Home Blog Page 33

თიბისის ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება დაიწყო

თიბისი ტექკოლა – ეს არის შესაძლებლობა, ყველა უფროსკლასელისთვის, დაეუფლოს ტექნოლოგიებს, განივითაროს და შეიძინოს ახალი უნარები, გაიღრმაოს ინტერესები, დაისახოს მიზნები და რაც მთავარია, აირჩიოს ის რაც ნამდვილად აინტერესებს.

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით.

10 სექტემბრიდან, ტექსკოლა მე-4 სემესტრის, ონლაინ კურსებზე იწყებს მოსწავლეთა მიღებას და რეგისტრაცია 22 სექტემბრის ჩათლით გაგრძელდება.

მოსწავლეთა შერჩევისას, დავალებასთან ერთად, პრიორიტეტი რეგისტრაციის რიგითობას ენიჭება. ამიტომ, არ გადადო და აირჩიე შენთვის სასურველი ონლაინ კურსი:

  • ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
  • UI/UX დიზაინი
  • ვებგვერდების პროგრამირება (Back End – Python)
  • მობილური აპლიკაციების შექმნა
  • გრაფიკული დიზაინი
  • ციფრული მარკეტინგი
  • ფოტო-ვიდეოგრაფია

თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით გასულ წელს დაარსდა და მთელი საქართველოდან, 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 15%-ზე მეტმა მოსწავლემ, ტექსკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიების შემსწავლელი რამდენიმე კურსი გაიარა.

ტექსკოლის კურსდამთავრებულები უკვე მონაწილეობენ სასკოლო თუ სხვადასხვა ახალგაზრდულ შემეცნებით-გასართობ პროექტებში და მიღებული ცოდნის საფუძველზე თავად ახდენენ იდეების რეალიზებას.

თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.

გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე!

R

ნიდერლანდები უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების ნებას რთავს

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის გადაცემული იარაღის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოყენება დაამტკიცა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა გამოცემა FAZ-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვითი მიზნებისთვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ეს ნებართვა ასევე ეხება F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს. რუბენ ბრეკელმანსმა სხვა დასავლურ ქვეყნებს მოუწოდა, მათ მაგალითს მიჰყვნენ.

ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, მარცხის გადაბრალება მოქალაქეებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებს -თალაკვაძე

ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, საკუთარი მარცხის გადაბრალება მოქალაქეებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სადამკვირვებლო მისიის წარდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიციას საარჩევნოდ ჰქონოდა ჯანსაღი და კონკურენტული გარემო.

„ამისთვის ოპოზიციას ეძლევა სოლიდური დაფინანსება ბიუჯეტიდან, აქვთ სრული წვდომა მედიაზე და ქვეყნის მასშტაბით ყველგან შეუძლიათ, პროგრამა თუ ლიდერები წარადგინონ. შესაბამისად, ამ ფონზე სპეკულაციებისთვის სივრცე  მინიმუმამდე არის შემცირებული. განსაკუთრებით არჩევნების დღეს, როცა ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული დათვლის სისტემა. პრაქტიკულად გამორიცხულია რაიმე მანიპულაცია ან რაიმე სახის ჩარევა ხმის მიცემის პროცესში. ეს კარგად იციან თვითონ ოპოზიციურმა პარტიებმაც. დამატებით მოვიწვიეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები, რომ დააკვირდნენ არჩევნებს. რაც უფრო ფართოდ იქნებიან ისინი წარმოდგენილი, მით უკეთესია და ობიექტური შეფასება იქნება ამ არჩევნების. მით უმეტეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ხედავთ, რომ ოპოზიცია ცდილობს, როგორმე გადაიყვანოს ეს საარჩევნო პროცესი არადემოკრატიულ რელსებზე და ისევ სცადოს არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში როგორმე, რომელიმე კარიდან დაბრუნება. ამის საშუალება არავის არ ექნება. ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. ისე, როგორც 2020 წელს მოიქცნენ, იყო უპასუხისმგებლო და ასეთი ქცევა ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის ძირს უთხრის დემოკრატიას.

ჩვენ გვჭირდება წესების პატივისცემა, შეთანხმება იმაზე, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს და საკუთარი მარცხის გადაბრალება მოქალაქეებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის, ზოგჯერ დაფინანსებული კამპანიებით, არის მიუღებელი და ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ყველა ობიექტური დამკვირვებელი, საერთაშორისო მისიების ფარგლებში ვინც ჩამოვა, იქნება დამატებითი ფაქტორი, რომ არავინ სცადოს მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით.

„პროცესი იქნება გამჭვირვალე, თავისუფალი. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად. უფრო მაღალი ხარისხით, დაცულობით და ამას დამკვირვებლებიც ნახავენ.

რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, სამწუხაროდ, წარსულში მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ბევრ ასეთ ორგანიზაციას რეპუტაცია აქვს შელახული, მათ მიმართ ნდომა პრაქტიკულად არ არსებობს და ძირითადი ორგანიზაცია, ვინც არჩევნებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა, საერთოდ პარალელური ხმის დათვლის პროცესში გაყალბებაში იყო მხილებული. ამიტომ ეს მართლაც ის ორგანიზაციებია, რომლებიც არათუ არჩევნებს დააკვირდებიან, არამედ პირიქით. საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფხიზლად და ყურადღებით მათი დასკვნების და განცხადებების მიმართ, მით უმეტეს, უკვე წინასწარ ასეთი რამდენიმე ბრალდება მოვისმინეთ, რაც რეალობას მთლიანად არის აცილებული.

ოპოზიცია ახლა ცდილობს ერთადერთს: თავიანთი დაბალი მხარდაჭერა, ეს სისუსტეები, რაც მათ აქვთ ამ წლების განმავლობაში, შეავსონ დამატებითი ფაქტორებით. ამიტომ ზოგჯერ ამოფარებულები არიან მედიას, ზოგჯერ – არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახლა ცდილობენ, ამოეფარონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც თვითონ ქმნიან, თვითონვე არიან იქ წარმოდგენილნი და ეცდებიან, რომ შექმნან სურათი, თითქოს, აი, ასეთი ორგანიზაციები რაღაც მასობრივ დარღვევებს ეძებენ საარჩევნო პროცესში. ასეთი არ იქნება. სჯობს, ყველამ უთხრას საზოგადოებას, რას წარმოადგენენ და რა ინტერესები აქვთ. მით უმეტეს, რომ დღეს დაკვეთა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, ვინ მართლა აკვირდება არჩევნებს და ვინ არის წინასწარ ინსტრუქტაჟით მისული, რომ არჩევნებს ძირი გამოუთხაროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ დააფუძნეს. სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაციაზე ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთავაზობენ, ჩაერთონ დაკვირვების პროცესში.

მთავარია, ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ – ვილი სანიოლი

ალბანეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავსად, ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მაღალი ინტენსივობით ჩაატარეს თითოეული თამაში. ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან, – განაცხადა ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ გუნდისა და ჯვაროსნების წინა შეხვედრაც გაიხსენა.

„ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ“, – განაცხადა სანიოლმა.

ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა დღეს, 22:45 საათზე გაიმართება.

გამოძიებამ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი ძარცვავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებს. უცხო ფულს, განსაკუთრებით კი ნაძარცვ ფულს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს – არჩილ გორდულაძე

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრანტების თაობაზე, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე მმართველი გუნდის ოპონენტების მიერ გაჟღერებული შეფასებების ალოგიკურობაზე მიუთითებს.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, მათ შორის გარკვეული არასამთავრობოების მხრიდან ვისმენდით ალოგიკურ, ერთმანეთთან შეუსაბამო განცხადებებს. თუ საქართველოს ხელისუფლებისგან ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ის არის საქართველოს ხელისუფლების გავლენის გამტარებელი, მაგრამ თუ უცხო ქვეყნის ხელისუფლებისგან ფინანსდება, მაშინ უცხო ძალის გავლენის გამტარებელი არ არის. მაშინ ამ ადამიანებმა უნდა დაუსვან კითხვა, მაგალითად NED-ს, EED-ს, GIZ -ს, USAID-ს, IRI-ს, NDI-ს – ეს ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებიდან და ბიუჯეტიდან ფინანსდებიან“, – აცხადებს გორდულაძე.

პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.

შვედეთი უკრაინას 440 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გადასცემს-Reuters

შვედეთი უკრაინას 440 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.

ინფორმაციას Reuters-ი შვედეთის თავდაცვის მინისტრზე პოლ იონსონზე დაყრდნობით ავრცელებს.

იონსონის ცნობით, დახმარების მე-17 პაკეტი უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვის დაფინანსებასთან ერთად, საბრძოლო მანქანებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, დამატებით საბრძოლო ნავებს, რაკეტებსა და შენიღბვისთვის საჭირო აღჭურვილობას მოიცავს.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, მოგვიანებით შვედეთმა უკრაინას მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელი Gripen-ის ტიპის თვითმფრინავები გადასცეს.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება ძალიან პოზიტიური ინიციატივაა -არჩილ თალაკვაძე

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნება ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვინაიდან არის მთელი რიგი სერვისები, არის ინიციატივები, ისეთი პროექტები, რომლებსაც სამოქალაქო სექტორი, პასუხისმგებლიანი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ეფექტურად განახორციელებენ. ამისთვის გამართლებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა და სახელმწიფოსთან, საჯარო სერვისთან ერთად ყველა ის ორგანიზაცია იყოს ჩართული პროცესში, ვისაც აქვს გულწრფელი სურვილი, რომ ქვეყანას მოუტანოს მეტი პროგრესი, შექმნას ადგილზე მეტი მომსახურება, დაეხმაროს მეტ ადამიანს და ქვეყნის განვითარების საერთო პროცესში იყოს ჩართული. ჩვენ ველოდებით, რომ იქნება მაღალი ჩართულობა, იქნება ეფექტური მონაწილეობა ამ პროგრამაში, რომელიც უკვე 2025 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება. მანამდე, რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმი, თუ რა კრიტერიუმებით, როგორ მოხდება ამ გრანტების გაცემა, ეს ყველაფერი გაიწერება, იქნება გამჭვირვალე. დარწმუნებული ვარ, ყველას, ვისაც ჰქონდა და აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, ემსახუროს თავის ქვეყანას, საზოგადოებას, ეს კიდევ მეტ და დამატებით საშუალებას მისცემს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

აკაკი ჯინჭარაძე პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა

ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდა. პარასპორტმენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეგობრები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ჯინჭარაძემ 250 კილოს დაძლევა მოახერხა და საქართველოს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მეცხრე მედალი მოუტანა. საქართველომ პარალიმპიადზე პარაწოლჭიმში მედალი პირველად მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენებმა პარიზის პარალიმპიადაზე, პირველად ისტორიაში, 9 მედალი მოიპოვეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

საქართველო ჩეხეთის მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სპეციალური ეკრანები დამონტაჟდება.

ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

10 სექტემბერს ქუთაისში +36 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +24 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22. ბათუმში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

ფოთში დღისით +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +36 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ღრუბლიანობა. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +23, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექი ნავარაუდევი არ არის.

რუსთავში დღისით +30 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს, 10 სექტემბერს გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე -კახა კალაძე

თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის – ალბანეთი-საქართველოს საჯარო ჩვენებას გამართავს. ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს! ხვალ, 10 სექტემბერს გელოდებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩის საჯარო ჩვენებას გამართავს.

10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე ტირანაში საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს სირთულეების გადალახვა და უსიამოვნო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ, რომ მშვიდი, პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ და საკუთარი თავის გჯეროდეთ. დღის მეორე ნახევარი უფრო წარმატებული იქნება. გირჩევთ წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დილა მშვიდად გაატაროთ და მუშაობის რიტმში თანდათან ჩაერთოთ. დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ საქმეზე კონცენტრირება, მაგრამ სადილის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება. საშუალება მოგეცემათ, თქვენი უნარები სრულად გამოავლინოთ და დამსახურებული წარმატება მოიპოვოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ.

ტყუპები

ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები და მოლაპარაკებები არ უნდა დაგეგმოთ, შესაძლოა მოვლენები თქვენთვის არახელსაყრელი სცენარით განვითარდეს და ეს საქმის შედეგებზე აისახება. უმჯობესია, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ, რადგან დამხმარემ შეიძლება იმედი გაგიცრუოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში უფრო ტაქტიანი იყოთ და საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

კირჩხიბი

თუ დღეს მსუბუქი, რუტინულ სამუშაოს შესრულებით დაიწყებთ, წარმატებული დღე გექნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის შეინახოთ, როდესაც თქვენი ენერგია და შრომისუნარიანობა გაიზრდება. ეცადეთ, პრობლემა პრაქტიკული თვალსაზრისით შეაფასოთ. თქვენი იდეებით ყველაზე თავდაჯერებული სკეპტიკოსებიც კი დაინტერესდებიან. ასევე შესაძლებელია მოგებიანი გარიგებები.

ლომი

ამ დღეს სხვა ადამიანების საქმეების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. სასიცოცხლო ენერგია დღის მეორე ნახევარში დაიწყებს მატებას, ამიტომ შეიძლება სამსახურში დარჩენა და მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება მოგინდეთ. თუ რაღაც არ გამოდის, შეგიძლიათ სამომავლოდ გადადოთ. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ, თავს დაუგეგმავი შესყიდვების ან გართობის უფლება მისცეთ.

ქალწული

გირჩევთ, რთული და დატვირთული დღისთვის მოემზადოთ. უსიამოვნებები შეიძლება ყველაზე მოულოდნელ დროს და ადგილზე წარმოიშვას, მაგრამ მშვიდად და რაციონალურად უნდა იმოქმედოთ. 10 სექტემბერს შანსი გექნებათ, რთულ და მნიშვნელოვან საქმეში წინსვლას მიაღწიოთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

სასწორი

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. უსარგებლო საუბრებმა რომ არ ჩაგითრიოთ, გირჩევთ განმარტოებით იმუშაოთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს. ეცადეთ, სადავო თემებს არ შეეხოთ და რთული დისკუსიები სამომავლოდ გადადოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ, ექსპერიმენტებს მიმართოთ.

მორიელი

ამ დღეს მოსაწყენი და უინტერესო სამუშაოს შესრულება გელით. ეცადეთ, ეს საქმე სწრაფად დაასრულოთ, რათა მთელი ყურადღება იმ საქმეზე გადაიტანოთ, რომელიც ნამდვილად გიზიდავთ. მნიშვნელოვანი ურთიერთობები რომ არ დააზიანოთ, კომპრომისს უნდა დათანხმდეთ და დიპლომატიური უნარები გამოავლინოთ. საკითხები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს. საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ გირჩევთ, საქმე ოჯახის სხვა წევრებსაც გაუნაწილოთ.

მშვილდოსანი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. კოლეგების დახმარებით როგორც ნაცნობ, ასევე ახალ ამოცანებს სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით. თქვენი ინიციატივა უფროსი ნათესავების მოწონებას დაიმსახურებს. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ რთული და დამღლელი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და ახლა მხოლოდ სასიამოვნო საქმეებით დაკავდეთ. პირადი ცხოვრების სხვა ადამიანებთან განხილვისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თხის რქა

ნელი, მოდუნებული დილა თხის რქებს საშუალებას მისცემს, მოემზადონ აქტიური და ნაყოფიერი დღისთვის. მოუსმინეთ თქვენს სხეულს: გადაჭარბებულმა დატვირთვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს კეთილდღეობაზე. ეცადეთ, კრიტიკუილ კომენტარებზე არ გაბრაზდეთ.

მერწყული

შესაძლოა, მეგობრის ან კოლეგის მოქმედებამ იმედი გაგიცრუოთ, თუმცა ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს და ნუ გააკრიტიკებთ ამ ადამიანს, სანამ სრულ ინფორმაციას არ მიიღებთ. იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, საქმეში მეტი ინიციატივის გამოჩენა გმართებთ – ნუ დაკმაყოფილდებით იმაზე ნაკლებით, რასაც ნამდვილად იმსახურებთ.

თევზები

გირჩევთ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე საღამოსთვის დაგეგმოთ – ამ დროისთვის თქვენი ენერგია შესამჩნევად გაიზრდება. დღევანდელი დღე შეუფერებელია რომანტიკისთვის. იყავით რეალისტი, დაიცავით გონივრული დისტანცია ადამიანებთან ურთიერთობაში და უფრო მკაცრად განსაზღვრეთ პრიორიტეტები.