Home Blog Page 33

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი (ტიპი-რორო) “CENK CAR” დააკავეს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით.

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 20 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას და დარწმუნებული ვარ, ამ ამბიციურ მიზანს წარმატებით მივაღწევთ – პრემიერი

საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა.

„ყველას გილოცავთ პროფესიულ დღეს, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკოსებს, დარგის ყველა სპეციალისტს. თქვენი შრომა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ქართული ეკონომიკის ყველა დარგის, ასევე უსაფრთხოების სისტემის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. როდესაც საქართველოს წინსვლაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ამბიციურ სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე ვსაუბრობთ, ამ ყველაფერში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ამდენად, თქვენს შრომასა და გამოცდილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის, რისკენაც ყველანი ერთად ვისწრაფვით.

ენერგეტიკის სექტორის ბოლო დროის მიღწევები იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას -2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, გაძლიერდა ტრანსსასაზღვრო კავშირები და გაიზარდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ ნავთობის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები.

წლების მიხედვით რომ შევადაროთ, ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავება 2012 წელს იყო 9698 მლნ.კვტ.სთ, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის, 14911 მლნ.კვტ სთ.-ს მიაღწევს, რაც უდიდესი პროგრესია აღნიშნულ დარგში.

2012-2024 წლებში აშენდა 66 ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 1255 მგვტ.

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის თვალსაზრისით, საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ამ ამბიციურ მიზანსაც წარმატებით მივაღწევთ,“- განაცხადა პრემიერმა.

2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება – პრემიერი

2013 წლის რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში დამატებით 377 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ამით ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება.

„ცალკე უნდა აღინიშნოს ენერგეტიკული სექტორის წვლილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. 2016 წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და მას შემდეგ განხორციელდა მრავალი რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ამ დარგში ევროკავშირის კანონმდებლობას.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს მთელ გუნდს, პირადად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერ ბატონ ლევან დავითაშვილს დარგის წარმატებული ხელმძღვანელობისთვის და ენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ის წინსვლა, რომელიც ენერგეტიკის სექტორმა ამ წლებში განიცადა, არის დარგის თითოეული სპეციალისტის, თითოეული ენერგეტიკოსის დამსახურება და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ პროფესიონალს, რომელსაც შეგაქვთ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადობის უზრუნველყოფაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისათვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისის ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება დაიწყო

თიბისი ტექკოლა – ეს არის შესაძლებლობა, ყველა უფროსკლასელისთვის, დაეუფლოს ტექნოლოგიებს, განივითაროს და შეიძინოს ახალი უნარები, გაიღრმაოს ინტერესები, დაისახოს მიზნები და რაც მთავარია, აირჩიოს ის რაც ნამდვილად აინტერესებს.

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით.

10 სექტემბრიდან, ტექსკოლა მე-4 სემესტრის, ონლაინ კურსებზე იწყებს მოსწავლეთა მიღებას და რეგისტრაცია 22 სექტემბრის ჩათლით გაგრძელდება.

მოსწავლეთა შერჩევისას, დავალებასთან ერთად, პრიორიტეტი რეგისტრაციის რიგითობას ენიჭება. ამიტომ, არ გადადო და აირჩიე შენთვის სასურველი ონლაინ კურსი:

  • ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
  • UI/UX დიზაინი
  • ვებგვერდების პროგრამირება (Back End – Python)
  • მობილური აპლიკაციების შექმნა
  • გრაფიკული დიზაინი
  • ციფრული მარკეტინგი
  • ფოტო-ვიდეოგრაფია

თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით გასულ წელს დაარსდა და მთელი საქართველოდან, 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 15%-ზე მეტმა მოსწავლემ, ტექსკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიების შემსწავლელი რამდენიმე კურსი გაიარა.

ტექსკოლის კურსდამთავრებულები უკვე მონაწილეობენ სასკოლო თუ სხვადასხვა ახალგაზრდულ შემეცნებით-გასართობ პროექტებში და მიღებული ცოდნის საფუძველზე თავად ახდენენ იდეების რეალიზებას.

თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.

გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე!

R

ნიდერლანდები უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების ნებას რთავს

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის გადაცემული იარაღის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოყენება დაამტკიცა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა გამოცემა FAZ-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვითი მიზნებისთვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ეს ნებართვა ასევე ეხება F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს. რუბენ ბრეკელმანსმა სხვა დასავლურ ქვეყნებს მოუწოდა, მათ მაგალითს მიჰყვნენ.

ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, მარცხის გადაბრალება მოქალაქეებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებს -თალაკვაძე

ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, საკუთარი მარცხის გადაბრალება მოქალაქეებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სადამკვირვებლო მისიის წარდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიციას საარჩევნოდ ჰქონოდა ჯანსაღი და კონკურენტული გარემო.

„ამისთვის ოპოზიციას ეძლევა სოლიდური დაფინანსება ბიუჯეტიდან, აქვთ სრული წვდომა მედიაზე და ქვეყნის მასშტაბით ყველგან შეუძლიათ, პროგრამა თუ ლიდერები წარადგინონ. შესაბამისად, ამ ფონზე სპეკულაციებისთვის სივრცე  მინიმუმამდე არის შემცირებული. განსაკუთრებით არჩევნების დღეს, როცა ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული დათვლის სისტემა. პრაქტიკულად გამორიცხულია რაიმე მანიპულაცია ან რაიმე სახის ჩარევა ხმის მიცემის პროცესში. ეს კარგად იციან თვითონ ოპოზიციურმა პარტიებმაც. დამატებით მოვიწვიეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები, რომ დააკვირდნენ არჩევნებს. რაც უფრო ფართოდ იქნებიან ისინი წარმოდგენილი, მით უკეთესია და ობიექტური შეფასება იქნება ამ არჩევნების. მით უმეტეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ხედავთ, რომ ოპოზიცია ცდილობს, როგორმე გადაიყვანოს ეს საარჩევნო პროცესი არადემოკრატიულ რელსებზე და ისევ სცადოს არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში როგორმე, რომელიმე კარიდან დაბრუნება. ამის საშუალება არავის არ ექნება. ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. ისე, როგორც 2020 წელს მოიქცნენ, იყო უპასუხისმგებლო და ასეთი ქცევა ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის ძირს უთხრის დემოკრატიას.

ჩვენ გვჭირდება წესების პატივისცემა, შეთანხმება იმაზე, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს და საკუთარი მარცხის გადაბრალება მოქალაქეებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის, ზოგჯერ დაფინანსებული კამპანიებით, არის მიუღებელი და ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ყველა ობიექტური დამკვირვებელი, საერთაშორისო მისიების ფარგლებში ვინც ჩამოვა, იქნება დამატებითი ფაქტორი, რომ არავინ სცადოს მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით.

„პროცესი იქნება გამჭვირვალე, თავისუფალი. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად. უფრო მაღალი ხარისხით, დაცულობით და ამას დამკვირვებლებიც ნახავენ.

რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, სამწუხაროდ, წარსულში მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ბევრ ასეთ ორგანიზაციას რეპუტაცია აქვს შელახული, მათ მიმართ ნდომა პრაქტიკულად არ არსებობს და ძირითადი ორგანიზაცია, ვინც არჩევნებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა, საერთოდ პარალელური ხმის დათვლის პროცესში გაყალბებაში იყო მხილებული. ამიტომ ეს მართლაც ის ორგანიზაციებია, რომლებიც არათუ არჩევნებს დააკვირდებიან, არამედ პირიქით. საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფხიზლად და ყურადღებით მათი დასკვნების და განცხადებების მიმართ, მით უმეტეს, უკვე წინასწარ ასეთი რამდენიმე ბრალდება მოვისმინეთ, რაც რეალობას მთლიანად არის აცილებული.

ოპოზიცია ახლა ცდილობს ერთადერთს: თავიანთი დაბალი მხარდაჭერა, ეს სისუსტეები, რაც მათ აქვთ ამ წლების განმავლობაში, შეავსონ დამატებითი ფაქტორებით. ამიტომ ზოგჯერ ამოფარებულები არიან მედიას, ზოგჯერ – არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახლა ცდილობენ, ამოეფარონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც თვითონ ქმნიან, თვითონვე არიან იქ წარმოდგენილნი და ეცდებიან, რომ შექმნან სურათი, თითქოს, აი, ასეთი ორგანიზაციები რაღაც მასობრივ დარღვევებს ეძებენ საარჩევნო პროცესში. ასეთი არ იქნება. სჯობს, ყველამ უთხრას საზოგადოებას, რას წარმოადგენენ და რა ინტერესები აქვთ. მით უმეტეს, რომ დღეს დაკვეთა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, ვინ მართლა აკვირდება არჩევნებს და ვინ არის წინასწარ ინსტრუქტაჟით მისული, რომ არჩევნებს ძირი გამოუთხაროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ დააფუძნეს. სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაციაზე ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთავაზობენ, ჩაერთონ დაკვირვების პროცესში.

მთავარია, ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ – ვილი სანიოლი

ალბანეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავსად, ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მაღალი ინტენსივობით ჩაატარეს თითოეული თამაში. ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან, – განაცხადა ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ გუნდისა და ჯვაროსნების წინა შეხვედრაც გაიხსენა.

„ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ“, – განაცხადა სანიოლმა.

ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა დღეს, 22:45 საათზე გაიმართება.

გამოძიებამ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი ძარცვავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებს. უცხო ფულს, განსაკუთრებით კი ნაძარცვ ფულს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს – არჩილ გორდულაძე

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტების თაობაზე, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე მმართველი გუნდის ოპონენტების მიერ გაჟღერებული შეფასებების ალოგიკურობაზე მიუთითებს.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, მათ შორის გარკვეული არასამთავრობოების მხრიდან ვისმენდით ალოგიკურ, ერთმანეთთან შეუსაბამო განცხადებებს. თუ საქართველოს ხელისუფლებისგან ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ის არის საქართველოს ხელისუფლების გავლენის გამტარებელი, მაგრამ თუ უცხო ქვეყნის ხელისუფლებისგან ფინანსდება, მაშინ უცხო ძალის გავლენის გამტარებელი არ არის. მაშინ ამ ადამიანებმა უნდა დაუსვან კითხვა, მაგალითად NED-ს, EED-ს, GIZ -ს, USAID-ს, IRI-ს, NDI-ს – ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებიდან და ბიუჯეტიდან ფინანსდებიან“, – აცხადებს გორდულაძე.

პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.

შვედეთი უკრაინას 440 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გადასცემს-Reuters

შვედეთი უკრაინას 440 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

ინფორმაციას Reuters-ი შვედეთის თავდაცვის მინისტრზე პოლ იონსონზე დაყრდნობით ავრცელებს.

იონსონის ცნობით, დახმარების მე-17 პაკეტი უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვის დაფინანსებასთან ერთად, საბრძოლო მანქანებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, დამატებით საბრძოლო ნავებს, რაკეტებსა და შენიღბვისთვის საჭირო აღჭურვილობას მოიცავს.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, მოგვიანებით შვედეთმა უკრაინას მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელი Gripen-ის ტიპის თვითმფრინავები გადასცეს.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება ძალიან პოზიტიური ინიციატივაა -არჩილ თალაკვაძე

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვინაიდან არის მთელი რიგი სერვისები, არის ინიციატივები, ისეთი პროექტები, რომლებსაც სამოქალაქო სექტორი, პასუხისმგებლიანი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ეფექტურად განახორციელებენ. ამისთვის გამართლებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა და სახელმწიფოსთან, საჯარო სერვისთან ერთად ყველა ის ორგანიზაცია იყოს ჩართული პროცესში, ვისაც აქვს გულწრფელი სურვილი, რომ ქვეყანას მოუტანოს მეტი პროგრესი, შექმნას ადგილზე მეტი მომსახურება, დაეხმაროს მეტ ადამიანს და ქვეყნის განვითარების საერთო პროცესში იყოს ჩართული. ჩვენ ველოდებით, რომ იქნება მაღალი ჩართულობა, იქნება ეფექტური მონაწილეობა ამ პროგრამაში, რომელიც უკვე 2025 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. მანამდე, რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმი, თუ რა კრიტერიუმებით, როგორ მოხდება ამ გრანტების გაცემა, ეს ყველაფერი გაიწერება, იქნება გამჭვირვალე. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც ჰქონდა და აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, ემსახუროს თავის ქვეყანას, საზოგადოებას, ეს კიდევ მეტ და დამატებით საშუალებას მისცემს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

აკაკი ჯინჭარაძე პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა

ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა. პარასპორტმენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეგობრები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ჯინჭარაძემ 250 კილოს დაძლევა მოახერხა და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მეცხრე მედალი მოუტანა. საქართველომ პარალიმპიადზე პარაწოლჭიმში მედალი პირველად მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენებმა პარიზის პარალიმპიადაზე, პირველად ისტორიაში, 9 მედალი მოიპოვეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

საქართველო ჩეხეთის მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სპეციალური ეკრანები დამონტაჟდება.

ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა.