Home Blog Page 34

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება ძალიან პოზიტიური ინიციატივაა -არჩილ თალაკვაძე

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვინაიდან არის მთელი რიგი სერვისები, არის ინიციატივები, ისეთი პროექტები, რომლებსაც სამოქალაქო სექტორი, პასუხისმგებლიანი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ეფექტურად განახორციელებენ. ამისთვის გამართლებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა და სახელმწიფოსთან, საჯარო სერვისთან ერთად ყველა ის ორგანიზაცია იყოს ჩართული პროცესში, ვისაც აქვს გულწრფელი სურვილი, რომ ქვეყანას მოუტანოს მეტი პროგრესი, შექმნას ადგილზე მეტი მომსახურება, დაეხმაროს მეტ ადამიანს და ქვეყნის განვითარების საერთო პროცესში იყოს ჩართული. ჩვენ ველოდებით, რომ იქნება მაღალი ჩართულობა, იქნება ეფექტური მონაწილეობა ამ პროგრამაში, რომელიც უკვე 2025 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. მანამდე, რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმი, თუ რა კრიტერიუმებით, როგორ მოხდება ამ გრანტების გაცემა, ეს ყველაფერი გაიწერება, იქნება გამჭვირვალე. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც ჰქონდა და აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, ემსახუროს თავის ქვეყანას, საზოგადოებას, ეს კიდევ მეტ და დამატებით საშუალებას მისცემს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

აკაკი ჯინჭარაძე პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა

ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა. პარასპორტმენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეგობრები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ჯინჭარაძემ 250 კილოს დაძლევა მოახერხა და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მეცხრე მედალი მოუტანა. საქართველომ პარალიმპიადზე პარაწოლჭიმში მედალი პირველად მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენებმა პარიზის პარალიმპიადაზე, პირველად ისტორიაში, 9 მედალი მოიპოვეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

საქართველო ჩეხეთის მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სპეციალური ეკრანები დამონტაჟდება.

ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 სექტემბერს ქუთაისში +36 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +24 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22. ბათუმში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

ფოთში დღისით +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ღრუბლიანობა. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექი ნავარაუდევი არ არის.

რუსთავში დღისით +30 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს, 10 სექტემბერს გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე -კახა კალაძე

თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის – ალბანეთი-საქართველოს საჯარო ჩვენებას გამართავს. ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს! ხვალ, 10 სექტემბერს გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის საჯარო ჩვენებას გამართავს.

10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე ტირანაში საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს სირთულეების გადალახვა და უსიამოვნო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ, რომ მშვიდი, პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ და საკუთარი თავის გჯეროდეთ. დღის მეორე ნახევარი უფრო წარმატებული იქნება. გირჩევთ წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დილა მშვიდად გაატაროთ და მუშაობის რიტმში თანდათან ჩაერთოთ. დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ საქმეზე კონცენტრირება, მაგრამ სადილის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება. საშუალება მოგეცემათ, თქვენი უნარები სრულად გამოავლინოთ და დამსახურებული წარმატება მოიპოვოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ.

ტყუპები

ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები და მოლაპარაკებები არ უნდა დაგეგმოთ, შესაძლოა მოვლენები თქვენთვის არახელსაყრელი სცენარით განვითარდეს და ეს საქმის შედეგებზე აისახება. უმჯობესია, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ, რადგან დამხმარემ შეიძლება იმედი გაგიცრუოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში უფრო ტაქტიანი იყოთ და საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

კირჩხიბი

თუ დღეს მსუბუქი, რუტინულ სამუშაოს შესრულებით დაიწყებთ, წარმატებული დღე გექნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის შეინახოთ, როდესაც თქვენი ენერგია და შრომისუნარიანობა გაიზრდება. ეცადეთ, პრობლემა პრაქტიკული თვალსაზრისით შეაფასოთ. თქვენი იდეებით ყველაზე თავდაჯერებული სკეპტიკოსებიც კი დაინტერესდებიან. ასევე შესაძლებელია მოგებიანი გარიგებები.

ლომი

ამ დღეს სხვა ადამიანების საქმეების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. სასიცოცხლო ენერგია დღის მეორე ნახევარში დაიწყებს მატებას, ამიტომ შეიძლება სამსახურში დარჩენა და მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება მოგინდეთ. თუ რაღაც არ გამოდის, შეგიძლიათ სამომავლოდ გადადოთ. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ, თავს დაუგეგმავი შესყიდვების ან გართობის უფლება მისცეთ.

ქალწული

გირჩევთ, რთული და დატვირთული დღისთვის მოემზადოთ. უსიამოვნებები შეიძლება ყველაზე მოულოდნელ დროს და ადგილზე წარმოიშვას, მაგრამ მშვიდად და რაციონალურად უნდა იმოქმედოთ. 10 სექტემბერს შანსი გექნებათ, რთულ და მნიშვნელოვან საქმეში წინსვლას მიაღწიოთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

სასწორი

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. უსარგებლო საუბრებმა რომ არ ჩაგითრიოთ, გირჩევთ განმარტოებით იმუშაოთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს. ეცადეთ, სადავო თემებს არ შეეხოთ და რთული დისკუსიები სამომავლოდ გადადოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ, ექსპერიმენტებს მიმართოთ.

მორიელი

ამ დღეს მოსაწყენი და უინტერესო სამუშაოს შესრულება გელით. ეცადეთ, ეს საქმე სწრაფად დაასრულოთ, რათა მთელი ყურადღება იმ საქმეზე გადაიტანოთ, რომელიც ნამდვილად გიზიდავთ. მნიშვნელოვანი ურთიერთობები რომ არ დააზიანოთ, კომპრომისს უნდა დათანხმდეთ და დიპლომატიური უნარები გამოავლინოთ. საკითხები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს. საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ გირჩევთ, საქმე ოჯახის სხვა წევრებსაც გაუნაწილოთ.

მშვილდოსანი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. კოლეგების დახმარებით როგორც ნაცნობ, ასევე ახალ ამოცანებს სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით. თქვენი ინიციატივა უფროსი ნათესავების მოწონებას დაიმსახურებს. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ რთული და დამღლელი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და ახლა მხოლოდ სასიამოვნო საქმეებით დაკავდეთ. პირადი ცხოვრების სხვა ადამიანებთან განხილვისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თხის რქა

ნელი, მოდუნებული დილა თხის რქებს საშუალებას მისცემს, მოემზადონ აქტიური და ნაყოფიერი დღისთვის. მოუსმინეთ თქვენს სხეულს: გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს კეთილდღეობაზე. ეცადეთ, კრიტიკუილ კომენტარებზე არ გაბრაზდეთ.

მერწყული

შესაძლოა, მეგობრის ან კოლეგის მოქმედებამ იმედი გაგიცრუოთ, თუმცა ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს და ნუ გააკრიტიკებთ ამ ადამიანს, სანამ სრულ ინფორმაციას არ მიიღებთ. იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, საქმეში მეტი ინიციატივის გამოჩენა გმართებთ – ნუ დაკმაყოფილდებით იმაზე ნაკლებით, რასაც ნამდვილად იმსახურებთ.

თევზები

გირჩევთ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე საღამოსთვის დაგეგმოთ – ამ დროისთვის თქვენი ენერგია შესამჩნევად გაიზრდება. დღევანდელი დღე შეუფერებელია რომანტიკისთვის. იყავით რეალისტი, დაიცავით გონივრული დისტანცია ადამიანებთან ურთიერთობაში და უფრო მკაცრად განსაზღვრეთ პრიორიტეტები.

