Home Blog Page 32

ელისაშვილს ცოტა „გაექცა“, ეს შეთანხმებული გადაწყვეტილება პირველად მოსამართლეს უნდა გაეჟღერებინა -კახა კალაძე

ელისაშვილს „ცოტა „გაექცა“, ეს შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიც პირველად მოსამართლეს უნდა გაეჟღერებინა, ალეკო ელისაშვილმა გააცნო საზოგადოებას. ყველაფერი ცხადი და ნათელია, ვინ როგორ მოქმედებს და როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება თუნდაც ამ კონკრეტულ საქმეში, ამ კონკრეტული მოსამართლის შემთხვევაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ალეკო ელისაშვილის მიერ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილების წინასწარ გაჟღერების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, დღეს ოპოზიცია სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება და პოლიტიკური შოუების მოწყობით არის დაკავებული.

„ეს არის პოლიტიკური შოუს ნაწილი, რასაც ვხედავთ. ამ ადამიანებს როგორმე უნდათ, რომ სახე შეინარჩუნონ თავიანთ ამომრჩევლებთან. ჯერ ხომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ, ცრუ კამპანია ჰქონდათ – ვიგებთ, ვიგებთო, აზეიმეს ამ ხალხს გამარჯვება და რეალურად ჩვენ როდიდან მოყოლებული ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა დამაჯერებლად და ამის თქმის საფუძველს ქმნიდა ხალხის განწყობა. მე ასეთი განწყობა არ მახსოვს 2012 წლიდან მოყოლებული, როგორიც იყო ამ არჩევნებზე. შესაბამისად, ის განცხადებები და ქმედებები, რასაც ვხედავთ, გამოწვეულია იმით, რომ არიან სასოწარკვეთილები და იმ რეალურ მდგომარეობაში, რასაც იმსახურებენ და რაც მათი ბუნებრივი მოცემულობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს, ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები -ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირის აკავშირებს პარტნიორობა, რომელიც 800 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

„გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს. ევროკავშირი და აშშ უფრო მეტი არიან, ვიდრე უბრალოდ მოკავშირეები. ჩვენ გვაკავშირებს ჩვენი ხალხის ნამდვილი პარტნიორობა, რომელიც აერთიანებს 800 მილიონ მოქალაქეს. მოდით, ერთად ვიმუშაოთ ძლიერ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე, რომელიც მათ სარგებელს მოუტანს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას, ვაფასებ „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომისადმი მის ერთგულებას, რომელსაც შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოახლოება -ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, მოუთმენლად ელოდება ძლიერი ამერიკის ეპოქას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ტრამპთან შეხვედრას, რათა განიხილოს აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას არჩევნებში! მახსენდება ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დასრულების გზები.

ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიდგომისადმი გლობალურ საკითხებში. ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოახლოება. იმედი მაქვს, ჩვენ ამას ერთად განვახორციელებთ.

მოუთმენლად ველოდებით ძლიერი ამერიკის ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინისადმი შეერთებული შტატების განგრძობად ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას.

დაინტერესებულები ვართ, განვავითაროთ ორმხრივად სასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორივე ერისთვის. უკრაინა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო ძალა, ერთგულია ევროპასა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერით.

მოუთმენლად ველოდები, რომ პრეზიდენტ ტრამპს პირადად მივულოცო და განვიხილო უკრაინის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას -შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას.

„ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს მტკიცე ალიანსი და ისტორიული კავშირი აქვთ. როგორც მოკავშირეები და მეგობრები, ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებას. ევროკავშირი გააგრძელებს თავის კურსს სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად, როგორც ძლიერი, ერთიანი, კონკურენტუნარიანი და სუვერენული პარტნიორი, და დაიცავს წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სისტემას“, – წერს შარლ მიშელი.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

მოსამართლე ხუჭუამ დავალებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოსამართლე როდესაც ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, როგორიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში იხილა, ის მყარ მტკიცებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული, რათა ყველა ინსტანციას გაუძლოს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომელსაც სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

„ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როდესაც იღებ, ყველაფერი დაფუძნებული უნდა იყოს ფაქტებსა და მტკიცებულებებზე. შემდეგ, ყველამ ვიხილეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და როდესაც დეტალებში შევედით, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, დავალებით გაკეთებული. თუკი ადამიანებმა ნახეს ამ კონკრეტული მოსამართლის ოჯახის წევრების ვიდეოები, ყველაფერი ცხადი და ნათელია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როდესაც იღებ, ისეთი მყარი მტკიცებულებები უნდა გქონდეს, რომ ყველაფერმა ყველა ინსტანციას გაუძლოს, როგორც ვიცით, გასაჩივრებულია და დაველოდოთ, როგორი იქნება შემდეგი ინსტანციების გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მის მოლოდინებს საია-ს, ISFED-ის და სხვა ორგანიზაციების სარჩელებზე, თბილისის მერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ყველაფერი განიხილონ, რათა არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს.

„თუ დააკვირდებით საჩივრების რაოდენობასაც და სტატისტიკასაც, 2020 წელს უფრო მეტი საჩივარი იყო, ვიდრე 2024 წელს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ შინაარსობრივად არაფრისმთქმელია. მაგალითად, ერთ-ერთ საჩივარში წერია, რომ ერთმა დამკვირვებელმა მეორე გადაკოცნა და ამაზე დაიწერა საჩივარი. ამ ტიპის საჩივარი ბევრია. რა თქმა უნდა, ყველაფრის განხილვა მოხდება. ჩვენ ასევე მზადყოფნა გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც 2020 წელს, ახლაც, თუ ვინმეს რაიმე სურვილი აქვს გადათვლის, თუ რაიმე კითხვები არსებობს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო დღეებში რადიკალების „პოლიტიკურ კინტაურს“ ვისმენთ, მათ აქვთ ერთადერთი მცდელობა, რომ ისევ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ -კახა კალაძე

რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, ცდილობს, ქვეყანაში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებს ჩრდილი მიაყენოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ  საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ სიცრუეს და ცდილობენ, თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ.

„არჩევნებთან დაკავშირებით ვისმენთ სიცრუეს, არასწორ განცხადებებს. რეალურად გაყალბების ფაქტები და მტკიცებულებები არ არსებობს. მათ აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანაში ჩატარებულ თავისუფალ არჩევნებს რაიმე ჩრდილი მიაყენონ. ამაში ჩართულია რადიკალური ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ვისმენთ სიბინძურეს და სიცრუეს, თუმცა, ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ კონკრეტული ფაქტი წარედგინა პროკურატურისთვის ან საზოგადოებისთვის. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ბოლო დღეებში რადიკალების „პოლიტიკურ კინტაურს“ ვისმენთ. კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული. მათ აქვთ ერთადერთი მცდელობა, როგორმე სახე შეინარჩუნონ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ამ ადამიანებს მთელი საარჩევნო კამპანიის დროს ატყუებდნენ, არჩევნებს ჩვენ ვიგებთო. საზოგადოებამ მათ მიანიჭა შესაბამისი ადგილი, რასაც იმსახურებენ. დღეს კი, მცდელობა აქვთ, ისევ თავიანთ ამომრჩეველს მოატყუონ. არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, იყო მრავალპარტიული, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა, მოსახლეობას კი შეეძლო, საკუთარი არჩევანი თავისუფლად გაეკეთებინა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს მტკიცებულებებთან დაკავშირებით, თბილისის მერის თქმით, ნამდვილად არსებობს ზეწოლისა და ბულინგის ფაქტები, რომლებსაც საგამოძიებო უწყება შეისწავლის.

„არსებობს ზეწოლისა და ბულინგის კონკრეტული ფაქტები, როგორც ამომრჩეველზე, ასევე დამკვირვებლებზე. როდესაც უკვე საარჩევნო უბნები იხურებოდა, ხმების დათვლა მიმდინარეობდა, იყო კონკრეტული მუქარები, შეურაცხყოფები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პასუხის გაცემა სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას – ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მისი თქმით, ის ურთიერთობები, რაც აშშ-საქართველოს შორის არსებობს, გადატვირთვას საჭიროებს, თუმცა ქართველმა ხალხმა თავისი გასაკეთებელი თავად უნდა გააკეთოს.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ, ისევე, როგორც საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და მხარი დაუჭირა მშვიდობას, განვითარებას, კეთილდღეობას, ღირსეულ, ევროპულ მომავალს. აშშ-სთან ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. არაერთხელ გვითქვამს, რომ ის განცხადებები, რაც ბოლოს კეთდებოდა, არავისთვის იყო მისაღები. არსებული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ჩვენს გასაკეთებელს ვერც ამერიკა გააკეთებს, ვერც ევროპა, ქართველმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაატაროს და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას.

„რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს, ამერიკას თავისი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს თავისი. ევროპასაც აქვს თავისი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. არც ამერიკელი ჩამოვა აქ და გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არც ევროპელი. ქართველმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზეც, ქვეყნის განვითარებაზეც და არავის დავუთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თიბისის OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზში გამართულ სამიტში მიიღო მონაწილეობა

Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის – Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო.

სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის და ინდუსტრიის ლიდერები, დეველოპერები და ანალიტიკოსები დაესწრნენ, რომლებმაც API-ს მნიშვნელობაზე ისაუბრეს ინტელექტუალური, მასშტაბური და უსაფრთხო AI გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

კონფერენცია თიბისის ტექ. გუნდის წევრებისთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა

“ვფიქრობ, სამიტზე მიღებული გამოცდილება პროგრესული იყო, როგორც ჩვენთვის, გუნდისთვის, ისე – თიბისისთვის. მიღებული ინფორმაციითა და განხილული პროდუქტებით, შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი გუნდისა და ზოგადად, კომპანიის შემოქმედებითობა გავაუმჯობესოთ და მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ”, – ამბობს ირაკლი ბაკურაძე, თიბისის ტექ.გუნდის წევრი.

“ცოდნა, რომელიც API პროდუქტების მასშტაბის შესახებ შევიძინე, ფასდაუდებელია – უფრო ნათელი გახდა, რა მასშტაბებს შეიძლება მისწვდეს API პროდუქტები, თუ რამხელა პოტენციალი აქვს და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ის ჩვენთვის სასარგებლოდ”, –   ამბობს ელენე ჩოთალაშვილი, ტექ. გუნდის წევრი.

სამიტზე, თიბისის ტექ. გუნდის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტექნოლოგიურ სფეროში წარმატებული ადამიანები გაეცნოთ და ახალი კონტაქტები შეეძინათ. საქართველოში დაბრუნებული გუნდი პარიზში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების თიბისიში იმპლემენტაციისთვის მზად არის.

თიბისის ხელშეწყობა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში მხოლოდ ორგანიზაციული სტრატეგია არ არის – ეს კომპანიაში ინოვაციების დანერგვის პასუხისმგებლობაა. თანამშრომლების უნარების განვითარებაზე ზრუნვით, თიბისი ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია ქვეყანაში.

(R)

ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ, დადიან აღმა-დაღმა – კახა კალაძე ოპოზიციაზე

ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ. დადიან აღმა-დაღმა, რას მიედებიან თვითონაც არ იციან – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – ხვალ ან ზეგ ყველა პარლამენტში შემოლაგდება,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ოპოზიციონერი ლიდერების და მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ აქციებს.

როგორც კალაძემ განმარტა, ამ აქციებს ფასი არ აქვს.

„მთელი სოცმედია მიაქვს

ხუმრობებს ამ აქციებთან დაკავშირებით, ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ. დადიან აღმა-დაღმა, რას მიედ-მოედებიან თვითონაც არ იციან. მცდელობაა, საკუთარ ამომრჩეველს ანახონ, რომ თითქოს იბრძვიან. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – ხვალ, ზეგ ყველა პარლამენტში შემოლაგდება!” – აღნიშნა კალაძემ.

ქართველი ფსევდოლიბერალების აზრით, ამერიკელი ხალხი ჩელიაბინსკში გაიღვიძებს! – მამუკა მდინარაძე

არჩევნებში არა თუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ომის დასრულების პირობებში ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი გვქონდა – ამ შემთხვევაში მითუმეტეს! – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს აშშ-მა გადატვირთვის ნაწილში, მდინარაძემ განაცხადა, რომ ჰელსინკის კომისიამ არ უნდა დაუწყოს ჩხუბი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუ რატომ ცნეს ლეგიტიმურად საქართველოს არჩევნები.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ტრამპის კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლის, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ნარატივზე.

„ქართველი ფსევდოლიბერალების აზრით ამერიკელი ხალხი ჩელიაბინსკში გაიღვიძებს! მათ რომ ჰკითხო, ამერიკელები დღეს ჩელისბინკში გაიღვიძებენ, რადგან არჩევნებში ტრამპი იმარჯვებს. ახლა წარმოიდგინეთ კამალა ჰარისმა რომ დაიწყოს, რომ ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ – დაახლოებით ამ დონის კამპანია აქვთ საქართველოში.

ტრამპის კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლის, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ნარატივზე. ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. აქ რომ ქილიკობდნენ: ეგ რა სალაპარაკოაო, აშშ-ს პრეზიდენტი ამ საკითხებზე ღიად საუბრობდა, თურმე ეს ქართული ნარატივი კი არ ყოფილა, არამედ მსოფლიოში არიან ლიდერები, მათ შორის აშშ-ში აწ უკვე არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ამ თემაზე ღიად ლაპარაკობდა და საქილიკო არაფერი ყოფილა.

თურმე ტრადიციებსა და ფასეულობებზე მხოლოდ 4 მილიონიან ქვეყანაში კი არ საუბრობენ, არამედ ამ ნარატივის გამო – რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, აშშ-ს მოსახლეობა მხარს უფრო მეტად იმ ლიდერს უჭერს, ვინც ამ კამპანიას მიყვება.

ამიტომაც არ უხარია ჩვენს ოპოზიციას არჩევნებში ტრამპის გამარჯვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან – მამუკა მდინარაძე 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება, 30 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებითაა ნაკარნახევი.

როგორც მან ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, ვლადიმერ ხუჭუა აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან.

