Home Blog Page 33

„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება

ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის

 

რა ცვლილებები იგეგმება და რას უნდა ელოდოს საზოგადოება ახალი სეზონისგან? ამ საკითხებზე ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა გვესაუბრება.

გიორგი სურმავა 1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში_აფხაზეთში (1992-1993) და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“, ასევე, უწყებრივი მედლებით.

– ბატონო გიორგი, როგორ ემზადება „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ახალი სეზონისთვის? რა მიმართულებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული?

-შეკრებები დაიწყება აპრილის ბოლოს. ახლა მიმდინარეობს ბანაკის მოწესრიგება, ტენდერების გაფორმება (კვებაზე, ბაზის მოვლაზე…), ინსტრუქტორების მომზადება და სხვა მოსამზადებელი ღონისძიებები. ამ წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული დანაყოფების დაკომპლექტებას, რაც საშუალებას მოგვცემს რეგიონებში გვყავდეს სათანადოდ მომზადებული და ორგანიზებული მოხალისეები, რომლებიც საგანგებო თუ საომარი მდგომარეობის დროს ჩაერთვებიან სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ მოქმედებებში. დავიწყებთ სპეციალისტების მომზადებას – დრონების ოპერატორები, საველე მაშველები და სხვა. გარდა ამისა, ჩატარდება შეკრებები, სადაც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები შეისწავლიან, თუ როგორ იმოქმედონ საომარი თუ საგანგებო მდგომარეობების დროს (მაგალითად, ვგეგმავთ სპეციალიზებულ კურსს ჟურნალისტებისთვის).

– წინა სეზონის გამოცდილებიდან გამომდინარე, რა იყო ყველაზე წარმატებული ასპექტი და რა ასპექტების გაუმჯობესებას გეგმავთ?

– წინა წელს გამოცდა იყო ჩვენი კოლექტივის ქმედითუნარიანობის. წარმატებით გავართვით თავი შეკრებების ჩატარების საორგანიზაციო საკითხებს. რაიმე ჩავარდნა არ ყოფილა. ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი დამფუძნებლები. 2025 წელს ვგეგმავთ მოხალისეთა მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც უნდა მოხდეს სასწავლო პროგრამების დახვეწის და მოხალისეთა კონტინგენტის მრავალჯერადი მოზიდვის ხარჯზე.

-როგორია მონაწილეთა დაინტერესება და ჩართულობა? არის თუ არა მოთხოვნა და ინტერესი ახალგაზრდებსა და მოქალაქეებს შორის ახალ სეზონისთვის?

– ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ამ პროექტით. მათ აინტერესებთ შეკრებებზე ერთად ყოფნა, რაღაც ახლის შესწავლა და ა.შ. ჩვენი ამოცანაა მათ გავუჩინოთ სურვილი, რომ სისტემატურად იარონ შეკრებებზე, ჩამოყალიბდნენ ჯგუფებად და იგრძნონ, რომ სამშობლოს ასე უფრო გამოადგებიან გასაჭირის დროს. ვიდრე, ცალ-ცალკე და არაორგანიზებულად. აპრილში დავიწყებთ შეკრებების დაკომპლექტებას და ვფიქრობთ ინტერესი მაღალი იქნება. ჩვენ, ასევე, ვაპირებთ ჩავრთოთ პროექტში ყოფილი სამხედროები, რომლებსაც გავლილი აქვთ ომები და საერთაშორისო მისიები. მათი გამოცდილება დიდი რესურსია და ასევე ორგანიზებულად უნდა იქნას გამოყენებული;

– როგორი ცოდნა და უნარები რჩებათ კურსდამთავრებულებს? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ისინი სწავლობენ კურსის განმავლობაში?

– პირველი შეკრების გავლის შემდეგ მოხალისეები შეიძენენ ელემენტარულ ცოდნას და გამოცდილებას ისეთ საგნებში, როგორიცაა: საცეცხლე მომზადება, სამხედრო-საინჟინრო საქმე, საველე მედიცინა, თვითგადარჩენა, ტოპოგრაფია და ნავიგაცია და ა.შ. შეკრებების კურსის გავლის შემდეგ მათ ექნებათ დაახლოებით ისეთივე მომზადების დონე, როგორც რეზერვისტებს. ჩვენ მათ იგივე პროგრამით ვამზადებთ;

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, რომლებიც ფიქრობენ, ჩაერთონ თუ არა ორგანიზაციის საქმიანობაში?

