Home Blog Page 36

სააპელაციო სასამართლომ ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) სამი სააპელაციო საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა და გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, თამარ ონიანმა და ნანა ჭიჭილაშვილიმა დაახლოებით სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ გადაწყვეტილება 4 ნოემბერს მიიღო.

“ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს – როგორც ჩანს, დავალებები იგვიანებს” – რატი იონათამიშვილი

“ჩვენი საზოგადოება ახლა რასაც ხედავს, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არის უპასუხისმგებლო, ანტიეროვნული და რომელიც, როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის” – ამის შესახებ “დღის კურიერში” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს, ვინაიდან “დავალებების მიცემა იგვიანებს”.

“ოპოზიცია, სინამდვილეში, არც პარლამენტში და არც ქუჩაში არის, არის ფანჩატურში და, როგორც ჩანს, ფანჩატური არის ის მასშტაბი, რა მასშტაბსაც დღეს აგენტურული ოპოზიცია წვდება.

ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვისმენთ, რომ ხვალ, ორშაბათს, შემდეგ დღეს იქნება გეგმა, გეგმა არ აქვთ, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ იგვიანებს დავალებები. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ მათ საკუთარი გეგმები არ ჰქონდათ, ისინი მოქმედებდნენ დავალებების შესაბამისად, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა ამ დავალებების გაცემაც იგვიანებს მათკენ და ვხედავთ მათ გზადაკარგულ ადამიანთა მარგინალური ჯგუფს და ესეც კანონზომიერი არის, რომ ასე ხდება.

როგორც ჩანს, ფსონის დადება ამ რადიკალურ ოპოზიციაზე უკვე აღარავის აღარ უნდა და მათ ძალიან მოაბეზრეს თავი ქვეყნის შიგნით საკუთარ ამომრჩეველსაც კი და ვხედავთ, რომ დღითიდღე მათი რაოდენობა იკლებს და მეორეს მხრივ, თავი მოაბეზრეს იმ დავალებების მიმცემებს, ვისაც ჰქონდა იმის იმედი, რომ ამ რადიკალური ოპოზიციის გამოყენებით ჩვენს ქვეყანაში არევდა სიტუაციას და მშვიდობას ომით ჩაანაცვლებდა. ცხადია, რომ ამ გეგმას აღსრულების არანაირი რესურსი და პოტენციალი არ აქვს.

აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება ახლა რასაც ხედავს, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არის უპასუხისმგებლო, ანტიეროვნული და რომელიც, როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის.

საზოგადოებას ახსოვს, ჩვენ არჩევნების წინ ვამბობდით, რომ ეს რადიკალური აგენტურული ოპოზიცია იმსახურებდა, რომ კონსტიტუციის მიხედვით ყოფილიყო აკრძალული, მაგრამ როგორც ჩანს, არანაირი ბერკეტის გამოყენება ჩვენ არ დაგვჭირდება, ვინაიდან ესენი თვითონ მიიყვანენ საკუთარ თავს გაარაფრებამდე, ეს კარგიც იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებისთვის, ვინაიდან, რაც უფრო ნაკლები და დასუსტებული იქნება რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო ძლიერი იქნება დემოკრატია საქართველოში”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 ნომებერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9288 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9677 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0389 ლარი შეადგინა.

დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე, მივულოცე გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, აშშ საქართველოს გვერდით იქნება -გიორგი ვაშაძე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ვაშაძის თქმით, ტრამპმა სერიოზული გამარჯვება მოიპოვა და დარწმუნებულია, რომ რეგიონში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს გამარჯვებას. პირველი, სხვათა შორის, ბიულეტენები იქ, აშშ-ში არ ჟონავდა. ჩვენ ვართ ერათადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენელი, თინა ბოკუჩავა, იყო წარმოდგენილი დონალდ ტრამპის კანდიდატად წარდgენის დროს. ვიდრე აქ მოვიდოდი, ცოტა დამაგვიანდა, რადგან  დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე, მივულოცე ეს გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, აშშ იქნება საქართველოს გვერდით; დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩადენილ სისტემურ დანაშაულს, არჩევნების სახელწოდებით, ექნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, დონალდ ტრამპისa და მისი გუნდის მხრიდან. ამერიკა სისტემურად უდგება თანამშრომლობას საქართველოსთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვულოცავ. ძალიან სერიოზული გამარჯვება მოიპოვა მან და დარწმუნებული ვარ, რომ, მათ შორის, ჩვენს რეგიონში ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.

თინა ბოკუჩავა იყო მიწვეული პირადად ტრამპის კანდიდატად წარდგენის დროს. მე იქ არ მინახავს არცერთი „ქოცი“ წარმომადგენელი, რადგან ჩვენ ორივე პარტიასთან თანაბარი პარტნიორობა გვაქვს. შეგახსენებთ, ზალკალიანი არ წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“. ზალკალიანი, რომელიც იქ შეიპარა და ჩუმად იჯდა, წარმოადგენდა საქართველოს, რადგან ჯერჯერობით ის ელჩია. „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი იქ არ იყო, ვერც იქნებოდა. გაგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე როცა ჩასული იყო ნიუ ორკში, ის შეეცადა ტრამპთან ან მის გუნდთან შეხვედრას და უარი უთხრეს ამაზე. აქ მოსვლამდე ტრამპის გუნდთან უკვე მქონდა კავშირი და მივულოცე გამარჯვება. სხვათა შორის, ბორის ჯონსონი, რომელიც ჩვენ გვისურვებს წარმატებას, არის ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მხარდამჭერი. ამით ყველაფერი მტკიცდება. ჩვენ არ ვარჩევთ ამერიკას პარტიებით. ჩვენს ხალხს ამერიკისგან აქვს სრული მხარდაჭერა, ამიტომ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება რუსული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი ამის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“მე არ გამხარებია ტრამპის მოგება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი” – გია ნოდია

პოლიტოლოგი, გია ნოდია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტრამპის გამარჯვება არ გახარებია.

“მე არ გამხარებია ტრამპის მოგება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი და ის არ შეესაბამება ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას.
მაგრამ მე რას ვფიქრობ ტრამპზე, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რატომ მისცა მას ხმა ხალხმა.
ხოდა, ამაზე მოკლე პასუხი მაქვს:
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
სამწუხაროდ, ამერიკელმა დემოკრატებმა (ან
“ლიბერალებმა”, როგორც მათ ამერიკაში ეძახიან) ეს ვერაფრით გაიგეს. ამიტომ დაიმსახურეს, რომ ყავდეთ ტრამპი”.- წერს პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძრას ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძრას ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
“მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს “მუხრანის სავანეში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასევე, დაშავდა 2 ბენეფიციარი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. დაშავებულები, მიხეილ სარჯველაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.
მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი.
ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება,” – წერია განცხადებაში.

ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონდებათ

ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრებ პირებს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუკანონდებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს 14 პირისთვის შესაბამისი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხი, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განიხილება დამატებით ათი პირის საკითხი.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ პირებს ფართები სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ არსებული საშინაო ვალის სანაცვლოდ უკანონდებათ, რასაც ისინი 1990-იან წლებში, შესაბამისი თანხის გადახდის მიუხედავად, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

„ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის N35 კორპუსში მცხოვრები პირებიც წარმოადგენენ ერთ-ერთი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს და მათ უფლებამონაცვლეებს, რომელთა წინაშეც სახელმწიფოს საშინაო ვალი აქვს აღიარებული. აღნიშნულ მისამართზე კოოპერატივს უნდა ჩაბარებოდა 72-ბინიანი სახლი, რომლის ძირითადი ნაწილი აშენდა და მასში ცხოვრობენ ამავე კოოპერატივის წევრები ან მათი უფლებამონაცვლეები. მათ 1990-იან წლებში გადახდილი აქვთ შესაბამისი თანხაც, თუმცა წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ თავიანთ მფლობელობაში არსებული ფართების დაკანონებას. ვაკის რაიონის გამგეობისა და ქონების მართვის სააგენტოს ერთობლივი მუშაობით, მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საშინაო ვალის სანაცვლოდ, აღნიშნულ პირებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საკუთრებაში გადაეცემათ ის საცხოვრებელი ფართები, რომელთაც ფაქტობრივად ფლობენ, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ასევე, აღნიშნული კორპუსები დაუსრულებელი იყო და ჩვენ ვაწარმოეთ ყველა საჭირო სამუშაო მათ დასასრულებლად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად და დარჩენილი პირებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხი მომდევნო მთავრობის სხდომებზე განიხილება.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა და მის შესასრულებლად თბილისის მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სრულად მოგვარდება.

