Home Blog Page 36

საქართველო იმსახურებს, პროფესიონალმა არასამთავრობოებმა კრიტიკულად შეაფასონ ყველა სფერო, მაგრამ კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს ვითარების გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას-გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა უნდა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო, თუმცა კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს ვითარების გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას.

ვოლსკის თქმით, საზოგადოებას სჭირდება კრიტიკული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორედ ზედამხედველის როლს შეასრულებენ.

„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს გარკვეულწილად „აუთსორსია“, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის, რადგან სწორი დასკვნები გააკეთოს კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით და სხვა ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეხება. ამაში არაფერი უცხო არ არის. უცხოეთში ყველა არასამათავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს, მთავრობებისგანაა დაფინანსებული. საქართველო იმსახურებს, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო – კორუფციიდან დაწყებული, განათლების თემებით დამთავრებული, საპარლამენტო, სამთავრობო საქმიანობა, მაგრამ ეს კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს მდგომარეობის გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ქვეყანაში არ ბნელა. მედია არ არის დამორჩილებული. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გახსნას ნებისმიერი მედია და გაანალიზოს, კრიტიკულად შეაფასოს საქართველოში ნებისმიერი პროცესი. საზოგადოებაც არ არის ის საზოგადოება, რომელსაც ადვილად მოატყუებ. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა სწორედაც კრიტიკული უნდა იყოს და შენ კრიტიკულს ქირაობ, რათა სწორი გზა მიგითითოს, დაგეხმაროს და სახელმწიფო სტრუქტურების ხარისხიანობაზე ხარისხიანად იმსჯელოს, არა რევოლუცია მოაწყოს მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს და მსოფლიო გახვეულია ცეცხლის ალში. ამ ინიციატივაში ყველა არასამთავრობოზეა საუბარი, დარეგისტრირდება თუ არ დარეგისტრირდება. წინასწარი გათვლებით, 200 მილიონამდე არის აუცილებელი პირველ ეტაპზე და შემდეგ უნდა გაიზარდოს სახსრები, ვინაიდან საზოგადოებას მართლაც სჭირდება კრიტიკული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორედაც ზედამხედველის როლს შეასრულებენ და არ იქნებიან პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება შეკითხვას ოპოზიციის განცხადებებზე, რომ მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული ინიციატივით არასამთავრობოების მოსყიდვას ცდილობს, ვოლსკის განმარტებით, საქართველო, მისი ხელისუფლება და საზოგადოება ასეთ შეფასებას, ამგვარ საფრთხეებზე საუბარს არ იმსახურებს.

„ჩვენი საზოგადოება საკმაოდ განვითარებულია და არცერთი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებას არ ჩამორჩება არც ინტელექტით, არც ცოდნით და თუნდაც კრიტიკულობით. დააშავებ, აღარ აგირჩევს და ეგ იქნება, რეალობა ესაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

AD BLACK SEA 2024-ის დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა

თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2024 გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგითა და შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო და ლოკალური სპიკერების სემინარებსა და ვორკშოპებს, გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროში წამყვანი პროფესიონალები.

AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, მთავარ სცენაზე ნომინაციას Young Creative წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას გამოავლენს.

გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მერვე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს – https://adblacksea.com/

(R)

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიაში თანამშრომლების მიმართ მუქარასა და ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგი ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გამართა.

როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის ღია და საჯარო ჩართული მხარეებისთვის. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მაინც ხდება უსაფუძვლო ბრალდებების და ზეწოლის ობიექტი.

„საუბარია ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ჩვენს კოლეგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ზეწოლა განახორციელა და შეეცადა რეალური ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენას მედიის თანდასწრებით. აღნიშნული პროვოკაციული ინციდენტი გუშინ საქალაქო სასამართლოში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე დაიწყო და შემდგომ ეზოში გაგრძელდა.

გვინდა მოვუწოდოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ მომხდარი პროვოკაციული ქმედებით და არ დატოვონ რეაგირების გარეშე აღნიშნული ინციდენტი, ვინაიდან ამ ტიპის ქმედებები აზიანებს საარჩევნო გარემოს. როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს  სიძულვილის ენის გამოყენება, ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორების მიმართ პირადი თავდასხმები, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის არჩევნების მთლიანობას.

გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საარჩევნო ადმინისტრაციამ სახალხო დამცველთან ერთად გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ჩართულ მხარეებს გამოიჩინონ მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. შესაბამისად, ყველა მსგავსი შემთხვევისას, მნიშვნელოვანია  სათანადო რეაგირება მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციის თვალსაზრისით. ამასთანავე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც სახალხო დამცველის, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას.

ჩვენი მხრივ, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული თანამშრომლის ღირსებას და გამოიყენებს ყველა ზომას, რომ აღკვეთოს საქალაქო სასამართლოში მომხდარი პროვოკაციული ინციდენტის მსგავსი ფაქტები. ამასთან ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს თავის საქმიანობას მხოლოდ კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების არჩევნების ჩატარებას“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

“ოცნება” კორუფციას აკანონებს – ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა-ბექა ლილუაშვილი

„ოცნება“ კორუფციას აკანონებს, ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა – ამ კანონის გადავადებით „ ქართული ოცნება“ ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას აფერხებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების, ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება და გაჭიანურდება.

„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კი არა, ძალაუფლების გახანგრძლივება და კორუფციით გამდიდრებაა.

„ოცნებამ“ გადაავადა საჯარო შესყიდვების შესახებ კანონის ამოქმედება, რომელსაც ქვეყანაში უნდა დაერეგულირებინა ყოველწლიურად 10 მლრდ. ლარზე მეტის სახელმწიფო შესყიდვების პროცესი, რომელიც დღეს კორუფციული გარიგებების მთავარ „ბუდედ“ არის ქცეული.

2023 წელს მიღებული კანონის მთავარი მიზანი, სახელმწიფო შესყიდვების რეგულირებისა და კორუფციული რისკების შემცირება იყო, რამაც, როგორც ჩანს, სერიოზული საფრთხე შეუქმნა „ოცნების“ ჩინოვნიკებს, „დაელაგებინათ“ მათთან დაახლოებულ ბიზნესებთან კორუფციული გარიგებები და გაეგრძელებინათ ხალხის ფულით გამდიდრება.

ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების და ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება, გაჭიანურდება და დარჩება ადგილობრივი ფეოდალების და პრივილეგირებული ოჯახების კორუფციულად გამდიდრების მთავარ წყაროდ.

„ოცნება“ იბრძვის არა კორუფციის წინააღმდეგ, არამედ კორუფციისთვის! ეს ნათლად ჩანს! წლების განმავლობაში, ჩვენს ინიციატივებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნაზე, მუნიციპალიტეტებში ანტიკორუფციული კომისიების შექმნაზე, კორუფციასთან ბრძოლის სხვა მეთოდების ამოქმედებაზე – „ოცნება“ მუდმივად უარს ეუბნებოდა!

ახლა კი, ამ კანონის გადავადებით, „ოცნება“ ახალისებს კორუფციას და აფერხებს ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას. ეს, ასევე, კარგად აჩვენებს იმ პროპაგანდის სიყალბეს, რომლითაც „ოცნება“ ამომრჩეველს ატყუებს, რომ მას სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

მატყუარა „ოცნება“ უნდა დასრულდეს და ამისთვის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოვუწოდებთ, მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს იმ პარტიას, რომელსაც არ ჰყავს არც კორუფციონერი ოლიგარქები, არც საერთაშორისო დამნაშავეები და თაღლითები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 10-11 სექტემბერს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +34 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 „ნაცურ-აგენტურული“ ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა – მამუკა მდინარაძე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება!

P. S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები

მაგალითად,

NED – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა

GIZ – აფინანსებს გერმანიის მთავრობა

USAID – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა

UNDP – აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

EED – აფინანსებს ევროკავშირი

NDI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი

IRI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი…

ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა!“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.

საგრანტო ფონდის შექმა არასამთავრობო სექტორის მოსყიდვაა – ნიკა გვარამია

სულ რომ შუაზე გასკდეს „ქართული ოცნება“, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს 26 ოქტომბერს, – ასე გამოეხმაურა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მთავრობის ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ.

გვარამიას თქმით, ეს სრული აბსურდი და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვაა.

„ეს არის სრული აბსურდი, მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების. უფრო ხისტად ვიტყვი, სულ რომ შუაზე გასკდეს “ქართული ოცნება”, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, მათ შორის, მათთვის ჩვეული მოსყიდვის შეთავაზებები, ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს 26 ოქტომბერს. საქართველო განვითარდება სწორი, ევროპული და დემოკრატიული მიმართულებით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.

ახალი სატრანსპორტო კვანძი, ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს – გიორგი ტყემალაძე 

მიხეილ თამარაშვილის გამზირის და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასრულებული პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერეს.

ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. დამონტაჟდა ახალი გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყო და ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი დაიგო. სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, რომელთა საშუალებითაც სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა რეგულირდება. ამ დროისთვის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კვანძის მოწყობით ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება.

„დღეს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა. ეს ჩვენი ქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გაამარტივებს და უსაფრთხოს გახდის როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას. ამ ადგილზე ხშირი იყო შეფერხება და საცობები. აღნიშნული პროექტი კი, ახალი დაგეგმარებით, ტროტუარებით, შუქნიშნებით მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მათივე განმარტებით, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილეებმა, ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლებმა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა – პრემიერი

ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას არ ქონია ომი

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დასდევს გარე განცხადებებს, ჩვენ არ დავსდევთ არც ერთ განცხადებას, არც ამერიკულს, არც რუსულს, ჩვენ დავსდევთ იმას, თუ რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. მინდა, შეგახსენოთ შედეგები რა არის – შედეგი არის ის, რომ ჩვენ 12 წლისა და მათ შორის ბოლო 4 წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყნისთვის უწყვეტი მშვიდობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას არ ქონია ომი. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური შედეგები. ამ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, მაგალითად მოლდოვას ამ წლების განმავლობაში გავასწარით დაახლოებით 9 მილიარდ დოლარით, ანუ საქართველოსა და მოლდოვას შორის სხვაობა გაზიარდა 9 მილიარდი დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსა და მოლდოვას ბიუჯეტს შორის სხვაობა გაზიარდა 2 მილიარდ დოლარზე მეტით, მხოლოდ ამ რამდენიმე 3-4 წლის განმავლობაში – ეს არის ეკონომიკური მხარე. ეკონომიკა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც თანდათანობით უმჯობესდება, ეს მოაქვს ღირსეულ პოლიტიკას, ღირსეული პოლიტიკის შედეგია მშვიდობის შენარჩუნება და უწყვეტ მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური წინსვლა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები და თქვენ დასდევთ ხან რუსულ, ხან ამერიკულ, ხან ევროპულ განცხადებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლამდე, როცა ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა მაშინ სიღარიბის ზღვარს მიღმა და მაშინ ცაში აყავდათ მათ შორის ამერიკელებს და ევროპელებს „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი. ჩვენ არ დავსდევთ ასეთ განცხადებებს, ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყნის, ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს, ეს განცხადება ხან იქნება სამართლიანი, ხან უსამართლო, ეს არ არის საინტერესო, საინტერესოა, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვერავითარი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ  – პრემიერი

ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არავითარი სანქციების და შანტაჟის ფონზეც არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთ სცენარის განვითარებას, რომელიც სამწუხაროდ განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – უკრაინაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვერავითარი შანტაჟი და სანქცია ბიძინა ივანიშვილს არ და ვერ აიძულებს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ.

ჯეიმს ო ბრაიენის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომლის თანახმად, აშშ-ს არ აქვს არანაირი ინფორმაცია ივანიშვილის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებზე, პრემიერმა უპასუხა, რომ გაუგებარია, რატომ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას ასეთ საფრთხეებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

„ყველამ იცის, რომ საფრთხეები არსებობს. აშშ-ის ხელისუფლებას გაუჭირდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ საფრთხეებზე და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეებზე როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? ეს კითხვა-პასუხი აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ინფორმაციის მოძიება უნდოდათ, პირველ რიგში საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის მიმართ არსებულ საფრთხეებზე უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია და ასეთ პირობებში მათ რა თქმა უნდა, ვერ ექნებათ იმის ამბიცია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები დაიცვან ასეთი ტიპის საფრთხეებისგან. ამერიკულმა დაზვერვამ ვერ მოახერხა ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეების იდენტიფიცირება როგორ უნდა მოეხერხებინა. კინაღამ მოკლეს კაცი. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვსაუბრობთ აშშ-ზე, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ ომის პარტიაზე და ყველამ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქციის ქვეშ მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი ევროპაში. ეს სხვა არაფერია, თუ არა დე-ფაქტო სანქცია, რომელიც არის ამოქმედებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც ასეთი სანქციები და ვერც ისეთი სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს და აქ სასწორზე დგას მთავარი – მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არავითარი სანქციების და შანტაჟის ფონზეც არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთ სცენარის განვითარებას, რომელიც სამწუხაროდ განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – უკრაინაში. არავითარი შანტაჟი და სანქცია მას არ და ვერ აიძულებს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება – პრემიერი

ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება. რაც შეეხება ვალის პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს სრული პარამეტრი – 40%-ის ფარგლებში გაგრძელდება სესხის აღება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის მუშაობის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან კონკრეტული დაპირება, რომ 40%-ის ფარგლებში იქნება აღებული საგარეო სესხი და შესაბამისად, ამით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის არსებული პროექტები.

„ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება. რაც შეეხება ვალის პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს სრული პარამეტრი – 40%-ის ფარგლებში გაგრძელდება სესხის აღება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, ყველა პროექტიც განხორციელდება.

ეს არის ძალიან კონკრეტული დაპირება, რომ 40%-ის ფარგლებში იქნება აღებული საგარეო სესხი და შესაბამისად, ამით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის არსებული პროექტები“, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა ის, რომ საგარეო კრედიტებს პარტნიორები ისევ ჩვეულებრივ და იმავე ფასად მისცემენ ქვეყანას, კობახიძემ უპასუხა: „ყველაფერს გავაგრძელებთ – ყველა პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდება“.

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის გრძელვადიან განვითარებას.

ქცევის კოდექსი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა.   

დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებელია მიმდინარე წლის 9-11 სექტემბრის ჩათვლით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. დოკუმენტს ხელი 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიების ხელმძღვანელმა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა მოაწეროს.

ხელმოწერილი დოკუმენტი საჯაროდ12 სექტემბერს გამოქვეყნდება.