Home Blog Page 312

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალის მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 1940 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები იმ ავტოკრატებს შეადარა, რომლებიც ცივი ომის პერიოდში რეპრესიულ რეჟიმებს მართავდნენ – CNN

JPG resized with https://ezgif.com/resize

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელი ლიდერები იმ ავტოკრატებს შეადარა, რომლებიც ცივი ომის პერიოდში რეპრესიულ რეჟიმებს მართავდნენ, – წერს ტელეკომპანია CNN-ი.

„როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები არჩევნებს აუქმებენ, ხოლო მაღალი თანამდებობის პირები სხვა არჩევნების გაუქმებით იმუქრებიან, უნდა დავსვათ კითხვა – ვაკმაყოფილებთ თუ არა მაღალი დემოკრატიული სტანდარტების მოთხოვნებს?“ – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯეი დი ვენსმა პარალელები გაავლო დღევანდელ მოვლენებსა და მე-20 საუკუნის ავტოკრატიულ რეჟიმებს შორის, რომლებიც თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებს მიმართავდნენ.

„ცივი ომი დემოკრატიის დამცველებს ბევრად უფრო ტირანულ ძალებს უპირისპირებდა ამ კონტინენტზე. დავფიქრდეთ, რომელი მხარე ახშობდა დისიდენტების ხმას, ხურავდა ეკლესიებს, აუქმებდა არჩევნებს? ისინი ხომ კარგები არ იყვნენ? რა თქმა უნდა, არა. და მადლობა ღმერთს, რომ მათ ცივი ომი წააგეს. მათ წააგეს, რადგან თავისუფლების ფასეულობებს არ აფასებდნენ და არ სცემდნენ პატივს“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

„ვერავის აიძულებ, რა იფიქროს, რა იგრძნოს ან რა იწამოს… სამწუხაროდ, როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ, ზოგჯერ არ არის ნათელი, რა დაემართა ცივი ომის ზოგიერთ გამარჯვებულს“, – დასძინა მან.

წარუმატებელი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

წარუმატებელი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„ბევრი საუბარი იყო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ყოველთვის სასარგებლოა სიტყვების მიღმა გახედვა და იმის აღიარება, რომ პროცესის მხოლოდ დასაწყისში ვართ.

მოდით შევაფასოთ საწყისი პოზიციები, კონტრასტი დავინახოთ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის მიდგომებს შორის. ურთულეს გარემოებებში პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის მშვიდობის მისაღწევად მუშაობისთვის, რომელიც პატივს სცემს მისი ქვეყნისა და მისი გარდაცვლილი თანამოქალაქეების მიერ გაწეულ მსხვერპლს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა დასაწყისიდანვე: უკრაინას უფრო მეტად სურს მშვიდობა, ვიდრე ვინმე სხვას, ისეთი, რომელიც სამართლიანი და მყარია, რათა აღარასდროს დავუბრუნდეთ ბოლო სამი წლის საშინელებებს.

მეორე მხრივ, პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ის მზად არის შეხვედრისთვის, მაგრამ რა პირობებით? მასზეა დამოკიდებული აჩვენოს, რომ მის ინტერესში არ არის ამ ომის გაგრძელება. მასზე დამოკიდებულია აჩვენოს, რომ მან თავი დაანება თავის ამბიციას გაანადგუროს უკრაინა. და საშუალება მომეცით ძალიან ნათლად ვთქვა – წარუმატებელი უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ ასევე დაასუსტებს შეერთებულ შტატებს…

უკრაინას ძალის მეშვეობით მშვიდობა სჭირდება, ევროპას ძალის მეშვეობით მშვიდობა უნდა, და პრეზიდენტმა ტრამპმა ნათელი გახადა, რომ შეერთებული შტატები მყარად ერთგულია ძალის მეშვეობით მშვიდობის”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

როდესაც ე ვროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს, ხოლო მაღალი თანამდებობის პირები სხვა არჩევნების გაუქმებით იმუქრებიან, საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ – ვიქცევით თუ არა მაღალი სტანდარტების მიხედვით? – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

JPG resized with https://ezgif.com/resize

ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ დეკემბერში რუმინეთმა პირდაპირ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სადაზვერვო სააგენტოს სუსტი ეჭვებისა და მეზობლების უზარმაზარი ზეწოლის საფუძველზე, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„როგორც მე მესმის, არგუმენტი იყო ის, რომ რუსული დეზინფორმაცია რუმინეთის არჩევნებში იყო შეღწეული, მაგრამ ჩემს ევროპელ მეგობრებს მოვუწოდებ, მოვლენებს უფრო ფართო პერსპექტივიდან შეხედონ. შეგიძლიათ მიიჩნევდეთ, რომ არასწორია, როდესაც რუსეთი ცდილობს სოციალური მედიის რეკლამებით თქვენს არჩევნებზე გავლენის მოხდენას – ჩვენც ასე ვფიქრობთ. შეგიძლიათ მსოფლიო არენაზეც დაგმოთ ეს. მაგრამ თუ თქვენი დემოკრატია შეიძლება დაინგრეს რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ღირებულების ციფრული რეკლამით, რომელიც უცხო ქვეყნიდან მოდის, მაშინ თქვენი დემოკრატია თავიდანვე არც ისე ძლიერი ყოფილა“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

„გავოცდი, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიით გამოვიდა და გახარებული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ გააუქმა არჩევნები. მან გააფრთხილა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა, იგივე შეიძლება მოხდეს გერმანიაშიც. ეს განცხადებები შოკისმომგვრელია ამერიკელებისთვის. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა გააცნო.

მისი თქმით, კანონპროექტით იცვლება რკინიგზის სადგურის განმარტება და განისაზღვრება ახალი ტერმინები.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგზე უფლებამოსილებას განახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. ამასთან, განისაზღვრება სააგენტოს ფუნქციები სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტთან მიმართებით.

კანონპროექტი უზრუნველყოფს რკინიგზის მგზავრთა მომსახურების დონისა და სარკინიგზო საწარმოების ანგარიშვალდებულების გაზრდას და მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით. კერძოდ, კანონი პირდაპირ ადგენს, რომ სარკინიგზო ტრანსპორტით სარგებლობისას დაუშვებელია მგზავრთა დისკრიმინაცია.

ტრამპის სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განვიხილავთ – ევროკომისია

ევროკომისია პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „საპასუხო“ სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომისია აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთგული რჩება პროგნოზირებადი გლობალური სავაჭრო სისტემის მიმართ, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა პარტნიორს.

„ევროკავშირი ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფებს მსოფლიოში და მის ექსპორტზე აშშ-ის მიერ ტარიფების გაზრდის გამართლებას ვერ ხედავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ ტარიფების დაწესებით, აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბეგრავს.

„ტარიფები არის გადასახადები. ტარიფების დაწესებით, აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბეგრავს, ზრდის ბიზნესის ხარჯებს, აფერხებს ზრდას და ზრდის ინფლაციას. ტარიფები ზრდის ეკონომიკურ გაურკვევლობას და არღვევს გლობალური ბაზრების ეფექტურობასა და ინტეგრაციას“, -აღნიშნულია განცხადებაში.

სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში-ვლადიმერ ბოჟაძე

სიმართლე არის ერთადერთი, რომ მათ შორის, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ოპოზიცია საუბრობდა, რომ როდესაც ჩვენ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ამის გამო რაღაც 14 მილიარდი დახმარება დავკარგეთ. მერე აღმოჩნდა, რომ კანდიდატის სტატუსი აგერ უკვე მეორე წელია მიღებული გვაქვს და თურმე არანაირ 14 მილიარდზე საუბარი არ არის ისევე, როგორც არანაირი 14 მილიარდი ან მილიარდები არ მიუღია ევროკავშირის კანდიდატ უკრაინას ან მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გამო. ახლაც საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში შეექმნას წარმოდგენა, რომ ჩვენ რაღაც ვირტუალური 2 მილიარდი დავკარგეთ და ეს 2 მილიარდი ქართველ ხალხამდე არ მივიდა მარტო იმის გამო, რომ ეს თურმე „ქართული ოცნების“ ბრალია ან რაღაც გაუგებრობაა ევროკავშირთან ურთიერთობის გამო. სიმართლე არის ერთადერთი, რომ მათ შორის, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი მოლდოვას მილიარდ რვაას მილიონ ევროს გადასცემს. არადა ირკვევა, რომ ეს თანხა არა დახმარება, არამედ სესხია, მოლდოვას თანხის დაბრუნება მოუწევს. ამის შესახებ პიტერ ფიშერი მისსავე პოსტში არაფერს ამბობს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ევროპამ თავდაცვაში ინვესტიცია უნდა ჩადოს, რადგან აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა კონტინენტზე სამუდამოდ არ გაგრძელდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ევროპამ თავდაცვაში ინვესტიცია უნდა ჩადოს, რადგან აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა კონტინენტზე სამუდამოდ არ გაგრძელდება. ამის შესახებ პიტ ჰეგსეტმა ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩემი გადმოსახედიდან, ამერიკელი სამხედროების რაოდენობა კონტინენტზე მნიშვნელოვანია. ის, თუ რა მოხდება ხუთი, ათი ან თხუთმეტი წლის შემდეგ, არის უფრო ფართო დისკუსიის ნაწილი, რაც ასახავს საფრთხის დონეზე ამერიკის პოზიციას, ჩვენს საჭიროებებს მსოფლიოში, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული ქვეყნების შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი გზავნილი ევროპელი მოკავშირეებისადმი არის ასეთი ცხადი: ახლა ინვესტიციის დროა, რადგან არ შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ამერიკის ყოფნა გაგრძელდება სამუდამოდ“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი ვაშინგტონისთვის სამაგალითო პარტნიორია თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით მისი ვალდებულებების გამო.

თავდაცვის მდივანმა ასევე ისაუბრა „რამშტაინის“ შეხვედრაზე თავის განცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც უკრაინის საზღვრების 2014 წლამდელ მდგომარეობაში აღდგენას არარეალისტური უწოდა.

„დღეს და ბრიუსელში ჩემი საქმეა, დისკუსიაში შევიტანო რეალიზმი. რეალობაა ის, რომ მოლაპარაკებების შედეგად 2014 წლის საზღვრებზე დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. რეალობაა, რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედროების განთავსება ნაკლებად სავარაუდოა. რეალობაა, რომ მოლაპარაკებების გზით პროცესის დარეგულირების შედეგად უკრაინის ნატო-ს წევრობა ნაკლებად სავარაუდოა. მე ვრჩები იმ კომენტარებზე, რომლებიც გავაკეთე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის პირველ დღეს“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 15 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8362 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8362 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0205 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9687 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9342 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0345 ლარი შეადგინა.

აქტივისტური ჟურნალისტიკა უბრალოდ ოქსიმორონია. ამით, საბოლოოდ ზარალდება მოქალაქე, რომელსაც წართმეული აქვს ამბის ობიექტური მიღების უფლება -შალვა პაპუაშვილი

დემოკრატიაზე ზრუნვა სიმართლის თქმით უნდა დაიწყოს და მისი მამოძრავებელი ძალა ჭეშმარიტად თავისუფალი მედიაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პროპაგანდა, თუნდაც სხვადასხვა არხით წარმოდგენილი, ვერ გაამდიდრებს დემოკრატიას.

მისივე თქმით, აქტივისტური ჟურნალისტიკა ოქსიმორონია და ამით ზარალდება მოქალაქე, რომელსაც წართმეული აქვს ამბის ობიექტური მიღების უფლება.

„უკანასკნელი პერიოდის სკანდალები, რომლებიც USAID-ის მიერ მთელ მსოფლიოში ლიბერალური მედიის დაფინანსებას უკავშირდება, წარმოაჩენს, რომ სინამდვილეში ეს საერთაშორისო ქსელი პროპაგანდას ავრცელებს და, არსებითად, უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიას წარმოადგენს.

