Home Blog Page 32

ტრამპის და ჰარისის დებატებმა შეიძლება გადაწყვიტოს არჩევნების შედეგი – ავთანდილ წულაძე

კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის მოახლოებული დებატები შეიძლება იყოს გადამწყვეტი მომენტი საარჩევნო კამპანიაში. გამოკითხვების მიხედვით, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს ხმების 49% აქვს. მერყევ შტატებში, როგორიცაა ჯორჯია და პენსილვანია, არც ჰარისს და არც ტრამპს არ აქვთ უპირატესობა.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ისტორია აჩვენებს, იმ სიტუაციაში, როდესაც კანდიდატებს აქვთ თანაბარი შანსები, დებატებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ.

ამერიკული მედია ყურადღებით აკვირდება კანდიდატების მომზადებას დებატებისთვის. კამალა ჰარისი რეპეტიციებს გადის დებატებისთვის ტრამპის დუბლიორთან, ფილიპ რეინსთან. რეინსი ჰილარი კლინტონის ყოფილი მრჩეველია. ის ცნობილია თავისი მკაცრი დებატებით და წარმატებით ბაძავს ტრამპის სტილს. The Washington Post-ის ცნობით, სპეციალურად კამალა ჰარისისთვის აშენდა ABC სატელევიზიო სტუდიის მოდელი პიტსბურგის სასტუმრო Omni William Penn-ში. https://www.washingtonpost.com/politics/2024/09/09/harris-trump-debate/

კამალა ჰარისი ემზადება დებატებისთვის, როგორც ჰოლივუდის მსახიობი. ჰარისი დაეყრდნობა წინასწარ კარგად მომზადებულ თეზისებს და არა იმპროვიზაციას. როგორც ყოფილ პროკურორს, მას აქვს უნარი დაარწმუნოს მსაჯულები ბრალდებულის დანაშაულში. ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება სავარაუდოდ შეიცავს ახალ ან დავიწყებულ ფაქტებს ტრამპის შესახებ, რომლებმაც ის უნდა წარმოაჩინონ როგორც კრიმინალური მიდრეკილებების მქონე პიროვნება.

დებატების ფორმატი ასევე უფრო მოსახერხებელია ჰარისისთვის, ვიდრე ტრამპისთვის. სანამ ერთ-ერთი კანდიდატი საუბრობს, მეორეს მიკროფონი გამორთული ექნება. ეს ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს საუბარს ვერ შეაწყვეტინებენ. დონალდ ტრამპი თავის დებატების ტაქტიკაში ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მანიპულირებას ეყრდნობა. ოპონენტის საუბრის უხეშად შეწყვეტა ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც ტრამპი ხშირად იყენებდა. ამჯერად მას ამის შესაძლებლობა არ ექნება.  კამალა ჰარისს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს მომზადებული არგუმენტები ტრამპის პროვოკაციულ განცხადებებზე რეაგირების გარეშე.

დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისისთვის დებატების მოსამზადებლად დუბლიორი არ გამოიყენა. ტრამპის შტაბში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია და თავის თანაშემწეებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს. ტრამპის თავდაჯერებულ გამარჯვებას ბაიდენთან დებატებში მისი შტაბი ჰარისზე უპირატესობად წარმოაჩენს.

აღსანიშნავია, რომ კამალა ჰარისს ჯო ბაიდენთან დებატების გამოცდილებაც აქვს. ის 2019-2020 წლების საპრეზიდენტო კამპანიაში იყრიდა კენჭს. 2019 წელს, ბაიდენთან დებატების დროს, ჰარისმა მოახერხა მისი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. მოგვიანებით ჰარისმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მაგრამ ბაიდენმა დააფასა ჰარისის ნიჭი და მიიწვია იგი ვიცე-პრეზიდენტად თავის საარჩევნო კამპანიაში.

თუ კამალა ჰარისი მოიგებს დებატებს, დონალდ ტრამპი დაკარგავს “უძლეველის”  იმიჯს და ავტორიტეტს როგორც ნაპოლეონი ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლები გამარჯვებულს დაუჭერენ მხარს და წინასაარჩევნო კამპანიაში ლიდერი გამოჩნდება.

საქართველოსთვის კამალა ჰარისის საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ინტერესს, თუ ის პრეზიდენტი გახდება. შეერთებულ შტატებში საგარეო პოლიტიკა დიდწილად დამოკიდებულია ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველზე და სახელმწიფო მდივანზე. ამ პოლიტიკურ მოღვაწეებს აქვთ გადამწყვეტი გავლენა შეერთებული შტატების პრეზიდენტზე.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ კამალა ჰარისის დროს. ამავე დროს, კამალა ჰარისის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი სავარაუდოდ ფილ გორდონი იქნება. გორდონი ცნობილია საგარეო პოლიტიკის საკითხებში უფრო მკაცრი და რეალისტური მიდგომით, ვიდრე ჯო ბაიდენის ამჟამინდელი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი. ფილ გორდონი მუშაობდა ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში და სწორედ მისი რეკომენდაციით დაამტკიცა კლინტონმა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება. ფილ გორდონი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეას.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან ნატოსთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა. როდესაც ტრამპი პრეზიდენტი იყო, ის იმუქრებოდა, რომ შეერთებული შტატები დატოვებდა ნატოს. ამავდროულად, ტრამპი ტრაბახობდა, რომ მისმა მუქარამ გააძლიერა ნატო. ამრიგად, ტრამპის საგარეო პოლიტიკა, თუ ის პრეზიდენტი გახდება, უფრო არაპროგნოზირებადი იქნება. პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა გადააყენა რამდენიმე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. ტრამპს არ აქვს მკაფიო გეგმა ან საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. ტრამპი მოქმედებს იმის მიხედვით, თუ როგორია სიტუაცია ამ მომენტში. ამიტომ, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის პროგნოზირება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, თითქმის შეუძლებელია.

ამრიგად, თუ ჰარისი მოიგებს დებატებს, სიტუაცია უფრო გარკვეული და პროგნოზირებადი გახდება. თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ვითარება კიდევ უფრო ქაოტური და დამაბნეველი იქნება.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი

ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში, რასაც მე გამოვრიცხავ, საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც

ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში (რასაც მე გამოვრიცხავ), საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, თუ საქართველო დარჩება რუსეთის მხარეს, გაჩნდება საფრთხე, რომ მას შემდეგ

რაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, დასავლეთში გაჩნდეს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ.

“რაც შეეხება აფხაზეთს, ივანიშვილი ღიად გადავიდა რუსეთის მხარეს და თუ ის დარჩა და რუსეთმა გაიმარჯვა დასავლეთთან დაპირისპირებაში (რასაც მე გამოვრიცხავ), საქართველო დაკარგავს აფხაზეთსაც და საკუთარ დამოუკიდებლობასაც.

მარტო ის რად ღირს, რომ ახლა რუსეთი ცდილობს დაცარიელებულ ოჩამჩირის და გალის რაიონებში რუსების ჩასახლებას, რათა გაანეიტრალოს ქართველების ოდესმე დაბრუნების საფრთხე.

თუ საქართველო დარჩა რუსეთის მხარეს, გაჩნდება საფრთხე, რომ მას შემდეგ რაც რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება, დასავლეთში გაჩნდეს პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ.

მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველ მსოფლიო ომში რუმინეთი დამარცხდა ბრძოლის ველზე, მაგრამ იმის გამო, რომ გამარჯვებულ ბლოკში იყო, ომის შედეგად ტერიტორია მკვეთრად გაეზარდა.

ჰორტის უნგრეთი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გერმანიის მოკავშირე, ამიტომ ქვეყანა დარჩა მისი ისტორიული მიწების დიდი ნაწილის გარეშე.

ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი ფასი. მათ შორის უმთავრესი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს”,-წერს სააკაშვილი.

თუ დადასტურდა, რომ აშშ-ის ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას – პაპუაშვილი

დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ არის გაცემული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში აშშ-ის დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების როლზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ წერს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ 2020 წელს გავრცელებული პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებამ ქართული დემოკრატიის დაზიანებასთან ერთად, ქვეყანას, რეპუტაციული ზიანიც მიაყენა.

მისი თქმით, სწორედ მაშინ გაძლიერდა ცრუ ნარატივები ქართული დემოკრატიის უკუსვლის შესახებ.

„ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიის წევრების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ბოლოდროინდელი გამწვავება შეგვახსენებს, რომ არსებობს ერთი გარემოება, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ტვირთად აწევს და იმედგაცრუების საფუძველია: დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ არის გაცემული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში აშშ-ის დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების როლზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” მიერ 2020 წელს გავრცელებული პარალელური დათვლის მცდარი შედეგები ოპოზიციისთვის არეულობის მოწყობის, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის და პარლამენტის ბოიკოტის საბაბად იქცა, რამაც ქართული დემოკრატიის დაზიანებასთან ერთად, ჩვენს ქვეყანას, რეპუტაციული ზიანიც მიაყენა. სწორედ მაშინ გაძლიერდა ცრუ ნარატივები ქართული დემოკრატიის უკუსვლის შესახებ.

დღეს, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ, არა მხოლოდ „სამართლიანი არჩევნები” ავრცელებდა, განზრახ, პარალელური დათვლის ცრუ შედეგებს, არამედ ეს იცოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) და უმალავდნენ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს.

„სამართლიანი არჩევნების” იმჟამინდელი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე (რომელზეც გვარწმუნებდნენ, რომ გადაყენებით დაისაჯა), გადაყენებიდან მალევე, საარჩევნო მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) მონტენეგროს ოფისში დასაქმდა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, იგივე დონორი აფინანსებს, რომელიც “სამართლიან არჩევნებს”; USAID-ის მაშინდელი ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი კი, რომელმაც იცოდა და მალავდა, რომ ყალბი შედეგები ვრცელდებოდა, ერთ-ერთ ქვეყანაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი გახდა,’’ წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილი ასევე საუბრობს, იმჟამინდელი ელჩის შესახებ და აცხადებს, რომ საინტერესოა იცოდა თუ არა მან, „რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო“. მისი თქმით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არსებული რეალური პრობლემებზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ ეხმარება სტრატეგიულ ურთიერთობებს.

„ცალკე საკითხია, თუ რა იცოდა აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩმა, რომელსაც იმ პერიოდში შუამავლის როლი ჰქონდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. იმ პირობებში, როდესაც USAID სამთავრობო დაწესებულებაა და ფიზიკურადაც აშშ-ის საელჩოშია განთავსებული, რთულია იმის დაჯერება, რომ ელჩს ამ საკითხზე ინფორმაცია არ ჰქონდა. თუ დადასტურდა, რომ ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს ფასილიტაცია-მედიაციის პროცესის და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას.

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არსებული რეალური პრობლემებზე თვალის დახუჭვა ნამდვილად არ ეხმარება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, ისევე როგორც სენატს, აქვს ყველა ბერკეტი ამ საკითხის გამოსაძიებლად. თუმცა, სამწუხაროდ, ნაცვლად ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემისა, გვესმის ბრალდებები ცრუ ნარატივების გავრცელებაზე, რაც, სულ უფრო მეტად, ემსგავსება კრიტიკოსების გაჩუმების ტაქტიკას, ვიდრე სიმართლეზე ზრუნვას.

საქართველო გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს ყოველთვის, როდესაც ეს მას დასჭირდა. ჰელსინკის კომისია ამერიკელი ხალხის სახელით გველაპარაკება. ჩვენც, როგორც საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, მოვუწოდებთ მას, ქართველი ხალხის სახელით, რომ გამოიძიოს ეს მწვავე საკითხი და დაადგინოს ჭეშმარიტება.

ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლების მხრიდან პარალელური დათვლის შედეგების მანიპულაციის საკითხის ღია და დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა,’’ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

რატომ არიდებენ თავს არმიაში სამსახურს ბერლინში მყოფი უკრაინელი მამაკაცები? – Der Tagesspiegel

„უკრაინას სასწრაფოდ ჭირდება მეტი ჯარისკაცი, მაგრამ ბევრი უკრაინელი, რომლებიც ახლა არმიაში უნდა ყოფილიყვნენ გაწვეულები და სამშობლოს დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე უნდა იდგნენ, ამჟამად ბერლინში ცხოვრობენ და ევროპული ცხოვრებით ტკბებიან. ვინ არიან ისინი და რას ფიქრობენ ომზე, რატომ გაექცნენ არმიაში სამსახურს? – ასეთი კითხვაა დასმული გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagesspiegel) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გაქცევა გერმანიაში, ფრონტზე ბრძოლის ნაცვლად: რატომ არიდებენ თავს არმიაში სამსახურს ბერლინში მყოფი უკრაინელი მამაკაცები?“ (ავტორი – იულია ვალოვა).


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


„ტაგესშპიგელის“ ჟურნალისტი ესაუბრება ერთ-ერთ უკრაინელ მამაკაცს, 43 წლის არტემ კოროლკოს (მისი ნამდვილი გვარი-სახელი შეცვლილია), რომელმაც გაქცევა მოახერხა (ანუ ფაქტობრივად დეზერტირი გახდა) და ბერლინში ავტომანქანით ჩავიდა. იგი დასავლეთ უკრაინიდანაა, ქალაქ როვნოდან.


სანეტარო დასვენება დამღლელი გზის შემდეგ


„არტემი ხანგრძლივი გზის გავლით ფიზიკურად დაღლილია, მაგრამ ამბობს, რომ თავისუფლების შეგრძნება მას სულიერ ძალებს ანიჭებს. იგი ერთ-ერთია იმ 250 ათასი უკრაინელი გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცთაგან, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ ლტოლვილის სტატუსით. რასაკვირველია, სინამდვილეში არტემს სულ სხვა სახელი ჰქვია, რათა მას პრობლემები არ შეექმნას. მისი ცოლი ანა ბერლინში უფრო ადრე ჩამოვიდა. უახლოეს ხანში არტემი ბინადრობის უფლებას მიიღებს და თავისი ავტომობილის რეგისტრირებასაც შეძლებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე არ დაბრუნდება“, – წერს ავტორი.


