Home Blog Page 315

USAID-მა ტრამპის იმპიჩმენტის კამპანია დააფინანსა. “დიფ სთეითი” ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ -კონგრესმენი ტომას მასი

აშშ-ის კონგრესმენი ტომას მასი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომლის შეთითხნილი ბრალდებები დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის მცდელობისას გამოიყენეს.

„USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა მტკიცებულებები, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის დროს გამოიყენეს. „დიფ სთეითი“ ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ, მაგრამ როცა ის გადასახადების გადამხდელთა ფულს ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ იყენებს, ეს ღალატი არ არის?“, – დაწერა მან.

ის თავის გვერდზე ამერიკელ ჟურნალისტთან და მწერალთან მაიკლ შელენბერგთან კონგრესში გამართული მოსმენის ფრაგმენტს აქვეყნებს. შელენბერგი ამბობს, რომ 2019 წელს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას წინ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი ანალიტიკოსის დასკვნა უძღოდა. გარდა ამისა, USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას სახელწოდებით OCCRP, რომლის დასკვნაც და აზრებიც გამოიყენეს ტრამპის წინააღმდეგ.

სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 მაისს, სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირებზე იძალადა და მათ მოკვლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 238 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება”-Bild

არც ევროპელმა ლიდერებმა და არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ იცოდნენ არაფერი წინასწარ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე ვლადიმერ პუტინთან, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ექსპერტის თვალსაზრისი დონალდ ტრამპის სტრატეგიაზე  უკრაინასთან მიმართებით: „ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება“. ექსპერტ კარლო მასალას აზრით, სიტუაცია ვითარდება „აპოკალიფსური სცენარის“ მიხედვით: ევროპელებთან და უკრაინელებთან არავინ დალაპარაკებას არ აპირებს – მათ, უბრალოდ, შედეგებთან შეგუება მოუწევთ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ინფორმაციამ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის თაობაზე მსოფლიოში ყურადღების დაძაბვა გამოიწვია:  დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შესაწყვეტად სამშვიდობო მოლაპარაკება უახლოეს ხანში დაიწყება.

შოკისმომგვრელი ფაქტი: არც ევროპელმა ლიდერებმა და არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ იცოდნენ არაფერი წინასწარ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე ვლადიმერ პუტინთან. მათ ინფორმაცია მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გაიგეს.

„ბილდის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე პაულ რონცჰაიმერი ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის სავარაუდო შედეგებზე პროფესორ კარლო მასალას – გერმანიის ფედერალური შეიარაღებული ძალების მინჰენის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორს ესაუბრება.

„ეს არის აპოკალიპტური სცენარი. მოლაპარაკება გაიმართება უკრაინელებისა და ევროპელების გარეშე. უკრაინის ბედს სხვები გადაწყვეტენ“, – ამბობს ექსპერტი. მისი პროგნოზი ასეთია: „ევროპელების ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნება. მათ მოუწევთ შედეგებს შეეგუონ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იგივე მოუწევს უკრაინასაც“.

როგორც კარლო მასალა თვლის, რუსეთის ლიდერს მიტაცებულ-ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება სურს. ვლადიმერ პუტინს ასევე უნდა აიცილოს დასავლეთის ეკონომიკური ზეწოლა და სანქციების გაუქმება, რათა იგი არავინ აიძულოს კომპრომისზე დათანხმდეს.

„პუტინი ამ კონფლიქტში მოგებულია“

კარლო მასალა კომენტარს უკეთებს დონალდ ტრამპის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებას, რომ ევროპას სამომავლოდ უკრაინის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მარტო მოუხდება: „ვლადიმერ პუტინი ამერიკელი მინისტრის ასეთ განცხადებას, ალბათ, ტაშით შეხვდა. ეს მისთვის ყველაზე საუკეთესო შედეგია. უკრაინაში რომც განლაგდნენ ევროპული სამშვიდობო ძალები, მოსკოვი ეს ხელს არ შეუშლის – რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთს შეუძლია ისევ თავს დაესხას უკრაინას“.

