Home Blog Page 38

 ,,ვთავაზობთ მოქალაქეებს, ჩაერთონ არჩევნების დაკვირვების პროცესში”- ნინო ლომჯარია

30-ამდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.

“ჩემი ხმა” – ეს არის მთავარი ლოზუნგი, რომლის გარშემო მესამე სექტორთან ერთად, არჩევნებზე დაკვირვების მსურველი მოქალაქეები ერთიანდებიან.

მოხალისეობრივი მოძრაობა არჩევნებს არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით დააკვირდება, არამედ საზღვარგარეთაც.

როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია აცხადებს, საყოველთაო სამოქალაქო დაკვირვება საქართველოს მოქალაქეების დაკვეთაა.

“რუსული კანონის” მიღებიდან მეორე დღესვე მოქალაქეებმა თავად დაიწყეს ამ ინიციატივის გარშემო გაერთიანება. ეს სურვილი თავად მოქალაქეებში დაიბადა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, 30-მდე ორგანიზაცია ამ მოლოდინებს ვპასუხობთ. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ დაკვირვების პროცესში. გაერთიანებული ვართ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებსაც გვაქვს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დაკვირვების გამოცდილება, ცოდნა შესაძლო დარღვევების და საარჩევნო მანიპულაციების შესახებ. მოვამზადებთ საქართველოს მოქალაქეებს, მათი პროფესიის, ინტერესის და საქმიანობის სფეროს მიუხედავად. საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს, როგორც დამკვირვებელი”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი განმარტებით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზეც იქნებიან დამკვირვებლები, რომ

საარჩევნო დარღვევების პრევენცია მოხდეს. ამასთან, ლომჯარიამ წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის სიძულვილის შემცველი კამპანია ხელისუფლების მხრიდან.

“მათ ოფიციალურ საარჩევნო კლიპშიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც სიძულვილის ობიექტები და ეს მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ამ რეალობაში გვიწევს ყოფნა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

 ,,როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში”- პრემიერი

ლიბერალური ფაშიზმი არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების ხელწერაა სიძულვილის და ზიზღის კამპანიების წარმოება.

„ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ როგორია სხვა ქვეყნებში პრაქტიკა. ასეთი ძალები, ერთი და იგივე ცენტრიდან მართული ძალები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, რომ დათესონ ზიზღი, სიძულვილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიძულვილს დავუპირისპირდეთ ამ ქვეყანაში. ერთ-ერთი მთავარი, რამაც უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბრის არჩევნებში, არის სწორედ ის, რომ უნდა დასრულდეს სიძულვილი ამ ქვეყანაში. ეს არის პრინციპული არჩევანი, რომელიც უნდა გაკეთდეს 26 ოქტომბერს და ასევე, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როგორც კი აიკრძალება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობა”, მაშინვე დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა,ისევე, როგორც დამოუკიდებლობას”- ბიძინა ივანიშვილი

მოგესალმებით ჩემო თანამემამულენო!

მივესალმები ახალციხეს, ბორჯომს, ადიგენს, ასპინძას, ახალქალაქს და ნინოწმინდას!

მივესალმები სამცხე-ჯავახეთში, საქართველოს ამ გასაოცარ, განსაკუთრებული ისტორიის მქონე კუთხეში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მივესალმები ქართველებს, ეთნიკურ სომხებს, სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს. ადამიანებს, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ტოლერანტობის, პატრიოტიზმის, ურთიერთპატივისცემის, ერთად დგომის, შრომის და თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება შექმნეს და ყველას დაანახეს, რომ განსხვავების მიუხედავად, ამ ქვეყნის შვილები ჭირსა თუ ლხინში მუდამ ერთად ვდგავართ!

ამ კუთხის მნიშვნელობასა და სილამაზეზე დიდხანს შეიძლება საუბარი, მით უფრო, რომ მთელ მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი გარემო, როგორც აქაა, სადაც ერთმანეთთან საოცრად ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნება და ადამიანი.

ამ საოცარ მხარეში თითოეული კუთხე თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩევა, ყველა ერთად კი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს სიმდიდრეა, მაგრამ ყველაზე და ყველაფერზე ფასეული სწორედ თქვენ ხართ, ვინც ამ ქალაქებსა და სოფლებს სიცოცხლით ავსებთ.