„დავიწყეთ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ პირთა პრობლემის მოგვარება. ათეული წლებია, კონკრეტული ოჯახები ელოდებოდნენ ამ საკითხის მოგვარებას. 2017 წელს, როდესაც ქალაქის მერად ამირჩია მოსახლეობის უმრავლესობამ, მქონდა დაპირება, რომ ეს პრობლემა მოგვარდებოდა. 2 975 ოჯახი ფართებით უკვე დაკმაყოფილდა. დაახლოებით 600-მდე ოჯახი რჩება დასაკმაყოფილებელი. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული საკითხი მთლიანად მოგვარებული იქნება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. მადლობა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძეს. მეც მიხარია ამ ოჯახების სიხარული და ბედნიერება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას სოციალურ ქსელში X ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას. ამ არჩევანმა უნდა დააბრუნოს საღი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში და წერტილი დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა. მჯერა, რომ ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადატვირთვა უნდა მოხდეს ურთიერთპატივისცემის, საერთო ინტერესებისა და, რაც მთავარია, ნამდვილი საკაცობრიო ღირებულებების საფუძველზე“, – წერს პაპუაშვილი.

https://x.com/shpapuashvili/status/1854116939192238346

ელისაშვილს ცოტა „გაექცა“, ეს შეთანხმებული გადაწყვეტილება პირველად მოსამართლეს უნდა გაეჟღერებინა -კახა კალაძე

ელისაშვილს „ცოტა „გაექცა“, ეს შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიც პირველად მოსამართლეს უნდა გაეჟღერებინა, ალეკო ელისაშვილმა გააცნო საზოგადოებას. ყველაფერი ცხადი და ნათელია, ვინ როგორ მოქმედებს და როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება თუნდაც ამ კონკრეტულ საქმეში, ამ კონკრეტული მოსამართლის შემთხვევაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ალეკო ელისაშვილის მიერ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების წინასწარ გაჟღერების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, დღეს ოპოზიცია სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება და პოლიტიკური შოუების მოწყობით არის დაკავებული.

„ეს არის პოლიტიკური შოუს ნაწილი, რასაც ვხედავთ. ამ ადამიანებს როგორმე უნდათ, რომ სახე შეინარჩუნონ თავიანთ ამომრჩევლებთან. ჯერ ხომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ, ცრუ კამპანია ჰქონდათ – ვიგებთ, ვიგებთო, აზეიმეს ამ ხალხს გამარჯვება და რეალურად ჩვენ როდიდან მოყოლებული ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა დამაჯერებლად და ამის თქმის საფუძველს ქმნიდა ხალხის განწყობა. მე ასეთი განწყობა არ მახსოვს 2012 წლიდან მოყოლებული, როგორიც იყო ამ არჩევნებზე. შესაბამისად, ის განცხადებები და ქმედებები, რასაც ვხედავთ, გამოწვეულია იმით, რომ არიან სასოწარკვეთილები და იმ რეალურ მდგომარეობაში, რასაც იმსახურებენ და რაც მათი ბუნებრივი მოცემულობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს, ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები -ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის აკავშირებს პარტნიორობა, რომელიც 800 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

„გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს. ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები. ჩვენ გვაკავშირებს ჩვენი ხალხის ნამდვილი პარტნიორობა, რომელიც აერთიანებს 800 მილიონ მოქალაქეს. მოდით, ერთად ვიმუშაოთ ძლიერ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე, რომელიც მათ სარგებელს მოუტანს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას, ვაფასებ „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომისადმი მის ერთგულებას, რომელსაც შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოახლოება -ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, მოუთმენლად ელოდება ძლიერი ამერიკის ეპოქას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ტრამპთან შეხვედრას, რათა განიხილოს აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში! მახსენდება ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულების გზები.

ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომისადმი გლობალურ საკითხებში. ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოახლოება. იმედი მაქვს, ჩვენ ამას ერთად განვახორციელებთ.

მოუთმენლად ველოდებით ძლიერი ამერიკის ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინისადმი შეერთებული შტატების განგრძობად ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას.

დაინტერესებულები ვართ, განვავითაროთ ორმხრივად სასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორივე ერისთვის. უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, ერთგულია ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით.

მოუთმენლად ველოდები, რომ პრეზიდენტ ტრამპს პირადად მივულოცო და განვიხილო უკრაინის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას -შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას.

„ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს მტკიცე ალიანსი და ისტორიული კავშირი აქვთ. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას. ევროკავშირი გააგრძელებს თავის კურსს სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად, როგორც ძლიერი, ერთიანი, კონკურენტუნარიანი და სუვერენული პარტნიორი, და დაიცავს წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სისტემას“, – წერს შარლ მიშელი.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.