Home Blog Page 34

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი  წევრი განახორციელებს, საიდანაც 26 000-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი.

დღეს მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში შევიტანეთ ცვლილება და საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო ავამაღლეთ. მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის  კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას  და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას. მივცეთ  ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი.

შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები უკვე აქტიურად ახორციელებენ საკუთარ უფლებამოსილებას და მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს.

6 ოქტომბრის მდგომარეობით 3031 საარჩევნო უბანში სულ არჩეულია/დანიშნულია  საუბნო საარჩევნო კომისიების 51 256 ხელმძღვანელი პირი/წევრი. აქედან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩეულია 26 044 (3031 კომისიის თავმჯდომარე, 3029 თავმჯდომარის მოადგილე, 3028 მდივანი, 16 956 წევრი), ხოლო შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულია 25 212 წევრი.

აქედან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დანიშნულია 3030 წევრი, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ მიერ – 3024, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ -2952, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3002, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 3013; „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ („გირჩი“) – 1295; „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 3015; „ევროპელი სოციალისტები“ – 2997; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ – 2884.

ამასთან, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიები, ირჩევენ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სპეც-ჯგუფის 2-2 წევრს იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც ერთზე მეტი გადასატანი ყუთი მოემსახურება კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებს. ამ მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ჯამში არჩეულია სპეც-ჯგუფის 1245 წევრი.

თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონალი დანერგა

თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა.

თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი იმ ვალუტაში, რომელშიც იყო გამოგზავნილი, მხოლოდ ამის შემდეგ მოახდენდი თანხის კონვერტაციას, ამჯერად გზავნილების განაღდების პროცესი შეიცვალა. განახლებულ პროცესში თანხის კონვერტაცია ავტომატურად მოხდება და მომხმარებელი სასურველ ვალუტაში შეძლებს თანხის განაღდებას.

ასევე აღსანიშნავია, რომ გზავნილის კონვერტაციის კურსი თიბისის მობაილბანკში ფილიალთან შედარებით ბევრად უკეთესია, ხოლო განაღდების პროცესი გაცილებით მარტივი.

ვიდეო კამპანიის შესახებ: https://www.facebook.com/tbcbank/videos/1248351506321342/

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამასთან, სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება.

“არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“ – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მასში ასაევე აღნიშნულია, რომ საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ბმულზე.

„ავერსის კლინიკამ“ ლაბორატორიის ახალი ფილიალი გახსნა

7 ოქტომბერს „ავერსის კლინიკამ“ ოფიციალურად გახსნა მაღალტექნოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია.

„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ანალიზატორებით, რაც უზრუნველყოფს პროცესების ცენტრალიზაციას, ავტომატიზაციასა და სიზუსტეს. ავტომატიზაცია გულისხმობს ლაბორატორიული ამოცანების შესრულებას ისეთი ნატიფი ტექნოლოგიებისა და სისტემების გამოყენებით, რომლებიც ადამიანის მინიმალურ ჩარევას მოითხოვს.

„ავერსის კლინიკა“ პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც ლაბორატორიის საქმიანობაში რობოტები ჩართო: რობოტ-ოფიცრებს ანას და ლიზას საანალიზო ნიმუშები სწრაფად მიაქვთ ლაბორანტამდე.

„ავერსის კლინიკის“ პირველი ლაბორატორია 2007 წელს გაიხსნა. დღეს მას მთელ საქართველოში 30 ფილიალი აქვს.

2013 წელს „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიას მიენიჭა ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი ISO9001, ხოლო 2014 წელს მან, პირველმა საქართველოში, გაიარა აკრედიტაცია სამედიცინო ლაბორატორიის ხარისხის სტანდარტის ISO15189-ის მიხედვით.

„ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია მულტიპროფილურია. აქ ტარდება ყველა მიმართულების 500-ზე მეტი კვლევა და ყველა ეს კვლევა აკრედიტაციის სფეროს ნაწილია. ლაბორატორიაში დანერგილია და წარმატებით სრულდება ისეთი კვლევებიც, რომლებიც აქამდე საქართველოს ლაბორატორიებში არ ტარდებოდა და რომელთა ჩასატარებლადაც მასალა იგზავნებოდა საზღვარგარეთ.