გავიგეთ, რომ ასობით მედიაკომპანია, არასამთავრობო ორგანიზაცია და ათასობით ჟურნალისტი პირდაპირ ფინანსდებოდნენ აღნიშნული მთავრობების მიერ შექმნილი საერთაშორისო პროპაგანდისტული ქსელის მიერ, რომელიც შეიქმნა და გამოიყენებოდა სასურველი ნარატივის გასაძლიერებლად და ალტერნატიული მოსაზრებების ჩასახშობად.

ათობით ქართული მედია, ფაქტობრივად, აქტივისტ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლებიც სოციალურ მედიას გარკვეული პოლიტიკური ხაზის ადვოკატირებისთვის იყენებენ და არა ფაქტების გაშუქებისთვის. აგიტაციის გზით, მაგრამ, ასევე, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელებით, ეს მედიაკომპანიები აძლიერებენ უცხოური პროპაგანდისტული ქსელის ნარატივს. ისინი იქმნება და ფინანსდება მხოლოდ ამ მიზნით, თუმცა შენიღბული არიან, როგორც „დამოუკიდებელი“ და „კერძო“ მედია. აღსანიშნავია, რომ USAID-ისა და მის მიერ პროპაგანდის დაფინანსებასთან დაკავშირებული ბოლო დღეების სკანდალი დონორების მიერ მართულ მედიაში მინიმალურად ან საერთოდ არ გაშუქებულა.

აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ უცხოური მედიაგრანტები წარმოადგენდა ინვესტიციას პროპაგანდისტულ ქსელში, რომელიც აშუქებს ისტორიის მხოლოდ ერთ მხარეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკის შიგნითაც.

ამ მავნე მედიაპრაქტიკამ უკანასკნელ დღეებში იჩინა თავი მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია მოითხოვს ქართული მედიის მფლობელებისთვის სანქციების დაწესებას. თუმცა, ამავდროულად, ევროპარლამენტარები, რომლებმაც ეს რეზოლუცია დააინიცირეს (მაკალისტერი, გალერი, გეტა, ზოვკო), ამავე დროს „ევროპის დემოკრატიული ფონდის“ (EED) მმართველთა საბჭოს წევრები არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ევროპარლამენტარები იმ მედიაკომპანიების გაუქმებას ცდილობენ, რომელიც მათ შეხედულებებსა და პოლიტიკას არ იზიარებს, ხოლო ამავე დროს, EED-ის მეშვეობით (რომელსაც NED-ის ევროპულ ფილიალსაც უწოდებენ ხოლმე), საკუთარ პროპაგანდისტულ მედიას აფინანსებენ. აღნიშნული კი, კიდევ ერთხელ, ზუსტად ემთხვევა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო პროპაგანდისტული ქსელის აღწერილ მაგალითს, რომელიც ახლა, ევროპარლამენტისა და EED-ის მეშვეობით, აქტიურად არის გავრცელებული ევროპაშიც.

საქართველოში გერმანიის ელჩის გუშინდელი პოსტი პლატფორმა X-ზე პროპაგანდის ამ საინტერესო პრაქტიკის კარგი მაგალითია. მისი თქმით, ევროკავშირი მოლდოვისთვის 1,8 მილიარდ ევროს „ამზადებს“, რითიც იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველო აღნიშნული შესაძლებლობის მიღმა რჩება. უცხოური მთავრობის (ე.ი. EED) მიერ დაფინანსებულმა მედიამ, „დეტალების“ გადამოწმების გარეშე, ფართოდ გაავრცელა ეს სიახლე. ერთ-ერთი „დეტალის“ მიხედვით, „მომზადებული“ 1,8 მილიარდი ევროდან დაახლოებით 1,5 მილიარდი ევრო არცთუ ისე ხელსაყრელი კრედიტია, რომელიც მოლდოვამ ევროკავშირს პროცენტებით უნდა დაუბრუნოს. ამის შემდეგ აღნიშნული ახალი ამბავი საქართველოს რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა, რათა ის გაბუქებულ სკანდალად ექცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ თითქოს ევროკავშირის ნაჩუქარი ფული „დაკარგა“.

დემოკრატიაზე ზრუნვა სიმართლის თქმით უნდა დაიწყოს და მისი მამოძრავებელი ძალა ჭეშმარიტად თავისუფალი მედიაა.

პროპაგანდა, თუნდაც ის, რომელიც სხვადასხვა არხითაა წარმოდგენილი, ვერ გაამდიდრებს დემოკრატიას. გასაოცარია იმის დანახვა, თუ რად იქცა ჟურნალისტიკა ამ ბოლო პერიოდში. უცხოური დაფინანსების მქონე მედიის აქტივისტები მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მოითხოვენ მთავრობის გადაყენებას ან შეცვლას, ან, სულაც, მთავრობის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას. ამავდროულად, პროტესტის დროს ისინი აგრძელებენ გაშუქებას.

აქტივისტური ჟურნალისტიკა უბრალოდ ოქსიმორონია. ამით საბოლოოდ ზარალდება მოქალაქე, რომელსაც წართმეული აქვს ამბის ობიექტური მიღების უფლება და, სანაცვლოდ, დივერსიფიცირებულ პროპაგანდას ისმენს. საბოლოო ჯამში, ეს ძირს უთხრის დემოკრატიულ პლურალიზმს და იქცევა სენად, რომელიც უკვე იგრძნობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – წერს პაპუაშვილი.

მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა, ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის-ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნაბიჯებს „ელექტროშოკს“ უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს დაიცვას როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი.

“ეს არის ელექტროშოკი, გვჭირდება ასიმეტრიული დარტყმები, გვჭირდება გარე დარტყმები. ევროპელებისთვის ეს ეგზოგენური შოკია. ამან უნდა მოიტანოს სიცხადე ევროპაში მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ მათ შეეძლოთ ცხოვრება სტრატეგიული დამოკიდებულების მდგომარეობაში”, – განაცხადა მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მოლაპარაკება მისი ქვეყნის სახელით და რომ „მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა“ ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის.

„ამ ეტაპზე ერთადერთი საკითხია, არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი ჭეშმარიტად, მდგრადად და სარწმუნოდ მზად, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ამის შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინელების გადასაწყვეტია“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ „ყველამ სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს“.

დროა, რეჟიმს ვაჩვენოთ ჩვენი, ხალხის ძალა, ერთიანობა, ერთსულოვნება -გიორგი ვაშაძე

დროა, ჩვენი, ხალხის ძალა ვაჩვენოთ რეჟიმს, უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა, ერთსულოვნება, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ახალ ეტაპზე გადასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ხვალ. 18:00 საათზე ევროპის მოედნიდან გაიმართება საპროტესტო მარში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით ამ მარშს სახელწოდებით – არა რუსულ დიქტატურას. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება. რაც შეიძლება მეტი ადამიანი შევიკრიბებით და გამოვხატავთ ჩვენს სურვილს, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, წავიდეთ ევროპისკენ, ახალი არჩევნები დაინიშნოს, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ყველას მოგიწოდებთ, ხვალ, 18:00 საათზე მობრძანდეთ ევროპის მოედანზე, შევუერთდეთ ამ მნიშვნელოვან აქციას, რომელიც გადამწყვეტია შემდგომი პერიოდისთვის. ფართომასშტაბიანი აქციები შემდგომშიც არის დაგეგმილი. ახლა იმის დროა, როდესაც ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, უნდა ვაჩვენოთ ხალხის ძალა, ერთიანობა, ერთსულოვნება, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი. ვაჩვენოთ ის, რომ მათი დეზინფორმაცია, ცრუ პროპაგანდა ჩვენზე არ მუშაობს, ჩვენ ვართ ერთიანები და ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.