Home Blog Page 32

ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობა მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას, ეს იყო ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა -ილია მეორე

ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი, ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას, ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.

„დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას. ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა… მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ – მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი. უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი, ყოველი ადამიანი. იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“(დაბადება: 49. 10). წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს. ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.

ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო, – ხორციელი, უკვდავი, – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი; ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში. მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები, – მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ. ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შეგიძლიათ განსაკუთრებით მომხიბვლელი იყოთ, ამიტომ შესაფერისი დროა რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნებისთვის. გაუთვალისწინებელი შემთხვევა გაიძულებთ, ადამიანზე ან მოვლენაზე აზრი შეიცვალოთ. გირჩევთ, დღის ჩვეული განრიგი არ შეცვალოთ და კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ.

კურო

მშვენიერი დღეა მეგობრებთან შეხვედრებისა და საერთო საქმის დაწყებისთვის. ამ დღეს ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება, რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს სიმართლის თქმა მოგიტანთ. უფრთხილდით მანიპულატორებს – ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს.

ტყუპები

ეს დღე უფრო შესაფერისია მუშაობისთვის, ვიდრე დასვენებისთვის, ამიტომ ეცადეთ, 7 იანვარი უფრო აქტიურად გაატაროთ. ნაყოფიერი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის – თუ არ იზარმაცებთ, შესაძლოა, რაღაც განსაკუთრებული შექმნათ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი თქვენს ურთიერთობას უფრო მყარს და საიმედოს გახდის.

კირჩხიბი

თუ ახალ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე ოცნებობთ, ოთხ კედელში ჯდომა ცუდი გადაწყვეტილება. გირჩევთ, ლამაზად ჩაიცვათ და ხალხმრავალ ადგილზე წახვიდეთ, სადაც შესაძლოა, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაალამაზებს. დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს – თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

ლომი

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა საინტერესო მოვლენები მოხდეს. ზოგისთვის ეს რომანტიკული პაემანი იქნება, ზოგისთვის კი ნათესავების შეკრება. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ოჯახის წევრები მხარს დაგიჭერენ. თუ დახმარება არა, რჩევები და გამამხნევებელი სიტყვები აუცილებლად დაგჭირდებათ. ვარსკვლავები მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან.

ქალწული

ამ დღეს პარტნიორული ურთიერთობები სასურველი შედეგით გაგახარებთ. ეს როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას ეხება. ეცადეთ, საკუთარ პრობლემებთან მარტო არ დარჩეთ. თუ მიმდინარე დავალებებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება ოჯახის წევრებს ან მეგობრებს უნდა სთხოვოთ. გამორიცხული არ არის, რომ მარტოხელა ქალწულებმა ნამდვილი სიყვარული იპოვოთ.

სასწორი

ამ დღეს საოჯახო საქმეებზე ზრუნვა მოგიწევთ და ეცადეთ, ამ პროცესს ცოტა კრეატიულობაც დაამატოთ: სადღესასწაულო სუფრა ლამაზად გააწყვეთ, ნაძვის ტოტებით გააფორმეთ და ა.შ. ეს დღე ხელსაყრელია ფიზიკური მუშაობისთვისაც, მაგრამ ძალიან არ უნდა გადაიღალოთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება საინტერესო იდეისკენ გიბიძგოთ, რომლის წარმატებით განხორციელებასაც მალე შეძლებთ.

მორიელი

7 იანვარი ნამდვილი რომანტიკის დღეა. თუ დაოჯახებული არ ხართ, ლამაზად ჩაიცვით და წადით იქ, სადაც ხალხი იკრიბება: ბარებში, კაფეებში, კინოთეატრებში და ა.შ. დღეს დიდი შანსი გაქვთ, რომ ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ. თუ პაემანზე მიგიწვიეს, აუცილებლად დათანხმდით. ამ დღეს დაწყებული კავშირი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მოსალოდნელია სიახლე, რომელიც თქვენს ჩვევებსა და ყოველდღიურ განრიგში ცვლილებებს შეიტანს.

მშვილდოსანი

ამ დღეს თავს ყველაზე კარგად სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იგრძნობთ, ამიტომ შეგიძლიათ, ტელეფონი გათიშოთ და ტელევიზორის წინ, მოხერხებულად მოკალათდეთ. ზოგი მშვილდოსანი სახლში რომანტიკულ პაემანს მოაწყობს ან საყვარელ ადამიანს ახლობლებს გააცნობს. ამ დღეს მოერიდეთ დამატებითი ვალდებულებების აღებას და ისეთი დაპირების მიცემას, რომელსაც ვერასოდეს შეასრულებთ.

თხის რქა

დროა, სამსახურის მენეჯმენტთან თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა დაგეხმარებათ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

მერწყული

მაღაზიებში სიარულისა და შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ ახლობელ ადამიანთან ერთად რესტორანს ეწვიოთ და ზღვის პროდუქტების კერძი დააგემოვნოთ. თუ რესტორანში წასვლის სურვილი არ გაქვთ თევზი სახლში მოამზადეთ. ამ დღეს შეიძლება ისეთი რამ შეძლოთ, რასაც ერთი თვის ან თუნდაც ერთი კვირის წინ ვერ წარმოიდგენდით!

თევზები

შესაძლოა, მარტოხელა თევზებს ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდეთ. ხელს ნუ ჰკრავთ – ეს ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანები საკუთარი პრეტენზიებით არ გადაღალოთ – ფეთქებადი ხასიათის გამო შეიძლება საუკეთესო მეგობართანაც კი იჩხუბოთ. სჯობს, თავი აკონტროლოთ, რადგან სიტუაცია მაქსიმალურ კონცენტრაციას და თავშეკავებას მოითხოვს. ხელსაყრელი დღეა გარეგნობის შეცვლისთვის – დროა, სილამაზის სალონს ან კოსმეტოლოგს ეწვიოთ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2)

ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა!

ჭეშმარიტად იშვა სიტყვა ღვთისა,-  უფალი ჩვენი იესო ქრისტე, – „ვის მიერადაც ყოველი შეიქმნა, და არაფერი შექმნილა მის გარეშე, რაც კი შექმნილა“! (იოანე 1.3). „გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს ყოველი ერი, რამეთუ დღეს დავითის ქალაქში დაიბადა … მაცხოვარი”  (ლუკა II, 10-11).

ყველა პრობლემას უკვე ჩვენ ამ სიხარულით ვფარავთ, ამით ვძლევთ ჩვენს სისუსტეებსა და განსაცდელს, ამით ვძლევთ უსამართლობას, მწუხარებასა და ტკივილს.

მართლაც, რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი და დიადი,  როცა თვით ღმერთი შემოდის ჩვენს ცხოვრებასა და ისტორიაში, რათა ჩვენი არსებობის მთავარი მიზნის განხორციელებაში დაგვეხმაროს.

მაგრამ როგორ შევხვდებით მას, ვითარცა ძენი და ასულნი ღვთისანი, ვითარცა თვისნი მისნი, თუ როგორც მხოლოდ შორეულნი, უცხონი ან, თითქმის მისგან განდგომილნი?

* * *

ჩვენ უფლის განგებულების განსაკუთრებული გამოვლინებანი ვართ.

გასაოცარია ყველაფერი, რაც ჩვენს პირველმშობლებამდე შეიქმნა, –   უმცირესი ნაწილაკები იქნება ეს, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, ზღვის ბინადარნი თუ ციური სხეულები … ისინი დიდი მრავალფეროვნებით, დიდი უნარებით, დიდი თავისებურებებით გამოირჩევიან, მაგრამ მათი მოქმედებები და შესაძლებლობები იყო და არის შეზღუდული.

მხოლოდ ადამიანი მოიცავს ფიზიკურსა  და სულიერს, მიკრო და მაკრო სამყაროს, და ძალუძს შეიყვაროს იგი, როგორც თავისი ნაწილი ამქვეყნადაც და მარადისობაშიც.

მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსება; მოწოდებული, შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას.

ღმერთმა იგი იმიტომ დაჰბადა, რომ თავის მარადიულ სიკეთეთა თანაზიარად გაეხადა და ის ნეტარებები განეცადა, რაც უფალს აქვს. ადამიანი ხილული სამყაროს მეფე უნდა ყოფილიყო და, ღმერთს მიმსგავსებულს, სიბრძნითა და სიყვარულით განეგო იგი.

ჩვენს პირველმშობლებს მთელი თავისი ნებელობა უფლისკენ ჰქონდათ მიმართული და სრულად ღვთისას იზრახავდნენ. ამასთან, მათი სული სულ უფრო მეტად განიმტკიცებდა საღვთო ბუნების თვისებებს – სათნოებებს და ხარობდა ამით.

როგორც ცნობილია, შემდგომ ბოროტმა ძალამ მოატყუა ისინი, როცა უთხრა: შემოქმედი იმიტომ გიკრძალავთ ხე-ცნობადისას ნაყოფის ჭამას, რომ მისებრ ღმერთი არ გახდეთო.

სინამდვილეში კი, ჩვენი განღმრთობა სწორედ უფლის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ამისთვის ადამი და ევა თანდათან უნდა მომზადებულიყვნენ და უფლის მორჩილებით ასულიყვნენ სრულყოფის კიბეზე.
ისინი კი, ჯერ კიდევ სულიერად მოუმწიფებელნი, შეეცადნენ, გატოლებოდნენ მას, ვინც დაჰბადა ისინი და ყველაფერი უშურველად მისცა; თანაც ამის მიღწევა მათ ღმერთისგან განდგომით მოინდომეს და მისი ნების წინააღმდეგ წავიდნენ. ვერ დააფასეს უფლისგან ბოძებული, თვით ანგელოზებზე აღმატებული პატივი, უხილავი ღმერთის თანაშემწეობაზე უარი თქვეს და  მოინდომეს ღმერთად გახდომა.

ცოდვამ აამღვრია და დაასნებოვნა ადამის და ევას შინაგანი სამყარო, რასაც თავისთავად მოჰყვა შესაბამისი შედეგი: სიცოცხლის ნაცვლად მიიღეს სიკვდილი;  ნეტარების ნაცვლად – ტანჯვა და მწუხარება, ძლიერების ნაცვლად – უძლურება… და ერთბაშად დაკარგეს თვითმფლობელობაც და საღვთო ხელმწიფებაც; მათი მორჩილი სტიქიონებიც და ცოცხალი არსებებიც მტრად გაუხდნენ და მარტონი დარჩნენ გარემო სივრცის პირისპირ.

ეს უმძიმესი ცვლილება კი მოხდა იმიტომ, რომ მათი გული ღმერთს განეშორა და შემოქმედის ადგილი ეგოისტურმა ,,მე”-მ დაიკავა.

ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა, –  ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა… საკუთარ თავზე  მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა.

ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში  სიტყვა “მე” განსაკუთრებულად დომინირებს.

ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის  თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს.

ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული,  ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი  სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება, არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი.

ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა, – „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“ და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისაგან ასეთი სახით მოგვეცა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ, … როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13.34).

მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას, – გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ  ზეცის მოქალაქეობას.
„მე ვარ კარი, ჩემს მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს” (იოანე 10,9) – გვასწავლის იესო ქრისტე.

* * *

დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც  ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ.

ეს ყოველივე  უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება  და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.

ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია).

ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და  სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა … ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების.

* * *

დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას.

ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა … მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ – მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი.

უფალს ელოდა  სიწმინდით,  სიმართლით  და   სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი,  ყოველი ადამიანი.  იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“(დაბადება: 49. 10).

წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი  გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ  ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს.

ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ  უარყო წარმართობა და  სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც   ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.

ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო, – ხორციელი, უკვდავი, – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი;  ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში.

მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები, –  მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და  სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ.

ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ.

* * *

„ქრისტიანობა რჩეულთა ხვედრია: თქვენ კი რჩეულთა მოდგმა ხართ, სამეუფო სამღვდელო, წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თვისი საკვირველი ნათლისკენ გიხმოთ“ (I პეტრე, 2,9).

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა შეგვინდოს შეცოდებანნი ჩვენნი და შეგვაძლებინოს, პეტრე მოციქულის ეს სიტყვები ჩვენს ერზე, თითოეულ თქვენგანზე და ჭეშმარიტების გზით  მავალ ყველა ადამიანზე გაცხადდეს.

კურთხეულია უფლის შობის დიადი საიდუმლოს მხილველი და აღმქმელი თქვენი სულიერი თვალნი.
კურთხეულია ბეთლემის სასწაულის სულიერად განმცდელი თქვენი გული.

კურთხეულია თქვენი სასმენელნი, რომელთაც დღესაც ახარებს ანგელოზთა საგალობლის ხმა: „დიდება მაღლთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ამ დიდი ძალისა და სიღრმის მქონე ზეციურმა სიტყვებმა დაე, მოიცვას  და ღმერთში გააერთიანოს სრულიად საქართველო, უცხოეთში მყოფი თანამემამულენი და ყოველი კეთილი ნების ადამიანი, რათა მოგვებთან და მწყემსებთან ერთად, გავემართოთ ბეთლემისაკენ, ანთებული სანთლებით მივეახლოთ ყრმა იესოს და კრძალვითა და სიხარულით აღმოვთქვათ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ …, ღმერთი ჩემი ხარ შენ, და აღგამაღლო შენ; ღმერთი ჩემი ხარ შენ, აღგიარო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ“ (ფსალმუნნი 117,23,29).

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
შობა ქრისტესი
2024-2025წ.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები საზოგადოებას შობას ულოცავენ – შობა ახლის დაბადებას ნიშნავს, გვჯერა, ჩვენ თვალწინ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, ღირსეული საქართველო იბადება

მტკიცედ გვწამს, რომ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით, ახალი საქართველო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მილოცვაშია ნათქვამი.

„ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების დღეს. დღეს, როდესაც თითოეული ჩვენგანის გულში სასწაული ხდება და ჩვენი მაცხოვარი – იესო ქრისტე იბადება!

ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით ვხვდებით, ყველა ოჯახში საზეიმო, სადღესასწაულო განწყობა სუფევს, რადგან ყველაფერთან ერთად, შობის ბრწყინვალე დღესასწაული სიახლესთან, ახალი სიცოცხლის დაბადებასთან არის დაკავშირებული.

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, არაერთხელ გავმხდარვართ მოწმე იმისა, რომ ყველაზე რთულ, გამოუვალ ვითარებაშიც კი, ჩვენი შეუპოვრობით, ერთიანობით, ტრადიციების, რწმენისა და სამშობლოს ერთგულებით, საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე გასთენებია!

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის, რწმენის, ტრადიციებისა და მშვიდობიანი განვითარების წინააღმდეგ მიმართულმა აქტიურმა და კოორდინირებულმა შემოტევამ ყველას დაგვანახა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან ქარტეხილს გავდივართ – ბრძოლის ხაზი ხომ ჩვენს იდენტობაზე, თავისუფლებასა და მშვიდობაზე გადის!

შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენ თვალწინ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, ღირსეული საქართველო იბადება, საქართველო, რომელიც არავის დაუხრის თავს, რადგან თავისუფალი, ამაყი ხალხის სამშობლოა!

მტკიცედ გვწამს, რომ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით, ახალი საქართველო გაიმარჯვებს!

უფალი იყოს ჩვენი მფარველი! გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!“, – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მილოცვაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ფანჯრებთან ანთებული სანთლები – საშობაო ტრადიცია საქართველოში

მართლმადიდებელი სამყარო  7 იანვარს, მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

უკვე რამდენიმე წელია შობის დღესასწაულზე ძველი ტრადიცია აღდგა და 6 იანვრის ღამეს, შობის მოლოდინში, ფანჯრებში მორწმუნეები ანთებულ სანთელს დგამენ.

ღამით ყველა სარკმელთან თითო სანთელი ინთება და ითვლება, რომ ეს ერთგვარი სიმბოლოა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას გამოხატავენ.

ფანჯრებთან სანთლების დანთების ტრადიცია 2000 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განახლდა.

“შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლის და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს. დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას!”,-განაცხადა უწმინდესმა ერთ-ერთი ქადაგების დროს.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 7 იანვარს ქრისტეს შობას ზეიმობს.

სადღესასწაულო წირვა ყველა ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება.  საშობაო ლიტურგია 23:00 საათზე დაიწყება.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ღამისთევის მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს.

წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ.

შობის ღამესთან დაკავშირებით არსებობს ტრადიცია. ამ ღამეს ფანჯარასთან ანთებენ სანთელს და ამით მოვიხმობთ ყოვლადწმიდა ქალწულს, მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას ჩვენს სახლებში და არა მარტო ჩვენს სახლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გულებში.

დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:

– მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.

მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.

ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.

ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.

გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:

– დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.

  შობა მაცხოვრისა

შობის მოვლენები ორ მახარებელს აქვს აღწერილი – მოციქულ მათეს (რომლიც თორმეტთაგანი იყო) და ლუკას (რომელიც სამოცდაათთაგანი იყო). რამდენადაც მათე მახარებელი თავის სახარებას ებრაელთათვის წერდა, იმდენად იგი მესიის წარმომავლობაში ხაზს უსვამს მამამთავარ აბრაამსა და დავით მეფეს, როგორც ეს წინასწარმეტყველთაგან იყო ნაწინასწარმეტყველები. ამიტომაც მათე მახარებელი ასე იწყებს სახარებას: „წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა“ (მათე 1,1-17).

იცოდა რა მახარებელმა, რომ იესო არ იყოს იოსების (ქალწულ მარიამის ქმარი) შვილი, იგი არ ამბობს, რომ იოსებმა შვა იესო, არამედ გენიოლოგიური ხაზის აღწერისას ამბობს, რომ „იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისგანაც იშვა იესო, ქრისტედ წოდებული“. მაგრამ რატომ მოჰყავს მაშინ მას იოსების წარმომავლობა და არა მარიამისა? საქმე ისაა, რომ ებრაელები არ აღწერდნენ თავიანთ წარმომავლობას დედის ხაზით (შეიძლება ითქვას, ქალის ხაზით). ამასთან, რჯული მათ ცოლის მოყვანას წარმომავლობის იმ შტოდან ავალებდა, რომელსაც ქმარი მიეკუთვნებოდა, ამიტომაც მახარებელმა წეს-ჩვეულებას არ გადაუხვია და იოსების წარმოშობის აღწერით აჩვენა, რომ მარიამი – ცოლი იოსებისა, და შესაბამისად მისგან შობილი იესო, დავითის შტოდან არიან წარმოშობილნი.

წმინდა ლუკა მახარებელი კი აღნიშნავს, რომ ქრისტეს შობა რომის იმპერიაში გამოცხადებულ ხალხის აღწერას დაემთხვა და როგორც უკვე ითქვა, ებრაელები თავიანთ წარმომავლობას შტოების და შთამომავლობის მიხედვით აწარმოებდნენ. ეს ჩვეულება იმდენად ძლიერი იყო, რომ იმპერატორ ავგუსტუსის განკარგულების შეტყობისთანავე, ყოველი მათგანი იმ ქალაქებისკენ გაემართა, საიდანაც იყვნენ წარმომავლობით. იოსები და ქალწული მარიამი გალილეაში, ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორც ცნობილია, წარმომავლობით დავითის შტოდან იყვნენ, ამიტომაც ისინი ჩასაწერად ბეთლემში გაემგზავრნენ, რომელსაც დავითის ქალაქი ჰქვია, სადაც დაიბადა და მეფედ ეკურთხა დავით მეფსალმუნე. ბეთლემი იერუსალიმთან ახლოს, მის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქია. ნაზარეთიდან ბეთლემამდე გზის გავლას სამ დღეზე ცოტა მეტი სჭირდებოდა. ბეთლემიდან აღმოსავლეთით იყო დავითის ჭა, ხოლო მის მოპირდაპირე მხარეს გამოქვაბული. როცა იოსები და მარიამი ქალაქს მიუახლოვდნენ, მარიამს მშობიარობის დრომ მოუწია.

იოსებმა დასაბინავებელი ადგილის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა, რადგან აღწერის გამო უამრავი ხალხი იყო ბეთლემში თავმოყრილი. ვინაიდან უკვე ღამდებოდა და მომავალი მესიის დედისთვის არ აღმოჩნდა ქალაქში ადგილი, იოსები და მარიამი იძულებულნი გახდნენ ქალაქგარეთ, სწორედ იმ გამოქვაბულში შეეფარებინათ თავის, სადაც უამონდობისას მწყემსები თავიანთ ნახირს აბინავებდნენ.

იესო ქრისტე იშვა ღამით, როცა ბეთლემში და მის შემოგარენში ყველა ღრმა ძილს იყო მიცემული.

შობის ღამეს, მთელს სამყაროში, დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ და სახარებაშიც არის აღწერილი:

გამოქვაბულის მოპირდაპირედ, რომელშიც მაცხოვარი იშვა, მაღალი კოშკი იდგა. კოშკში მწყემსები ცხოვრობდნენ. სამ მათგანს იმ ღამეს არ ეძინა, ვინაიდან ფარას მწყემსავდნენ. სწორედ მათ გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი ზეციური ბრწყინვალებით. მის დანახვაზე მწყემსები ძალიან შეშინდნენ, მაგრამ გაბრიელმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის: რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე“. ამ სიტყვებით მთავარანგელოზმა მესიის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე მიანიშნა, რომელიც არა მარტო ებრაელთათვის მოვიდა, არამედ ყველა ხალხისთვის, რამეთუ სიხარული იქნება ყველასათვის, ვინც მას მიიღებს, როგორც მხსნელს. გაბრიელმა ისიც უთხრა მწყემსებს, თუ სად იპოვიდნენ ახალშობილ ყრმას.

იმ დროს, როცა გაბრიელმა ამის შესახებ მწყემსებს აუწყა, ზეციდან მრავალი ანგელოზის გალობის ხმა მოისმა, რომლებიც ასე ადიდებდნენ ღმერთს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

რატომ აირჩია ანგელოზმა უბრალო მწყემსები და არ აუწყა ქვეყნად მესიის მოვლინება იუდეველ უხუცესებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს? იმიტომ, რომ „ბრმების ბრმა წინამძღოლებმა“ დაივიწყეს მესიის შესახებ წინასწარმეტყველების ჭეშმარიტი არსი.

ერთმანეთში მოთათბირების შემდეგ, მწყემსებმა გადაწყვიტეს ახალშობილის დაბადების ადგილას მისულიყვნენ და ენახათ მართალი იყო თუ არა, რაც მათ მთავარანგელოზმა უთხრა. მისულებმა ნახეს საქონლის ბაგაში მწოლარე ყრმა და ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც მათ ეუწყათ. მწყემსებმა ირწმუნეს, რომ ის იყო მესია, რომელსაც ამდენს ხანს ელოდნენ და რომ იგი მოვიდა, რათა იხსნას კაცობრიობა.

მათ ყველაფერი უამბეს წმინდა იოსებსა და ღვთისმშობელს. სალომეა (ნათესავი ღვთისმშობლისა და იოსებისა) და ყველა იქ მყოფი, რომლებიც ახალშობილის სანხავად იყვნენ მოსულები, გაოცდნენ მწყემსების მონათხრობით. ღვთისმშობელი კი „ჩუმად უსმენდა მათ და იმარხავდა ყოველ სიტყვას გულში“.

მოგვთა თაყვანისცემა

რამდენიმე თვით ადრე ქრისტეს შობამდე ცაზე უჩვეულო ვარსკვლავი გამოჩნდა. აღმოსავლელმა მოგვებმა (მოგვებს უწოდებდნენ განსწავლულ ადამიანებს, რომლებიც აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ ციურ მნათობებს) და ფილოსოფოსებმა შეამჩნიეს იგი და დაიწყეს ფიქრი თუ რას ნიშნავდა ამ საკვირველი ვარსკვლავის გამოჩენა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, შობის ვარსკვლავი ცაზე იმ მომენტიდან აინთო, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვება ქვეყნიერების მხსნელი.

იმ პერიოდისთვის ხალხს სჯეროდა, რომ დიდი ადამიანის დაბადებისას ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მრავალმა წარმართმა, უმეტესად სპარსეთში, ებრაელთაგან იცოდა მომავალი მესიის, იუდეველთა დიადი მეფის შესახებ. სპარსი მოგვები ელოდნენ, რომ, როცა დაპირებული მეფე დაიბადებოდა, ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მართალია წინასწარმეტყველება მესიის ვარსკვლავის შესახებ სულიერი გაგებით იუწყებოდა, მაგრამ ღმერთმა, მისი გულმოწყალებით, წარმართებში რომ რწმენა გაეღვიძებინა, ცნობა მათთვის უფრო გასაგები ფორმით, ცაზე უჩვეულო ვარსკვლავის გამოჩენით მისცა.

როცა ქრიტეს შობამდე ცოტა დროღა იყო დარჩენილი, სამი მოგვი, ყოველი თავისი ქვეყნიდან, გაემართნენ პალესტინისკენ.

იოსები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ახალშობილ ყრმასთან ერთად ჯერ კიდევ ბეთლემში იმყოფებოდნენ, როცა შორეული აღმოსავლეთიდან წამოსული მოგვები იერუსალიმში მივიდნენ. იერუსალიმიდან ბეთლემისკენ მიმავლებს გზას ისევ ის უჩვეულო ვარსკვლავი უჩვენებდა, ვარსკვლავი თითქმის მიწამდე დაეშვა და ბოლოს იმ გამოქვაბულის თავზე გაჩერდა, სადაც ბაგაში ახალშობილი მაცხოვარი იწყვა. იხილეს რა საქონლის ბაგაში მწოლიარე ყრმა, აღმოსავლელი ბრძენნი მიხვდნენ, რომ ახალშობილის მეუფება ფუფუნებაში და დიდებულ დარბაზებში კი არა, სიღარიბეში, მორჩილებაში და ამქვეყნიური დიდების მოძულებაში იყო. წარმართ განსწავლულებზე მათთვის მოულოდნელმა სანახაობამ არ იმოქმედა და ის რწმენა არ შერყევიათ, რის გამოც ასეთი გრძელი გზა გამოიარეს. პირიქით, შევიდნენ საქონლის სადგომში, მიახლნენ ბაგაში მწოლიარე ყრმას და თაყვანის სცეს არა მარტო როგორც მეფეს, არამედ როგორც ღმერთსაც და ძღვენიც მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

მაცხოვრის შობასთან დაკავშირებულ მონათხრობში კიდევ ის არის შესანიშნავი, რომ პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანძე – სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით. უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.

ტროპარი:

შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.

კონდაკი:

ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსაშესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნივარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი.

პია კაუმა მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა.

„სინანულით უნდა გაცნობოთ, რომ 8-10 იანვრისთვის დაგეგმილი ვიზიტი ვერ განხორციელდება, როგორც თავდაპირველად იყო ამის იმედი. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო არსებული გარემოებების ყურადღებით გათვალისწინების შემდეგ. როგორც ხაზგასმულია ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში და როგორც გუშინ კონსტრუქციულად იყო განხილული პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს სამუშაო აქვს საარჩევნო პროცესების ეუთოს ვალდებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

ანგარიშის დასკვნები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მე კვლავ ვაფიქსირებ ჩემს მტკიცე მხარდაჭერას მათი განხორციელების მიმართ. დაგეგმილი ვიზიტის მიზანი იყო დიალოგის ხელშეწყობა ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ მნიშვნელოვან რეკომენდაციებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ეუთოს მხარდაჭერა დემოკრატიული რეფორმების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ თქვენი მთავრობის მზადყოფნას ჩაერთოს მუშაობაში ჩემს დელეგაციასთან, მივედი დასკვნამდე, რომ არსებული პირობები არ არის ხელსაყრელი მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის, რომელიც საჭიროა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად. თუმცა, ჩვენ მტკიცენი ვრჩებით ჩვენს ძალისხმევაში, მხარი დავუჭიროთ ODIHR-ის რეკომენდაციების განხორციელებას და ხელი შევუწყოთ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. მოუთმენლად ველოდები საქართველოში ვიზიტისთვის უფრო ხელსაყრელ დროს, როდესაც პირობები უკეთეს საშუალებას მოგვცემს კონსტრუქციული ჩართულობისთვის. იმავდროულად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ODIHR-ის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესაბამისად და პრიორიტეტი მიანიჭოს ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს ყველა შესაბამის ძალასთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, ხელი შეუწყოს ამ ძალისხმევას და ჩვენ მზად ვიქნებით ამის განსახილველად ონლაინ შეხვედრაზე უახლოეს მომავალში.

გმადლობთ გაგებისა და მუდმივი თანამშრომლობისთვის. მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ერთად მუშაობას საქართველოში დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების გასაძლიერებლად”, – ნათქვამია პია კაუმას წერილში.

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა. ტრუდო პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ახალი ლიდერის არჩევამდე შეინარჩუნებს.

„მე ვაპირებ, დავტოვო პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტი მას შემდეგ, რაც პარტია ახალ ლიდერს აირჩევს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ 2015 წლიდან, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, იბრძოდა კანადისა და მისი მოსახლეობისთვის, საშუალო ფენის გაძლიერებისთვის. ტრუდოს თქმით, მან ნახა, თუ როგორ გაერთიანდა ქვეყანა პანდემიის დროს ერთმანეთის მხარდასაჭერად და იმუშავა კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის დასაცავად.

ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, გადადგომის გადაწყვეტილება ოჯახთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მიიღო.

კანადელი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანა მომავალ არჩევნებზე რეალურ არჩევანს იმსახურებს და დასძინა, რომ „შიდა ბრძოლებიდან“ გამომდინარე, ის ვეღარ იქნება საუკეთესო კანდიდატი კანადელი ამომრჩევლებისთვის.

როგორც ჯასტინ ტრუდომ განმარტა, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მისთვის ერთადერთი სინანული საარჩევნო რეფორმების განუხორციელებლობაა. მისი თქმით, სურდა კანადელებს არჩევნებზე მეორე და მესამე არჩევანის საშუალება ჰქონოდათ, რაც შეამცირებდა საზოგადოების პოლარიზაციას.

ამასთან, ჯასტინ ტრუდომ კანადის პარლამენტის მუშაობა 24 მარტამდე შეაჩერა, ხოლო არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.

ჯასტინ ტრუდო ლიბერალური პარტიის ლიდერი გახდა 2013 წელს, როდესაც პარტია ღრმა კრიზისში იყო და, ისტორიაში პირველად, თემთა პალატაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

ცნობისთვის, მანამდე მედია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებდა, რომ ლიბერალი პარლამენტარების მზარდმა რაოდენობამ, რომლებიც შეშფოთებული არიან გამოკითხვების უარყოფითი შედეგებით, ტრუდოს საჯაროდ მოუწოდეს გადადგომისკენ.

პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი – 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები და ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლსასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის მოქმედებებს.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მთელ ტერიტორიაზე, რაშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულში ბრალდებულები ორივე პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ნაკრაში იპოვეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 შეცდომა იქნებოდა ჩამოსვლა, საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და მათ ბელადს, ეს შეცდომა დაუშვა ევროსაბჭომ, საბედნიეროდ, ეს შეცდომა არ განმეორდა ეუთო-ს შემთხვევაში-ნიკა გვარამია

შეცდომა იქნებოდა ჩამოსვლა და საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და მათ ბელადს, ბიძინა ივანიშვილს. ეს შეცდომა, სამწუხაროდ, დაუშვა ევროსაბჭომ და მისმა თავმჯდომარემ, საბედნიეროდ, ეს შეცდომა არ განმეორდა ეუთო-ს შემთხვევაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

გვარამიას თქმით, ქართველ ხალხთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ოპოზიციური პარტიებიც აქტიურად მუშაობენ, რომ ამგვარი ვიზიტები არ შედგეს.

„მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პია კაუმა ვიზიტს აუქმებს. აუქმებს და არა გადადებს. ეს არ არის ვიზიტის გადადება, ეს არის ვიზიტის გაუქმება, ვინაიდან დათქმა, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე აკეთებს, უკავშირდება საქართველოში სიტუაციის ძირფესვიანად შეცვლას და მხოლოდ მას შემდეგ ვიზიტს. რეალურად, ეს არის ვიზიტის გაუქმება, გადადება იქნებოდა, თუ ის შემდგომი ვიზიტის რაიმე თარიღს დაასახელებდა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელიც 40 დღეა, დგას და აპროტესტებს საქართველოში გაყალბებულ  არჩევნებს და პოლიტპატიმრების არსებობას. ბევრ სხვა რამესაც, ამ ყველაფერთან ერთად, მაგრამ პირველ რიგში, ამას. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ამოცანა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც შეცვლის ვითარებას ქვეყანაში, არის ახალი არჩევნები, ვინაიდან არჩევნები გაყალბებულია და საქართველოს ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ.

ქართველი ხალხის შემდგომ ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის დამსახურება და არასამთავრობო სექტორის. სამმა პროდასავლურმა კოალიციამ, ნომერი 4, „კოალიცია ცვლილებისთვის“, ნომერი 5, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კოალიციური პარტნიორები და ნომერი 9, „ლელო“ და მისი კოალიციური პარტნიორები. ჩვენ ერთობლივად მივმართეთ ეუთო-ს, მის საპარლამენტო ასამბლეას და ვუთხარით, რომ ჩვენ უბრალოდ შეხვედრებს არ დავესწრებოდით, ვინაიდან არ მიგვაჩნია გამართლებულად ამ ვითარებაში საუბარი საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასთან, რომელიც არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არასამთავრობო ორგანიზაციების იმავე შინაარსის მიმართვამ. სამ პროდასავლურ ძალასთან ერთად, ცალკე იყო გახარიას პარტიის მიმართვა, რაც დასაფასებელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, ამგვარ საკითხებში ოპოზიციის ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, არა ოპოზიციური პარტიებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ბუნებრივია, შეცდომა იქნებოდა აქ ჩამოსვლა და საუბარი იმ ხალხთან, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს და მათ ბელადს, ბიძინა ივანიშვილს. ეს შეცდომა, სამწუხაროდ, დაუშვა ევროსაბჭომ და მისმა თავმჯდომარემ და საბედნიეროდ, ეს შეცდომა არ განმეორდა ეუთო-ს შემთხვევაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა ნულოვანი ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას, ქართველი ხალხის ამოცანაა ეს, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების. მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ოპოზიციური პარტიები ამ მხრივ ზოგჯერ უსამართლოდ იჩაგრებიან. ჩვენ ვმუშაობთ გამალებით, რომ ეს არ მოხდეს, რომ ამგვარი ვიზიტები არ შედგეს და აქ ჩვენი წვლილი შეგვაქვს, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“.

ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს.

პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთიც.

მისი თქმით, „პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა“.

დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო.

იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში უხეში, უკანონო ჩარევით იმ დემოკრატიის, სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან -შალვა პაპუაშვილი

როთის ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე, იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში ჩარევით, იმ დემოკრატიის, სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რამხელა ირონიაა გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლებების წუწუნში ილონ მასკის განცხადებების გამო და მის მიმართ არჩევნებში ჩარევის ბრალდება. მიხაელ როთის და ნატალი ლუაზოს ხელისუფლებები რომ რამეს იტყვიან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე. იმედია, ნელ-ნელა ბევრი გააცნობიერებს, რომ ქართულ არჩევნებში ასეთი უხეში და უკანონო ჩარევით იმ დემოკრატიის და სუვერენიტეტის ტოტს ჭრიან, რომელზეც თავად სხედან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა – ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით – ემანუელ მაკრონი

ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა – ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახდა.

„ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის ქცევამ რადიკალური ცვლილება განიცადა, რომელიც უფრო მკაცრი გახდა, ასევე, ბევრად უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება. ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ. მინდა პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე შევაქო. შემიძლია რუმინეთზეც ვისაუბრო, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რუსეთი საარჩევნო პროცესის მანიპულირებას არ მოერიდა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.