Home Blog Page 35

„ავერსის კლინიკამ“ ლაბორატორიის ახალი ფილიალი გახსნა

7 ოქტომბერს „ავერსის კლინიკამ“ ოფიციალურად გახსნა მაღალტექნოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია.

„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ანალიზატორებით, რაც უზრუნველყოფს პროცესების ცენტრალიზაციას, ავტომატიზაციასა და სიზუსტეს. ავტომატიზაცია გულისხმობს ლაბორატორიული ამოცანების შესრულებას ისეთი ნატიფი ტექნოლოგიებისა და სისტემების გამოყენებით, რომლებიც ადამიანის მინიმალურ ჩარევას მოითხოვს.

„ავერსის კლინიკა“ პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც ლაბორატორიის საქმიანობაში რობოტები ჩართო: რობოტ-ოფიცრებს ანას და ლიზას საანალიზო ნიმუშები სწრაფად მიაქვთ ლაბორანტამდე.

„ავერსის კლინიკის“ პირველი ლაბორატორია 2007 წელს გაიხსნა. დღეს მას მთელ საქართველოში 30 ფილიალი აქვს.

2013 წელს „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიას მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი ISO9001, ხოლო 2014 წელს მან, პირველმა საქართველოში, გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტის ISO15189-ის მიხედვით.

„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია მულტიპროფილურია. აქ ტარდება ყველა მიმართულების 500-ზე მეტი კვლევა და ყველა ეს კვლევა აკრედიტაციის სფეროს ნაწილია. ლაბორატორიაში დანერგილია და წარმატებით სრულდება ისეთი კვლევებიც, რომლებიც აქამდე საქართველოს ლაბორატორიებში არ ტარდებოდა და რომელთა ჩასატარებლადაც მასალა იგზავნებოდა საზღვარგარეთ.

მაღალტექნოლოგიური ცენტრალური ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით „ავერსის კლინიკა“ იწყებს კამპანიას „გააანალიზე შენი ჯანმრთელობა“.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა ანალიზით იწყება. „ავერსის კლინიკა“ ზედმიწევნით აანალიზებს მომხმარებელთა საჭიროებებს. სწორედ ამ ანალიზის შედეგია ზუსტი დიაგნოსტიკა, რაც გამოჯანმრთელების წინაპირობაა.

როგორ შეიძლება 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? – ამ ქვეყნად არ ხართ თქვენ – კახა კალაძე

როგორ შეიძლება 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? ამ ქვეყნად არ ხართ თქვენ… ხალხთან ვერ მიდიან შესახვედრად, რადგან იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ. რა ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ, წარმოუდგენელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პროცესზე საუბრობენ, რეალობას მოწყვეტილები არიან, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.

„როგორ შეიძლება, 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? ამ ქვეყნად არ ხართ თქვენ… ხალხთან ვერ მიდიან შესახვედრად, რადგან იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ. რა ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ, წარმოუდგენელია. სჯობს, რეალობაში დაბრუნდნენ და ყველაფერი აღიქვან, როგორც არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტმოქმედებით იყო დაკავებული.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ „ქართულ ოცნებას“? თქვენ კი გინდათ, რაღაცები შეადაროთ, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. 2024 წელია, ქვეყანა განვითარდა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ქვეყანაში დემოკრატიაა, გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. როგორ შეიძლება, შეადარო 2012 წლის „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“? რას შვრებოდნენ მაშინ? ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, ამას ვამბობ სრული გულწრფელობით და პასუხისმგებლობით; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფეხქვეშ ჰქონდათ გათელილი, სულში აფურთხებდნენ ადამიანებს; ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს; ციხეებში რას აკეთებდნენ… როგორ შეიძლება, შეადარო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ის ბოროტმოქმედები დღევანდელ ხელისუფლებას? ყველაზე მძიმე მოღალატეობრივი ქმედება – 2008 წელს შემოიყვანეს რუსული ჯარი და ჩააბარეს ტერიტორიები. ამ ყველაფერზე მათ მოუწევთ პასუხისგება. აუცილებლად უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, თუ რა მოხდა რეალურად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ქვეყნის სათავეში.

„ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს რეალური შესაძლებლობა, არათუ უმრავლესობით, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების განწყობა და ამას აქვს ახსნა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის „ომის პარტია“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შენი ქვეყნის მოქალაქე რომ გამოდის და ამბობს, რომ მირჩევნია ჩემს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო, ეს დამოკიდებულება ნორმალურია? ეს არის „ომის პარტია“, რომელსაც სურვილი აქვს, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატაროს და ამას საკუთარი ქვეყნის ინტერესი შესწიროს, გაანადგუროს, დაანგრიოს ქალაქები და სოფლები, მოსპოს ინფრასტრუქტურა, ცეცხლში გახვიოს ქვეყანა. ერთხელ ხომ გავიარეთ უკვე ეს ყველაფერი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, წინაპრებს იმისთვის არ შეუწირავთ სიცოცხლე, რომ „ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ და კონკრეტული დამნაშავეები გამოვუშვათ“.

„ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს, არანაირი ფასი არ აქვს! კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ სააკაშვილი უპირობოდ უნდა იყოს გამოშვებული – წარმოგიდგენიათ?! დემოკრატიაზე, ევროპულობაზე ვსაუბრობთ და ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, გვეუბნებიან, რომ უპირობოდ უნდა გამოვუშვათ. ეს არის მათეული დემოკრატია, მათი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატია. მაგისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ, ჩვენს წინაპრებს არ შეუწირავთ სიცოცხლე იმისთვის, რომ ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ და თუნდაც კონკრეტული დამნაშავეები გამოვუშვათ, ან ქვეყნის ინტერესი დაგვათმობინონ. ჩვენ რისთვის ვიბრძოლეთ?! რისთვის იბრძოლა წინა თაობებმა? იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო თავისუფალი და სუვერენული. ამისთვის ვიბრძოლეთ და არა ის, რომ იქ მითითებები მოგვცენ, სანქციებს მივუერთდეთ. სანქციებზე ხომ არ იყო საუბარი? თვითონ ხომ არ საუბრობდნენ, მეორე – მესამე პირებს ალაპარაკებდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ რაღაცებთან დაკავშირებით. უფრო მნიშვნელოვანი და მძიმე თემები იყო, მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში ხელის გადაგრეხის მცდელობა იყო, ისე მოვქცეულიყავით და გადაგვედგა ნაბიჯი…

დარწმუნებული ვარ, მალე ამასაც ჩაწერენ რეზოლუციაში. ეს არის მძიმე. გვინდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენს სამშობლოში მშვიდობის შენარჩუნება გვინდა! ვიცით, რა არის ომი, რამხელა უბედურების მომტანია. ვიცით, რა შეიძლება მოიტანოს სანქციებმა. ჩვენ რომ სუსტი ხელისუფლება ვყოფილიყავით, ვიღაცების შეგვშინებოდა და სანქციებს მივერთებულიყავით დაზარალდებოდა ის გლეხი ვინც შრომობს, ის ადამიანი, ვისაც რესტორანი, კაფე აქვს. ეს აისახებოდა ქვეყანაზე, ეკონომიკაზე. შესაძლოა მიზანი ესეც იყო“,- აღნიშნა კალაძემ.

არჩევნებში „ქართული ოცნება“ რომ ხმათა 59.5%-ს მიიღებს, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარეა – კახა კალაძე

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან „გორბის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კვლევის თანახმად, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ რომ ხმათა 59.5%-ს მიიღებს, არის საზოგადოების განწყობიდან და დამოკიდებულიდან გამომდინარე, რასაც, მისივე თქმით, პირადად ყოველდღიურ შეხვედრებში ხედავს.

„ჩემთვის ყველაზე ზუსტი საზომი არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. ფაქტობრივად, ყოველდღე მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრა, მთელი საქართველო შემოვიარე, მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, რაიონში, სოფელში. ვიცი, როგორია ხალხის განწყობა და ეს ასახულია კვლევებშიც. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია. ისინი ხედავენ რა პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, დედაქალაქში. რაც მთავარია, გვაქვს მშვიდობა. სწორედ ეს არის საზოგადოების გამოხატულება და დამოკიდებულება, თუ რომელ კონკრეტულ პარტიას უჭერენ მხარს.

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს. ასევე, როგორც კვლევებში ჩანს, შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახოს ბარიერი. დანარჩენ პარტიებს რაც შეეხება, მოუწევთ ბრძოლა საარჩევნო ბარიერთან მიახლოებისთვის და იმისთვის, რომ რამდენიმემ შეძლოს ბარიერის გადალახვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სამარცხვინოა, რომ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა სამართლიანი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ – პაპუაშვილი

სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, რომლითაც ევროკავშირის ოფიციალური ინსტიტუცია, უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, რომ ქართველი ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ.

„იმ ევროპარლამენტარებს, რომლებისთვისაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ სტატისტიკაა, შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღიარებით (საქმე ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ) საქართველოს ციხეებში „წამების სისტემა“ შექმნა; დახურა ან ჯიბეში ჩაიდო ყველა ტელევიზია; რომლის რეჟიმის ტრაგიკული შედეგები მაშინდელ ციხეებში ასეულობით ათასმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა; სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის დაგეგმილი საარჩევნო კამპანია და რეზოლუციაც არის ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი.

მისი თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ აღიარონ და საქართველოში დესტაბილიზაცია შექმნან.

„მთლიანად ეს რეზოლუცია გამსჭვალულია ცრუ ნარატივების სულისკვეთებით. თავად ის, რომ მოხდა ინიცირება ამ რეზოლუციის, ეს არის ნაწილი იმ საარჩევნო კამპანიისა, რომელიც ოპოზიციისთვის გარედან ხორციელდება. ჩვენ ხომ ვაკვირდებით, რომ ოპოზიცია აქ თავად არც კი მუშაობს, თემებს ვერ ქმნიან, ერთადერთი რაც ხდება ყოველ დღე, არის ერთი ორი განცხადება თუ გამოხმაურება, რომელიც შემდგომ საარჩევნო დისკუსიის ნაწილი ხდება საქართველოში. ეს არის დაგეგმილი საარჩევნო კამპანია და რეზოლუციაც არის ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ჩვენ ვნახეთ ვინ არიან ინიციატორები, ეს ხალხი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გარე მფარველი. ესენი არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები, არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და, რა თქმა უნდა, მათგან რაიმე სიკეთეს ქართველი ხალხი არ მოელის. ერთ-ერთი რისკი, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით, მათ შორის, განსაკუთრებით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება მიგვანიშნებს ჩვენ ამაზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რომ არის მზადება არა არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომ არ აღიარონ არჩევნები თავად მათ და შექმნან დესტაბილიზაცია საქართველოში, მათ შორის ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობით და ეს განცხადებებიც ამისკენ მიგვანიშნებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ყველამ, მათ შორის, ევროპელებმა, კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი, ვინაიდან ეს არის ის, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებას ვუწოდებთ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამაზრზენია რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები – პაპუაშვილი

ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები. სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „კარგია, რომ, როგორც იქნა, გაცხადდა ის, რაზეც აქამდე მსგავსი მოთხოვნის ავტორები საჯაროდ საუბარს გაურბოდნენ, ზოგიერთი კი საჯაროდ უარყოფდა კიდეც“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ის, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი“.

„ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს, და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწად ნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველამ, მათ შორის ამ რეზოლუციის ავტორებმა, კარგად იციან, რომ საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთს ვერაფრით დააზარალებს. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ამ და სხვა მსგავს მოთხოვნებს, არა რუსეთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ხალხს გარანტირებულად ეკონომიკურ კოლაფსში ჩავაგდებდით და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით. ის, რომ ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, ამ რეზოლუციით, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო, აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტში კენჭი დღეს უნდა უყარონ, „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“.

