Home Blog Page 323

„საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქალაქში რაც კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგან საზოგადოება არ უნდა იყოს დაყოფილი პოლიტიკური ნიშნით.

„ახალი წელი მოდის და დედაქალაქიც ემზადება საახალწლოდ, რათა მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. ორი დღის წინ თბილისი საახალწლოდ განათდა, ჩაირთო ილუმინაციები, აინთო ნაძვის ხე. ჩვენი დედაქალაქი ჯადოსნურად მორთულია, 21 დეკემბრიდან კი „საახალწლო სოფელი გაიხსნება“. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. იცით, რომ ტრადიცია, რომელიც 2017 წლიდან შემოვიტანეთ „საახალწლო სოფლის“ სახით, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული სტუმრები.

ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი არასწორი განცხადება იმ ადამიანებისგან, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. მე არ მინდა საზოგადოების დაყოფა. ყველა ჩვენი მოქალაქეა. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ჩარჩოებში გააპროტესტონ და არა ძალადობრივი გზით, რასაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვხედავდით რუსთაველის გამზირზე. რაც ქალაქში კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგან ჩვენ საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით. ყველას მოგიწოდებთ, რომ 21 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მობრძანდეთ
„საახალწლო სოფელში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა ბოლო დღეებში მეწარმეების შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შესახება, თითქოს, 200-მა მათგანმა „საახალწლო სოფელში“ მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

„გასულ კვირაში სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნდა სია, თითქოს, 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო „საახალწლო სოფელში“, უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე. ეს არის ტყუილი. ზოგადად, წელს 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა მოთხოვნა, ვისაც „საახალწლო სოფელში“ ჩართვა უნდოდა. ცხადია, ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც წელს „საახალწლო სოფელში“ ვერ მოხვდა. რაც შეეხება იმ 200 კომპანიას, ჩვენ დავინტერესდით, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული ინფორმაცია. როდესაც დავიწყეთ გადამოწმება, აღმოჩნდა, რომ ამ 200 კომპანიიდან მხოლოდ 9 კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. შემდეგ ამ 9 კომპანიამ განაცხადა უარი. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, 21 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, სადაც უამრავი ღონისძიება გაიმართება.

„საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება. განთავსდება დეკორაცია/ინსტალაციები, ნაძვის ხეები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას-სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად, ასევე ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით; მოეწყობა ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წელს.

რაც შეეხება აქტივობებს, როგორც გითხარით, გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საბავშვო-გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეიძლება ვიღაც განაწყენებულია მთავრობაზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს – კახა კალაძე

არ მინდა საზოგადოების დაყოფა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა – საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით, შეხედულებების გამო. ყველასთვის კეთდება – მოგიწოდებთ, მობრძანდეთ 21 დეკემბერს, საახალწლო სოფელი გახსნილი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება ვიღაც განაწყენებულია მთავრობაზე, თუმცა „პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“.

„დედაქალაქი ემზადება საახალწლოდ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. იცით, რომ 2 დღის წინ ქალაქი საახალწლოდ განათდა. ყველა ილუმინაცია ჩართულია, აინთო საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ულამაზესია და ჯადოსნურად არის მორთული ჩვენი დედაქალაქი.

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 21 დეკემბრიდან შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას საახალწლო სოფელს ეწვიოს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. ტრადიცია, რომელიც 2017 წლიდან შემოვიტანეთ საახალწლო სოფლის სახით, პოპულარობით სარგებლობს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს რომ ფუნქციონირებდეს.

ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი არასწორი განცხადება იმ ადამიანებისგან, ვინც აპროტესტებს. არ მინდა საზოგადოების დაყოფა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, ვიღაცას, შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება სხვადასხვა თემაზე. მთავარია, ეს ყველაფერი გააპროტესტოთ მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში და არა ძალადობრივი გზით, რასაც ვხედავდით რამდენიმე დღის წინ.

საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით, შეხედულებების გამო, ეს ყველასთვის კეთდება. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ 21 დეკემბერს, საახალწლო სოფელი გახსნილი იქნება. შეიძლება ვიღაც განაწყენებულია, ნაწყენია მთავრობაზე, ჩვენზე. ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. უპირველესი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვა.

ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადალაგდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვექნება“,-აღნიშნა კალაძემ.

მზად ვართ, დასავლეთთან და აშშ-სთან ურთიერთობები გავაჯანსაღოთ – კახა კალაძე

სასიამოვნო არაა ის ურთიერთობები, რაც ახლა დასავლეთთან და აშშ-სთან არის – არაერთხელ განგვიმარტავს, რომ მზად ვართ, ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, მთავარია ეს ორმხრივი იყოს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც „თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“.

„საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის გზაზე, როგორც ბევრჯერ გაგვიცხადებია, ახლაც ვიტყვი, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ, რათა პროცესები დაჩქარდეს. თუ კი ამ გზაზე რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ყველა წინსვლა და გადაიდგა ის ნაბიჯები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა. მაგრამ შანტაჟი, მუდმივი მუქარა, შეურაცხყოფების მიყენება, მეორე ფრონტის მოთხოვნა, სანქციებზე მიერთება – ეს ის თემებია, რაც პირდაპირ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ შეიძლება ამით სხვა ქვეყნებმა ისარგებლონ და სათავისოდ გამოიყენონ. არ გვინდა, ვინმეს მივცეთ საშუალება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავება გვინდა. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ის ურთიერთობები, რაც ახლა დასავლეთთან და აშშ-სთან არის. საქართველოს ხელისუფლებაა არაერთხელ განუმარტავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, გადაიტვირთოს არსებული ურთიერთობები. ეს არავისთვის არაა მისასალმებელი. მზად ვართ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, მთავარია ეს ორმხრივი იყოს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

იცით, ვინ არის საქართველოს სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი -მეთიუ მილერი

თქვენ იცით, ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს პრეზიდენტის შესახებ დასმულ კითხვას.

უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ მილერს ჰკითხა: „ვინ არის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი?“.

„თქვენ იცით, ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი“, – უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

შსს-მ „არტ-თაიმში“ საათების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული გ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „არტ-თაიმის“ შუშის კარი დააზიანა, ობიექტში უკანონოდ შეაღწია და ფარულად დაეუფლა იქ არსებულ საათებს.

ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული გორში დააკავეს. ნაქურდალი საათების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თქვენ მიერ წახალისებული ოპოზიცია მობილიზებას უწევს მხარდამჭერებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ – ტიერი მარიანი ევროპარლამენტარებს

საქართველოში, ისევე როგორც რუმინეთში, ევროკავშირი უარყოფს ხალხის არჩევანს. საქართველო იქცა დესტაბილიზაციის სურნელით გაჟღენთილი, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ უცხოეთიდან ორკესტრირებული მცოცავი აჯანყების თეატრად, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მან ევროპარლამენტის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მაიდანის სტილში ესკალაციას და პროვოკაციებს აწყობს სწორედ ევროპარლამენტარების წახალისებით, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველო და მისი ინსტიტუციები მტკიცედ დგანან.

„ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც თქვენ მიერ [ევროპარლამენტის] წახალისებული ოპოზიცია მობილიზებას უწევს თავის მხარდამჭერებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ესკალაციისა და მაიდანის სტილში პროვოკაციებისკენ სწრაფვის მიზნით.
მიუხედავად ამისა, საქართველო და მისი ინსტიტუციები მტკიცედ დგანან. ისინი წინააღმდეგობას უწევენ იმათ ძალადობას, ვინც არჩევნები წააგო და ახლა ცდილობს თქვენი [ევროპარლამენტის] მხარდაჭერით, ძალაუფლება ხელში ძალით ჩაიგდოს.“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი კეთილდღეობის და დემოკრატიის გარანტად აცხადებს თავს, იგი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ახალისებს, რაც ქვეყანას ქაოსში ჩაძირვის საფრთხის წინაშე აყენებს.

„ქართული ოცნების“ გამარჯვება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნო და პრეზიდენტი ყაველაშვილი კანონის შესაბამისად აირჩიეს. ხალხს, როგორც საქართველოში, ისე რუმინეთში, აღარ სურს, რომ სუვერენიტეტი წაართვან.
ევროკავშირი აცხადებს, რომ არის კეთილდღეობისა და დემოკრატიის გარანტი, მაგრამ საქართველოში ის ახალისებს „სახელმწიფო გადატრიალებას“, რომელიც ამ ქვეყანას ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს უქმნის.“ – განაცხადა ტიერი მარიანიმ.

18-19 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები 18-დან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში, ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ხოლო ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია ნავარაუდები.

უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე 20 დეკემბრიდან გაუმჯობესდება.

 სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის “ბანდიტების” ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება -მაკკეინის ინსტიტუტის მისიის განცხადება საქართველოს შესახებ

მისია შეშფოთებულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ოფიციალური ძალადობის მასშტაბით და სიმძიმით, – ამის შესახებ აღნიშნულია მაკკეინის ინსტიტუტის მისიის განცხადებაში.

როგორც მისიის შეფასებაშია ნათქვამი, „სასწაულია, რომ ჯერ კიდევ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება, მთავრობის „ბანდიტების“ ხელით სიკვდილი თუ მოხდება, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური გახდება“.

„ჩვენ ბევრი მოსაუბრისგან მოვისმინეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავდა მუქარას, დაშინებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, სამოქალაქო ორგანიზაციებზე რეიდებს, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას და პირადობის მოწმობების ჩამორთმევას. დეზინფორმაციის ექსპერტებმა აღწერეს, როგორ ავრცელებდა „ქართული ოცნება“, კრემლის კვალდაკვალ ნარატივებს, რომლებიც ცდილობდნენ ამომრჩევლების დაშინებას ომის საფრთხით, თუ ისინი ოპოზიციას მისცემდნენ ხმას. საარჩევნო დამკვირვებლებმა დელეგაციას წარუდგინეს თავიანთი მიგნებები და არჩევნების დღის დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია სერიოზული დარღვევები, მათ შორის ხმის მრავაჯერადად მიცემა, ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, დაშინება და სტატისტიკური შეცდომები. არჩევნების დღეს მსგავს ანგარიშებს წარმოადგენდნენ სხვა ექსპერტებიც, დიპლომატები და მედიის წარმომადგენლები. დელეგაციამ ეს ანგარიში გააცნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს, თუმცა დამაჯერებელი პასუხები ვერ მოისმინა.

არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ოთხი წლით უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაზე, მიუხედავად ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერისა ევროპული მომავლის მიმართ. ამან ათიათასობით ქართველის პროტესტი გამოიწვია, მათ შორის ისეთ სოფლებში, სადაც მსგავსი რამ არასდროს ყოფილა. ჩვენს მიერ გამოკითხულებმა აღწერეს, თუ როგორ უტევდნენ და სცემდნენ მომიტინგეებს შავი ფორმიანი უსაფრთხოების ძალების ჯგუფები, რომელთაც არ გააჩნდათ საიდენტიფიკაციო ნიშნები, მაშინ, როდესაც  ფორმიანი პოლიცია უმოქმედოთ დგას და არაფერს აკეთებს. მისიამ რამდენიმე ახალგაზრდასაც მოუსმინა, რომლებმაც აღწერეს, როგორ დააკავეს ისინი აქციების დატოვების შემდეგ და უსაფრთხოების ძალებმა გონების დაკარგვამდე სცემეს. მათ საავადმყოფოში გაატარეს ღამეები მოტეხილობებით, სახის დაზიანებებითა და ტვინის შერყევით. შემდგომ კი ცრუ ბრალდებები წაუყენეს ხულიგნობასა და ვანდალიზმისთვის. ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აქციებთან ახლოს არ იმყოფებოდნენ, ასევე გაიტაცეს ქუჩიდან, შემდეგ სცემეს და ბრალი წაუყენეს. ჩვენი მისიის დროს რონდელის ფონდის თანამშრომელი, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, ქუჩიდან აიყვანეს, ის რამდენიმე საათი გაუჩინარებული იყო, შემდეგ ნაცემი დააკავეს და ბრალი წაუყენეს.

მისია შეშფოთებულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ოფიციალური ძალადობის მასშტაბით და სიმძიმით. სასწაულია, რომ ჯერ კიდევ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ საშინელი შემთხვევისას, თუ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური გახდება“, – აღნიშნულია შეფასებაში.

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საკმაოდ დაძაბული დღეა. გირჩევთ, მშვიდად იმუშაოთ, რადგან აჩქარება შეცდომებს გამოიწვევს და ძველ პრობლემებს ახლები დაემატება. შესაძლოა, რაღაც საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალოთ, რაც იდეის განხორციელების შანსს მოგცემთ. გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ.

კურო

სწავლისა და მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ სარისკო მოქმედებებზე და ექსპერიმენტებზე უარი უნდა თქვათ. მოერიდეთ მტკივნეულ თემებზე კამათს – გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს და ეცადეთ ამას შეეგუოთ. თუ ვიღაც დიდი ხანია რაღაცას გთხოვთ, დაფიქრდით, იქნებ დროა ამ საკითხზე აზრი შეიცვალოთ.

ტყუპები

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სირთულეები. ურთიერთობის გადასარჩენად, იქნებ ერთი დღე ერთმანეთისგან დაისვენოთ და საღამო ცალ-ცალკე გაატაროთ? გამორიცხული არ არის, რომ ერთ-ერთ კოლეგას თქვენი შურს და ცდილობს დაგაზიანოთ, რადგან შეგიძლიათ საკუთარი აზრი გასაგებად გამოხატოთ და სასურველს მარტივად მიაღწიოთ. გირჩევთ, დიდი ხნის წინ შედგენილ მოქმედების გეგმას არ გადაუხვიოთ, თუნდაც ამის მიზეზი გქონდეთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავი დახაროთ და მთელი დღე მშვიდად იმუშაოთ. არ არის საჭირო კამათი და იმის მტკიცება, რომ მართალი ხართ და პრობლემები არ გექნებათ. პირიქით, კოლეგებთან დაახლოების შესაძლებლობა გექნებათ. თუ რაიმე ახალს შემოგთავაზებენ, დათანხმდით. ეს გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. გათავისუფლდით ეჭვებისგან და შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება. სავარაუდოდ, საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელით.

ლომი

ეცადეთ რეალისტურად იაზროვნოთ. მალე მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ეს ყველა სფეროს ეხება – ფინანსურით დაწყებული, სიყვარულით დამთავრებული. ასევე, მოგიწევთ ადაპტაცია ცვლილებებთან, რომლებიც ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. ახალ ურთიერთობებში შეგიძლიათ პირველი ნაბიჯები გადადგათ და საკუთარ გრძნობებზე ღიად ილაპარაკოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის, ბავშვებთან და გართობის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. თუნდაც შემოქმედებასთან არაფერი გაკავშირებდეთ, შეეცადეთ სამსახურში განსხვავებული მიდგომა მონახოთ. გირჩევთ, ახლობელი ადამიანების პირადი საზღვრები არ დაარღვიოთ და დისტანცია შეინარჩუნოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, სიმშვიდე და ჰარმონიული ურთიერთობები შეინარჩუნოთ.

სასწორი

ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს. მიზნის მიღწევის საუკეთესო გზა ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობაა, თუმცა საღამოს შეგიძლიათ დაისვენოთ და მეგობრებს შეხვდეთ, თუ ამის ძალა შეგრჩათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინოთ. თქვენი უხეშობა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

მორიელი

გირჩევთ, მუშაობის ტემპი შეანელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია შეცდომები, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. დროა, მოახლოებული დღესასწაულის წინ სახლი დაალაგოთ და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ. გადახედეთ ოჯახურ ბიუჯეტს და დაფიქრდით – იქნებ საკუთარ თავზე ძალიან ცოტას ხარჯავთ? ნუ გააკეთებთ საკუთარ თავზე ეკონომიას და ეცადეთ, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროთ.

მშვილდოსანი

ყველაფერი, რასაც აკეთებთ, რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ. ფრთხილად იყავით, რადგან უმცირესი შეცდომაც კი შეიძლება თქვენს კარიერაზე აისახოს. ეს დღე მავნე ჩვევებისგან გათავისულებისთვის ზედმიწევნით ხელსაყრელია. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ სიგარეტის მოწევა შეწყვიტოთ, ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს ეზიაროთ. ასევე კარგი იქნება ვარჯიშის დაწყება ან ფეხით სიარული.

თხის რქა

საყვარელი ადამიანები იდეებსა და რჩევებს მოგაწვდიან, რომლებზეც დიდხანს იფიქრებთ და შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდეთ. სამსახურში რთული და თქვენთვის უცნობი დავალების შესრულებას მოერიდეთ, რადგან შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. შეიძლება ერთ-ერთ ნაცნობთან ურთიერთობის შეწყვეტა მოგიწიოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

მერწყული

ხვდებით, რომ ზოგი რამ თქვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მაინც საწყენია, რომ სხვა ადამიანების ქმედებების გამო გარკვეულ სიკეთეებს კარგავთ. ეს შეიძლება იყოს დასვენების დღე, ფინანსური ჯილდო, თანამდებობა და ა.შ.; მენეჯმენტს თქვენი სამართლიანი დამოკიდებულება მოეწონება. მთავარია, პრინციპებს არ უღალატოთ და ადრე თუ გვიან, საკუთარს მაინც გაიტანთ. ამ დღეს ძალიან ბევრი დავალება გექნებათ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ დასვენების დრო გამონახოთ.

თევზები

სერიოზული, რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად არახელსაყრელი დღეა, რადგან თავადაც არ ხართ დარწმუნებული მათ სისწორეში. შესაძლოა, იმ ადამიანების ზეწოლის ქვეშ ხართ, რომლებსაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. ეცადეთ, ამ დღეს ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ და თუ შესაძლებლობა გაქვთ, განმარტოვდეთ. ასე შეძლებთ, არასასურველ საუბრებს და დებატებს მოერიდოთ და განწყობა არ გაიფუჭოთ.

სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს – დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის -ესპანეთის საგარეო უწყება

ესპანეთმა სრულიად დაუჭირა მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ესპანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ დეზინფორმაცია საფრთხეა დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება.

“ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებსა და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შევეწინააღმდეგებით”, – ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტალიამ კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა -იტალიის საგარეო უწყება

იტალიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო უწყება ავრცელებს.

“საქართველოში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ, რომელმაც ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი ძალადობის უმკაცრესად დაგმობა გაიმეორა, ასევე, უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების მხარდაჭერა გამოხატა, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე (რაც წევრ სახელმწიფოებში კონსენსუსის ნაკლებობის გამო დაიბლოკა).

ჩვენი ქვეყანა, ასევე, შეუერთდა კონსენსუსს ინიციატივაზე, შეჩერებულ იქნას დიპლომატიური ვიზების ფასილიტაციაზე შეთანხმება, რაც მიღებულ იქნა.

საბოლოოდ, იტალიამ გაიმეორა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარეს უნდა დარჩეს და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ბოლო დროის გადაწყვეტილებები, რომელთაც მისი ევროპული გზა შეაჩერეს, შეიძლება გადაიხედოს”, – ნათქვამია იტალიის საგარეო უწყების განცხადებაში.

აქციაზე გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას აქციაზე თავს დაესხნენ.

ვაშაძემ მედიას აჩვენა სახრახნისი რომლითაც, მისივე განმარტებით, კონკრეტული პიროვნება თავს დაესხა და ყელის არეში სურდა დარტყმა.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და მცირედი დაზიანება აქვს.

„კარგად ვარ. ვსაუბრობდი უბრალოდ და თავს დამესხა კონკრეტული პიროვნება, არსებობს ვიდეოკადრები, დააფიქსირა ხალხმა, ვინ არის სახეზე ეს ადამიანი. ყელში მირტყამდა ამას, ყველაფერი კარგად არის, ბრძოლას ვაგრძელებთ. კობახიძეს და ივანიშვილს ვეუბნები, რომ ამ ყველა ტიტუშკას ბოლოს თქვენს წინააღმდეგ ექნება ჩვენება მიცემული ამ დანაშაულისთვის, რომელსაც თქვენ ჩადიხართ. უცებ მოვარდა ვიღაც და წამებში მოხდა ეს ყველაფერი, შემდეგ მომეხმარნენ და გაიქცა ეს ადამიანი. მას ფაქტობრივად ყელში უნდოდა დარტყმა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ეთერში დაზიანებული ქურთუკი აჩვენა.

„ეტყობა, უკნიდან დამარტყა, ზურგიდან მომეპარა ეს ადამიანი, შემდეგ უკვე სხვებიც მომეხმარნენ და გაიქცა. რისი გამომძიებლები არიან ესენი, რას უნდა ველოდოთ, უბრალოდ სამწუხაროა ის რეალობა, რა რეალობაშიც ვართ. წარმოუდგენელია, რომ აქ, ყველას თვალწინ, აქციაზე ცივი იარაღით მესხმის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის დავალებას ასრულებს. ივანიშვილს ვეუბნები, რომ შენი არავის ეშინია, აუცილებლად მიიღებ პასუხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.