Home Blog Page 34

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა – ენტონი ბლინკენი 

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

„შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა წაშალეს დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვეს ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება. მეტიც, მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან, მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. შედეგმა საქართველო მოწყვლადი გახადა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაციას.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების მიმართ მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას. შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იმის გამო მოხდა, რომ ის „პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩაერთო ან ჩართვა სცადა ქმედებებში ან პოლიტიკაში, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან მათი სახელით, ან მათი სარგებლისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ.”

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”.

თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.

ამ ინიციატივის ფარგლებში, 30 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა გეძლევათ, თიბისის მობაილბანკში გააზიაროთ, რას უსურვებთ საქართველოს 2025 წელს.

თიბისი მიღებულ სურვილებს შეკრებს და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით გააჟღერებს.

გადადი მობაილბანკში, გააზიარე შენი სურვილი და გააგონე ხმა საქართველოს!

„აზერბაიჯანულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში მათი თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა

„აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ავიაკომპანია „აზალში” განუცხადეს.

პარალელურად, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, რაშად ნაბიევი აცხადებს, რომ დაშავებული მგზავრების და გადარჩენილი ბორტგამცილებლების მონაყოლის თანახმად, გროზნოს თავზე აფეთქების ხმა გაიგეს.

„ერთ-ერთი ბორტგამცილებელი ხელის არეშიც კი დაშავდა. სოციალური ქსელებიდან და პრესაში გამოქვეყნებული კადრებიდანაც ჩანს, რომ ქალს ხელ-ფეხი დაუზიანდა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ფრთაზე ხვრელების კვალი ჩანს. თვითმფრინავის შიგნით დაზიანებულია ფიუზელაჟი. დაზარალებულებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე თქვეს, რომ გროზნოს თავზე აფეთქებების ხმა სამჯერ გაიგეს. მათივე თქმით, აფეთქებები გარედან მოხდა, შემდეგ კი თვითმფრინავს რაღაც შეეხო. გამოძიება დაადგენს, თუ რა სახის იარაღიდან იყო გარე ჩარევა. გარდა ამისა, თუ თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიას დააკვირდებით, ირკვევა, რომ მან ფრენის მიმართულება აქთაუს მიმართულებით მახაჩყალზე აიღო. თვითმფრინავს აქ დაშვების უფლება მიეცა თუ არა, გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე გაირკვევა. გარდა ამისა, გამოძიება დაადგენს, რა მიზნით განახორციელა პილოტმა ავარიული დაშვება. GPS-ის გამორთვის საკითხი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა რაშად ნაბიევმა.

გერმანიამ, საქართველოს 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები შეუჩერა

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ გადაწყვიტა, შეაჩეროს საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები.

ამგვარად, ეს არის განვითარების მინისტრის სვენია შულცეს შემდგომი რეაგირება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დაახლოების გზიდან გადახვევასა და პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება.

გერმანიის განვითარების პოლიტიკის დიდი ნაწილი საქართველოში მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების წინსვლას, რაც ასევე დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამას საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტოდ აღარ აგრძელებს. ამავდროულად სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტის შეჩერების მცდელობისას.

სწორედ ამიტომ, განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ 3 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით აღარ განაცხადოს თანხმობა საქართველოსთან განვითარების სფეროში თანმშრომლობის ახალი პროექტების დაფინანსებაზე და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გამოსაცდელი ვადით შეაჩეროს. 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეჩერება პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ურთიერთობების ამ გადახედვიდან გამომდინარეობს.

სხვა მიმდინარე პროექტების გადახედვა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, უნდა გაგრძელდეს პროექტები, რომლებიც უფრო მეტად სარგებელს მოუტანს პროევროპულ მოსახლეობას და რომლებითაც არსებულ პირობებშიც კი შესაძლებელი იქნება ევროპასთან დაახლოების გაგრძელება. ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის” მიღების შემდეგ გერმანიამ 2024 წლის ზაფხულშივე დაიწყო დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ეს მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებს, კიბერუსაფრთხოების ტრენინგს ან ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სვენია შულცემ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალადობა მოსახელობის მიმართ და დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონსტიტუციით გამყარებულ გზას.

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.78 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7943 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.34 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9108 ლარი გახდა.

1.03 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5013 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.93 თეთრი შეადგინა.

,,ისეთი ამბავი ხდება რადიკალური ოპოზიციის რიგებში, დედა შვილს არ აიყვანს ხელში” – ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას გამოეხმაურა. ამ გადაწყვეტილებით, მაჭავარიანის თქმით, ამ გადაწყვეტიებით, მათ ოპოზიციის ლეგიტიმაცია აღიარეს.

“ბარიერგადალახულმა პარტიებმა, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული და დღემდე ვერცერთი მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინეს, იღებენ იმ დაფინანსებას, რომელი დაფინანსება გადანაწილებული არის ზუსტად იმ პროპორციით, რა რაოდენობის ხმებიც მიიღეს არჩევნებში. ანუ პირდაპირ ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან ცესკოს შედეგებს. შესაბამისად, ამით მათ წერტილი დაუსვეს ყველანაირ სპეკულაციებს გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს წერტილი ისედაც დაუსვა ეუთო/ოდირის დასკვნამ. ვერ ელევიან ფულს. უნდა ამ ფულის აღება, შემდეგ აბრალებენ გვარამიას, მას რა ენაღვლებაო, ყველაფერს საჯაროდ ხომ არ გამოვიტანთო, როცა უცხოეთიდან დიდი დაფინანსებები აქვსო და ა.შ. ისეთი ამბავი ხდება რადიკალური ოპოზიციის რიგებში, დედა შვილს არ აიყვანს ხელში,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

,, ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ განხილვები პოლიტიკური სპეკულაციაა”- თაზო დათუნაშვილი

ბიუჯეტის ფულს გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით მოვახმართ იმ საქმეს, რომელსაც ჰქვია ქართული დემოკრატიის გადარჩენა, წინააღმდეგობის მოძრაობა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ განხილვები პოლიტიკური სპეკულაციაა.

„არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოში პარტიების დაფინანსების მთავარი წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს ბიუჯეტი არის საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული. საქართველოს ბიუჯეტი არასდროს ყოფილა რომელიმე უზურპატორის ან ოლიგარქის ფული. ბიძინა ივანიშვილის ფულია ის ფული, რომელიც ბანკირმა ესკადრონმა აახია რამდენიმე წლის წინ. ეს კი არის საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული. საქართველოს გადასახადების გადამხდელებში საკმაოდ დიდი რაოდენობაა ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ადამიანები, რომლებმაც ამ პარტიას ხმა მისცეს. შესაბამისად ეს არის ხალხის ფული. ჩვენ ამ ფულს გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით მოვახმართ იმ საქმეს, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატიის გადარჩენა, წინააღმდეგობის მოძრაობა. თქვენ იცით, რომ უკანონოდ, აბსოლუტურად რეპრესიულად ხელისუფლება ძალიან ბევრ ადამიანს სჯის, მათ შორის ფინანსური სანქციებით. ჩვენ კი ამ ადამიანების გვერდში ვიდგებით, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვექნება. ვიდრე ისინი არ დააკმაყოფილებენ ჩვენი მანდატების შეწყვეტის მოთხოვნას, მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას გავუყოფთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბიუჯეტს ავსებენ, ანუ მოვახმართ იმ საქმეს, რასაც ქართული საქმე ჰქვია, ხალხის ფულს ისევ ხალხისთვის.

აბსოლუტურად ყველაფერი ამის მიღმა არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაცია, ის პროცესი, რომელიც დიდად საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებთ. ამიტომ ვკონცენტრირდეთ მთავარზე. ფული უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეების მთავარ მიზანს, ჩვენი ევროპული მომავლისა და ქართული დემოკრატიის გადარჩენას. ამის მიღმა, ამ საკითხში ყველაფერი არის ძალიან ვიწრო და პოლიტიკური განხილვები. ამის მიღმა ნებისმიერი ამ ამბის თანმხლები მოვლენა არის ყურადღების გადატანის მცდელობა სხვა საკითხებზე. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყურადღება სხვა საკითხებზე გადავიტანოთ“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

,,ვფიქრობ, მომავალი პოზიტიურია და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება”- გია ვოლსკი

არც ჯო უილსონმა და არც ნებისმიერმა სხვამ არ იცის დამოკიდებულება, რომელიც კონკრეტული რეგიონების მიმართ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შეიძლება ჰქონდეს – დაველოდოთ, ვფიქრობ, მომავალი პოზიტიურია და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ იმედს ის ფაქტი აძლევს, რომ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან მთელ რიგ საკითხებზე აბსოლუტურად, ზედმიწევნით ერთი და იგივე პოზიცია აქვთ.

„ეს არის შავი ფული, პროგრამები, რომელიც ამერიკელი ხალხის სახელით კეთდება და აშშ-ის იმიჯს აზარალებს, ეს არის ომისა და მშვიდობის თემა და საკითხები, რაც კონსერვატიულ ხედვებს შეესაბამება.

რასაკვირველია, ნორმალურია ყველას ჰქონდეს განცდა, რომ მსოფლიო კი არ გადაიჩეხება, როგორც ეს ზოგიერთ ოპონენტს სურს, არამედ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომსა და იმ უბედურებას გადაურჩება, რაც ომის არეალის გაფართოებას შეიძლება მოჰყვეს.

ამ შემთხვევაში ამ პოზიციაზე დგას უილსონი და არა მხოლოდ ის და სხვა პოზიცია აქვთ ადამიანებს, ვინც აშშ-ის ადმინისტრაციაში არიან როგორც გარკვეული აზრის შემქმნელები, სანამ საქმის კეთებას ოფიციალურად შეუდგებიან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე სამი პოსტი გამოაქვეყნა.

უილსონმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

უილსონმა პოსტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელშეკრულების ჩინურ კომპანიასთან გაფორმებაზეც დაწერა.

„რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?“, – დაწერა უილსონმა.

,, პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას – დეტალები კვირას გახდება ცნობილი”- სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი.

„ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

,,აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს სახეში რომ მოხვედროდა, მას დალურჯება ექნებოდა”- ადვოკატი

აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს სახეში რომ მოხვედროდა, მას გაცილებით დიდი დაზიანება, დალურჯება ექნებოდა, – ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული მომღერლის, არჩილ მეფარიძის ადვოკატმა ხატია ხერხეულიძემ განაცხადა.

ის ამ წუთებში სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმითქვამს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, დაზარალებული ლელა ჯუღელმა ჩვენების დროს იტყუებოდა და მტკიცებულებათა ერთობლიობა მისი ჩვენების სანდოობას ვერ ქმნის. ადვოკატის თქმით, დაზარალებული იტყუება, როცა ამბობს, რომ მას მეფარიძემ არაერთხელ დაარტყა.

„აჩიკო მეფარიძის გაქანებული მუშტი დაზარალებულს რომ მოხვედროდა, მას გაცილებით დიდი დაზიანება, დალურჯება ექნებოდა”,- განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, არჩილ მეფარიძე არანაირი დანაშაულისკენ მიდრეკილი არ არის და გარდა იმისა, რომ მომღერალია, ის პროფესიით ექიმია და წლების განმავლობაში ამ პროფესიით მუშაობდა.

„სიმღერის – „მშვიდობით“ ტექსტიც ბევრს მეტყველებს მის პიროვნებაზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, დაზარალებული პროვოკაციულად ცდილობდა მეფარიძის „წამოკიდებას“.

მისივე განმარტებით, მეფარიძეს მისთვის დაზიანების მიყენების განზრახვა რომ ჰქონოდა, მანქანიდან გადმოსვლის საშუალებას მისცემდა.

ხერხეულიძის თქმით, დაზარალებულის ჩვენების გარდა, მეფარიძის მხრიდან მუქარის განხორციელება სხვა მტკიცებულებებით ვერ დასტურდება. მისივე განმარტებით, ვერ გამოიკვეთა და ვერ დადასტურდა, თუ რატომ სურდა ბრალდებულს მსხვერპლის შეშინება.

„მახინჯოო“ უთხრა, მაგრამ ამ სიტყვის თქმის გამო, პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელია“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულის მიმართ სანდოობა ნულია და სასამართლომ ყველაფერი ობიექტურად უნდა შეაფასოს.

ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

 ,,აშშ-ში არის პოლიტიკოსთა წრე, რომელთა მიზანია, საქართველოს დისკრედიტაცია და ზეწოლის მოხდენა ”- ირაკლი ქადაგიშვილი

აშშ-ში არის პოლიტიკოსთა წრე, რომელთა მიზანია, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს დისკრედიტაცია და საქართველოზე ზეწოლის მოხდენა – ხშირ შემთხვევაში, მათი ეს სურვილი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარეობს, – ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით “რესპუბლიკელი“ ჯო უილსონის განცხადებებს.

ქადაგიშვილის თქმით, აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფასეულობები, რის გატარებასაც ის აშშ-ში აპირებს, მჭიდრო თანხვედრაშია “ქართული ოცნების“ ფასეულობებთან და პოლიტიკასთან.

„გარკვეული კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს და უფრო მეტად „ფარას“ დოკუმენტებიდან შევიტყობთ, საიდან მოდის ჯო უილსონის ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ანალოგიურ პოლიტიკურ შეხედულებებსა და პოზიციებს ახმოვანებს ტრამპი, რა ფასეულობების გარშემოც საუბრობდა და იბრძოდა „ქართული ოცნება“. საუბარია ამ ფასეულობათა დამთხვევაზე და არა იმაზე, რომ ტრამპი საქართველოსთვის მოწოდებულია განსაკუთრებული დაახლოებისკენ ან საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისკენ. ის ფასეულობები, რაზეც ტრამპი საუბრობს და გატარებას აპირებს, მჭიდრო თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ ფასეულობებთან და გატარებულ პოლიტიკასთან“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, “რესპუბლიკელმა“ ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე სამი პოსტი გამოაქვეყნა.

უილსონმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

უილსონმა პოსტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელშეკრულების ჩინურ კომპანიასთან გაფორმებაზეც დაწერა.

“რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან?

მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?” – დაწერა უილსონმა.