Home Blog Page 314

მოწოდება პირდაპირ, რომ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, არის დანაშაულებრივი – მამუკა მდინარაძე ხაზარაძეზე

მოწოდება პირდაპირ, რომ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, არის დანაშაულებრივი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„არ მინდა მითითებასავით გამომივიდეს, ასე ვინმემ შეაფასოს, ამის საშუალება მივცეთ, მაგრამ ჯარი არ დაემორჩილოს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, როგორც მინიმუმ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უნდა განიხილონ საგამოძიებო ორგანოებმა, ხომ არ არის აქ დანაშაულის ნიშნები.

მოწოდება პირდაპირ, რომ არ დაემორჩილო, არის დანაშაულებრივი მოწოდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

რუსეთის ლიდერს სურს ამერიკელ კოლეგას თანასწორად შეხვდეს და მსოფლიო გავლენის სფეროებად გადანაწილდეს -The Washington Post

აშშ-ის გაზეთში „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) დაბეჭდილია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ურთიერთობის ახალი ეტაპი: სასწორზე მსოფლიოს ბედია დადებული // რუსეთის ლიდერს სურს ამერიკელ კოლეგას თანასწორად შეხვდეს და მსოფლიო გავლენის სფეროებად გადანაწილდეს“ (ავტორები – რობინ დიქსონი, ქეთრინ ბელტონი და ფრანჩესკა ებელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მომავალ წელს ორი გეოპოლიტიკური ალფა-ლიდერი ერთმანეთს მეტოქეობას დაუწყებენ. რინგის ერთ მხარეს იქნება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ესწრაფვის და რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს მშვიდობისმყოფელის სახელს მოუტანს, ხოლო მეორე მხარეს – რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გავლენიანი, მანიპულაციების მოყვარული და მკვეთრი ანტიამერიკული ავტოკრატი, რომელსაც იმედი აქვს დონალდ ტრამპს დაარწმუნებს ახალი საერთაშორისო წესრიგის დამყარების აუცილებლობაში, მაგრამ წესებისა და ადამიანის უფლებების გარეშე.

ვლადიმერ პუტინს სურს ახალი მსხვილი გარიგება ევროპული უსაფრთხოების სფეროში, რომლის მიხედვით, უკრაინა კრემლის ხელში აღმოჩნდება, ნატოს დასუსტდება და რუსეთის როგორც მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოს სტატუსს განამტკიცებს. ამ საკითხზე ნებისმიერი მოლაპარაკების წინ მოსკოვი ყურადღებით უსმენს დონალდ ტრამპის განცხადებებს, ითვალისწინებს მის ამბიციებს და ეძებს ამერიკელი ლიდერის სუსტ და მოწყვლად ადგილებს, თუმცა იმავდროულად შიშობს იმის გამო, რომ დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადია.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სუსტი ადგილები, რუსი ანალიტიკოსების აზრით, არის მისი გეოპოლიტიკური მიამიტობა, ყურადღების დაბალი კონცენტრაცია და მიდრეკილება იმისაკენ, რომ უფრო მეტად საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოს, ვიდრე გონებას. „დონალდ ტრამპი ხშირად [გარკვეულ საერთაშორისო პრობლემების მიმართ] დუმილს არჩევს ხოლმე“, – ამბობს კონსტანტინე რემჩუკოვი, „ნეზავისიმაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, – ჩვენ ვნახეთ მისი წინასაარჩევნო კამპანია და დავრწმუნდით, რომ იგი გეოპოლიტიკურ საკითხებში მაინცდამაინც კარგად ვერ ერკვევა“.

ორ ლიდერს შორის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა გახდება უკრაინის კონფლიქტი, რომლის დასრულებას დონალდ ტრამპი 24 საათში აპირებს. მაგრამ თავის მხრივ ვლადიმერ პუტინი ხისტ პირობებს აყენებს (უკრაინის ნატოში არმიღების, მისი არმიის მნიშვნელოვანი შემცირებისა და ტერიტორიული დათმობების ჩათვლით), რომლებიც ძალიან რთულია შესასრულებლად, ანალიტიკოსები ვერ ხედავენ სამშვიდობო შეთანხმების დადების ვერანაირ იმედს – იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმერ პუტინის პოზიცია მაქსიმალისტურია, ხოლო დონალდ ტრამპი შიშობს, რომ მსოფლიო მას სუსტ ლიდერად შერაცხავს, თუ რუსეთს ბევრს დაუთმობს. „ტრამპს ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ლიდერს, სურს მოლაპარაკება ძალის პოზიციიდან აწარმოოს. მას არ უნდა, რომ მსოფლიოს წინაშე მშიშარად და პუტინის წინაშე მხოხავად გამოვიდეს“, – დარწმუნებულია ჯოშუა გუმინსკი, კონგრესმენების და პრეზიდენტობის შემსწავლელი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი.

ჯერ-ჯერობით დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სიგნალები არაფერს მიანიშნებენ, იწყება თუ არა მათ რაიმე დათბობა. გასულ თვეში პუტინმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ტრამპის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არისო – ალბათ, იგულისხმა, რომ შესაძლებელია იგი მოკლან: „სამწუხაროდ, აშშ-ის ისტორიაში უამრავი მსგავსი შემთხვევა არის მომხდარი“, – თქვა პუტინმა. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა სიხარული გამოხატა იმის გამო, რომ პუტინმა დაკარგა თავისი მოკავშირე, სირიის დიქტატორი ბაშარ ასადი და ამიტომაც იგი დასუსტებულია როგორც გეოპოლიტიკური, ისე საომარი მოქმედებებისა და ეკონომიკური პრობლემების გამო. „დროა, პუტინი სამშვიდობო მაგიდასთან დაჯდეს და ცეცხლის შეწყვეტა-დაზავებაზე მოილაპარაკოს“, – თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

მაგრამ ბევრ საკითხში მათი თვალსაზრისები და ხასიათები ერთმანეთს ეწყობა: ვლადიმერ პუტინი ვერ ითმენს დასავლურ ლიბერალიზმს და ვერ იტანს იმ უცხოელ ლიდერებს, რომლებიც მას ლექციებს უკითხავენ რუსეთის ხელისუფლების რეპრესიებზე და ისეთ საერთო-საკაცობრიო ღირებულებებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების დაცვა. დონალდ ტრამპში იგი თავის მსგავს შეუბრალებელ ცინიკოსს ხედავს. ეს გარემოება შეიძლება უპირატესობა გახდეს მისი მცდელობისათვის – გადააქციოს რუსეთი გლობალურ სახელმწიფოდ, ახალი მრავალპოლუსიანი წესრიგის პირობებში, ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, სადაც გლობალური გიგანტები მსოფლიოს ინაწილებენ და უფრო სუსტი ქვეყნების სუვერენიტეტით ვაჭრობენ.

„ვლადიმერ პუტინს სძულს ისეთი მიდგომა, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების დაცვას და გარკვეული წესების შესრულებას ითვალისწინებს. სწორედ ამიტომაც გაუარესდა ჩვენი ურთიერთობა [აშშ-სთან, განსაკუთრებით ჯო ბაიდენის მმართველობის დროს], – ვარაუდობს კონსტანტინე რემჩუკოვი, – დონალდ ტრამპი ამ თვალსაზრისით წარმოგვიდგება ისეთ ადამიანად, რომელსაც საქმე არ აქვს არც ფასეულობებისა და არც იდეოლოგიის მიმართ. იგი წინ არ სწევს არცერთ ამ საკითხს და არავის მწვავედ არ აკრიტიკებს. ტრამპი ამბობს: „ჩემთვის სულ ერთია, თუ რას აკეთებთ თქვენ საკუთარი ქვეყნის შიგნით“.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ტრიუმფალური განწყობა გამოავლინა და განაცხადა, რომ მისი თვალსაზრისით, ახალი წესრიგი თითქმის მიღწეულია: „ჩვენს თვალწინ ყალიბდება სრულიად ახალი მსოფლიო მოწყობა, რომელიც არ ჰგავს იმათ, რაც წარსულიდან გვახსოვს“, – ხაზი გაუსვა მან და დასძინა, რომ რადგანაც ძველი წესრიგი, რომელიც გარკვეული წესების შესრულებას მოითხოვს, უკვე მკვდარია, ამჟამად ბრძოლა მიდის ახლის ჩამოსაყალიბებლად – „საქმე ეხება პრინციპების შეჯახებას“. ნატო, მისი თქმით, უკვე ანაქრონიზმია, გაეროს წესდება  კი დროა შეიცვალოს – „ძალის ახალი ცენტრების გაჩენის გამო“. დასავლური ლიბერალიზმი, პუტინის მტკიცებით,  „თავისი არსით ტოტალიტარულია“.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი (იყო გაზეთ „კომერსანტის“ კორესპონდენტი, შემდეგ კი ტელეარხ „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი), მწერალი მიხეილ ზიგარი, რომელიც, უკრაინასთან ომის კრიტიკის გამო, რუსეთიდან გაძევებულია და გასამართლებული, თვლის, რომ ვლადიმერ პუტინმა უშუალოდ დონალდ ტრამპის გასაგონად თქვა, როცა ამბობდა, რომ ადრე თუ გვიან დასავლეთი გააცნობიერებს და მიხვდება „პრაგმატული, ჯანსაღი და ფხიზელი მიდგომების აუცილებლობას, რომელიც დაეფუძნება როგორც მომხდარი [და მიმდინარე] მოვლენების, ასევე საკუთარი შესაძლებლობების ხისტ და ზოგჯერ ცინიკურ, მაგრამ რაციონალურ შეფასებებს“. „მარტივად რომ ვთქვათ, პუტინის აზრით, ნებისმიერი დიქტატორი იმსახურებს თმენას მისი მოქმედების მიმართ და მიტევებას, ხოლო ყოველ რეჟიმს აქვს რეპრესიების განხორციელების უფლება“, – წერს მიხეილ ზიგარი ამას წინათ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში.

ვლადიმერ პუტინის აზრით, ომები გარდაუვალია. ამ დროს მუშაობს პრინციპი „ვინც ძლიერია, ის ყოველთვის მართალია“, რაც სრულიად ნორმალურია.  „ქვეყნებს უწევთ თავიანთი ინტერესების დაცვა შეიარაღებული გზით და მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა და ორი დღის შემდეგ უკრაინის ქარხანას „იუჟმაშს“ ახალი რაკეტით „ორეშნიკით“ დაარტყა. მას შემდეგ კრემლი იმუქრება, რომ იგივენაირად მოიქცევა და დაბომბავს პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებს.

დონალდ ტრამპმა უკრაინაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი წარადგინა, რომლის მტკიცებით, არჩეულმა პრეზიდენტმა თავისი მმართველობის პირველი ვადის დროს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შედეგად დაძაბულობა შეამცირა და პარალელურად „ამერიკის ინტერესებსაც მტკიცედ იცავდა“.

პუტინისა და ტრამპის მომავალი დაპირისპირებისათვის მზადების ფონზე რუსეთის ლიდერი დროში შეზღუდულია იმის გამო, რომ სანქციები ქვეყნის ეკონომიკას, საბოლოო ჯამში, მაინც დააზარალებს. მაგრამ მას იმედი აქვს და ფსონს იმაზე დებს, რომ უკრაინა რუსეთზე უარესად დაზარალდება და ომის სიმძიმეს ვერ გაუძლებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი კიევს იარაღის მიცემას შეუწყვეტს. „პუტინს გათვლილი აქვს, რომ ტრამპთან საქმეებს მოაგვარებს“, – ამბობს ინტერვიუში ტატიანა სტანოვაია, კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – „იგი იმედოვნებს დაარწმუნოს ტრამპი იმაში, რომ საომარი მოქმედებები კრემლის პირობების შესრულებით უნდა დამთავრდეს და თუ მისი ხრიკები არ იმუშავებს, მაშინ, უბრალოდ, ომს გააგრძელებს იმ იმედით, რომ უკრაინას მალე წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ ექნება“.

რუსი მეცნიერი, რომელსაც ურთიერთობები აქვს მაღალჩინოსან რუს დიპლომატებთან, ამბობს, რომ კრემლში კომპრომისული განწყობა არ არსებობს. ანდა რატომ იქნება, როცა რუსეთის არმია წინ მიიწევს და ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსი უახლოეს დროში ნამდვილად არ ემუქრება? „რუსეთი მზად არის მოლაპარაკება დაიწყოს, მაგრამ მხოლოდ ძალის პოზიციით და არა სისუსტით“, – თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა ანონიმურობის პრინციპის დაცვით, თემის დელიკატურობის გამო.

დონალდ ტრამპის ტრაბახი იმით, რომ იგი სამშვიდობო გარიგებას სწრაფად დადებს,  მის მოუთმენლობას მოწმობს. თავის მხრივ, მოსკოველი ჩინოვნიკებიც ჯიუტად აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ ომის პირველმიზეზები უნდა აღმოფხვრას. ისინი ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკება ხანგრძლივი იქნება, ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

ვლადიმერ პუტინის სურვილს მსხვილი გარიგების დადების მიზნით ახმოვანებს კრემლტან დაახლოებული მსხვილი კონსერვატიული ოლიგარქი კონსტანტინე მალოფეევი, რომელმაც „ფაინენშელ თაიმსისადმი“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინი არ მიიღებს ტრამპის არცერთ წინადადებას, თუ ისინი ერთდროულად არ ეხებიან უკრაინას, ევროპულ უსაფრთხოებას და მთელ დანარჩენ მსოფლიოს – ანუ კრემლს გლობალური გავლენის დემონსტრირება სურს. ოლიგარქის თქმით, მოსკოვს შეუძლია განაცხადოს, რომ მზადაა გამოავლინოს „მოქნილობა“ და კომპრომისი ტერიტორიულ საკითხში, მაგრამ სამაგიეროდ მოითხოვს დათმობებს ევროპული უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურაში.

თავისი არსით, ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების დროს დათანხმდებიან მსოფლიოს გაყოფაზე გავლენის სფეროებად – რუსეთს გარანტირებული ექნება გავლენა უკრაინაზე, საქართველოზე და რიგ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან. ამასთან, ცხადია, რომ ასეთი გარიგება შეზღუდავს ნატოს ალიანსს და ევროპულ უსაფრთხოებას დაემუქრება.  „იმედი მაქვს, რომ დონალდ ტრამპი ამ ხაფანგში არ აღმოჩნდება და მიხვდება, რომ ასეთი გარიგება უკრაინისთვისაც და ევროპისთვისაც მავნებელი  იქნება“, – თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა დიპლომატმა და რუსეთის ექსპერტმა, ანონიმურობის დაცვით, იმ ამერიკული კვლევითი ცენტრის წესების შესაბამისად, სადაც იგი მუშაობს. მისი თქმით, პუტინს ყოველთვის სურდა იმის მიღწევა, რომ „ამერიკა და რუსეთი მსოფლიოს თავს მოახვევენ სწორედ ასეთ მშვიდობას“.

ამასობაში კი დონალდ ტრამპის მომხრეებში პოპულარული ხდება თვალსაზრისი რუსეთ-ჩინეთის ალიანსში განხეთქილების დაწყების თაობაზე. ამას წინათ მემარჯვენე პოლიტიკურ მიმომხილველს თაკერ კარლსონს არჩეულმა პრეზიდენტმა ინტერვიუში განუცხადა, რომ მას  რუსეთისა და ჩინეთის ერთმანეთისაგან გათიშვა მოუწევს. „ეს თვალსაზრისი, როგორც ჩანს, პოპულარობით სარგებლობს დონალდ ტრამპის გარემოცვაში მათი ჩათვლით, ვისაც იგი ეროვნული უსაფრთხოების გუნდში იწვევს“, – წერს ალექსანდრე გაბუევი (გაზეთ „კომერსანტის“ ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად კი რუსეთიდან გაძევებული), კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის დირექტორი ბერლინში.

ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში განხეთქილების შეტანის მცდელობას „სოლით სოლის ამოგდების სტრატეგია“ უწოდა. რუსეთი დამოკიდებულია ჩინეთზე ვაჭრობაში, თანაც ორივემ – ვლადიმერ პუტინმაც და სი ძინპინმაც – კარგად იციან, რომ ოთხი წლის შემდეგ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტიდან სამუსამოდ წავა. ალექსანდრე გაბუევის თქმით, ტრამპის ნებისმიერი თამაში, რომელიც მიმართულია მოსკოვისა და პეკინის კავშირების დასასუსტებლად, წარუმატებელი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ორ ავტოკრატ ლიდერს შორის მტკიცე პირადი კავშირები არსებობს,  ორივე არ ენდობა ვაშინგტონს და ორივე იმედოვნებს, რომ მრავალპოლუსიან მსოფლიოში უფრო გაძლიერდებიან – აშშ-ის ხარჯზე“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს, ავიაციას, სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება – თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას – თეა ზაქარაძე

ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს – ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას – აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ბიზნესმა, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ პრემიერთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასე გაგრძელდა, იანვარ-თებერვალში ბიზნესზე აუცილებლად აისახება.

„ჩვენი ყველას პოზიცია ის არის, რომ რაც გასაკეთებელია სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, უნდა გადაიდგას ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს და თუ საჭირო იქნება, რომ კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგას – ესეც უნდა გადაიდგას.

მე ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ ჩვენ, აეროპორტს სტაბილურობა გვჭირდება ქვეყანაში. აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ბიზნესმა. ხომ იცით რომ დავაფიქსირებთ? ბიზნესზე ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება. ჩემს გარდა 80-100 კაცია, თუ მომეცა აზრის გამოხატვის საშუალება, აუცილებლად დავაფიქსირებ.

მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს – ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას.

თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, იანვარ-თებერვალში ბიზნესზე აუცილებლად აისახება“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

დამნაშავე ვარ მარტო იმაში, რომ ადამიანი მოვკალი – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა.

სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ კი მხოლოდ მკვლელობის ნაწილში, ხოლო იმ ნაწილში, რომ ის კესარია აბრამიძეს გენდერის თვალსაზრისით „სისტემატურადურად სცემდა“, ბრალდებას არ იზიარებს და შესაბამისად, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

აღნიშნული განმარტება ბრალდებულმა მაშინ გააკეთა, როდესაც მას მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ჰკითხა, ცნობს, თუ არა თავს დამნაშავედ.

„თავს დამნაშავედ ვცნობ, ოღონდ ნაწილობრივ, გენდერს არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი პოზიცია. სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი”, – განაცხადა ბექა ჯაიანმა.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ადგილზე თათბირით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებასთან დაკავშირებით და მისი ყველა მტკიცებულება სრულად დასაშვებად ცნო.

პროკურატურამ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. როგორც პროკურორმა განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა ემუქრება, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. მისივე თქმით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე სისტემატურად ძალადობდა და სახეზეა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული. პროკურორის თქმით, არ არსებობს არანაირი მოცემულობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების თაობაზე.

რაც შეეხება თავად ბრალდებულის ადვოკატების პოზიციას, მათ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ მოუთხოვიათ, განმარტეს მხოლოდ ის, სისხლის სამართლის დევნა უნდა შეწყდეს ბრალდებაზე, რომლის თანახმად, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე „გენდერის ნიშნით სისტემატურად ძალადობდა“.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია. როგორც მოსამართლემ განმარტა, არ არსებობს არცერთი გარემოება იმისა, რომ რაიმე ნაწილში სისხლის სამართლის დევნა შეწყდეს. მისი თქმით, რადგანაც ბრალდებულმა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა, საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცემა.

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გამოძიება მიმდინარეობს 126- მუხლით, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ბექა ჯაიანს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 როდესაც გყავს რუსული ხელისუფლება, ნებისმიერი სამხედროს ვალია, არ დაემორჩილოს მას, ჯარის მხრიდან ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი-ზურაბ ჯაფარიძე

ჯარი არ ნიშნავს, რომ მონურ მროჩილებაში უნდა იყვნენ ნებისმიერ რეჟიმთან, ჯარი არსებობს იმისთვის, რომ დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები, იმავე აზრზე ვარ, რაზეც მამუკა ხაზარაძე, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელმაც ქართულ ჯარს მიმართა, რომ „ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილონ და უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე“.

„არა მარტო 29 დეკემბრის შემდეგ, არამედ 29 დეკემბერსაც ინაუგურაციაზე, ტრადიციულად ასე ხდება ხოლმე, ფიცის დადება და ჯარის გამოყვანა. კი, ჯარი არ ნიშნავს, რომ მონურ მროჩილებაში უნდა იყვნენ ნებისმიერ რეჟიმთან. ჯარი არსებობს იმისთვის, რომ დაიცვან ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები. როდესაც გყავს რუსული ხელისუფლება, კი, ნებისმიერი სამხედროს ვალია, რომ პირველ რიგში, არ დაემორჩილოს მას. იმავე აზრზე ვარ, რაზეც მამუკა, ამ შემთხვევაში“,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

კითხვაზე, ჯარის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვითარება უფრო ხომ არ გამწვავდება, ჯაფარიძის თქმით, „მარტივი რეალობა არ არის და დაუმორჩილებლობა ჯარის მხრიდან იქნებოდა სწორი ნაბიჯი“.

„სადმე წერია მამუკას განცხადებაში, რომ ტანკები გამოიყვანეთო? დაუმორჩილებლობა არის დაუმორჩილებლობა. მარტივი პროცესი არ არის და არც ჩვენ ვართ მარტივ რეალობაში. რუსები გვაზიან თავზე, ამიტომ არ არის მარტივი რეალობა და დაუმორჩილებლობა ჯარის მხრიდან იქნებოდა სწორი ნაბიჯი. კი, ვეთანხმები მამუკას, ცალსახად“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯერ კიდევ ერთპარასკევ დარჩენილმა სალომე ზურაბიშვილმა კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, ვინც კანონს დაარღვევს, აგებს პასუხს -არჩილ გორდულაძე

ჯერ კიდევ ერთპარასკევ დარჩენილმა სალომე ზურაბიშვილმა კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, ვინც კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე აგებს პასუხს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„თუ ვინმე მოიპარავს, პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს და ქურდობისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება. იგივეა სხეულის განზრახ დაზიანებაზე, ადამიანის მკვლელობაზე და ა.შ. კანონი კარგად წაიკითხონ, რომელსაც „სისხლის სამართლის კოდექსი“ ჰქვია – ე, მანდ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისილწინებული მუხლები არ შემოერღვეთ. აქსიომაა – თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, მას პასუხისმგებლობა მოჰყვება. ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და არავითარი ინდულგენცია არ არსებობს. არავის დაავიწყდეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, როცა პრეზიდენტებს, პრემიერებს დანაშაული აქვთ ჩადენილი, დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა. საფრანგეთის პრეზიდენტი არ დაგვავიწყდეს, რომელსაც მისჯილი აქვს კონკრეტული ქმედებისა და დანაშაულის ჩადენის გამო. ჯერ კიდევ ერთპარასკევ დარჩენილმა სალომე ზურაბიშვილმა კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს“,- განაცხადა გორდულაძემ.

“შვიდეული “ქართული ოცნების” წინააღმდეგ: თბილისში მოსახლეობა მხარს უჭერს პროევროპულ პოლიტიკას, მაგრამ რა ხდება რეგიონებში?”- უცხოური პრესა

გერმანიის გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Die Tageszeitung – taz) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „შვიდეული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ: თბილისში მოსახლეობა მხარს უჭერს პროევროპულ პოლიტიკას, მაგრამ რა ხდება რეგიონებში?“ (ავტორი – ქრისტინა მერაბიანი).

მასალაში განხილულია საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მხარეში არსებული მდგომარეობა, თბილისი მიმდინარე პროევროპული და იმავდროულად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

საქართველოს დედაქალაქ თბილისში მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო აქციების მონაწილეები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ – მმართველი პრორუსული პარტია „ქართული ოცნებიდან“ – ევროკავშირში მიღებისათვის მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა. თბილისი გასაგებია, მაგრამ რა ხდება საქართველოს პატარა ქალაქებსა და სოფლებში, საიდანაც დედაქალაქამდე შორი გზაა, და სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს?

ახალქალაქი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. აქ, ამ პატარა ქალაქის ცენტრში შვიდი დემონსტრანტი შეიკრიბა და აქცია ჩაატარეს. „ჩვენ როგორღაც მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც თბილისში მიმდინარე აქციებში ზეწოლა განიცადეს და პოლიციის ძალადობა საკუთარ თავზე გამოცადეს“, – ამბობს რიმა ღარიბიანი, ახალქალაქში არსებული სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის მთავარი რედაქტორი. რიმას მხარი დაუჭირა კიდევ ექვსმა კოლეგამ, რომლებსაც ლოზუნგები უჭირავთ ხელში წარწერებით: „ჟურნალისტები პოლიციელთა სამიზნე არ უნდა იყვნენ“ და „პრესის თავისუფლება ძალადობის გარეშე“.

ახალქალაქელ ჟურნალისტებს ადგილობრივი ბიზნეს-ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვიც შეუერთდა: „მე ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება“, – ამბობს იგი, – „სოლიდარობას ვუცხადებ პოლიციის მიერ ნაცემ ჟურნალისტებს და ქართველ ხალხს“. მახარე მაცუკატოვი შეშფოთებულია ევროპული ბაზრის შესაძლო დაკარგვით: „ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ვისწრაფოდით ევროპული ინტეგრაციისაკენ, ახლა კი 1990-იან წლებში ვბრუნდებით. როგორც ჩანს, უკუსვლა დღეს თუ არა, ხვალ მაინც შესამჩნევი გახდება“.

გამვლელები გაკვირვებით უყურებდნენ მცირერიცხოვან საპროტესტო აქციას და თავიანთი ყოველდღიურ საქმიანობას აგრძელებდნენ. ამასობაში კი „მეამბოხე ჟურნალისტები“ სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს – ფოტოსურათები გადაუღეს. ახალქალაქში, სადაც მხოლოდ 7 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ყველა ერთმანეთს იცნობს, მომიტინგე პირების ამოცნობა ძალზე იოლია.

შემთხვევითი არაა, რომ ჟურნალისტების აქციას არცერთი ახალქალაქელი არ შეუერთდა. ოფიციალური შედეგების თანახმად, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქში ხმების თითქმის 90% მიიღო. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობისათვის ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება უტოპიას წარმოადგენს, მათ უფრო რუსეთთან დაახლოება სურთ. აქაური მოსახლეობის „პრორუსულობას“ თავისი ისტორია აქვს: საბჭოთა პერიოდში ბევრი ახალქალაქელი რუსეთში დადიოდა სეზონური სამუშაოების შესასრულებლად, ხოლო „მშიერ“ 1990-იან წლებში – ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით.

დღეს ახალქალაქში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ოჯახების ნახევარზე მეტიდან ერთი ადამიანი მაინც მუშაობს საზღვარგარეთ, უმეტესად კი რუსეთში – 96%. შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი სომხურენოვანი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და ეკონომიკა რუსეთიდან გადმორიცხულ-ჩამოტანილ ფულთანაა დაკავშირებული.

ენობრივი პრობლემა

რეგიონის მოსახლეობის პასიურობა მხოლოდ „პრორუსული“ ეკონომიკური ფაქტორით არ აიხსნება. როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბადრიძე ამბობს, ეთნიკური უმცირესობების განსახლების რაიონებში არსებობს აგრეთვე პოლიტიკური პასიურობის ტრადიციებიც – ბევრ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა არასრულად არის ინტეგრირებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. „დასანანია, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და სომხები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობენ“, – აღნიშნავს გიორგი ბადრიძე. ისინი პატივისცემით და თავაზიანად ეკიდებიან პოლიტიკურ მოვლენებს, მაგრამ მასში მონაწილეობას თავს არიდებენ.

 და თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ სამცხე-ჯავახეთში ინფორმაციის ძირითად წყაროდ სომხური და რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ითვლებიან, მაშინ სიტუაცია გასაგები გახდება: „მასმედია საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს რეგიონის მცხოვრებლებზე, რომლებთაგანაც უმრავლესობას ქართულად ლაპარაკი არ შეუძლია“, – ამბობს გიორგი ბადრიძე.

დამკვირვებელთა აზრით, ქართული ენის არცოდნა, ძლიერი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ტრადიციები ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომლის პირობებში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები სარისკო და უშედეგო ხდება.

თუმცა ახალქალაქელი ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში სწავლობენ, მხარს უჭერენ აქციის მონაწილეებს  და თვითონაც მონაწილეობენ დემონსტრაციებში. ამასთან, ისინი თავიანთ მოქმედებას სახლში მაინცდამაინც არ აპიარებენ და რეკლამას არ უკეთებენ, რათა მათი ნაბიჯი ნეგატიურად არ იქნეს შეფასებული. მათ ეშინიათ – ვაითუ მმართველმა პარტიამ და სპეცსამსახურებმა მათი ოჯახის წევრებს საფრთხე და პრობლემები შეუქმნან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

მზად ვართ, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით არჩევნების დღესა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით-გიორგი ვაშაძე 

ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი. არ არსებობს არც ერთი კომპონენტი, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ამიტომ, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ვუერთდებით, –  ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს.

„ჩვენ მზად ვართ, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით არჩევნების დღესა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს. პროტესტი, რომელიც უპრეცედენტოა. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ არის, რომ ამ არჩევნებს საერთაშორისო მასშტაბით, არათუ ჩვენ, არავინ თვლის ლეგიტიმურად. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ის არის თვითმარქვია ხელისუფლება და იმისთვის, რომ საქართველო კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნდეს, საჭირო და აუცილებელია, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ასევე, უნდა გათავისუფლეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შეწყდეს ყველა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თვითმარქვია რეჟიმმა სრულიად უკანონოდ წამოიწყო პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები ვაგრძელებთ სამუშაო ფორმატში მუშაობას. მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ერთადერთ საკითხზე დისკუსიაში – როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და რა წესებსა და პირობებში. სრულად ვიზიარებთ ზურაბიშვილის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ვადის ათვლა დაწყებულია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ კვირაში საბოლოო პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე 22 დეკემბერს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვარ, დავსხდეთ, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე“.

ნიკა გვარამია გზის გადაკეტვის გამო, 5000 ლარით დააჯარიმეს

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნულის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5000 ლარი ჯარიმა მომისაჯა“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა, სადაც გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდნენ. პროცესს თავად გვარამია არ ესწრებოდა.

ოვალურ კაბინეტში შესვლიდან პირველივე დღეს დავიწყებთ აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის უმსხვილეს ოპერაციას -დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მოსვლის პირველივე დღიდან ამ დრომდე არნახული მასშტაბის დეპორტაციის შესახებ აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებთან პირველ შეხვედრაზე განაცხადა.

„ოვალურ კაბინეტში პირველივე დღეს, ხელს მოვაწერ რიგ ისტორიულ განკარგულებებს, რათა დავხურო ჩვენი საზღვარი არალეგალი მიგრანტებისთვის და შევაჩერო ჩვენს ქვეყანაში ეს შემოჭრა. ამავე დღეს ჩვენ დავიწყებთ, ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უმსხვილეს ოპერაციას, ვიდრე ეს დუაიტ ეიზენჰაუერის დროს იყო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს გარედან მკაცრი დავალება აქვს, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და ცდილობს, პროცესები აქეთკენ წაიყვანოს, მას არაფერი გამოუვა -ეკა სეფაშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების 29 დეკემბრამდე ჩანიშვნაზე, მაფიქრებინებს, რომ ის ცხოვრობს პარალელურ სამყაროში, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები, კონსტიტუცია არ არსებობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

სეფაშვილის თქმით, არ ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის განცხადებას ვინმე სერიოზულად მიიღებს.

„როგორც ჩანს, მას გარედან მკაცრი დავალება აქვს მიღებული, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და ცდილობს, პროცესები აქეთკენ წაიყვანოს. მას არაფერი გამოუვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, არ ემორჩილება კანონს და ურჩევნია, უცხო აქტორების დავალებები შეასრულოს საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე 22 დეკემბერს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვარ, დავსხდეთ, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე“.

ნიუ იორკის მეტროში მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა მგზავრს, რომელიც ადგილზე დაიღუპა

ნიუ იორკის მეტროში უცნობმა მამაკაცმა ერთ-ერთ მგზავრს ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

„სიენენის“ ცნობით, შემთხვევა დილით, ადგილობრივი დროით 07:30 საათისთვის მოხდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი მალევე სხვა მეტროსადგურში, სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის საშუალებით დააკავა. მოსწავლეებმა თავდამსხმელი ამოიცნეს.

ეჭვმიტანილი გვატემალელია. ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობი რჩება.