– საქართველოს თავდაცვის ძალების რიცხობრივი შემადგენლობის ზღვარი დამტკიცებულია პარლამენტის მიერ და შეადგენს 38 000-მდე მებრძოლს. რეზერვში გათვალისწინებულია 12 000-მდე მებრძოლი. შსს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტში ხალხის რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია. გამოდის რომ, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში უშუალოდ ჩართულია დაახლოებით 50 000 ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში მონაწილეობა ბევრად მეტს სურს და შეუძლია. ჩვენ მათ შესაძლებლობას ვაძლევთ თავიანთი წვლილი ორგანიზებულად შეიტანონ ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში;

– კიდევ ერთხელ, რომ განვმარტოთ, როგორ შეიძლება რეგისტრაცია და რა ეტაპებია, სანამ მოხალისე უშუალოდ გაივლის მომზადების კურსს?

– რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე უშუალოდ ჩვენს ორგანიზაციაში მოსვლით ან დარეკვით. რეგისტრაციის შემდეგ მას დაუკავშირდებიან და შეუთანხმდებიან შეკრების დროზე და პირობებზე.

ოპოზიცია ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ, ეს მცდელობა დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება -ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციას თვითლიკვიდაციის რეჟიმი ჰქონდა და ახლა გამქრალი მდგომარეობიდან აღდგენა უნდათ. ერთმანეთისგან იდეოლოგიურად არც განსხვავდებიან, ამიტომ ვამბობდით, რომ, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, უბრალოდ, საარჩევნოდ მათი სეგმენტებად დაყოფა მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ, ეს მცდელობა კი დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება.

„ოპოზიციას თვითლიკვიდაციის რეჟიმი ჰქონდა და ახლა გამქრალი მდგომარეობიდან აღდგენა უნდათ. ერთმანეთისგან იდეოლოგიურად არც განსხვავდებიან და სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არიან. უბრალოდ, საარჩევნოდ მათი სეგმენტებად დაყოფა მოხდა. მათი შედეგი რა იყო, ისიც ვნახეთ, ისევე როგორც შემდეგ როგორ იმოქმედეს. ოპოზიცია დღეს ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ. მგონი, ეს მცდელობა დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება. ოპოზიცია, ლიდერების თამადობით, იმდენად გაკოტრებულია, რომ საპროტესტო აქციაზეც ვერ გამოდიან და მიტინგებს ვერ მართავენ. ცდილობენ, ისეთი მულაჟი შემოიტანონ, რაც თითქოსდა უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური შედეგი დამოუკიდებლად არასოდეს არ დაუდია. თავიდან საგარეო საქმეთა მინისტრად სააკაშვილმა წაიყვანა, შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მაჟორიტარი დეპუტატი და პრეზიდენტი გახდა. ამიტომ ახლა ნულოვანი ოპოზიცია ნულოვან ლიდერს დაიყენებს თუ არა, ამით ჯამი მაინც ნულოვანი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას – ირაკლი კობახიძე

საქართველოსა და უზბეკეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომობა ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ გუშინ და დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლოდ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა განსაკუთრებული მიღებისთვის და ჩვენი ხალხისა და დელეგაციისადმი მეგობრული დამოკიდებულებისთვის.

ნამდვილად შთამბეჭდავია, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. სწრაფად ვითარდება თქვენი ქვეყანა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებმა და იმ გარდაქმნამ, რაც უზბეკეთში ხორციელდება თქვენი ლიდერობით.

გუშინ გვქონდა შესაძლებლობა ტექნოპარკში გვენახა ტრანსფორმაციის საუკეთესო მაგალითი, რაც თქვენს ქვეყანაში ხორციელდება.

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგიწვიოთ საქართველოში.

სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომობა ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ გუშინ და დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე.

ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დაინტერესებულნი ვართ, სავაჭრო პარტნიორობა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენს ქვეყნებს შორის.

ინვესტიციების ნაწილშიც შესაძლებელია გააქტიურება. თქვენი საინვესტიციო გარემო შეიძლება ძალიან მიმზიდველი იქნეს ქართველი ინვესტორებისთვის და საქართველოც ძალიან საინტერესეო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას. საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და ისტორიულად აკავშირებდა ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს.

გვსურს, ამ სტრატეგიული ადგილმდებარეობით მაქსიმალურად ვისარგებლოთ და ამ მიმართულებითაც ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეიძლება იყოს თანამშრომლობა საქართველოსა და უზბეკეთს შორის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ტრამპი და ვენსი ჭკვიანები და გონიერები კი არა, უმეცრები და უვიცები არიან“ – რას წერს The Daily Telegraph-ი

 „ნება მომეცით ახალი ამერიკული ეპოქის ჩემეული ხედვა გაგაცნოთ“, – ასე იწყებს თავის სტატიას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ექს-მინისტრი ბენ უოლესი, რომელიც ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 5 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სათაურით „ტრამპი და ვენსი ჭკვიანები და გონიერები კი არა, უმეცრები და უვიცები არიან“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი, როგორც ჩანს, ყველაფერში თვითონ არიან  დარწმუნებულნი, რასაც ლაპარაკობენ. ისინი არ ხუმრობენ, როცა ამბობენ, რუსეთის საფრთხეს არ წარმოადგენს. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ამერიკამ ნატო უნდა დატოვოს და რომ გრენლანდია აუცილებლად უნდა მიიერთონ. მათი აზრით, მსოფლიოში მხოლოდ ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს აქვთ მნიშვნელობა. ისინი ბრიტანეთს ევროპისაგან გარიყულ ქვეყნად თვლიან. მათი აზრით, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ვინც ძლიერია, მართალიც ის არის. დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის ლოზუნგის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (ანუ MAGA – „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) რეალიზებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ოპონენტების, სასამართლოსა და მასმედიის შეზღუდვას. მათთვის ფაქტები მონაგონია, ხოლო მონაგონი – ფაქტები.  ამერიკას განზრახული აქვს ევროპიდან თავისი ჯარები გაიყვანოს, პუტინის გულის გასახარებლად. ისინი თანხმდებიან უკრაინის განადგურებაზე, ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად.

„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სხვა ქვეყნებზე შურისძიებას ნიშნავს. ტრამპსა და ვენსს თაკერ კარსონის ყოველი ტყუილი სინამდვილე ჰგონიათ. თუ ამერიკა ჩაიკეტება და საკუთარ ნაჭუჭში მოექცევა, საკუთარ თავს ვკითხოთ: ვისთვის არის ეს სასარგებლო? თუ ნატოში განხეთქილება მოხდება, როგორ იქნება ალიანსი ავტორიტეტული და სხვებისთვის სასურველი ორგანიზაცია? ვინღა დაუჭერს მხარს სახელგატეხილ ნატოს?

გარწმუნებთ, რომ ამით დასავლეთში არავინ მოგებული არ იქნება. სამაგიეროდ, რეალური მოგება ექნებათ რუსეთს, ჩინეთს და მსოფლიოს ყველა ჯურის ექსტრემისტებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ამერიკას თავის უპირველეს სამიზნედ თვლიდნენ. ისინი ნადირობენ არა ევროპაზე, არამედ ძია სემზე. პუტინი – კაცი, რომელიც თავისი ცხოვრების განმავლობაში დასავლეთს ევრძოდა, დონალდ ტრამპის მეგობარი ხდება. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ არ დავიწყებიათ ის დამცირება, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის სედეგად გადაიტანეს. რუსეთს დასავლეთის ქვეყნებს შორის განხეთქილება შეაქვს – კრემლი ამას ყველანაირად ცდილობს.

ჩინეთი გახარებული იქნება დღევანდელი მსოფლიო წესრიგის დემონტაჟით. ტაივანის გამო ყველაფერი, რამაც ამერიკა ნამდვილად დიდებულ და მდიდარ ქვეყნად გადააქცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაფერი პოტენციურ კოცონზეა დაწყობილი დასაწვავად. დღეს ჩინეთს ტაივანის სრუტის გადალახვა [და კუნძულზე თავდასხმა] ყველაზე იოლად შეუძლია.

არ ვიცი, რეალიზდება თუ არა ეს ყველაზე უარესი სცენარი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს არ მოხდება. დონალდ ტრამპი გააცნობიერებს, რომ ყველა წააგებს, თუ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ იზოლაციონიზმის სიმბოლო იქნება. იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი მიხვდებ, რომ მეგობრებს „უბილეთო მგზავრები“ არ უნდა უწოდოს და ყველას ყველაფერში ფულის გადახდა მოსთხოვოს. ეს ისეთ განხეთქილებას და უტანხმოებას იწვევს, რომლის გამოსწორება ზალიან რთულია.

მე ასევე იმედი მაქვს, ჩვენ, ატლანტიკის აქეთ ნაპირზე მცხოვრებნი, არ დავივიწყებთ, რომ ამერიკა მხოლოდ ერთი, დღევანდელი პრეზიდენტი არ არის. შესაძლოა ჯეი დი ვენსს ეწყინოს, მაგრამ ყველა ამერიკელი მისებურად არ ფიქრობს.

სამწუხაროდ, ამჟამად შემაშფოთებელი დროა დამდგარი. ჩვენ საკმაოდ შორს ვართ რონალდ რეიგანისა და მარგარეტ თეტჩერის ეპოქიდან. ყველა ჩვენთაგანისათვის სახიფათოა ის, რომ ოვალური კაბინეტის ახალი ბინადრები არასწორ განცხადებებს აკეთებენ და რაც სოციალურ ქსელებში იწერება, ბოლო ჭეშმარიტებად თვლიან.

ჩვენ თავის დროზე უარი ვთქვით Twitter-ით სარგებლობაზე. ერთმა ამერიკელმა მაგნატმა კერძო საუბარში მისაყვედურა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება სოციალური ქსელების რეგულირებას ცდილობს. როცა მე უშიშროების მინისტრი ვიყავი, საოცარი ფაქტები გავიგე – სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ხდებოდა ათასობით ადამიანის გადაბირება „ისლამური სახელმწიფოსგან“ და „ალ-ქაიდას“ მიერ.

ირონია იმაში გამოიხატება, რომ სწორედ ის სოციალური ქსელები, რომლებსაც MAGA იყენებს „ამერიკისათვის ძველი დიდების დასაბრუნებლად“, სინამდვილეში მას ასუსტებს და შლის.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჩვენგანს უფლება გვაქვს თავისუფლად გამოვთქვათ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მოქმედებასთან მიმართებით, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სწორად იქცევა, როცა იგი თეთრი სახლის მიმართ რბილ დამოკიდებულებას იჩენს. მეორევადიან დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აღზდა ჭირდება, რბილი მეთოდებით, იგი არ უნდა ვლანძღოთ.

მოდით, დონალდ ტრამპზე ვიმსჯელოთ მისი პრაქტიკული ნაბიჯების შედგებით და არა იმ ხმამაღალი განცხადებებით, რომლითაც ყოველი მთავრობა იწყებს თავის საქმიანობას. ჩვენ უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს, თუმცა, უნდა ვემზადოთ უარესისთვისაც.

წყარო

ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, დაფუძნებულია ტყუილზე – კახა კალაძე

ყველა განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე, არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან, დემოკრატიულობასთან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის განცხადებები ვერაფერ ზიანს ვერ მოუტანს ხელისუფლებას, პირიქით, ისინი დაზიანდებიან.

„ყველა განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, ყველაფერი ეს დაფუძნებულია ტყუილზე, არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან, დემოკრატიულობასთან. ეს არის გარკვეული დაჯგუფება, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ჰქონდა აბსოლუტურად სხვა ინტერესი და უბრალოდ ევროკავშირში გაწევრიანების თემას იყენებენ მუქარებისთვის, დაშანტაჟებისთვის. არაერთხელ განვმარტეთ, რომ არც მათი მუქარების გვეშინია და არც მათი შანტაჟის არავის ეშინია. როცა საქმე ეხება ქვეყნის ინტერესსა და მომავალს, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს სჭირდება. შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები ვერაფერ ზიანს ვერ მოგვიტანს, პირიქით, ისინი დაზიანდებიან. ჩვენ მართლაც ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს განვითარების თვალსაზრისით, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან, მათი ჩართულობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე საქართველოს. შესაბამისად, საქართველო არის ძალიან სანდო პარტნიორი, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებითა და ნაბიჯებით გამოიხატება.

ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო რადიკალები, ისინი არიან ქვეყნის გარეთ არსებული გაქსუებული ბიუროკრატები, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით რადიკალურად სხვა ინტერესი აქვთ, სხვა ინტერესი ჰქონდათ, ეს დღესაც გრძელდება. მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოეყენებინათ საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. ქვეყანაში არ გაჩაღდა მეორე ფრონტი, არ მიუერთდა სანქციებს. თუ სურთ ომი, კეთილი ინებონ, ჩაერთონ, თავად იომონ და დაუპირისპირდნენ როგორც უნდათ ისე, ვისაც უნდათ ისე. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვატარებდით ჩვენი ქვეყნის ინტერესს და გავატარებთ. სიცრუე და ტყუილია ის განცხადებები, რასაც მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში ვუსმენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული. ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისის ცნობით, „ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ“. გარდა ამისა, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ზე წერს, რომ ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა.

თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული გრძელდება

თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ.

გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების 50-მდე ბრენდის ფიზიკურ მაღაზიაში, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 150 ლარი მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა გაქვთ, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი მომენტალურად დაიბრუნოთ.

პარტნიორი ობიექტები:

  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი:

Mango, AW LAB, Factory, Jeans Gallery, Studio by Shoes Gallery, Laboratory Shoes Gallery, Scarpiera, Bata, Bambino, Replay, Jacadi, Okaidi, Corso Italia, Ecco, GEOX, ICR Outlet, Mavi, Kid’s Gallery, Greyder, Jack&Jones, Etam, Hummel, G-Star, Lee, Wrangler, Levis, Atrio, Gant, Lacoste, Guess, Tommy Jeans, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Samsonite, Triumph, Vero Moda, Dressup Outlet, Penti, Massimo Dutti, Oysho, Stradivarius, Bershka, Pull & Bear, La Vie En Rose, Zippy, Marks & Spencer, Ipekyol, US. Polo, Aldo, Charles & Keith, Parfois

  • აქსესუარები:

Roniko, Kenari, Optimist, Afflelou Paris, Sunglass Hut, Toreli

იხილეთ, 7-8 მარტის შეთავაზების დამატებითი პირობები.

ახალი თიბისი ბარათი თიბისის უნიკალური პროდუქტია. სრულიად უფასოდ, აიღე ახალი თიბისი ბარათი მობაილბანკიდან 1 წუთში ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში და ისარგებლეთ გამორჩეული უპირატესობებით.  

R

ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიოს მოწინავე კვლევითმა ორგანიზაციამ, ვაშინგტონის #1 -მა ანალიტიკური ცენტრმა – „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი 2025 გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

ანგარიშში ვკითხულობთ: „ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ქულა უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიო და რეგიონული საშუალო მაჩვენებლები. საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის ინდექსის მიხედვით „ზომიერად თავისუფალია“.

რთული გარე და პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა შედარებით კარგად მუშაობს პოლიტიკის ძირითად სფეროებში. წლების განმავლობაში განხორციელდა რეფორმები მარეგულირებელი ეფექტურობის გაზრდის მიზნით და შენარჩუნებულია ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთებთან ერთად.“

ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, მალტას, რუმინეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უნგრეთს, საბერძნეთს, თურქეთს, ალბანეთს.

გლობალური გამოკვლევის მიხედვით პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს კანონის უზენაესობის დონე. ანგარიშში ვკითხულობთ: „კანონის უზენაესობა საქართველოში შედარებით კარგად არის დაცული. ქვეყნის საკუთრების უფლების ქულა მსოფლიო საშუალოზე მაღალია; მისი სასამართლო ეფექტურობის ქულა აღემატება მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს; და მისი მთავრობის კეთილსინდისიერების ქულა მსოფლიო საშუალოზე მაღალია.“

სასამართლოს ეფექტურობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ სახელმწიფოს.

სასამართლოს ეფექტურობა შეფასდა სამი კრიტერიუმით:
სასამართლო დამოუკიდებლობა,
სასამართლო პროცესის ხარისხი და
საჯარო სერვისების ხარისხისა და საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის აღქმა.

რაც შეეხება მთავრობის კეთილსინდისიერების შეფასებას, საქართველო ამ შემთხვევაშიც უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და აგრეთვე ევროკავშირის და ნატოს წევრს 13 სახელმწიფოს: პოლონეთს, კვიპროსს, მალტას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, მონტენეგროს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს.

მთავრობების კეთილსინდისიერება შეაფასა შემდეგი კრიტერიუმებით:
• Perceptions of corruption, (კორუფციის აღქმა)
• Risk of bribery (მექრთამეობის რისკი)
• Control of corruption including “capture” of the state by elites and private interests. (კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს „მიტაცება“ ელიტური და კერძო ინტერესებისათვის)

კვლევის მეთოდოლოგიაში ხაზგასმით არის გაცხადებული, რომ ინდიკატორი მიზნად ისახავს ისეთი მანკიერი მხარეებისაგან ქვეყნების თავისუფლების ანალიზს, როგორიცაა მექრთამეობა, გამოძალვა, ნეპოტიზმი, ქრონიზმი, პატრონაჟი, გაფლანგვა, მითვისება.

ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ეს ინდიკატორი ეფუძნება სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრის პროფილურ კვლევებს :
1. Transparency International, Corruption Perceptions Index;
2. TRACE International, The Trace Matrix
World Bank, Worldwide Governance Indicators. (ეს უკანასკნელი ეფუძნება ათეულობით კვლევითი ცენტრის პროფილურ კვლევებს)

თბილისის მერია, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მქონე სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მქონე სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვაქვს „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“, რომლის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას ვიწყებთ. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე. განცხადებების იღება დაიწყება 5 მარტიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 ათასამდე სტუდენტმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, მხარდაჭერა და დახმარება სტუდენტებზე. ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც სჭირდებათ ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, რომ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპმა კიევისათვის ავისმომასწავებელი ნაბიჯი გადადგა – The Times

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რას ნიშნავს უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერება? დონალდ ტრამპმა კიევისათვის ავისმომასწავებელი ნაბიჯი გადადგა“ (ავტორი – ალისტერ დოუბარი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს უკრაინის არმიას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები – „ჯაველინები“ მიაწოდა, რომლებმაც, კომპაქტურ NLAW-თან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რუსეთის მექანიზებული კოლონების შესაჩერებლად ომის დასაწყისში. ეს მხოლოდ ორი დასახელებაა იარაღის იმ უამრავი სისტემებიდან, რასაც აშშ უკრაინას აწვდიდა. ამერიკული იარაღი ძალიან დაეხმარა უკრაინას. სწორედ მათ გამო ვერ შეძლო რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის დამხობა ომის სამი წლის განმავლობაში.

მაგრამ ახლა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა იარაღის მიწოდება ვაჭრობის საგანი გახადოს, უკრაინაზე ზეწოლის მოსახდენად.

ტრამპმა უკვე გაანაწყენა უკრაინელები, როცა მათ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა, როცა მან კიეველი დიპლომატები ერ-რიადის მოლაპარაკებაზე არ მიიწვია და როცა უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

თუ იარაღის მიწოდებაში პაუზა გაჭიანურდება, შეიძლება სერიოზულად გართულდეს უკრაინის ჯარების ბრძოლის ველზე მოქმედება და, შესაბამისად, შესუსტდება ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციები ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე.

ამერიკული რაკეტები ისევე აუცილებელი იყო უკრაინისათვის, როგორც მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე „აბრამსის“ ტანკები. მხოლოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გაგზავნა უკრაინაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „პეტრიოტი“, შორი მოქმედების რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად. „პეტრიოტის“ მიერ გაშვებული ყოველი რაკეტა სამი მილიონი დოლარი ღირს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე გადასცა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები „ფალკონები“ (F-16-ები), რომლებსაც კიევი ვაშინგტონს დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა. რუსული ავიაცია უკრაინის ცაზე ვეღარ ბატონობს.

უკრაინის არმია სარგებლობს ATACMS-ების ამერიკული სარაკეტო კომპლექსებით, HIMARS-ის ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარებით და M777 ტიპის ჰაუბიცით, რომელსაც ძლიერი დამანგრეველი ეფექტი აქვს.

აშშ-ის კონგრესს მიღებული აქვს კანონი უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების შესახებ, რომელიც ნებას აძლევს მთავრობას 175 მილიარდი დოლარი დახარჯოს კიევის მხარდასაჭერად. კილის (გერმანია) კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ვაშინგტონმა უკრაინას გადასცა დაახლოებით 110 მილიარდი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი დონალდ ტრამპისეულ 350 მილიარდზე ნაკლებია, მაინც შთამბეჭდავია და უკრაინისათვის გაწეულ დახმარებაში ყველაზე მსხვილ თანხად ითვლება.

ამერიკისა და ევროპის დახმარების წყალობით უკრაინამ შეძლო რუსეთის ჯარების სწრაფი წინსვლა შეენელებინა და ბოლოს შეეჩერებინა, მაგრამ დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა რუსეთის არმიის უკანდასახევად და კრემლის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების (ყირიმი, დონბასი) გასათავისუფლებლად. თუმცა შენარჩუნდა უკრაინის დამოუკიდებლობა.

თუ ასეთი ჩიხური სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება, უკრაინა, ალბათ, ბრძოლის ველზე რუსების შემოტევებს ვეღარ შეაჩერებს, რაც კრემლის პოზიციებს გააძლიერებს სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ.

წყარო

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მარტის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი  ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი. 

მარტის თვის შეხვედრების განრიგი:

  • პირველი ტრენინგი 6 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი  საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მეორე ტრენინგი, სურსათის უვნებლობა და HACCP-ის სისტემა, 11 მარტს, ონლაინ გაიმართება და მას Adjara Group-ისსურსათის უვნებლობის შიდა აუდიტორი, ინგა ცერცვაძე გაუძღვება. შეხვედრაზე ბიზნესების წარმომადგენლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საკვები ობიექტის მიმართ ზოგადი მოთხოვნების, სურსათის წარმოებისთვის აუცილებელი პრინციპებისა და HACCP სისტემის შესახებ.
  • მესამე ტრენინგი შემდეგ თემატიკას დაეთმობა: რა უნდა იცოდეს მცირე და საშუალო მეწარმემ ფინანსებზე. შეხვედრას ნათია სხვიტარიძე, FAS Group-ის მმართველი პარტნიორი გაუძღვება და ის ბიზნესების წარმომადგენლებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შესახებ. ტრენინგი 12 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
  • კიდევ ერთი ტრენინგის თემატიკა Shopify-ზე პროდუქციის ონლაინ გაყიდვას შეეხება და მას ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება. ტრენერი აუდიტორიას საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ტრენინგზე დასწრებას ბიზნესების წარმომადგენლები  20 და 21 მარტს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.
  • მარტის თვის ბოლო, მეექვსე ტრენინგი ფიზიკურ სივრცეში, 25 და 26 მარტს გაიმართება და ის ქსელურ მაღაზიებში შესვლის სტრატეგიას დაეთმობა. სფეროს სპეციალისტები, ია ნადირაშვილი და მირანდა მანჯგალაძე ბიზნესების წარმომადგენლებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო პროდუქციის ქსელურ მარკეტებში განსათავსებლად და რას უნდა მიაქციონ მეწარმეებმა ამ პროცესში ყურადღება. ტრენინგზე რეგისტრაცია უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://beta.tbcbank.ge/ka/business/education ,

სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

R

ჩვენ აღვმართავთ ამერიკულ დროშას მარსზე – დონალდ ტრამპი

კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა იქნება ლიდერი კოსმოსის ათვისებაში და მომავალში აღმართავს ამერიკულ დროშას „წითელ პლანეტაზე“ და ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„ჩვენ დავიპყრობთ მეცნიერების უსაზღვრო ჰორიზონტებს, წინ გავუძღვებით კაცობრიობას კოსმოსში, აღვმართავთ ამერიკულ დროშას მარსზე და მის ფარგლებს გარეთაც“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია აპირებს გააძლიეროს შეერთებული შტატების პოზიციები, როგორც წამყვანი კოსმოსური ძალა.

მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს სქესის შეცვლას ბავშვებში – ტრამპი

JPG resized with https://ezgif.com/resize

ახლა მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადებს სქესის შეცვლას ბავშვებში, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

„თანამდებობის დაკავებიდან მალევე, მე ხელი მოვაწერე აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს საჯარო სკოლებში ჩვენი შვილების ტრანსგენდერული იდეოლოგიით ინდოქტრინაციას. მე ასევე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომ შეწყდეს დაფინანსება ნებისმიერი დაწესებულებისთვის, რომელიც ეწევა ჩვენი ახალგაზრდების სქესობრივ დასახიჩრებას.

ახლა მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს და დანაშაულებრივ ქმედებად გამოაცხადებს სქესის შეცვლას ბავშვებში და სამუდამოდ დაასრულებს ტყუილს, რომ ნებისმიერი ბავშვი არასწორ სხეულშია ჩარჩენილი. ეს დიდი სიცრუეა და ჩვენი გზავნილი ყველა ბავშვისთვის ამერიკაში არის ის, რომ თქვენ ხართ სრულყოფილი ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა შეგქმნათ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.