Home Blog Page 33

„ძლიერი თოვა და ქარბუქი“ – ხვალიდან ამინდი იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს.

„28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო, მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, ჟურნალისტის დასმულ კითხავს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

„ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია. მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მუქარებით, შანტაჟით. ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება, პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-თან, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 26 ოქტომბერს მოვიპოვეთ გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ვატარებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა – ირაკლი კობახიძე

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით რეალურად არაფერი შეცვლილა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე-ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, უბრალოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს – პრემიერი

შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ოპოზიცია არის გაკოტრებული.

„ერთადერთი ვინც მათ ასულდგმულებს, ესენი არიან გარე პატრონები, თუმცა ესეც არის აბსოლუტურად სუსტი იარაღი. საბოლოო ჯამში ოპოზიციას უწევს პარლამენტის აღიარება, ჯერ „ლელომ” აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, როდესაც მათ ისარგებლეს საკუთარი კვოტით საარჩევნო ადმინისტრაციაში და ახლა ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც უარი თქვა დაფინანსებაზე, იყო გვარამიას პარტია. ყველა დანარჩენმა აღიარა არჩევნების შედეგები. ეს ნიშნავს იმას, რომ ის შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთ ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა – ენტონი ბლინკენი 

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

„შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა წაშალეს დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვეს ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება. მეტიც, მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან, მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. შედეგმა საქართველო მოწყვლადი გახადა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაციას.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების მიმართ მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას. შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იმის გამო მოხდა, რომ ის „პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩაერთო ან ჩართვა სცადა ქმედებებში ან პოლიტიკაში, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან მათი სახელით, ან მათი სარგებლისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ.”

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”.

თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.

ამ ინიციატივის ფარგლებში, 30 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა გეძლევათ, თიბისის მობაილბანკში გააზიაროთ, რას უსურვებთ საქართველოს 2025 წელს.

თიბისი მიღებულ სურვილებს შეკრებს და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით გააჟღერებს.

გადადი მობაილბანკში, გააზიარე შენი სურვილი და გააგონე ხმა საქართველოს!

„აზერბაიჯანულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ ყაზახეთში მათი თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა

„აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავი ფიზიკური და ტექნიკური გარე ჩარევის შედეგად ჩამოვარდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას ავიაკომპანია „აზალში” განუცხადეს.

პარალელურად, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, რაშად ნაბიევი აცხადებს, რომ დაშავებული მგზავრების და გადარჩენილი ბორტგამცილებლების მონაყოლის თანახმად, გროზნოს თავზე აფეთქების ხმა გაიგეს.

„ერთ-ერთი ბორტგამცილებელი ხელის არეშიც კი დაშავდა. სოციალური ქსელებიდან და პრესაში გამოქვეყნებული კადრებიდანაც ჩანს, რომ ქალს ხელ-ფეხი დაუზიანდა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ფრთაზე ხვრელების კვალი ჩანს. თვითმფრინავის შიგნით დაზიანებულია ფიუზელაჟი. დაზარალებულებმა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, ასევე თქვეს, რომ გროზნოს თავზე აფეთქებების ხმა სამჯერ გაიგეს. მათივე თქმით, აფეთქებები გარედან მოხდა, შემდეგ კი თვითმფრინავს რაღაც შეეხო. გამოძიება დაადგენს, თუ რა სახის იარაღიდან იყო გარე ჩარევა. გარდა ამისა, თუ თვითმფრინავის ფრენის ტრაექტორიას დააკვირდებით, ირკვევა, რომ მან ფრენის მიმართულება აქთაუს მიმართულებით მახაჩყალზე აიღო. თვითმფრინავს აქ დაშვების უფლება მიეცა თუ არა, გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე გაირკვევა. გარდა ამისა, გამოძიება დაადგენს, რა მიზნით განახორციელა პილოტმა ავარიული დაშვება. GPS-ის გამორთვის საკითხი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა რაშად ნაბიევმა.

გერმანიამ, საქართველოს 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები შეუჩერა

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ გადაწყვიტა, შეაჩეროს საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები.

ამგვარად, ეს არის განვითარების მინისტრის სვენია შულცეს შემდგომი რეაგირება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დაახლოების გზიდან გადახვევასა და პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება.

გერმანიის განვითარების პოლიტიკის დიდი ნაწილი საქართველოში მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების წინსვლას, რაც ასევე დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამას საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტოდ აღარ აგრძელებს. ამავდროულად სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტის შეჩერების მცდელობისას.

სწორედ ამიტომ, განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ 3 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით აღარ განაცხადოს თანხმობა საქართველოსთან განვითარების სფეროში თანმშრომლობის ახალი პროექტების დაფინანსებაზე და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გამოსაცდელი ვადით შეაჩეროს. 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეჩერება პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ურთიერთობების ამ გადახედვიდან გამომდინარეობს.

სხვა მიმდინარე პროექტების გადახედვა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, უნდა გაგრძელდეს პროექტები, რომლებიც უფრო მეტად სარგებელს მოუტანს პროევროპულ მოსახლეობას და რომლებითაც არსებულ პირობებშიც კი შესაძლებელი იქნება ევროპასთან დაახლოების გაგრძელება. ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის” მიღების შემდეგ გერმანიამ 2024 წლის ზაფხულშივე დაიწყო დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ეს მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებს, კიბერუსაფრთხოების ტრენინგს ან ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სვენია შულცემ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალადობა მოსახელობის მიმართ და დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონსტიტუციით გამყარებულ გზას.

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

27 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.78 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7943 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.34 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9108 ლარი გახდა.

1.03 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5013 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.93 თეთრი შეადგინა.

,,ისეთი ამბავი ხდება რადიკალური ოპოზიციის რიგებში, დედა შვილს არ აიყვანს ხელში” – ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას გამოეხმაურა. ამ გადაწყვეტილებით, მაჭავარიანის თქმით, ამ გადაწყვეტიებით, მათ ოპოზიციის ლეგიტიმაცია აღიარეს.

“ბარიერგადალახულმა პარტიებმა, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული და დღემდე ვერცერთი მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინეს, იღებენ იმ დაფინანსებას, რომელი დაფინანსება გადანაწილებული არის ზუსტად იმ პროპორციით, რა რაოდენობის ხმებიც მიიღეს არჩევნებში. ანუ პირდაპირ ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან ცესკოს შედეგებს. შესაბამისად, ამით მათ წერტილი დაუსვეს ყველანაირ სპეკულაციებს გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს წერტილი ისედაც დაუსვა ეუთო/ოდირის დასკვნამ. ვერ ელევიან ფულს. უნდა ამ ფულის აღება, შემდეგ აბრალებენ გვარამიას, მას რა ენაღვლებაო, ყველაფერს საჯაროდ ხომ არ გამოვიტანთო, როცა უცხოეთიდან დიდი დაფინანსებები აქვსო და ა.შ. ისეთი ამბავი ხდება რადიკალური ოპოზიციის რიგებში, დედა შვილს არ აიყვანს ხელში,” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

,, ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ განხილვები პოლიტიკური სპეკულაციაა”- თაზო დათუნაშვილი

ბიუჯეტის ფულს გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით მოვახმართ იმ საქმეს, რომელსაც ჰქვია ქართული დემოკრატიის გადარჩენა, წინააღმდეგობის მოძრაობა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ განხილვები პოლიტიკური სპეკულაციაა.

„არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოში პარტიების დაფინანსების მთავარი წყარო არის სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს ბიუჯეტი არის საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული. საქართველოს ბიუჯეტი არასდროს ყოფილა რომელიმე უზურპატორის ან ოლიგარქის ფული. ბიძინა ივანიშვილის ფულია ის ფული, რომელიც ბანკირმა ესკადრონმა აახია რამდენიმე წლის წინ. ეს კი არის საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული. საქართველოს გადასახადების გადამხდელებში საკმაოდ დიდი რაოდენობაა ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ადამიანები, რომლებმაც ამ პარტიას ხმა მისცეს. შესაბამისად ეს არის ხალხის ფული. ჩვენ ამ ფულს გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით მოვახმართ იმ საქმეს, რასაც ჰქვია ქართული დემოკრატიის გადარჩენა, წინააღმდეგობის მოძრაობა. თქვენ იცით, რომ უკანონოდ, აბსოლუტურად რეპრესიულად ხელისუფლება ძალიან ბევრ ადამიანს სჯის, მათ შორის ფინანსური სანქციებით. ჩვენ კი ამ ადამიანების გვერდში ვიდგებით, ვიდრე ამის შესაძლებლობა გვექნება. ვიდრე ისინი არ დააკმაყოფილებენ ჩვენი მანდატების შეწყვეტის მოთხოვნას, მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას გავუყოფთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბიუჯეტს ავსებენ, ანუ მოვახმართ იმ საქმეს, რასაც ქართული საქმე ჰქვია, ხალხის ფულს ისევ ხალხისთვის.

აბსოლუტურად ყველაფერი ამის მიღმა არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაცია, ის პროცესი, რომელიც დიდად საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებთ. ამიტომ ვკონცენტრირდეთ მთავარზე. ფული უნდა მოხმარდეს საქართველოს მოქალაქეების მთავარ მიზანს, ჩვენი ევროპული მომავლისა და ქართული დემოკრატიის გადარჩენას. ამის მიღმა, ამ საკითხში ყველაფერი არის ძალიან ვიწრო და პოლიტიკური განხილვები. ამის მიღმა ნებისმიერი ამ ამბის თანმხლები მოვლენა არის ყურადღების გადატანის მცდელობა სხვა საკითხებზე. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყურადღება სხვა საკითხებზე გადავიტანოთ“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.