Home Blog Page 35

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 ნოემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7280 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9677 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9738 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.

ზელენსკის უკრაინის ომში პოლონეთის ჩართვა სურს -პოლონეთის ვიცე-პრემიერი

პოლონეთის ვიცე-პრემიერი კშიშტოფ გავკოვსკი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ომში პოლონეთის ჩათრევა სურს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვარშავას მოუწოდა, პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს რუსული რაკეტებისა და დრონების განადგურებაში კიევს დაეხმაროს.

ამ მოთხოვნის გამო, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მეტად ღირსეული განცხადებები უნდა გააკეთოს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან ეხმარება.

 ოპოზიციამ სერიოზულად შეირცხვინა თავი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე -გია ვოლსკი

ოპოზიციამ სერიოზულად შეირცხვინა თავი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ყველანაირად დასტურდება, რომ არჩევნებში არანაირი გაყალბება არ მომხდარა.

„შეიძლება ცალკეული გადაცდომები არსებობდა, რასაც, რასაკვირველია, არჩევნების შედეგებზე არავითარი გავლენა არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მცდელობაა, როგორმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელსა და აქციის მონაწილეს შორის ისეთი შეჯახება მოხდეს, რაც დესტრუქციულ სუბიექტებს საშუალებას მისცემს, რომ დაპირისპირება საერთაშორისო ფორმატებში გადაიტანონ. მათი აზრით, აქ გარკვეული მხარდაჭერა ექნებათ და დაუბრუნდებიან გეგმას, რასაც რევოლუციის გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქვია. ეს არის მათი ამოცანა და ფორმულა. ჩვენი ვალია, აქციებში მონაწილე ახალგაზრდები გავაფრთხილოთ – მათი მცდელობა, რაღაც უსამართლობას წინააღმდეგობა გაუწიონ, შეიძლება გულწრფელი იყოს, მაგრამ უსამართლობა არ მომხდარა და არჩევნები დასრულდა იმ შედეგით, რაც ცესკო-მ გამოაქვეყნა და რაც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არის მხარდაჭერილი.

ყველანაირი უზნეობის, უტიფრობისა და უმსგავსობის დაშვებას ველოდები. ვერავინ იტყვის, რას მოიგონებენ და რა გზით გააგრძელებენ აქტივობას ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები. ოპოზიციამ სერიოზულად შეირცხვინა თავი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა შინაარსი, სასამართლოს საიდუმლოება დარღვეულია -თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა და გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში ისაუბრა გადაწყვეტილების შინაარსზე.

შარმანაშვილის განმარტებით, ელისაშვილმა 20 საათსა და 58 წუთზე და 21 საათსა და 11 წუთზე ორ ტელეკომპანიას მისცა ინტერვიუ, რა დროსაც თქვა, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შეაქო მოსამართლე ასეთი გადაწყვეტილებისთვის.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ზემოხსენებული მოწმობს, რომ პროცესი იყო პოლიტიკურად მოტივირებული და დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება.

„22 საათსა და 8 წუთზე დაიწყო მოსამართლემ ამის გამოცხადება, ანუ ერთი საათის შემდეგ. თუ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი არ იყო, პოლიტიკოსებმა საიდან იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ. აქ ხომ აშკარად დარღვეულია სასამართლოს თათბირის საიდუმლოება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გაუქმდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 7 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები.

“სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სააპელაციო სასამართლოსთან დაანონსებულია აქცია, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად-ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოსთან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად არის მობილიზებული პოლიცია, რადგან ადგილზე დაანონსებულია აქცია.

„როგორც მოგეხსენებათ, დაანონსებული არის აქცია სააპელაციო სასამართლოსთან. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის რაოდენობასთან დაკავშირებით პირადად ვიღებთ გადაწყვეტილებას და საჭიროებისამებრ გამოგვყავს ხოლმე. სასამართლოს შენობაა, მიმდინარეობს პროცესები და რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია, დაძაბულობა, პოლიციელები იქნებიან ადგილზე, რათა მშვიდად წარიმართოს სასამართლო პროცესები“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

ამასთან, ვაჟა სირაძე განმარტავს, რომ კანონმდებლობით აკრძალულია სასამართლო და სხვა სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება, ასევე, მისი ფუნქციონირების შეფერხება.