საკუთარი ქვეყნის წინაშე თქვენი მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში არაერთხელ დაგიმტკიცებიათ და ეს დაამტკიცეთ 2012 წელსაც, არა მარტო სამცხე-ჯავახეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში, როდესაც გაბედეთ და ჩვენთან, „ქართულ ოცნებასთან” ერთად დაუპირისპირდით „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმს, რომელიც ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე და ტოტალური ტერორით ებრძოდა საკუთარ ხალხს.

„ნაციონალური მოძრაობა” ბედავდა და ტოლერანტობით განთქმულ ქვეყანაში, ეთნიკური, თუ რელიგიური ნიშნით უპირისპირებდა მოსახლეობას ერთმანეთს; არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, აქ მცხოვრებ მოსახლეობას ქართული ენის სრულფასოვნად შესწავლის შესაძლებლობა ჰქონოდა, რათა სახელმწიფოსთან ურთიერთობა გაადვილებოდა, მეორე მხრივ კი მათი მშობლიური ენა დაეცვა.

ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის საშუალება არ ჰქონოდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო.

ამ ყველაფრის მიუხედავად, დიდი გამბედაობა გამოიჩინეთ და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის, თუ უსაფრთხოების ფასად, გვენდეთ და „ქართულ ოცნებას” დაუჭირეთ მხარი!

თქვენი გამბედაობის შედეგებს კი დღეს თავად იმკით – ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც სამცხე-ჯავახეთის, ისე მთელი ქვეყნის სატკივარს მივხედეთ და ჩვენ ხალხთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ”, დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული ქვეყნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა; მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი;

სოფლის მეურნეობის სფერო ვითარდება და თავისუფლად ახერხებთ მანამდე დაკეტილ ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის რეალიზებას;

ამასთანავე, მთელი რიგი შეღავათებითა და თქვენს ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი; 

აბასთუმნისა და ბორჯომის უნიკალური ბუნება არათუ აღარ ნადგურდება, არამედ განსაკუთრებულადაა დაცული, რაც, ერთი მხრივ ეკოლოგიის დაცვის, მეორე მხრივ კი რეგიონში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია;

და რაც მთავარია – თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დღეს სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია; პატიოსანი შრომა დაფასებულია და ოჯახებში გაზრდილია კეთილდღეობის ხარისხი; თქვენს შვილებს განათლებაზე თავისუფლად მიუწვდებათ ხელი და ამ მრავალეთნიკური კუთხის თითოეული მცხოვრები, მიუხედავად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, თავისუფლად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რითაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.

უფრო კონკრეტულად – განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეგიონის ქალაქების რეაბილიტაციაზე 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სრულად გამოცვალა ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა და გალამაზდა ყველა ქალაქი.

2014 წლიდან დღემდე, რეგიონში, სადაც არ არსებობდა სასმელი წყალი, „ქართულმა ოცნებამ” 350 მილიონი ლარის პროექტები განახორციელა.

ხელისუფლებამ 11 500 აბონენტს მისცა ბუნებრივ აირზე წვდომა, რეგიონის სრული გაზიფიცირება კი 2025 წელს დასრულდება.

2012 – 2024 წლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჯამურად აშენდა 5 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით – 99 მეგავატი, გარდა ამისა, მშენებლობის ან კვლევების ეტაპზეა 18 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი – ჯამური დადგმული სიმძლავრით 112 მეგავატი. რაც მთავარია, ყველა ეს პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ისე, რომ მინიმალური ზიანიც არ მიადგეს უნიკალურ ეკო სისტემას.

ჩვენი ხელისუფლებისგან განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ ადგილობრივი მეწარმეები და მცირე ბიზნესი. ჩვენი ხელშეწყობით, რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან დაიხარჯა 300 000 მილიონი ლარი, რაც სრულად მოხმარდა მეწარმეთა მხარდაჭერას. შედეგად, შექმნილია დამატებითი 4 000 სამუშაო ადგილი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურიზმის განვითარებას. 2023 წელს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა ნახევარი მილიონი ვიზიტორი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი და რაც არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის და ტურისტული ადგილების მოწესრიგებამ, ასევე ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობამ განაპირობა. დღეს, სამცხე-ჯავახეთი სრულად უწყობს ფეხს თანამედროვე ტურიზმის მოთხოვნებს.