ამ საკითხზე პაპუაშვილმა პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ამგვარი რეზოლუციის მიღება „ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა“.

მისი თქმით, აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ნაწილი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება, ხოლო სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე. ამასთან, პაპუაშვილი უცხოელ აქტორებს მოუწოდებს, „პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას“.

„ევროპარლამენტმა გუშინ განიხილა და დღეს მიიღებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან, რიგით მეოთხე რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით.

გვახსოვს, როგორ გავოგნდით, როცა ქართული ჯარის კუთვნილი 5 მილიონი ევროს მიმთვისებელი ოლიგარქი დავით კეზერაშვილი მედიამენეჯერად მოგვინათლეს; როგორ გავბრაზდით, როცა პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობებთან დაკავშირებით ცრუ ნარატივი ამოვიკითხეთ; როგორი იმედგაცრუებით გაგვეღიმა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების „უცხოეთის აგენტების რეესტრში“ აღმოვაჩინეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტების შემუშავებაში თურმე ამერიკელი ლობისტები იყვნენ ჩართული.

თუმცა, რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო – აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია.

აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება. ეს ევროპარლამენტის უკვე მესამე რეზოლუციაა, რომლითაც ცალკეული ძალები ევროკავშირის ოფიციალურ ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისთვის და პირადი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ. ადამიანზე, რომლის წვლილიც განმსაზღვრელია იმაში, რომ მუდმივად ომის ქარცეცხლში გახვეული საქართველო, უკვე წლებია ინარჩუნებს მშვიდობას და არ გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ადგილი. ამასთან, როგორც ჩანს, რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს.

დაბოლოს, სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, რომლითაც ევროკავშირის ოფიციალური ინსტიტუცია, უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას. იმ ევროპარლამენტარებს, რომლებისთვისაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ სტატისტიკაა, შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღიარებით საქართველოს ციხეებში „წამების სისტემა“ შექმნა; დახურა ან ჯიბეში ჩაიდო ყველა ტელევიზია; რომლის რეჟიმის ტრაგიკული შედეგები მაშინდელ ციხეებში ასეულობით ათასმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა; სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ.

ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები. სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული. თუმცა, კარგია, რომ, როგორც იქნა, საბოლოოდ გაცხადდა ის, რაზეც აქამდე მსგავსი მოთხოვნის ავტორები საჯაროდ საუბარს გაურბოდნენ, ზოგიერთი კი საჯაროდ უარყოფდა კიდეც. ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს, და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველამ, მათ შორის ამ რეზოლუციის ავტორებმა, კარგად იციან, რომ საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთს ვერაფრით დააზიანებს. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ამ და სხვა მსგავს მოთხოვნებს, არა რუსეთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ხალხს გარანტირებულად ეკონომიკურ კოლაფსში ჩავაგდებდით და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით. ის, რომ, ამ რეზოლუციით, ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში.

ნათელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიციირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან.

ამავე დროს, გუშინდელმა განხილვამ ისიც აჩვენა, რომ, საბედნიეროდ, ევროპარლამენტში მოიძებნება საღი აზრიც, რომელიც იმედია, დროთა განმავლობაში, ევროპული ღირებულებების ტრაექტორიას აცდენილი ამ ტენდენციის შეჩერებას შეძლებს. მადლობა მინდა მათ გადავუხადო სწორი შეფასებებისთვის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის ამ ადამიანებს.

დასასრულს, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

ჩემი მტკიცე მოლოდინია, რომ ევროპარლამენტი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს და, ასევე, მოუწოდებს ოპოზიციას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, მიიღონ ქართველი ხალხის არჩევანი, როგორც დემოკრატიის ვერდიქტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ენერგეტიკული პოლიტიკა ის მიმართულებაა, რაც საფუძვლად უდევს როგორც ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებას – ლევან დავითაშვილი

ენერგეტიკული პოლიტიკა ის მიმართულებაა, რაც საფუძვლად უდევს როგორც ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგოუსაფრთხოება და განახლებადი ენერგია“ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ფორუმზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის. მისი შეფასებით, ენერგეტიკული პოლიტიკა ის მიმართულებაა, რაც საფუძვლად უდევს როგორც ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებას.

ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ენერგობალანსში ადგილობრივი ელექტროენერგიის წილის მატებასა და ექსპორტის ზრდაზე.

„საარჩევნო პროგრამით საზოგადოებას კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები გავაცანით. კერძოდ, საუბარია ენერგოგენერაციის გაორმაგებაზე 2030 წლისთვის, რაც მოითხოვს რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში. საქართველოს აქვს განახლებადი ენერგორესურსებიდან ელექტროენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობები, საუბარია როგორც ტრადიციულ ჰიდრორესურსებზე, ისე ქარისა და მზის წყაროებზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ენერგეტიკული რესურსები სრულად ავითვისოთ – ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის 10 გეგა ვატამდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა დარგში კერძო ინვესტიციების მოზიდვას. მისი თქმით, კვლავ აქტუალურია ენერგეტიკაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა და მეტი ინვესტორის დაინტერესება.

„ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა კერძო ინვესტიციების წახალისებას გულისხმობს, თუმცა გვესმის, რომ ენერგეტიკის სექტორი სპეციფიკურია, განსაკუთრებულია და კერძო სექტორთან ერთად დიდია სახელმწიფოს როლი. ეკონომიკის ბევრი სხვა სექტორისგან განსხვავებით, ენერგეტიკაში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურასა და მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან კოორდინირებულ მუშაობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა გლობალურ ენერგეტიკულ პროექტს, რომლითაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს ენერგოსისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება.

ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღეს „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა“ და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელმა და გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. ფორუმს ასევე დაესწრნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.

9 თვეში საქართველოს 6 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წლის I-III კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5 794 661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.

„2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია. საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტალშიც.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2 773 594 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +2.5%-ია.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა +8.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება.

დღეს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები მივლენ.

ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტს უკვე „კოალიცია ცვლილებისთვის“, “ძლიერი საქართველოსა”, და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები შეხვდნენ.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები მთელ რიგ ვალდებულებებთან ერთად, იმის ვალდებულებასაც იღებენ, რომ შეასრულებენ “ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც „საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია“.

კარგი მთავრობის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა

ევროკომისია კარგი მთავრობის ინდექსს (2024) აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა მოამზადა.

საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 58,8% მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია. საქართველო გლობალურ რეიტინგში მე-40 ადგილზე გავიდა, გაასწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 9 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: საბერძნეთს, უნგრეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, ალბანეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უკრაინას, მოლდოვას და ა.შ. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება 7 ფაქტორში: ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, ძლიერი კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება.

საქართველომ და მისმა მთავრობამ განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში:

  • კეთილსინდისიერი ლიდერობა: 32-ე ადგილი
  • შორსმჭვრეტელობა: 21-ე ადგილი
  • ადაპტაციის უნარი: მე-17 ადგილი
  • კოორდინაცია: 23-ე ადგილი
  • გამჭვირვალობა: მე-14 ადგილი
  • სასამართლო სისტემის ხარისხი: 25-ე ადგილი
  • ბიუროკრატიის ხარისხი: 24-ე ადგილი
  • სტაბილური ბიზნეს რეგულაციები: 22-ე ადგილი
  • ინვესტიციების მოზიდვა: მე- 5 ადგილი.

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 ოქტომბერს ქუთაისში +28 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით 27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზიანი დღე იქნება. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +17, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +28 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.