეულო საქმის კეთება მოგიწიოთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და იღბალი თქვენს მხარეს იქნება. გირჩევთ, სასიყვარულო ურთიერთობაში ინიციატივა აიღოთ და პარტნიორს თქვენი გრძნობების შესახებ უამბოთ.

გილოცავთ, გილოცავთ ამ საოცარ წარმატებას! გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„გილოცავთ, გილოცავთ ამ საოცარ წარმატებას!
გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე.
მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს!
მადლობა ნაკრების მწვრთნელებს და ნაკრების თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევამაც ეს შედეგი მოგვიტანა!
დიახ, გამარჯვება ჩვენია!
სულ გამარჯვებები საქართველო!“, – წერს იგი.

4:1 – ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1079221820240310&set=a.477894817039683&type=3&ref=embed_post

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკრაინის ორი მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ი.ჰ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ჰ.-მ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ი.-მ თბილისში ერთ-ერთ სახლში ქურდობის მცდელობის მიზნით შეაღწია, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა. მან შემდეგ სხვა მოქალაქის კუთვნილი ავტომობილი გაქურდა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად პოლიციამ ბრალდებულის სახით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.