Home Blog Page 38

მადლობა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს თბილი მასპინძლობისთვის, ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია -ირაკლი კობახიძე

დღეს ბაქოში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა საშუალება, პირადად შევხვედროდით, გვესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ასევე, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს, ბატონ ალიევს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და მისი წვლილისთვის, რომელიც მას აქვს შეტანილი ქართულ – აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში,“- განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8412 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9276 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9236 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0040 ლარი შეადგინა.

ნატო-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სიტყვა უნდა შეასრულოს -მარკო მიხელსონი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ნატო-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პირობა უნდა შეასრულოს.

„ნატო-მ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ნატო-მ, მათ შორის აშშ-მა და გერმანიამ, თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს“, – წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.

„ისინი გულწრფელები იყვნენ: არ სურდათ ჩვენი ნატო-ში ხილვა. ეს ოთხი ქვეყანა, სხვადასხვა მიზეზების გამო, უკრაინას ნატო-ში ჯერ ვერ ხედავენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის-აშშ-ს საელჩო

ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დარწმუნებული ვარ, ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას -ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე. ხაზი გაესვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას“, – აღნიშნავს პრემიერი.

მილიონ 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს -კახა კალაძე

ოპოზიციის წარმომადგენლები გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდა, რის შემდეგაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„ყველაფერი ძალიან მარტივია. სიყალბეა და გარედან მოწოდებული მესიჯები იყო, თითქოს არჩევნები გაყალბდა. უნდა ეაქტიურა „გაფარჩაკებულ“, გაუბედურებულ ოპოზიციას, რადგან დამარცხდნენ. გარე ძალებმა ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ელოდებოდნენ. გაგიჟებულები არიან და ცდილობენ, ჩრდილი მიაყენონ ქვეყანას, ვითომ არჩევნები გაყალბდა. 300 000 ხმაზეა საუბარი, წარმოგიდგენიათ?! ამ დროს მათ ვეუბნებით, რომ წარმოადგინონ ერთი, კონკრეტული მტკიცებულება, ფაქტი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ არსებობს ბუნებაში. არჩევნების არანაირი გაყალბება არ მომხდარა. „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულად გაიმარჯვა. 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და წავიდა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც მოღალატე, გამყიდველი აგენტურა წარმოადგენს. პროკურატურამაც ჩაატარა გამოძიება და გაყალბების არანაირი ფაქტი არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველმაც ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არჩევნების შესაძლო გაყალბების ვერანაირი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა.

ვერანაირი მუქარა, სანქციები და შანტაჟი ვერ შეგვაშინებს – ქვეყნის ინტერესი არ ითმობა -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული.

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბრიტანული მხარის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზეა საუბარი.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ისეთ განცხადებებსა და იმ ტიპის გადაწყვეტილებებს ვისმენთ, რომლებიც უსამართლობაზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე – პირდაპირ გვეუბნებიან თეთრზე, რომ შავია. ვხედავთ, თუ რა ვითარებაა მთელ მსოფლიოში. 20 იანვრის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ამის იმედი აქვს ყველას. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი თავად საუბრობს ამ ყველაფერზე, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, ე.წ. დიფ სთეითის დამარცხებაა. ამაზე არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რადგან წარმოუდგენელია, ცხოვრების ამგვარი უსამართლობით გაგრძელება, როდესაც ძალით არის ყველაფერზე საუბარი და გადაწყვეტილებების მიღება. თუ იცავ შენს ქვეყანას და მის ინტერესს, მაშინვე ბევრ სისულელეს მოიგონებენ ხოლმე, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და იღებენ არასამართლიან გადაწყვეტილებებს. არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს ბრიტანეთმა, თუმცა თუ მიიღებენ, ეს ძალიან ცუდი იქნება. ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – ხომ არ არის პოლიტსაბჭოს მძაფრი რეაქციის მიზეზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ კომპანიებს ფლობს, თბილისის მერი პასუხობს, რომ საქართველოს ინტერესები, სხვა რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ, არ ითმობა.

„ოფშორული კომპანიები რა შუაშია?! ადამიანს აშანტაჟებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ქვეყნის ინტერესები დაეთმო. აშანტაჟებდნენ პირადი თანხებით. იცით, რომ დავა მიმდინარეობდა შვეიცარიის სასამართლოში. მან ეს დავა მოიგო, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თანხას არ უბრუნებდნენ – აშანტაჟებდნენ, რომ გადაედგა შესაბამისი ნაბიჯი, რომელსაც შემდეგ მისი დასანქცირება მოჰყვა. საბოლოო ჯამში, დაინახეს, რომ ქვეყნის ინტერესი არ ითმობა. ვერანაირი მუქარა, სანქციები და შანტაჟი ვერ შეგვაშინებს, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველო და ქართველი ხალხი გამოიყენონ რომელიმე სხვა, დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. უკრაინა საქართველოში ვერ განმეორდება და ვერ მოხდება. ჩვენ დავიცავთ ხალხს, ქვეყანას და მოვახდენთ მის ეკონომიკურ განვითარებას“, – განმარტა დედაქალაქის მერმა.

მურუსიძე ვინ იყო, საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა, რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი -მიხეილ სააკაშვილი

მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, სასამართლო არაფრის ცენტრი არ იყო და ორიენტირებული იყო ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე.

„იმ ცხრა წელსა და ამ უბედურ 12 წელს შორის განსხვავება არის ის, რომ მაშინ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვიყავით პოზიტივზე – ეს გაიხსნა, ეს გაკეთდა, ეს ახალი პროგრამა შევქმენით. ესენი ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ყველაფერი გადასულია პოლიტიკური პროცესით – ე.წ. სასამართლოს დერეფნებში, დარბაზებში. იძახიან ხშირად, მურუსიძე სააკაშვილის დროსაც იყო. მურუსიძე ვინ იყო, მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა. რატომ არ მქონდა გაგონილი? რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი. სასამართლო იყო სადღაც იქ, სხვათა შორის. ცხოვრების ცენტრი იყო სულ სხვა რაღაცაზე ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იანვრის ბოლოს საქართველოს ვეწვევი, რათა ქვეყანა 2025 წლის მსოფლიო მშვიდობის სამიტისთვის მოვამზადო -კიმბერლი ლოუ

იანვრის ბოლოს ვეწვევი საქართველოს, როგორც მსოფლიო მშვიდობის სამიტის თანაორგანიზატორი, რათა მოვამზადო ქვეყანა 2025 წლის სამიტისთვის,- ამის შესახებ ამერიკის რეკომენდებული კანდიდატი ევროკავშირში, კიმბერლი ლოუ სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მსოფლიო სამშვიდობო სამიტი უმასპინძლებს რამდენიმე ძალიან ისტორიულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიო უსაფრთხოების, მათ შორის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხს.

კიმბერლი ლოუმ საქართველოში ვიზიტის რამდენიმე მიზანს გაუსვა ხაზი.

“ჩემი ვიზიტის მიზანი:
1. გაიმართოს პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრები საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორის, პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
2. განვიხილოთ საქართველოში ინიციირებული ყოველწლიური სამშვიდობო ფორუმისა და სხვა რეგიონალური სამშვიდობო ინიციატივების არსებული შედეგები.
3. მოვითხოვოთ საქართველოს მასპინძლობა ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რამდენიმე დღის განმავლობაში (კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი)”,- აღნიშნავს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრი.

მშვიდობის მსოფლიო ფორუმის თანაორგანიზატორი საქართველოში აცხადებს, რომ ის და მისი გუნდის წევრები იმუშავებენ და მოამზადებენ საჭირო ლოგისტიკურ და ორგანიზაციულ საკითხებს.

“საქართველოში მშვიდობის მსოფლიო ფორუმის პირველ პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებიან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სხვა მსოფლიო ლიდერები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მთავრობის წევრები/წარმომადგენლები შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, სამხრეთ ამერიკიდან. საქართველოს, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ აზიისა და ავსტრალიის მეზობელი ქვეყნები მსოფლიო წარმომადგენლობით”,- წერს კიმბერლი ლოუ.

https://www.facebook.com/kimberlyloweforvirginia/posts/pfbid02bek4XDTD6vzUHBtbu7NWHiNMSbo2L9U5U5A8roJDC5sEwWpYvYGBj7EGgUnJSXCtl

“ვერაგული დარტყმა ზურგში” საქართველოსათვის: ბერლინი თბილისზე სავიზო ზეწოლას ახორციელებს”-Berliner Zeitung

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ვერაგული დარტყმა ზურგში“ საქართველოსათვის: ბერლინი თბილისზე სავიზო ზეწოლას ახორციელებს“ (ავტორი – ნიკოლას ბუტილინი). „გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ოპოზიციის საპროტესტო აქციების გათვალისწინებით, გადამწყვეტი ზომების მიღებას ცდილობს და განზრახული აქვს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გაუქმება ემუქრებათ: ამ კავკასიურ სახელმწიფოში მიმდინარე რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციების კვალობაზე გერმანიის მთავრობა ევროკავშირთან იხილავს საკითხს შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზოდ გადაადგილების უფლების შეწყვეტის შესახებ. თუ ევროკავშირი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება შოკი საქართველოს მოსახლეობისათვის, რომლის რიცხოვნობა 3,7 მილიონს აღწევს.

როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი BSW-ის ჯგუფიდან (Bündnis Sahra Wagenknecht – სარა ვაგენკნეხტის ალიანსი) ანდრე ხუნკო ამბობს თავის წერილში, გერმანიის ფედერალური მთავრობა არ გამორიცხავს უვიზო რეჟიმის შეწყვეტას ქართველებისათვის. ოლაფ შოლცის მთავრობამ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა თავისი კონტაქტები ოფიციალურ თბილისთან და მმართველ პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ „შემზღუდავ-დამსჯელი“ ზომები უპირველეს ყოვლისა მიმართული უნდა იყოს საქართველოს სამთავრობო აპარატის მიმართ, ბერლინში და ბრიუსელში იხილავენ უვიზო რეჟიმის „სრული შეჩერების შესაძლებლობას“ ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის.

სანიმუშო ქვეყნიდან დასანქცირებულ მტრამდე

უკანასკნელ 20 წელიწადში საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ლიდერი ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით. სამხრეთკავკასიურ ქვეყანას 2009 წლიდან ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც „აღმოსავლური პარტნიორობის“, ისე ასოცირების შეთანხმებით. გარდა ამისა, 2017 წლიდან ქართული ბიომეტრიული პასპორტების მფლობელებს უფლება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში. ეს ერთგვარი „გადატრიალება“ იყო საქართველოს – თითქმის ბავარიის ტოლი ფართობის მქონე ქვეყნისათვის, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

საქართველო ოფიციალურად ითვლება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნად 2023 წლის დეკემბრიდან, მაგრამ ბრიუსელმა თბილისთან მოლაპარაკება გასულ ზაფხულს შეაჩერა – ამ გადაწყვეტილების მიზეზს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების კანონი“ წარმოადგენდა, რომლის თანახმად, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის წარმომადგენლები, რომლებიც დაფინანსების 20%-ს უცხოეთიდან იღებენ, ვალდებულების არიან ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირდნენ. ამას მოჰყვა საპროტესტო აქციები საზოგადოებიდან და ძალადობა სამართალდამცველებისგან. კანონის მოწინააღმდეგეების აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების ანალოგიურად მოქმედებს – სწორედ მსგავსი კანონებით გააუქმა კრემლმა ბოლო 15 წელიწადში რუსული ოპოზიციური ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

„ცეცხლზე ნავთი დაასხა“ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებამ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკების შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, ბრიუსელიდან თბილისი საბიუჯეტო სუბსიდიებს აღარ მიიღებს. ევროკავშირის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ ასევე მწვავედ აკრიტიკებენ გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებში დაშვებული დარღვევების გამო, თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ არჩევნებზე ნეგატიური გავლენა სწორედ ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა მოახდინა. დასკვნა: ძალიან მცირე დროის განმავლობაში ქართულ-ევროპული ღრმა პარტნიორობა გადაიქცა მწვავე დაპირისპირებად ევროპულ ისტებლიშმენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის.

ანდრე ხუნკო ქართველებისათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინააღმდეგია და ამბობს, რომ გერმანიამ ასეთი ქმედება უნდა შეწყვიტოს: „იმის ნაცვლად, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს მთავრობასთან გონივრული და პრაგმატული ურთიერთობა ააწყოს, ბერლინი ევროკავშირის დესტრუქციულ კურსს ატარებს რეჟიმის შესაცვლელად… ევროკავშირის ანტიქართული სანქციები ზიანს მიაყენებს არა იმდენად საქართველოს მთავრობას, რამდენადაც ქვეყნის მოსახლეობას“, – ამბობს BSW-ის საპარლამენტო ჯგუფის წევრი.

უვიზო რეჟიმის დასასრული – შოკი ქართველებისათვის

საქართველოს მოსახლეობისათვის ვიზა-ლიბერალიზების შეწყვეტა შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება იქნება. როგორც დავით გარსიაშვილი – პროევროპულად განწყობილი თბილისელი –  ამბობს „ბერლინერ ცაიტუნგთან“ საუბარში, მსგავსი ზომებით დაზარალდებიან არა იმდენად სამთავრობო ჩინოვნიკები და სახელისუფლებო სტრუქტურების თანამშრომლები, არამედ რიგითი მოქალაქეები: „განსაკუთრებით 30 წლამდე ასაკის მქონე ახალგაზრდები, პროევროპულად განწყობილები, რომლებიც პარიზის, რომისა და ბერლინის დათვალიერებას ვერასოდეს ვეღარ შეძლებენ“.