„აქციის მონაწილეებმა და მათმა ორგანიზატორებმა აღნიშნული კანონი კარგად იციან და თუ მოხდა მსგავსი რამ, პოლიცია მოუწოდებს მათ კანონის დაცვისკენ.  საუბარი იყო აგრეთვე გზასთან დაკავშირებით, პოლიცია გარეთაც მობილიზებულია ასევე იმისთვის, რომ თავისუფლად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილებაც და არ მოხდეს სიტუაციის დაძაბვა“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

რაც შეეხება მარშალ გელოვანის გზის ნაწილის გადაკეტვას, ვაჟა სირაძის თქმით, გზის სივიწროვიდან გამომდინარე, ვინაიდან ფიზიკურად გადაადგილება შეუძლებელი იყო, მოხდა ამ მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვა.

ცნობისთვის, ოპოზიციას დღეს სპორტის სასახლესთან ჰქონდა დაგეგმილი აქცია, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააპელაციო სასამართლოს წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა განეხილა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოსთან გადაინაცვლეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, სარჩელის განხილვა გადაიდო.

ნებისმიერი პარტია იქნება, კონკრეტული პიროვნება თუ რაიმე დაჯგუფება, აზრის გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა ფორმით ყველას აქვს-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კანონის ფარგლებში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს. ამის შესახებ მან ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„ვხედავთ, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და ვინ არიან, თუმცა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით, ნებისმიერი პარტია იქნება, კონკრეტული პიროვნება თუ რაიმე დაჯგუფება, ყველას აქვს. მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში იყოს. ოპოზიციის ეს კონკრეტული განცხადებებიც მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომელსაც ოპოზიცია აპროტესტებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მათ რეალურად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, არჩევნებში მარცხი კი ყველას დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.

„რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. ცდილობენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, რადგან მთელი კამპანიის განმავლობაში საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ იგებდნენ, კარგი პოზიციები ჰქონდათ, გაყალბებულ კვლევებს აჩვენებდნენ, გაყალბებული ეგზიტპოლები წარუდგინეს საზოგადოებს. შემდეგ გამოვიდნენ და ყველას და ყველაფერს დააბრალეს არჩევნების წაგება. ხალხს ლანძღავდნენ, თავიანთ ამომრჩეველს, „ჯენზის“ აყენებდნენ შეურაცხყოფას, თითქოს ახალგაზრდებმა წააგებინეს არჩევნები. საკუთარი თავის გარდა, ყველას და ყველაფერს დააბრალეს. რაიმე მტკიცებულება თუ აქვთ, ვიდრე პროკურატურაში მიიტანენ, ხალხსაც აჩვენონ და წარუდგინონ, იქნებ საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

არჩევნებში მარცხი ყველას დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა – კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, კანონის ფარგლებში, აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს. ამის შესახებ მან ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

კალაძის შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი.

„ვხედავთ, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და ვინ არიან, თუმცა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ქვეყანაში, სხვადასხვა ფორმით, ნებისმიერი პარტია იქნება, კონკრეტული პიროვნება თუ რაიმე დაჯგუფება, ყველას აქვს. მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში იყოს. ოპოზიციის ეს კონკრეტული განცხადებებიც მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომელსაც ოპოზიცია აპროტესტებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მათ რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, არჩევნებში მარცხი კი ყველას დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.

„რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. ცდილობენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, იმიტომ, რომ მთელი კამპანიის განმავლობაში საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ იგებდნენ, კარგი პოზიციები ჰქონდათ, გაყალბებულ კვლევებს აჩვენებდნენ, გაყალბებული ეგზიტპოლები წარუდგინეს საზოგადოებს. შემდეგ გამოვიდნენ და ყველას და ყველაფერს დააბრალეს არჩევნების წაგება. ხალხს ლანძღავდნენ, თავიანთ ამომრჩეველს, „ჯენზის“ აყენებდნენ შეურაცხყოფას, თითქოს, ახალგაზრდებმა წააგებინეს არჩევნები. საკუთარი თავის გარდა, ყველას და ყველაფერს დააბრალეს. თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ, სანამ პროკურატურაში მიიტანენ, ხალხსაც აჩვენონ და წარუდგინონ, იქნებ საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი“, – აღნიშნა კალაძემ.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება მორიგი დისკრედიტაციული კამპანიის შესახებ

გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. დაინტერესებული მხარეები უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით.

მას შემდეგ რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ პასუხი გასცა ყველა იმ მანიპულაციურ ინფორმაციასა თუ ბრალდებას, რაც საარჩევნო პროცესთან მიმართებაში არჩევნების დღიდან ამ დრომდე გაჟღერდა, დაინტერესებული მხარეები კონკრეტული პერსონების ბრალეულობაზე იწყებენ საუბარს. საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, მათ შორის ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუსაბუთებელი ბრალდებებით ამჯერად ცესკოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და ირწმუნებიან, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ამ კამპანიაში ჩართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები მხოლოდ ზეპირსიტყვიერი, უსაფუძვლო ბრალდებებით შემოიფარგლებიან და ინფორმაციით მანიპულირებენ.  

საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც ყოველთვის მოწოდებულია უზრუნველყოს გამჭვირვალობა და საზოგადოების ზუსტი ინფორმირება არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამ სულისკვეთებით, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით მათ, ვინც ამტკიცებს რაიმე სახის გადაცდომას, წარუდგინონ თავიანთი მტკიცებულებები შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. ამის გაკეთება არა მხოლოდ საფუძვლიანი შემოწმების საშუალებას იძლევა, არამედ პატივს სცემს სამართლებრივ და დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც დაწესებულია ამგვარი პრეტენზიების განსახილველად.

ასეთი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, ამ ბრალდებების ავტორთა მიზნები საეჭვო ხდება. დასაბუთების გარეშე, ეს პრეტენზიები საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის შელახვის საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, უსაფუძვლო ბრალდებები შეიძლება ემსახურებოდეს პოლიტიკურ ინტერესებს, რომლის მიზანსაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებზე და თანამშრომლებზე უსამართლო ზეწოლის განხორციელება წარმოადგენს.

თუ მიზანი ნამდვილად არის დემოკრატიული პრინციპების დაცვა, მაშინ პრიორიტეტი უნდა იყოს გამჭვირვალობა, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა და სათანადო პროცესის პატივისცემა. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ღია და ერთგული ნებისმიერი ჭეშმარიტი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამოძიების მიმართ და თვლის, რომ შეცდომაში შეყვანისა და დისკრედიტაციის მცდელობები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან და სამართლიანი არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას ისახავს მიზნად.

ამასთან, ყველას შევახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის ეუთო/ოდირის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI), „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO),  „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისათვის“ (EPDE)  მიერ არჩევნების ადმინისტრირება დადებითად შეფასდა. ასევე, დადებითად არის შეფასებული წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ  განხორციელებული არაერთი საქმიანობა.

ვიქტორ ორბანი საქართველოში: „როცა არჩევნებში იმარჯვებენ კონსერვატორები, [ბრიუსელელი ნეოლიბერალები] დემოკრატიას ეჭვის ქვეშ აყენებენ – Hungarian Conservative

ჟურნალ „უნგრელი კონსერვატორის“ (Hungarian Conservative) ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვიქტორ ორბანი საქართველოში: „როცა არჩევნებში იმარჯვებენ კონსერვატორები, [ბრიუსელელი ნეოლიბერალები] დემოკრატიას ეჭვის ქვეშ აყენებენ“ (ავტორი – ლილი ზემპლენი).

