Home Blog Page 36

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ნოემბერს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +4 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლს ვარაუდობენ. დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს. დღისით -1, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ -მეთიუ მილერი

რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას.

მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ, იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შესაძლო დამატებითი სანქციების მიღების შესახებ განცხადებას არ გააკეთებდა.

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, მაღაზიებში სიარულისგან თავი შეიკავოთ და საფულე რაც შეიძლება იშვიათად გახსნათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდებათ და ამისთვის მზად უნდა იყოთ. მთავარია, არ დანებდეთ და ისევ და ისევ სცადოთ. შემდეგ ყველაფერი გამოვა. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან.

კურო

მოერიდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას, საქმიანი თუ მეგობრული კავშირების გაწყვეტას. გამოიჩინეთ სიბრძნე და მოვლენების განვითარებაში ნუ ჩაერევით. თუ ინიციატივას საკუთარ ხელში აიღებთ, შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ, პრინციპულობის გამო კი შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. საღამოს ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სეირნობა დაძაბულობას მოგიხსნით.

ტყუპები

ეს დღე შემოსავლის მიღების და პროფესიული პოზიციის გაძლიერების საშუალებას მოგცემთ, მაგრამ ამისთვის მეტი აქტიურობა და სასარგებლო კავშირების დამყარება დაგჭირდებათ. შეიძლება გეგმების შეცვლა და შეხვედრების ხელახლა დაგეგმვა მოგიწიოთ. საღამოს საშუალება გექნებათ, საჭირო ადამიანები გაიცნოთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ბევრჯერ გამოგადგებათ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. მალე ახალი პროექტების განხორციელება მოგიწევთ, ამიტომ კარგად უნდა მოემზადოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეუმცდარად მიგანიშნებთ, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ და როდის შეჩერდეთ. მთავარია, წესები არ დაარღვიოთ და საეჭვო მაქინაციებში არ ჩაერთოთ.

ლომი

ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. სასურველია, რომ შოპინგი სამომავლოდ გადადოთ, ახლა კი ფული დაზოგოთ. შესანიშნავი დროა მოლაპარაკებების ან მეგობრული ურთიერთობებისთვის. თუ სიტუაციას სხვა მხრიდან შეხედავთ, შეიძლება უამრავი შეცდომა აღმოაჩინოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

სიახლეები, რომლებსაც ამ დღეს მიიღებთ, ძალიან გაგახარებთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, რთულ თემებზე საუბარი და კამათი თავიდან აიცილოთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შრომის შედეგით დატკბეთ და დამსახურებული აღიარება მიიღოთ.

სასწორი

ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, ამ დღეს დამატებითი შემოსავალი და თანამშრომლობაზე საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. შოპინგი კი უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ – გამორიცხული არ არის, რომ შენაძენით იმედგაცრუებული დარჩეთ.

მორიელი

მოვლენებით დატვირთული დღეა. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და ეცადეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თემები უფრო ხშირად განიხილოთ – არსებობს შანსი, რომ რაღაც ახალი, სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება თქვენს ცხოვრებაში წარსულიდან ვიღაც დაბრუნდეს, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ ან ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალება მოგეცეთ. დღის უდიდესი ნაწილში მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. საღამოს მოგებიანი შეთავაზება ან სასიხარულო სიახლე გელით.

თხის რქა

შესაძლოა გეგმების კორექტირება მოგიწიოთ – ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ, რომლებიც მათზე გავლენას მოახდენს. მოემზადეთ სიურპრიზებისთვის – მათი უმეტესობა სასიამოვნო იქნება. არახელსაყრელი დღეა შოპინგისთვის – შეიძლება უხარისხო ნივთზე დიდი თანხა დახარჯოთ. გირჩევთ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

მერწყული

რაღაც მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ შეიძლება აზრის შეცვლა გაიძულოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, სხვა ადამიანების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 5 ნოემბერს საბუთებს ხელი არ მოაწეროთ და საბოლოო პასუხი არ გასცეთ.

თევზები

პიროვნული ხიბლის წყალობით ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენთ და მაგნიტივით იზიდავთ. ეს საშუალებას გაძლევთ, რომ ნებისმიერი სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები კარგად აწონ-დაწონოთ და გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მიიღოთ. არახელსაყრელი დღეა შოპინგისა და მოგზაურობისთვის.

“პალესტინა უკრაინის წინააღმდეგ: რატომ მცირდება კიევის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა”

ცნობილი უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ (Українська правда) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „პალესტინა უკრაინის წინააღმდეგ: რატომ მცირდება კიევის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა“ (ავტორი – მიხეილ დუბინიანსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ისრაელის შეტევა ღაზას სექტორზე, რომელიც „ჰამასის“ თავშესაფარ ტერიტორიად იყო მიჩნეული, თავდაპირველად სრულიად სამართლიანად ითვლებოდა იმ საზარელი თავდასხმის პასუხად, რაც „ჰამასმა“ 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაგრამ უკვე ომის დაწყებიდან მეათე დღეს, სოციალურ ქსელებში პროპალესტინური პოსტები ოთხჯერ მეტი იყო, ვიდრე პროისრაელური.

პალესტინელებმა მოახერხეს, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ცახალის სამხედრო ქვედანაყოფების მოქმედების შედეგები (ნგრევა, ადგილობრივი მოსახლეობის დაღუპვა და ბლოკადა) უფრო საზარელი სახით წარმოეჩინათ, ვიდრე ჰამასის“ მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტვა. დღეისთვის საერთაშორისო მედიასივრცეში ისრაელის დარტყმების პროპალესტინური ინტერპრეტაცია უფრო ძლიერია, ვიდრე პროისრაელური. იგივე შეიძლება ითქვას ისრაელის დარტყმებზე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისრაელი საინფორმაციო ომს აგებს. ამასთან, სამწუხარო ის არის, რომ ღაზას სექტორში და ლიბანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა საკმაოდ დაჩრდილა რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება, რომელმაც, პროპალესტინური აქტივისტების წყალობით, უკანა პლანზე გადაინაცვლა.

რასაკვირველია, ის, რასაც ამჟამად ვხედავთ, მრავალრიცხოვანი არაბული დიასპორის დამსახურებაა, რომელიც უფრო აქტიურად და „მიმწოლად“ მოქმედებს, ვიდრე უკრაინული დიასპორა – ლტოლვილები და მიგრანტები – დასავლეთში. ნაწილობრივ, ასეთი ვითარება ერთგვარი არასასიამოვნო შედეგია იმისა, რომ უკრაინის ომი, ასე ვთქვათ, მოდიდან გადის – პოლიტიკური კონიუნქტურა კიევისათვის არამომგებიანია. რაც უფრო ჭიანურდება რუსეთ-უკრაინის ომი, მით უფრო ეჩვევა მას ამერიკულ-ევროპული პუბლიკა, ანუ ადრინდელ ემოციებს აღარ იწვევს. ასეთია მწარე რეალობა, რომელშიც ჩვენ არსებობა გვიწევს.

უკრაინისა და პალესტინის ერთმანეთთან კონკურენცია ერთადერთი ფაქტორი არ არის იმისთვის, რომ უკრაინის ომის მიმართ საერთაშორისო რეზონანსი მცირდება. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საჯარო აქტიურობას – ჩვენთანაც და საზღვარგარეთ – ხშირად აქვს თვალთმაქცური სახე. რიგ შემთხვევებში ბოროტების წინააღმდეგ უკომპრომისო მეომრები სამიზნედ ისეთ ბოროტებას, რომელთანაც ბრძოლა იოლი და კომფორტულია. მაგალითად, რადიკალური ეკოაქტივისტები უპირატესობას ანიჭებენ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებას, სადაც მათ გარეშეც ეკოლოგიურ პრობლემებს ისედაც დიდი ყურადღება ეთმობა. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ პლანეტის ბუნებას, ჰაერს და ზოგადად, გარემოს ყველაზე მეტ ზიანს ავტორიტარული (კომუნისტური) ჩინეთის ეკონომიკა აყენებს. მაგრამ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში ეკოლოგიური მიტინგებისა თუ აქციების ჩატარება იოლია, ვიდრე ჩინეთში. დასავლეთში რადიკალებს შეუძლიათ ვან გოგის ნახატებს სუპი შეასხან, მაგრამ განა ისინი გაბედავენ ჩინეთში წასვლას და მაო ძედუნის მავზოლეუმთან მიტინგის გამართვას, ან მის ძეგლს სუპს შეასხამენ?

პალესტინისა და უკრაინის მიმართებითაც მსგავსი ლოგიკა მოქმედებს: განა ვინმე წავა მოსკოვში და წითელ მოედანზე კრემლის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს? ან თეირანში? ან ფხენიანში? არავინ. ამიტომაც არანაირი მიტინგები, ევროპის დედაქალაქებში გამართული, რუსეთზე, ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე გავლენას არ მოახდენს.

ისრაელი, მთლი თავის აგრესიულობასთან ერთად, დემოკრატიული სახელმწიფოა. ასევე დემოკრატიული ქვეყანაა მისი მთავარი მოკავშირე – აშშ. ასევე ითქმის იმ დასავლური სახელმწიფოებზე, სადაც ანტიისრაელური და პროპალესტინური აქციები იმართება. ნებისმიერი დემოკრატიული დასავლური სახელმწიფო მგრძნობიარეა საზოგადოებრივი აზრის მიმართ. მასობრივი აქციებით და და საჯარო აგიტაცია-პროპაგანდით არის შესაძლებლობა, რომ რაღაც შეიცვალოს. შესაბამისად, გამოდის, რომ ახალგაზრდა აქტივისტებისათვის უფრო იოლია და პერსპექტიული პალესტინის დაცვა, ვიდრე უკრაინისა.
და მაინც გარკვეული პოზიტივი ასეთ არასასიამოვნო სიტუაციაშიც კი ჩანს: დიახ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი დასავლურ აუდიტორიას რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების მიმართ ყურადღებას ამცირებს. დიახ, პალესტინა თავისკენ იზიდავს საზღვარგარეთული თანაგრძნობის გარკვეულ დოზას, რომელსაც ადრე უკრაინა და უკრაინელები იღებდნენ… მაგრამ ამით უკრაინის მიმართ სოლიდარობა უფრო გულახდილი, გულწრფელი და უფრო მტკიცე ხდება.

2022 წლის გაზაფხულზე უკრაინას დასავლეთში ბევრი უცხადებდა მხარდაჭერას, თუმცა მათში ბევრი იყო მოდის ამყოლი და საკუთარი თავის პროპაგანდისტი. 2024 წლის შემოდგომაზე კი უკრაინას მხარს უჭერენ ნამდვილი გულწრფელი და მტკიცე მეგობრები… და ეს მხარდაჭერა უფრო ძვირფასი და ჭეშმარიტია, ვიდრე ადრინდელი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“როგორი შეწყდება რუსეთ-უკრაინის ომი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს” -რა წერს უცხოური პრესა

არაბთა გაერთიანებული საემიროების გაზეთ „ალ ხალიჯი“ (Al Khaleej // الخليج) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „როგორი შეწყდება რუსეთ-უკრაინის ომი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს“ (ავტორი – სალაჰ ალ-გული), რომელშიც გადმოცემულია მომავალი სცენარი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ და პრობლემების მოგვარების ამერიკული გეგმა (დონბასისა და ყირიმის სავარაუდო სტატუსის ჩათვლით).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორი ცვლილებები მოხდება უკრაინის ფრონტზე და უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო პოლიტიკაში, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, 5 ნოემბერს, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს? ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, აუცილებელია მიმდინარე სიტუაციის მოკლე მიმოხილვა და დასკვნის გაკეთება.
რა ხდება დღეს უკრაინის ფრონტზებზე? მთავარ, აღმოსავლეთისა (დონბასი) და დამხმარე – სამხრეთისა (ზაპოროჟიე-ხერსონი) და ჩრდილოეთის (ხარკოვი-კურსკი) ფრონტებზე ამჟამად ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობს, განსაკუთრებით დონბასში. რუსეთის არმია წინ მიიწევს, უკრაინელები უკან იხევენ და ქალაქებს ტოვებენ. მხარეები ერთმანეთს ურტყამენ დრონებითა და რაკეტებით, რუსებს უპირატესობა აქვთ ავიაციაში, რომლის მეშვეობით შორი მანძილიდან უკრაინის არმიის პოზიციები და ფრონტისპირა ქალაქები იბომბება პლანერული (ე.წ. „მფრინავი“) ბომბებით. რაც შეეხება რუსეთის კურსკის ოლქში აგვისტოში შეჭრილი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებს, ისინი დღეისათვის არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. კიევი, ალბათ, ფიქრობს მათ გაყვანას, მაგრამ აჭიანურებს და მოვლენების განვითარებას აკვირდება, რაღაც მნიშვნელოვანს ელოდება – განსაკუთრებით აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.

როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში ნაწილობრივ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ადანაშაულებს. დონალდ ტრამპი დადებითად უყურებს რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს და აღნიშნავს, რომ იგი ძლიერი ხელმძღვანელია, რომელიც, ბუნებრივია, თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის მტკიცებით, უკრაინის ომი არ დაიწყებოდა, იგი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო 2020 წლის არჩევნების შედეგადაც. რესპუბლიკელი კანდიდატი აცხადებს, რომ თუ იგი ამჟამინდელ არჩევნებში გაიმარჯვებს, ომს სწრაფად დაასრულებს: მისი თქმით, ომი ამერიკის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს (უკრაინისათვის გაწეული დახმარება – 84 მილიარდი დოლარი რომ უშუალოდ აშშ-ის ეკონომიკას მოხმარებოდა, უკეთესი იქნებოდა) და ძირს უთხრის აშშ-ის ლიდერობას, რომელსაც ძლიერი მეტოქე ჰყავს ჩინეთის სახით.
მოკლედ, დონალდ ტრამპს აქვს გარკვეული საიდუმლო გეგმა „უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე“, რომლის თანახმად (გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით), პირველი ნაბიჯი იქნება ცეცხლის შეწყვეტა მხარეთა მიერ, მეორე – სამშვიდობო მოლაპარაკების დაუყონებლივი დაწყება (დონალდ ტრამპი ზეწოლას მოახდენს ვლადიმერ ზელენსკიზე და ვლადიმერ პუტინზე), მესამე – ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა (ტყვეების გაცვლის დასრულება, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფრონტისპირა რეგიონებში) და ბოლოს, ყველა სადაო პრობლემის განხილვის დაწყება.

დონალდ ტრამპთან დაკავშირებული წყაროების თქმით, გეგმის თანახმად, უკრაინა აღიარებს რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმზე. გარდა ამისა, გეგმის მიხედვით, დონალდ ტრამპი საჯაროდ გამოაცხადებს პოლიტიკურ გარიგებას დონბასის სტატუსის შესახებ, რომელიც ასეთი სახით გამოიყურება: რუსეთი თავის ჯარებს უკან ახევინებს უკრაინის იმ საზღვრებზე, რომელიც 2022 წლის 22 თებერვლამდე არსებობდა; მოსკოვი განაცხადებს, რომ კრემლი პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და აუქმებს ბრძანებულებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში მიღების თაობაზე. თავის მხრივ, უკრაინა „ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებს“ უზრუნველყოფს ფართო ავტონომიით, ვთქვათ, ფედერალური რეგიონის სტატუსით, ან ისეთით, როგორიც აქვს ერაყში ქურთისტანს; რაც შეეხება ამერიკის ნაბიჯებს: ვაშინგტონი გამოაცხადებს, რომ აუქმებს ყველა გამოცხადებულ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, დაიწყებს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის მოგვარებას. აშშ აღიარებს რუსეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს უკრაინის მიმართ, კერძოდ, იღებს ვალდებულებას, რომ უკრაინა ნატოს წევრად არ იქნება მიღებული.

რასაკვირველია, „უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა“, რომელიც განხორციელებული იქნება დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პროუკრაინულ კოალიციაში განხეთქილებას გამოიწვევს, ასევე გაიზრდება აშშ-ჩინეთის დაპირისპირების ესკალაციის ალბათობა, თუმცა ეს უკვე სამომავლო პრობლემას წარმოადგენს და მას ცალკე განხილვა დაჭირდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა – მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საია განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

“სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რაც ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.

საია მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას დემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.

არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და „შულავერის კომიტეტს“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან -გიორგი მარგველაშვილი

არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და სანამ შულავერის კომიტეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან და ისევ დამოუკიდებელ საქართველოს არ დავაბრუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აქციაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იქნება მტკიცე ბრძოლა, რადგან უკვე აღარ არის კომპრომისის შესაძლებლობა.

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ თითოეული ჩვენგანი, ითხოვს პოლიტიკური სპექტრი. გვერდში გვიდგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დღეს თითოეული თქვენგანი აქ დგას საკუთარი თავის გულისთვის, საკუთარი ოჯახისთვის, სამშობლოსთვის, რომლის დათმობაც, იმ ჯგუფისთვის, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, მაგრამ რეალურად არის შულავერის კომიტეტი, იქნება უარის თქმა ყველაფერზე, იმაზე, რაც ჩვენ ვართ, ჩვენს იდენტობაზე, ჩვენს წარსულზე, ჩვენს მომავალზე, ეს რომ დავთმოთ, ვეღარასდროს ვეღარ ვიქნებით წელში გასწორებულები. ჩვენ ვიქნებით მომაკვდავი და სისხლში ჩახშობილი, პუტინის იმპერიის მსახურები. შეგვიძლია ჩვენ ასე ცხოვრება? არა, ნამდვილად არ შეგვიძლია. ეს ბრძოლა არის უალტერნატივო. ეს ბრძოლა არის მხოლოდ ისეთი ბრძოლა, რომელიც დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით. ეს ბრძოლა იქნება გრძელი და დამქანცავი, ამ ბრძოლას ექნება „პიკები“ და იქნება ჩავარდნები, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვება შეგვიძლია, ჩვენს უკან აღარ არის შესაძლებლობა კომპრომისის, ამიტომ ჩვენ ვიდგებით აქ ძალიან მტკიცედ.

მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი, ნელ-ნელა, თითოეული ჩვენგანი ვიპოვით ჩვენს თავს, ვიპოვით ფორმას, რომლითაც გამოვხატავთ ჩვენი სამშობლოსთვის სიყვარულს და ერთგულებას. ვიპოვით ჩვენს გზას ამ ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნება ჰქვია. ჩვენ ამ ბრძოლაში, ბუნებრივია, წინ წაგვიძღვებიან ჩვენი პოლიტიკოსები და მოდით, პირველ რიგში, გავიაზროთ, რამხელა გზა გაიარეს მათ ამ ერთ კვირის განმავლობაში. ჩამოყალიბდნენ ძლიერ, ორგანიზებულ სტრუქტურად, რომელიც იწყებს საქართველოში წინააღმდეგობას და იწყებს საქართველოში ახალ ეროვნულ მოძრაობას, საქართველოს სსრკ-ს ჩამოშლას და დამოუკიდებელი საქართველოს დაბრუნებას.

გავამხნეოთ ჩვენი ლიდერები, რომლებმაც მოიგეს არჩევნები თქვენთან ერთად. მოიგეს არჩევნები და არ დათმობენ ამ მოგებას იმიტომ, რომ ეს თითოეული თქვენგანის მოგებაა. ვთქვათ, რომ ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით მტკიცედ და არ დავიღლებით მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ სამშობლოს და სანამ შულავერის კომიტეტს, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, არ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან და ისევ დამოუკიდებელ საქართველოს არ დავაბრუნებთ. მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვიქნები ამ ბრძოლის თითოეულ დღეს და თითოეულ საათს, გამარჯვების დაბრუნებამდე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები, შეუპოვარი ბრძოლა -თინა ბოკუჩავა

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის გეგმა კარგად გამოჩნდა დღეს. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი იმისთვის იხდიდა წინასაარჩევნოდ ბოდიშს, რომ საქართველოს რუკიდან ოკუპირებული ტერიტორიები გაექრო.

„26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ მოგვპარა არჩევნების უფლება, ევროპული მომავალი, არა მხოლოდ ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია, არამედ დაიჯერა, რომ ქართველი ხალხი ამ ქურდობას შეეგუება. ჩვენი შვილები აუცილებლად გაიზრდებიან ევროპულ საქართველოში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას მივაღწიოთ! ეს გვაერთიანებს დღეს და ამ სიმართლით, ამ შეუპოვრობით, ამ ბრძოლით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ძალიან მეამაყება და ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, საზოგადოება დაეყო და ადამიანები ერთმანეთთან დაეპირისპირებინა, ჩვენ დღეს ვდგავართ ერთად, მათ შორის, ერთად დგას ქართული ოპოზიცია, რომლებსაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ და რომლებიც აირჩიეთ იმისთვის, რომ მართონ ეს ქვეყანა და გაიყვანონ ევროპულ სამშვიდობოს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ის გამარჯვება დავიბრუნოთ, რომელსაც ივანიშვილი გვპარავს.

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის. დღეს ვნახეთ, რა გეგმა აქვს ივანიშვილს, ეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად გამოჩნდა – მოღალატე პაპუაშვილის მიერ ნაჩვენებ საქართველოს რუკაზე, სადაც ოკუპირებული რეგიონები უკვე გამქრალია. ამისთვის იხდიდნენ წინასაარჩევნოდ ბოდიშს, ამასთან შეგუებას ცდილობდნენ ქართველი ხალხის, მაგრამ არ დავთმობთ არც ჩვენს ტერიტორიებს, არც ჩვენს გამარჯვებას, არც ჩვენს ევროპულ მომავალს და ამ ბრძოლაში ჩვენ არ დავიღლებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციის მიმართ გამოთქმული ბრალდებების და დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. მან მისიის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციაც გააცნო.

“26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ეცნობა იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ორგანიზაციებს დაკვირვების შედეგად აქვთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. დღევანდელ შეხვედრაზე მისიის წარმომადგენლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, ასევე ვრცლად ვისაუბრეთ ბრალდებებისა და დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია ადმინისტრაციის აქტივობებს და საქმიანობას დადებითად აფასებს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას.

თავის მხრივ, „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოს ხელმძღვანელ პირებს არჩევნების ანგარიშის წინასწარი მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. აღნიშნულ ანგარიშში ადმინისტრაციის საქმიანობა და აქტივობები დადებითად არის შეფასებული. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის და ინფორმაციის კოორდინირებულად გაცვლისთვის.

„არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მისიებით აკვირდებოდა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) მისიის ხელმძღვანელი ზლატკო ვუოვიჩი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტინა კოსტალაჩი, საარჩევნო ადმინისტრაციის ანალიტიკოსი ბეატრიქს ბუნექამპი და იურიდიული ექსპერტი მარიამ ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საერთაშორისო და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

ისე, ასეთი საქართველოს „რუკა“, თქვენი დიდი ბელადის ედიკას და თქვენი „ვივამედის“ ბალთაზარს კოსას დამსახურებაა -გიორგი გამსახურდია

ისე, ასეთი საქართველოს „რუკა“, თქვენი დიდი ბელადის ედიკას და თქვენი „ვივამედის“ ბალთაზარს კოსას დამსახურებაა. დროებით რა თქმა უნდა! მავნებლებო და აფერისტებო თქვენა, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც „შემაშფოთებელი ნაბიჯი“ უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები ნაცრისფრად არის გამოყოფილი.

„მოკლედ, ამ იაფფასიანი ფეიკების იმედზე ხართ ჯიგრებო? რა ხდება? აქციებს ვერ აორგანიზებთ, დონორებმა დაგიკიდეს და ამ სისულელეების იმედზე ხართ? ამოიღეთ კარგად კადრები და ნახეთ. ისე, ასეთი საქართველოს „რუკა“, თქვენი დიდი ბელადის ედიკას და თქვენი „ვივამედის“ ბალთაზარს კოსას დამსახურებაა. დროებით რა თქმა უნდა! მავნებლებო და აფერისტებო თქვენა!“ – წერს გამსახურდია.

https://www.facebook.com/uvais.abdulkhalimov/posts/pfbid0AuMTiVYUrnW2TT4QWHjtmsgJj6swoBzpj9LP4QAksp5TxkMYSQiDmFFXrnSuzhAtl

ორგანიზაცია „მითების დეტექტორი“ – საქართველოს რუკასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება

საქართველოს რუკასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან შეცდომაში შემყვანი ფოტოები ვრცელდება, – ამ სათაურით ორგანიზაცია „მითების დეტექტორი“ აქვეყნებს მასალას.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 ნოემბერს სოციალურ ქსელში, მათ შორის, მედიების ფეისბუქგვერდებზე ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიფინგზე, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, შალვა პაპუაშვილის პრეზენტაციაზე საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას თან ახლდა ფოტოები, რომლებზეც ოკუპირებული ტერიტორიები არ შეიმჩნევა.

„მითების დეტექტორის“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით: „შეცდომაში შემყვანია ინფორმაცია, თითქოს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელზეც საქართველოს რუკა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა გამოსახული. პარტიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ იმავე პრეზენტაციაში ჩანს, რომ მასში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიცაა გამოსახული, თუმცა ისინი ნაცრისფრადაა აღნიშნული, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნები არ ჩატარებულა. ასევე, მედიაში გავრცელებული მასალებიდანაც ჩანს, რომ გარკვეული რაკურსით გადაღების შემთხვევაში რუკაზე აღნიშნული ტერიტორიების კონტურებიც ჩანს“.

„4 ნოემბერს შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა. მან არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც პაპუაშვილი საარჩევნო დეზინფორმაციის შესახებ საუბრობს, ეკრანზე აჩვენებს სლაიდს, რომელზეც საქართველოს რუკა ჩანს. რუკასთან ერთად, დატანილია ინფორმაცია „ქართული ოცნების“ დელეგატებისა და მათი აქტივობის შესახებ. მისი თქმით, არჩევნებსა და გარკვეულ რეგიონში „ქართული ოცნების“ მაღალ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს. სინამდვილეში კი, მან არჩევნებში პარტიის დიდი რაოდენობით ხმების მოპოვება დელეგატების აქტიურობას დაუკავშირა.

შალვა პაპუაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ჩართული პირდაპირი ეთერის ყურებისას რუკაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები შეუმჩნეველია და მათ მაგივრად თეთრი ფონია. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ პრეზენტაციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ღია ფერით იყო აღნიშნული, რაც „კამერებში კარგად არ გამოჩნდა“.

ონლაინგამოცემა „პუბლიკამ“ პაპუაშვილის ბრიფინგიდან ფოტოები გაავრცელა, რომელზეც შეიმჩნევა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ნაცრისფრადაა აღნიშნული და ისინი თეთრ ფონზე რთულად გაირჩევა. მედიის ცნობით, ზოგიერთი რაკურსიდან პრეზენტაციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მართლაც არ შეიმჩნევა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა „მითების დეტექტორს“ მიაწოდა პრეზენტაცია, რომელიც შალვა პაპუაშვილმა 4 ნოემბრის ბრიფინგზე წარადგინა. პრეზენტაციაზე ჩანს, რომ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, თუმცა დანარჩენი ტერიტორისგან განსხვავებულად, ნაცრისფრადაა მონიშნული.

პრეზენტაციის მომდევნო გვერდზე პაპუაშვილმა აჩვენა, რომ ოპოზიციას საქართველოს მასშტაბით დელეგატები არ ჰყოლია, თუმცა არაერთი ვიზიტი ჰქონდათ ევროპასა და აშშ-ში. აღსანიშნავია, რომ მომდევნო გვერდზე საქართველოს რუკა სრულად ნაცრისფერი იყო. მისი წარდგენისას, ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, ის კადრებში არ ჩანდა და მის მაგივრად მხოლოდ თეთრი ფონი იყო. 

აღნიშნულ ინფორმაციას თავად შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მისი განმარტებით, პრეზენტაციაზე ოკუპირებული ტერიტორიები განსხვავებული ფერით გამოსახეს, რადგან იქ არჩევნები ვერ ტარდება, შესაბამისად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუხი ფერითაა გამოსახული. ლურჯად კი ის ტერიტორიაა აღნიშნული, სადაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და „ქართულ ოცნებას“ დელეგატები ჰყავდა“, – ნათქვამია ორგანიზაცია „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს თუ უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან -ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველოს თუ უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის. არჩევნების შემდგომი ვითარება ისევ შემაშფოთებელია. თუ საქართველოს უნდა, შეინარჩუნოს სტრატეგიული ორიენტაცია ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი გაფართოების ანგარიში ამ გზას აჩვენებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.