თუ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს შეაჩერებს, ეს გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის გაზრდას დასავლეთის ქვეყნებში. დავით გარსიაშვილი შიშობს, რომ „ვიზა-ლიბერალიზების შეწყვეტით ქართველი ახალგაზრდები საბოლოოდ წავლენ უცხოეთში და ჩვენთან, ქვეყანაში, ძალიან ცოტანი დარჩებიან“. ქართული საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, მსგავსი ზომებით ევროკავშირი თავის გავლენას საქართველოში, განმტკიცების ნაცვლად,  უფრო დაკარგავს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველო დავიხსნა, ახლა არ არის კეკლუცობის დრო, საჭიროა მეტი მიწოლა -მიხეილ სააკაშვილი

მე არ დავნებდები, ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველო დავიხსნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ახლა არ არის კეკლუცობის, ურთიერთანგარიშსწორების ან ერთმანეთზე გაკვრით ლაპარაკის დრო. მისივე განცხადებით, „საჭიროა უფრო მეტი მიწოლა, ორგანიზებულობა და ერთიანობა“.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უბედურება დასრულდეს. მე არ ვცნობ არც ამ სასამართლოს, არც გამოძიებას. ბუნებრივია, რომ არ ვცნობ, რადგან ეს არის თეთრი კონვერტების სასამართლო და გამოძიება, მაგრამ მე ვცნობ ქართველ ხალხს და მის სუვერენიტეტს, უკრაინელ ხალხს და მის სუვერენიტეტს, უკრაინის, რომლის ამაყი მოქალაქე ვარ. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. მე ვგმობ ყველანაირ პოლიტიკურ ძალადობას. მათ შორის ქორიძისა და გახარიაზე თავდასხმას, მანამდე ლევან ხაბეიშვილზე, უამრავ სხვა ადამიანზე. გოგონა აჩვენეს ტელევიზიით, რომელსაც მუცელი მოეშალა პოლიციის ძალადობის შედეგად. ასეთი უბედურებები ხდება. ამიტომ, ცოტაც უნდა გავძლოთ და უფრო მაგრად უნდა მივაწვეთ. ახლა არ არის დრო კეკლუცობის, ურთიერთანგარიშსწორების ან ერთმანეთზე გაკვრით ლაპარაკის და ა.შ. უფრო მეტი მიწოლა, კიდევ მეტი ორგანიზებულობა, კიდევ მეტი ერთიანობა და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ კრიმინალურ სინდიკატს, რომელმაც ხელში ჩაიგდო თითოეული ქართველის ბედი. საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს. დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ყველას, ვინც აგრძელებთ ბრძოლას თბილისის ქუჩებში, ყველგან, სადაც თავისუფლების ბედი წყდება, სადაც იმ იდეალისტების ბედი წყდება, რომელთაც გაბედეს და თავის დროზე ჯერ კიდევ ააფრიალეს დროშა, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და წარმატებული. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული, ყველანი ვიქნებით ამ წარმატების ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არნახული საყოველთაო გაფიცვა გაიმართა.

ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში – ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას” -კახა კალაძე

ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის განცხადებას, რომ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი არიან და იმედი აქვთ, რომ ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს.

„ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა სიცრუით, სიყალბით. რაც შეეხება კონტროლს, რა თქმა უნდა, ქართველ ხალხს კონტროლი აღებული აქვს ხელში, ამომრჩეველთა 54%-მა, 1 200 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, მხარი დაუჭირა მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას; ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ ბოროტებას, რომელსაც ქადაგებს პატივცემული; უთხრა „არა“ იმ სიყალბეს, რომელსაც ქადაგებს კონკრეტული ადამიანი; უთხრა „არა“ წარსულს, რომელთა მხარდაჭერით ხდებოდა ის, რაც ხდებოდა ქვეყანაში ცხრა წლის განმავლობაში. მათი უშუალო მხარდაჭერით ხდებოდა ის ბოროტება ქვეყანაში, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას. მერწმუნეთ, ყველა ურთიერთობა დალაგდება, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში და უფრო საინტერესო იქნება 20 იანვრის შემდგომი პერიოდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.