Home Blog Page 36

“ოცნება” კორუფციას აკანონებს – ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა-ბექა ლილუაშვილი

„ოცნება“ კორუფციას აკანონებს, ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა – ამ კანონის გადავადებით „ ქართული ოცნება“ ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას აფერხებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების, ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება და გაჭიანურდება.

„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კი არა, ძალაუფლების გახანგრძლივება და კორუფციით გამდიდრებაა.

„ოცნებამ“ გადაავადა საჯარო შესყიდვების შესახებ კანონის ამოქმედება, რომელსაც ქვეყანაში უნდა დაერეგულირებინა ყოველწლიურად 10 მლრდ. ლარზე მეტის სახელმწიფო შესყიდვების პროცესი, რომელიც დღეს კორუფციული გარიგებების მთავარ „ბუდედ“ არის ქცეული.

2023 წელს მიღებული კანონის მთავარი მიზანი, სახელმწიფო შესყიდვების რეგულირებისა და კორუფციული რისკების შემცირება იყო, რამაც, როგორც ჩანს, სერიოზული საფრთხე შეუქმნა „ოცნების“ ჩინოვნიკებს, „დაელაგებინათ“ მათთან დაახლოებულ ბიზნესებთან კორუფციული გარიგებები და გაეგრძელებინათ ხალხის ფულით გამდიდრება.

ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების და ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება, გაჭიანურდება და დარჩება ადგილობრივი ფეოდალების და პრივილეგირებული ოჯახების კორუფციულად გამდიდრების მთავარ წყაროდ.

„ოცნება“ იბრძვის არა კორუფციის წინააღმდეგ, არამედ კორუფციისთვის! ეს ნათლად ჩანს! წლების განმავლობაში, ჩვენს ინიციატივებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნაზე, მუნიციპალიტეტებში ანტიკორუფციული კომისიების შექმნაზე, კორუფციასთან ბრძოლის სხვა მეთოდების ამოქმედებაზე – „ოცნება“ მუდმივად უარს ეუბნებოდა!

ახლა კი, ამ კანონის გადავადებით, „ოცნება“ ახალისებს კორუფციას და აფერხებს ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას. ეს, ასევე, კარგად აჩვენებს იმ პროპაგანდის სიყალბეს, რომლითაც „ოცნება“ ამომრჩეველს ატყუებს, რომ მას სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

მატყუარა „ოცნება“ უნდა დასრულდეს და ამისთვის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოვუწოდებთ, მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს იმ პარტიას, რომელსაც არ ჰყავს არც კორუფციონერი ოლიგარქები, არც საერთაშორისო დამნაშავეები და თაღლითები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 10-11 სექტემბერს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +34 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 „ნაცურ-აგენტურული“ ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა – მამუკა მდინარაძე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება!

P. S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები

მაგალითად,

NED – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა

GIZ – აფინანსებს გერმანიის მთავრობა

USAID – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა

UNDP – აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

EED – აფინანსებს ევროკავშირი

NDI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი

IRI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი…

ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა!“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.

საგრანტო ფონდის შექმა არასამთავრობო სექტორის მოსყიდვაა – ნიკა გვარამია

სულ რომ შუაზე გასკდეს „ქართული ოცნება“, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს 26 ოქტომბერს, – ასე გამოეხმაურა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მთავრობის ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ.

გვარამიას თქმით, ეს სრული აბსურდი და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვაა.

„ეს არის სრული აბსურდი, მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების. უფრო ხისტად ვიტყვი, სულ რომ შუაზე გასკდეს “ქართული ოცნება”, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, მათ შორის, მათთვის ჩვეული მოსყიდვის შეთავაზებები, ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს 26 ოქტომბერს. საქართველო განვითარდება სწორი, ევროპული და დემოკრატიული მიმართულებით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.

ახალი სატრანსპორტო კვანძი, ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს – გიორგი ტყემალაძე 

მიხეილ თამარაშვილის გამზირის და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასრულებული პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერეს.

ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. დამონტაჟდა ახალი გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყო და ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი დაიგო. სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, რომელთა საშუალებითაც სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა რეგულირდება. ამ დროისთვის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კვანძის მოწყობით ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება.

„დღეს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა. ეს ჩვენი ქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გაამარტივებს და უსაფრთხოს გახდის როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას. ამ ადგილზე ხშირი იყო შეფერხება და საცობები. აღნიშნული პროექტი კი, ახალი დაგეგმარებით, ტროტუარებით, შუქნიშნებით მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მათივე განმარტებით, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილეებმა, ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლებმა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა – პრემიერი

ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას არ ქონია ომი

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დასდევს გარე განცხადებებს, ჩვენ არ დავსდევთ არც ერთ განცხადებას, არც ამერიკულს, არც რუსულს, ჩვენ დავსდევთ იმას, თუ რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. მინდა, შეგახსენოთ შედეგები რა არის – შედეგი არის ის, რომ ჩვენ 12 წლისა და მათ შორის ბოლო 4 წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყნისთვის უწყვეტი მშვიდობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას არ ქონია ომი. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური შედეგები. ამ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, მაგალითად მოლდოვას ამ წლების განმავლობაში გავასწარით დაახლოებით 9 მილიარდ დოლარით, ანუ საქართველოსა და მოლდოვას შორის სხვაობა გაზიარდა 9 მილიარდი დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსა და მოლდოვას ბიუჯეტს შორის სხვაობა გაზიარდა 2 მილიარდ დოლარზე მეტით, მხოლოდ ამ რამდენიმე 3-4 წლის განმავლობაში – ეს არის ეკონომიკური მხარე. ეკონომიკა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც თანდათანობით უმჯობესდება, ეს მოაქვს ღირსეულ პოლიტიკას, ღირსეული პოლიტიკის შედეგია მშვიდობის შენარჩუნება და უწყვეტ მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური წინსვლა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები და თქვენ დასდევთ ხან რუსულ, ხან ამერიკულ, ხან ევროპულ განცხადებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლამდე, როცა ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა მაშინ სიღარიბის ზღვარს მიღმა და მაშინ ცაში აყავდათ მათ შორის ამერიკელებს და ევროპელებს „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი. ჩვენ არ დავსდევთ ასეთ განცხადებებს, ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყნის, ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს, ეს განცხადება ხან იქნება სამართლიანი, ხან უსამართლო, ეს არ არის საინტერესო, საინტერესოა, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვერავითარი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ  – პრემიერი

ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არავითარი სანქციების და შანტაჟის ფონზეც არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთ სცენარის განვითარებას, რომელიც სამწუხაროდ განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – უკრაინაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვერავითარი შანტაჟი და სანქცია ბიძინა ივანიშვილს არ და ვერ აიძულებს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ.

ჯეიმს ო ბრაიენის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომლის თანახმად, აშშ-ს არ აქვს არანაირი ინფორმაცია ივანიშვილის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებზე, პრემიერმა უპასუხა, რომ გაუგებარია, რატომ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას ასეთ საფრთხეებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

„ყველამ იცის, რომ საფრთხეები არსებობს. აშშ-ის ხელისუფლებას გაუჭირდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ საფრთხეებზე და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეებზე როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? ეს კითხვა-პასუხი აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ინფორმაციის მოძიება უნდოდათ, პირველ რიგში საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის მიმართ არსებულ საფრთხეებზე უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია და ასეთ პირობებში მათ რა თქმა უნდა, ვერ ექნებათ იმის ამბიცია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები დაიცვან ასეთი ტიპის საფრთხეებისგან. ამერიკულმა დაზვერვამ ვერ მოახერხა ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეების იდენტიფიცირება როგორ უნდა მოეხერხებინა. კინაღამ მოკლეს კაცი. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვსაუბრობთ აშშ-ზე, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ ომის პარტიაზე და ყველამ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქციის ქვეშ მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი ევროპაში. ეს სხვა არაფერია, თუ არა დე-ფაქტო სანქცია, რომელიც არის ამოქმედებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც ასეთი სანქციები და ვერც ისეთი სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს და აქ სასწორზე დგას მთავარი – მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არავითარი სანქციების და შანტაჟის ფონზეც არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთ სცენარის განვითარებას, რომელიც სამწუხაროდ განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – უკრაინაში. არავითარი შანტაჟი და სანქცია მას არ და ვერ აიძულებს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება – პრემიერი

ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება. რაც შეეხება ვალის პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს სრული პარამეტრი – 40%-ის ფარგლებში გაგრძელდება სესხის აღება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის მუშაობის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან კონკრეტული დაპირება, რომ 40%-ის ფარგლებში იქნება აღებული საგარეო სესხი და შესაბამისად, ამით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის არსებული პროექტები.

„ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება. რაც შეეხება ვალის პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს სრული პარამეტრი – 40%-ის ფარგლებში გაგრძელდება სესხის აღება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, ყველა პროექტიც განხორციელდება.

ეს არის ძალიან კონკრეტული დაპირება, რომ 40%-ის ფარგლებში იქნება აღებული საგარეო სესხი და შესაბამისად, ამით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის არსებული პროექტები“, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა ის, რომ საგარეო კრედიტებს პარტნიორები ისევ ჩვეულებრივ და იმავე ფასად მისცემენ ქვეყანას, კობახიძემ უპასუხა: „ყველაფერს გავაგრძელებთ – ყველა პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდება“.

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის გრძელვადიან განვითარებას.

ქცევის კოდექსი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა.   

დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებელია მიმდინარე წლის 9-11 სექტემბრის ჩათვლით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. დოკუმენტს ხელი 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიების ხელმძღვანელმა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა მოაწეროს.

ხელმოწერილი დოკუმენტი საჯაროდ12 სექტემბერს გამოქვეყნდება.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნებთ საგრანტო პროგრამას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება – პრემიერი

მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია.

ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართებოდა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ.

ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.

„საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისვე თქმით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის.

„საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ – კახა კალაძე

თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა ჰელსინკის კომისიის „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ სანქცირებას ითვალისწინებს.

კახა კალაძის განმარტებით, საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა, თუმცა ურთიერთობა ცალმხრივი არ არსებობს.

„არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებით დავამტკიცეთ. მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როდესაც გაქვს სურვილი, შავი ფული ამოძრაო პოლიტიკაში, არ გექნება სურვილი, გამჭვირვალობის კანონი იყოს მიღებული – კახა კალაძე

როგორ შეიძლება, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობას – ეს კანონი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება თუ ტელევიზიები, რომლებიც ფულს იღებენ გარედან, უცხოეთიდან, იყვნენ დაფიქსირებული და იცოდნენ, საიდან მიიღეს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება ეს ფული, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკითხვას ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონს“ ისინი ეწინააღმდეგებიან, ვისაც პოლიტიკაში შავი ფულის მოძრაობა უნდათ.

„როდესაც გაქვს სურვილი, ეს ყველაფერი დაფარო, გაქვს სურვილი, შავი ფული ამოძრაო პოლიტიკაში, დააფინანსო რევოლუციური სცენარი, ვითომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ატრენინგებ, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, არ გექნება სურვილი, გამჭვირვალობის კანონი იყოს მიღებული და იმიტომ არის წინააღმდეგი“, – განაცხადა კახა კალაძემ.