Home Blog Page 36

საგრანტო ფონდის შექმა არასამთავრობო სექტორის მოსყიდვაა – ნიკა გვარამია

სულ რომ შუაზე გასკდეს „ქართული ოცნება“, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს 26 ოქტომბერს, – ასე გამოეხმაურა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მთავრობის ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ.

გვარამიას თქმით, ეს სრული აბსურდი და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსყიდვაა.

„ეს არის სრული აბსურდი, მოსყიდვა არასამთავრობო ორგანიზაციების. უფრო ხისტად ვიტყვი, სულ რომ შუაზე გასკდეს “ქართული ოცნება”, რა შეთავაზებებიც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის, მათ შორის, მათთვის ჩვეული მოსყიდვის შეთავაზებები, ის ხელისუფლებას მაინც დატოვებს 26 ოქტომბერს. საქართველო განვითარდება სწორი, ევროპული და დემოკრატიული მიმართულებით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.

ახალი სატრანსპორტო კვანძი, ვაკე-საბურთალოს მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს – გიორგი ტყემალაძე 

მიხეილ თამარაშვილის გამზირის და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასრულებული პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერეს.

ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. დამონტაჟდა ახალი გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყო და ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი დაიგო. სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, რომელთა საშუალებითაც სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა რეგულირდება. ამ დროისთვის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული კვანძის მოწყობით ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება.

„დღეს, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა. ეს ჩვენი ქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გაამარტივებს და უსაფრთხოს გახდის როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას. ამ ადგილზე ხშირი იყო შეფერხება და საცობები. აღნიშნული პროექტი კი, ახალი დაგეგმარებით, ტროტუარებით, შუქნიშნებით მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მათივე განმარტებით, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილეებმა, ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლებმა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა – პრემიერი

ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას არ ქონია ომი

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დასდევს გარე განცხადებებს, ჩვენ არ დავსდევთ არც ერთ განცხადებას, არც ამერიკულს, არც რუსულს, ჩვენ დავსდევთ იმას, თუ რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. მინდა, შეგახსენოთ შედეგები რა არის – შედეგი არის ის, რომ ჩვენ 12 წლისა და მათ შორის ბოლო 4 წლის განმავლობაში შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყნისთვის უწყვეტი მშვიდობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას არ ქონია ომი. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური შედეგები. ამ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, მაგალითად მოლდოვას ამ წლების განმავლობაში გავასწარით დაახლოებით 9 მილიარდ დოლარით, ანუ საქართველოსა და მოლდოვას შორის სხვაობა გაზიარდა 9 მილიარდი დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსა და მოლდოვას ბიუჯეტს შორის სხვაობა გაზიარდა 2 მილიარდ დოლარზე მეტით, მხოლოდ ამ რამდენიმე 3-4 წლის განმავლობაში – ეს არის ეკონომიკური მხარე. ეკონომიკა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც თანდათანობით უმჯობესდება, ეს მოაქვს ღირსეულ პოლიტიკას, ღირსეული პოლიტიკის შედეგია მშვიდობის შენარჩუნება და უწყვეტ მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური წინსვლა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები და თქვენ დასდევთ ხან რუსულ, ხან ამერიკულ, ხან ევროპულ განცხადებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წლამდე, როცა ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

„მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა მაშინ სიღარიბის ზღვარს მიღმა და მაშინ ცაში აყავდათ მათ შორის ამერიკელებს და ევროპელებს „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი. ჩვენ არ დავსდევთ ასეთ განცხადებებს, ჩვენ მივყვებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყნის, ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკური წინსვლა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჩვენ მივყვებით ამას და არა ვიღაცების გარე განცხადებებს, ეს განცხადება ხან იქნება სამართლიანი, ხან უსამართლო, ეს არ არის საინტერესო, საინტერესოა, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვერავითარი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ  – პრემიერი

ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არავითარი სანქციების და შანტაჟის ფონზეც არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთ სცენარის განვითარებას, რომელიც სამწუხაროდ განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – უკრაინაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვერავითარი შანტაჟი და სანქცია ბიძინა ივანიშვილს არ და ვერ აიძულებს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ.

ჯეიმს ო ბრაიენის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომლის თანახმად, აშშ-ს არ აქვს არანაირი ინფორმაცია ივანიშვილის წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებზე, პრემიერმა უპასუხა, რომ გაუგებარია, რატომ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას ასეთ საფრთხეებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

„ყველამ იცის, რომ საფრთხეები არსებობს. აშშ-ის ხელისუფლებას გაუჭირდა პასუხისმგებლობის აღება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ საფრთხეებზე და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეებზე როგორ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? ეს კითხვა-პასუხი აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ინფორმაციის მოძიება უნდოდათ, პირველ რიგში საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის მიმართ არსებულ საფრთხეებზე უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია და ასეთ პირობებში მათ რა თქმა უნდა, ვერ ექნებათ იმის ამბიცია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები დაიცვან ასეთი ტიპის საფრთხეებისგან. ამერიკულმა დაზვერვამ ვერ მოახერხა ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ საფრთხეების იდენტიფიცირება როგორ უნდა მოეხერხებინა. კინაღამ მოკლეს კაცი. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვსაუბრობთ აშშ-ზე, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ ომის პარტიაზე და ყველამ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქციის ქვეშ მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი ევროპაში. ეს სხვა არაფერია, თუ არა დე-ფაქტო სანქცია, რომელიც არის ამოქმედებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც ასეთი სანქციები და ვერც ისეთი სანქციები ვერ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაუპირისპირდება საქართველოს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს და აქ სასწორზე დგას მთავარი – მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არავითარი სანქციების და შანტაჟის ფონზეც არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანაში გამოიწვევს მეორე ფრონტს, ომს და ისეთ სცენარის განვითარებას, რომელიც სამწუხაროდ განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში – უკრაინაში. არავითარი შანტაჟი და სანქცია მას არ და ვერ აიძულებს, გადადგას ნაბიჯები საკუთარი ქვეყნის ძირეული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება – პრემიერი

ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება. რაც შეეხება ვალის პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს სრული პარამეტრი – 40%-ის ფარგლებში გაგრძელდება სესხის აღება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის მუშაობის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან კონკრეტული დაპირება, რომ 40%-ის ფარგლებში იქნება აღებული საგარეო სესხი და შესაბამისად, ამით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის არსებული პროექტები.

„ყველა მიმართულებით გვექნება შეუფერხებელი განვითარება. რაც შეეხება ვალის პოლიტიკას, ჩვენ გვაქვს სრული პარამეტრი – 40%-ის ფარგლებში გაგრძელდება სესხის აღება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, ყველა პროექტიც განხორციელდება.

ეს არის ძალიან კონკრეტული დაპირება, რომ 40%-ის ფარგლებში იქნება აღებული საგარეო სესხი და შესაბამისად, ამით იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის არსებული პროექტები“, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა ის, რომ საგარეო კრედიტებს პარტნიორები ისევ ჩვეულებრივ და იმავე ფასად მისცემენ ქვეყანას, კობახიძემ უპასუხა: „ყველაფერს გავაგრძელებთ – ყველა პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდება“.

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ქცევის კოდექსის გაფორმებას სთავაზობს. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დღეიდან 11 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია 2024 წლის არჩევნებისთვის არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ გააერთიანებს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს. ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაცია, როგორც ნეიტრალური ორგანო, მიუკერძოებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის გრძელვადიან განვითარებას.

ქცევის კოდექსი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით პოლიტიკური პარტიებისთვის შეიმუშავა 2024 წელს ევროპის პარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. ხელმოწერის პროცესის დაწყებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის პროექტი გაცნობისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით პარტიებს გაუგზავნა და საბოლოო ვერსია სწორედ მათი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა.   

დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებელია მიმდინარე წლის 9-11 სექტემბრის ჩათვლით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. დოკუმენტს ხელი 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიების ხელმძღვანელმა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა მოაწეროს.

ხელმოწერილი დოკუმენტი საჯაროდ12 სექტემბერს გამოქვეყნდება.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნებთ საგრანტო პროგრამას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება – პრემიერი

მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია.

ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცესი აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე წარიმართებოდა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ როგორც „ენჯეოები“, ისე ცალკეული უცხოური დონორი ორგანიზაციები. მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ.

ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.

„საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისვე თქმით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის.

„საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ – კახა კალაძე

თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა ჰელსინკის კომისიის „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ სანქცირებას ითვალისწინებს.

კახა კალაძის განმარტებით, საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა, თუმცა ურთიერთობა ცალმხრივი არ არსებობს.

„არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებით დავამტკიცეთ. მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როდესაც გაქვს სურვილი, შავი ფული ამოძრაო პოლიტიკაში, არ გექნება სურვილი, გამჭვირვალობის კანონი იყოს მიღებული – კახა კალაძე

როგორ შეიძლება, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობას – ეს კანონი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება თუ ტელევიზიები, რომლებიც ფულს იღებენ გარედან, უცხოეთიდან, იყვნენ დაფიქსირებული და იცოდნენ, საიდან მიიღეს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება ეს ფული, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკითხვას ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონს“ ისინი ეწინააღმდეგებიან, ვისაც პოლიტიკაში შავი ფულის მოძრაობა უნდათ.

„როდესაც გაქვს სურვილი, ეს ყველაფერი დაფარო, გაქვს სურვილი, შავი ფული ამოძრაო პოლიტიკაში, დააფინანსო რევოლუციური სცენარი, ვითომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ატრენინგებ, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, არ გექნება სურვილი, გამჭვირვალობის კანონი იყოს მიღებული და იმიტომ არის წინააღმდეგი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ქვეყანა აჯანჯღაროს, მოაწყოს რევოლუცია, დაპირისპირება და გახლიჩოს საზოგადოება – კახა კალაძე

[„ნაციონალური მოძრაობა“] ყოველთვის ცდილობს, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, ქვეყანაში მოაწყონ რევოლუცია, დაპირისპირება და გახლიჩონ საზოგადოება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებაზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ წარსულში უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, დღესაც იმავეს აკეთებენ.

“ადამიანმა შეიძლება რაიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ გაანალიზო ის შეცდომა, მოიხადო ბოდიში და შეიცვალოს შენი ცხოვრების სტილი. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილო, დღესაც იმავეს აკეთებენ. ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, ქვეყანაში მოაწყონ რევოლუცია, დაპირისპირება და გახლიჩონ საზოგადოება და იმ დანაშაულისთვის, რომელიც ამ კონკრეტულმა დაჯგუფებამ, “კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ” ჩაიდინა, მხედველობაში მაქვს 2008 წლის ომი, ამას რა თქმა უნდა, სჭირდება გამოძიება და კონკრეტული პასუხები. რაც მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იმ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგს დღესაც ვიმკით, რაც 2008 წლის ომი იყო”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსებმა კიევს დრონებით, რამდენიმე ტალღად შეუტიეს – უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მეხუთე საჰაერო თავდასხმა კიევზე სექტემბრის დასაწყისიდან. წუხელ რუსეთის არმიამ კვლავ გამოიყენა კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები, წინასწარი მონაცემებით, Shahed-ები. დრონები კიევში რამდენიმე ტალღად შემოვიდა“, – განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.

მისი თქმით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ამასთან, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, ყველა დრონი, რომელიც კიევს ემუქრებოდა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქში ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.

თუ გლობალურმა ომის პარტიამ მიზანს მიაღწია, ქვეყანაში ბომბების წვიმა და უკრაინიზაცია მეორე დღესვე დაიწყება – ხალხის ძალა

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონი მეორე მოსმენით მიიღო, ძალიან ბევრ აქამდე დაფარულ პროცესს ფარდა აეხადა. კანონი და საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდა. თუ აქამდე გარე აქტორები თავს იკავებდნენ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ღია თავდასხმისგან, ამჯერად ეს წითელი ხაზიც გადაკვეთილია, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განხცადებაში.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ „პირველი მერცხალი“ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერი, პიტერ სტანო აღმოჩნდა, რომელმაც ევროკავშირის სახელით დაგმო კანონის მეორე მოსმენით მიღება, მას ნაჩქარევი უწოდა და პირდაპირ თქვა, რომ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, თუმცა განმარტება არ მოგვისმენია, რომელ უფლებებს გამოუთხარა ძირი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვამ.

„ევროკავშირის სახელით სტანომ აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი, ასევე ქართული გამჭვირვალობის კანონი საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მანიშნებელია.

ფაქტობრივად იდენტური განცხადებები გააკეთა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. შეუიარაღებელი თვალით, მარტივად გარჩევადი იყო, რომ მისი ჩამოსვლისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების მიზანს ჩამოშლილი ოპოზიციის გამაგრება და ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმოადგენდა. სიტყვათა შეთანხმება „დემოკრატიული უკუსვლა“ შაჰინმა გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონების ჭრილში ახსენა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელ გარემოებად დაასახელა.

კანონი გამჭვირვალობის შესახებ მძიმე თავდასხმის ობიექტი გახდა კიდევ ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანის, ჯეიმს ო’ბრაიენის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში პირდაპირ ამბობს, რომ კანონი, რომელიც რეალურად აწესრიგებს შავი ფულის შემოდინებას NGO-ებში და რომლის მთავარი მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობაა, თურმე ევროინტეგრაციის პროცესს აჩერებს. ო’ბრაიენმა გამჭვირვალობის კანონის გამო, 26 ოქტომბრის არჩევნები ფაქტობრივად შეუმდგარ პროცესად გამოაცხადა, როდესაც ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა: „ეს კანონი ცდილობს სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი“.

ამ დეზინფორმაციული განცხადებების პარალელურად ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტმა ახალი კვლევის ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ყველა კრიტერიუმით, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ამასთანავე ინსტიტუტი მოუწოდებს ევროკავშირს, რომ იხელმძღვანელოს შეფასების ობიექტური კრიტერიუმებით და დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მათ შორის სწრაფად გაუხსნას ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებები.

შორს რომ არ წავიდეთ, მხოლოდ ამ გარემოებათა ანალიზიც კი გვაჩვენებს, რეალურად რა პროცესები მიდის საქართველოსთან მიმართებით. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ევროკავშირსა და ამერიკაში უკვე აღარ მალავენ იმ რეალურ მიზეზებს, რის გამოც ჩვენი ქვეყანა და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დემოკრატიულ უკუსვლაშია დადანაშაულებული და ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია. ეს არის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა, შავი ფულით მომუშავე აგენტურული NGO-ებისათვის გამჭვირვალობის მოთხოვნა, რუსეთის მიმართ სანქციების არდაწესება და უარის თქმა მეორე ფრონტის გახსნასა და საომარ მოქმედებებში ჩართვაზე.

თუ აქამდე შედარებით რთული იყო გარჩევა, თუ რატომ ცდილობდნენ ასე დაჟინებით საქართველოს დაჩაგვრას და ადგილობრივი აგენტურისა და მათი პატრონების პროპაგანდა მეტ-ნაკლებად მუშაობდა, თითქოს საქართველო არ ახორციელებს რეფორმებს და სწორედ ამიტომ ფერხდება ევროინტეგრაციის პროცესი, ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი ეფინება. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რეალურად არც ევროკავშირის ბიუროკრატიას და არც მის მმართველ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას, ოფიციალურს თუ არაოფიციალურს, არ აინტერესებს არანაირი რეფორმა. სამწუხაროდ, მათთვის ასოცირების შეთანხმების სქელტანიანი დოკუმენტიც და 9 პუნქტიანი დათქმაც მაკულატურაა და მეტი არაფერი. ჩვენი ქვეყნისგან დღეს კონკრეტულ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და მეორე ფრონტს ითხოვენ. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ განსაკუთრებით ხელს უშლით გამჭვირვალობის კანონი, რადგან საქართველოში მათთვის სასურველი, ყველა დავალების შემსრულებელი ხელისუფლების მოყვანის ერთადერთ გზად სწორედ შავი ფულით დაფინანსებული არასამთავრობოები ესახებათ.

პიტერ სტანოს განცხადებამ მკაფიოდ გამოკვეთა, რომ აგენტურით დაკომპლექტებული და გარედან მართული ევრობიუროკრატიისთვის ჩვენი ქვეყნის „დაფასება“ ამ დამღუპველ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ისევე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების ობიექტური ანალიზით იქნებოდა მიღებული, ცხადია უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე სწორედ საქართველოსთან უნდა გახსნილიყო მოლაპარაკებები. საქართველო ამ ორ ქვეყანას უსწრებს უკლებლივ ყველა კრიტერიუმით. უფრო მეტიც, დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხების, მათ შორის მედიის, ადამიანის უფლებების დაცვის და კორუფციისგან თავისუფლების ინდექსებით საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებზე ბევრად წინაა და ეს კვლევები „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის“ მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით ქვეყნდება. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ დღეს საქართველოსგან არც ევროკავშირი და არც ამერიკის შეერთებული შტატები არანაირი რეფორმებს არ ელოდება. მათი მოთხოვნების მარტივი ანალიზიდანაც ჩანს, რომ

დღეს საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის დანგრევაზე გადის. საქართველოშიც და ევროპის ქვეყნებშიც, თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანები ნათლად ხედავენ, რომ დღეს ევროპა ღრმა კრიზისშია და აგენტოკრატიის
მმართველობის მძიმე შედეგებს იმკის. ევროპულმა ბიუროკრატიამ, რომელიც სრულად კონტროლდება და კოორდინირდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეგრეთწოდებული „დიფ სთეითისგან“, სრულად დაუკარგა ფასი ევროკავშირს – გაერთიანებას, რომელიც ოდესღაც სწორედ იმიტომ იყო სასურველი და მისაბაძი, რომ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ჯანსაღ ფასეულობებზე იყო დაფუძნებული. საბედნიეროდ, ევროგაერთიანების ქვეყნებში, ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნების შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ღრმა კრიზისს ევროპელებიც აცნობიერებენ და ევროპული ბიუროკრატიის აგენტოკრატიისგან გათავისუფლება დაუსახავთ მიზნად.

ჩვენი მხრივ, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპა მალე გათავისუფლდეს მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან.

თუმცა იქამდე, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. გლობალური ომის პარტია, რომელიც საბედნიეროდ, ქართული მოსახლეობისთვის უკვე კარგად გაშიფრული და ნაცნობი მეტაფორაა და ქართველმა ხალხმა ამ მეტაფორაში კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები და გაერთიანებები ამოიცნო, ყველაფრის ფასად ეცდება, საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანოს.

თუ გლობალურმა ომის პარტიამ ამ მიზანს მიაღწია, ჩვენ ქვეყანაში ბომბების წვიმა და ქვეყნის უკრაინიზაცია მეორე დღესვე დაიწყება, ხოლო თუკი ქართველი ხალხის გონიერება გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანასაც გავიყვანთ სამშვიდობოს და ევროპელ ხალხსაც ვაჩვენებთ იმის მაგალითს, თუ როგორ არ უნდა დაუთმო შენი ქვეყანა აგენტურას, რაც უნდა დიდი და მძიმე იყოს ზეწოლა“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.