Home Blog Page 33

,,გახარიას პარტიამ სინამდვილე დამალა და დაჩეხილი ვიდეოები გაავრცელა”- გიორგი ჩაკვეტაძე 

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, “გახარია -საქართველოსთვის” აქტივისტებსა და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ გახარიას პარტიამ სინამდვილე დამალა და დაჩეხილი ვიდეოები გაავრცელა.

ვიდეოში, რომელიც ჩაკვეტაძემ გაავრცელა, ისმის გახარიას პარტიის აქტივისტების მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს. კადრში ასევე ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი აქტივისტი პირს, რომელიც აღნიშნულ ვიდეოს იღებს.

“რა მოხდა სინამდვილეში და რა დამალეს გახარიელებმა თავიანთ ვიდეოში, რომელსაც ნაცების ტელევიზიები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავრცელებენ. მოღალატე გახარიას რომ ჰკითხო, ნაცებთან საერთოდ არ აქვს შეხება. დაჩეხილ ვიდეოებს ისინი უვრცელებენ და რეკლამას უკანონოდ ისინი უშვებენ თავიანთ ტელევიზიებში”, –  წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

,, საქართველოს გზას ევროპისკენ ბიძინა ივანიშვილი ეღობება”- ნიკა გვარამია

დღეს ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქოცური საქართველო“ ევროპაში ვერ მოხვდება , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ იმერეთში გამართულ ყრილობაზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს გზას ევროპისკენ ბიძინა ივანიშვილი ეღობება.

„რა გვინდა ჩვენ? – ჩვენ გვინდა ევროპაში, ამიტომ, როცა ჩვენ გზას ვიღაც ეღობება, როცა ჩვენ ევროპისგან ვიღაც გაგვწევს, ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის, ლასხიშვილის, გალაკტიონის, დიდი ევროპელების ქალაქში უნდა ვთქვათ ღიად: ვინც ჩვენ გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს და ევროპული საქართველოს მთავარ ქალაქს, ქუთაისს.

ჩვენ ვარ ევროპის ყველაზე ძველ ქალაქში, ქუთაისში. ათენის და საბერძნეთის რამდენიმე ქალაქის შემდეგ ეს ქალაქი არის ზუსტადაც რომ ყველაზე ძველი დედაქალაქია, ბევრად ძველი, ვიდრე ჩვენი დედაქალაქი, თბილისი. ამ ქალაქს ნანახი აქვს ევროპა რა არის, იცის ევროპა რა არის იმიტომ, რომ ეს ქალაქი არის ევროპა და მომავალი მისია.

როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, არჩევნების შემდეგ გვექნება ევროპული პასპორტი ჯიბეში და ქუთაისის აეროპორტიდან წავალთ ზუსტად ევროპაში.

ეს არის ქალაქი, რომელმაც მიიღო არგონავტები, ჩვენგან რომ სიბრძნე მიჰქონდათ ის არგონავტები, ბერძნები კოლხებისგან რომ სესხულობდნენ სიბრძნეს. ჩვენ არ დავთმობთ, არ გავრუსდებით, ჩვენი ქვეყანა არის საქართველო და მომავალი ჩვენია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ

,,შეერთებულ შტატებს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან მუშაობა სურს”- რობინ დანიგანი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს მთავრობასთან ღია და კონსტრუქციული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან მუშაობა.

ელჩის განცხადებით, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შესაძლოა ეს განმეორდეს 26 ოქტომბრის არჩევნებშიც, ვინაიდან, ვინ გაიმარჯვებს, წყვეტს ქართველი ხალხი.

„ღია კომუნიკაციების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისათვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან. სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც გაჯერებული იყო აშშ-ის და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით.“ – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

,,საქართველოს დიდი ისტორია აქვს, უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა და ევროპული მომავალი აქვს”- რიჩარდ ჩარნეცკი

საქართველო ძალიან ევროპული ქვეყანაა. ეს იქნება არჩევნები ევროპულ სახელმწიფოში, – განუცხადა სტრასბურგში „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ გზა ევროკავშირსა და ნატოში.

„მე შევთავაზე ჩემს კოლეგებს ევროპარლამენტში, რომ არაა დრო საქართველოს დადანაშაულების. საქართველოს დიდი ისტორია აქვს, უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა და ევროპული მომავალი აქვს. ვიცი რთული დროა. ემოციებით დატვირთულია და ძალიან გთხოვთ გახსოვდეთ, თუ რა იქნება მეორე დღეს.

ჩემთვის, როგორც პოლონელისთვის და ევროპელისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს გზა ევროპული ოჯახისკენ. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი მნიშვნელოვანია ევროკავშირიდანაც, ეუთოდანაც და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც. მე ვფიქრობ ამ დამკვირვებლებმა უნდა დაკვირვება განახორციელონ არჩევნებზე და არ გამოვიდნენ პროკურორებად, მოსამართლეებად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა, არჩევანი მათ ხელშია. გადაწყვეტილებების მიმღებია ქართველი ხალხი“, – აღნიშნა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

,,ევროპარლამენტის რეზოლუციას განვიხილავთ ანტიქართულ რეზოლუციად”- გია ვოლსკი

საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის. უფრო მეტიც, აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციას განიხილავს როგორც ანტიქართულ რეზოლუციას.

„მთელი რიგი ევროპული ქვეყნები გაცილებით ინტენსიურად და დიდი მასშტაბით ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან, ენერგორესურსები იქნება თუ სხვა. მაგალითად, ლიეტუვა საქართველოზე მეტ ღვინოს აწვდის რუსეთს, რაც საკვირველია ნამდვილად, მაგრამ რატომღაც საქართველოს მიმართ არის ეს მოთხოვნა. კარგად გვესმის, რომ მსოფლიო დაპირისპირებების პირობებში, საქართველოსადმი რუსეთის აგრესია გარკვეულ რესურსს შეუქმნის ამ საომარი მოქმედებების, დაპირისპირებული მხარეების ერთ ფრთას, მაგრამ საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდება. საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, მიზერია მთლიან მის ეკონომიკაში, მაგრამ საქართველოსთვის იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის მქონე. უფრო მეტიც, ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. ასე რომ, ჩვენ ამ რეზოლუციას განვიხილავთ, როგორც ანტიქართულ რეზოლუციას, არა მთავრობის საწინააღმდეგოს, არამედ ანტიქართულ რეზოლუციას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტები მხარს უჭერენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განმარტებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის კიდევ სხვა პუნქტებიც, რომლებიც არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც აღწერილია ევროსაბჭოს კვლევებში, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა ყველა მიმართულებით, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ეკონომიკური, თუ მართვის სხვა მაჩვენებლებით.

„ვფიქრობ, რეზოლუცია პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, მაგრამ არსებობს საკმაოდ მომძლავრებული ხმა, რომელიც იცავს საქართველოს, იცავს მის პოზიციას ყველა მიმართულებით და რასაკვირველია მისასალმებელია. არჩევნების წინ ასეთი რეზოლუციის მიღება წარმოადგენს არა მარტო შიდა საკითხებში ჩარევას, არამედ დაუოკებელ სურვილს, როგორმე საქართველოში შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ განვითარება მიეცეს იდეას საომარ თუ ეკონომიკური ბრძოლის პროცესებში ჩართვის შესახებ. უკვე მეოთხე რეზოლუციაა მიღებული უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ.

ამ იდეის მატარებელი ევროკავშირში, სამწუხაროდ, ბევრია და ისინი წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ ფილიალს. ეს ახალი არ არის, ჩვენ არ გვიკვირს, საკმაოდ სიღრმისეულად, პრაგმატულად ვაანალიზებთ სიტუაციას. როცა ვამბობთ, რომ ეს არის შიდა საქმეებში ჩარევა, არ არის მხოლოდ შეფასებითი ნაწილი, ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ მოწოდებას ჩვენი საზოგადოებისადმი, ამომრჩევლისადმი, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს სუვერენიტეტს, მის სტაბილურობას და იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია სამშვიდობო პროცესის განვითარების პოლიტიკა. არავისთვის ახალი არ არის, რომ სააკაშვილი არის ის ადამიანი, ვინც დანერგა სადისტური მართვის სისტემა, გესტაპოს მეთოდები არის სააკაშვილის შემოქმედების ნაწილი, გარდა ამისა ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა სწორედ მისი უჭკუო და მოღალატეობრივი პოლიტიკით არის განპირობებული. ასე რომ, სააკაშვილის მიმართ ასეთი პოლიტიკა უკვე არაობიექტურობაზე, მიკერძოებაზე მეტყველებს. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს, იყო მხარდაჭერა მედიამენეჯერად მოხსენიებული კეზერაშვილის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დატაცებული ფულით გახდა მილიონერი. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაც სწორედ იმ კატეგორიას განეკუთვნება, რასაც ჰქვია შეთქმულება საქართველოს წინააღდეგ. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის დღიდან არცერთხელ არ გადაუდგამს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯი და არც საგარეო კურსის შეცვლა გვქონია ჩვენ. არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსულ ინტერესებს ეხმარება საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, განსხვავებით იმ ხელისუფლებისგან, რომელიც 2012 წლამდე საქართველოში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

,,ამის შესაძლებლობას გამარჯვების გეგმა იძლევა”- ვოლოდიმირ ზელენსკი 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ქმნის შესაძლებლობას უკრაინაში ომის დასასრულებლად არაუგვიანეს 2025 წლისა.

„ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გვაქვს შესაძლებლობა, მოვლენები მშვიდობისა და მდგრადი სტაბილურობისკენ წავიყვანოთ. ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია ქმნის შესაძლებლობას, გავაკეთოთ ეს არჩევანი – არჩევანი გადამწყვეტი მოქმედებისთვის, რათა ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა“, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამის შესაძლებლობას გამარჯვების გეგმა იძლევა.

„ჩვენთვის ეს გამარჯვების გეგმაა, თქვენი ქვეყნებიდან თითოეულისთვის კი ეს არის საიმედო სტაბილურობის გეგმა. გეგმა სრულად როცა განხორციელდება, რუსეთი დაკარგავს ჩვენი და ევროპის დაშინების უნარს. ნოემბრამდე მზად იქნება დოკუმენტი, მშვიდობის ჩარჩო, რომელიც მოიცავს ომის სამართლიანი დასრულების დეტალურ პირობებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობის იმედი აქვს და ეყრდნობა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მხრიდან ძლიერ ნაბიჯებს ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის.

,,ცეკვის მასწავლებელს, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს – მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება”- არჩილ გორდულაძე

როდესაც არჩევნები დამთავრდება საქართველოში, არჩევნები დამთავრდება მათ შორის შეერთებულ შტატებში და ჩვენი ქვეყნის გარშემო საომარი მოქმედებებიც დასრულდება, შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან დაუბრუნდება იმ სტაბილურ და თანასწორ ურთიერთობას, რაც არსებობდა, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ აფასებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაშია და ასე იქნება არჩევნების შემდეგ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამბობს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს ის არ ხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირიქით, მუდმივი კომუნიკაცია აქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხზე.

„ეს ასეა, ყოველთვის გვაქვს [ელჩთან] კომუნიკაცია. როგორც ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ გვაქვს კომუნიკაცია, ელჩმა ჰერჩინსკიმაც თქვა, რომ ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს [„ქართული ოცნების“] ხელისუფლებასთან არ ჰქონდეს კომუნიკაცია. ეს ორი [განცხადება] ხომ ერთმანეთთან შეუსაბამოა?! ქალბატონი დანიგანი ნამდვილად პოზიტიურად არის განწყობილი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის სტაბილიზაცია მოხდეს, მაგრამ არსებობს ძალიან სამწუხარო მონაცემებიც, როგორიც მაგალითად საელჩოს ქარდები იყო, რაც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და ერთი სიმართლე არ ეწერა. როდესაც არჩევნები დამთავრდება საქართველოში, არჩევნები დამთავრდება მათ შორის შეერთებულ შტატებში და ჩვენი ქვეყნის გარშემო საომარი მოქმედებებიც დასრულდება, შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან დაუბრუნდება იმ სტაბილურ და თანასწორ ურთიერთობას, რაც არსებობდა. შესაბამისად, გვაქვს მცირე დრო, რომ გავძლოთ, ვიდგეთ მყარად, მიუხედავად იმისა, რა შანტაჟი, თუ ჩარევა იქნება მათ შორის საერთაშორისო აქტორებისგან და როგორ აუწყობენ მხარს მათ ჩვენი შიდა მტრები „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, – აღნიშნა გორდულაძემ.

„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება” – არასამთავრობო ორგანიზაციები

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს , – ამის შესახებ ნათქვამია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.

არასამთავრობო სექტორის განცხადების თანახმად, სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შესწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს.

„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია – კონსტიტუციის დაცვა.

ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ორ მოსამართლეს განსხვავებული აზრისთვის და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ.

ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ინსტიტუტებში და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.

ცეკვის მასწავლებელს, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა:

“საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარი ქმედების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 2000 ლარის ოდენობით შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში წარიმართება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

 ნეთანიაჰუ და ჯო ბაიდენი ირანის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო რეაქციას დღეს სატელეფონო საუბრისას განიხილავენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანის თავდასხმაზე ისრაელის საპასუხო რეაქციას დღეს სატელეფონო საუბრისას განიხილავენ, – ამის შესახებ „სიენენი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„სიენენის“ ცნობით, ეს იქნება ორ ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი ბოლო 49 დღის განმავლობაში.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი შეერთებულ შტატებში უახლოეს საათებში უნდა გაფრენილიყო. მას შეხვედრები უნდა გაემართა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გალანტის ვიზიტს ბლოკავს, რადგან მას სურს, ჯერ ბაიდენთან ისაუბროს ისრაელის დაგეგმილი საპასუხო მოქმედების შესახებ ირანის წინააღმდეგ.

საქართველოს იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების საკანონმდებლო ჩარჩო ევროკავშირთან შესაბამისობაშია

საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვებას აქვს მაღალი პოტენციალი კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ფინანსების ახალი გრძელვადიანი წყაროებისა და საინვესტიციო რეიტინგის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რადა ტომოვამ სებ-ის მიერ ორგანიზებულ იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც EBRD-ის დახმარებით შემუშავდა, ევროკავშირთან შესაბამისობაშია.

„სხვა ქვეყნების მსგავსად, რომელთაც მხარი დავუჭირეთ იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების რეფორმაში, EBRD-ი საქართველოშიც მოუთმენლად ელოდება პირველი ემისიების გამოშვებას. საკანონმდებლო ბაზა ევროპული სტანდარტების შესაბამისია, ასევე აქვს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასება. ახლა მთელი ყურადღება ინდუსტრიაზეა მიპყრობილი, ვინაიდან ბანკები მზად არიან ქართული ბაზრისთვის ახალი ინსტრუმენტის გამოშვებისთვის“, – განაცხადა EBRD-ის კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

როგორც აღინიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართული იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციის მიზანი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა იყო.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი პრაქტიკა რომელიც 2010 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ჩატარებულ ყველა საერთო არჩევნებზე ტრადიციად იქცა, ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.

მემორანდუმს ხელი დღეს იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილმა მოაწერა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გავლილი აქვთ რეგისტრაცია. თუმცა დოკუმენტებზე ხელმოწერა იქნება ღია და დარეგისტრირების შემდგომ ყველა მსურველს ექნება საშუალება შემოუერთდეს მას.