Home Blog Page 35

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანი ჩეჩნეთისგან რაიმე სახის დახმარების მიღებას არ აპირებს

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანი ჩეჩნეთისგან რაიმე სახის დახმარების მიღებას არ აპირებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

მანამდე, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რამზან კადიროვის მითითებით, ისინი მზად არიან, ფინანსური და სხვა სახის დახმარება გაუწიონ თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპულთა და დაშავებულთა ყველა ოჯახს, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა.

როგორც აზერბაიჯანულ მედიას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქვეყანას დახმარება არ სჭირდება და არ მიიღებს.

„აზერბაიჯანს დახმარება არ სჭირდება. ასეთ დახმარებას არც სახელმწიფო მიიღებს და არც მოქალაქეები. ჩვენ ვუწევთ და გავაგრძელებთ საჭირო დახმარებას ჩვენს მოქალაქეებს. აზერბაიჯანი ფაქტის აღიარებას, ბოდიშის მოხდას და შესაბამისი კომპენსაციის გადახდას ითხოვს”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

თვითმფრინავის შავი ყუთი უკვე აღმოჩენილია და მიმდინარეობს პროცედურები მის გასაანალიზებლად საერთაშორისო საავიაციო კონვენციების შესაბამისად. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება კატასტროფის მიზეზებზე. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, საბოლოო დასკვნები გაკეთდება ყველა საჭირო კვლევისა და მონაცემთა ანალიზის დასრულების შემდეგ.

,,ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია”- კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, მოსაზრება, რომ მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, ჩვეულებრივი სპეკულაციაა.

როგორც კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განაცხადა, სოფრომაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მისი გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში აღარ იდგა.

„ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, იყო ხელშეკრულებით და ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის უშუალოდ მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე. დღეს, ყველა ამ პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი მუშაობის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ხელშეკრულება დასრულებულია და გაგრძელების საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში. ეს არის მარტივად. დანარჩენი, ვისაც რა სპეკულაციები უნდა, მისი უფლებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიაში დასაქმებულებისთვის განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამოთქმა არასდროს შეუზღუდავთ.

„ჩვენ არავინ შეგვიზღუდავს. უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, აქციებზეც დადიოდა, პოლიტიკურ განცხადებებს და შეფასებებს აკეთებდა. ამის ნათელი მაგალითი არის თუნდაც ნიკა გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი თანამშრომელი იყო. ჩვენ თუ ისეთი მიდგომები გვქონდა, რომ პოლიტიკურად განსხვავებულ აზრს ვდევნიდით, მაშინ ამ ადამიანებსაც გავუშვებდით სამსახურიდან, მაგრამ არ გვქონია ეგ დამოკიდებულება. თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა. ის, რაც გააკეთა საჯარო სამსახურების ზოგიერთმა თანამშრომელმა, იყო ძალიან მძიმე, იმიტომ, რომ შენ შეგიძლია საკუთარი სახელით ნებისმიერი მოსაზრება გამოხატო, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებ კოლექტიურად, საჯარო სამსახურის სახელით, აბულინგებ შენს თანამშრომლებს, აყენებ შეურაცხყოფას, რომ მოაწერონ ხელი. ამის მტკიცებულებები არსებობს. პიროვნულად ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, სად მუშაობს, შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

,,გამოვრიცხავ სასახლიდან არ გამოსვლის საკითხს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული”- კახა კალაძე


„არ მგონია, ინაუგურაციის შემდგომ პერიოდს რაიმე სახის ესკალაცია მოჰყვეს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ასეთ სისულელეს არავინ ჩაიდენს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან 29 დეკემბერს დაგეგმილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანას ჰყავს ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნების წესით არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის სახით. 

„საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და ღირსეულ ევროპულ მომავალს. ხელისუფლებამ აირჩია პრეზიდენტი, ჩატარდა არჩევნები ღიად, გამჭვირვალედ. რა თქმა უნდა, 29-ში შედგება ინაუგურაციის ცერემონიალი,  რადგან ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის სახით. რაც მთავარია, ის არის პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი.

მნიშვნელოვანია ის, რომ ყაველაშვილი გარედან არ იმართება, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან. ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს იმას, რომ მან უნდა დაამარცხოს „დიპ სტეიტი“. ეს საუბრები მოგონილი არ არის. არის კონკრეტული ძალები და ჯგუფები, ვისაც თავიანთი ხედვები აქვს, რაც ძალიან მძიმეა. არამხოლოდ ჩვენთვის არის დამაზიანებელი და მხოლოდ ჩვენთან კი არ არის ლიბერალური ფაშიზმი, არამედ ეს გაბატონებულია ევროპაშიც. ზოგადად მსოფლიოს გადალაგება უნდა მოხდეს და ყველაფერი დამშვიდდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება კითხვას სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტის სასახლიდან გამოსვლას არ აპირებს, ხოლო ოპოზიციის წევრების განცხადებებს, რომ მას ფიზიკურად დაიცავენ, კახა კალაძის თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ასეთი ნაბიჯის გადადგმა არავის უნდა უნდოდეს.

