Home Blog Page 37

“როგორი შეწყდება რუსეთ-უკრაინის ომი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს” -რა წერს უცხოური პრესა

არაბთა გაერთიანებული საემიროების გაზეთ „ალ ხალიჯი“ (Al Khaleej // الخليج) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „როგორი შეწყდება რუსეთ-უკრაინის ომი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს“ (ავტორი – სალაჰ ალ-გული), რომელშიც გადმოცემულია მომავალი სცენარი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ და პრობლემების მოგვარების ამერიკული გეგმა (დონბასისა და ყირიმის სავარაუდო სტატუსის ჩათვლით).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორი ცვლილებები მოხდება უკრაინის ფრონტზე და უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო პოლიტიკაში, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, 5 ნოემბერს, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს? ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, აუცილებელია მიმდინარე სიტუაციის მოკლე მიმოხილვა და დასკვნის გაკეთება.
რა ხდება დღეს უკრაინის ფრონტზებზე? მთავარ, აღმოსავლეთისა (დონბასი) და დამხმარე – სამხრეთისა (ზაპოროჟიე-ხერსონი) და ჩრდილოეთის (ხარკოვი-კურსკი) ფრონტებზე ამჟამად ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობს, განსაკუთრებით დონბასში. რუსეთის არმია წინ მიიწევს, უკრაინელები უკან იხევენ და ქალაქებს ტოვებენ. მხარეები ერთმანეთს ურტყამენ დრონებითა და რაკეტებით, რუსებს უპირატესობა აქვთ ავიაციაში, რომლის მეშვეობით შორი მანძილიდან უკრაინის არმიის პოზიციები და ფრონტისპირა ქალაქები იბომბება პლანერული (ე.წ. „მფრინავი“) ბომბებით. რაც შეეხება რუსეთის კურსკის ოლქში აგვისტოში შეჭრილი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებს, ისინი დღეისათვის არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. კიევი, ალბათ, ფიქრობს მათ გაყვანას, მაგრამ აჭიანურებს და მოვლენების განვითარებას აკვირდება, რაღაც მნიშვნელოვანს ელოდება – განსაკუთრებით აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.

როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში ნაწილობრივ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ადანაშაულებს. დონალდ ტრამპი დადებითად უყურებს რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს და აღნიშნავს, რომ იგი ძლიერი ხელმძღვანელია, რომელიც, ბუნებრივია, თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის მტკიცებით, უკრაინის ომი არ დაიწყებოდა, იგი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო 2020 წლის არჩევნების შედეგადაც. რესპუბლიკელი კანდიდატი აცხადებს, რომ თუ იგი ამჟამინდელ არჩევნებში გაიმარჯვებს, ომს სწრაფად დაასრულებს: მისი თქმით, ომი ამერიკის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს (უკრაინისათვის გაწეული დახმარება – 84 მილიარდი დოლარი რომ უშუალოდ აშშ-ის ეკონომიკას მოხმარებოდა, უკეთესი იქნებოდა) და ძირს უთხრის აშშ-ის ლიდერობას, რომელსაც ძლიერი მეტოქე ჰყავს ჩინეთის სახით.
მოკლედ, დონალდ ტრამპს აქვს გარკვეული საიდუმლო გეგმა „უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე“, რომლის თანახმად (გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით), პირველი ნაბიჯი იქნება ცეცხლის შეწყვეტა მხარეთა მიერ, მეორე – სამშვიდობო მოლაპარაკების დაუყონებლივი დაწყება (დონალდ ტრამპი ზეწოლას მოახდენს ვლადიმერ ზელენსკიზე და ვლადიმერ პუტინზე), მესამე – ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა (ტყვეების გაცვლის დასრულება, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფრონტისპირა რეგიონებში) და ბოლოს, ყველა სადაო პრობლემის განხილვის დაწყება.

დონალდ ტრამპთან დაკავშირებული წყაროების თქმით, გეგმის თანახმად, უკრაინა აღიარებს რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმზე. გარდა ამისა, გეგმის მიხედვით, დონალდ ტრამპი საჯაროდ გამოაცხადებს პოლიტიკურ გარიგებას დონბასის სტატუსის შესახებ, რომელიც ასეთი სახით გამოიყურება: რუსეთი თავის ჯარებს უკან ახევინებს უკრაინის იმ საზღვრებზე, რომელიც 2022 წლის 22 თებერვლამდე არსებობდა; მოსკოვი განაცხადებს, რომ კრემლი პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და აუქმებს ბრძანებულებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში მიღების თაობაზე. თავის მხრივ, უკრაინა „ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებს“ უზრუნველყოფს ფართო ავტონომიით, ვთქვათ, ფედერალური რეგიონის სტატუსით, ან ისეთით, როგორიც აქვს ერაყში ქურთისტანს; რაც შეეხება ამერიკის ნაბიჯებს: ვაშინგტონი გამოაცხადებს, რომ აუქმებს ყველა გამოცხადებულ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, დაიწყებს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის მოგვარებას. აშშ აღიარებს რუსეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს უკრაინის მიმართ, კერძოდ, იღებს ვალდებულებას, რომ უკრაინა ნატოს წევრად არ იქნება მიღებული.

რასაკვირველია, „უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა“, რომელიც განხორციელებული იქნება დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პროუკრაინულ კოალიციაში განხეთქილებას გამოიწვევს, ასევე გაიზრდება აშშ-ჩინეთის დაპირისპირების ესკალაციის ალბათობა, თუმცა ეს უკვე სამომავლო პრობლემას წარმოადგენს და მას ცალკე განხილვა დაჭირდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საია განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

“სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.

არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და „შულავერის კომიტეტს“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან -გიორგი მარგველაშვილი

არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და სანამ შულავერის კომიტეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან და ისევ დამოუკიდებელ საქართველოს არ დავაბრუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აქციაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იქნება მტკიცე ბრძოლა, რადგან უკვე აღარ არის კომპრომისის შესაძლებლობა.

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ თითოეული ჩვენგანი, ითხოვს პოლიტიკური სპექტრი. გვერდში გვიდგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დღეს თითოეული თქვენგანი აქ დგას საკუთარი თავის გულისთვის, საკუთარი ოჯახისთვის, სამშობლოსთვის, რომლის დათმობაც, იმ ჯგუფისთვის, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, მაგრამ რეალურად არის შულავერის კომიტეტი, იქნება უარის თქმა ყველაფერზე, იმაზე, რაც ჩვენ ვართ, ჩვენს იდენტობაზე, ჩვენს წარსულზე, ჩვენს მომავალზე, ეს რომ დავთმოთ, ვეღარასდროს ვეღარ ვიქნებით წელში გასწორებულები. ჩვენ ვიქნებით მომაკვდავი და სისხლში ჩახშობილი, პუტინის იმპერიის მსახურები. შეგვიძლია ჩვენ ასე ცხოვრება? არა, ნამდვილად არ შეგვიძლია. ეს ბრძოლა არის უალტერნატივო. ეს ბრძოლა არის მხოლოდ ისეთი ბრძოლა, რომელიც დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. ეს ბრძოლა იქნება გრძელი და დამქანცავი, ამ ბრძოლას ექნება „პიკები“ და იქნება ჩავარდნები, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვება შეგვიძლია, ჩვენს უკან აღარ არის შესაძლებლობა კომპრომისის, ამიტომ ჩვენ ვიდგებით აქ ძალიან მტკიცედ.

მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი, ნელ-ნელა, თითოეული ჩვენგანი ვიპოვით ჩვენს თავს, ვიპოვით ფორმას, რომლითაც გამოვხატავთ ჩვენი სამშობლოსთვის სიყვარულს და ერთგულებას. ვიპოვით ჩვენს გზას ამ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნება ჰქვია. ჩვენ ამ ბრძოლაში, ბუნებრივია, წინ წაგვიძღვებიან ჩვენი პოლიტიკოსები და მოდით, პირველ რიგში, გავიაზროთ, რამხელა გზა გაიარეს მათ ამ ერთ კვირის განმავლობაში. ჩამოყალიბდნენ ძლიერ, ორგანიზებულ სტრუქტურად, რომელიც იწყებს საქართველოში წინააღმდეგობას და იწყებს საქართველოში ახალ ეროვნულ მოძრაობას, საქართველოს სსრკ-ს ჩამოშლას და დამოუკიდებელი საქართველოს დაბრუნებას.

გავამხნეოთ ჩვენი ლიდერები, რომლებმაც მოიგეს არჩევნები თქვენთან ერთად. მოიგეს არჩევნები და არ დათმობენ ამ მოგებას იმიტომ, რომ ეს თითოეული თქვენგანის მოგებაა. ვთქვათ, რომ ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით მტკიცედ და არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და სანამ შულავერის კომიტეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან და ისევ დამოუკიდებელ საქართველოს არ დავაბრუნებთ. მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვიქნები ამ ბრძოლის თითოეულ დღეს და თითოეულ საათს, გამარჯვების დაბრუნებამდე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები, შეუპოვარი ბრძოლა -თინა ბოკუჩავა

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის გეგმა კარგად გამოჩნდა დღეს. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი იმისთვის იხდიდა წინასაარჩევნოდ ბოდიშს, რომ საქართველოს რუკიდან ოკუპირებული ტერიტორიები გაექრო.

„26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ მოგვპარა არჩევნების უფლება, ევროპული მომავალი, არა მხოლოდ ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია, არამედ დაიჯერა, რომ ქართველი ხალხი ამ ქურდობას შეეგუება. ჩვენი შვილები აუცილებლად გაიზრდებიან ევროპულ საქართველოში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას მივაღწიოთ! ეს გვაერთიანებს დღეს და ამ სიმართლით, ამ შეუპოვრობით, ამ ბრძოლით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ძალიან მეამაყება და ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, საზოგადოება დაეყო და ადამიანები ერთმანეთთან დაეპირისპირებინა, ჩვენ დღეს ვდგავართ ერთად, მათ შორის, ერთად დგას ქართული ოპოზიცია, რომლებსაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ და რომლებიც აირჩიეთ იმისთვის, რომ მართონ ეს ქვეყანა და გაიყვანონ ევროპულ სამშვიდობოს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ის გამარჯვება დავიბრუნოთ, რომელსაც ივანიშვილი გვპარავს.

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის. დღეს ვნახეთ, რა გეგმა აქვს ივანიშვილს, ეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად გამოჩნდა – მოღალატე პაპუაშვილის მიერ ნაჩვენებ საქართველოს რუკაზე, სადაც ოკუპირებული რეგიონები უკვე გამქრალია. ამისთვის იხდიდნენ წინასაარჩევნოდ ბოდიშს, ამასთან შეგუებას ცდილობდნენ ქართველი ხალხის, მაგრამ არ დავთმობთ არც ჩვენს ტერიტორიებს, არც ჩვენს გამარჯვებას, არც ჩვენს ევროპულ მომავალს და ამ ბრძოლაში ჩვენ არ დავიღლებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციის მიმართ გამოთქმული ბრალდებების და დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. მან მისიის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციაც გააცნო.

“26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ეცნობა იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ორგანიზაციებს დაკვირვების შედეგად აქვთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. დღევანდელ შეხვედრაზე მისიის წარმომადგენლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, ასევე ვრცლად ვისაუბრეთ ბრალდებებისა და დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია ადმინისტრაციის აქტივობებს და საქმიანობას დადებითად აფასებს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას.

თავის მხრივ, „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოს ხელმძღვანელ პირებს არჩევნების ანგარიშის წინასწარი მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. აღნიშნულ ანგარიშში ადმინისტრაციის საქმიანობა და აქტივობები დადებითად არის შეფასებული. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის და ინფორმაციის კოორდინირებულად გაცვლისთვის.

„არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მისიებით აკვირდებოდა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) მისიის ხელმძღვანელი ზლატკო ვუოვიჩი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტინა კოსტალაჩი, საარჩევნო ადმინისტრაციის ანალიტიკოსი ბეატრიქს ბუნექამპი და იურიდიული ექსპერტი მარიამ ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საერთაშორისო და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

ისე, ასეთი საქართველოს „რუკა“, თქვენი დიდი ბელადის ედიკას და თქვენი „ვივამედის“ ბალთაზარს კოსას დამსახურებაა -გიორგი გამსახურდია

ისე, ასეთი საქართველოს „რუკა“, თქვენი დიდი ბელადის ედიკას და თქვენი „ვივამედის“ ბალთაზარს კოსას დამსახურებაა. დროებით რა თქმა უნდა! მავნებლებო და აფერისტებო თქვენა, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი.

„მოკლედ, ამ იაფფასიანი ფეიკების იმედზე ხართ ჯიგრებო? რა ხდება? აქციებს ვერ აორგანიზებთ, დონორებმა დაგიკიდეს და ამ სისულელეების იმედზე ხართ? ამოიღეთ კარგად კადრები და ნახეთ. ისე, ასეთი საქართველოს „რუკა“, თქვენი დიდი ბელადის ედიკას და თქვენი „ვივამედის“ ბალთაზარს კოსას დამსახურებაა. დროებით რა თქმა უნდა! მავნებლებო და აფერისტებო თქვენა!“ – წერს გამსახურდია.

https://www.facebook.com/uvais.abdulkhalimov/posts/pfbid0AuMTiVYUrnW2TT4QWHjtmsgJj6swoBzpj9LP4QAksp5TxkMYSQiDmFFXrnSuzhAtl

ორგანიზაცია „მითების დეტექტორი“ – საქართველოს რუკასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება

საქართველოს რუკასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება, – ამ სათაურით ორგანიზაცია „მითების დეტექტორი“ აქვეყნებს მასალას.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 ნოემბერს სოციალურ ქსელში, მათ შორის, მედიების ფეისბუქგვერდებზე ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიფინგზე, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაზე საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას თან ახლდა ფოტოები, რომლებზეც ოკუპირებული ტერიტორიები არ შეიმჩნევა.

„მითების დეტექტორის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით: „შეცდომაში შემყვანია ინფორმაცია, თითქოს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელზეც საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა გამოსახული. პარტიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ იმავე პრეზენტაციაში ჩანს, რომ მასში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიცაა გამოსახული, თუმცა ისინი ნაცრისფრადაა აღნიშნული, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნები არ ჩატარებულა. ასევე, მედიაში გავრცელებული მასალებიდანაც ჩანს, რომ გარკვეული რაკურსით გადაღების შემთხვევაში რუკაზე აღნიშნული ტერიტორიების კონტურებიც ჩანს“.

„4 ნოემბერს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა. მან არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც პაპუაშვილი საარჩევნო დეზინფორმაციის შესახებ საუბრობს, ეკრანზე აჩვენებს სლაიდს, რომელზეც საქართველოს რუკა ჩანს. რუკასთან ერთად, დატანილია ინფორმაცია „ქართული ოცნების“ დელეგატებისა და მათი აქტივობის შესახებ. მისი თქმით, არჩევნებსა და გარკვეულ რეგიონში „ქართული ოცნების“ მაღალ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს. სინამდვილეში კი, მან არჩევნებში პარტიის დიდი რაოდენობით ხმების მოპოვება დელეგატების აქტიურობას დაუკავშირა.

შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ჩართული პირდაპირი ეთერის ყურებისას რუკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები შეუმჩნეველია და მათ მაგივრად თეთრი ფონია. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ პრეზენტაციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ღია ფერით იყო აღნიშნული, რაც „კამერებში კარგად არ გამოჩნდა“.

ონლაინგამოცემა „პუბლიკამ“ პაპუაშვილის ბრიფინგიდან ფოტოები გაავრცელა, რომელზეც შეიმჩნევა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ნაცრისფრადაა აღნიშნული და ისინი თეთრ ფონზე რთულად გაირჩევა. მედიის ცნობით, ზოგიერთი რაკურსიდან პრეზენტაციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც არ შეიმჩნევა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა „მითების დეტექტორს“ მიაწოდა პრეზენტაცია, რომელიც შალვა პაპუაშვილმა 4 ნოემბრის ბრიფინგზე წარადგინა. პრეზენტაციაზე ჩანს, რომ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, თუმცა დანარჩენი ტერიტორისგან განსხვავებულად, ნაცრისფრადაა მონიშნული.

პრეზენტაციის მომდევნო გვერდზე პაპუაშვილმა აჩვენა, რომ ოპოზიციას საქართველოს მასშტაბით დელეგატები არ ჰყოლია, თუმცა არაერთი ვიზიტი ჰქონდათ ევროპასა და აშშ-ში. აღსანიშნავია, რომ მომდევნო გვერდზე საქართველოს რუკა სრულად ნაცრისფერი იყო. მისი წარდგენისას, ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, ის კადრებში არ ჩანდა და მის მაგივრად მხოლოდ თეთრი ფონი იყო. 

აღნიშნულ ინფორმაციას თავად შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, პრეზენტაციაზე ოკუპირებული ტერიტორიები განსხვავებული ფერით გამოსახეს, რადგან იქ არჩევნები ვერ ტარდება, შესაბამისად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუხი ფერითაა გამოსახული. ლურჯად კი ის ტერიტორიაა აღნიშნული, სადაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და „ქართულ ოცნებას“ დელეგატები ჰყავდა“, – ნათქვამია ორგანიზაცია „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს თუ უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან -ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველოს თუ უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის. არჩევნების შემდგომი ვითარება ისევ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი გაფართოების ანგარიში ამ გზას აჩვენებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

 თეთრიწყაროს სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია-საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ საიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობა ბიულეტენების გამოთხოვაზე და დადასტურდა ის, რაც ამ საქმისთვის არსებითია”, – წერს ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“.

თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის ფარულობის საკითხზე საიას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

საიას ინფორმაციით, მიმდინარე პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საიას შუამდგომლობის საფუძველზე გამოითხოვა შემთხვევითი შერჩევით წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში შემავალი 3-3 უბნის ბიულეტენები, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალია.

„მოსამართლემ, ასევე, მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია”, – ნათქვამია საიას ინფორმაციაში.

“დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი”-მიხეილ სააკაშვილი

მზადდება საქართველოს დიდი ეთნიკური წმენდა. კიდევ მილიონამდე ადამიანის იძულება დატოვონ ქვეყანა. ჩვენ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ მოთმინებაზე მეტად გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა უკვე დე-ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი ეხმაურება დღეს, ოპოზიციის მიერ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად იმართება.
„დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობა.
26 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის შიგნით და გარეთაც ჩართულმა საზოგადოებამ სრულად ჩააბარა გამოცდა, აჩვენა თვითორგანიზების სასწაულები. ახლა, ხალხი ძალიან გაბრაზებულია, გადაიზრდება თუ არა ეს გაბრაზება მძლავრ საპროტესტო მოძრაობაში, დამოკიდებულია პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის ლიდერობაზე და თანმიმდევრულობაზე.
ყველა, მსოფლიოში, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს, ერთის მხრივ, გაოგნებულია არჩევნების მოპარვის თავხედურობით, მეორეს მხრივ, ელოდება იმას აღმოაჩნდება, თუ არა ქართველ ხალხს წინააღმდეგობის უნარი. ჩვენდამი მხარდაჭერა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
მთლიანობაში ეს სწორედ ის შემთხვევაა როცა ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენს ხელთაა.
ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ არა მხოლოდ არჩევნები მოიპარეს, არამედ საქართველოში დამყარდა დიქტატურა, რომელიც ახლა გაყურსული ელოდება იმას, რომ ქართველებმა შეირგონ “ახალი რეალობა” და შემდეგ აპირებს საბოლოოდ მოამთავროს დარჩენილი თავისუფლებები და განახორციელოს მასობრივი რეპრესიები. ასევე მზადდება საქართველოს დიდი ეთნიკური წმენდა. კიდევ მილიონამდე ადამიანის იძულება დატოვონ ქვეყანა.
ჩვენ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ მოთმინებაზე მეტად გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა უკვე დე-ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი.
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ შევძლებთ და შემდეგ იმდენი რამდენიც საჭირო გახდება!“- წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ფაქტჩეკერმა ამხილა გოგლა ჟვანიასა და მერაბ მეტრეველის მიერ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია

ფაქტჩეკერმა გოგლა ჟვანია და მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ამხილა.

ირკვევა, რომ მათ ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციები გაავრცელეს.

ფაქტების შემმოწმებელი პლატფორმის „ჯეოფაქტის” ინფორმაციით, ჟვანიას მიერ გავრცელებულ ქარდზე, რომელიც მეტრეველმაც გააზიარა, აღებულია საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, გამოკლებულია არასრულწლოვანი მოსახლეობა და მიღებული მაჩვენებელი შედარებულია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან. ამით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ცესკოს მონაცემები ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ გადაჭარბებულია და სინამდვილეში, ეს რიცხვი გაცილებით ნაკლები უნდა იყოს.

„ჯეოფაქტის“ განმარტებით, ამომრჩეველთა ერთიანი სია და მოსახლეობის რაოდენობა – ორი სხვადასხვა მონაცემია. „საქსტატის მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის შესახებ, ასახავს მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას. ამომრჩეველთა სია კი აერთიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს“, – ვკითხულობთ განმარტებაში, რომლის საფუძველზე, „მეტამ“ ჟვანიას და მეტრეველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მანიპულაციური უწოდა.

ბათუმში, ლიფტის ავარიულად დაშვების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კლინიკაში გადაჰყავს.

ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ასევე, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

თვითმხილველების თქმით, ლიფტი ახალაშენებულ კორპუსში მეხუთე სართულიდან ჩავარდა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები არიან. ისინი სხვა დეტალებზე კომენტარს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ.