Home Blog Page 37

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნებთ საგრანტო პროგრამას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება – პრემიერი

მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია.

ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართებოდა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ.

ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.

„საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისვე თქმით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის.

„საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ – კახა კალაძე

თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა ჰელსინკის კომისიის „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ სანქცირებას ითვალისწინებს.

კახა კალაძის განმარტებით, საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა, თუმცა ურთიერთობა ცალმხრივი არ არსებობს.

„არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებით დავამტკიცეთ. მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როდესაც გაქვს სურვილი, შავი ფული ამოძრაო პოლიტიკაში, არ გექნება სურვილი, გამჭვირვალობის კანონი იყოს მიღებული – კახა კალაძე

როგორ შეიძლება, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობას – ეს კანონი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება თუ ტელევიზიები, რომლებიც ფულს იღებენ გარედან, უცხოეთიდან, იყვნენ დაფიქსირებული და იცოდნენ, საიდან მიიღეს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება ეს ფული, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკითხვას ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონს“ ისინი ეწინააღმდეგებიან, ვისაც პოლიტიკაში შავი ფულის მოძრაობა უნდათ.

„როდესაც გაქვს სურვილი, ეს ყველაფერი დაფარო, გაქვს სურვილი, შავი ფული ამოძრაო პოლიტიკაში, დააფინანსო რევოლუციური სცენარი, ვითომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ატრენინგებ, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, არ გექნება სურვილი, გამჭვირვალობის კანონი იყოს მიღებული და იმიტომ არის წინააღმდეგი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ქვეყანა აჯანჯღაროს, მოაწყოს რევოლუცია, დაპირისპირება და გახლიჩოს საზოგადოება – კახა კალაძე

[„ნაციონალური მოძრაობა“] ყოველთვის ცდილობს, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, ქვეყანაში მოაწყონ რევოლუცია, დაპირისპირება და გახლიჩონ საზოგადოება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებაზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ წარსულში უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, დღესაც იმავეს აკეთებენ.

“ადამიანმა შეიძლება რაიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ გაანალიზო ის შეცდომა, მოიხადო ბოდიში და შეიცვალოს შენი ცხოვრების სტილი. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილო, დღესაც იმავეს აკეთებენ. ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, ქვეყანაში მოაწყონ რევოლუცია, დაპირისპირება და გახლიჩონ საზოგადოება და იმ დანაშაულისთვის, რომელიც ამ კონკრეტულმა დაჯგუფებამ, “კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ” ჩაიდინა, მხედველობაში მაქვს 2008 წლის ომი, ამას რა თქმა უნდა, სჭირდება გამოძიება და კონკრეტული პასუხები. რაც მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იმ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგს დღესაც ვიმკით, რაც 2008 წლის ომი იყო”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსებმა კიევს დრონებით, რამდენიმე ტალღად შეუტიეს – უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მეხუთე საჰაერო თავდასხმა კიევზე სექტემბრის დასაწყისიდან. წუხელ რუსეთის არმიამ კვლავ გამოიყენა კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები, წინასწარი მონაცემებით, Shahed-ები. დრონები კიევში რამდენიმე ტალღად შემოვიდა“, – განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.

მისი თქმით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ამასთან, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, ყველა დრონი, რომელიც კიევს ემუქრებოდა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქში ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.

თუ გლობალურმა ომის პარტიამ მიზანს მიაღწია, ქვეყანაში ბომბების წვიმა და უკრაინიზაცია მეორე დღესვე დაიწყება – ხალხის ძალა

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონი მეორე მოსმენით მიიღო, ძალიან ბევრ აქამდე დაფარულ პროცესს ფარდა აეხადა. კანონი და საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდა. თუ აქამდე გარე აქტორები თავს იკავებდნენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ღია თავდასხმისგან, ამჯერად ეს წითელი ხაზიც გადაკვეთილია, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განხცადებაში.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ „პირველი მერცხალი“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი, პიტერ სტანო აღმოჩნდა, რომელმაც ევროკავშირის სახელით დაგმო კანონის მეორე მოსმენით მიღება, მას ნაჩქარევი უწოდა და პირდაპირ თქვა, რომ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, თუმცა განმარტება არ მოგვისმენია, რომელ უფლებებს გამოუთხარა ძირი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვამ.

„ევროკავშირის სახელით სტანომ აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი, ასევე ქართული გამჭვირვალობის კანონი საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მანიშნებელია.

ფაქტობრივად იდენტური განცხადებები გააკეთა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. შეუიარაღებელი თვალით, მარტივად გარჩევადი იყო, რომ მისი ჩამოსვლისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების მიზანს ჩამოშლილი ოპოზიციის გამაგრება და ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმოადგენდა. სიტყვათა შეთანხმება „დემოკრატიული უკუსვლა“ შაჰინმა გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონების ჭრილში ახსენა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ გარემოებად დაასახელა.

კანონი გამჭვირვალობის შესახებ მძიმე თავდასხმის ობიექტი გახდა კიდევ ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანის, ჯეიმს ო’ბრაიენის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში პირდაპირ ამბობს, რომ კანონი, რომელიც რეალურად აწესრიგებს შავი ფულის შემოდინებას NGO-ებში და რომლის მთავარი მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობაა, თურმე ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს. ო’ბრაიენმა გამჭვირვალობის კანონის გამო, 26 ოქტომბრის არჩევნები ფაქტობრივად შეუმდგარ პროცესად გამოაცხადა, როდესაც ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა: „ეს კანონი ცდილობს სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი“.

ამ დეზინფორმაციული განცხადებების პარალელურად ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტმა ახალი კვლევის ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ყველა კრიტერიუმით, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ამასთანავე ინსტიტუტი მოუწოდებს ევროკავშირს, რომ იხელმძღვანელოს შეფასების ობიექტური კრიტერიუმებით და დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მათ შორის სწრაფად გაუხსნას ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებები.

შორს რომ არ წავიდეთ, მხოლოდ ამ გარემოებათა ანალიზიც კი გვაჩვენებს, რეალურად რა პროცესები მიდის საქართველოსთან მიმართებით. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ევროკავშირსა და ამერიკაში უკვე აღარ მალავენ იმ რეალურ მიზეზებს, რის გამოც ჩვენი ქვეყანა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დემოკრატიულ უკუსვლაშია დადანაშაულებული და ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია. ეს არის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, შავი ფულით მომუშავე აგენტურული NGO-ებისათვის გამჭვირვალობის მოთხოვნა, რუსეთის მიმართ სანქციების არდაწესება და უარის თქმა მეორე ფრონტის გახსნასა და საომარ მოქმედებებში ჩართვაზე.

თუ აქამდე შედარებით რთული იყო გარჩევა, თუ რატომ ცდილობდნენ ასე დაჟინებით საქართველოს დაჩაგვრას და ადგილობრივი აგენტურისა და მათი პატრონების პროპაგანდა მეტ-ნაკლებად მუშაობდა, თითქოს საქართველო არ ახორციელებს რეფორმებს და სწორედ ამიტომ ფერხდება ევროინტეგრაციის პროცესი, ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი ეფინება. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რეალურად არც ევროკავშირის ბიუროკრატიას და არც მის მმართველ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას, ოფიციალურს თუ არაოფიციალურს, არ აინტერესებს არანაირი რეფორმა. სამწუხაროდ, მათთვის ასოცირების შეთანხმების სქელტანიანი დოკუმენტიც და 9 პუნქტიანი დათქმაც მაკულატურაა და მეტი არაფერი. ჩვენი ქვეყნისგან დღეს კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და მეორე ფრონტს ითხოვენ. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ განსაკუთრებით ხელს უშლით გამჭვირვალობის კანონი, რადგან საქართველოში მათთვის სასურველი, ყველა დავალების შემსრულებელი ხელისუფლების მოყვანის ერთადერთ გზად სწორედ შავი ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები ესახებათ.

პიტერ სტანოს განცხადებამ მკაფიოდ გამოკვეთა, რომ აგენტურით დაკომპლექტებული და გარედან მართული ევრობიუროკრატიისთვის ჩვენი ქვეყნის „დაფასება“ ამ დამღუპველ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ისევე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების ობიექტური ანალიზით იქნებოდა მიღებული, ცხადია უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე სწორედ საქართველოსთან უნდა გახსნილიყო მოლაპარაკებები. საქართველო ამ ორ ქვეყანას უსწრებს უკლებლივ ყველა კრიტერიუმით. უფრო მეტიც, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების, მათ შორის მედიის, ადამიანის უფლებების დაცვის და კორუფციისგან თავისუფლების ინდექსებით საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებზე ბევრად წინაა და ეს კვლევები „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის“ მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით ქვეყნდება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოსგან არც ევროკავშირი და არც ამერიკის შეერთებული შტატები არანაირი რეფორმებს არ ელოდება. მათი მოთხოვნების მარტივი ანალიზიდანაც ჩანს, რომ

დღეს საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის დანგრევაზე გადის. საქართველოშიც და ევროპის ქვეყნებშიც, თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანები ნათლად ხედავენ, რომ დღეს ევროპა ღრმა კრიზისშია და აგენტოკრატიის
მმართველობის მძიმე შედეგებს იმკის. ევროპულმა ბიუროკრატიამ, რომელიც სრულად კონტროლდება და კოორდინირდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეგრეთწოდებული „დიფ სთეითისგან“, სრულად დაუკარგა ფასი ევროკავშირს – გაერთიანებას, რომელიც ოდესღაც სწორედ იმიტომ იყო სასურველი და მისაბაძი, რომ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ჯანსაღ ფასეულობებზე იყო დაფუძნებული. საბედნიეროდ, ევროგაერთიანების ქვეყნებში, ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნების შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ღრმა კრიზისს ევროპელებიც აცნობიერებენ და ევროპული ბიუროკრატიის აგენტოკრატიისგან გათავისუფლება დაუსახავთ მიზნად.

ჩვენი მხრივ, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპა მალე გათავისუფლდეს მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან.

თუმცა იქამდე, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. გლობალური ომის პარტია, რომელიც საბედნიეროდ, ქართული მოსახლეობისთვის უკვე კარგად გაშიფრული და ნაცნობი მეტაფორაა და ქართველმა ხალხმა ამ მეტაფორაში კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები და გაერთიანებები ამოიცნო, ყველაფრის ფასად ეცდება, საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანოს.

თუ გლობალურმა ომის პარტიამ ამ მიზანს მიაღწია, ჩვენ ქვეყანაში ბომბების წვიმა და ქვეყნის უკრაინიზაცია მეორე დღესვე დაიწყება, ხოლო თუკი ქართველი ხალხის გონიერება გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანასაც გავიყვანთ სამშვიდობოს და ევროპელ ხალხსაც ვაჩვენებთ იმის მაგალითს, თუ როგორ არ უნდა დაუთმო შენი ქვეყანა აგენტურას, რაც უნდა დიდი და მძიმე იყოს ზეწოლა“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე არ დაიწყოთ, თორემ ვერცერთს ვერ დაასრულებთ. ეცადეთ კრიტიკას მშვიდად შეხვდეთ და არაფერზე გაღიზიანდეთ. დავალების შესრულებისთვის იმაზე მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, ვიდრე გსურთ, თუმცა შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

კურო

საქმით დილიდან ნუ დაიტვირთებით. ეცადეთ, კარგად ნაცნობი და მარტივი საქმეებით დაიწყოთ და საქმიან რიტმში თანდათან ჩაერთოთ. სწორი განსჯისა და საღი აზროვნების დამსახურებით სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. შეეცადეთ დაიმახსოვროთ იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ. მოერიდეთ ახალ ნაცნობებს და საეჭვო შეხვედრებს.

ტყუპები

კარგი დღეა ახალი მიზნების დასახვისთვის. ეცადეთ, თქვენს ენერგიას სწორი მიმართულება მისცეთ. გაიხსენეთ თქვენი ადამიანები, რომლებმაც რთულ დროს არ მიგატოვეს. ეს კავშირები მომავალშიც ბევრჯერ გამოგადგებათ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ ძალები აღიდგინოთ და ამაში საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მშვიდად გაატაროთ, ნაკლები იაქტიუროთ და ინიციატივა არ გამოიჩინოთ. რჩევა როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებს ეხება. ასევე სასურველია, კონტაქტები შეზღუდოთ, ნაკლები ისაუბროთ და საქმე განმარტოებით აკეთოთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით – მისი შესრულების დროა.

ლომი

მოერიდეთ ნაჩქარევ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ შეცდომებს თავიდან ვერ აიცილებთ. თუ ჩიხურ ვითარებაში აღმოჩნდით, მხარდაჭერა ოჯახის წევრებს ან კოლეგებს უნდა სთხოვოთ – მათი მუშაობის შედეგი მოგეწონებათ. დღის განმავლობაში დაგროვილ დაძაბულობას საღამოს ვარჯიში ან სეირნობა მოგიხსნით, თუმცა განწყობის ხშირი ცვლილება მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.

ქალწული

ამ დღეს წარმოქმნილი პრობლემები მშვიდად და საფუძვლიანად უნდა მოაგვაროთ. ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ნუ ეცდებით, თორემ ვერაფერს გააკეთებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვეთ და აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები. საღამოს შესაძლოა უმნიშვნელო შემთხვევამ განწყობა გაგიფუჭოთ. ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

სასწორი

გირჩევთ, სადავო საკითხში დროს კომპრომისი მოძებნოთ და გარემოებებს მოერგოთ. პირად ურთიერთობებში ჯობია, ცოტა ხნით შეისვენოთ ან პარტნიორის მოტივებს დაუფიქრდეთ და კარგად გაიაზროთ. გახსოვდეთ, რომ სირთულეები დროებითია და ეცადეთ ,ყველა ნეგატიური აზრი განდევნოთ.

მორიელი

ეცადეთ, დილიდანვე პოზიტივით დაიმუხტოთ – თქვენი შრომისუნარიანობა და კარიერა მხოლოდ თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. ამ დღეს უაღრესად ემოციური ხართ და ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში – შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს.

მშვილდოსანი

იღბლიანი დღეა. ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ ყველაზე რთული და შრომატევადი ამოცანები შეასრულოთ. პრობლემების მოგვარებაში კრეატიული აზროვნება და მდიდარი წარმოსახვის უნარი დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის – ვარსკვლავების მხარდაჭერით ნებისმიერი ოპონენტის დარწმუნებას შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ.

თხის რქა

სტრესული და ემოციურად რთული დღეა. შესაძლოა, კონფლიქტის თვითმხილველი გახდეთ, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო საკითხების გადაწყვეტა სხვა დროისთვის გადადეთ. ახლობელი ადამიანის სიტყვების მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.

მერწყული

ბოლო დღეები რთული იყო, ამიტომ შეიძლება დაგროვილმა დაძაბულობამ თავი იჩინოს. ვარსკვლავები გირჩევენ, დამატებითი პასუხისმგებლობის აღებაზე უარი თქვათ და დაუსრულებელი საქმეები კოლეგებს გაუნაწილოთ. ხანმოკლე მოგზაურობა დაგეხმარებათ, დადებითი შთაბეჭდილებები მიიღოთ და განწყობა გაიუმჯობესოთ. ფრთხილად შეარჩიეთ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავთ.

თევზები

ამ დღეს ფინანსური საკითხების განხილვას უნდა მოერიდოთ. დიდია შეცდომის და ფულის დაკარგვის შანსი. რაღაც შემთხვევა გაიძულებთ, მომხდარს სხვა თვალით შეხედოთ და გეგმები შეცვალოთ. რთულ ვითარებაში თუ აღმოჩნდით, შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

„ქართულ ოცნებაში“ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ – ეს არის ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ცალსახა გზა”- თამარ კორძაია

არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, – ასე შეაფასა “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები.

კორძაიას განცხადებით, ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები არ აინტერესებს, რაც დემოკრატიული გზა არ არის.

„არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, ეს დაადასტურა კიდეც გუშინ შალვა პაპუაშვილმა თავისი კომენტარებით გერმანელ კოლეგებთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მათ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ. ეს არ არის დემოკრატიული გზა, ეს არის ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ცალსახა გზა“,- განაცხადა კორძაიამ.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, რა გზას ირჩევენ, უნდათ კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა თუ სიღატაკით იზოლაციაში.

„მიგვაჩნია, რომ ოპოზიციის გზა მიდის კეთილდღეობით ევროპაში და ქართული ოცნების“ გზა მიდის იზოლაციასა და სიღატაკისკენ“,-განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად.

„ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა“, – აცხადებს ჯეიმს ო’ბრაიენი.

ურთულესი დაპირისპირება გველოდება – ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი

ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინის 2:1 დამარცხებით ალბანური მედია აღფრთოვანებულია. TopSporti წერს, რომ ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებთან მატჩზეა მიპყრობილი, რომელმაც ჩეხეთი გაანადგურა. კომენტარი ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ გააკეთა.

ბრაზილიელი სპეციალისტი თამაშის შემოტრიალებით კმაყოფილი დარჩა და “ჯვაროსნებზეც” ისაუბრა:

“ჩვენ უკრაინას არაერთხელ შევხვედრივართ, ისევე როგორც საქართველოს. მძიმე ჯგუფია. ჩეხეთიც ძლიერი გუნდია. სამშაბათს ძალიან რთული მეტოქე გვეყოლება, ფიზიკურად მძლავრი და ორგანიზებული. ისინი 3-5-2 სქემით თამაშობენ, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, ბევრს დარბიან, უტევენ, თავს იცავენ, ორგანიზებულები არიან, კარგი მწვრთნელი უდგათ სათავეში. მათი ბოლო თამაში არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ურთულესი დაპირისპირება გველოდება”.

,,ტერმინი „რუსული კანონი“, არის ტყუილი, ეს არის ცრუპენტელობა”- პრემიერი

პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას, ტყუილი არის ძალიან ცუდი და ეს კარგად არ ახასიათებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაუცხადა.

კითხვაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ, გარკვეული დაფინანსებები შეჩერდა და რა ბედი ელოდებათ მსგავს ორგანიზაციებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ რამე შეჩერდა, ყველაფერი “ძალიან მარტივად დაკომპესირდება”.

„რაც შეეხება ტერმინ „რუსულ კანონს“, ეს არის ტყუილი, ეს არის ცრუპენტელობა, რაც თქვენც ძალიან კარგად იცით.

რაც შეეხება დაფინანსებას, თუ რამე შეჩერდა, ყველაფერი ძალიან მარტივად დაკომპესირდება. არის ძალიან მცირე თანხებზე საუბარი, თავად ფაქტი არის ცუდი, ის ფაქტი, რომ სიცრუის გამო ხდება რაღაც თანხების შეჩერება. ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ იმდენად მცირე თანხებზეა საუბარი, რომ ამის დაკომპესირებას არაფერი სჭირდება. დღეს გვქონდა საუბარი იმაზე, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა 10 მილიარდი ლარით, ამ ყველაფერთან მიმართებით, იმ პროექტებზე, რაზეც არის საუბარი, არის ზღვაში წვეთი. არავითარი დიდი ფინანსები არ არის ამასთან დაკავშირებული, ამის კომპესირება ადვილია. ცუდი არის ის, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები სიცრუეზე დაფუძნებით ახორციელებენ ასეთ აქტებს. ეს არის შემაშფოთებელი და სამწუხარო. მიზერულია და დავუკოკმპესირებთ.

მაგალითისათვის, სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი სფერო, სადაც თანხები იდება, ამას გვეუბნებიან. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით ამ თანხების წლიური მოცულობა ევროკავშირის ნაწილში არის დაახლოებით 5 მილიონი ევრო, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა შესაბამის პროექტებზე წლის განმავლობაში ხარჯავს 330 მილიონ ლარს. ვხედავთ როგორი თანაფარდობაა, ამის დაკომპესირება არ არის პრობლემა, პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას. კომპესირება არ არის პრობლემა, მაგრამ ტყუილი არის ძალიან ცუდი და ეს კარგად არ ახასიათებს ევროკავშირის წარმომადგენლებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები”- ირაკლი კობახიძე

ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, ისინი წარმართავენ საარჩევნო კამპანიას, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ჩემი ხმა“ დაფუძნებასთან დაკავშირებით.

პრემიერი თქმით, ისინი პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში.

„ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, ისინი წარმართავენ საარჩევნო კამპანიას. შეგიძლიათ ნახოთ მათი ფეისბუქ გვერდი, ისინი დაკავებულები არიან არა დაკვირვებით, არამედ, პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, იმდენად რეპუტაცია შელახულები არიან ეს ადამიანები, რომ ვერავითარ დადებით გავლენს ვერ მოახდენს მათი ჩართულობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შანსებზე, პირიქით, დამატებით ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ ისეთ შედეგს, რომელიც ეკადრება ჩვენს გუნდს და ისეთ შედეგს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

 ,,ვთავაზობთ მოქალაქეებს, ჩაერთონ არჩევნების დაკვირვების პროცესში”- ნინო ლომჯარია

30-ამდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.

“ჩემი ხმა” – ეს არის მთავარი ლოზუნგი, რომლის გარშემო მესამე სექტორთან ერთად, არჩევნებზე დაკვირვების მსურველი მოქალაქეები ერთიანდებიან.

მოხალისეობრივი მოძრაობა არჩევნებს არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით დააკვირდება, არამედ საზღვარგარეთაც.

როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია აცხადებს, საყოველთაო სამოქალაქო დაკვირვება საქართველოს მოქალაქეების დაკვეთაა.

“რუსული კანონის” მიღებიდან მეორე დღესვე მოქალაქეებმა თავად დაიწყეს ამ ინიციატივის გარშემო გაერთიანება. ეს სურვილი თავად მოქალაქეებში დაიბადა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, 30-მდე ორგანიზაცია ამ მოლოდინებს ვპასუხობთ. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ დაკვირვების პროცესში. გაერთიანებული ვართ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებსაც გვაქვს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დაკვირვების გამოცდილება, ცოდნა შესაძლო დარღვევების და საარჩევნო მანიპულაციების შესახებ. მოვამზადებთ საქართველოს მოქალაქეებს, მათი პროფესიის, ინტერესის და საქმიანობის სფეროს მიუხედავად. საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს, როგორც დამკვირვებელი”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი განმარტებით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზეც იქნებიან დამკვირვებლები, რომ

საარჩევნო დარღვევების პრევენცია მოხდეს. ამასთან, ლომჯარიამ წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის სიძულვილის შემცველი კამპანია ხელისუფლების მხრიდან.

“მათ ოფიციალურ საარჩევნო კლიპშიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც სიძულვილის ობიექტები და ეს მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ამ რეალობაში გვიწევს ყოფნა”, – განაცხადა ლომჯარიამ.