“ცისარტყელისებური პრივილეგია”- უცხოური პრესა

„ევროპაში „ცისარტყელის ფერების კულტი“ ინერგება – მისი მიმდევრები სულ უფრო მეტად ხდებიან ხელშეუხებლები და დაუსჯელები. პოლიტიკური, იურიდიული და კულტურული თვალსაზრისით, „ლგბტ-საზოგადოების“ წარმომადგენლები სულ უფრო მაღალ დონეზე ფიგურირებენ. მათთვის მიუღწეველი იყო ოლიმპიური თამაშები, მაგრამ ახლა ოლიმპიადის ექსპროპრიაციაც მოახდინეს“, – ნათქვამია ევროპის ერთ-ერთ წამყვან ისტორიულ-ფილოსოფიურ ყოველკვარტალურ ჟურნალ „ევროპული კონსერვატიულობა“ (The European Conservative – მთავარი სარედაქციო ოფისით ბუდაპეშტში, ფილიალებით – ვენაში, ბრიუსელში და რომში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით” „ცისარტყელისებური პრივილეგია“ (ავტორი – როდრიგო ბელესტერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ფარდა ჩამოეშვა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მრავალი სპორტული მიღწევა დაფიქსირდა, ოლიმპიადა ისტორიაში უფრო მეტად იმ დიდი სკანდალის გამო შევიდა, რომელიც მისი გახსნის დროს მოხდა – ცერემონია „ლგბტ“-ისტურ-სატანისტური ქვეტექსტებით, გენდერული აღრევით და სხვა არატრადიციული ელემენტებით. მათ, ვისაც დასავლეთის დაცემის უტყუარი მტკიცებულებები ჭირდება, პარიზის ელიტამ უკვე აჩვენა – ამით ფრანგებმა საკუთარ ეროვნულ კულტურასაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს და სხვებიც შეურაცხყვეს. და ეს ხდება პრაიმ-თაიმში.

სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, ესაა „ლგბტ“-ის „ცისარტყელისებრი ჰეგემონიის“ არეკვლა, რომელიც ოფიციალურ კულტად გადაიქცა ქედმაღალ-რჩეულებისა და ხელშეუხებელ-დაუსჯელებისათვის. ერთი შეხედვით, მათი ფერადი ლამაზი ფასადის მიღმა პრივილეგიები, ფავორიტიზმი და „ყველგანმყოფობა“ იმალება, რომელიც თითქმის სავალდებულო ხდება.

ესპანეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმად, ფირმაში, სადაც 50-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს, „ლგბტ“ წარმომადგენლების მიღება სავალდებულოა. დასაქმების სახელმწიფო სამსახური კი მათ იგივენაირი პრივილეგიებით უზრუნველყოფს, როგორებიც აქვთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლ ადამიანებს. გარდა ამისა, კანონი თავდაყირა აყენებს მტკიცებულებების პრინციპს – როცა მოსამართლეები ბრალდებებს განიხილავენ ჰომოფობიასა და ტრანსფობიაში, ეჭვმიტანილმა თვითონ უნდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ასეთი მოქმედება რადიკალური უკანდახევაა რომაული სამართლიდან და უდანაშაულობის პრეზუმფციის მიმართ დარტყმას წარმოადგენს. კანადის სასამართლომ ექვსთვიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამას, რომელიც წინააღმდეგი იყო თავისი სრულიად ჯანმრთელი გოგონას სურვილის შესრულებისა სქესის გამოცვლის საკითხში. შვეიცარიაში სახელმწიფო იმავე მოქმედების გამო დედ-მამას მშობლის მოვალეობას ართმევს, ხოლო საფრანგეთში – კონვერსიული თერაპიის ხელის შეშლისათვის მშობლები შეიძლება საპყრობილეში აღმოჩნდნენ. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ ევროკავშირმა, რომელსაც არავითარი უფლება არ აქვს ჩაერიოს სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეების განათლებისა და აღზრდის სფეროში, უნგრეთს მილიარდობით ევრო „წაართვა“ იმის გამო, რომ სახელმწიფო არასრულწლოვანებს ნებისმიერი სექსუალური პროპაგანდისაგან იცავს, განსაკუთრებით კი გენდერული იდეოლოგიისაგან.
„ცისარტყელასებრი ჰეგემონიის“ ანთროპოგენური განზომილებაც გაოცებას იწვევს. ამ კულტის ჩარჩოებში ცდილობენ ელემენტარული ბიოლოგიის გადახედვასაც კი და გაისმის აბსურდული მტკიცებები, რომ სექსი კულტურულ კონცეფციას წარმოადგენს. შესაბამისად, იცვლება დაწყებითი განათლების პრინციპებიც: ბავშვები სექსუალიზაციით ადრეულ ასაკშივე არიან დაკავებულები. საზაფხულო ბანაკებში აღმზრდელები ბიჭებს ასწავლიან ცეკვებს „დრეგ-ქვინის“ მანერებით (გოგონას ტანსაცმელში გადაცმული სახით), რითაც ბავშვთა უწყინარობას „ინკლიუზივობის“ საკურთხეველზე დებენ. „ცისარტყელასებრი კულტის ჩარჩოებში ქალებიც სულ უფრო მეტად ზარალდებიან. მრავალფეროვნების სახელით მამაკაცებს ნებადართული აქვთ მონაწილეობა მიიღონ ქალთა ტურნირებში (როგორც ეს პარიზის ოლიმპიადაზე მოხდა კრივის დროს). „ქალკაცა“ მოძალადეებს ქალთა საპყრობილეებში გზავნიან, ნამდვილ ქალებს კი „მენსტრუატორებს“ უწოდებენ.
კულტურის თვალსაზრისით, „ლგბტ“-საზოგადოების ჰეგემონია ევროპაში უმაღლეს დონეზე ხორციელდება. ყველგან შეხვდებით და დაინახავთ ჰომოსექსუალიზმის რეკლამას – დროშებს ცისარტყელას ფერებით, გამოფენებს, შუქნიშნებს ტრანსების სიმბოლიკით, ქუჩაში ქვეითად მოსიარულეების გადასასვლელებს სხვადასხვა ფერებიანი ზოლებით.
რჩებოდა მხოლოდ აპოლიტიკური ოლიმპიური თამაშები და ისიც კი „ლგბტ“-ისტებმა და ნეოლიბერალებმა იდეოლოგიურ ვიტრინად გადააქციეს, თუმცა ამჯერად მთლად კარგად არ გამოუვიდათ – ის, რაც მათთვის მისაღებია, ჯერ-ჯერობით უმრავლესობისათვის მიუღებელი და შოკის მომგვრელი რჩება. სხვათა შორის, ოლიმპიადაზე მომხდარმა სკანდალებს თავისი პლუსებიც ჰქონდა – მათ გამოაღვიძეს ის საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც დასავლური კულტურის დაცემას ხედავენ: ისინი მიხვდნენ, რომ აუცილებლად ხმა უნდა აღიმაღლონ და ეს ლიბერასტული თვითმკვლელობითი სისულელე დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ.

ვინმე თუ დაასახელებს ადამიანების რომელიმე ცალკეულ ჯგუფს, რომლებიც ასეთივე დიდი სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური პრივილეგიებით სარგებლობს? ვინ არის მსხვერპლი სინამდვილეში – ის, ვინც ხელშეუხებელია და ვინც სხვებს შეურაცხყოფს, ვისაც გააკრიტიკებ და აქეთ შემოგიბრუნდება თუ მორწმუნე, რომლის რწმენას მთელი მსოფლიოს თვალში ამცირებენ? დროა ადამიანებმა ხმა აღიმაღლონ და ყველას გასაგონად განაცხადონ, რომ გავლენიანი და ამპარტავანი ელიტა იარაღის ინსტრუმენტად ჰომოსექსუალურ კულტს იყენებს, ხოლო მისი ბატონობა უკვე დესპოტურ ხასიათს იძენს. დროა, რომ ასეულობით მილიონმა ქრისტიანმა და სხვა მოქალაქეებმაც, რომლებიც ურთიერთპატივისცემისა და კანონის წინაშე თანასწორობის ერთგულები არიან, განაცხადოს, რომ სილის გასაწნავად მეორე ლოყას მორჩილად არ მიუშვერენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“აშშ-სა და ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელთა განცხადებით, მსოფლიო წესრიგი ისეთი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რომელიც ცივი ომის შემდეგ კაცობრიობას არ უნახავს”-BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით: “აშშ-სა და ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელთა განცხადებით, მსოფლიო წესრიგი ისეთი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რომელიც ცივი ომის შემდეგ კაცობრიობას არ უნახავს” (ავტორი – გორდონ კორერა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მსოფლიო წესრიგი „ისეთი საფრთხის ქვეშაა, რომელიც კაცობრიობას ცივი ომის შემდგომ არ უნახავს“, – დარწმუნებულები არიან ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის MI-6-ის ხელმძღვანელი რიჩარდ მური და მისი ოკეანის იქითა კოლეგა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი.

ორივე მთავარი მზვერავის თქმით, ლონდონი და ვაშინგტონი აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ერთიანი ფრონტით წინ აღუდგნენ რუსეთის აგრესიულ მცდელობასა და ვლადიმერ პუტინის მტაცებლურ ომს უკრაინაში“.

მათი ერთობლივი სტატია გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნდა: მსგავსი ფაქტი, რომ გაზეთში მსოფლიოს ორი უდიდესი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელის პუბლიკაცია დაბეჭდილიყოს, დღემდე არასოდეს არ მომხდარა. ავტორები წერენ, რომ მათ წინასწარ გაითვალისწინეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოახლოება და მსოფლიოს თანამეგობრობა გააფრთხილეს, რომ კიევისათვის დახმარება გაეწიათ.
ატლანტის ოკეანის ორივე მხარის – აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებები – CIA და MI-6 ერთად უპირისპირდებიან რუსეთის გაუაზრებელ დივერსიულ კამპანიას ევროპაში და იმავდროულად ცდილობენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის სიმწვავის შესუსტებას, ებრძვიან ტერორს, რათა არ დაუშვან „ისლამური სახელმწიფოს“ გამეორება, – ნათქვამია სტატიაში.
„არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, რომ თანამედროვე საერთაშორისო მსოფლიო წესრიგი დაბალანსებული სისტემას წარმოადგენს, რომელმაც ჩვენი პლანეტა მეტ-ნაკლები მშვიდობითა და სტაბილურობით უზრუნველყო, პარალელურად კი აამაღლა ცხოვრების დონე, ახალი შესაძლებლობები გააჩინა და აყვავებისათვის საფუძველი შექმნა… მაგრამ ამჟამად ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა – თანაც ისეთის, რომელიც კაცობრიობას ცივი ომის შემდგომ არ უნახავს’, – დარწმუნებულნი არიან სტატიის ავტორები.
უილიამ ბერნისა და რიჩარდ მურის მტკიცებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობები არსებობს და მათი აზრით, ასეთი დამოკიდებულების საფუძველს „საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა წარმოადგენს“.
ერთ-ერთი ასეთი საფრთხეა „მუქარების უპრეცედენტო კომბინაცია“, რომელიც ორივე ქვეყნის – აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წინაშე დგას – რუსეთ-უკრაინის ომი.
შაბათს ორივე ქვეყნის პოლიტიკური დაზვერვის უწყებების ხელმძღვანელები ერთად გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც გაზეთმა „ფაინეშელ თაიმსმა“ (FT Weekend) მოაწყო ლონდონის კენვუდ-ჰაუსში.

მონაწილეების ვინაობა ბოლო მომენტამდე უცნობი იყო და ის მხოლოდ უკანასკნელ წუთს გახდა ცნობილი, როცა ორივე – უილიამ ბერნსი და რიჩარდ მური სცენაზე გამოვიდნენ თავისუფლად, ჰალსტუხების გარეშე.
უილიამ ბერნსმა უკრაინის ჯარების ამასწინანდელ შეჭრას რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე „მნიშვნელოვანი ტაქტიკური წარმატება“ უწოდა, მაგრამ დაამატა, რომ ვერავითარ ნიშანს ვერ ხედავს, რომ კიევის ამ ოპერაციით ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება შესუსტდა
უკრაინაში გაისმის მოწოდებები დასავლეთის გასაგონად, რომ კიევს მეტი იარაღი მიაწოდონ და გააუქმონ შეზღუდვა მის გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში. დასავლეთის ქვეყნები ამ შეზღუდვას იმით ამართლებს, რომ ვაითუ კრემლმა მძაფრი რეაქცია გამოავლინოს და ბირთვული იარაღი გამოიყენოსო. მაგრამ ორივე სპეცსამსახურის ხელმძღვანელები დათანხმდა იმაზე, რომ უკრაინისადმი დახმარება ამის გამო არ უნდა შეჩერდეს.
„არავინ არ უნდა მიუდგეს მსუბუქად და უყურადღებოდ ესკალაციის რისკებს“, – განაცხადა უილიამ ბერნსმა. იგი შეხვედრის მონაწილეებს მოუყვა, რომ 2022 წლის დასასრულს იყო მომენტი, როცა რეალური რისკი არსებობდა – ბრძოლის ველზე რიგი წარუმატებლობის გამო – შეიძლებოდა რუსეთს ბირთვული იარაღი გამოეყენებინა. თავის მხრივ, CIA-ს დირექტორი ანკარაში თავის რუს კოლეგას შეხვდა და რუსეთის ოფიციალურ პირებს მისი გამოყენების შედეგები შეახსენა.
„მე არასოდეს არ ვთვლიდი – და ეს ჩემი უწყების საერთო აზრია – რომ ჩვენ ამის გამო უნდა შევშინდეთ. ვლადიმერ პუტინს მუქარები უყვარს და დროდადრო იარაღს აჟღარუნებს ხოლმე“, – აღნიშნა აშშ-ის მთავარმა მზვერავმა.

თხოვნაზე – კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ევროპაში საიდუმლო დივერსიული ოპერაციების ჩატარებისათვის – რიჩარდ მურმა აღნიშნა, რომ „რუსული სპეცსამსახურები გაველურდნენ და მიზნის მისაღწევად ხშირად სისხლის სამართლის დამნაშავეებს იყენებენ“.

თავიანთ სტატიაში უილიამ ბერნსი და რიჩარდ მური ხაზს უსვამენ, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხში „ახლა ისე როგორც არასდროს, დასავლეთი არჩეული კურსის ერთგული უნდა იყოს“. ორივე დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინი წარმატებას ვერ მიაღწევს. მათი აზრით, „უკრაინის ომმა აჩვენა, რომ თანამედროვე სამხედრო კონფლიქტები ძალიან არიან დამოკიდებული უახლეს ტექნოლოგიებზე, რაც იმას მიანიშნებს, რომ აუცილებელია ადაპტირება, ექსპერიმენტების ჩატარება და ინოვაციების დანერგვა“.

„უკრაინის გარდა, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ იმ დივერსიული კამპანიის ასალაგმავად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ევროპაში – დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელების სახით. კრემლი ცდილობს ჩვენ შორის უთანხმოება ჩამოაგდოს, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს“.
ორივე ქვეყნის დაზვერვის უწყებების ხელმძღვანელები თვლიან, რომ საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევას ჩინეთის გაძლიერება წარმოადგენს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ორივე სპეცსამსახურის რეორგანიზება ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით მოხდა.

უილიამ ბერნსმა და რიჩარდ მურმა საზოგადოებას ასევე აუწყეს, რომ მუდმივად არწმუნებენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მხარეებს – ისრაელს და „ჰამასს“, რომ თავი შეიკავონ და კონფლიქტის დეესკალაცია განახორციელონ. CIA და MI-6-ც დაუღალავად ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების დაბრუნებას.

უილიამ ბერნსმა, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაში, „ფაინენშელ თაიმსში“ გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შეიძლება უახლოეს დღეებშიც დაიდოს. „საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური ნების გამოვლენის საკითხს წარმოადგენს“, – ხაზი გაუსვა მან იმედი გამოხატა, რომ ორივე მხარის ლიდერები გარიგებაზე დათანხმდებიან.

გასული წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 1200 ადამიანი დაიღუპა, 251 კი მძევლად იქნა აყვანილი. მას შემდეგ 11 თვე გავიდა, ყველა მძევალი კი დღემდე გათავისუფლებული არ არის, ზოგიერთი კი უკვე გარდაცვლილია.

ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების (რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს) მონაცემებით, გასული წლის ოქტომბერში ისრაელის მიერ დაწყებული ომის შედეგად უკვე 40 ათასი ადამიანი დაიღუპა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

 ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით, რათა სანაცვლოდ რადიკალური ჯგუფები დააფინანსოს, მისი გადმოცემა ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა- შალვა პაპუაშვილი

არალეგალური ქოლცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს პროკურატურამ, გერმანელ კოლეგებთან ერთად (რომლებსაც ჩვენგან მადლიერება ეკუთვნის), აღმოაჩინა უკანონო ქოლცენტრებიდან მიღებული დიდი ფულადი თანხების გადარიცხვები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების ძარცვით იყო დაგროვილი 2019-2021 წლებში და რომლებიც დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის ანგარიშებზე მოხვდა. აღმოჩნდა, რომ, რასაც BBC მის საგამოძიებო სიუჟეტში ამტკიცებდა, ახლა საბანკო გადარიცხვებით დადასტურდა: მისტერ ოფშორი, როგორც მას BBC-მ უწოდა, დანაშაულებრივი ქოლცენტრების ბიზნესის უკან დგას. ამ ფულის დანაშაულებრივი წარმოშობა მთელი ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. ქართული დემოკრატიისათვის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ კეზერაშვილს არაერთხელ ღიად უღიარებია, რომ მის ხელთაა ოპოზიციური ტელეკომპანია და მტკიცე პოლიტიკურ და ფინანსურ კონტროლს ახორციელებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე.

გადამწყვეტი ასპექტი კი ისაა, რომ უკანონო წყაროებიდან მოპოვებული ეს არალეგალური პოლიტიკური დაფინანსება არსად ფიქსირდება და არც რაიმე ფორმით აღირიცხება. ენმ-ს უკანონო დაფინანსება ღია საიდუმლოებაა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იციან ეს „საიდუმლო“. მეტიც, კეზერაშვილს საქართველოში ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის. ამ ისტორიის ნამდვილი პარადოქსი ისაა, რომ კეზერაშვილი, რომლის დანაშაული უკვე ევროპული საგამოძიებო უწყებების მიერაცაა დადასტურებული, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში და, იმავდროულად, რადიკალური ქართული ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი დამფინანსებელია.

საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით, რათა, სანაცვლოდ, ეს რადიკალური ჯგუფები დააფინანსოს? ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია ველი – სასიამოვნო იქნებოდა, ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა-ლაშა ბაქრაძე

სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია ველი, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლიდერი ლაშა ბაქრაძემ განაცხადა, რითაც ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ლაშა ბაქრაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

“სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროტესტში და მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წამოვედი, ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე ჩემი ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ჩემთვის ლიტერატურის მუზეუმი არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მიყვარს, ჩემს თანამშრომლებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, რაც გავატარე ლიტერატურის მუზეუმში. 14 წელია, იქ ვმუშაობ და ისედაც, გულახდილად რომ ვთქვა, მე არ ვარ მომხრე, ადამიანები მთელი ცხოვრება ერთ ადგილას მუშაობდნენ, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიყვარულისა ამ მუზეუმის მიმართ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული, თუნდაც ამ მუზეუმის ცნობადობის ამაღლების კუთხით, იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ასობით გამოფენა გვაქვს გაკეთებული, გამოცემული გვაქვს მრავალი წიგნი და ვფიქრობ, ჩემი იქ მუშაობა იყო ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვისაც.

ცხადია, რომ გამათავისუფლებდნენ, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ის მაინც, რომ ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა, მაგრამ ამას უკვე, მე ვფიქრობ, ახლა მნიშვნელობა არა აქვს”, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყებამ შესაბამისი გადაწყვეტილება ლაშა ბაქრაძის მიერ დისციპლინური გადაცდომის ნიშნით მიიღო.

ლაშა ბაქრაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 9 სექტემბრის 21:00-დან 11 სექტემბრის 12:00 საათამდე იმოქმედებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა ნუ ეცდებოდნენ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციას, თუმცა მიუხედავად ამისა, კონკრეტული პირები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ცდილობდნენ პროცესის დისკრედიტაციას და ასარჩევ, შემდგომში კი უკვე არჩეულ პირთა სტიგმატიზაციას.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმიანობისა და ნეიტრალიტეტის მიხედვით და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი განცხადებების საფუძველზე. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს თითოეული ადმინისტრატორის უფლებას, მშვიდ გარემოში შეასრულოს თავისი მოვალეობა და 26 ოქტომბერს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

აქვე წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას არჩეული პირების შესახებ: სულ 24 240 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 425 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის 9 090 ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 111 საკონკურსო განაცხადი, კომისიის წევრების 15 150 ვაკანტურ ადგილზე 15 314 საკონკურსო განაცხადი.

საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. ეუთო/ოდირის რეკომენდაციის შესაბამისად კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს.

არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. კერძოდ: არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 8 საერთო არჩევნებიდან, კომისიის მუშაობაში ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 16 870 პირს, რაც საერთო რაოდენობის 70.15%-ია.

საუბნო საარჩევნო კომისიის ახალარჩეული წევრებიდან 14 183 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 1 111 -”საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 479 – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებულია.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 030 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათ შორის საარჩევნო კომისიების მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი, დანარჩენ 27 270 წევრს კი, უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს“, – აცხადებენ ცესკოში.