„არ მგონია, რომ რაიმე სახის ესკალაცია ან სიტუაციის გართულება მოჰყვეს ინაუგურაციის შემდგომ პერიოდს. გამოვრიცხავ სასახლიდან არ გამოსვლის საკითხსაც და ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 15 წლამდე პატიმრობას. ვის უნდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა?  დარწმუნებული ვარ, ასეთ სისულელეს არავინ ჩაიდენს. ჩვენ გვესმის პროტესტიც, განსხვავებული შეხედულებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მშვიდობიან ფორმებში უნდა გამოიხატებოდეს. დღეს, საქართველოს ხელისუფლება არ არის შევარდნაძის ან სააკაშვილის დროინდელი მთავრობა. არამედ ხელისუფლება თავისი ინსტიტუტებით არის ძლიერი. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. განსხვავებული მოსაზრების გამოხატვა ყველას მშვიდობიანი ფორმით შეუძლია. როგორც კი კანონის ჩარჩოებს გასცდება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

,,ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ფუჭი კამპანიების წარმოებისგან”- პრემიერი

ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ფუჭი კამპანიების წარმოებისგან, ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი, ერთადერთი რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენც ბევრი რამ გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის განცხადებაზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როცა კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, მისი განცხადებები საზოგადოებისთვის აღარ არის რელევანტური.

„ხშირად ჩვენ ვხედავთ ხოლმე, როდესაც ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ ჩინოვნიკის მხრიდან, მერე იკვეთება კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში მე ამას დიდი ყურადღებას არ მივაქცევდი. მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი, პირველ რიგში ისწავლა ის, რომ არც ერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. გახსოვთ, რომ ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც კი ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება, რადგან საზოგადოებისთვის მთავარია, რა არის სიმართლე. როცა ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან, ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი, ერთადერთი, რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენც ბევრი რამ გავაკეთეთ. იმიტომ გაააქტიურეს კონკრეტული რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენი ხელი არის გაწვდილი, ჩვენ ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობების, რომელიც არ არის დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები, ეს შედის ორივე ქვეყნის, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის” დაბრუნებიდან, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება”- ირაკლი კობახიძე

არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის” დაბრუნებიდან, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, გაუგებარია, როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა.

„ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თვითონ არიან ამ პრაგმატული პოლიტიკით მოსარგებლეები. აქ ჩანს, რომ მათ აქვთ უბრალოდ პოლიტიკური მიკერძოება და ეს პოლიტიკური მიკერძოება არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. თან რუსეთში ვაჭრობენ და თან არ გმობენ მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც არის მოთხოვნილი რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ერთადერთ რამეზე შეიძლება მიანიშნებდეს ასეთი ორმაგი სტანდარტი, მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, მათაც, ისევე, როგორც დანარჩენ 750 000 ამომრჩეველს, სურდათ, ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა”, რასაც ვერ მიაღწიეს და ახლა ამ იმედგაცრუების გამო ორმაგი სტანდარტებით საუბრობენ. როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში, ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი, თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა, არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის” დაბრუნებიდან, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ბიზნესის თავისუფლება ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად უზრუნველყოფილი”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – 4-დან 3-მა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2-მა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები, თებერვალში, შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში

4-დან 3-მა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2-მა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მანამდე “ლელომ” მიიღო ცესკოში თანამდებობა, შესაბამისად აღიარა არჩევნების შედეგები.

„რეალურად, ყველა ხედავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა არის დარწმუნებული, უბრალოდ მათ დაიწყეს გარკვეული თამაში პატრონების დავალებით, უნდა ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით, თუმცა ესეც ჩავარდა. ახლა წავა განსხვავებული პროცესი. თებერვალში, მე მგონია, რომ შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში, როდესაც გაიხსნება მომდევნო საპარლამენტო სესია. 

მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ეს პარტიები საკუთარმა პატრონებმა და ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრულობა, რაც არის დღეს აშკარად სახეზე. ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები ამბობენ სხვას, არის სრული შეუთანხმებლობა მათ შორის. ერთი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა აღიარა. ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული  ნაბიჯების შედეგი, რაც მათი მხრიდან გადაიდგა. მათ სცადეს რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით, ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებული. ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების  მიზეზი”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, არ ჩაიდინოს დანაშაული, ცუდი სურათი იქნება, რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა” ირაკლი კობახიძე

ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ცუდი სურათი იქნება მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„სალომე ზურაბიშვილის და სხვა შესაბამისი პირების გაფრთხილება არის ჩვენი მოვალეობა. ეს არის არა მარტო ჩვენი უფლება, არამედ მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია. ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი. ძალიან ცუდი სურათი იქნება, ჩვენ რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი, ეს შეიძლება, აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს, შეიძლება, მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი. ესეც ქვეყანას არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ისინი უხერხულ და დისონანსის პროცესში არიან შესულები“- ვახტანგ ჩოჩია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია ოთხიდან სამი ოპოზიციური პარტიის მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღებას აფასებს.

„ისინი აგრძელებენ იმ სიცრუის ნარატივს, რომლითაც ცდილობენ, რომ საზოგადოების მანიპულაცია მოეხდინათ. ისინი ამბობენ და აცხადებენ, რომ არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმაციას, თუმცა, აღიარებენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ლეგიტიმურობას, რომლებსაც თავად პარლამენტი ანიჭებდ ამ ლეგიტიმურობას. შესაბამისად, უხერხულ და დისონანსის პროცესში არიან შესულები“, – განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ არჩევნებზე მიღებული ხმები ფაქტობრივად აღიარეს. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს მიიღებენ.

,, როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ”- მამუკა ხაზარაძე

როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, – ასე უპასუხა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრ ნიკა გვარამიას განცხადებას.

„ამ ძალიან მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პერიოდში ამ თემაში შეყოლას არ ვაპირებ, მაგრამ უნდა ითქვას…
პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი “ქოცური” ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა “ოცნების” “მესიჯბოქსში” და სცენარში მონაწილეობა.
ახლა გეტყვით ჩვენს პოზიციას – ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია. რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები
დაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ.
პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს.
P.S. როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა “ოცნების”
“მესიჯბოქსით” საუბრობ, დაე ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს.
ან, ვის აწყობს ახლა “ოცნების” მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!“, – დაწერა სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძემ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს – ცესკო

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“.

დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქვეყანაში სიმშვიდეს შევინარჩუნებთ, ეკონომიკური ზრდა უფრო მეტად დაჩქარდება, ოთხი წლის თავზე ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავა -ირაკლი კობახიძე

ეკონომიკური თვალსაზრისით 2025 წელი იქნება ძალიან კარგი, არანაკლებ კარგი, ვიდრე იყო წინა წლები ამ ოთხი წლის მანძილზე და ვფიქრობ, ეკონომიკური ტემპების, დამატებით გაზრდაც შეგვიძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპონენტების აზრი, რომ 2025-ში ვითარება უფრო გამძაფრდება და ეკონომიკა წავა უკან, მხოლოდ მათი ოცნებებია, რომლებსაც ახდენა არ უწერია.

„მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ყველა კუთხით. ერთი, რომ ჩვენი სურვილია ურთიერთობების გადატვირთვა და ამის რესურსი არსებობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ მალე დასრულდება უკრაინაში ომი. ვფიქრობ, წინ ვერაფერი დაუდგება ურთიერთობების გადატვირთვას და ჩვენ ამისთვის ვართ თავიდან ბოლომდე მზად. რაც შეეხება ეკონომიკას, ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის ოთხი მცდელობა და ამის მიუხედავად ჩვენ 40 მილიარდით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა. პირველ ადგილზე გავედით ეკონომიკური ზრდით, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. აქ ველოდებით ჩვენ მეტ სიმშვიდესაც 2025 წელს და რა თქმა უნდა, ეს დამატებით ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ სტიმულირებას ეკონომიკისთვის.

შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით 2025 წელი იქნება ძალიან კარგი, არანაკლებ კარგი, ვიდრე იყო წინა წლები ამ ოთხი წლის მანძილზე. ვფიქრობ, რომ დამატებით გაზრდაც შეგვიძლია ეკონომიკური ტემპების. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, რომელიც არის უკვე დაწყებული, ან ძალიან მალე დაიწყება. ძალიან მასშტაბურ პროექტებზე ვმუშაობთ, ეს ეხება იგივე აეროპორტის პროექტს, საუნივერსიტეტო რეფორმას და ა.შ. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული ძვრები. ოთხი წლის თავზე ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავა. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ამას, ოთხი წლის თავზე ქვეყანა იქნება განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე და დონეზე და მომავალი წელი იქნება ძალიან კარგი რესტარტი ამისთვის. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ბევრად უფრო რთული წლები გამოვიარეთ გასული ოთხი წლის მანძილზე. მშვიდობას აუცილებლად შევინარჩუნებთ, სიმშვიდეს შევინარჩუნებთ ჩვენს ქვეყანაში და ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამისთვის კონკრეტული გეგმა გვაქვს გაწერილი ჩვენს სამთავრობო პროგრამაში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი თავიდან ბოლომდე პირნათლად შესრულდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.