Home Blog Page 35

პირველი რესპუბლიკის მოედანზე უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 9 სექტემბრის 21:00-დან 11 სექტემბრის 12:00 საათამდე იმოქმედებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა ნუ ეცდებოდნენ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციას, თუმცა მიუხედავად ამისა, კონკრეტული პირები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ცდილობდნენ პროცესის დისკრედიტაციას და ასარჩევ, შემდგომში კი უკვე არჩეულ პირთა სტიგმატიზაციას.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმიანობისა და ნეიტრალიტეტის მიხედვით და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი განცხადებების საფუძველზე. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული ადმინისტრატორის უფლებას, მშვიდ გარემოში შეასრულოს თავისი მოვალეობა და 26 ოქტომბერს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

აქვე წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას არჩეული პირების შესახებ: სულ 24 240 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 425 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის 9 090 ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 111 საკონკურსო განაცხადი, კომისიის წევრების 15 150 ვაკანტურ ადგილზე 15 314 საკონკურსო განაცხადი.

საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს.

არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. კერძოდ: არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 8 საერთო არჩევნებიდან, კომისიის მუშაობაში ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 16 870 პირს, რაც საერთო რაოდენობის 70.15%-ია.

საუბნო საარჩევნო კომისიის ახალარჩეული წევრებიდან 14 183 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 1 111 -”საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 479 – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებულია.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 030 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათ შორის საარჩევნო კომისიების მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი, დანარჩენ 27 270 წევრს კი, უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს“, – აცხადებენ ცესკოში.

 როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია იყოს არასამთავრობო, „ქართულ ოცნებას“ სურს, ქვეყნის ძარცვის უფლება შეინარჩუნოს-გიორგი ვაშაძე

როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები იყვნენ არასამთავრობო? არასამთავრობო ორგანიზაცია იმიტომ არის, რომ მას არ აფინანსებს მთავრობა და არის მთავრობის მაკონტროლებელი, რაში იხარჯება ფული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კორუფციულ სქემებს ვერ გამოიძიებენ.

„ირაკლი კობახიძემ დღეს ყველას პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა. თურმე რატომ ებრძვიან არასამთავრობო სექტორს, რა აღელვებს კობახიძეს, ივანიშვილს, მის დაჯგუფებას – ამ კითხვებზე პასუხი პირდაპირ გვითხრა ირაკლი კობახიძემ. კორუფციულ ფაქტებს როდესაც ავლენს სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათთვის ეს არის მიუღებელი. უნდათ, რომ ქვეყანა ძარცვონ, ძარცვის უფლება შეინარჩუნონ. ახლა მათ უნდათ, არასამთავრობო ორგანიზაციები აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად. შეხედეთ, რაშია საქმე. ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუკერძოებლები კი არ უნდა იყვნენ, არამედ სურთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსონ, რათა სამთავრობო ორგანიზაციებად აქციონ. როგორც პროკურატურა, ანტიკორუფციული თუ სამართალდამცავი ორგანოები ხელს აფარებენ მათ კორუფციულ ძარცვის გეგმებს, ისე დააფაროს ხელი კორუფციულ სქემებს უკვე ამ სამთავრობო ორგანიზაციებმა „არასამთავრობო ორგანიზაციების“ სახელით. ზუსტად ეს არის, რატომაც ვერ ვიღებთ 14 მლრდ ევროს ევროკავშირისგან. 14 მლრდ ევროს საქართველო მიიღებს ევროკავშირისგან, თუ არსებობს გარანტია, რომ ამ 14 მლრდ ევროს არავინ მიითვისებს. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები არის ამის გარანტია, მიუკერძოებელი ანტიკორუფციული ინსტიტუცია, რომელსაც ჩვენ გეუბნებით.

კობახიძე კიდევ რას ამბობს? ჭირსაც წაუღია 14 მლრდ, მთავარია, ჩვენმა, ივანიშვილის გარემოცვამ ძარცვოს ქვეყანა. ანუ, მას უნდა, დანიშნოს ორგანიზაციები, როგორც ეს ხდება რუსეთში, დაარქვას მათ ვითომ არასამთავრობო  ორგანიზაციები, დააფინანსოს ბიუჯეტიდან, მოკლას მათი მიუკერძოებლობა და ძარცვოს ქვეყანა, გაგაღარიბოთ თქვენ და გამდიდრდნენ თვითონ. ეს აღიარებითი ჩვენება მოგვცა დღეს ირაკლი კობახიძემ. როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები იყვნენ არასამთავრობო? არასამთავრობო ორგანიზაცია იმიტომ არის, რომ მას მთავრობა არ აფინანსებს და ის არის მთავრობის მაკონტროლებელი, რაში იხარჯება ფული, ვინმემ ხომ არ მიითვისა? ამაშია რეალურად საქმე, ამას ებრძვის „ქართული ოცნება“, მას უნდა, ძარცვის უფლება შეინარჩუნოს და, ფაქტობრივად, მოკლას დამოუკიდებელი ინტიტუციის სახით მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათ უკონტროლებენ ხარჯებს, ტენდერებს, ჯიბეში რომ ფულს იდებენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ გადაწყვეტილებით არა მხოლოდ ვერ მივიღებთ 14 მილიარდს, რომლის გარანტიც ჩვენ ვართ და ჩამოვიტანთ საქართველოში, არამედ იმ პროექტებსაც, რომლებიც დღეს ევროპიდან ფინანსდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

 საქართველოში მოქმედი უსამშობლო აგენტურა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ერთადერთი მიზანი აქვთ – უსიტყვოდ ემსახურონ თავიანთ უცხოელ პატრონებსა და დამკვეთებს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს-ზაალ მიქელაძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე არასამთავრობო სექტორის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის წესით დაფინანსების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება.

დეპუტატის თქმით, აშშ-ში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების 99.98%-ზე მეტი სრულად აშშ-ს ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნებისმიერი ენჯეო კი, რომელიც უცხოეთიდან თუნდაც მცირე დაფინანსებას იღებს, FARA-ს რეესტრში რეგისტრირდება და უცხოური აგენტის სახელს ატარებს.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, უცხოური გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები აშშ-ს ენჯეოების 0.02%-ზე ნაკლებია და ამერიკის პოლიტიკაზე ნულოვან გავლენას ახდენენ.

„რაც ამერიკაში სტანდარტული წესია, იმას ჩვენთან ენჯეოების მოსყიდვად და დღემდე გაუგონარ მოვლენად აცხადებენ“, – აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, სწორედ ამ ორმაგი სტანდარტით, საქართველოში მოქმედი აგენტურა ამტკიცებს – მათი მიზანია ემსახურონ უცხოელ პატრონებს და არა სამშობლოს და ქართველ ხალხს.

„საქართველოს პრემიერმინისტრის დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილების ,,უსამშობლო“ შემფასებლებისათვის: აშშ-ში, სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით 1.5 მილიონიდან 1.98 მილიონამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა. მათი 99.98%-ზე მეტი მთლიანად ამერიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება – ზოგი ფედერალური, ზოგი შტატების, ზოგი კი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ენჯეოების დაფინანსებაში, ზემოჩამოთვლილთან ერთად, მცირე როლს ასრულებენ აშშ-შივე არსებული კერძო ფონდებიდან მიღებული თანხები და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილის დაფინანსებაში მონაწილეობენ უცხოელი დონორები.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ენჯეო, რომელიც უცხოეთიდან მიიღებს თუნდაც ერთ ცენტს, ავტომატურად ხვდება ამერიკის კანონში “უცხოური აგენტების რეესტრის” შესახებ (FARA) და, შესაბამისად, უცხოური აგენტის სახელიც გარანტირებული აქვს. ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ FARA-ში მოხვედრილი აგენტების რაოდენობა 500-ის ფარგლებშია, საიდანაც ამერიკული ენჯეოები მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. შესაბამისად, აშშ-ში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური გრანტებით ფინანსდებიან, ამერიკული ენჯეოების 0.02 პროცენტზე ნაკლებია და პრაქტიკულად ნულოვან გავლენას ახდენენ ამერიკის პოლიტიკასა და ცხოვრებაზე.

თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, ქართული ენჯეო და პარტიული აგენტურის ორმაგი სტანდარტი აქაც ძალაშია: რაც ამერიკაში სტანდარტული წესია, იმას ჩვენთან ენჯეოების მოსყიდვად და დღემდე გაუგონარ მოვლენად აცხადებენ. საქართველოში მოქმედი უსამშობლო აგენტურა ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ერთადერთი მიზანი აქვთ – უსიტყვოდ ემსახურონ თავიანთ უცხოელ პატრონებსა და დამკვეთებს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს“, – წერს ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში.

ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის, მიმართ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ლაშა ბაქრაძის განცხადებას ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე.
ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ. დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
უწყების ცნობით, დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული. ლაშა ბაქრაძის განცხადება ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; არის დისკრიმინაციული და ლაშა ბაქრაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლაშა ბაქრაძე 5 სექტემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მან ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნა, რომ „არასწორი სიტყვა“ გამოიყენა.
ახსნა-განმარტების მიცემისას გამოირკვა, რომ ლაშა ბაქრაძემ წინა დღით, 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მუზეუმის დირექტორს (საკუთარ თავს) და გამოსცა დირექტორის ბრძანება N50, რომლითაც საკუთარი თავი შვებულებაში გაუშვა 5 ოქტომბრის ჩათვლით.
შესაბამისად, დღეს გამოცემული ბრძანების თანახმად, ლაშა ბაქრაძე დირექტორის თანამდებობას აღარ დაიკავებს 6 ოქტომბრიდან.
ინფორმაციისთვის: ლაშა ბაქრაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6949 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6935 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9752 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9925 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0173 ლარი შეადგინა.

საქართველო იმსახურებს, პროფესიონალმა არასამთავრობოებმა კრიტიკულად შეაფასონ ყველა სფერო, მაგრამ კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს ვითარების გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას-გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა უნდა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო, თუმცა კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს ვითარების გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას.

ვოლსკის თქმით, საზოგადოებას სჭირდება კრიტიკული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორედ ზედამხედველის როლს შეასრულებენ.

„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს გარკვეულწილად „აუთსორსია“, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის, რადგან სწორი დასკვნები გააკეთოს კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით და სხვა ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეხება. ამაში არაფერი უცხო არ არის. უცხოეთში ყველა არასამათავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს, მთავრობებისგანაა დაფინანსებული. საქართველო იმსახურებს, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო – კორუფციიდან დაწყებული, განათლების თემებით დამთავრებული, საპარლამენტო, სამთავრობო საქმიანობა, მაგრამ ეს კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს მდგომარეობის გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ქვეყანაში არ ბნელა. მედია არ არის დამორჩილებული. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გახსნას ნებისმიერი მედია და გაანალიზოს, კრიტიკულად შეაფასოს საქართველოში ნებისმიერი პროცესი. საზოგადოებაც არ არის ის საზოგადოება, რომელსაც ადვილად მოატყუებ. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა სწორედაც კრიტიკული უნდა იყოს და შენ კრიტიკულს ქირაობ, რათა სწორი გზა მიგითითოს, დაგეხმაროს და სახელმწიფო სტრუქტურების ხარისხიანობაზე ხარისხიანად იმსჯელოს, არა რევოლუცია მოაწყოს მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს და მსოფლიო გახვეულია ცეცხლის ალში. ამ ინიციატივაში ყველა არასამთავრობოზეა საუბარი, დარეგისტრირდება თუ არ დარეგისტრირდება. წინასწარი გათვლებით, 200 მილიონამდე არის აუცილებელი პირველ ეტაპზე და შემდეგ უნდა გაიზარდოს სახსრები, ვინაიდან საზოგადოებას მართლაც სჭირდება კრიტიკული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორედაც ზედამხედველის როლს შეასრულებენ და არ იქნებიან პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება შეკითხვას ოპოზიციის განცხადებებზე, რომ მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული ინიციატივით არასამთავრობოების მოსყიდვას ცდილობს, ვოლსკის განმარტებით, საქართველო, მისი ხელისუფლება და საზოგადოება ასეთ შეფასებას, ამგვარ საფრთხეებზე საუბარს არ იმსახურებს.

„ჩვენი საზოგადოება საკმაოდ განვითარებულია და არცერთი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებას არ ჩამორჩება არც ინტელექტით, არც ცოდნით და თუნდაც კრიტიკულობით. დააშავებ, აღარ აგირჩევს და ეგ იქნება, რეალობა ესაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

AD BLACK SEA 2024-ის დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა

თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2024 გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგითა და შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საერთაშორისო და ლოკალური სპიკერების სემინარებსა და ვორკშოპებს, გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროში წამყვანი პროფესიონალები.

AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, მთავარ სცენაზე ნომინაციას Young Creative წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას გამოავლენს.

გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მერვე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს – https://adblacksea.com/

(R)

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ზეწოლაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიაში თანამშრომლების მიმართ მუქარასა და ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგი ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გამართა.

როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა პროცესი არის ღია და საჯარო ჩართული მხარეებისთვის. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია მაინც ხდება უსაფუძვლო ბრალდებების და ზეწოლის ობიექტი.

„საუბარია ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებაზე. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ჩვენს კოლეგებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ზეწოლა განახორციელა და შეეცადა რეალური ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენას მედიის თანდასწრებით. აღნიშნული პროვოკაციული ინციდენტი გუშინ საქალაქო სასამართლოში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე დაიწყო და შემდგომ ეზოში გაგრძელდა.

გვინდა მოვუწოდოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ მომხდარი პროვოკაციული ქმედებით და არ დატოვონ რეაგირების გარეშე აღნიშნული ინციდენტი, ვინაიდან ამ ტიპის ქმედებები აზიანებს საარჩევნო გარემოს. როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს  სიძულვილის ენის გამოყენება, ცილისწამება, შეურაცხყოფა და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორების მიმართ პირადი თავდასხმები, ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის არჩევნების მთლიანობას.

გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საარჩევნო ადმინისტრაციამ სახალხო დამცველთან ერთად გაავრცელა განცხადება და მოუწოდა ჩართულ მხარეებს გამოიჩინონ მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. შესაბამისად, ყველა მსგავსი შემთხვევისას, მნიშვნელოვანია  სათანადო რეაგირება მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციის თვალსაზრისით. ამასთანავე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც სახალხო დამცველის, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას.

ჩვენი მხრივ, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული თანამშრომლის ღირსებას და გამოიყენებს ყველა ზომას, რომ აღკვეთოს საქალაქო სასამართლოში მომხდარი პროვოკაციული ინციდენტის მსგავსი ფაქტები. ამასთან ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს თავის საქმიანობას მხოლოდ კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების არჩევნების ჩატარებას“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

“ოცნება” კორუფციას აკანონებს – ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა-ბექა ლილუაშვილი

„ოცნება“ კორუფციას აკანონებს, ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა – ამ კანონის გადავადებით „ ქართული ოცნება“ ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას აფერხებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების, ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება და გაჭიანურდება.

„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კი არა, ძალაუფლების გახანგრძლივება და კორუფციით გამდიდრებაა.

„ოცნებამ“ გადაავადა საჯარო შესყიდვების შესახებ კანონის ამოქმედება, რომელსაც ქვეყანაში უნდა დაერეგულირებინა ყოველწლიურად 10 მლრდ. ლარზე მეტის სახელმწიფო შესყიდვების პროცესი, რომელიც დღეს კორუფციული გარიგებების მთავარ „ბუდედ“ არის ქცეული.

2023 წელს მიღებული კანონის მთავარი მიზანი, სახელმწიფო შესყიდვების რეგულირებისა და კორუფციული რისკების შემცირება იყო, რამაც, როგორც ჩანს, სერიოზული საფრთხე შეუქმნა „ოცნების“ ჩინოვნიკებს, „დაელაგებინათ“ მათთან დაახლოებულ ბიზნესებთან კორუფციული გარიგებები და გაეგრძელებინათ ხალხის ფულით გამდიდრება.

ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების და ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება, გაჭიანურდება და დარჩება ადგილობრივი ფეოდალების და პრივილეგირებული ოჯახების კორუფციულად გამდიდრების მთავარ წყაროდ.

„ოცნება“ იბრძვის არა კორუფციის წინააღმდეგ, არამედ კორუფციისთვის! ეს ნათლად ჩანს! წლების განმავლობაში, ჩვენს ინიციატივებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნაზე, მუნიციპალიტეტებში ანტიკორუფციული კომისიების შექმნაზე, კორუფციასთან ბრძოლის სხვა მეთოდების ამოქმედებაზე – „ოცნება“ მუდმივად უარს ეუბნებოდა!

ახლა კი, ამ კანონის გადავადებით, „ოცნება“ ახალისებს კორუფციას და აფერხებს ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას. ეს, ასევე, კარგად აჩვენებს იმ პროპაგანდის სიყალბეს, რომლითაც „ოცნება“ ამომრჩეველს ატყუებს, რომ მას სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

მატყუარა „ოცნება“ უნდა დასრულდეს და ამისთვის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოვუწოდებთ, მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს იმ პარტიას, რომელსაც არ ჰყავს არც კორუფციონერი ოლიგარქები, არც საერთაშორისო დამნაშავეები და თაღლითები“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 10-11 სექტემბერს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +34 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33,+35 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 „ნაცურ-აგენტურული“ ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა – მამუკა მდინარაძე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება!

P. S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები

მაგალითად,

NED – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა

GIZ – აფინანსებს გერმანიის მთავრობა

USAID – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა

UNDP – აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

EED – აფინანსებს ევროკავშირი

NDI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი

IRI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი…

ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა!“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.