Home Blog Page 326

აქციაზე გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას აქციაზე თავს დაესხნენ.

ვაშაძემ მედიას აჩვენა სახრახნისი რომლითაც, მისივე განმარტებით, კონკრეტული პიროვნება თავს დაესხა და ყელის არეში სურდა დარტყმა.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და მცირედი დაზიანება აქვს.

„კარგად ვარ. ვსაუბრობდი უბრალოდ და თავს დამესხა კონკრეტული პიროვნება, არსებობს ვიდეოკადრები, დააფიქსირა ხალხმა, ვინ არის სახეზე ეს ადამიანი. ყელში მირტყამდა ამას, ყველაფერი კარგად არის, ბრძოლას ვაგრძელებთ. კობახიძეს და ივანიშვილს ვეუბნები, რომ ამ ყველა ტიტუშკას ბოლოს თქვენს წინააღმდეგ ექნება ჩვენება მიცემული ამ დანაშაულისთვის, რომელსაც თქვენ ჩადიხართ. უცებ მოვარდა ვიღაც და წამებში მოხდა ეს ყველაფერი, შემდეგ მომეხმარნენ და გაიქცა ეს ადამიანი. მას ფაქტობრივად ყელში უნდოდა დარტყმა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში დაზიანებული ქურთუკი აჩვენა.

„ეტყობა, უკნიდან დამარტყა, ზურგიდან მომეპარა ეს ადამიანი, შემდეგ უკვე სხვებიც მომეხმარნენ და გაიქცა. რისი გამომძიებლები არიან ესენი, რას უნდა ველოდოთ, უბრალოდ სამწუხაროა ის რეალობა, რა რეალობაშიც ვართ. წარმოუდგენელია, რომ აქ, ყველას თვალწინ, აქციაზე ცივი იარაღით მესხმის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის დავალებას ასრულებს. ივანიშვილს ვეუბნები, რომ შენი არავის ეშინია, აუცილებლად მიიღებ პასუხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არ უნდა იყოს ბლოკის ზოგიერთი წევრის ვიწრო დღის წესრიგის მძევალი -რეჯეფ თაიფ ერდოღანი 

თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არ უნდა იყოს ბლოკის ზოგიერთი წევრის ვიწრო დღის წესრიგის მძევალი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება რჩება „სტრატეგიულ მიზნად თურქეთისთვის“ და რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ თავად ქვეყანას, არამედ ბლოკსაც.

თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მოლოდინი, რომ ევროკავშირი წარადგენს „ახალ ხედვას, რომელიც გააძლიერებს“ ქვეყნის წევრობის პერსპექტივას. ერდოღანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უფრო ძლიერი, ინსტიტუციონალიზებული ურთიერთობების აუცილებლობას და დასძინა, რომ როგორც კანდიდატი ქვეყანა, თურქეთი ამ მიზნის ერთგულია. თურქეთი არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა 1999 წლიდან. ქვეყნის წევრობის მოლაპარაკებები დაიწყო 2005 წელს, მაგრამ ჩიხში შევიდა 2007 წლიდან კვიპროსის საკითხისა და რამდენიმე წევრი ქვეყნის პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო თურქეთის წევრობის მიმართ.

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერებს მიანიჭა

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერებს მიანიჭა.

დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში გაიმართა.

„აზრის თავისუფლებისთვის“ ჯილდო გადაეცა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ ედმუნდო გონსალესს, რომელიც სტრასბურგში იმყოფებოდა. მისი თანამებრძოლი მარია მაჩადო, რომელიც ვენესუელაშია, ცერემონიაში დისტანციურად მონაწილეობდა.

„ეს ადამიანები უშიშრად იცავდნენ ღირებულებებს, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ვენესუელის მილიონობით მოქალაქისთვის და ევროპარლამენტისთვის – სამართლიანობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

75 წლის ედმუნდო გონსალესი, რომელიც იძულებული გახდა, ვენესუელა დაეტოვებინა, ამჟამად ესპანეთში იმყოფება, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. სტრასბურგში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ 10 იანვარს სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელაში 28 ივლისს ჩატარდა. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არ დაუშვეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაასახელა.

ოპოზიცია არჩევნების ამ შედეგს არ დაეთანხმა. მათ წარმოადგინეს მთელი ვენესუელის მასშტაბით, საარჩევნო უბნებიდან ამოღებული ბიულეტენები, რომელთა მიხედვითაც გამარჯვება არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა მოიპოვა, რომელიც კენჭს მარია მაჩადოს ნაცვლად იყრიდა. მაჩადო არჩევნებზე არ დაუშვეს.

არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, რა დროსაც პოლიციასთან შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პროკურატურამ ედმუნდო გონსალესზე ძებნა გამოაცხადა. აშშ-მა ოფიციალურად აღიარა ოპოზიციის კანდიდატი გამარჯვებულად, ხოლო ევროკავშირმა ნიკოლას მადუროს რეჟიმი ლეგიტიმურად არ ცნო.

არასდროს ვიკარებდი ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს, ამიტომ არაფერი დამრჩა საქართველოში, გარდა ყვარლის ვენახისა და პატარა სახლისა, რომელიც უკვე იშლება -სააკაშვილი

ყველა თავისი საზომით ზომავს. არასდროს ვიკარებდი იმ ხალხს, ვინც თვლიდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ფულის შოვნას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, პრაქტიკულად არაფერი დამრჩა საქართველოში, გარდა ყვარლის 1.5 ჰექტარი ვენახისა და პატარა სახლისა, რომელიც უკვე იშლება. ამერიკაში და უკრაინაში არასდროს თავზე არ გადამდიოდა, მაგრამ არც მშიოდა და უკრაინაში პირველად ნორმალური სახლიც გამიჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ვერანაირი კომფორტი ვერ აყუჩებდა სამშობლოს დაკარგვის ტკივილს და ამის გვერდიდან ყურება მისთვის გაუსაძლისი იყო.

„ვერანაირი ფული, კომფორტი და პოპულარობა ვერ აყუჩებდა სამშობლოს დაკარგვის ტკივილს და ჩემს შემთხვევაში, დიდწილად, ჩემ მიერვე შექმნილი ქართული სახელმწიფოს და იმ რეფორმების განადგურებას, რომელსაც ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფო. გვერდიდან ყურება იყო გაუსაძლისი. ამიტომ გავაკეთე ის, რაც გავაკეთე (ზუსტად იგივე მოტივაციით არ დავტოვე თბილისი 2008 წლის აგვისტოში).

ბედნიერი ვარ, რომ დღეს ზუსტად იგივე შეგრძნებით გამოდის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი.

მადლობაზე მადლობით ვერ გიპასუხებთ. თქვენ ცდილობთ იმის თქმას, რომ ფული და პირადი კეთილდღეობა სამშობლოზე მაღლა დგას და ეს არის ზუსტად ოლიგარქის და რუსული სამყაროს იდეოლოგია.

ეს არის ორი აზროვნების და მსოფლმხედველობის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში, როგორც ჩანს, ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვართ.

ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალაა მილიონობით ქართველის წინაშე პასუხისმგებლობა, რომელიც მრავალი წლის წინ ავიღე და ახლა, როცა ჩემს ხალხს განსაკუთრებით უჭირს, ჩემი ფიზიკური გადარჩენაც კი მეორე პლანზეა ჩემთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით იმედგაცრუებული ვართ-რუმინეთის საგარეო უწყება

იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

რუმინეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ „შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან დიალოგის შესახებ და ქართველების ლეგიტიმური საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის გამო“.

„ღრმად იმედგაცრუებული ვართ ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით. ჩვენ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ იმის ხაზგასასმელად, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ევროკავშირთან დიალოგის შესახებ და ქართველების ლეგიტიმური საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის გამო“, – ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის – “სხვისი შვილების” – აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

წელს ვენეციის კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ – აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართული კინოშედევრის ჩვენება ფესტივალის ერთ-ერთი სექციის – Cinema Regained-ის ფარგლებში მოეწყობა.

ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი აქვეყნებს.

https://www.facebook.com/GeorgianNationalFilmCenter/posts/pfbid0sQNtG5bg1pPymkfgPVQRVSqfC2bZHL7AobWiPoe77fnt9Tht44qt7Hvuh4hGBTPgl

დონალდ ტრამპი „ჰამასს“ აფრთხილებს – მძევლები 20 იანვრამდე სახლში თუ არ დაბრუნდებიან, ჯოჯოხეთი დატრიალდება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრება „ჰამასს“, თუ მისი ინაუგურაციის დღისთვის ისრაელიდან გატაცებული მძევლები არ გათავისუფლდებიან.

დონალდ ტრამპის თქმით, კარგი საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რა დროსაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„20 იანვარს ძალიან ხელმისაწვდომი ვიქნები და ვნახოთ. როგორც მოგეხსენებათ, მე გავაფრთხილე, რომ მძევლები ამ თარიღამდე სახლში თუ არ დაბრუნდებიან, ჯოჯოხეთი დატყრიალდება და ძალიან ძლიერი იქნება. მაიკ უოლცი შესანიშნავ საქმეს აკეთებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ევროპარლამენტის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით 18 დეკემბერს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით 18 დეკემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე გამოვა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მკაცრი კრიტიკოსი იყო.

„საქართველოში ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც მთავრობამ 2024 წლის ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ქალბატონმა ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა, განაცხადა, რომ არჩევნები, რომელშიც მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვების შესახებ განაცხადა, იყო თაღლითური და ეფექტურად იქნა მოპარული. 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარებმა უარყვეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგი და მოითხოვეს მათი ხელახალი ჩატარება წლის განმავლობაში.

ქალბატონ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს ეწურება და საქართველოს ახალმა პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მის მემკვიდრედ მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა. საფრანგეთში დაბადებული საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ქალბატონი ზურაბიშვილი ასევე იყო საფრანგეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში და ბოლო წლებში იყო „ქართული ოცნების“ მკაცრი კრიტიკოსი“, – ვკითხულობთ პრესრელიზში.

ქართველებს ევროპასთან ემოციური ბმა აქვთ – მაკა ბოჭორიშვილი

ქართველებს და საქართველოს ევროპასთან ემოციური ბმა აქვთ, ამიტომაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა Euronews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„არსებობს ემოციური ბმა ევროპის კავშირთან. ზუსტად ამიტომ ქართველების დიდი უმრავლესობა ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, არსებობს კიდევ ერთი პრაქტიკული მიზეზი იმისა, თუ რატომ სურთ ქართველებს ევროკავშირში. ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირი დღეს საუკეთესო ორგანიზაციაა მსოფლიოში ადამიანის უფლებების, ეკონომიკის განვითარების და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით.

ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას – საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლაზე – გაფართოების ანგარიში

ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, „სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და მიიღონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რომლებიც ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს” შეესაბამება. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს გაფართოების შესახებ ანგარიშში.

ანგარიშში საბჭო ხაზს უსვამს ცხრა ნაბიჯის „განხორციელებისადმი მიბრუნების მნიშვნელობას, რაც ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშში იყო მოყვანილი“.

„[ევროკავშირის] საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლაზე.

საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, და მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და პლურალიზმი, ისევე როგორც LGBTI პირების უფლებების.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინებები, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს. ვიმეორებთ, რომ ფუნქციონალური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, [ევროკავშირის] საბჭო მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს, რომ მის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება, და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად, ინკლუზიურად და აზრიანად ჩართვა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში არის მოწოდება საქართველოს მიმართ, გამოიძიოს და პასუხი გასცეს ყველა საარჩევნო დარღვევასა და ბრალდებას.

„[ევროკავშირის] საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს OSCE/ODIHR-ის წინასწარ დასკვნებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა რიგი ნაკლოვანებებითა და დაძაბული და ძალიან პოლარიზებული გარემოთი.

დემოკრატიული ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად, საბჭო მოუწოდებს საქართველოს გამოიძიოს და პასუხი გასცეს ყველა საარჩევნო დარღვევასა და ბრალდებას. ასევე, ყურადღება მიაქციოს ამ და OSCE/ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს ორგანოების სხვა რეკომენდაციებს, იმის გათვალისწინებით, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა [ევროკომისიის] ცხრა ნაბიჯია ნაწილია”, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშში ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე და იმეორებს „სერიოზულ შეშფოთებას“ მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, ამავდროულად იმეორებს შეშფოთებას მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით.

ანგარიშიში საბჭო წუხილს გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების – შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე გამო და მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას.

“ევროპული საბჭოს ბოლო დასკვნების ფონზე, [ევროკავშირის] საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე.

ამავდროულად, ის [ევროკავშირის საბჭო] იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონზე, ისევე, როგორც სხვა კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის საყრდენ ღირებულებებსა და პრინციპებს და რომლებიც უკუსვლას წარმოადგენს ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრულ ნაბიჯებში.

[ევროკავშირის] საბჭო იხსენებს, რომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ ქმედებების მსგავსი კურსი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ გზას, რამას გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო გაჩერება გამოიწვია.

[ევროკავშირის] საბჭო დამწუხრებულია საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.

საბჭო მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა პატივი უნდა სცენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და ძალის გამოყენებისგან შეიკავონ თავი. ძალადობის ყველა აქტი უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”, – ნათქვამია ანგარიშში.

საარჩევნო ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი ეტაპიდაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და უწყების განვითარებაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული აქტივობა – დანერგილი სიახლეები, ინოვაციები, ახალი სერვისები როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის ცალსახად აჩვენებს ორგანიზაციის მზარდი განვითარების ეტაპებს. ამ უწყვეტი განვითარების პროცესს კი კვალიფიციური და ძლიერი საკადრო რესურსის რაციონალური და ეფექტიანი მართვა უზრუნველყოფს. სწორედ საქმიანობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი პროცესი დაიწყო.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვამ   სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით გამოკვეთა ახალი საჭიროებები და სპეციფიკური საქმიანობები. განვლილმა არჩევნებმა და მიღებულმა გამოცდილებამ უწყების საქმიანობაში რამდენიმე მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა აჩვენა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცესკოს აპარატის სტრუქტურის იმგვარი მოდიფიცირება, რომელიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს, განაპირობებს საოპერაციო ეფექტურობის გაძლიერებასა და სტრუქტურის ოპტიმიზაციას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინსტიტუციის განვითარებას და უზრუნველყოფს ეფექტურ მმართველობას. 

რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული პროცესის ფარგლებში ადმინისტრაცია განაახლებს ცესკოს აპარატის საქმიანობის ბიზნეს პროცესებს იმგვარად, რომ 2025 წლის თვითმმართველობის და ყოველი მომდევნო საერთო არჩევნები ორგანიზებული იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე. თავის მხრივ, აღნიშნული უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის პროფესიული გარემოს კიდევ უფრო დახვეწას და განვითარებას.