მაღალტექნოლოგიური ცენტრალური ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით „ავერსის კლინიკა“ იწყებს კამპანიას „გააანალიზე შენი ჯანმრთელობა“.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა ანალიზით იწყება. „ავერსის კლინიკა“ ზედმიწევნით აანალიზებს მომხმარებელთა საჭიროებებს. სწორედ ამ ანალიზის შედეგია ზუსტი დიაგნოსტიკა, რაც გამოჯანმრთელების წინაპირობაა.

როგორ შეიძლება 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? – ამ ქვეყნად არ ხართ თქვენ – კახა კალაძე

როგორ შეიძლება 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? ამ ქვეყნად არ ხართ თქვენ… ხალხთან ვერ მიდიან შესახვედრად, რადგან იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ. რა ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ, წარმოუდგენელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პროცესზე საუბრობენ, რეალობას მოწყვეტილები არიან, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.

„როგორ შეიძლება, 4%-იანი პარტია საუბრობდეს ხელისუფლების გადაბარებაზე? ამ ქვეყნად არ ხართ თქვენ… ხალხთან ვერ მიდიან შესახვედრად, რადგან იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათ მიმართ. რა ხელისუფლების გადაბარებაზე საუბრობენ, წარმოუდგენელია. სჯობს, რეალობაში დაბრუნდნენ და ყველაფერი აღიქვან, როგორც არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოროტმოქმედებით იყო დაკავებული.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ადარებთ „ქართულ ოცნებას“? თქვენ კი გინდათ, რაღაცები შეადაროთ, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. 2024 წელია, ქვეყანა განვითარდა, ეკონომიკურად წინ მივდივართ, ქვეყანაში დემოკრატიაა, გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. როგორ შეიძლება, შეადარო 2012 წლის „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“? რას შვრებოდნენ მაშინ? ბიზნესის რეკეტი იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, ამას ვამბობ სრული გულწრფელობით და პასუხისმგებლობით; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ფეხქვეშ ჰქონდათ გათელილი, სულში აფურთხებდნენ ადამიანებს; ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს; ციხეებში რას აკეთებდნენ… როგორ შეიძლება, შეადარო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ის ბოროტმოქმედები დღევანდელ ხელისუფლებას? ყველაზე მძიმე მოღალატეობრივი ქმედება – 2008 წელს შემოიყვანეს რუსული ჯარი და ჩააბარეს ტერიტორიები. ამ ყველაფერზე მათ მოუწევთ პასუხისგება. აუცილებლად უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი, თუ რა მოხდა რეალურად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ქვეყნის სათავეში.

„ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს რეალური შესაძლებლობა, არათუ უმრავლესობით, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების განწყობა და ამას აქვს ახსნა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის „ომის პარტია“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შენი ქვეყნის მოქალაქე რომ გამოდის და ამბობს, რომ მირჩევნია ჩემს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო, ეს დამოკიდებულება ნორმალურია? ეს არის „ომის პარტია“, რომელსაც სურვილი აქვს, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატაროს და ამას საკუთარი ქვეყნის ინტერესი შესწიროს, გაანადგუროს, დაანგრიოს ქალაქები და სოფლები, მოსპოს ინფრასტრუქტურა, ცეცხლში გახვიოს ქვეყანა. ერთხელ ხომ გავიარეთ უკვე ეს ყველაფერი?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, წინაპრებს იმისთვის არ შეუწირავთ სიცოცხლე, რომ „ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ და კონკრეტული დამნაშავეები გამოვუშვათ“.

„ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს, არანაირი ფასი არ აქვს! კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ სააკაშვილი უპირობოდ უნდა იყოს გამოშვებული – წარმოგიდგენიათ?! დემოკრატიაზე, ევროპულობაზე ვსაუბრობთ და ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, გვეუბნებიან, რომ უპირობოდ უნდა გამოვუშვათ. ეს არის მათეული დემოკრატია, მათი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატია. მაგისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ, ჩვენს წინაპრებს არ შეუწირავთ სიცოცხლე იმისთვის, რომ ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ და თუნდაც კონკრეტული დამნაშავეები გამოვუშვათ, ან ქვეყნის ინტერესი დაგვათმობინონ. ჩვენ რისთვის ვიბრძოლეთ?! რისთვის იბრძოლა წინა თაობებმა? იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო თავისუფალი და სუვერენული. ამისთვის ვიბრძოლეთ და არა ის, რომ იქ მითითებები მოგვცენ, სანქციებს მივუერთდეთ. სანქციებზე ხომ არ იყო საუბარი? თვითონ ხომ არ საუბრობდნენ, მეორე – მესამე პირებს ალაპარაკებდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ რაღაცებთან დაკავშირებით. უფრო მნიშვნელოვანი და მძიმე თემები იყო, მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში ხელის გადაგრეხის მცდელობა იყო, ისე მოვქცეულიყავით და გადაგვედგა ნაბიჯი…

დარწმუნებული ვარ, მალე ამასაც ჩაწერენ რეზოლუციაში. ეს არის მძიმე. გვინდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენს სამშობლოში მშვიდობის შენარჩუნება გვინდა! ვიცით, რა არის ომი, რამხელა უბედურების მომტანია. ვიცით, რა შეიძლება მოიტანოს სანქციებმა. ჩვენ რომ სუსტი ხელისუფლება ვყოფილიყავით, ვიღაცების შეგვშინებოდა და სანქციებს მივერთებულიყავით დაზარალდებოდა ის გლეხი ვინც შრომობს, ის ადამიანი, ვისაც რესტორანი, კაფე აქვს. ეს აისახებოდა ქვეყანაზე, ეკონომიკაზე. შესაძლოა მიზანი ესეც იყო“,- აღნიშნა კალაძემ.

არჩევნებში „ქართული ოცნება“ რომ ხმათა 59.5%-ს მიიღებს, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარეა – კახა კალაძე

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან „გორბის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კვლევის თანახმად, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ რომ ხმათა 59.5%-ს მიიღებს, არის საზოგადოების განწყობიდან და დამოკიდებულიდან გამომდინარე, რასაც, მისივე თქმით, პირადად ყოველდღიურ შეხვედრებში ხედავს.

„ჩემთვის ყველაზე ზუსტი საზომი არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. ფაქტობრივად, ყოველდღე მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრა, მთელი საქართველო შემოვიარე, მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, რაიონში, სოფელში. ვიცი, როგორია ხალხის განწყობა და ეს ასახულია კვლევებშიც. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია. ისინი ხედავენ რა პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, დედაქალაქში. რაც მთავარია, გვაქვს მშვიდობა. სწორედ ეს არის საზოგადოების გამოხატულება და დამოკიდებულება, თუ რომელ კონკრეტულ პარტიას უჭერენ მხარს.

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს. ასევე, როგორც კვლევებში ჩანს, შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახოს ბარიერი. დანარჩენ პარტიებს რაც შეეხება, მოუწევთ ბრძოლა საარჩევნო ბარიერთან მიახლოებისთვის და იმისთვის, რომ რამდენიმემ შეძლოს ბარიერის გადალახვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სამარცხვინოა, რომ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა სამართლიანი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ – პაპუაშვილი

სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, რომლითაც ევროკავშირის ოფიციალური ინსტიტუცია, უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, რომ ქართველი ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ.

„იმ ევროპარლამენტარებს, რომლებისთვისაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ სტატისტიკაა, შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღიარებით (საქმე ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ) საქართველოს ციხეებში „წამების სისტემა“ შექმნა; დახურა ან ჯიბეში ჩაიდო ყველა ტელევიზია; რომლის რეჟიმის ტრაგიკული შედეგები მაშინდელ ციხეებში ასეულობით ათასმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა; სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის დაგეგმილი საარჩევნო კამპანია და რეზოლუციაც არის ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი.

მისი თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ აღიარონ და საქართველოში დესტაბილიზაცია შექმნან.

„მთლიანად ეს რეზოლუცია გამსჭვალულია ცრუ ნარატივების სულისკვეთებით. თავად ის, რომ მოხდა ინიცირება ამ რეზოლუციის, ეს არის ნაწილი იმ საარჩევნო კამპანიისა, რომელიც ოპოზიციისთვის გარედან ხორციელდება. ჩვენ ხომ ვაკვირდებით, რომ ოპოზიცია აქ თავად არც კი მუშაობს, თემებს ვერ ქმნიან, ერთადერთი რაც ხდება ყოველ დღე, არის ერთი ორი განცხადება თუ გამოხმაურება, რომელიც შემდგომ საარჩევნო დისკუსიის ნაწილი ხდება საქართველოში. ეს არის დაგეგმილი საარჩევნო კამპანია და რეზოლუციაც არის ამ საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ჩვენ ვნახეთ ვინ არიან ინიციატორები, ეს ხალხი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გარე მფარველი. ესენი არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები, არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და, რა თქმა უნდა, მათგან რაიმე სიკეთეს ქართველი ხალხი არ მოელის. ერთ-ერთი რისკი, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით, მათ შორის, განსაკუთრებით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება მიგვანიშნებს ჩვენ ამაზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რომ არის მზადება არა არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომ არ აღიარონ არჩევნები თავად მათ და შექმნან დესტაბილიზაცია საქართველოში, მათ შორის ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობით და ეს განცხადებებიც ამისკენ მიგვანიშნებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ყველამ, მათ შორის, ევროპელებმა, კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი, ვინაიდან ეს არის ის, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებას ვუწოდებთ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამაზრზენია რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები – პაპუაშვილი

ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები. სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „კარგია, რომ, როგორც იქნა, გაცხადდა ის, რაზეც აქამდე მსგავსი მოთხოვნის ავტორები საჯაროდ საუბარს გაურბოდნენ, ზოგიერთი კი საჯაროდ უარყოფდა კიდეც“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ის, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი“.

„ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს, და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწად ნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველამ, მათ შორის ამ რეზოლუციის ავტორებმა, კარგად იციან, რომ საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთს ვერაფრით დააზარალებს. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ამ და სხვა მსგავს მოთხოვნებს, არა რუსეთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ხალხს გარანტირებულად ეკონომიკურ კოლაფსში ჩავაგდებდით და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით. ის, რომ ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, ამ რეზოლუციით, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო, აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტში კენჭი დღეს უნდა უყარონ, „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“.

ამ საკითხზე პაპუაშვილმა პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ამგვარი რეზოლუციის მიღება „ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა“.

მისი თქმით, აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ნაწილი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება, ხოლო სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე. ამასთან, პაპუაშვილი უცხოელ აქტორებს მოუწოდებს, „პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას“.

„ევროპარლამენტმა გუშინ განიხილა და დღეს მიიღებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან, რიგით მეოთხე რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით.

გვახსოვს, როგორ გავოგნდით, როცა ქართული ჯარის კუთვნილი 5 მილიონი ევროს მიმთვისებელი ოლიგარქი დავით კეზერაშვილი მედიამენეჯერად მოგვინათლეს; როგორ გავბრაზდით, როცა პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობებთან დაკავშირებით ცრუ ნარატივი ამოვიკითხეთ; როგორი იმედგაცრუებით გაგვეღიმა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების „უცხოეთის აგენტების რეესტრში“ აღმოვაჩინეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტების შემუშავებაში თურმე ამერიკელი ლობისტები იყვნენ ჩართული.

თუმცა, რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო – აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია.

აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება. ეს ევროპარლამენტის უკვე მესამე რეზოლუციაა, რომლითაც ცალკეული ძალები ევროკავშირის ოფიციალურ ინსტიტუტებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმისთვის და პირადი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ. ადამიანზე, რომლის წვლილიც განმსაზღვრელია იმაში, რომ მუდმივად ომის ქარცეცხლში გახვეული საქართველო, უკვე წლებია ინარჩუნებს მშვიდობას და არ გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ადგილი. ამასთან, როგორც ჩანს, რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს.

დაბოლოს, სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, რომლითაც ევროკავშირის ოფიციალური ინსტიტუცია, უკვე მერამდენედ, უკანონო ზეწოლით ცდილობს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნას. იმ ევროპარლამენტარებს, რომლებისთვისაც ამ რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ სტატისტიკაა, შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღიარებით საქართველოს ციხეებში „წამების სისტემა“ შექმნა; დახურა ან ჯიბეში ჩაიდო ყველა ტელევიზია; რომლის რეჟიმის ტრაგიკული შედეგები მაშინდელ ციხეებში ასეულობით ათასმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა; სამარცხვინოა, რომ ქართველ ხალხს 20 წელია იმ ევროპელი პოლიტიკოსების ყურება უწევს, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებს ხელს აფარებდნენ, ახლა კი, ევროპული ინსტიტუციების გამოყენებით, სამართლიანი სასჯელისგან მის უპირობო დახსნას ცდილობენ.

ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები. სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული. თუმცა, კარგია, რომ, როგორც იქნა, საბოლოოდ გაცხადდა ის, რაზეც აქამდე მსგავსი მოთხოვნის ავტორები საჯაროდ საუბარს გაურბოდნენ, ზოგიერთი კი საჯაროდ უარყოფდა კიდეც. ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს, და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველამ, მათ შორის ამ რეზოლუციის ავტორებმა, კარგად იციან, რომ საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთს ვერაფრით დააზიანებს. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ამ და სხვა მსგავს მოთხოვნებს, არა რუსეთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ხალხს გარანტირებულად ეკონომიკურ კოლაფსში ჩავაგდებდით და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით. ის, რომ, ამ რეზოლუციით, ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში.

ნათელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიციირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან.

ამავე დროს, გუშინდელმა განხილვამ ისიც აჩვენა, რომ, საბედნიეროდ, ევროპარლამენტში მოიძებნება საღი აზრიც, რომელიც იმედია, დროთა განმავლობაში, ევროპული ღირებულებების ტრაექტორიას აცდენილი ამ ტენდენციის შეჩერებას შეძლებს. მადლობა მინდა მათ გადავუხადო სწორი შეფასებებისთვის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის ამ ადამიანებს.

დასასრულს, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

ჩემი მტკიცე მოლოდინია, რომ ევროპარლამენტი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს და, ასევე, მოუწოდებს ოპოზიციას და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, მიიღონ ქართველი ხალხის არჩევანი, როგორც დემოკრატიის ვერდიქტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ენერგეტიკული პოლიტიკა ის მიმართულებაა, რაც საფუძვლად უდევს როგორც ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებას – ლევან დავითაშვილი

ენერგეტიკული პოლიტიკა ის მიმართულებაა, რაც საფუძვლად უდევს როგორც ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგოუსაფრთხოება და განახლებადი ენერგია“ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ფორუმზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის. მისი შეფასებით, ენერგეტიკული პოლიტიკა ის მიმართულებაა, რაც საფუძვლად უდევს როგორც ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებას.

ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ენერგობალანსში ადგილობრივი ელექტროენერგიის წილის მატებასა და ექსპორტის ზრდაზე.

„საარჩევნო პროგრამით საზოგადოებას კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები გავაცანით. კერძოდ, საუბარია ენერგოგენერაციის გაორმაგებაზე 2030 წლისთვის, რაც მოითხოვს რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში. საქართველოს აქვს განახლებადი ენერგორესურსებიდან ელექტროენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობები, საუბარია როგორც ტრადიციულ ჰიდრორესურსებზე, ისე ქარისა და მზის წყაროებზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ენერგეტიკული რესურსები სრულად ავითვისოთ – ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის 10 გეგა ვატამდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა დარგში კერძო ინვესტიციების მოზიდვას. მისი თქმით, კვლავ აქტუალურია ენერგეტიკაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა და მეტი ინვესტორის დაინტერესება.

„ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკა კერძო ინვესტიციების წახალისებას გულისხმობს, თუმცა გვესმის, რომ ენერგეტიკის სექტორი სპეციფიკურია, განსაკუთრებულია და კერძო სექტორთან ერთად დიდია სახელმწიფოს როლი. ეკონომიკის ბევრი სხვა სექტორისგან განსხვავებით, ენერგეტიკაში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი უმნიშვნელოვანესია“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურასა და მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან კოორდინირებულ მუშაობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა გლობალურ ენერგეტიკულ პროექტს, რომლითაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს ენერგოსისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება.

ფორუმში მონაწილეობა ასევე მიიღეს „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა“ და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელმა და გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. ფორუმს ასევე დაესწრნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.

9 თვეში საქართველოს 6 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წლის I-III კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5 794 661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.

„2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია. საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტალშიც.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2 773 594 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +2.5%-ია.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა +8.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.