Home Blog Page 310

ბათუმში ბავშვების დაღუპვა სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების იგნორირების შედეგია – საია

ბათუმში მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს,- ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას.

როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომელიც გასაგებად მიაწოდებდა, როგორც სრულწლოვანს, ისე ბავშვს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას.

“2025 წლის 15 თებერვალს ბათუმში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე (მერიის ინფორმაციით, ფრ. ხალვაშის გამზირის N188-ის მიმდებარედ) ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.

საია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მიიჩნევს, რომ მომხდარი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უბედურ შემთხვევად. მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს. არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომელიც გასაგებად მიაწოდებდა, როგორც სრულწლოვანს, ისე ბავშვს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას, ეს კი ადასტურებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით. ამ ყველაფრის ფონზე, კი, საგანგაშოა, ასევე, რომ მომხდარის ადგილზე მუშაობის ჯეროვანი შესაძლებლობა არ ეძლეოდათ მედიის წარმომადგენლებს. კერძოდ, “აჭარა თაიმსის” დამფუძნებლის, სულხან მესხიძისა, და “ბათუმელების” ჟურნალისტის, ჯაბა ანანიძის, მიმართ ხორციელდებოდა “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული მხარდამჭერების მიერ ზეწოლა მათ მიერ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას.

საჯარო სივრცეში ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ადამიანის სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფი ადამიანების სიცოცხლე. აღნიშნულიც ასევე მოიცავს, მათ შორის, შენობებიდან და მშენებლობებიდან მომავალ საფრთხეებს და ნებისმიერ საჯარო ან არასაჯარო აქტივობას, რომელმაც შესაძლოა სიცოცხლის უფლება საფრთხის ქვეშ დააყენოს.

სიცოცხლის უფლების დაცვის მოვალეობა, სახელმწიფოს აკისრებს, არამხოლოდ, ვალდებულებას, არ ხელყოს უკანონოდ და განზრახ სიცოცხლე, არამედ მიიღოს შესაბამისი ზომები მის იურისდიქციაში მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად. ეს ვალდებულება შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც აუცილებელია ერთი ან რამდენიმე წინასწარ იდენტიფიცირებული პირის დაცვა სასიკვდილო აქტისგან, არამედ იმ შემთხვევებზეც, როდესაც სახელმწიფოს ევალება საზოგადოების ზოგადი დაცვის უზრუნველყოფა. ამ სახის ვალდებულება სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, შენობებისა და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, შექმნას ისეთი ოპერაციული სისტემა, როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების თვალსაზრისით, რომ დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფ პირთა სიცოცხლე, და ეს ღონისძიებები მორგებული უნდა იყოს კონკრეტული საქმიანობის თავისებურებებზე და ადამიანის სიცოცხლისთვის პოტენციურ საფრთხეზე. სახელმწიფომ უნდა მიიღოს, როგორც პრაქტიკული, ისე პროაქტიული და წინასწარი უსაფრთხოების ზომები მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა, სავსებით განჭვრეტადი და პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ის საფრთხე, რაც ტერიტორიაზე ღია თხრილებისგან მოდიოდა მოსახლეობისთვის. შესაბამისად, მას ევალებოდა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.

სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას სიცოცხლის უფლება, მოიცავს, არა მხოლოდ, ინდივიდთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გონივრული ზომების მიღებას, არამედ, სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის შემთხვევაში, არსებითია დაზარალებულთა უფლებების დაცვისთვის ეფექტიანი საშაულებების უზრუნველყოფა, რათა შესაძლებელი გახდეს ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და დაზარალებულისთვის შესაბამისი სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა. ბათუმელების“ ინფორმაციით, შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე]. თუმცა, საგანგაშოა, რომ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადება არსად ახსენებს გამოძიების საკითხს, თუნდაც ფორმალურად, რაც უკვე ისედაც მიტაცებული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის უმოქმედობის პოლიტიკური გზავნილია.

დამატებით, მივუთითებთ, რომ ბათუმის მერია ვალდებულია, ტერიტორიაზე მსგავსი სხვა თხრილების არსებობიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევთ – მარკ რუტე

ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევთ. განუცხადა გამოცემა „პოლიტიკოს“ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.

მისი თქმით, ამჟამად ნატო საჰაერო თავდაცვის სისტემების, შორი რადიუსის რაკეტებისა და ტანკების ნაკლებობას განიცდის და დანაკლისის შესავსებად მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტზე მეტის დახარჯვაა საჭირო.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, შეერთებული შტატების მოთხოვნა, ეს მაჩვენებელი ხუთ პროცენტამდე გაიზარდოს, სამართლიანია.

უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება – აუცილებელია ევროპელი ლიდერების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ყველამ ანგარიში უნდა გაგვიწიოს – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გარკვევით განუცხადოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ ევროპა და აშშ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, – ინფორმაციას Bloomberg- ავრცელებს.

შოლცმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინელების მონაწილეობის გარეშე გამოსავლის გამონახვა ვერ მოხერხდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება. ცხადია, თუ ვინმეს სურს, რომ ევროპა სამომავლოდ იყოს ჩართული სამშვიდობო სტრუქტურებში, აუცილებელია ამის განხილვა ევროპასთან და ევროპელი ლიდერების ინტეგრირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – აღნიშნა შოლცმა.

მისი მტკიცებით, ევროპის ქვეყნები ერთად უფრო მეტს ხარჯავენ უკრაინისთვის, ვიდრე აშშ.

„ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ყველამ ანგარიში გაგვიწიოს“, – აღნიშნა შოლცმა.

ბათუმში ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მუდმივი მონიტორინგი – სახალხო დამცველი

ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველის აპარატი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.

სახალხო დამცველი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას გამოხატავს ბათუმში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

„ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა. ხოლო ბავშვთა სიცოცხლისა და კეთილდღეობის დაცვა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი.

ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას დაღუპულთა ოჯახების წინაშე და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს:

უზრუნველყონ სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მათ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;

შეიმუშაონ ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან – ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ და დაღუპულების ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საზოგადოებას უსამძიმრებენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან. მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია. ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმელებს და ჩვენს საზოგადოებას – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია. ორი პატარა სიცოცხლის დაკარგვა ძალიან მძიმე და მოუშუშებელი ჭრილობაა მათი ოჯახებისა და მთელი ქვეყნისთვის. ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმელებს და ჩვენს საზოგადოებას“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარის გამო კი, ერთი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, დაღუპული ერთ-ერთ ავტომობილში იჯდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შევხვდი გიორგი გახარიას და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. “არჩევნებთან” დაკავშირებით ხაზი გავუსვი, რომ ესტონეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ესტონეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

“შევხვდი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინდელ ე.წ. “არჩევნებთან” დაკავშირებით ხაზი გავუსვი, რომ ესტონეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – წერს ცაჰკნა.

უმძიმესი ღამეა, სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც „ოცნების ქალაქში” დატრიალდა, უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ჩვენ მათ გვერდით ვართ – თორნიკე რიჟვაძე

უმძიმესი ღამეა. სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც „ოცნების ქალაქში” დატრიალდა, – წერს სოციალურ ქსელში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

როგორც თორნიკე რიჟვაძე აღნიშნავს, უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს.

„უმძიმესი ღამეა. სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც “ოცნების ქალაქში” დატრიალდა. დაიღუპა ორი არასრულწლოვანი. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს.
ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს. ჩვენ მათ გვერდით ვართ”, – წერს იგი.

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ – ირაკლი კობახიძე

უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერი უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს.

საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის“,- აღნიშნავს პრემიერი.

ცნობისთვის, ბათუმში, უბედურ შემთხვევას 3 და 6 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.

ინფორმაციას რუსული მედია აფახაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება მეორე ტური, რომელშიც გუნბა ბადრა და არძინბა ადგური მიიღებენ მონაწილეობას“, – განუცხადა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, „წინასწარი შედეგები“ დღეს შუადღისას გამოცხადდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთი „კანდიდატი“ იბრძოდა: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.

შეგახსენებთ, გუშინ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა განცხადება გაავრცელა, რომელშც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს.

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ვიღაცის გამო გეგმების შეცვლა და ალტერნატიული ვარიანტების ძებნა მოგიწიოთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ – ზედმეტი ემოციები ახლა მხოლოდ სიტუაციას გაართულებს. პრობლემების მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი უფრო გართულდება. საღამოს თუ განმარტოება და სიმშვიდეში ყოფნა მოგინდათ, ტელეფონი გამორთეთ და საკუთარ თავს მცირე პაუზის საშუალება მიეცით.

რჩევა: ემოციების კონტროლი თქვენი მთავარი ამოცანაა. რაც უფრო მშვიდად იქნებით, მით უფრო ადვილი იქნება ყველა სირთულესთან გამკლავება.

კურო

კვირა დღე შეიძლება მცირე გაუგებრობით დაიწყოს, რომელიც განწყობას გაგიფუჭებთ. უმჯობესია კონფლიქტებს მოერიდოთ და არ ეცადოთ იმ ადამიანების დარწმუნებას, რომლებსაც თქვენი აზრი არ აინტერესებთ.

რჩევა: ნუ ეცდებით, თქვენ ირგვლივ ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ. ზოგჯერ უბრალოდ სიტუაციას უნდა შეეგუოთ და საშუალება მისცეთ, ისე განვითარდეს, როგორც სამყაროს სურს.

ტყუპები

დაუგეგმავი მოვლენები ამ დღეს გეგმების შეცვლას გაიძულებთ. დღის პირველ ნახევარში ახლობლებთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გელით. ეცადეთ, მომთმენი იყოთ და სხვა ადამიანების სიტყვები ზედმეტად სერიოზულად არ მიიღოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება, მაგრამ მაინც ჯობია, აურზაურს მოერიდოთ.

რჩევა: თუ ვითარება უკონტროლო გახდა, პანიკაში ნუ ჩავარდებით. ეს დღე ფიქრისთვის გამოიყენეთ და არა აქტიური მოქმედებებისთვის.

კირჩხიბი

ეს დღე მოულოდნელობებს გპირდებათ, რომლებსაც დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. შესაძლოა, რომელიმე მეგობარმა ან ნათესავმა დახმარება გთხოვოთ და უარის თქმა გაგიჭირდებათ. ეცადეთ, სხვისი პრობლემებით ზედმეტად არ დაიტვირთოთ, რადგან საკუთარიც გყოფნით. მნიშვნელოვანია ემოციური წონასწორობა შეინარჩუნოთ და შინაგან შფოთვას არ აჰყვეთ.

რჩევა: სხვების დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკუთარი კომფორტისა და შინაგანი სიმშვიდის ხარჯზე.

ლომი

ეცადეთ ემოციებთან გამკლავება ისწავლოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარშემომყოფები გაღიზიანებენ. მნიშვნელოვანია, პროვოკაციებს არ აჰყვეთ და აგრესიულად არ უპასუხოთ. სიმშვიდე დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ.

რჩევა: აკონტროლეთ თქვენი ემოციები – ეს აუცილებელია, რათა კონფლიქტები თავიდან აიცილოთ და კარგი განწყობა შეინარჩუნოთ.

ქალწული

კვირა შეიძლება იმაზე უფრო სტრესული აღმოჩნდეს, ვიდრე ელოდით. სავარაუდოდ, რამდენიმე საკითხი დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვს და სწრაფად მოქმედება მოგიწევთ. მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ძალა უსარგებლო საქმეებზე არ დახარჯოთ. ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ურთიერთობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

რჩევა: ნუ ეცდებით ყველაფერი აკონტროლოთ, ზოგჯერ ჯობია, უბრალოდ, დინებას მიჰყვეთ.

სასწორები

ამ დღეს შეიძლება უცნაური განცდა მოგიტანოთ – თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, მაგრამ არ იცით, რა. სავარაუდოდ, ინტუიცია გიკარნახებთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მოულოდნელი შემთხვევა გაიძულებთ, თქვენი ცხოვრების ზოგიერთ მხარეს გადახედოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია, დასკვნების გამოტანა არ იჩქაროთ. მიეცით საკუთარ თავს ინფორმაციის გაანალიზების დრო. დღის პირველ ნახევარში საყვარელ ადამიანებთან მცირე უთანხმოება გელით. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ გრძნობებზე საუბრის, მაგრამ ეს უხეშობის და ბრალდებების გარეშე გააკეთეთ.

რჩევა: ენდეთ თქვენს შინაგან ხმას – ზოგჯერ მან იმაზე მეტი იცის, ვიდრე გგონიათ.

მორიელი

ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს. ახალი ნაცნობები თქვენს მომხიბვლელობას და მეგობრულ დამოკიდებულებას დააფასებენ, ამიტომ მოწვევაზე უარს ნუ იტყვით და თქვენთვის საჭირო კავშირები დაამყარეთ. აჩქარება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

რჩევა: ეცადეთ, ახალ გარემოებებს შეეგუოთ. რაც უფრო მშვიდი იქნებით, ეს დღე მით უფრო ადვილად ჩაივლის.

მშვილდოსანი

უსიამოვნო საუბარი ან ურთიერთობის გარკვევა გელით, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ნუ ეცდებით მწვავე კითხვების აცილებას – რაც უფრო ადრე განიხილავთ ყველაფერს, მით უკეთესია. დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან შეხვედრა და გარემოს შეცვლა სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

რჩევა: გულწრფელი საუბარი საუკეთესო საშუალებაა გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. თუ არ იტყვით, რა გაწუხებთ, სხვები ამას ვერ მიხვდებიან.

თხის რქა

ამ დღეს შინაგანი ბალანსი თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰორიზონტზე ისევ წარსულის შეცდომები მოჩანს. შეიძლება წარსულში მომხდარი წარუმატებელი სცენარის გამეორებით განწყობა გაიფუჭოთ. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებში მოქმედება მოგიწევთ, ამიტომ არაფრის დაგეგმვა არ არის საჭირო.

რჩევა: სრულყოფილებისკენ ნუ მიისწრაფვით და ნუ ცდილობთ ყველაფერი მოასწროთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ უკან გადადგმული ნაბიჯი წინსვლის საუკეთესო გზაა.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება ისეთ საკითხში დაეჭვდეთ, რაშიც ადრე დარწმუნებული იყავით. თუ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებას გეგმავთ, მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ, რადგან აჩქარებამ შეიძლება საბედისწერო შეცდომა დაგაშვებინოთ.

რჩევა: მიეცით საკუთარ თავს მოფიქრების დრო. მშვიდ გარემოში გადაწყვეტილების მიღება უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ნაჩქარევი ქმედებები.

თევზები

შეიძლება დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებული საქმეების ჩამოღება და დასრულება მოგიწიოთ. ამ დღეს მოთმინებისა და ორგანიზებულობის გამოვლენა გმართებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეებზე გაამახვილოთ, რათა მნიშვნელოვანი მომენტები არ გამოტოვოთ.