უკრაინის კანონების მიხედვით, მობილიზაციას ექვემდებარება გასაწვევი ასაკის (18-დან 60 წლამდე) მქონე ყოველი მამაკაცი, რომელიც სამხედრო კომისარიატებში (გასაწვევ პუნქტებში) აღიცხვაზე უნდა დადგეს. ისინი ვალდებულნი არიან ყოველთვის თან ჰქონდეთ სამხედრო ბილეთი. მამაკაცს, რომელსაც სამხედრო ბილეთს მოსთოვენ შემოწმებისას და დოკუმენტს ვერ წარადგენს, მას სასჯელი ემუქრება.


ბოლო თვეებში არტემი, რომელიც მშობლიურ ქალაქ როვნოში ცხოვრობდა, გარეთ იშვიათად გამოდიოდა – ეშინოდა, რომ მას სამხედრო გასაწვევი პუნქტის თანამშრომლები დაიჭერდნენ და ფრონტზე გაგზავნიდნენ. იგი პროფესიით პროგრამისტია და დისტანციურად მუშაობდა. ტანსაცმელს, სასმელს და საჭმელს სახლიდან უკვეთდა. მისი მეუღლე ანა ამჟამად გერმანულ ენას სწავლობს და დასაქმების ცენტრშია დარეგისტრირებული, იღებს დახმარებას. ანა ბერლინში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა და სურდა, რომ ქმარიც გერმანიაში მასთან ერთად ყოფილიყო. როგორც იქნა, თანხა შეგროვდა, ვიღაც-ვიღაცეები გასაწვევ კომისიაში ფულით მოისყიდეს და საჭირო სამედიცინო ცნობა მიიღეს – თითქოსდა არტემი ინვალიდია და ჯარში სამსახურს არ ექვემდებარება. პოლონეთის საზღვარზე გადასვლისას იგი ღელავდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა – არტემი თავისუფალი ევროპის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შევიდა.


„არტემი კარგი პროგრამისტია, მშვენივრად იცის ინგლისური ენა. რატომ უნდა წავიდეს იგი ომში ადამიანების მოსაკლავად? მას არ სურს სხვების დახოცვა“, – ამბობს ანა, არტემის ცოლი, – „როცა ჩვენ კარგი შემოსავლები გვექნება, დავიწყებთ ფულის გადარიცხვას უკრაინის არმიისათვის“.


ქორწილი მობილიზაციის ნაცვლად


სანამ არტემ კოროლკო მობილიზაციისაგან თავის არიდების საშუალებას ეძებდა და უკრაინიდან გაიქცეოდა, მანამ 28 წლის დენის რიაბჩის (გვარ-სახელი შეცვლილია) გამოსავალი უკვე ნაპოვნი ჰქონდა. მაისში მან ცოლად გერმანელი ქალი შეირთო. ამჟამად ახალგაზრდები ბერლინში დაქირავებულ ბინაში ცხოვრობენ და ერთმანეთს ესიყვარულებიან: „შეგიძლიათ მომილოცოთ – მალე ბავშვი მეყოლება. ასე რომ, მე პრაქტიკულად გერმანიის მოქალაქე ვარ“, – ამბობს „ტაგესშპიგელის“ ჟურნალისტთან საუბარში დენისი.


„ჩვენ ერთმანეთი სამუშაოზე გავიცანით. ჩემი მომავალი მეუღლე კლარა ისე შემიყვარდა, როგორც კინოში ხდება ხოლმე. ასე რომ, ნუ იფიქრებთ, რომ მე გერმანელი ცოლი მხოლოდ მობილიზაციისაგან თავის დაღწევის გამო შევირთე“, – ხაზს უსვამს დენისი. იგი ვარაუდობს, რომ ომის შემდეგ კლარას უკრაინაში წაიყვანს და მშობლებს გააცნობს. „მე, რასაკვირველია, მიყვარს სამშობლო და მზად ვარ უკრაინას გერმანიიდან დავეხმარო… მაგრამ ფრონტზე არ ვიბრძოლებ. მე სისხლისმსმელი და კაცთმოძულე ადამიანი არ ვარ“. დენისი პროგრამისტია და ამბობს, რომ გერმანიაში მისი ჰობი მინი-ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვემეხების შექმნაა.


უკრაინის ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მყოფი ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცებისათვის შეზღუდვები დააწესა – მათ არ შეუძლიათ საელჩოებში ახალი პასპორტების მიღება, მაგრამ დენისს ეს საკითხი არ აღელვებს – მის უკრაინულ პასპორტს მოქმედების ვადა 2028 წლამდე აქვს. „ვფიქრობ, ომი მომავალ წელს დამთავრდება და მე მობილიზაცია, უკრაინის სამხედრო კომისარიატში მისვლა და ფრონტზე წასვლა არ მემუქრება… ცოტასაც მოვითმენ და ყველაფერი კარგად იქნება“, – იმედიანად აცხადებს დენისი.


წყარო

„BRICS“-ის საკითხი: რა უნდა თურქეთს და რას ამბობდა დიდი მუსტაფა ქემალ ათა – თურქი – Cumhuriyet

თურქული გაზეთი „ჯუმჰურიეთი“ (Cumhuriyet) აქვეყნებს სტატიას სათაურით „BRICS“-ის საკითხი: რა უნდა თურქეთს და რას ამბობდა დიდი მუსტაფა ქემალ ათა-თურქი“ (ავტორი – მეჰმეთ ალი გიულერი), რომელშიც გაანალიზებულია ანკარის სავარაუდო ადგილი BRICS-ის გაერთიანებაში: შეუძლია თუ არა ნატოს წევრ თურქეთს „ბრიკს“-ში შესვლა?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ათასეული წლების განმავლობაში ძალები, რომლებიც ცივილიზაციის ლოკომოტივებს წარმოადგენენ, ერთმანეთს მუდმივად ადგილებს უცვლიან: ერთნი უფრო წინ მიდიან, მეორენი ეცემიან, მესამენი მათ ანაცვლებენ.

დასავლეთის 500-წლოვანი უპირატესობა თავის დასასრულს უახლოვდება. ერთ-ერთი დასავლელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ეს ტენდენცია აღნიშნა, პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოუზა გახლავთ: „აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, სულ სხვა მსოფლიოს მოწმენი გავხდებით. როგორც რუსეთის, ასევე სწრაფად მზარდი სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიისა და თურქეთის პოზიციები ადრინდელი აღარ იქნება. რა თქმა უნდა არც ინდოეთის. ჩვენ ახალი ისტორიული ციკლის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით“.

დიახ, ეს ახალი რეალობაა, მართლაც ახალი ისტორიული ციკლი იწყება; აზია ფეხზე დგება და გლობალური სამხრეთის ლიდერად გამოდის. პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების ანალიზის დროს ეს ფაქტი აუცილებელად გასათვალისწინებელია. სწორედ ამ პრიზმით უნდა შევხედით „ბრიკს“-თან (ინგლ. აბრევიატ. BRICS – Brazil, Russia, India, China, South Africa პლუს ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეთიოპია და საუდის არაბეთი) დაკავშირებულ საკითხებსაც.

თურქეთის მერკანტილური მიდგომა

თურქეთის ხელისუფლება BRICS-ის ჯერ-ჯერობით მორიდებულ, მერკანტილურ და ორმაგ მიდგომას ამჟღავნებს. ამბობენ, თურმე ჩვენს მთავრობას განაცხადი უკვე წარუდგენია „ბრიკს“-ში მიღების თხოვნით, მაგრამ ეს ფაქტი ოფიციალურად ჯერ არავის არ დაუდასტურებია. თურქმა ჩინოვნიკმა, რომელსაც ამერიკული ანალიტიკური სააგენტო „ბლომბერგი“ ესაუბრა, აღნიშნა, რომ განაცხადი მართლაც არსებობს, რაც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმაც დაადასტურა, მაგრამ მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მთავრობა განაცხადის თაობაზე არაფერს არ ამბობს!

ამგვარი სიტუაცია მოწმობს, რომ თურქეთის ხელისუფლება თავის დამოკიდებულებას BRICS-თან და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (ინგ. SCO – Shanghai Cooperation Organisation) განიხილავს როგორც ტაქტიკური და არა სტრატეგიული თვალსაზრისით. ერთი სიტყვით, ანკარა ცდილობს მათთან ურთიერთობა ერთგვარ კოზირად გამოიყენოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში

რა თქმა უნდა, თურქეთის მოკავშირეებში და პარტნიორებში ანკარის მიდგომა ერთგვარ დაბნეულობას იწვევს. უფრო მეტიც – თუ შევადგენთ განტოლებას ცვალებად და ერთმანეთთან არაექვივალენტურ ინსტიტუტებისაგან, გამოდის, რომ თურქეთის ხელმძღვანელობის მოქმედება ამგვარი დასკვნისაკენ გვიბიძგებს: „იქ როგორ შევალთ, თუ აქედან არ გამოვალთ“.

და რას ამბობს ოპოზიცია?

თურქეთის ძირითადი ოპოზიციური ორგანიზაცია – სახალხო-რესპუბლიკური პარტია, სამწუხაროდ, ამ საკითხში მთავრობას ბევრად ჩამორჩება. [ქემალისტები] მომხრენი არიან, რომ თურქეთმა უნდა გააგრძელოს ლოდინი ევროკავშირის მისაღებში და თუ არჩევანი დადგება – „ევროკავშირი“ თუ „ბრიკს“-„შანხაი“, თავის მომხრეებს ევროკავშირისაკენ უბიძგოს.

საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, დიდი მუსტაფა ქემალ ათა-თურქი ყოველთვის არ იყო დასავლეთის მხარდამჭერი. ამიტომაც მათი ანტი-„ბრიკს“-ული პოზიცია ლოზუნგით „ჩვენ კურსი ყოველთვის დასავლეთზე გვქონდა აღებული და მისი შეცვლა არ შეგვიძლია“, არ არის ისტორიულად დასაბუთებული.

თურქეთის ლიდერი ყურადღებას დასავლეთს კი არ აქცევდა, არამედ „ცივილიზაციის თანამედროვე დონეს“. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი დიდი რევოლუციონერი ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ყველაზე კარგად იცოდა, რომ თანამედროვე ცივილიზაციის ადგილი ერთი ძალიდან მეორეში გადადის ხოლმე.

ჩრდილოეთისა და სამხრეთის ბრძოლა

სიტუაცია ასეთია: ეკონომიკისა და ვაჭრობის ცენტრმა დიდი ხანია ადგილი იცვალა და ევროპა-ატლანტიკიდან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ გადაიწია. ახლა კი იცვლება პოლიტიკის ცენტრიც, ყალიბდება ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიოც.

გლობალური სამხრეთი ნაბიჯ-ნაბიჯ უწევს წინააღმდეგობას იმ წესრიგს, რომელიც გლობალურმა ჩრდილოეთმა (ატლანტიკამ) შექმნა მსოფლიოზე ბატონობის მიზნით. თავის მხრივ, ატლანტიკური ქვეყნები ანუ ჩრდილოელები ცდილობენ სამხრეთელთა შეტევა თავიდან აიცილონ და ამ მიზნით აწესებენ სანქციებს, პროვოცირებენ სახელმწიფო გადატრიალებებს, ხელთ იგდებენ რეზერვებს, მიაქვთ ნავთობი, აჩაღებენ ომს.

თურქეთის მდგომარეობა

და ამ დროს „ბრიკსი“ – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია – ცდილობს ახალი მსოფლიო წესრიგი დაამყაროს. მას ორი ძირითადი მიზანი აქვს: დემოკრატიზაცია როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, ასევე მსოფლიო საფინანსო სისტემაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ისეთი წესრიგი კი არ არის, როცა გადაწყვეტილებებს მხოლოდ მსხვილი ქვეყნები იღებენ და მათ რეალიზებას თვითონ ახდენენ, არამედ წესრიგი, რომლის დროსაც გადაწყვეტილებებს სულ უფრო მეტი რაოდენობის სახელმწიფოები იღებენ და მათ რეალიზებას თანასწორ საფუძველზე ახორციელებენ.

ამასთან დაკავშირებით „ბრიკსი“ ცდილობს მისცეს ხმა მისცეს გლობალური სამხრეთის ქვეყნებსაც საერთაშორისო საქმეების გადაწყვეტის დროს და ამიტომაც, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს რიცხოვნობის გაზრდას ითხოვს. ორგანიზაცია „ბრიკსი“ აფართოებს თანამშრომლობას იმ საფინანსო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც დოლარის ბატონობას ეფუძნება. „ბრიკსი“ ავითარებს ვაჭრობას ეროვნული ვალუტის გამოყენებით – ორგანიზაციის ფინანსური ორგანო „განვითარების ახალი ბანკი“ (New Development Bank) საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საპირწონედ გამოდის.

ამრიგად, გლობალური ჩრდილოეთის (ანუ დასავლეთის) ერა ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება და იწყება გლობალური სამხრეთის (ანუ აღმოსავლეთის) ერა. იმ პირობებში, როცა აშშ და ევროკავშირი, ხედავენ რა ამ პროცესს, ცდილობენ  კონტრზომები მიიღონ, თურქეთმა, რომელიც ობიექტურად „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნად ითვლება, ამჯერად, დასავლეთის მომხრეები უნდა გააწბილოს: ანკარამ არ უნდა დაუშვას შეცდომა და არ უნდა მოახდინოს  პოზირება, თითქოსდა ის ატლანტიკის (გლობალური ჩრდილოეთის) ნაწილს წარმოადგენს.

წყარო

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი (ტიპი-რორო) “CENK CAR” დააკავეს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით.

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 20 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას და დარწმუნებული ვარ, ამ ამბიციურ მიზანს წარმატებით მივაღწევთ – პრემიერი

საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა.

„ყველას გილოცავთ პროფესიულ დღეს, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკოსებს, დარგის ყველა სპეციალისტს. თქვენი შრომა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ქართული ეკონომიკის ყველა დარგის, ასევე უსაფრთხოების სისტემის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. როდესაც საქართველოს წინსვლაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ამბიციურ სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე ვსაუბრობთ, ამ ყველაფერში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ამდენად, თქვენს შრომასა და გამოცდილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის, რისკენაც ყველანი ერთად ვისწრაფვით.

ენერგეტიკის სექტორის ბოლო დროის მიღწევები იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას -2012 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაიზარდა გენერაციის ობიექტების რაოდენობა, გაუმჯობესდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, გაძლიერდა ტრანსსასაზღვრო კავშირები და გაიზარდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა თუ ნავთობის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები.

წლების მიხედვით რომ შევადაროთ, ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავება 2012 წელს იყო 9698 მლნ.კვტ.სთ, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის, 14911 მლნ.კვტ სთ.-ს მიაღწევს, რაც უდიდესი პროგრესია აღნიშნულ დარგში.

2012-2024 წლებში აშენდა 66 ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 1255 მგვტ.

ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის თვალსაზრისით, საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად ამ ამბიციურ მიზანსაც წარმატებით მივაღწევთ,“- განაცხადა პრემიერმა.

2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება – პრემიერი

2013 წლის რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში დამატებით 377 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ამით ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება.

„ცალკე უნდა აღინიშნოს ენერგეტიკული სექტორის წვლილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. 2016 წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და მას შემდეგ განხორციელდა მრავალი რეფორმა, რის შედეგადაც საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა ამ დარგში ევროკავშირის კანონმდებლობას.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს მთელ გუნდს, პირადად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერ ბატონ ლევან დავითაშვილს დარგის წარმატებული ხელმძღვანელობისთვის და ენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ის წინსვლა, რომელიც ენერგეტიკის სექტორმა ამ წლებში განიცადა, არის დარგის თითოეული სპეციალისტის, თითოეული ენერგეტიკოსის დამსახურება და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ პროფესიონალს, რომელსაც შეგაქვთ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადობის უზრუნველყოფაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისათვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისის ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება დაიწყო

თიბისი ტექკოლა – ეს არის შესაძლებლობა, ყველა უფროსკლასელისთვის, დაეუფლოს ტექნოლოგიებს, განივითაროს და შეიძინოს ახალი უნარები, გაიღრმაოს ინტერესები, დაისახოს მიზნები და რაც მთავარია, აირჩიოს ის რაც ნამდვილად აინტერესებს.

ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით.

10 სექტემბრიდან, ტექსკოლა მე-4 სემესტრის, ონლაინ კურსებზე იწყებს მოსწავლეთა მიღებას და რეგისტრაცია 22 სექტემბრის ჩათლით გაგრძელდება.

მოსწავლეთა შერჩევისას, დავალებასთან ერთად, პრიორიტეტი რეგისტრაციის რიგითობას ენიჭება. ამიტომ, არ გადადო და აირჩიე შენთვის სასურველი ონლაინ კურსი:

  • ვებგვერდების აწყობა (Front End: HTML, CSS)
  • UI/UX დიზაინი
  • ვებგვერდების პროგრამირება (Back End – Python)
  • მობილური აპლიკაციების შექმნა
  • გრაფიკული დიზაინი
  • ციფრული მარკეტინგი
  • ფოტო-ვიდეოგრაფია

თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით გასულ წელს დაარსდა და მთელი საქართველოდან, 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 15%-ზე მეტმა მოსწავლემ, ტექსკოლაში, სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიების შემსწავლელი რამდენიმე კურსი გაიარა.

ტექსკოლის კურსდამთავრებულები უკვე მონაწილეობენ სასკოლო თუ სხვადასხვა ახალგაზრდულ შემეცნებით-გასართობ პროექტებში და მიღებული ცოდნის საფუძველზე თავად ახდენენ იდეების რეალიზებას.

თიბისისთვის ახალი თაობის ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა პრიორიტეტია. თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით და მათი პრაქტიკაში გამოყენებით, თიბისი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და იდეების რეალობად გადაქცევა.

გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე!

R

ნიდერლანდები უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების ნებას რთავს

ნიდერლანდებმა უკრაინისთვის გადაცემული იარაღის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოყენება დაამტკიცა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა გამოცემა FAZ-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვითი მიზნებისთვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ეს ნებართვა ასევე ეხება F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს. რუბენ ბრეკელმანსმა სხვა დასავლურ ქვეყნებს მოუწოდა, მათ მაგალითს მიჰყვნენ.

ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, მარცხის გადაბრალება მოქალაქეებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებს -თალაკვაძე

ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, საკუთარი მარცხის გადაბრალება მოქალაქეებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის მიუღებელია და ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სადამკვირვებლო მისიის წარდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ოპოზიციას საარჩევნოდ ჰქონოდა ჯანსაღი და კონკურენტული გარემო.

„ამისთვის ოპოზიციას ეძლევა სოლიდური დაფინანსება ბიუჯეტიდან, აქვთ სრული წვდომა მედიაზე და ქვეყნის მასშტაბით ყველგან შეუძლიათ, პროგრამა თუ ლიდერები წარადგინონ. შესაბამისად, ამ ფონზე სპეკულაციებისთვის სივრცე  მინიმუმამდე არის შემცირებული. განსაკუთრებით არჩევნების დღეს, როცა ჩვენ დავნერგეთ ელექტრონული დათვლის სისტემა. პრაქტიკულად გამორიცხულია რაიმე მანიპულაცია ან რაიმე სახის ჩარევა ხმის მიცემის პროცესში. ეს კარგად იციან თვითონ ოპოზიციურმა პარტიებმაც. დამატებით მოვიწვიეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო მისიები, რომ დააკვირდნენ არჩევნებს. რაც უფრო ფართოდ იქნებიან ისინი წარმოდგენილი, მით უკეთესია და ობიექტური შეფასება იქნება ამ არჩევნების. მით უმეტეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ხედავთ, რომ ოპოზიცია ცდილობს, როგორმე გადაიყვანოს ეს საარჩევნო პროცესი არადემოკრატიულ რელსებზე და ისევ სცადოს არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში როგორმე, რომელიმე კარიდან დაბრუნება. ამის საშუალება არავის არ ექნება. ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს, ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. ისე, როგორც 2020 წელს მოიქცნენ, იყო უპასუხისმგებლო და ასეთი ქცევა ოპოზიციის მხრიდან ყოველთვის ძირს უთხრის დემოკრატიას.

ჩვენ გვჭირდება წესების პატივისცემა, შეთანხმება იმაზე, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი არჩევნების შედეგებს და საკუთარი მარცხის გადაბრალება მოქალაქეებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, საკუთარი სახელმწიფოსთვის, ზოგჯერ დაფინანსებული კამპანიებით, არის მიუღებელი და ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ყველა ობიექტური დამკვირვებელი, საერთაშორისო მისიების ფარგლებში ვინც ჩამოვა, იქნება დამატებითი ფაქტორი, რომ არავინ სცადოს მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით.

„პროცესი იქნება გამჭვირვალე, თავისუფალი. არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად. უფრო მაღალი ხარისხით, დაცულობით და ამას დამკვირვებლებიც ნახავენ.

რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, სამწუხაროდ, წარსულში მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ბევრ ასეთ ორგანიზაციას რეპუტაცია აქვს შელახული, მათ მიმართ ნდომა პრაქტიკულად არ არსებობს და ძირითადი ორგანიზაცია, ვინც არჩევნებს წლების განმავლობაში აკვირდებოდა, საერთოდ პარალელური ხმის დათვლის პროცესში გაყალბებაში იყო მხილებული. ამიტომ ეს მართლაც ის ორგანიზაციებია, რომლებიც არათუ არჩევნებს დააკვირდებიან, არამედ პირიქით. საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფხიზლად და ყურადღებით მათი დასკვნების და განცხადებების მიმართ, მით უმეტეს, უკვე წინასწარ ასეთი რამდენიმე ბრალდება მოვისმინეთ, რაც რეალობას მთლიანად არის აცილებული.

ოპოზიცია ახლა ცდილობს ერთადერთს: თავიანთი დაბალი მხარდაჭერა, ეს სისუსტეები, რაც მათ აქვთ ამ წლების განმავლობაში, შეავსონ დამატებითი ფაქტორებით. ამიტომ ზოგჯერ ამოფარებულები არიან მედიას, ზოგჯერ – არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახლა ცდილობენ, ამოეფარონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც თვითონ ქმნიან, თვითონვე არიან იქ წარმოდგენილნი და ეცდებიან, რომ შექმნან სურათი, თითქოს, აი, ასეთი ორგანიზაციები რაღაც მასობრივ დარღვევებს ეძებენ საარჩევნო პროცესში. ასეთი არ იქნება. სჯობს, ყველამ უთხრას საზოგადოებას, რას წარმოადგენენ და რა ინტერესები აქვთ. მით უმეტეს, რომ დღეს დაკვეთა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, ვინ მართლა აკვირდება არჩევნებს და ვინ არის წინასწარ ინსტრუქტაჟით მისული, რომ არჩევნებს ძირი გამოუთხაროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ დააფუძნეს. სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაციაზე ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთავაზობენ, ჩაერთონ დაკვირვების პროცესში.

მთავარია, ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ – ვილი სანიოლი

ალბანეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავსად, ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მაღალი ინტენსივობით ჩაატარეს თითოეული თამაში. ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან, – განაცხადა ვილი სანიოლმა ალბანეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ გუნდისა და ჯვაროსნების წინა შეხვედრაც გაიხსენა.

„ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ“, – განაცხადა სანიოლმა.

ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა დღეს, 22:45 საათზე გაიმართება.