კარლო მასალას დასკვნით, „პუტინმა ამ კონფლიქტში მოიგო. მან მოახერხა და ამერიკელებს უკრაინა მიატოვებინა“.

„გერმანიას არავინ არაფერს ეკითხება“

მაგრამ თუ პუტინია გამარჯვებული, როგორ შეძლებს ტრამპი აშშ-ის პრესტიჟის შენარჩუნებას ისე, რომ მოლაპარაკების დროს წაგებულად არ გამოიყურებოდეს?

კარლო მასალა განმარტავს: „პიტ ჰეგსეთი ლაპარაკობდა უკრაინის 2014 წლის საზღვრებზე, ანუ დონბასზე და ყირიმზე. ტრამპი პუტინს ასე იოლად არაფერს მისცემს. შესაძლოა, რუსეთი უარს იტყვის სხვა დაკავებული ოლქების [დონბასისა და ყირიმის გარდა] ტერიტორიებზე და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ტრამპს შეუძლია ეს წარმატებად წარმოადგინოს“.

ექსპერტი ასევე კომენტარს უკეთებს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან საუბარზე არაფერი არ შეატყობინა გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს და არც თავდაცვის ფედერალურ მინისტრს ბორის პისტორიუსს: „ჩვენ ყურადღება არ მოგვაქციეს. ჩვენ არ გვქონდა ამ ომის სტრატეგია სამი წლის განმავლობაში და არც მერე არ გვექნება, როცა ეს ომი შეწყდება. რა თქმა უნდა, ეს მწარე სინამდვილეა. ეს არის ჩვენი დიდი შეცდომა“.

კარლო მასალა თვლის, რომ დონალდ ტრამპი თავის საკუთარ ხაზს ატარებს – იმისგან დამოუკიდებლა, კარგია თუ არა ეს უკრაინისათვის და ევროპული უსაფრთხოებისათვის“.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს უკრაინაში სტაბილურ მშვიდობა დაამყაროს და არა ისეთი, რომლის დროსაც ნახევარ წელიწადში ისევ საომარი მოქმედებები დაიწყება. უკრაინა ხელს მოაწერს ზავს, მაგრამ არავინ იცის, შეძლბს თუ არა ოდესმე თავისი ტერიტორიების დაბრუნებას. რაც შეეხება ნატოს წევრობას, დონალდ ტრამპმა უკვე თქვა, რომ ეს მიზანშეუწონელია“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

“ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 14 თებერვლის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება“ (ავტორები – ჰენრი ფოი, ქრისტოფერ მილერი და ფელიცია შვარცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპელი ოფიციალური პირები შეძრულნი არიან: დონალდ ტრამპმა ისინი აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესიდან „ამოაგდო“. ამავე დროს ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ სწორედ მათ ქვეყნებს დააწვებათ მხრებზე იმ ხარჯების უდიდესი ნაწილი, რომელიც უკრაინის ომისშემდგომ აღდგენას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაჭირდება.

როცა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებების შესაწყვეტად მოლაპარაკება დაუყოვნებლივ დაიწყებაო“, ამ ამბავმა ევროპულ დედაქალაქებზე განსაცვიფრებელი გავლენა მოახდინა. ევროპელი ლიდერების სამწუხაროდ, მათ ვერანაირად ვერ დაასაბუთეს თავიანთი მონაწილეობის აუცილებლობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.

როგორც „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუებში ევროპელმა მაღალჩინოსნებმა აღიარეს, ისინი აქედანვე გრძნობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპას იძულებულს გახდის უკრაინის დანგრეული ეკონომიკის აღდგენისა და იქ სამშვიდობო ქვედანაყოფების სავარაუდო განთავსების ფასი გადაიხადოს, ანუ ისეთი გადაწყვეტილებებისათვის, რომელშიც ევროპა მონაწილეობასაც კი ვერ მიიღებს.

„ამერიკელების აზრით, ევროპას არავითარი როლის შესრულება არ შეუძლია იმ მასშტაბურ გეოპოლიტიკურ საკითხებში, რომლებიც კონფლიქტს უკავშირდებიან. როგორც ჩანს, ეს ფაქტი ევროპული ერთიანობის გამოცდა იქნება“, – თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, – „დონალდ ტრამპი ჩვენი სახით მხოლოდ ფულს ხედავს. გულახდილად რომ ვთქვათ,ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, როგორი იქნება ჩვენი როლი და ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან იმ შემთხვევაშიც კი, ფულს თუ გადავიხდით“.

იმ დროს, როცა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინას ტერიტორიული დათმობებზე დათანხმება მოუწევსო, ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ – გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით – განაცხადეს, რომ „მზად არიან გააძლიერონ კიევისადმი მხარდაჭერა“ და ხაზი გაუსვეს, რომ „მხარს უჭერენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, „რუსეთის აგრესიის“ ფონზე.

ერთობლივ განცხადებაში, ევროპის კომისიის მონაწილეობით, ასევე ნათქვამია: „ჩვენ გვსურს განვიხილოთ მომდევნო ნაბიჯები ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად… ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა და ევროკავშირი აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებაში“.

ევროპელი ლიდერები და მინისტრები იმედოვნებენ რაღაცას მაინც გაიგებენ დონალდ ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით, როცა ისინი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსს და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელს, გადამდგარ გენერალს კიტ კელოგს შეხვდებიან.

ნატოს წარმომადგენლებს იმედი არ აქვთ, რომ კიტ კელოგი მათ ყველაფერს გაანდობს და ამერიკის მიზნებზე სრულად და დაუფარავად ისაუბრებს, მაგრამ იმავდროულად ელოდებიან, რომ გენერალი უახლოეს ხანში ევროპულ დედაქალაქებსაც ეწვევა და იქაურ ლიდერებს შეხვდება.

სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა კიტ კელოგი რუსეთთან მომლაპარაკებელი ჯგუფის სიაში არ შეიყვანა და ამით ევროპელებში ეჭვებისა და განხეთქილების შეგრძნება გააღრმავა.

როცა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკების დაწყება გამოაცხადა, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესპანეთის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები კაია კალასს – ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში – შეხვდნენ, შემხვედრი სტრატეგიის შესამუშავებლად.

„ამ გაურკვევლობისა და ცვლილებების პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპელებს წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ რა ხდება საერთოდ და მიმდინარე პროცესი გააცნობიერონ“, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ევროპის გარეშე ევროპულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკება შეუძლებელია, – ხაზი გაუსვა ესპანელმა პოლიტიკოსმა, – ჩვენ უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი იმ საკითხის განხილვა უკრაინის გარეშე, რომელიც უკრაინას ეხება“.

რუსეთთან მოლაპარაკებისათვის დონალდ ტრამპმა უკვე შექმნა ოფიციალური ჯგუფი, რომელშიც შედიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და სპეცწარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი, რომელიც მოსკოვთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის რუსული საპყრობილიდან გასათავისუფლებლად. მისი მცდელობა წარმატებით დასრულდა, რუსეთმა მარკ ფოგელი ციხიდან გამოუშვა.

კიევმა იმედგაცრუება გამოხატა ევროპელი ლიდერების უმოქმედობით. „აშკარაა, რომ ყველა ელოდება, თუ როდის მოვა დონალდ ტრამპი და განკარგულებებს გასცემს“, – თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ დაურეკა, მიუნხენში გასამგზავრებლად ემზადება. მას ადრეც არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მხოლოდ ევროპული გარანტიები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არასაკმარისია, აუცილებელია გარანტორებს შორის ამერიკაც იყოს.

ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, დონალდ ტრამპს არ სურს, რომ მისმა ქვეყანამ რაიმე როლის შესრულება იკისროს უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ ევროპული ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა თვითონ უშუალოდ ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა ბრიუსელში, „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე, უკრაინის სამომავლო დახმარების ლომის წილი – სამხედრო და არასამხედრო თვალსაზრისით – თავის თავზე ევროპამ უნდა აიღოს. მან ასევე გამორიცხა აშშ-ს ჯარების გადასროლა უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის ჩარჩოებში, ომის დასრულების შემდეგ. „უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია განმტკიცებული უნდა იყოს ევროპული და არაევროპული ჯარების მიერ, მაგრამ ამერიკის არმიის გარეშე“.

„სცენარი იმისა, თუ როდის იტყვის ამერიკა  – „ჩვენ ზავი დავდეთ, დანარჩენი კი თქვენი საქმეა. თუ რამე გასახვეტია, თქვენ უნდა გახვეტოთ“ – ასეთი დამოკიდებულება ჩვენ არ გვაწყობს“, – თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა ევროკავშირიდან, რომელიც შექმნილი სიტუაციის განხილვაში მონაწილეობდა. „არსებობს იმის ზღვარი, რის მიწოდებაც ევროკავშირს მარტო თვითონ შეუძლია – ფულის, იარაღის და გარკვეულ მომენტში, ალბათ, სახმელეთო ქვედანაყოფებისაც“, – დაამატა მან.

ევროკავშირის დიპლომატები სულ უფრო ძალიან ნერვიულობენ იმ სიძნელეების გამო, რომლებსაც მაღალჩინოსანი თანამდებობის პირები აწყდებიან, თვით ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩათვლითაც კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრების ორგანიზების საკითხში.

ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს არცთუ იშვიათად უწევთ ხოლმე ინფორმაციების მოპოვება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე მხოლოდ პირადი კონტაქტების მეშვეობით, რასაც შემდეგ პარტნიორებს უზიარებენ.

„ევროპულ ინსტიტუტებს ჯერ კიდევ არ ჰყავთ ისეთი ადამიანი, რომელსაც დონალდ ტრამპთან პირდაპირი კონტაქტები ექნება, მოლაპარაკების მიზნით“, – აღიარა საქმეში ჩახედულმა ერთ-ერთმა დასავლელმა ჩინოვნიკმა.

ჯეიმს დევიდ ვენსი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს სამშაბათს შეხვდნენ, მაგრამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის ხელმძღვანელთან უკრაინასთან დაკავშირებულ სამომავლო მოლაპარაკების ირგვლივ თითქმის სიტყვა არ დასცდენია, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ ამ მხრივ, დონალდ ტრამპის აზრით, კიტ კელოგი უფრო მნიშვნელოვან მოსაუბრედ ითვლება.

„აშშ-ის წინა ადმინისტრაციები ვაშინგტონ-ბრიუსელის დიალოგს, როგორც ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთიანობის გამოხატვის სიმბოლოს, მაღალ დონეზე აფასებდნენ“, – აღნიშნა ჯერემი შაპირომ, ევროსაბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების პროგრამების დირექტორმა, – „მაგრამ დონალდ ტრამპს და მის გუნდს ამ მხრივ დღემდე რაიმე ინტერესი არ გამოუჩენია. როლი, რომელიც ტრამპმა მოუმზადა ევროპელებს, არის ის, რომ ყველაფრის ფასი ევროპამ უნდა გადაიხადოს. ტრამპი გვეუბნება: „არავითარი დაფნის გვირგვინი არ გექნებათ, შეხვედრებზეც კი არ დაგიძახებთ… და საერთოდ, ხმა არ ამოიღოთ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

“10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი”- Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს

,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, – ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა.

,,საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რატომაც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა.

მისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და ამავდროულად ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით “, – წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 158 გვერდიან გამოცემაში, საქართველოს დედაქალაქს ჟურნალის დასაწყისში, 3 გვერდიანი სტატია ეთმობა და მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. სტატიაში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა 8 ათას წელს ითვლის.

easyJet თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევასა და მილანის მიმართულებით ჯამურად კვირაში 6 სიხშირით შეასრულებს.

სენაკში მომხდარი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 მაისს, სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირებზე იძალადა და მათ მოკვლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 238 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი “ქოლგა თბილისი ფოტო 2025” იმართება

თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო” წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.

ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება მასშტაბური, საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“.  ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

გაეცანით 2025 წლის ნომინაციებია:

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო ერთი კადრი /Single Image/
  • მობილური ფოტო

კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც.

ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს: ნაიჯელ დიკინსონი /დიდი ბრიტანეთი/, თინა შელჰორნი /გერმანია/, ვოლფგანგ ცურბორნი /გერმანია/, რიჩარდ ბრამი /აშშ/, დინა ოგანოვა /საქართველო/, ვინს ჩიანი /აშშ/.

საპრიზო ფონდი 6000 აშშ დოლარი, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 აშშ დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს – 500 აშშ დოლარი.

კონკურსში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია.

“ქოლგა თბილისი ფოტო” 2025 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2025 წლის 2 მაისს.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. თიბისისთვის კი ახალგაზრდა თაობის განათლება და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი ქოლგა თბილისი ფოტოს ერთგული მხარდამჭერია.

(R)

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 თებერვალს ქუთაისში +6 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და თოვლია ერთდროულად მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი იქნება ახალციხეშიც, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლს ელოდებიან, +4 იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.

ითოვებს გორშიც, სადაც დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 0, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

ევროკავშირი აუტანელი იყო, ისინი სათანადოდ არ გვექცეოდნენ -დონალდ ტრამპი

ჩვენ, ყველას გვიყვარს ევროპა, გვიყვარს ევროპის ქვეყნები, მაგრამ ევროკავშირი აბსოლუტურად სასტიკი იყო ვაჭრობასთან მიმართებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ევროკავშირი ძალიან აუტანელი იყო, ისინი სათანადოდ არ გვექცეოდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც აშშ-ის კომერციის მდივნობის კანდიდატს, ჰოვარდ ლუტნიკს და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის კანდიდატს, ჯეიმისონ გრირს დაავალა ქვეყნების მიხედვით აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების ანალიზი და კონკრეტული „გამოსწორების ზომების“ შეთავაზება იმ შემთხვევებში, სადაც, სავარაუდოდ, ამერიკული კომპანიების დისკრიმინაცია ხდება.

„მე გადავწყვიტე სამართლიანობის მიზნით, რომ დავაწესებ საპასუხო ტარიფს, რაც ნიშნავს იმას, რომ რასაც სხვა ქვეყნები აწესებენ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, იმავეს დავაწესებთ ჩვენც. თითქმის ყველა შემთხვევაში ისინი გვაკისრებენ გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენ ვაკისრებთ მათ, მაგრამ ამ დღეებმა ჩაიარა“, – განაცხადა ტრამპმა.

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მოულოდნელ სიტუაციებთან გამკლავება მოგიწევთ. სამსახურში გადაუდებელი საქმე გელით, რომელიც სწრაფ მოქმედებას მოითხოვს. ინტუიციას ნუ დაეყრდნობით – ახლა ლოგიკით და ფაქტებით უნდა იხელმძღვანელოთ. ფინანსური თვალსაზრისით, ეს დღე ხელსაყრელია დიდი შესყიდვების დაგეგმვის, მაგრამ არა განხორციელებისთვის.

რჩევა: მოთმინება გამოიჩინეთ და ნუ ეცდებით ყველაფერი აკონტროლოთ. ხანდახან წარმატების მისაღწევად საუკეთესო გზა მოდუნება და დინების მიყოლაა.

კურო

თუ ყურადღებას არ მოადუნებთ, ნაყოფიერი დღე გელით. სამუშაო ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებს და საქმიან ქაღალდებს უკავშირდება. შესაძლოა, საქმიანი წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ ყველა დეტალს არ შეისწავლით არ უნდა დათანხმდეთ. ფრთხილად იყავით ვალდებულებებთან, რომლებიც შეიძლება უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

რჩევა: ამ დღეს წარმატებისთვის საქმეში სიცხადე და ურთიერთობაში სითბო გჭირდებათ.

ტყუპები

ეს დღე ენერგიით არის სავსე, თუმცა მისი სწორად განაწილება უნდა შეძლოთ. შეიძლება მოულოდნელი გარემოებების გამო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. პროფესიულ სფეროში შესაფერისი დღეა ხელშეკრულების დადების, მოლაპარაკების დაწყებისა და ერთობლივი პროექტების განხილვისთვის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. თქვენთვის საინტერესო ადამიანმა შეიძლება, თქვენ მიმართ ინტერესი გამოავლინოს. თუ დაოჯახებული ხართ, ეცადეთ, ამ დღეს ცოტაოდენი რომანტიკა დაამატოთ.

რჩევა: გარემოებების მიხედვით იმოქმედეთ. დღეს იღბალი იმის მხარესაა, ვისაც ინიციატივის გამოჩენა არ ეშინია.

კირჩხიბი

ეს დღე შეიძლება თქვენთვის განსაკუთრებული გახდეს — საყვარელმა ადამიანმა ის სიტყვები გითხრათ, რომლებსაც დიდი ხანია ელით. გირჩევთ ფინანსური საქმეები მომავალი კვირისთვის გადადოთ – ამ დღეს შეიძლება შეცდომა დაუშვათ.

რჩევა: ზოგჯერ გარდამტეხი შემთხვევები მაშინ ხდება, როცა ყველაზე ნაკლებად ველით. მზად იყავით ცხოვრებისეული სიურპრიზებისთვის.

ლომი

ამ დღემ შეიძლება მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ და ადამიანები ყურადღებით მოგისმენენ. მზად ხართ ლიდერის როლი მოირგოთ, თუმცა, გარშემომყოფებზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოთ. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი საჩუქარი და აღიარება გელოდებათ. შეიძლება ვინმემ გაგიკეთოთ სიურპრიზი, რომელიც ემოციების ქარიშხალს გამოიწვევს.

რჩევა: დარჩით იმად, ვინც ხართ და თქვენს ცხოვრებაში იმ ადამიანებს და მოვლენებს მიიზიდავთ, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ.

ქალწული

ამ დღეს ყველაზე კარგად შედგენილი გეგმებიც კი შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. შესაძლოა მიიღოთ შეთავაზება, რომელზეც უარს ვერ იტყვით. კომფორტის ზონიდან გასვლის ნუ შეგეშინდებათ – ზოგჯერ საუკეთესო შედეგების მისაღებად ეს აუცილებელია. საყვარელი ადამიანი რაღაც ისეთს გააკეთებს, რაც გაიძულებთ, რომ მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და ფიქრის დრო ითხოვეთ.

რჩევა: გრძნობების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ თავი არ დაკარგოთ.

სასწორი

ეს დღე შესაძლოა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხში გადამწყვეტი გახდეს. დღეს დაშვებული შეცდომა შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ, ასე რომ, ნუ აჩქარდებით და ყოველი ნაბიჯი გადაამოწმეთ. საღამო პირად ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს. თუ დიდი ხანია გულახდილ საუბარს თავს არიდებთ, ახლა ამისთვის დრო უნდა გამონახოთ. მთავარია საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ და სხვისი როლის შესრულებას არ ეცადოთ.

რჩევა: გჯეროდეთ გულწრფელობის ძალის – ამ დღეს გულახდილობამ შეიძლება დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილება მოგიტანოთ.

მორიელი

ეს დღე მოულოდნელობებით არის სავსე. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ თავი შეგახსენოთ ან ახალმა ინფორმაციამ გაიძულოთ, საკუთარ ცხოვრებას ახალი თვალით შეხედოთ. მოვლენებს თუ არ დააჩქარებთ, სამსახურში დღე მშვიდად ჩაივლის. საღამო რომანტიკული შეხვედრისთვის იდეალურია, მაგრამ თუ ამის ხასიათზე არ ხართ, თავს ნუ აიძულებთ. ზოგჯერ განმარტოება საუკეთესო საჩუქარია.

რჩევა: ამ დღეს ინტუიცია უფრო გამოგადგებათ, ვიდრე ლოგიკა.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოულოდნელი შეხვედრა ან საუბარი გელით, რომელიც ახლობელი ადამიანის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას შეცვლის. თუ დიდი ხანია სიყვარულს ეძებთ, ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – ზოგჯერ ბედი მინიშნებებს გვიგზავნის, რომელსაც ვერ ვამჩნევთ. საღამოს ეცადეთ, საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.

რჩევა: მიჰყევით ცხოვრების დინებას და შეიძლება საოცნებო ადგილზე მიგიყვანოთ.

თხის რქა

ახლობელი ადამიანისგან მოულოდნელ შეთავაზებას მიიღებთ, რაც არჩევანის წინაშე დაგაყენებთ. სამსახურში ყველაფერი სტაბილურადაა, მაგრამ არ უნდა გადაიღალოთ – ამ დღეს ემოციური ბალანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიული ამბიციები. პირად ცხოვრებაში შეიძლება გაჩნდეს პრობლემა, რომლის მოგვარებას სამომავლოდ გადადებთ. თუ ურთიერთობაში რაღაც გაწუხებთ, ეცადეთ მშვიდად განიხილოთ.

რჩევა: ნუ შეგეშინდებათ გრძნობების გამოხატვის, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღოთ.

მერწყული

სავარაუდოდ, სამსახურში საინტერესო წინადადებას მიიღებთ. გახსოვდეთ, დაუჯერებლად კარგ და ძალიან მაცდურ წინადადებებსაც კი ეჭვით უნდა მოეკიდოთ და ყველა წვრილმანი გადაამოწმოთ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა სიყვარულში გამოგიტყდეთ ადამიანი, რომელსაც ვერასოდეს ამჩნევდით.

რჩევა: ზოგჯერ მცირე ცვლილებებს ყველაზე ძლიერი ემოციები მოაქვს.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს გულსა და გონებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ და ეს გადაწყვეტილება იმაზე რთული იქნება, ვიდრე ელოდით. პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება მაშინაც, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის. პირად ცხოვრებაში შეიძლება მოულოდნელად რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც ვიღაცის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას გაიძულებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს გადაწყვეტილებები ნაჩქარევად არ მიიღოთ.

რჩევა: ახლა საკუთარ თავთან გულწრფელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ვიღაცის მოლოდინი გაამართლოთ.

აშშ-ის სენატმა რობერტ კენედი ჯანდაცვის მდივნად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა რობერტ კენედი ჯანდაცვის მდივნად დაამტკიცა.

ამერიკული მედიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში რობერტ კენედის მხარი დაუჭირა 52-მა კანონმდებელმა, 48 კი წინააღმდეგი იყო.

მიტჩ მაკკონელი იყო ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც რობერტ კენედის მხარი არ დაუჭირა. დემოკრატები ერთსულოვანი იყვნენ კენედის წინააღმდეგ.

ამერიკული მედიის თანახმად, გარემოსდამცველი იურისტი, რომელსაც არ აქვს გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში ან მედიცინაში, ახლა გააკონტროლებს სააგენტოების ქსელს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვას მილიონობით ამერიკელისთვის, არეგულირებს კვების ინდუსტრიას და პასუხობს ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხეებს.

რობერტ კენედის კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარადგინა. კონგრესში მოსმენების დროს, რობერტ კენედიმ განაცხადა, რომ არ არის ვაქცინების წინააღმდეგი, მაგრამ უფრო მეტად არის უსაფრთხოების მხარდამჭერი.

ტრამპი და პუტინი შეეცდებიან, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 20 აპრილამდე ან 9 მაისამდე მიაღწიონ- Financial Times

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, შეეცდებიან, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 20 აპრილამდე ან 9 მაისამდე მიაღწიონ.

როგორც Ukrinform-ი წერს, ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს, როგორც მართლმადიდებლური, ასევე კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

კიდევ ერთი სავარაუდო თარიღი 9 მაისია, როდესაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს.

„პუტინს სურდა შეთანხმება ასეთ სიმბოლურ დღეს“, – აცხადებს უკრაინელი ოფიციალური პირი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 თებერვალს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მათ უკრაინაზე ისაუბრეს.

ტრამპი ასევე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და განიხილა პოტენციური სამშვიდობო ძალისხმევის, თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური თანამშრომლობის საკითხები.

სატელეფონო ზარების შემდეგ, ტრამპმა მხარეებთან გამართულ საუბრებს „ძალიან კარგი და პოზიტიური“ უწოდა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასრულდეს.