Home Blog Page 33

ოპოზიციას სასამართლოს იმედი აქვს, რომელმაც ხმის მიცემის შედეგები უკვე 30 ოლქში გააუქმა – Basler Zeitung

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ბასლერ ცაიტუნგში“ (Basler Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „არჩევნები საქართველოში: ოპოზიციას სასამართლოს იმედი აქვს, რომელმაც ხმის მიცემის შედეგები უკვე 30 ოლქში გააუქმა“ (ავტორი – ფრენკ ნოიჰეისენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იქნებ ეს ფაქტი ის მცირე დასაწყისია, რომელიც კიდევ უფრო გამრავლდება და საბოლოოდ ყველაფერს შეცვლის? იქნებ ის ფაქტი, რაც პროვინციულ ქალაქ თეთრიწყაროში მოხდა, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მანიშნებელია და ქვეყანას სწორ გზაზე – ევროკავშირისაკენ შეაბრუნებს?  ოპოზიციას იმედი აქვს. ოპოზიცია არ აღიარებს პრომოსკოვური მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ოფიციალურად გამოცხადებულ გამარჯვებას.

„თეთრიწყაროს პრეცედენტი“

თეთრისწყარო თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრზე მდებარეობს. ორსაბათს ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საარცევნო ოლქში ხმის მიცემის წესი – ფარული კენჭისყრა – დაირღვა: ბიულეტენები, რომლებიც სკანერში იყო მოთავსებული, ისეთი თხელი იყო, რომ მათზე სრულიად გარკვევით ჩანდა გაფერადებული რგოლი, ანუ შეიძლებოდა იმის გაგება, თუ ვის მისცა თავისი ხმა ამომრჩეველმა. თეთრიწყაროს ოლქის 30-ვე საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა, რაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაა არჩევნების წესების დარღვევის გამოვლენაში.

ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ მოსამართლის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მან გამოიჩინა გაბედულება და პროფესიონალიზმი, გამოავლინა კანონმორჩილება და მთავრობისათვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო.

კავკასიურ სახელმწიფოში ხელისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება. ოპოზიციამ, რომელიც ოთხპარტიულ ალიანსს წარმოადგენს, დაადგინა, თუ როგორ, რა გზებითა და მეთოდებით უნდა იმოქმედოს.

რა უნდა გრეტას თბილისში?

საქართველოს დედაქალაქში 4 ნოემბერს გამართულ ოპოზიციურ დემონსტრაციაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა (მაგრამ არა იმდენი, რამდენიც არჩევნების შემდეგ ჩატარებულ მიტინგში), პლუს გრეტა ტუნბერგი. ცნობილი შვედი აქტივისტი თბილისის ქუჩებში თავის მოქსოვილი ქუდით დადიოდა და აცხადებდა, რომ იგი ქართველ ოპოზიციონერების გვერდით დგას და მათ მხარს უჭერს „თავისუფლებისა და მშვიდობისათვის“ (!) ბრძოლაში.

ოპოზიციას განზრახული აქვს საპროტესტო აქციები თბილისში ყოველდღიურად ჩაატაროს, სხვადასხვა ადგილზე – ზოგჯერ დიდი, ზოგჯერ კი მცირე მიტინგები. ლაშა ბაქრაძე, რომელიც ზაფხულში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა, თავის გამოსვლაში თბილისური პროტესტი 1989 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში (გდრ-ში) მომხდარ გამოსვლებს შეადარა, რომლებმაც საბოლოოდ „ბერლინის კედლის“ დაცემა გამოიწვია.

მოსყიდვა, დაშინება და გაყალბება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ხმების 54% მიიღო, თუმცა ოპოზიცია და პირადად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ციფრებს მცდარად თვლის და არ აღიარებს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრების განცხადებით, არჩევნების პროცესში ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება და ხმების რაოდენობის გაყალბება.

რთული საკითხია – შეძლებს თუ არა მმართველი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება და ევროინტეგრაციას დეკლარირებს, იმავდროულად კი უკრაინასთან მეომარი რუსეთის ორბიტისაკენ იხრება, შეძლებს 54%-ის შენარჩუნებას?

ბევრი სოციოლოგიური ინსტიტუტი პროგნოზირებდა, რომ ქართული ოცნებ’ მხოლოდ ხმების 35%-ს მიიღებდა. ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები განსაკუთრებით გასაკვირი აღმოჩნდა ედისონის კვლევითი ინსტიტუტისათვის“, რომელიც საქართველოში საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების შედეგების კვლევას 2012 წლიდან აწარმოებს. დღემდე მათი კვლევის შედეგები ოფიციალურიგან მხოლოდ ერთიდან ხუთ პროცენტამდე განსხვავდებოდა, მაგრამ ამ არჩევნების შედეგების სხვაობამ 13%-ს მიაღწია. „ედისონის ინსტიტუტის“ მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 41% მიიღო – ნაკლები, ვიდრე  მთელმა ოპოზიციამ. „ამის ახსნა მხოლოდ იმ მანიპულაციებით შეიძლება, რომლებსაც მმართველი პარტია ახორციელებდა, განსაკუთრებით რეგიონებში“, – ამბობს ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი რობ ფარბმანი.

პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი არჩევნების მანიპულაციებს უარყოფს და აცხადებს, რომ ოპოზიცია „დეზინფორმაციას ავრცელებს“ და „რუსოფობიითაა შეპყრობილი. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები“.

განწყობა კატეგორიულია: უკომპრომისო ბრძოლა

ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზცია უარს აცხადებს მიღებული მანდატების გამოყენებასა და დეპუტატის მოვალეობის შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პარლამენტის არც პირველ სხდომას არ დაესწრებიან და არც შემდეგ არ მიიღებენ მონაწილეობას საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში. „თქვენ პარლამენტში მარტონი იქნებით, კეთროვანებივით“, – მიმართა ოპოზიციონერმა მამუკა ხაზარაძემ (ალიანსი „ძლიერი საქართველო“) მმართველი პარტიის წევრებს.  ოპოზიციის განწყობა კატეგორიულია და კომპრომისზე არ თანხმდება.

და მაინც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ყველაფერი დემოკრატიულ ჩარჩოებში მიმდინარე ჩვეულებრივ მოვლენებად წარმოაჩინოს, იგი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული კურსი უცვლელია და ქვეყანა 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწვერიანებას გეგმავს – იმ მიზნის რეალიზებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული. თუმცა როგორ მოახერხებს ამას, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია – ევროკავშირმა საქართველოს როგორც წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღების პროცესი შეაჩერა, მთავრობის მიერ ავტორიტარული პოლიტიკის საპასუხოდ.

ოპოზიციის მოქმედების გეგმა

ოპოზიციას სურს, რომ არჩევნები განმეორებით ჩატარდეს და ამ მიზნის მიღწევას სამნაწილიანი გეგმის განხორციელებით აპირებს: პირველი – მოსახლეობის ინფორმირება იმ უხეში დარღვევების შესახებ, რაც არჩევნების დროს მოხდა; მეორე – საერთაშორისო პარტნიორებმა არჩევნების შედეგების არაღიარება; მესამე – „დემოკრატიული წინააღმდეგობის“ გაგრძელება ყოველდღიური მიტინგებით და ქუჩის საპროტესტო აქციებით.

რასაკვირველია, ასეთი სტრატეგია საკმაოდ სარისკოა და წარმატების მისაღწევად ბევრ ადამიანს აქციებში მონაწილეობა ხანგრძლივად მოუწევს. და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა ცივი ზამთარი ახლოვდება.

წყარო

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ დისკრიმინაციული პრაქტიკების წახალისების აღმოფხვრისკენ მოუწოდა

საქართველოს სახალხო დამცველი შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ დისკრიმინაციული პრაქტიკების წახალისების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, სახალხო დამცველმა შპს „ევოლუშენ ჯორჯიადან“ და სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურიდან გამოთხოვილი და მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე შეაფასა შესაძლო დისკრიმინაციული პრაქტიკების პოტენციური გავლენა კომპანიაში დასაქმებულ პირთა შრომითი პირობების ხარისხსა და დისკრიმინაციის წახალისების ფაქტორებზე.

„2024 წლის 1 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“.

„ევოლუშენ ჯორჯიაში“ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის წამახალისებელი გარემოს შესაფასებლად სახალხო დამცველის აპარატმა საქმისწარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო, 2024 წლის 8 ივლისს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული საკითხის შესწავლის თხოვნით მეორე დღესვე, 2024 წლის 9 ივლისს აპარატს ასევე პროფკავშირმა „ლაბორმაც“ მიმართა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „მაუწყებელს“ ანონიმურად მიაწოდა მენეჯერების მიმოწერები, რომელიც ფიზიკური ძალადობისკენ მოწოდებას, დამამცირებელ, რასისტულ, სექსისტურ და გარეგნობის გამო დასაქმებულებისადმი დამცინავ დამოკიდებულებებს შეიცავდა.

შპს „ევოლუშენ ჯორჯიადან“ და სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურიდან გამოთხოვილი და მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა შეაფასა შესაძლო დისკრიმინაციული პრაქტიკების პოტენციური გავლენა კომპანიაში დასაქმებულ პირთა შრომითი პირობების ხარისხსა და დისკრიმინაციის წახალისების ფაქტორებზე.

მისასალმებელია, რომ კომპანიამ საჯაროდ გავრცელებულ მიმოწერაში მონაწილე, დისკრიმინაციის წამახალისებელ ქმედებებზე პასუხისმგებელ ყველა აქტიურ თანამშრომელთან დაასრულა სამართლებრივი ურთიერთობა. თუმცა, აღნიშნული ფაქტების შინაარსი, განსაკუთრებით მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის წამახალისებელი ქმედებები მიუთითებს, რომ კომპანიაში დისკრიმინაციული გარემოს მიმართულებით რიგი პრობლემებია და დასაქმებულთა დისკრიმინაციისაგან დასაცავად გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია.

კომპანიაში დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნისა და თანასწორობის პრინციპების დაცვის განმტკიცების უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველმა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ მოუწოდა: შრომითი ხელშეკრულების დადებამდე კანდიდატს გააცნოს ინფორმაცია არა მხოლოდ პირთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის შესახებ მოქმედი საკანონმდებლო დებულებების, არამედ თანასწორობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, უფლების დაცვის ხელმისაწვდომი საშუალებებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ. სისტემატურად გადაამზადოს თანამშრომლები თანასწორობის პრინციპისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

შიდა ორგანიზაციული აქტები და პოლიტიკა დროულად და ეფექტიანად მოიყვანოს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ზოგადი წინადადების ელექტრონული ვერსია:

საინტერესოა, შეიტანს თუ არა „სმარტმატიკი“ სარჩელს რეპუტაციული ზიანისთვის – კახა კახიშვილი

საინტერესოა, შეიტანს თუ არა „სმარტმატიკი“ სარჩელს რეპუტაციული ზიანისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, კახა კახიშვილი წერს.

კახიშვილი ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ ბრალდებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე კენჭისყრის დღეს არცერთი საჩივარი არ დაწერილა და ოპოზიციურ პარტიებს ეს საკითხი მხოლოდ მას „შემდეგ გაახსენდათ, რაც არჩევნებში მარცხი იწვნიეს“.

„დღეს ბევრს საუბრობენ ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევაზე, ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა საქართველოში არჩევნები ჩატარდა ამერიკული კომპანია „სმარტმატიკის“ აპარატებით, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს. ამავდროულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ისე სამოქალაქო საზოგადოება და თავად პოლიტიკური პარტიები აცხადებდნენ, რომ ეს არის ყველაზე სანდრო აპარატი და ამ მოწყობილობით რაიმე ტიპის მანიპულაციები გამორიცხულიაო.

აქვე ინფორმაციისთვის, სხვადასხვა დროს კომპანია „სმარტმატიკის“ აპარატებით არჩევნები ჩატარდა არაერთ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ბელგიაში, ასევე 2020 წლის ლონდონის მერისა და თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ამ აპარატით არის ჩატარებული, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და დამუშავდა 10,6 მილიონი ბიულეტენი, ამავე აპარატით ჩატარდა არჩევნები არგენტინაში, ფილიპინებში, ვენესუელაში – გამოდის, რომ არსად ყოფილა ხმის ფარულობა დაცული, ვერავინ აღმოაჩინა ეს ხარვეზი და მხოლოდ საქართველოში, კენჭისყრიდან 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ხმის მიცემის ფარულობა არ არის დაცული?!რა ლოგიკით იხელმძღვანელა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ?! შესაბამისად, ისმის კითხვა, მანამდე რას აკეთებდნენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები? იმედია, მათი ლოგიკით არ გადახედავენ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების არჩევნების ლეგიტიმურობას და ასევე, ლონდონის მერის თანამდებობა არ გახდება ვაკანტური?! ისე ძალიან საინტერესო იქნება თავად „სმარტმატიკის“ პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და შეიტანს თუ არა სარჩელს რეპუტაციული ზიანისთვის?!

ყველას კარგად გვახსოვს ის ფაქტიც, თავად როგორ ატარებდნენ აგიტაციას მოსახლეობაში, რომ ეს ის აპარატია, რომელიც უზრუნველყოფს ხმის მიცემის ფარულობას და შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება და ვინაობის დადგენაო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კენჭისყრის დღეს, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არცერთი საჩივარი არ დაწერილა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა მას შემდეგ გაახსენდათ, როცა მათი დაანონსებული გამარჯვების შემდგომ რეალობა დაუდგათ და მარცხი იწვნიეს და აქედან 2 კვირის შემდეგ თურმე აღმოაჩინეს, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეულა.

ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქართველოში ჩამოტანისთანავე, აღნიშნული აპარატი შეისწავლეს ცესკოში, პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე შეესწავლათ ხმის მიცემის პროცედურები, მათ შორის ბიულეტენის აპარატში მოთავსების პროცედურაც, რის შემდგომაც დაადგინეს, რომ ყველაზე სანდო აპარატია და რაიმე სახის მანიპულაცია გამორიცხულია“, – აღნიშნავს კახა კახიშვილი.

დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა

დონალდ ტრამპი აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტი გახდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ის გამარჯვებულად გამოცხადდეს.

მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ამომრჩეველთა კოლეგიის 226 ხმა მიიღო.

ამ დროისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 187 – CNN-ი 

ამ დროისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 187, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

ცნობისთვის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯიის შტატის საარჩევნო კოლეგიის 16 ხმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოიპოვა.

აშშ-ში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის თითოეულ კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.

ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატში უმრავლესობა „რესპუბლიკელებმა“ მოიპოვეს, ხოლო წარმომადგენელთა პალატის კონტროლისთვის ბრძოლა გრძელდება.

პირველადი მონაცემებით, დონალდ ტრამპი მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს – BBC

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი ე.წ. მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპი ლიდერობს ჯორშიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში, სადაც ხმების უმრავლესობა დათვლილია.

არიზონასა და ვისკონსინში, სადაც ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტრამპი უმნიშვნელოდ უსწრებს მეტოქეს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს.

ამასთან, კამალა ჰარისი ლიდერობს მიჩიგანში, თუმცა იქ, ამ დროისთვის, ხმების მხოლოდ 32%-ია დათვლილი.

ამასთან, BBC-ი წერს, რომ ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, რადგან ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 ნოემბერს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +4 იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ვარაუდობენ. დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +1, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ფინანსური თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავების განლაგება დაუგეგმავ შემოსავალს ან ხელფასის გაზრდას გპირდებათ. ეცადეთ, პიროვნული ხიბლი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და გუშინდელი მტრები მოკავშირეებად აქციოთ. გირჩევთ, საღამო სახლის გარეთ, ხმაურიან წვეულებაზე ან საინტერესო ღონისძიებაზე გაატაროთ. თუ სამყარო თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის და ამით არ ისარგებლებთ, ეს დიდი დანაკარგი იქნება.

კურო

ამ დღეს სამსახურში აქტიურობა ცოტა უნდა შეამციროთ და დაისვენოთ. ზედმეტმა დატვირთვამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. გირჩევთ, საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ და მასაჟზე ან სტილისტთან ჩაეწეროთ. 6 ნოემბერს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ და ემოციურად გადატვირთვაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ამ დღეს ენერგიით სავსე და საბრძოლო ხასიათზე ხართ, თუმცა, გარემოებებმა შეიძლება თქვენს გეგმებს ხელი შეუშალოს. ახალ გარემოებებთან შეგუება და უცნობი საქმის კეთება მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარი პროფესიული საქმიანობის, პირადი შეხვედრებისა თუ რომანტიკული პაემნებისთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნება. იყავით გულწრფელი მათთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია და ისინი ყოველთვის თქვენს გვერდით დარჩებიან.

კირჩხიბი

თუ შეცდომებს არ დაუშვებთ, შესაძლოა, ბოლოდროინდელი ოცნებები და იდეები მალე განახორციელოთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ცოტა ხნით განმარტოვდეთ და სამომავლო გეგმები შეიმუშაოთ. თქვენი ინიციატივა წარმატებული იქნება, ამიტომ პასუხისმგებლობის აღების არ უნდა შეგეშინდეთ. გამორიცხული არ არის სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.

ლომი

ეს დღე შოპინგისთვის არახელსაყრელია, ამიტომ ფულის ხარჯვას უნდა მოერიდოთ. სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება იმდენად გიჭირთ, რომ ამ დღეს დაგეგმილი ზოგიერთი საქმის გადადება მოგიწევთ. ემოციური ფონი შეიძლება გაიზარდოს. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებს საკუთარი ეჭვებისა და განცდების შესახებ გულწრფელად უამბოთ. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ქალწული

შეცდომების გამოსარიცხად ამ დღეს ნებისმიერი ინფორმაცია ყურადღებით უნდა შეამოწმოთ. ნუ დაუჯერებთ დაპირებას, რომელსაც ამ დღეს მოისმენთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, სანამ ძველს არ დაასრულებთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, სანამ ძველს არ გაუმკლავდებით. გახსოვდეთ, რომ ახლობლებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ, ამიტომ მათთან მეტი დრო უნდა გაატაროთ. თუ დახმარებისთვის მეგობრებს მიმართავთ, მათგან იმაზე მეტ დახმარებას მიიღებთ, ვიდრე ელოდით.

სასწორი

ამ დღეს სახლშიც და სამსახურშიც უამრავი საქმე გელით, ამიტომ დილიდან მკლავები უნდა დაიკაპიწოთ. სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. ეცადეთ, ყურადღებიდან არცერთი წვრილმანი არ გამოგრჩეთ – პროექტის წარმატება დიდწილად მათზეა დამოკიდებული. დაიმახსოვრეთ ყველა იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლებელია საინტერესო ადამიანი გაიცნოთ.

მორიელი

დილიდან შინაგან ღელვას და მოუსვენრობას გრძნობთ. შესაძლოა, ამის მიზეზი გუშინდელი სიტუაცია ან რთული საუბარი იყოს. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ დიდი მოცულობის სამუშაო სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოთ. გირჩევთ საკუთარ განცდებზე გულწრფელად ისაუბროთ და ახლობელ ადამიანებთან ერთად პრობლემიდან გამოსავალი იპოვოთ.

მშვილდოსანი

მთელი ყურადღება ერთ საქმეზე ან დავალებაზე გაქვთ გადატანილი და სხვა საკითხებისთვის დრო აღარ გრჩებათ, ამიტომ ამ დღეს რაიმე მნიშვნელოვანი არ უნდა დაგეგმოთ. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას თუ მათთან ურთიერთობას უფრთხილდებით. შესაძლოა, თავისუფალი დროის სახლში გატარება გსურთ, მაგრამ დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება.

თხის რქა

პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის ხელსაყრელი დღეა. ეცადეთ, ამ შესაძლებლობებით ისარგებლოთ და დიდი ხნის ოცნება განახორციელოთ. დროა, დაწყებული საქმეები დაასრულოთ და ახალი, საინტერესო პროექტისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. სავარაუდოდ, მენეჯმენტი თქვენს საქმიან თვისებებს დააფასებს, თუმცა ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ იმ ფაქტს, რომ კოლეგები თქვენს ზოგიერთ იდეას გააკრიტიკებენ.

მერწყული

ამ დღეს მომატებული ემოციური ფონი ახლავს, ამიტომ ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება, უფრო მშვიდად შეხედოთ. მალე ახალი პროექტის განხორციელებას შემოგთავაზებენ და ეცადეთ ამისთვის მზად იყოთ. საყვარელ ადამიანებთან საუბრები დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

თევზები

ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობა დაინახოთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულოთ და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ. გახსოვდეთ, რომ პრობლემა სწრაფად, წარმოქმნისთანავე უნდა გადაწყვიტოთ. რაღაც შემთხვევა, სიახლე ან ადამიანი საქმის ჩვეულ მიმდინარეობას შეაფერხებს და გეგმების შეცვლას გაიძულებთ. არ ინერვიულოთ – ეს პატარა ქაოსი თქვენ წინაშე ახალ გზებსა და შესაძლებლობებს გააჩენს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება, რომ მას გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს-ირაკლი კობახიძე

პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ფაქტები და თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას.

„იყო ცარიელი ბრალდებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. პროკურატურაში როდესაც მიდიხარ, გიწევს ფაქტებით საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი აქვს სასაუბრო ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. ეს ადამიანი და, ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ რასაც იტყვის ვაშინგტონი ან ბრიუსელი, ყველაფერი არის ბიბლია და უნდა აღიარო, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. მას მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მიეცა ჩვენება, თუმცა ამაზეც უარის თქმა მოუწია, რადგან შერცხვებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოუწევდა პროკურატურაში მისვლა სრული სიცარიელით, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე. ამიტომ მისთვის ეს იძულებაა, რომ ვერ თანამშრომლობს პროკურატურასთან. არ უნდა, შეიქმნას რეპუტაციული პრობლემა თანამშრომლობით“, – განაცხადა პრემიერმა.

 უკრაინაში ომი როგორც კი დასრულდება, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკის ადმინისტრაციაში -ირაკლი კობახიძე

ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „პოსტივისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკის ადმინისტრაციაში, ურთიერთობების გადატვირთვა უზრუნველყოფილი იქნება.

„ჩვენი საქმე ვერ იქნება სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც აქტიურად ერევიან ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არ შეიძლება, იყოს ჩვენი ხელწერა. ბუნებრივია, ამერიკელი ხალხი თავად გააკეთებს არჩევანს. რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავებებიც იქნება ორი სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში და ჩვენ პირდაპირ ვუკავშირებთ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს იმას, როდის დასრულდება ომი უკრაინაში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა კუთხით – ერთი, რომ იღუპებიან ადამიანები და რაც მალე დასრულდება ომი, მით უკეთესი და მეორე, ჩვენზე ზეწოლაც შემცირდება, როგორც კი ეს ომი დასრულდება. ბევრად უკეთესი ვითარება გვქონდა ურთიერთობების კუთხით ომის დაწყებამდე. ყველაფერი არია ომის დაწყებამ, გაჩნდა განსხვავებული ინტერესები. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ვფიქრობთ, რომ მაშინვე თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან. რაც შეეხება ტრამპის და ჰარისის შესაძლო გამარჯვებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დასრულდება უფრო ადრე, ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, დამატებით რამდენიმე თვეს კიდევ გასტანს. თუმცა ვფიქრობ, რომ ასეც და ისეც, ორივე შემთხვევაში, მომავალ წელს ომი აუცილებლად დასრულდება. ყველა შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ. როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად, არსებითად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში. გადატვირთვის დაწყების ვადაზე და თარიღზე უფრო მეტად არჩევნების შედეგებს ექნება გავლენა, მაგრამ რაც შეეხება გადატვირთვას, ვფიქრობ, მომავალი წლიდან ურთიერთობების გადატვირთვა ასეც და ისეც დაიწყება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ -ირაკლი კობახიძე

არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიებს არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ხარვეზები ყოველთვის არის საარჩევნო პროცესში. გამოძიებაც დაიწყო. რაიმე თუ არის შესასწავლი, ყველაფერს გამოიძიებს პროკურატურა. ჩვენ ვაჩვენეთ სრული ღიაობა ასეთი პროცესების მიმართ. ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, პროკურატურამ მაშინვე გაიზიარა ცესკო-ს ეს მოწოდება, დაიწყო გამოძიება. ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში. ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. რეალურად, რაიმე საბაბიც კი არ აქვთ მათ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არაფერია სადავო წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებითაც, რაც პირდაპირ იკითხება, მათ შორის, ცნობილი „ენჯეოების“ დასკვნებიდან.

„მათივე „ენჯეოების“ დასკვნებიდან პირდაპირ იკითხება, რომ, მაგალითად, წინასაარჩევნო გარემო იყო აბსოლუტურად კონკურენტული, ჯანსაღი. უპრეცედენტოდ მშვიდი იყო ეს წინასაარჩევნო პერიოდი წინა არჩევნებთან შედარებით. 2021, 2020, 2018, 2016 წლები რომ გავიხსენოთ, ეს გარემო იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. რაც შეეხება არჩევნების დღეს, აქ ისინი შეეჯახნენ პირდაპირ ელექტრონულ აპარატებს. მანამდე იყო გარკვეული ადამიანური შეცდომები, ხარვეზები, რაც დაკავშირებული იყო სწორედ ადამიანურ შეცდომებთან, იყო დაუბალანსებელი ოქმები და ასეთი ტიპის ხარვეზები. ახლა არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, ამომრჩევლებმა რეგისტრაცია გაიარეს ელექტრონული წესით, ხმა მისცეს ელექტრონული წესით და ხმების დათვლა მოხდა წამებში, ღილაკზე თითის დაჭერით, ელექტრონული წესით. ასეთ პირობებში, რეალურად, საერთოდ არაფერი არ არის მოსადავებელი, საერთოდ ვერაფერს ამბობენ. კარდაკარი არის ამომრჩევლის მობილიზაციის ჩვეულებრივი მექანიზმი, რასაც ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები გვასწავლიდნენ. IRI-ს ტრენინგი ჩაუტარდათ საარჩევნო მიმართულების პარტიის თანამშრომლებს, კარდაკართან, ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით პირდაპირ ასწავლიდნენ, რომ შვიდი კარდაკარი უნდა ჩაგვეტარებინა არჩევნების დღეს. ერთხელ, მეორედ, მესამედ დარეკვა, დარეკვით თუ ვერ მოდიოდა ამომრჩეველი, სახლში უნდა მიგეკითხა, საჭიროების შემთხვევაში შენ თვითონ უნდა უზრუნველგეყო, წაგეყვანა საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, არჩევნების დღეს ამომრჩევლის მობილიზაციაზე აქცენტის გაკეთება და მისი წარმოჩენა არჩევნების არალეგიტიმურად მიჩნევის საფუძვლად იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვს.

„ყველა ხედავს, რომ იყო უპრეცედენტო აქტივობა არჩევნებზე, თან ამას აღიარებენ და თან ამბობენ, რომ გაყალბდა. ჯერ დაიწყეს 300-ით, მერე 200-ზე ჩამოვიდნენ. მერე რომ ნახეს, 300 000 ხმაც არ ჰყოფნიდათ, ჩვენ 335 000 ხმით ნაკლებიც რომ აგვეღო, მაინც ვიგებდით ამ არჩევნებს, ეს რომ ნახეს, მერე თქვეს 400 000. საერთოდ საიდან მოაქვთ ასეთი ციფრები და რიცხვები? საერთოდ არ აქვთ არავითარი საფუძველი. ჩვენმა კოლეგებმა არაერთი ბრიფინგიც მიუძღვნეს ამ თემას, სადაც ბოლომდე გააბათილეს მათი აბსოლუტურად ყველა განცხადება, სიუჟეტი, შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, რაც უნდათ ის ნახონ, გამოძიების ფარგლებში იქნება თუ რა ფორმატშიც იქნება, ყველაფერში შეუძლიათ, ჩაიხედონ, გამომდინარე იქიდან, რომ დასამალი არავის არაფერი აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მზად ვართ, დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის, 1 120 000 ადამიანის ხმა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, მშვიდ გარემოში, პოლიტიკურ ძალებს ვერ მივცემთ სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას-ირაკლი კობახიძე

ჩვენ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია აუცილებლად გააპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, შეეცდებოდნენ აქციების ორგანიზებას, თუმცა იქვე ვამბობდით, რომ მათ არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვერც ქუჩაში მიაღწევს წარმატებას.

„ქუჩას და არჩევნების მოგებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი და ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამოქალაქო მხარდაჭერა, პირიქით, მათი მხარდაჭერა შემცირდა ოთხი წლის წინანდელ არჩევნებთან შედარებით, აქედან გამომდინარე, მათი რესურსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია. თუმცა მათ თავი აქვთ გასამართლებელი საკუთარ მხარდამჭერებთან, ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს. ახლა ცდილობენ, სხვას გადააბრალონ ეს ტყუილი. სინამდვილეში, მათ უწევთ ამ ტყუილისთვის თავის მართლება. 2020 წელს მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ეს იყო მოლაპარაკებები, რომელიც იძულების წესით წარიმართა ჩვენი მონაწილეობით და შემდეგ იყო აპრილის შეთანხმება, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის დროებით გასვლას, ეს იყო წნეხის ქვეშ ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმება. ახლა არც იმის რესურსი აქვთ, რომ ხელისუფლება აიძულონ, შევიდეს ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში და მით უმეტეს გაფორმდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ქვეყანას კიდევ ერთხელ გაიყვანს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ამიტომ, წელს ოპოზიციას იმის რესურსიც არ აქვს, რაც ჰქონდა თუნდაც ოთხი წლის წინ. ჩვენ ვართ ყველანაირად მომზადებული იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, 1 120 000 ადამიანის ხმა. არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი, კონკურენტული და, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ამ პოლიტიკურ ძალებს ჩვენ ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას,“- განაცხადა პრემიერმა.