„ასეთი ცნობილი ფრაზა არსებობს „თამაში გაყიდა“. ელისაშვილმა „თამაში გაყიდა“, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ. ჩემი საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ მე რომ მოსამართლე ვიყო, ნამდვილად შემრცხვებოდა იმის შემდეგ საუბარი, რაც პოლიტიკოსი, აქციაზე, ტრიბუნიდან, ერთი საათით ადრე, გადაწყვეტილებას ჩემ მაგივრად გამოაცხადებდა. მოსამართლე ხუჭუას ასეთი საუბარი ნიშნავს იმას, რომ მისი გადაწყვეტილება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებით არის ნაკარნახევი.

მას არავინ უკრძალავს პოლიტიკური გემოვნების ქონას, პირიქით, ამ ქვეყანაში როგორც არასდროს ისეა დაცული აზრის, გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სამოსამართლეო სტანდარტი მას ამის საშუალებას არ აძლევს, რომ ის წავიდეს, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს, აზრი გამოთქვას, ანგარიში აბაროს „ნაცმოძრაობის“ მედიასა თუ რომელიმე მედიას. ამიტომ ის აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან, მე როგორც იურისტი ვამბობ ამას და არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი. მისი ქცევა არ ჯდება არც მოსამართლის და არც იმ ეთიკურ ნორმებში, რა ეთიკური ნორმებიც მოსამართლეებს აქვთ დაწესებული და რა ეთიკაც მათ საკუთარი თვისთვის თავად აქვთ დაწესებული. ეს არის დაუწერელი და დაწერილი ნორმების ერთობლიობა, რომელსაც მოსამართლეები, როგორც წესი, არ ცდებიან ხოლმე. ჩვენ ვიცით სასამართლოშიც კი მოსამართლეები, რომლებიც აშკარად უჭერენ მხარს „ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის წარმომადგენლებს, მაგრამ ისინიც კი ცდილობენ, რომ რაღაც სტანდარტებს არ გასცდნენ. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებულ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როცა ეს ადამიანი „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ეთერში დაჯდა და პოლიტიკური განცხადებები აკეთა. ამ გადაწყვეტილების მოტივაცია უკვე ყველასთვის ნათელია, ის არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე, თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა – „იმპლანტ სტუდიო“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა. მისი ისტორია ხუთ წელს ითვლის.

კლინიკა „იმპლანტ სტუდიო“ 10 თანამშრომელს აერთიანებს და ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპია, იმპლანტაცია, ორთოდონტია, ორთოპედია, ქირურგია – ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომლებსაც კლინიკა პაციენტებს სთავაზობს. თუმცა, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მომსახურების ფართო სპექტრი ყველაფერი არ არის, რაც კლინიკას გამორჩეულს ხდის. აქ, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას იყენებენ, რომელიც პირველადი ციფრული კონსულტაციის და უშეცდომო დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.

კლინიკის გახსნას საფუძველი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა, მაშინ, როცა კლინიკის მეპატრონე, ვლადიმერ (ვიკო) ბაჯიაშვილი პროფესიას ირჩევდა.

წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, ვიკო საკუთარ პროფესიონალიზმში დაარწმუნა და საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება გადაწყვიტა. 2007 წელს, ბორჯომს დაუბრუნდა, პირადი სტომატოლოგიური კაბინეტი გახსნა და ადგილობრივი პაციენტების ნდობა და სიყვარული დაიმსახურა.  2019 წელს, გაფართოება და სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა გადაწყვიტა, რემონტისა და აპარატურის შეძენა კი თიბისის მხარდაჭერით შეძლო.

„თიბისის ბიზნესსესხით კლინიკა გავარემონტე და თანამედროვე აპარატურა შევიძინე. თიბისი ლიზინგის საშუალებით კი –  3D კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს და საქართველოში მხოლოდ რამდენიმე წამყვან კლინიკაშია ხელმისაწვდომი. პირველადი კონსულტაცია სრულიად გაციფრულებული გვაქვს. როდესაც პაციენტი კომპიუტერულ ტომოგრაფიას გადაიღებს, მონაცემები სპეციალურ პროგრამაში იტვირთება, რომელიც  3D სურათის ანალიზს  ახდენს და ქართულ ენაზე წერს პრობლემებს, რეკომენდაციებს, რომელი პროფილის ექიმმა რა უნდა გააკეთოს. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს, დროის უმოკლეს მონაკვეთში მივიღო უშეცდომო დიაგნოზი“,’– ამბობს ვიკო.

Diagnocat.com-ის პლატფორმით ვიკო რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, ქართულ ენაზე თარგმნა და საკუთარ კლინიკაში დანერგა. დღეს კი, ის ამ პლატფორმის წარმომადგენელია საქართველოში და დაინტერესებულ პირებს ეხმარება მის დანერგვაში.