ვრცელ პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ერთმანეთთან არის შედარებული მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიღებული ხმების რაოდენობა. ავტორი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნების ოფიციალრად გამოცხადებულ შედეგებს და ანტისამთავრობო დემონსტრაციებს აწყობს. ამ ფონზე ფართოდ არის გაშუქებული უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მეორე დღეს ჩამოვიდა თბილისში და ქვეყნის ხელმძღვანელებს შეხვდა. სტატიაში ხაზგასმულია უნგრელი პრემიერ-მინისტრის განცხადება საქართველოს პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: „ლიბერალები თუ იმარჯვებენ, ბრიუსელში ამბობენ, რომ ეს არის დემოკრატია, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია“.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„ბევრმა ვიქტორ ორბანის ყოფნა პატარა კავკასიურ სახელმწიფოში სოლიდარობის ვიზიტად შეაფასა, რადგან ცნობილია, რომ ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ მწვავედ აკრიტიკებს. თუმცა მისი ვიზიტი უფრო მეტს ნიშნავს: ბუდაპეშტი დიდი ხნის განმავლობაში უჭერდა და უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირის წევრად მიღებას და მაღალ დონეზე აფასებს მთავრობის მცდელობას ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის თვალსაზრისით. ვიქტორ ორბანი ასევე დაინტერესებულია ამბიციური პროექტის – ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაში კავკასიიდან ევროპაში – რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის და რომელიც შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგია მიიღონ.

უნგრეთსა და საქართველოს შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობებს საკმაო ხნის ისტორია აქვს. რამდენიმე წელია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული მთავრობის პრემიერ-მინისტრები ბუდაპეშტში გამართული ტრადიციული „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციებში იღებენ მონაწილეობას.

რატომ თვლის ბრიუსელი საქართველოს ევროკავშირისათვის „უღირს ქვეყნად“

ბოლო დროს „ქართულმა ოცნებამ“ დასავლურ და კერძოდ, ევროპულ პრესაში ბევრი ნეგატიური ნეგატიური შეფასება დაიმსახურა იმის გამო, რომ მმართველი პარტია იცავს ქვეყნის ერთგულებას ქრისტიანული რელიგიისადმი და სოციალურად კონსერვატიულ პოლიტიკურ კურსს ატარებს. სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მიიღო საქართველოს პარლამენტმა კანონი „ლგბტ“ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს აგრეთვე იმის გამოც, რომ ხელისუფლება უცხოური ჩარევისა და გავლენის წინააღმდეგ გამოდის, ამიტომაც საქართველოს ბრიუსელი ევროკავშირისათვის „უღირს ქვეყნად“ მიიჩნევს – ამას წინათ მისი, როგორც კანდიდატი ქვეყნის წევრად მიღების პროცესი შეაჩერა. თავის მხრივ, საქართველო არ ცვლის მიზანს და 2030 წლისათვის ევროკავშირის წევრად მიღებას გეგმავს.

თუ რატომ არის საქართველო დასავლეთის კრიტიკის ეპიცენტრში, ამაში რუსეთ-უკრაინის ომიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თბილისი აქცენტირებს პრობლემის დიპლომატიურ მოგვარებაზე და უარს აცხადებს ანტირუსული სანქციების მხარდაჭერაზე. მმართველი პარტიის დამაარსებელს, წარმატებულ ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყანამ თავი უნდა აარიდოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩაბმას, რომელსაც ოპოზიცია – „გლობალური ომის პარტიის“  მხარდამჭერი – ითხოვს მთავრობისაგან.

დასავლურ მეინსტრიმს აყოლილი ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამოც აკრიტიკებს, მაგრამ ეს გადაჭარბებულია: კრემლისადმი დაქვემდებარება არაპოპულარული იდეაა იმ ქვეყნისათვის, რომელსაც კარგად ახსოვს 2008 წლის რუსეთთან ომის შედეგები. უბრალოდ, „ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს ყველა მეზობლის, მათ შორის რუსეთის მიმართაც. საქართველო-რუსეთის კავშირები უმთავრესად ეკონომიკურ ურთიერთობებში გამოიხატება (ვაჭრობაში, ტურიზმში, სახმელეთო და ავიამიმოსვლაში), პოლიტიკურ-დიპლომატიური კი გაწყვეტილია“.

წყარო

ერთმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფარულობა დარღვეული იყო – ამის საპირწონედ 22 მოსამართლე და გადაწყვეტილება დგას, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს – პაპუაშვილი

ერთმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფარულობა დარღვეული იყო – ის, რომ გუშინ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ 22 მოსამართლე და გადაწყვეტილება დგას, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს,- ასე გამოეხმაურა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ოცდასამივე წავა სააპელაციო სასამართლოში და სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

„იცით, რომ საია იყო ამ საკითხზე მომჩივანი. ხაზი უნდა გაესვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არჩევნების დღეს არცერთი საჩივარი არ დაწერილა. რაიმე განცხადება არ მოგვისმენია, მხოლოდ მეხუთე დღეს გაახსენდათ. ყველა საბაბს მათი მხრიდან პასუხი რომ გაეცა, რაც მოიფიქრეს ეს საკითხი იყო. კონკრეტული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. მათ შორის, არც სასამართლო პროცესზე. რამდენადაც თვალყურს ვადევნებდი კონკრეტული მოქალაქე, თუ ამომრჩეველი, რომლის საჩივარიც ამის უკან იქნებოდა, არ არსებობდა. ზოგადად გაასაჩივრეს ყველგან, მოჭრილად. ოცდასამმა სასამართლომ, თუ მოსამართლემ განიხილა ეს საჩივარი სხვადასხვა რაიონში, ოცდაორმა ჩათვალა, რომ არ იყო ფარულობა დარღვეული, ერთმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფარულობა დარღვეული იყო. ოცდასამივე წავა სააპელაციო სასამართლოში, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ის, რომ გუშინ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ 22 მოსამართლე და გადაწყვეტილება დგას, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს. ამის უკან დგას ასევე საღი აზრი. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, რომ ასეთი რაიმე ითვლება ფარულობის დარღვევად, მაშინ გასაუქმებელია მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნები, ლიეტუვის პარლამენტის არჩევნები, პოლონეთის და სხვა ქვეყნის. თუ ასეთ ლოგიკას განვავითარებთ, ვხედავთ, რომ არც კონვერტია გამოყენებული, ჩვეულებრივად გამოაქვთ ბიულეტენი, შემოხაზული, გამჭვირვალე თუ ნახევრად გამჭვირვალე ყუთში აგდებენ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, ჩამოყალიბდნენ მოსწონთ თუ არა სასამართლო სისტემა.

„ოპოზიციას ერთ რაიმეს მოვუწოდებ, ჩამოყალიბდნენ სასამართლოზე, ან მოსწონთ, ან არ მოსწონთ ეს სასამართლო. ან სამართლიანია, ან უსამართლო. როდესაც მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა, მაშინ პირდაპირ გმირად გამოჰყავთ ადამიანი, როდესაც არ მოსწონთ გამოჰყავთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებად“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. როგორც ხუჭუამ განმარტა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს აქციაზე – შალვა პაპუაშვილი

გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს აქციაზე. დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩაში სეირნობაზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუკის ფერებზე ცდილობენ საკუთარი მხარდამჭერების გაღიზიანებას, თუმცა ესეც არ გამოუვიდათ.

„რუკაზე, დიახ, აფხაზეთი და ცხინვალი არის გამოსახული როგორც ფაქტობრივი იურისდიქციის განხორციელების ქვეშ არ მყოფი ტერიტორიები. ზუსტად იმ ხალხის წყალობით, ვინც გუშინ ასე პათეტიკურად უშვებდა დროშას ეკრანზე და დროშის ქვეშ იდგა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა, რომ ეს ორი ტერიტორია დღეს ოკუპირებულია, მათ შორის კოდორი და ახალგორი, რომელზეც 2008 წლამდე სრულად ხორციელდებოდა საქართველოს იურისდიქცია. ამაზე აგონ პასუხი და შემდეგ ისაუბრონ რუკის ფერებზე, რომლითაც ცდილობენ საკუთარი მხარდამჭერების გაღიზიანებას, თუმცა ესეც არ გამოუვიდათ. გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით რომელიც დაინახეს ბოლოს აქციაზე. ნახეთ, ბოლოს დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩაში სეირნობაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.