ერთად დგომით, შევძელით და ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, მედია დამოუკიდებელია, ბიზნესი კი – ხელშეუხებელი, ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად ცხოვრობს და აღარ აქვს პოლიტიკური დევნის შიში.

უფრო შორს აღარ წავალ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ წარმატებების მიუხედავად, „ქართული ოცნების” გუნდი, შეჩერებას, რა თქმა უნდა, არ აპირებს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს.

ბუნებრივია, ყველა ის სიკეთე, რასაც 2012 წლის შემდეგ ერთად მივაღწიეთ კარგია და აღნიშვნას იმსახურებს, მაგრამ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, გვაქვს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც განვითარების მთავარი საწინდარია, ეს კი წლების განმავლობაში თქვენ მიერ „ქართული ოცნებისათვის” გამოცხადებული ნდობის შედეგია.

მშვიდობის მნიშვნელობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი; ამ ქვეყნის შვილებს არ გვესწავლება, რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ მშვიდობა იყო ჩვენთვის ასე სანატრელი რამ, რადგან კარგად ვიცოდით რა არის ომი და რა უბედურება ახლავს მას თან.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, პოლიტიკური ძალები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთი სიტყვით – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ომში არა უბედურებას, არამედ – შესაძლებლობას ხედავს, შესაძლებლობას იმისა, რომ უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, თუნდაც ომის, ანუ საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნდეს.  

ამ ხალხის ნაწილმა ჯერ 2008 წელს დაღუპა ქვეყანა, როცა შეგნებულად მოახდინა ომის პროვოცირება, შემდეგ კი, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო უკრაინაში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის მონაწილედ, მეორე ფრონტად აქციოს. ეს მათი უცხოელი პატრონების პირდაპირი დაკვეთაა, რაც იდეალურად ერგება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” რადიკალურ, ვიწროპარტიულ ინტერესს – ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

საფრთხე რომ არსებობს, ამას ყველანი კარგად ვხედავთ, რადგან ხელის გულზე დევს ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება,  რის წინაშეც ვდგავართ.

მშვიდობას დღეს განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს ომში ძალით ჩართვა ვერავინ – ვეღარასდროს შეძლოს, მეორე მხრივ კი შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების მიერ კონტროლირებადი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, რეჟიმი, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფო მიტაცებული. 

ფაქტობრივად, დღეს ჩართულნი ვართ არა წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია.

26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას, სამწუხაროდ, არ უწევს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის; უსამშობლო, რადიკალური ოპოზიციის დამსახურებით, 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ – ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ.

ამიტომ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის მსგავსად, 2024 წლის არჩევნებს და მასში „ქართული ოცნების” გამარჯვებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.

როგორც წლების წინ, დღესაც, თქვენ წინაშე მდგომი, პირობას გაძლევთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემდეგ, „ქართული ოცნება”, მშვიდობის, კეთილდღეობის და საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის ერთადერთი გარანტი, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ პოლიტიკურად დაასრულებს რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს, არამედ, დღის წესრიგში დადგება „ნაციონალური მოძრაობის” არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი.

ამას გარდა, გპირდებით, რომ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვების პირობებში, საქართველოში სამუდამოდ დასრულდება უცხო ქვეყნებიდან ჩვენი ხალხისთვის ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელობები, არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ჩვენი რწმენა, კულტურა, ისტორია და ღირებულებები, რაზეც ვიზრდებოდით ჩვენ, იზრდებიან და მომავალშიც გაიზრდებიან ჩვენი შვილები.

მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით, არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება იმდენად დამაჯერებელი იყოს, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი” საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის პოლიტიკური ქაოსი, რომლის მოწყობასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” უცხოელ პარტნიორებთან ერთად მუდმივად ცდილობს.

როგორც ჩემს წინა გამოსვლებში, თქვენს წინაშეც მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მე და ჩემს გუნდს გვექნება მზაობა, რომ საჭირო დროს და საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი. გარდა ამისა, გამარჯვებისთანავე გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით.

ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს სწორედ იმ ფორმით, როგორსაც ის იმსახურებს. მართლმადიდებლური ქრისტიანობა კონსტიტუციით განმტკიცდება როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი!

თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ საუკუნეებია, ჩვენ ვცხოვრობთ მრავალეთნიკურ ქვეყანაში, საქართველოში, სადაც ქართველებთან ერთად ასწლეულებია ცხოვრობენ, იბრძვიან, შრომობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი.

ამიტომაც, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს და ასე გაგრძელდება მომავალშიც – თითოეულ რელიგიური კონფესია ისევე იქნება დაცული, როგორც აქამდე, მათი თავისუფლების დაცვის გარანტი კი კვლავაც სახელმწიფო იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა.

დაბოლოს, სამცხე-ჯავახეთში თქვენ წინაშე გამოსვლა შოთა რუსთაველის სიტყვებით მინდა დავასრულო. საუკუნეების წინ ამ კუთხის შვილმა, დიდმა ქართველმა მგოსანმა, დაწერა შეგონება, რომელიც დღესაც აქტუალური და საკრალურია – „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”… თქვენი ძალა და ენერგია, თქვენი შემართება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 26 ოქტომბერს საქართველო ისევ გაიმარჯვებს ბოროტებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მყარი საფუძველი იქნება. 

,,26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი”-  ირაკლი კობახიძე

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სამცხე-ჯავახეთში

მოგესალმებით მეგობრებო,

მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის უძვირფასესი რეგიონის, სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლებს,

მოგესალმებით ჩვენი გუნდის წევრებს, ჩვენი გუნდის მხარდამჭერებს,

მივესალმები ჩვენს დელეგატებს სამცხე-ჯავახეთში – ანტონ ობოლაშვილს და სამველ მანუკიანს, მოგესალმებით ყველას.

სამცხე-ჯავახეთის მიწის თითოეული გოჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს. ისტორიის მანძილზე, ამ რეგიონის შვილებს მრავალი ბრძოლა აქვთ გადახდილი საქართველოს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, აქ ყოფნა ყველაზე მეტად შეგვახსენებს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი სამშობლოს წინაშე, არცერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან იმ ბრძოლაში, რომელიც ღირსებისა და მშვიდობის დაცვას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის, საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის უზრუნველყოფას უკავშირდება.

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რაც უკვე არაერთხელ ითქვა. 26 ოქტომბერს არ ტარდება უბრალო არჩევნები. ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება უსამშობლობა და ქვეყნის სიყვარული, მებრძოლი ათეიზმი და ეკლესიის პატივისცემა, მონობა და სუვერენიტეტი და ამ რეფერენდუმში აუცილებლად ქვეყნის სიყვარული, ეკლესიის პატივისცემა და საქართველოს დამოუკიდებლობა გაიმარჯვებს.

26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება ომი და მშვიდობა, ერთმანეთს უპირისპირდება საზოგადოების მორალური გადაგვარების მცდელობა და ტრადიციული ფასეულობები, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი. 26 ოქტომბერს აუცილებლად მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი გაიმარჯვებს.

რადიკალური ოპოზიცია და მისი მფარველები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა”, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიების სახით. მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში დაბრუნდება ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება. მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში ომი და ნგრევა დაბრუნდება.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას – ვინც სვამს ტოლობის ნიშანს ავტორიტარიზმსა და ევროპას შორის, ადამიანების მკვლელობასა და ევროპას შორის, ადამიანების წამებასა და ევროპას შორის, პატიმრებით გადავსებულ ციხეებსა და ევროპას შორის, ბიზნესის რეკეტსა და ევროპას შორის, ტელევიზიების მიტაცებასა და ევროპას შორის, ომსა და ევროპას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა” და ევროპას შორის, მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებთან.

ამ ადამიანებს ერთადერთ მიზნად აქვთ დასახული, შეასრულონ გარედან მიღებული დავალება, არიონ ქვეყანა, საქართველო მეორე ფრონტად აქციონ და ხალხი ბნელ წარსულში დააბრუნონ. ამას ქართული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს! 26 ოქტომბერს ომისა და არეულობის პარტიას ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს! 26 ოქტომბერს მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა გაიმარჯვებს!


მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის წინსვლა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა:

–       2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგად, საქართველოში აღიკვეთა ადამიანების მკვლელობისა და წამების სისტემური პრაქტიკა, გათავისუფლდა ბიზნესი და გათავისუფლდა მედია;

–       ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანას არა გარედან დანიშნული აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ წესით არჩეული სუვერენული ხელისუფლება მართავს;

–       მხოლოდ 2021-24 წლებში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა, შესაბამისად, ამ 4 წელიწადში, 10 მილიარდი ლარით გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი;

–       რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი;

–       ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;

–       ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც ამ დარგს განსაკუთრებული განვითარება მოუტანა;

–       2012 წლის შემდეგ, 5-ჯერ გაიზარდა ბიზნესის ბრუნვა, 3-ჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესის სექტორში, 3-ჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა;

–       განახევრდა უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ;

–       680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს;

–       გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა სპორტის სფეროში, რაც ამ დღეებში ქართველმა ფეხბურთელებმა, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვახსენეს; კიდევ ერთხელ  მინდა მოგილოცოთ ჩვენი ფეხბურთელების გუშინდელი გამარჯვება;

–       „ქართული ოცნების” ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია;

–       ამ ყველაფერთან ერთად, საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ყველა ეს მიღწევა არის 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურება, რომლისთვისაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, საქართველო დღეს იქნებოდა იმაზე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე დღეს, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა იმყოფება. დემოკრატიული მმართველობის დანერგვა, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ღირსების მტკიცედ დაცვა, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა არის, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას ამისათვის.

1 ოქტომბერს ჩვენ წარმოგიდგენთ საარჩევნო პროგრამას, ქვეყნის განვითარების 4-წლიან გეგმას, რომელშიც დასახული იქნება, ერთდროულად, ამბიციური და განხორციელებადი ამოცანები. ჩვენი გეგმა საქართველოს მოუტანს კიდევ უფრო მტკიცე დემოკრატიულ სისტემას, კიდევ უფრო ძლიერ ეკონომიკას და მოსახლეობის ცხოვრების დონის თვისებრივ გაუმჯობესებას.

თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი არ იქნება მშვიდობის გარეშე. თუ ჩვენ მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ მშვიდობა, რომელსაც მოაქვს კეთილდღეობა, და ჩვენ უნდა ავირჩიოთ აუცილებლად ჩვენი ქვეყნის ღირსება, ჩვენი სახელმწიფოს ღირსეული მომავალი. ეს ყველაფერი არის საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის საწინდარი.

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!

,26 ოქტომბერს ხალხმა უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა! ” -ირაკლი ღარიბაშვილი

კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით მეგობრებო, თანამებრძოლებო. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მივესალმები სამცხე-ჯავახეთს, ჩვენს ღირსეულ და ძლიერ ხალხს. დიდი მადლობა ნდობისთვის და ერთგულებისთვის მეგობრებო!

დღეს, 12 წლის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როგორ ჩაგრავდა ჩვენს ხალხს ბოროტი ძალა, არ არსებობდა თავისუფლება, გამეფებული იყო გახსოვთ შიში, ტერორი, უსამართლობა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ბიზნესი მუდმივი რეკეტისა და ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, მხოლოდ მჩაგვრელი მმართველი ელიტა ცხოვრობდა კარგად, გახსოვთ თქვენ, მხოლოდ ისინი გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, ხალხისთვის კი დაკეტილი იყო რა თქმა უნდა, საზღვრები, დაკეტილი იყო სავაჭრო ბაზრებიც, იყო სრული ნიჰილიზმი და გაურკვევლობა. 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წელში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა გუნდმა – „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას მოუტანა უამრავი ხელშესახები პროგრესი ყველა სფეროში, ბიუჯეტი და ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შეიქმნა 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, გაიხსნა ქვეყნის საზღვრები, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში, ჩინეთში, რუსეთში, გავხსენით უზარმაზარი სავაჭრო ბაზრები, ევროკავშირის ბაზარი, სადაც ჩვენს ხალხს შეუძლია ყოველგვარი გადასახადების გარეშე შეიტანონ და გაყიდონ წარმოებული პროდუქცია, გავხსენით უზარმაზარი ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი, დღეს სრული თავისუფლება აქვს ხალხს, როგორც გადაადგილების, ისე ვაჭრობის, მეწარმეობის, საკუთარი ნიჭისა რეალიზების და ქვეყანა, მეგობრებო, 12 წელში გახდა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო. ამ დროს იზრდება და ვითარდება ყველა სექტორი, რაც მთავარია ქვეყანაში დაისადგურა უპრეცედენტო უწყვეტმა მშვიდობამ, და დღეს ხალხმა იცის რომ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანა და ხალხი დაცულია ყველაზე დიდი უბედურებისგან – ომისგან და ხალხმა იცის რომ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში ქვეყანაში ომი არ მოხდება! და ხალხმა თქვენ იცით, რომ ყველა უბედურებასთან ერთად, რაც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა მათი მმართველობის დროს ქვეყანაში მოხდა ომი, იყო მუდმივი ქაოსი, არეულობა, ჩაგვრა, უსამართლობა. და ყველას გახსოვთ ხალხო, რომ რუსეთის ჯარმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია დატოვა 2007 წელს, მაგრამ რამდენიმე თვეში გამყიდველმა სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ, მოღალატე ხელისუფლებამ დააბრუნა რუსეთის ჯარი საქართველოში, მათ შეგნებულად არ ააცილეს ომი ხალხს, ჩააბარეს ტერიტორიები, დაუკანონეს ოკუპაცია, გადასცეს 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და ომის შემდეგ ცხოვრება გააგრძელეს თითქოს არაფერი არ მომხდარა, ხალხს კი კიდევ უფრო უარესად დაუწყეს ჩაგვრა. და დღეს ეს უბედურება ძვირფასო მეგობრებო, ეს ბოროტი ძალა, კვლავ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. იცით, რომ შექმნილი აქვთ სატელიტი პარტიები და ახალი კოალიციები რითაც ცდილობენ ჩვენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ისინი სხვა პარტიები არიან, ამ დროს შეხედეთ მათ, შეხედეთ მათ სახეებს, ერთმანეთში არიან აღრეულები, ძველი და ახალი წევრები, ყველანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მოკავშირეები არიან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ისინი არიან მათი მსახურები. ესენი არიან თანამედროვე ფაშისტები, ხალხის მჩაგვრელები და ქვეყნის ინტერესების გამყიდველები და წარმოიდგინეთ, რომ ეს ხალხი ყოფილიყო ხელისუფლებაში 2 წლის წინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, გარანტირებულად აქ იქნებოდა მეორე პოლიგონი და დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა! ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს ხალხი ითხოვდა სანქციების დაწესებას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის გაგზავნას უკრაინაში საომრად, ბომბების ცვენას თბილისის თავზე, ეს ხალხი მტრობს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათ არ ადარდებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ბედი, მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები და კეთილდღეობა ადარდებთ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ესენი წამში გაყიდიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად. შეხედეთ სააკაშვილის ამ კრიმინალური ბანდის წევრებს, გვარამიას, მელიას, ხაზარაძეს, მათ ენჯეოებს, ამ აგენტურას, კითხვა მინდა დავსვა-ვინ დაიცავს ჩვენს ქვეყანას ომისგან და ვინ დაიცავს ხალხს? გვარამია, რომელიც სააკაშვილის სისხლიანი პროკურორი იყო და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გაამწარა და გააუბედურა, თუ ეს ლუზერი მელია, თუ მოღალატე გახარია რომელმაც პირველ რიგში ქვეყანას უღალატა და კრიზისულ სიტუაციაში მიატოვა და გაიქცა, გაწირა ჩვენი ქვეყანა და გუნდი, თუ ეს სექტანტი გირჩი ჯაფარიძე, რომელიც გახსოვთ თქვენ კარგად, საოკუპაციო ხაზთან სამარცხვინოდ პოზიორობდა, თუ ეს ცნობილი თაღლითი ხაზარაძე რომელმაც ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს წაართვა სახლები, ჩვენს ხალხს ახრჩობდა მაღალი პროცენტებით და პირდაპირი მნიშვნელობით, მე გავიმეორებ, მოროდიორობდა სააკაშვილის დროს და რეპრესირებულ-დარეკეტებულ ბიზნესს ძარცვავდა და იფორმებდა. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ სწორედ ეს კაცი იყო ხაზარაძე, რომელმაც ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ჩვენი მთავრობა რამდენიმე წელი, 4 თუ 5 წელი ელოდა რომ მას მოეზიდა ინვესტიციები, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ თვითონ წავიდა და უჩივლა საკუთარ ქვეყანას საერთაშორისო სასამართლოში და ითხოვდა მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს, და დღეს ეს კაცი, მას შემდეგ, რაც მან საბოლოოდ სამართლიანად წააგო სასამართლოში, დადის და ისევ ატყუებს ხალხს.

მეგობრებო, მე აღარ გავაგრძელებ ამ სიის ჩამოთვლას, კიდევ ერთს დავამატებდი, რომ კიდევ ერთი თვალსაჩინო აი ამ პირდაპირ ვიტყოდი მოღალატეთა შორის არის ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე მომუშავე ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელმაც ასევე გიღალატათ თქვენ, უღალატა ჩვენს ხალხს, უღალატა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გუნდს, ვინც იგი მოიყვანა პრეზიდენტის თანამდებობაზე.

მეგობრებო, მე კიდევ ერთს ვიტყოდი, რომ ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, 2012 წლის 1 ოქტომბერს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გადაარჩინა! მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ის ბოროტი ხალხი, ვისგანაც ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინა, საუბედუროდ ჯერ კიდევ პოლიტიკაში რჩებიან და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და დაუნდობელ რევანშს, ამიტომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ მტკიცედ ისე როგორც ეს გავაკეთეთ 1 ოქტომბერს და ქვეყანა კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ!

26 ოქტომბერს ხალხმა უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა! თუ ავირჩევთ „ქართულ ოცნებას“ გვექნება გარანტირებული მშვიდობა! და გვექნება ყველა ის სიკეთე რაც მოაქვს მშვიდობას და თავისუფლებას, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი. ხოლო თუ ავირჩევთ ამ ომის პარტიას, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და მათ სატელიტებს და კოალიციებს, აგენტურას და ენჯეოებს, გვექნება გარანტირებული ომი! გვექნება ქაოსი, ნგრევა, უბედურება და უპერსპექტივობა! მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია მეგობრებო და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრემა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეული იყო. კვარამ საკუთარი მოპოვებული პენალტი გოლად აქცია და აქტივში საგოლე გადაცემაც მიითვალა.

Sofascore-მა ერთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ გუნდს შეადგინა.

საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 8.8 შეფასება დაიმსახურა.

წყარო:

,,არჩევნების მუშაობის დროს კომისიის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არასდროს დასტურდება” – ნათია იოსელიანი

ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები ხშირად ისმის, თუმცა არჩევნების მუშაობის დროს კომისიის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არასდროს დასტურდება.

„ყოველი არჩევნების წინ გვესმის ბრალდება, მაგრამ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის დროს არასდროს დასტურდება მსგავსი ბრალდებები. ჩვენ მოვუწოდებთ და კიდევ გვინდა შევახსენოთ ჩართულ მხარეებს, რომ დააკვირდნენ არჩეული საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მუშაობას. ჩვენი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ჩემი სამშვიდობო მისია ჯერ არ დასრულებულა – გაჩნდება ახალი დამაჯერებელი ინიციატივები, რომელთა ნაწილის ნახვა უკვე სექტემბერში იქნება შესაძლებელი – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის აგრძელებს მუშაობას ე.წ. სამშვიდობო მისიაზე, რომლის ფარგლებშიც ცდილობს თავიდან იქნას აცილებული უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ესკალაცია.

ორბანის თქმით, უკრაინასა და რუსეთში ვიზიტის შემდეგ მან „სამშვიდობო გეგმა“ გაუგზავნა ევროკავშირის ლიდერებს, რომელიც მოგვიანებით მედიაში გაჟონვის გამო გამოაქვეყნა.

„დავწერე, ივლისის დასაწყისში რომ გარკვეული რამ გაგვეკეთებინა, შეგვეძლო ამ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება უახლოეს ორ-სამ თვეში, ახლა, თუ შევადარებთ ივლისის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას, სექტემბრის დასაწყისში ყველაფერი გაცილებით უარესადაა, ვიდრე მაშინ იყო“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, მისი სამშვიდობო მისია არ დასრულებულა.

”მე მასზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმუშაობდი, ვმუშაობთ საერთაშორისო დონეზე. გაჩნდება ახალი დამაჯერებელი ინიციატივები, რომელთა ნაწილის ნახვა უკვე სექტემბერში იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა ორბანმა.

გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას – დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება – ბიძინა ივანიშვილი

გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აქვეყნებს.

„4:1 – ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ, უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი!

ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც გუშინდელი თამაშით კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ვულოცავ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მებრძოლი, ერთ მუშტად შეკრული და საამაყო გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა!

დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!“, – წერს ივანიშვილი განცხადებაში.

პუტინი მოძალადეა, ის დროდადრო გააგრძელებს იარაღის ჟღარუნს – არ გვაქვს უფლება, ამ იარაღის ჟღარუნმა შეგვაშინოს, გვახსოვდეს ეს – უილიამ ბერნსი

დასავლელი ლიდერები არ უნდა შეშინდნენ ბირთვული ესკალაციის შესახებ კრემლის მუქარებით, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.

„პუტინი მოძალადეა. ის დროდადრო გააგრძელებს იარაღის ჟღარუნს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ იარაღის ჟღარუნმა შეგვაშინოს. უნდა გვახსოვდეს ეს. შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი განიხილავს სხვა გზებს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა“, – აღნიშნა უილიამ ბერნსმა.

შეკითხვაზე, ღელავენ თუ არა ვაშინგტონსა და სხვა დასავლურ დედაქალაქებში იმის გამო, რომ უკრაინისთვის Storm Shadow-ს რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოოყენების ნებართვის მიცემამ, შესაძლოა, ომის ესკალაცია გამოიწვიოს, უილიამ ბერნსმა უპასუხა: „არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა მიიღოს ესკალაციის რისკი მსუბუქად“ და დასძინა, რომ ომის პირველი წლის განმავლობაში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში რეალურად არსებობდა აზრი, რომ რუსეთს, უკრაინის ბრძოლის ველზე, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.

„იყო მომენტი 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ვფიქრობ, რომ არსებობდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების რეალური რისკი“, – განაცხადა ბერნსმა და დასძინა, რომ მისი აზრით, ასეთი შეშფოთება ძალიან სერიოზულად არ უნდა იქნას მიღებული.

„არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენ ამით ზედმეტად უნდა დავშინდეთ“, – აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი მრჩეველი და ანდრეი ერმაკის მოადგილეები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი მრჩეველი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ორი მოადგილე დანიშნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციიით, პრეზიდენტის მრჩეველი კომუნიკაციების საკითხებში დიმიტრი ლიტვინი გახდა, ხოლო მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ალექსანდრე კამიშინი.

პრეზიდენტის კიდევ ერთი დადგენილება ეხება ვიქტორ მიკიტას ტრანსკარპატების რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნას.

გარდა ამისა, იგივე თანამდებობა მიიღო ყოფილმა მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმაც.

კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა – სერგეი ლავროვი

კიევის რეჟიმის კრუნჩხვები და აგონია ყველასთვის აშკარაა უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქის ტერიტორიაზე თავდასხმის ფონზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ის ხალხი, ვინც დასავლეთმა მოიყვანა უკრაინის ხელისუფლებაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალების გზით, ასრულებს დასავლეთის ბრძანებას – ქვეყანა კიდევ ერთხელ გადააქციონ ნაცისტურ საფრთხედ რუსეთის ფედერაციისთვის. ეს არ გამოვა და ეს უკვე ყველასთვის გასაგებია. ერთგვარი კრუნჩხვები, აგონია, რასაც ახლა ვხედავთ, მათ შორის ე.წ კურსკის მოქმედების ფარგლებში, ყველასთვის აშკარაა. ამიტომ ჩვენი საქმე სამართლიანია“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი, უმეტესწილად, რუსეთის ძმები არიან.

„ჩვენ ამაზე არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ჩვენ ეს ვიცით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.