Home Blog Page 37

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრებს ფარულად იყენებდა ჯიბის ფულად – პროკურორი

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენა, ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრებს ფარულად იყენებდა ჯიბის ფულად,- ამის შესახებ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილსა და ჯანაშიას კორუფციული სქემა ჰქონდათ შემუშავებული და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს პირადი მიზნებისთვის ხარჯავდნენ.

„თეიმურაზ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილის საქმის მრავალწლიანი განხილვა დასრულდა. ბრალდების მხარემ შეაჯერა და ანალიზი გაუკეთა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებს, რაც ამ სასამართლოში იყო წარმოდგენილი. ამ მტკიცებულებების განხილვამ ჩვენ ერთადერთ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, ისინი მხილებული არიან კორუფციულ დანაშაულში, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, რათა სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრები მათი ფუფუნებისთვის, მათი გარემოცვისთვის კომფორტის შესაქმნელად.

ხარჯები 3 წლისა და 9 თვის განმავლობაში 9 მილიონზე მეტ დანახარჯს მოიცავს. აქ ძირითადად, წარმოდგენილი იყო მთავრობის შემადგენლობა, იმჟამინდელი პოლიტიკოსები, მათთან დაკავშირებული პირები, თინა ბოკუჩავა, სოფო ნიჟარაძე, ივანა მელაი, სხვა არარეზიდენტი ფიზიკური პირებიც, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სტუმრებს და მათი საქმიანობა სახელმწიფო საქმიანობასთან ვერ იქნებოდა დაკავშირებული. ამ ხარჯების ერთობლივი ანალიზით ერთადერთ დასკვნამდე მივდივართ, რომ 9 მილიონი დანახარჯიდან არც ერთი თეთრი არ მოხმარებია ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესს.

ბოკუჩავასთვის გადაცემული იყო “ეიფლის” მობილური ტელეფონი, მარიამ საჯაიასთვის ნაყიდი იყო 3 500 ლარად ოქროს სამკაული. ასევე ერთი ხარჯი იყო, რომელიც კომიკური იყო, მაგალითად, ვერა ქობალიას აუღეს პასპორტი, თითქოს საქველმოქმედო მიზნები იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ განსაზღვრული და ვერა ქობალია 2008 წლის ომში დაინვალიდებულ პირად იყო მოხსენიებული.

სასამართლო აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ერთადერთ, სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს მათი დამნაშავედ ცნობის სახით”,- განაცხადა მუჯირმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ყველაზე დიდი კორუფციული სკანდალი პოლიტიკაში არის ის, რომ ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია – ორბანი

ვფიქრობ, ყველაზე დიდი კორუფციული სკანდალი პოლიტიკაში არის ის, რომ ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„პარლამენტარები, ბრიუსელის ბიუროკრატები, სერიოზული გადაწყვეტილების მიმღები პირები ნაყიდია და მათზე წვდომა აქვს ჯორჯ სოროსს“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება – ირაკლი კობახიძე

ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლება არის „ქართული ოცნების” მონაპოვარი.

„2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ჩვენ შევძელით ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესისთვის დაგვებრუნებინა თავისუფლება. როცა ნიკა გილაური იყო პრემიერ-მინისტრი სისხლიანი რეჟიმის პირობებში, მაშინ წარიმართებოდა სწორედ ბიზნესის სისტემური რეკეტი, რისი მსხვერპლიც გახდა უამრავი ადამიანი. ათასობით ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შეეწირა ბიზნესის რეკეტს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ნიკა გილაური, როგორც მაშინდელი სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი. ასეთ დროს მათი მხრიდან ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი მოვლენა. ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უსამართლო პატიმრობის მეოთხე წელსაც კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია -თინა ბოკუჩავა

უსამართლო პატიმრობის მეოთხე წელსაც კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია. ამ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას დაასრულებს ქართველი ხალხი და დავუბრუნდებით ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ჩატარდება ახალი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას“.

„უსამართლო პატიმრობის მეოთხე წელსაც კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია. ქართველ ხალხს საკუთარი შეუპოვრობით შეუძლია, დაიბრუნოს ქვეყანა, ევროატლანტიკური არჩევანი, რომლისთვისაც მას პირადად ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამო საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესიც დასრულდება, გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმარი, იქნებიან ესენი ახალგაზრდები, რომლებიც ებრძვიან რეჟიმს თუ იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისათვის, ევროპული მომავლისათვის. ჩატარდება ახალი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას“,  – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება მნიშვნელოვანია არა იმისთვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან -ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ იმ დანაშაულებზე ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა, მათ შორის ახალგაზრდების ქუჩაში მკვლელობაზე, პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ბიზნესის რეკეტზე, არჩევნების გაყალბებასა და 2008 წლის ომზე.

„მე შემიძლია დანაშაულები შეგახსენოთ, მარტო დაახლოებით 150 კაცი, ძირითადად ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს ქუჩაში. რაც შეეხება ციხეებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ხშირ შემთხვევაში გაუპატიურებას, ეს დანაშაული არის დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომელიც საუბრობს წამების სისტემურ პრაქტიკაზე სააკაშვილის სასამართლოში. ეს კიდევ ერთი დანაშაულია. ბიზნესის რეკეტის უამრავი ფაქტია, ბიზნესის რეკეტში ჩართული იყო უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს წარმოადგენს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ეს არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ხაზარაძე, ეს ადამიანები უშუალოდ იყვნენ ჩართული ბიზნესის რეკეტში, რამაც შეიწირა უამრავი ადამიანის, ათი ათასობით ადამიანის არამარტო საკუთრება, არამედ კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი ზოგიერთ შემთხვევაში.

არჩევნების გაყალბება, მარტო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება რად ღირს, ტოტალური გაყალბება ხდებოდა არჩევნების მათი რეჟიმის პირობებში. მთავარი დანაშაული ეს იყო მაინც 2008 წლის ომი. მათ აღიარებული აქვთ, რომ თავად დაიწყეს ეს ომი, ამაზე აქვთ ოფიციალური ხელმოწერა ევროსაბჭოს რეზოლუციასთან მიმართებით. ეს არის საკმარისი ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომელიც მეტყველებს, რომ აუცილებელია ყველაფრის სათანადოდ გამოძიება. და ეს გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისთვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან,“- განაცხადა პრემიერმა.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საკანონმდებლო ზომების გატარება  -ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, ვინაიდან, საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს და ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აღიარებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება. ეს ვალდებულება თუ არ შესრულდება, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სანქციები. მინდა, ეს ყველას შევახსენო. რაც შეეხება საპარლამენტო გამოძიების მნიშვნელობას, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს, მათ შორის, ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აქვს აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ეს არის ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამებსა, ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, 2008 წლის ომი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საჭიროა სიღრმისეული გამოძიება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ჩემი უფლებაა, რომ ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებს, გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ტყუილები დაგაჯერათ -ლევან იოსელიანი

ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, ეს ჩემი უფლებაა, გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ტყუილები დაგაჯერათ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

იოსელიანი დღეს სახალხო დამცველის ოფისთან გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„დღეს ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა. მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ შეცდომაშია შეყვანილი. მსაყვედურობენ, თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. იმის დასტურად, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოგიდგენთ ჩემ მიერ აქციების მიმდინარეობის პერიოდში გაკეთებული განცხადებების მხოლოდ ნაწილს, რომელთა სრული ვერსიები თანდართულ ბმულებზე შეგიძლიათ, იხილოთ.

რაც შეეხება არჩევნების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: მე ვერ შევაფასებ არჩევნების გაყალბების საკითხს, ვინაიდან არ წარმოვადგენ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ის, რომ ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, ჩემი უფლებაა. არ მჯერა, რომ 100 000 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს. ეს რომ სიმართლე იყოს, მათი ნახევარი მაინც აქციაზე იქნებოდა. ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულება არ მინახავს. აქციის ორგანიზატორებისგან მოვისმინე, რომ ამის თქმის უფლება არ მაქვს, რაც უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ეს ტყუილები დაგაჯერათ.

რაც შეეხება საარჩევნო უფლების დარღვევის ფატებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდშიც ვაფიქსირებდი და შესაბამის რეაგირებას ვახდენდი ყველა ფაქტზე. იდენტიფიცირებული გვაქვს 110 სავარაუდო დანაშაულის შემთხვევა. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ზომები იქნა მიღებული. ამის დასტურადაც, შესაბამისი განცხადებების ბმულებს ვურთავ. დაბოლოს, რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით (შეიძლება ადრე ასე იყო). მივალ იქ, სადაც დამიძახებენ და ჩემი აზრის მოსმენა დააინტერესებთ. სანამ მე ვარ სახალხო დამცველი, სიმართლე არ დაიმალება. რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ – მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

P.S შეეშვით აპარატის თანამშრომლების თაგვას, დანამუსებას და ზეწოლას, არ ხართ აქ ყველაზე პოპულარული ხალხი“, – წერს იოსელიანი

მადლობა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს თბილი მასპინძლობისთვის, ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია -ირაკლი კობახიძე

დღეს ბაქოში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა საშუალება, პირადად შევხვედროდით, გვესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ასევე, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს, ბატონ ალიევს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და მისი წვლილისთვის, რომელიც მას აქვს შეტანილი ქართულ – აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში,“- განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8412 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8412 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9276 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9236 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0040 ლარი შეადგინა.

ნატო-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სიტყვა უნდა შეასრულოს -მარკო მიხელსონი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ნატო-მ, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პირობა უნდა შეასრულოს.

„ნატო-მ ჯერ კიდევ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. ნატო-მ, მათ შორის აშშ-მა და გერმანიამ, თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს“, – წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, გერმანია, უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ.

„ისინი გულწრფელები იყვნენ: არ სურდათ ჩვენი ნატო-ში ხილვა. ეს ოთხი ქვეყანა, სხვადასხვა მიზეზების გამო, უკრაინას ნატო-ში ჯერ ვერ ხედავენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის-აშშ-ს საელჩო

ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დარწმუნებული ვარ, ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას -ირაკლი კობახიძე

დარწმუნებული ვარ, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე. ხაზი გაესვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას“, – აღნიშნავს პრემიერი.