ცნობილი უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ (Українська правда) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „პალესტინა უკრაინის წინააღმდეგ: რატომ მცირდება კიევის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა“ (ავტორი – მიხეილ დუბინიანსკი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ისრაელის შეტევა ღაზას სექტორზე, რომელიც „ჰამასის“ თავშესაფარ ტერიტორიად იყო მიჩნეული, თავდაპირველად სრულიად სამართლიანად ითვლებოდა იმ საზარელი თავდასხმის პასუხად, რაც „ჰამასმა“ 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაგრამ უკვე ომის დაწყებიდან მეათე დღეს, სოციალურ ქსელებში პროპალესტინური პოსტები ოთხჯერ მეტი იყო, ვიდრე პროისრაელური.
პალესტინელებმა მოახერხეს, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ცახალის სამხედრო ქვედანაყოფების მოქმედების შედეგები (ნგრევა, ადგილობრივი მოსახლეობის დაღუპვა და ბლოკადა) უფრო საზარელი სახით წარმოეჩინათ, ვიდრე ჰამასის“ მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტვა. დღეისთვის საერთაშორისო მედიასივრცეში ისრაელის დარტყმების პროპალესტინური ინტერპრეტაცია უფრო ძლიერია, ვიდრე პროისრაელური. იგივე შეიძლება ითქვას ისრაელის დარტყმებზე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისრაელი საინფორმაციო ომს აგებს. ამასთან, სამწუხარო ის არის, რომ ღაზას სექტორში და ლიბანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა საკმაოდ დაჩრდილა რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება, რომელმაც, პროპალესტინური აქტივისტების წყალობით, უკანა პლანზე გადაინაცვლა.
რასაკვირველია, ის, რასაც ამჟამად ვხედავთ, მრავალრიცხოვანი არაბული დიასპორის დამსახურებაა, რომელიც უფრო აქტიურად და „მიმწოლად“ მოქმედებს, ვიდრე უკრაინული დიასპორა – ლტოლვილები და მიგრანტები – დასავლეთში. ნაწილობრივ, ასეთი ვითარება ერთგვარი არასასიამოვნო შედეგია იმისა, რომ უკრაინის ომი, ასე ვთქვათ, მოდიდან გადის – პოლიტიკური კონიუნქტურა კიევისათვის არამომგებიანია. რაც უფრო ჭიანურდება რუსეთ-უკრაინის ომი, მით უფრო ეჩვევა მას ამერიკულ-ევროპული პუბლიკა, ანუ ადრინდელ ემოციებს აღარ იწვევს. ასეთია მწარე რეალობა, რომელშიც ჩვენ არსებობა გვიწევს.
უკრაინისა და პალესტინის ერთმანეთთან კონკურენცია ერთადერთი ფაქტორი არ არის იმისთვის, რომ უკრაინის ომის მიმართ საერთაშორისო რეზონანსი მცირდება. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საჯარო აქტიურობას – ჩვენთანაც და საზღვარგარეთ – ხშირად აქვს თვალთმაქცური სახე. რიგ შემთხვევებში ბოროტების წინააღმდეგ უკომპრომისო მეომრები სამიზნედ ისეთ ბოროტებას, რომელთანაც ბრძოლა იოლი და კომფორტულია. მაგალითად, რადიკალური ეკოაქტივისტები უპირატესობას ანიჭებენ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებას, სადაც მათ გარეშეც ეკოლოგიურ პრობლემებს ისედაც დიდი ყურადღება ეთმობა. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ პლანეტის ბუნებას, ჰაერს და ზოგადად, გარემოს ყველაზე მეტ ზიანს ავტორიტარული (კომუნისტური) ჩინეთის ეკონომიკა აყენებს. მაგრამ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში ეკოლოგიური მიტინგებისა თუ აქციების ჩატარება იოლია, ვიდრე ჩინეთში. დასავლეთში რადიკალებს შეუძლიათ ვან გოგის ნახატებს სუპი შეასხან, მაგრამ განა ისინი გაბედავენ ჩინეთში წასვლას და მაო ძედუნის მავზოლეუმთან მიტინგის გამართვას, ან მის ძეგლს სუპს შეასხამენ?
პალესტინისა და უკრაინის მიმართებითაც მსგავსი ლოგიკა მოქმედებს: განა ვინმე წავა მოსკოვში და წითელ მოედანზე კრემლის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს? ან თეირანში? ან ფხენიანში? არავინ. ამიტომაც არანაირი მიტინგები, ევროპის დედაქალაქებში გამართული, რუსეთზე, ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე გავლენას არ მოახდენს.
ისრაელი, მთლი თავის აგრესიულობასთან ერთად, დემოკრატიული სახელმწიფოა. ასევე დემოკრატიული ქვეყანაა მისი მთავარი მოკავშირე – აშშ. ასევე ითქმის იმ დასავლური სახელმწიფოებზე, სადაც ანტიისრაელური და პროპალესტინური აქციები იმართება. ნებისმიერი დემოკრატიული დასავლური სახელმწიფო მგრძნობიარეა საზოგადოებრივი აზრის მიმართ. მასობრივი აქციებით და და საჯარო აგიტაცია-პროპაგანდით არის შესაძლებლობა, რომ რაღაც შეიცვალოს. შესაბამისად, გამოდის, რომ ახალგაზრდა აქტივისტებისათვის უფრო იოლია და პერსპექტიული პალესტინის დაცვა, ვიდრე უკრაინისა.
და მაინც გარკვეული პოზიტივი ასეთ არასასიამოვნო სიტუაციაშიც კი ჩანს: დიახ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი დასავლურ აუდიტორიას რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების მიმართ ყურადღებას ამცირებს. დიახ, პალესტინა თავისკენ იზიდავს საზღვარგარეთული თანაგრძნობის გარკვეულ დოზას, რომელსაც ადრე უკრაინა და უკრაინელები იღებდნენ… მაგრამ ამით უკრაინის მიმართ სოლიდარობა უფრო გულახდილი, გულწრფელი და უფრო მტკიცე ხდება.
2022 წლის გაზაფხულზე უკრაინას დასავლეთში ბევრი უცხადებდა მხარდაჭერას, თუმცა მათში ბევრი იყო მოდის ამყოლი და საკუთარი თავის პროპაგანდისტი. 2024 წლის შემოდგომაზე კი უკრაინას მხარს უჭერენ ნამდვილი გულწრფელი და მტკიცე მეგობრები… და ეს მხარდაჭერა უფრო ძვირფასი და ჭეშმარიტია, ვიდრე ადრინდელი.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: