Home Blog Page 37

საქართველოს თუ უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან -ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველოს თუ უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის. არჩევნების შემდგომი ვითარება ისევ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი გაფართოების ანგარიში ამ გზას აჩვენებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

 თეთრიწყაროს სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა ბიულეტენების გამოთხოვაზე და დადასტურდა ის, რაც ამ საქმისთვის არსებითია”, – წერს ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“.

თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის ფარულობის საკითხზე საიას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

საიას ინფორმაციით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.

„მოსამართლემ, ასევე, მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია”, – ნათქვამია საიას ინფორმაციაში.

“დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი”-მიხეილ სააკაშვილი

მზადდება საქართველოს დიდი ეთნიკური წმენდა. კიდევ მილიონამდე ადამიანის იძულება დატოვონ ქვეყანა. ჩვენ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ მოთმინებაზე მეტად გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა უკვე დე-ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი ეხმაურება დღეს, ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად იმართება.
„დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობა.
26 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის შიგნით და გარეთაც ჩართულმა საზოგადოებამ სრულად ჩააბარა გამოცდა, აჩვენა თვითორგანიზების სასწაულები. ახლა, ხალხი ძალიან გაბრაზებულია, გადაიზრდება თუ არა ეს გაბრაზება მძლავრ საპროტესტო მოძრაობაში, დამოკიდებულია პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის ლიდერობაზე და თანმიმდევრულობაზე.
ყველა, მსოფლიოში, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს, ერთის მხრივ, გაოგნებულია არჩევნების მოპარვის თავხედურობით, მეორეს მხრივ, ელოდება იმას აღმოაჩნდება, თუ არა ქართველ ხალხს წინააღმდეგობის უნარი. ჩვენდამი მხარდაჭერა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
მთლიანობაში ეს სწორედ ის შემთხვევაა როცა ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენს ხელთაა.
ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ არა მხოლოდ არჩევნები მოიპარეს, არამედ საქართველოში დამყარდა დიქტატურა, რომელიც ახლა გაყურსული ელოდება იმას, რომ ქართველებმა შეირგონ “ახალი რეალობა” და შემდეგ აპირებს საბოლოოდ მოამთავროს დარჩენილი თავისუფლებები და განახორციელოს მასობრივი რეპრესიები. ასევე მზადდება საქართველოს დიდი ეთნიკური წმენდა. კიდევ მილიონამდე ადამიანის იძულება დატოვონ ქვეყანა.
ჩვენ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ მოთმინებაზე მეტად გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა უკვე დე-ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი.
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ შევძლებთ და შემდეგ იმდენი რამდენიც საჭირო გახდება!“- წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ფაქტჩეკერმა ამხილა გოგლა ჟვანიასა და მერაბ მეტრეველის მიერ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია

ფაქტჩეკერმა გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა.

ირკვევა, რომ მათ ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციები გაავრცელეს.

ფაქტების შემმოწმებელი პლატფორმის „ჯეოფაქტის” ინფორმაციით, ჟვანიას მიერ გავრცელებულ ქარდზე, რომელიც მეტრეველმაც გააზიარა, აღებულია საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, გამოკლებულია არასრულწლოვანი მოსახლეობა და მიღებული მაჩვენებელი შედარებულია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან. ამით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ცესკოს მონაცემები ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ გადაჭარბებულია და სინამდვილეში, ეს რიცხვი გაცილებით ნაკლები უნდა იყოს.

„ჯეოფაქტის“ განმარტებით, ამომრჩეველთა ერთიანი სია და მოსახლეობის რაოდენობა – ორი სხვადასხვა მონაცემია. „საქსტატის მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის შესახებ, ასახავს მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას. ამომრჩეველთა სია კი აერთიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს“, – ვკითხულობთ განმარტებაში, რომლის საფუძველზე, „მეტამ“ ჟვანიას და მეტრეველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მანიპულაციური უწოდა.

ბათუმში, ლიფტის ავარიულად დაშვების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კლინიკაში გადაჰყავს.

ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

თვითმხილველების თქმით, ლიფტი ახალაშენებულ კორპუსში მეხუთე სართულიდან ჩავარდა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები არიან. ისინი სხვა დეტალებზე კომენტარს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ.

როგორ შეიძლება, რომ 300 ათასი ადამიანის მონაცემი აიღო ისე, რომ ეს ვერავინ გაიგოს. ეს არა მარტო ტყუილია, არამედ ეს არის უნამუსო ტყუილი, რაც გახარიამ თავადაც კარგად იცის -ვოლსკი

როგორ შეიძლება, რომ 300 ათასი ადამიანის მონაცემი აიღო ისე, რომ ეს ვერავინ გაიგოს. ეს არა მარტო ტყუილია, არამედ ეს არის უნამუსო ტყუილი, რაც გახარიამ თავადაც კარგად იცის, რომ ვერ განხორციელდება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

იგი არჩევნების თემაზე გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

„არ ვიცი, რას დავაბრალო – გახარიას ფანტაზიას დავაბრალო, თუ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც ოპოზიცია ჩავარდა და გახარია ყველაზე მეტ ეფექტურ მექანიზმად მოგვევლინა „ნაცმოძრაობის“ ინტერესის განხორციელების საქმეში.

როგორ შეიძლება, რომ 300 ათასი ადამიანის მონაცემი აიღო ისე, რომ ეს ვერავინ გაიგოს. ეს არა მარტო ტყუილია, არამედ ეს არის უნამუსო ტყუილი, რაც თავად კარგად იცის, რომ ვერანაირად განხორციელდება, ხავსიც აღარ არის უკვე, ხავსს რას ვერჩი, გახარიასა და მისი გუნდის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხელში ეს არგუმენტი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში თავის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სათაურით: „ასე მოიპარა ოცნებამ ადამიანის არჩევანი“, ქმნის აღქმას, თითქოს მტკიცებულებებს წარადგენს, თუმცა დაახლოებით, ექვსწუთიან ვიდეოში მხოლოდ ვარაუდებზეა საუბარი. „ქართული ოცნებაში“ მტკიცებულებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი. საუბარია, არჩევნებამდე საჯარო მოხელეებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებებზე, რაც ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 ნოემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7280 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7280 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7264 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9738 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9595 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა

პროკურატურამ მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ერთადერთი ხავსი ჰქონდათ და ის ხავსიც აღარ დარჩათ-კახა კალაძე ოპოზიციაზე

არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც შეეხება ამომრჩევლების მობილიზებას, ამისთვის გვყავს პარტიის წევრები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მათთან, – აღნიშნული განცხადებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ვარაუდებს უპასუხა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პარტიები NDI-ის და IRI-ის ტრენინგებს გადიოდნენ.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ: არანაირი მტკიცებულება, ფაქტი არ არსებობს ბუნებაში, რომ არჩევნები გაყალბდა. ნახეთ, რამხელა სხვაობაა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიას შორის, გინდ ხმების რაოდენობით, გინდ პროცენტულად. ლაპარაკობენ, რომ ეს იყო, ის იყო, მაგრამ არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. უკვე ყველანაირი რესურსი ამოწურეს, თენგოსაც აღარაფერი აღარ დარჩა სათქმელი და ნოდარ მელაძის რაღაც გაუგებარი სიუჟეტით სპეკულირებენ. რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მობილიზებაში პარტია ჩართულია და ამაზე NDI-ის და IRI-ის ტრენინგებს გავდიოდით პარტიები მათივე დაფინანსებით, თუ როგორ უნდა მოახდინო ამომრჩევლის მობილიზება, ამომარჩეველთან კომუნიკაცია, არჩევნების დღეს როგორ უნდა იმოქმედო, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა გააკეთო, როგორ უნდა შექმნა ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მხარდამჭერების მოყვანას და ა.შ. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რასაც იყენებს ყველა პოლიტიკური პარტია. ეს სპეკულაციები მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ერთადერთი ხავსი ჰქონდათ და ის ხავსიც აღარ დარჩათ. „ქართულ ოცნებას“ პარტიის 50 000-ზე მეტი წევრი ჰყავს, გარდა ამისა, გვყავს ზონის უფროსები კონკრეტულ უბნებში და რაიონებში, გვყავს უბნის უფროსები, გვყავს ე.წ. აგიტატორები – ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამომრჩეველთან, ყოველდღიური შეხება აქვთ, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა პროექტები ხორციელდება. გყოფნით ეს? საკმარისია? გვყავს ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანების მობილიზებას, რათა მოვიდნენ და ხმა მისცენ მათ მიერ მხარდაჭერილ პარტიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, თუ საიდან გადაუხადეს ანაზღაურება არჩევნებში ჩართულ პირებს, კახა კალაძე პასუხობს, რომ აღნიშნული ფინანსები დეკლარირდება.

„რაც შეეხება პარტიის წევრების ხელფასებს, ეს ყველაფერი დეკლარირდება და შესაბამის უწყებებს, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, წარუდგენს „ქართული ოცნებაც“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?-კახა კალაძე

„ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ბრალდებების საპასუხოდ.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და ამის შესაბამისი დასკვნებიც არსებობს.

„ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენონ. რეალურად არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეუთო/ოდირმა შესაბამისი განცხადებები გააკეთა, გამოაქვეყნეს შუალედური დასკვნებიც და საბოლოო შეფასებაც. ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის დაბარებას, რომელიც აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს, კახა კალაძის თქმით, ეს არის სპეკულაციების ნაწილი.

„ჩვეულებრივ სპეკულაციებს და სიცრუეს აქვს ადგილი. ხომ ამბობენ არჩევნები გაყალბდაო, ბრიფინგებს უძღვნიდნენ ამ თემას. ცესკო-მ ხომ მიმართა პროკურატურას და გამოძიება იწყება, რათა ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცეს. ახლა კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ხალხის მოღალატეები”- სოხუმში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილება ადამიანებმა საპროტესტო წარწერებით გამოხატეს. წარწერები გამოჩნდა სოხუმის სანაპიროზე, ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან.

წარწერებს შორისაა „ხალხის მოღალატეები“.

წითელი საღებავი შეასხეს სანაპიროზე მუჰაჯირების ძეგლსაც.

აქცია, სავარაუდოდ, უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული კომპანიებისთვის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. ოპოზიციისა და საზოგადოების ზოგი წარმომადგენელი შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

მოსკოვში ხელმოწერილ დოკუმენტს დე ფაქტო პარლამენტის რატიფიცირება ესაჭიროება. ოპოზიცია შეთანხმების წინააღმდეგობისკენ მოწოდებებით გამოდის.

ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა -რატი იონათამიშვილი

ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა. მთელი მათი პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და საკუთარ ამომრჩეველთან თავის მართლება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „როგორც ჩანს, სიცრუისა და ტყუილისკენ არის მიმართული დავალება, რაც მათ მიიღეს“.

„მათთვისაც უკეთესი იქნებოდა, ამომრჩეველს სიმართლეს ეუბნებოდნენ, მაგრამ ამის არც უნარი აქვთ, არც რესურსი. როგორც ჩანს, სიცრუისა და ტყუილისკენ არის მიმართული დავალება, რაც მათ მიიღეს. მოვისმინეთ ობიექტური დამკვირვებლების, მათ შორის, საერთაშორისო შემფასებლების არაეთი განცხადება, რომ საქართველოში არჩევნები ბევრად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში. ფაქტი როდესაც არ გაქვს, ჭორაობას მიმართავ. ჭორიკანა ოპოზიცია საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.