Home Blog Page 313

მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა, ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის-ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნაბიჯებს „ელექტროშოკს“ უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს დაიცვას როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი.

“ეს არის ელექტროშოკი, გვჭირდება ასიმეტრიული დარტყმები, გვჭირდება გარე დარტყმები. ევროპელებისთვის ეს ეგზოგენური შოკია. ამან უნდა მოიტანოს სიცხადე ევროპაში მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ მათ შეეძლოთ ცხოვრება სტრატეგიული დამოკიდებულების მდგომარეობაში”, – განაცხადა მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მოლაპარაკება მისი ქვეყნის სახელით და რომ „მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა“ ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის.

„ამ ეტაპზე ერთადერთი საკითხია, არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი ჭეშმარიტად, მდგრადად და სარწმუნოდ მზად, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ამის შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინელების გადასაწყვეტია“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ „ყველამ სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს“.

დროა, რეჟიმს ვაჩვენოთ ჩვენი, ხალხის ძალა, ერთიანობა, ერთსულოვნება -გიორგი ვაშაძე

დროა, ჩვენი, ხალხის ძალა ვაჩვენოთ რეჟიმს, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა, ერთსულოვნება, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ახალ ეტაპზე გადასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ხვალ. 18:00 საათზე ევროპის მოედნიდან გაიმართება საპროტესტო მარში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით ამ მარშს სახელწოდებით – არა რუსულ დიქტატურას. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება. რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევიკრიბებით და გამოვხატავთ ჩვენს სურვილს, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, წავიდეთ ევროპისკენ, ახალი არჩევნები დაინიშნოს, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ყველას მოგიწოდებთ, ხვალ, 18:00 საათზე მობრძანდეთ ევროპის მოედანზე, შევუერთდეთ ამ მნიშვნელოვან აქციას, რომელიც გადამწყვეტია შემდგომი პერიოდისთვის. ფართომასშტაბიანი აქციები შემდგომშიც არის დაგეგმილი. ახლა იმის დროა, როდესაც ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, უნდა ვაჩვენოთ ხალხის ძალა, ერთიანობა, ერთსულოვნება, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი. ვაჩვენოთ ის, რომ მათი დეზინფორმაცია, ცრუ პროპაგანდა ჩვენზე არ მუშაობს, ჩვენ ვართ ერთიანები და ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

გამოცხადდა 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი – „ლეონარდო და ვინჩი”

📢გამოცხადდა 2025 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი – „ლეონარდო და ვინჩი”

📢კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

📢დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ  გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე:👇

https://shorturl.at/HQQ7B

“ეს ბატონი – ე.წ. ელჩი დარჩება იმის მაგალითად, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური წარმომადგენელი” – რატი იონათამიშვილი გერმანიის ელჩზე

მმართველი გუნდი გერმანიის ელჩის განცხადებას მანიპულაციურს უწოდებს. პიტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის 1 800 000 000-იან დახმარებას ამზადებს, რომელიც 2027 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებას მოხმარდება. “საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ “დიფ სთეითმა”, შესაძლოა, ევროკავშირი “გაანადგუროს”. როგორც ევროკავშირის მოქალაქე, მე ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ”, – წერს ფიშერი.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მოლდოვა თანხას არა დახმარების სახით, არამედ სესხად იღებს, რის შესახებაც ელჩი არაფერს ამბობს.

“ეს ბატონი – ე.წ. ელჩი დარჩება იმის მაგალითად, თუ როგორი არ უნდა იყოს დიპლომატიური წარმომადგენელი. ძალიან უხერხულია, რომ საქართველოში გერმანიას წარმოადგენს ისეთი ადამიანი, რომელიც დიპლომატიის ასეთ დაბალ “სტანდარტს” დებს. ფაქტობრივად, “ფეიკ” ნიუსების გავრცელებით არის დაკავებული. უნდა, დახმარებად წარმოაჩინოს ის, რაც რისი 90% არის ვალი. თუ ფიქრობს, რომ ეს ვინმემ არ იცის, ძალიან დაბალი წარმოდგენა ჰქონია საქართველოზე”, – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

უკანასკნელი პერიოდის სკანდალები, რომლებიც USAID-ის მიერ მსოფლიოში ლიბერალური მედიის დაფინანსებას უკავშირდება, წარმოაჩენს, რომ სინამდვილეში, ეს ქსელი პროპაგანდას ავრცელებს-შალვა პაპუაშვილი

უკანასკნელი პერიოდის სკანდალები, რომლებიც USAID-ის მიერ მთელ მსოფლიოში ლიბერალური მედიის დაფინანსებას უკავშირდება, წარმოაჩენს, რომ სინამდვილეში, ეს საერთაშორისო ქსელი პროპაგანდას ავრცელებს და არსებითად, უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ უცხოური მედიაგრანტები წარმოადგენდა ინვესტიციას პროპაგანდისტულ ქსელში.

„გავიგეთ, რომ ასობით მედიაკომპანია, არასამთავრობო ორგანიზაცია და ათასობით ჟურნალისტი პირდაპირ ფინანსდებოდნენ აღნიშნული მთავრობების მიერ შექმნილი საერთაშორისო პროპაგანდისტული ქსელის მიერ, რომელიც შეიქმნა და გამოიყენებოდა სასურველი ნარატივის გასაძლიერებლად და ალტერნატიული მოსაზრებების ჩასახშობად.

ათობით ქართული მედია, ფაქტობრივად, აქტივისტ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლებიც სოციალურ მედიას გარკვეული პოლიტიკური ხაზის ადვოკატირებისთვის იყენებენ და არა ფაქტების გაშუქებისთვის. აგიტაციის გზით, მაგრამ, ასევე, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელებით, ეს მედიაკომპანიები აძლიერებენ უცხოური პროპაგანდისტული ქსელის ნარატივს. ისინი იქმნება და ფინანსდება მხოლოდ ამ მიზნით, თუმცა, შენიღბული არიან, როგორც „დამოუკიდებელი“ და „კერძო“ მედია. აღსანიშნავია, რომ USAID-ისა და მის მიერ პროპაგანდის დაფინანსებასთან დაკავშირებული ბოლო დღეების სკანდალი დონორების მიერ მართულ მედიაში მინიმალურად ან საერთოდ არ გაშუქებულა.

აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ უცხოური მედიაგრანტები წარმოადგენდა ინვესტიციას პროპაგანდისტულ ქსელში, რომელიც აშუქებს ისტორიის მხოლოდ ერთ მხარეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკის შიგნითაც“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ამ მავნე მედია პრაქტიკამ უკანასკნელ დღეებში იჩინა თავი მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო.

„რეზოლუცია მოითხოვს ქართული მედიის მფლობელებისთვის სანქციების დაწესებას. თუმცა, ამავდროულად, ევროპარლამენტარები, რომლებმაც ეს რეზოლუცია დააინიცირეს (მაკალისტერი, გალერი, გეტა, ზოვკო), ამავე დროს, ევროპის დემოკრატიული ფონდის (EED) მმართველთა საბჭოს წევრები არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ევროპარლამენტარები იმ მედიაკომპანიების გაუქმებას ცდილობენ, რომელიც მათ შეხედულებებსა და პოლიტიკას არ იზიარებს, ხოლო, ამავე დროს, EED-ის მეშვეობით, (რომელსაც NED-ის ევროპულ ფილიალსაც უწოდებენ ხოლმე), საკუთარ პროპაგანდისტულ მედიას აფინანსებენ. აღნიშნული კი, კიდევ ერთხელ, ზუსტად ემთხვევა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო პროპაგანდისტული ქსელის აღწერილ მაგალითს, რომელიც ახლა, ევროპარლამენტისა და EED-ის მეშვეობით, აქტიურად არის გავრცელებული ევროპაშიც.

საქართველოში გერმანიის ელჩის გუშინდელი პოსტი პლატფორმა X-ზე პროპაგანდის ამ საინტერესო პრაქტიკის კარგი მაგალითია. მისი თქმით, ევროკავშირი მოლდოვისთვის 1,8 მილიარდ ევროს „ამზადებს“, რითაც იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველო აღნიშნული შესაძლებლობის მიღმა რჩება. უცხოური მთავრობის (ე.ი. EED) მიერ დაფინანსებულმა მედიამ, „დეტალების“ გადამოწმების გარეშე, ფართოდ გაავრცელა ეს სიახლე. ერთ-ერთი „დეტალის“ მიხედვით, „მომზადებული“ 1,8 მილიარდი ევროდან, დაახლოებით 1,5 მილიარდი ევრო არც თუ ისე ხელსაყრელი კრედიტია, რომელიც მოლდოვამ ევროკავშირს პროცენტებით უნდა დაუბრუნოს. ამის შემდეგ, აღნიშნული ახალი ამბავი საქართველოს რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა, რათა ის გაბუქებულ სკანდალად ექცია, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობამ, თითქოს, ევროკავშირის ნაჩუქარი ფული „დაკარგა“.

დემოკრატიაზე ზრუნვა სიმართლის თქმით უნდა დაიწყოს და მისი მამოძრავებელი ძალა ჭეშმარიტად თავისუფალი მედიაა.

პროპაგანდა, თუნდაც ის, რომელიც სხვადასხვა არხითაა წარმოდგენილი, ვერ გაამდიდრებს დემოკრატიას. გასაოცარია იმის დანახვა, თუ რად იქცა ჟურნალისტიკა ამ ბოლო პერიოდში. უცხოური დაფინანსების მქონე მედიის აქტივისტები მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მოითხოვენ მთავრობის გადაყენებას ან შეცვლას, ან, სულაც, მთავრობის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას. ამავდროულად, პროტესტის დროს, ისინი აგრძელებენ გაშუქებას.

აქტივისტური ჟურნალისტიკა უბრალოდ ოქსიმორონია. ამით, საბოლოოდ ზარალდება მოქალაქე, რომელსაც წართმეული აქვს ამბის ობიექტური მიღების უფლება და, სანაცვლოდ, დივერსიფიცირებულ პროპაგანდას ისმენს. საბოლოო ჯამში, ეს ძირს უთხრის დემოკრატიულ პლურალიზმს და იქცევა სენად, რომელიც უკვე იგრძნობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – წერს პაპუაშვილი.

ტყუილებით სავსე რეზოლუციით, ევროპარლამენტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს-ლევან მახაშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუცია დეზინფორმაციას, არაერთ ტყუილს შეიცავს. ტყუილებით სავსე რეზოლუციების მიღებით ევროპარლამენტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  „ქართული ოცნებისთვის“ ფასი ვერ ექნება ისეთ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანს ჩალის ფასი აქვს.

„ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია – ცარიელი ქაღალდი, ცარიელი სიტყვებია, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს. ფასი და სამართლებრივი ძალა არ აქვს თავად ევროკავშირისთვის, რადგან შესასრულებლად სავალდებულო არ არის. ლოგიკურია, ჩვენთვის ფასი ვერ ექნება ისეთ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის არჩევანს ჩალის ფასი აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დოკუმენტს სერიოზულად არ აღვიქვამთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, დოკუმენტი შეიცვას დეზინფორმაციას, არაერთ ტყუილს.

„საქართველოს ხელისუფლებასა და, ზოგადად, საქართველოზე არის უსამართლო შეტევა. თავად ევროკავშირისა და ევროპის ინსტიტუტებმა არაერთხელ ამხილეს ტყუილში ევროპარლამენტის რეზოლუციები. ტყუილებით სავსე რეზოლუციების მიღებით ევროპარლამენტი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს. ამ დოკუმენტს ჩვენთვის ფასი არა აქვს. რეზოლუციაში არაერთი სახელი ვნახეთ, ეს არის იერიში ადამიანებზე, რომლებიც ემსახურებიან სიმართლეს და მათზე იერიშის მიტანას ამიტომ ცდილობენ. გაილაშქრეს კონკრეტულ მედიაორგანიზაციებზე, რომლებიც მათ იდეოლოგიას არ ემსახურებიან და პირიქით, სიცრუესა და დეზინფორმაციაში ამხელენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქცია იმის დადასტურებაა, თუ როგორ უხარიათ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევა და შტურმი.

„მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, დიდი ხანია, პარტიულ-პოლიტიკურ საქმიანობას გასცდა და არის პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევის ანატომია. ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს – ვიზალიბერალიზაციას თუ ნებისმიერ სხვა მიღწევას როდესაც უტევ, საკუთარი სახელმწიფოს და მოსახლეობის წინააღმდეგ იბრძვი“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ევროკავშირს თავად აქვს პრობლემები და იცლის, რომ საქართველოში მოვლენები არასწორად შეაფასოს, ვიდრე დიდი ფულია გადახდილი, მანამდე რეზოლუციებს გამოაცხობინებენ-გურამ მაჭარაშვილი

ევროკავშირს თავად აქვს პრობლემები და იცლის, რომ საქართველოში მოვლენები არასწორად შეაფასოს. ვიდრე დიდი ფულია გადახდილი, მანამდე რეზოლუციებს გამოაცხობინებენ, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციებს დიდი ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ, რადგან თავად ევროკავშირის ბიუროკრატიას აქვს პრობლემები, მათ შორის ამერიკასთან. როცა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია უსამართლოდ ექცევა ამერიკას და მას აკრიტიკებს, ამ ფონზე ჩვენ რა უნდა ვთქვათ? ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რეცესიაა, შოლცი წამსვლელია და მას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი არ შეხვდება. ევროკავშირს თავად აქვს პრობლემები და იმისთვის იცლის, რომ საქართველოში პოლიტიკური მოვლენები არასწორად შეაფასოს. რატომღაც პატიმარი სააკაშვილი გაახსენდათ. კი ბატონო, იყვნენ ასეთ ურთიერთსიყვარულში ევროპარლამენტი და სააკაშვილი. ასეთი ურთიერთობები წარსულს ჩაბარდა, რადგან მსოფლიოში სულ სხვა დღის წესრიგია. წარმოიდგინეთ, ევროკავშირი უკრაინის მოლაპარაკებებისგან გვერდზე არის გაწეული, ეკონომიკური კრიზისები აქვს და რატომღაც საქართველოსთვის იცლის. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე დიდი ფულია გადახდილი, მანამდე ასეთ რეზოლუციებს გამოაცხობინებენ და მას არაფრის ფასი არ აქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების დასანქცირების საკითხს, მაჭარაშვილის შეფასებით, ასეთი რეზოლუციებით ხალხი, პირიქით, ღიზიანდება.

„ევროპარლამენტმა ვერ შეიგნო, რომ ასეთი რეზოლუციები საპირისპირო შედეგებს იწვევს. ხალხი, პირიქით, ღიზიანდება და ეს მტკიცებულებაა, რომ ასეთი რეზოლუციები მედიებზე თავდასხმების წამახალისებელია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ფაქტიურად, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის სალომეს მთავარი კოზირი მიუნხენის კონფერენციაზე. ვნახოთ, რამდენად გაჭრის ეს “კოზირი”-ზაალ ანჯაფარიძე

“ფაქტიურად, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის სალომეს მთავარი კოზირი მიუნხენის კონფერენციაზე. ვნახოთ, რამდენად გაჭრის ეს „კოზირი“” – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“რა კომბინაცია გაითამაშეს ევროპარლამენტმა და აქაურმა რადიკალურმა ოპოზიციამ?ევროპარლამენტის რეზოლუცია მიღებულ იქნა ზუსტად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის წინა დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იქ ჩადის, აღიარონ საქართველოს „ლეგიტიმურ“ პრეზიდენტად, რომ შემდეგ უკვე ამ რეზოლუციით შეიარაღებულს, მას იქ კონტაქტების მეტი და უკეთესი საშუალება ჰქონდეს.

ფაქტიურად, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია არის სალომეს მთავარი კოზირი მიუნხენის კონფერენციაზე. ვნახოთ, რამდენად გაჭრის ეს „კოზირი“” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

შეგაზსენებთ: 13 თებერვალს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს.

USAID-მა ტრამპის იმპიჩმენტის კამპანია დააფინანსა. “დიფ სთეითი” ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ -კონგრესმენი ტომას მასი

აშშ-ის კონგრესმენი ტომას მასი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომლის შეთითხნილი ბრალდებები დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის მცდელობისას გამოიყენეს.

„USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომელმაც გააყალბა მტკიცებულებები, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის დროს გამოიყენეს. „დიფ სთეითი“ ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ, მაგრამ როცა ის გადასახადების გადამხდელთა ფულს ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ იყენებს, ეს ღალატი არ არის?“, – დაწერა მან.

ის თავის გვერდზე ამერიკელ ჟურნალისტთან და მწერალთან მაიკლ შელენბერგთან კონგრესში გამართული მოსმენის ფრაგმენტს აქვეყნებს. შელენბერგი ამბობს, რომ 2019 წელს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას წინ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი ანალიტიკოსის დასკვნა უძღოდა. გარდა ამისა, USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას სახელწოდებით OCCRP, რომლის დასკვნაც და აზრებიც გამოიყენეს ტრამპის წინააღმდეგ.

სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 მაისს, სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირებზე იძალადა და მათ მოკვლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 238 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება”-Bild

არც ევროპელმა ლიდერებმა და არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ იცოდნენ არაფერი წინასწარ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე ვლადიმერ პუტინთან, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ექსპერტის თვალსაზრისი დონალდ ტრამპის სტრატეგიაზე  უკრაინასთან მიმართებით: „ვლადიმერ პუტინი თავის ამერიკელ კოლეგას ტაშით ხვდება“. ექსპერტ კარლო მასალას აზრით, სიტუაცია ვითარდება „აპოკალიფსური სცენარის“ მიხედვით: ევროპელებთან და უკრაინელებთან არავინ დალაპარაკებას არ აპირებს – მათ, უბრალოდ, შედეგებთან შეგუება მოუწევთ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ინფორმაციამ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის თაობაზე მსოფლიოში ყურადღების დაძაბვა გამოიწვია:  დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის შესაწყვეტად სამშვიდობო მოლაპარაკება უახლოეს ხანში დაიწყება.

შოკისმომგვრელი ფაქტი: არც ევროპელმა ლიდერებმა და არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ იცოდნენ არაფერი წინასწარ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილ სატელეფონო საუბარზე ვლადიმერ პუტინთან. მათ ინფორმაცია მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გაიგეს.

„ბილდის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე პაულ რონცჰაიმერი ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის სავარაუდო შედეგებზე პროფესორ კარლო მასალას – გერმანიის ფედერალური შეიარაღებული ძალების მინჰენის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორს ესაუბრება.

„ეს არის აპოკალიპტური სცენარი. მოლაპარაკება გაიმართება უკრაინელებისა და ევროპელების გარეშე. უკრაინის ბედს სხვები გადაწყვეტენ“, – ამბობს ექსპერტი. მისი პროგნოზი ასეთია: „ევროპელების ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნება. მათ მოუწევთ შედეგებს შეეგუონ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იგივე მოუწევს უკრაინასაც“.

როგორც კარლო მასალა თვლის, რუსეთის ლიდერს მიტაცებულ-ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება სურს. ვლადიმერ პუტინს ასევე უნდა აიცილოს დასავლეთის ეკონომიკური ზეწოლა და სანქციების გაუქმება, რათა იგი არავინ აიძულოს კომპრომისზე დათანხმდეს.

„პუტინი ამ კონფლიქტში მოგებულია“

კარლო მასალა კომენტარს უკეთებს დონალდ ტრამპის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰეგსეთის განცხადებას, რომ ევროპას სამომავლოდ უკრაინის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მარტო მოუხდება: „ვლადიმერ პუტინი ამერიკელი მინისტრის ასეთ განცხადებას, ალბათ, ტაშით შეხვდა. ეს მისთვის ყველაზე საუკეთესო შედეგია. უკრაინაში რომც განლაგდნენ ევროპული სამშვიდობო ძალები, მოსკოვი ეს ხელს არ შეუშლის – რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთს შეუძლია ისევ თავს დაესხას უკრაინას“.

კარლო მასალას დასკვნით, „პუტინმა ამ კონფლიქტში მოიგო. მან მოახერხა და ამერიკელებს უკრაინა მიატოვებინა“.

„გერმანიას არავინ არაფერს ეკითხება“

მაგრამ თუ პუტინია გამარჯვებული, როგორ შეძლებს ტრამპი აშშ-ის პრესტიჟის შენარჩუნებას ისე, რომ მოლაპარაკების დროს წაგებულად არ გამოიყურებოდეს?

კარლო მასალა განმარტავს: „პიტ ჰეგსეთი ლაპარაკობდა უკრაინის 2014 წლის საზღვრებზე, ანუ დონბასზე და ყირიმზე. ტრამპი პუტინს ასე იოლად არაფერს მისცემს. შესაძლოა, რუსეთი უარს იტყვის სხვა დაკავებული ოლქების [დონბასისა და ყირიმის გარდა] ტერიტორიებზე და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, ტრამპს შეუძლია ეს წარმატებად წარმოადგინოს“.

ექსპერტი ასევე კომენტარს უკეთებს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან საუბარზე არაფერი არ შეატყობინა გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს და არც თავდაცვის ფედერალურ მინისტრს ბორის პისტორიუსს: „ჩვენ ყურადღება არ მოგვაქციეს. ჩვენ არ გვქონდა ამ ომის სტრატეგია სამი წლის განმავლობაში და არც მერე არ გვექნება, როცა ეს ომი შეწყდება. რა თქმა უნდა, ეს მწარე სინამდვილეა. ეს არის ჩვენი დიდი შეცდომა“.

კარლო მასალა თვლის, რომ დონალდ ტრამპი თავის საკუთარ ხაზს ატარებს – იმისგან დამოუკიდებლა, კარგია თუ არა ეს უკრაინისათვის და ევროპული უსაფრთხოებისათვის“.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს უკრაინაში სტაბილურ მშვიდობა დაამყაროს და არა ისეთი, რომლის დროსაც ნახევარ წელიწადში ისევ საომარი მოქმედებები დაიწყება. უკრაინა ხელს მოაწერს ზავს, მაგრამ არავინ იცის, შეძლბს თუ არა ოდესმე თავისი ტერიტორიების დაბრუნებას. რაც შეეხება ნატოს წევრობას, დონალდ ტრამპმა უკვე თქვა, რომ ეს მიზანშეუწონელია“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

“ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 14 თებერვლის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ევროპა შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ აშშ-რუსეთის მოლაპარაკება უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით ბრიუსელისა და კიევის გარეშე გაიმართება“ (ავტორები – ჰენრი ფოი, ქრისტოფერ მილერი და ფელიცია შვარცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპელი ოფიციალური პირები შეძრულნი არიან: დონალდ ტრამპმა ისინი აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესიდან „ამოაგდო“. ამავე დროს ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ სწორედ მათ ქვეყნებს დააწვებათ მხრებზე იმ ხარჯების უდიდესი ნაწილი, რომელიც უკრაინის ომისშემდგომ აღდგენას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაჭირდება.

როცა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებების შესაწყვეტად მოლაპარაკება დაუყოვნებლივ დაიწყებაო“, ამ ამბავმა ევროპულ დედაქალაქებზე განსაცვიფრებელი გავლენა მოახდინა. ევროპელი ლიდერების სამწუხაროდ, მათ ვერანაირად ვერ დაასაბუთეს თავიანთი მონაწილეობის აუცილებლობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.

როგორც „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუებში ევროპელმა მაღალჩინოსნებმა აღიარეს, ისინი აქედანვე გრძნობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპას იძულებულს გახდის უკრაინის დანგრეული ეკონომიკის აღდგენისა და იქ სამშვიდობო ქვედანაყოფების სავარაუდო განთავსების ფასი გადაიხადოს, ანუ ისეთი გადაწყვეტილებებისათვის, რომელშიც ევროპა მონაწილეობასაც კი ვერ მიიღებს.

„ამერიკელების აზრით, ევროპას არავითარი როლის შესრულება არ შეუძლია იმ მასშტაბურ გეოპოლიტიკურ საკითხებში, რომლებიც კონფლიქტს უკავშირდებიან. როგორც ჩანს, ეს ფაქტი ევროპული ერთიანობის გამოცდა იქნება“, – თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, – „დონალდ ტრამპი ჩვენი სახით მხოლოდ ფულს ხედავს. გულახდილად რომ ვთქვათ,ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, როგორი იქნება ჩვენი როლი და ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან იმ შემთხვევაშიც კი, ფულს თუ გადავიხდით“.

იმ დროს, როცა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინას ტერიტორიული დათმობებზე დათანხმება მოუწევსო, ექვსმა ევროპულმა ქვეყანამ – გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით – განაცხადეს, რომ „მზად არიან გააძლიერონ კიევისადმი მხარდაჭერა“ და ხაზი გაუსვეს, რომ „მხარს უჭერენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, „რუსეთის აგრესიის“ ფონზე.

ერთობლივ განცხადებაში, ევროპის კომისიის მონაწილეობით, ასევე ნათქვამია: „ჩვენ გვსურს განვიხილოთ მომდევნო ნაბიჯები ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად… ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა და ევროკავშირი აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებაში“.

ევროპელი ლიდერები და მინისტრები იმედოვნებენ რაღაცას მაინც გაიგებენ დონალდ ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით, როცა ისინი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსს და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელს, გადამდგარ გენერალს კიტ კელოგს შეხვდებიან.

ნატოს წარმომადგენლებს იმედი არ აქვთ, რომ კიტ კელოგი მათ ყველაფერს გაანდობს და ამერიკის მიზნებზე სრულად და დაუფარავად ისაუბრებს, მაგრამ იმავდროულად ელოდებიან, რომ გენერალი უახლოეს ხანში ევროპულ დედაქალაქებსაც ეწვევა და იქაურ ლიდერებს შეხვდება.

სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა კიტ კელოგი რუსეთთან მომლაპარაკებელი ჯგუფის სიაში არ შეიყვანა და ამით ევროპელებში ეჭვებისა და განხეთქილების შეგრძნება გააღრმავა.

როცა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკების დაწყება გამოაცხადა, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესპანეთის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები კაია კალასს – ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში – შეხვდნენ, შემხვედრი სტრატეგიის შესამუშავებლად.

„ამ გაურკვევლობისა და ცვლილებების პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპელებს წარმოდგენა ჰქონდეთ, თუ რა ხდება საერთოდ და მიმდინარე პროცესი გააცნობიერონ“, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ევროპის გარეშე ევროპულ უსაფრთხოებაზე მოლაპარაკება შეუძლებელია, – ხაზი გაუსვა ესპანელმა პოლიტიკოსმა, – ჩვენ უადგილოდ მიგვაჩნია ნებისმიერი იმ საკითხის განხილვა უკრაინის გარეშე, რომელიც უკრაინას ეხება“.

რუსეთთან მოლაპარაკებისათვის დონალდ ტრამპმა უკვე შექმნა ოფიციალური ჯგუფი, რომელშიც შედიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და სპეცწარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი, რომელიც მოსკოვთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის რუსული საპყრობილიდან გასათავისუფლებლად. მისი მცდელობა წარმატებით დასრულდა, რუსეთმა მარკ ფოგელი ციხიდან გამოუშვა.

კიევმა იმედგაცრუება გამოხატა ევროპელი ლიდერების უმოქმედობით. „აშკარაა, რომ ყველა ელოდება, თუ როდის მოვა დონალდ ტრამპი და განკარგულებებს გასცემს“, – თქვა ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ დაურეკა, მიუნხენში გასამგზავრებლად ემზადება. მას ადრეც არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მხოლოდ ევროპული გარანტიები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არასაკმარისია, აუცილებელია გარანტორებს შორის ამერიკაც იყოს.

ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, დონალდ ტრამპს არ სურს, რომ მისმა ქვეყანამ რაიმე როლის შესრულება იკისროს უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ ევროპული ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა თვითონ უშუალოდ ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა ბრიუსელში, „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის სხდომაზე, უკრაინის სამომავლო დახმარების ლომის წილი – სამხედრო და არასამხედრო თვალსაზრისით – თავის თავზე ევროპამ უნდა აიღოს. მან ასევე გამორიცხა აშშ-ს ჯარების გადასროლა უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის ჩარჩოებში, ომის დასრულების შემდეგ. „უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია განმტკიცებული უნდა იყოს ევროპული და არაევროპული ჯარების მიერ, მაგრამ ამერიკის არმიის გარეშე“.

„სცენარი იმისა, თუ როდის იტყვის ამერიკა  – „ჩვენ ზავი დავდეთ, დანარჩენი კი თქვენი საქმეა. თუ რამე გასახვეტია, თქვენ უნდა გახვეტოთ“ – ასეთი დამოკიდებულება ჩვენ არ გვაწყობს“, – თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა ევროკავშირიდან, რომელიც შექმნილი სიტუაციის განხილვაში მონაწილეობდა. „არსებობს იმის ზღვარი, რის მიწოდებაც ევროკავშირს მარტო თვითონ შეუძლია – ფულის, იარაღის და გარკვეულ მომენტში, ალბათ, სახმელეთო ქვედანაყოფებისაც“, – დაამატა მან.

ევროკავშირის დიპლომატები სულ უფრო ძალიან ნერვიულობენ იმ სიძნელეების გამო, რომლებსაც მაღალჩინოსანი თანამდებობის პირები აწყდებიან, თვით ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩათვლითაც კი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრების ორგანიზების საკითხში.

ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს არცთუ იშვიათად უწევთ ხოლმე ინფორმაციების მოპოვება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე მხოლოდ პირადი კონტაქტების მეშვეობით, რასაც შემდეგ პარტნიორებს უზიარებენ.

„ევროპულ ინსტიტუტებს ჯერ კიდევ არ ჰყავთ ისეთი ადამიანი, რომელსაც დონალდ ტრამპთან პირდაპირი კონტაქტები ექნება, მოლაპარაკების მიზნით“, – აღიარა საქმეში ჩახედულმა ერთ-ერთმა დასავლელმა ჩინოვნიკმა.

ჯეიმს დევიდ ვენსი და ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთმანეთს სამშაბათს შეხვდნენ, მაგრამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ევროკომისიის ხელმძღვანელთან უკრაინასთან დაკავშირებულ სამომავლო მოლაპარაკების ირგვლივ თითქმის სიტყვა არ დასცდენია, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ ამ მხრივ, დონალდ ტრამპის აზრით, კიტ კელოგი უფრო მნიშვნელოვან მოსაუბრედ ითვლება.

„აშშ-ის წინა ადმინისტრაციები ვაშინგტონ-ბრიუსელის დიალოგს, როგორც ტრანსატლანტიკური ალიანსის ერთიანობის გამოხატვის სიმბოლოს, მაღალ დონეზე აფასებდნენ“, – აღნიშნა ჯერემი შაპირომ, ევროსაბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების პროგრამების დირექტორმა, – „მაგრამ დონალდ ტრამპს და მის გუნდს ამ მხრივ დღემდე რაიმე ინტერესი არ გამოუჩენია. როლი, რომელიც ტრამპმა მოუმზადა ევროპელებს, არის ის, რომ ყველაფრის ფასი ევროპამ უნდა გადაიხადოს. ტრამპი გვეუბნება: „არავითარი დაფნის გვირგვინი არ გექნებათ, შეხვედრებზეც კი არ დაგიძახებთ… და საერთოდ, ხმა არ ამოიღოთ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: