Home Blog Page 31

დამხობა თავის თავში მოიცავს ძალადობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი დემონსტრაცია, რომელიც შეუძლიათ თავისუფლად ჩაატარონ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერი რაოდენობის მოქალაქეებმა – თენგიზ შარმანაშვილი

დამხობა თავის თავში მოიცავს ძალადობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი დემონსტრაცია, რომელიც შეუძლიათ თავისუფლად ჩაატარონ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერი რაოდენობის მოქალაქეებმა, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას. „ისინი ამბობენ, რომ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს ვარდების რევოლუციის დროს. მათ ჰგონიათ, რომ ვარდების რევოლუცია კანონდარღვევის გარეშე მოხდა. პარლამენტში რომ შემოიჭრა ამდენი ხალხი, ეს დანაშაული არ იყო? პოლიციას რომ წინააღმდეგობა გაუწიეს, კორდონები რომ გაარღვიეს, ფანჯრები ჩაამტვრიეს და პარლამენტში შემოვიდნენ ძალადობა არ იყო? ძალადობის გარეშე ეს არ ხდება. ვერანაირი ლამაზი სიტყვა და შელამაზება ამას ვერ გააკეთილშობილებს“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა. არჩევნებამდე ორი კვირა რჩება, ოპოზიციურ ველზე კი ქაოსია. პარტიები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს. ნაწილი არჩევნების ჩასაშლელად ემზადება და ხელისუფლების დამხობის მოწოდებებით გამოდის

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება

პანელური დისკუსიების სერია – „ხუთშაბათის შეხვედრები“ ბრუნდება. ახალი სეზონის პირველი შეხვედრა 25 სექტემბერს, 20:00 საათზე, ,,ლოლიტაში” გაიმართება, თემაზე – “youtube – ბიზნესი ბიზნესებისთვის“.

მრგვალი მაგიდის გარშემო ამჯერად, გიორგი კალატოზი (იუთუბერი), ნინუცა ორჯონიკიძე (იუთუბერი) და სალომე ყალიჩავა („სეტანტას“ Community Impact Head) შეიკრიბებიან. 

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერები ისაუბრებენ ქართული იუთუბის ეკოსისტემაზე. რა ბიზნესმიდგომები მუშაობს, როგორ ხდება კონტენტის მონეტიზაცია და რა ღირებულებას უქმნის იუთუბი ბრენდებს.

სპიკერები საკუთარი გამოცდილების მაგალითზე ახალი არხების ათვისების მნიშვნელობაზე, კონტენტის ხარისხსა და თანამედროვე ბიზნესმოდელებზე ისაუბრებენ. 

თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია, წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.

ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ბმულზე: https://forms.office.com/e/m8DnG4Zq3B .

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

R

ისარგებლე ერთგული ბარათის 50%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ვილოუში

22 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, თიბისის მომხმარებლებს ვილოუს შოურუმში ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, თანხის 50%, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდებათ.

შეთავაზება გავრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიაში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. შეთავაზებით სარგებლობა, მომხმარებლებს რამდენჯერმე შეუძლიათ, თუმცა ჯამში მაქსიმუმ 300 ლარი დაუბრუნდებათ.  შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტის დამტკიცება და აღება უკვე თიბისის მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, არის შესაძლებელი.

თიბისის მობაილბანკიდან ერთგული საკრედიტო ბარათის აღება, 30 სექტემბრის ჩათვლით, სრულიად უფასოა და არ გადაიხდით პირველი ერთი წლის საკომისიოს (წლიური საკომისიო განსხვავდება ბარათის ტიპების მიხედვით). ასევე, თუ დახარჯულ თანხას 55 დღემდე საშეღავათო პერიოდში დააბრუნებთ, არც დამატებითი გადასახადი დაგერიცხებათ.

ერთგული ბარათის მაქსიმალური ლიმიტი 20,000 ლარია, საშეღავათო პერიოდი კი, მაქსიმუმ 55 დღე. დამატებით თანხას ხარჯავთ ყველგან და საქართველოში ნებისმიერი ბანკის ტერმინალზე აგროვებთ მეტ ერთგულ ქულას. 4000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში კი, 12%-მდე ქეშბექს იბრუნებთ.

იყავი მიზანსწრაფული, უერთგულე სურვილებს და აიღე, ერთგული საკრედიტო ბარათი უფრო სწრაფად!

(R)

სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის მიდგომა, რომ დიპლომატები უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში -შალვა პაპუაშვილი

დიპლომატს იმიტომ ჰქვია დიპლომატი, რომ დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, ისინი უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში. ამიტომ სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ  „საფრანგეთში აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის კრიტიკა საფრანგეთის მიმართ მიუღებელია დიპლომატისთვის“.

„სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას. სწორია, როდესაც სახელმწიფო აკვირდება იმას, რომ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები მოქმედებდნენ ვენის კონვენციის ფარგლებში. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიპლომატებს აქვთ განსაკუთრებული სტატუსი, მათ კონვენციიდან გამომდინარე აქვთ პრივილეგიები და ამ პრივილეგიის საპირწონედ დგას ის თავშეკავებულობა, რომელიც მათ უნდა გამოიჩინონ შიდა საკითხებში ჩარევისგან თავის შეკავების სახით.

იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე ისაუბრონ, ამისთვის არსებობენ პოლიტიკოსები, მათივე ქვეყნის ხელმძღვანელობა. თუმცა დიპლომატს იმიტომაც ჰქვია დიპლომატი – და ამაზე პრეზიდენტმა მაკრონმაც ისაუბრა – რომ დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, ისინი უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში. ამიტომ სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის ეს დამოკიდებულება. ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა ქვეყანა, როდესაც თავად ხდება ხოლმე სხვადასხვა ჩარევის ობიექტი, მათ შორის არჩევნებში ჩარევაზეც გახსოვთ საფრანგეთის განცხადება, როდესაც ილონ მასკთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები, თავად რომ ხვდებიან, აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოცდილება სხვა თვალით შეახედებს, დააფიქრებს საკუთარ ქმედებებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შენი პირველი არჩევნები – ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩეველს, მას ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში

4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს  მოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების წევრებს. ამ მოქალაქეებს შორის იქნები შენც და კიდევ 46 000-ზე მეტი ის ახალგაზრდა, ვინც წელს პირველად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას , – ამის შესახებ აღნიშნულია ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართვაში.

„აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შენი პირველი ნაბიჯი საარჩევნო უფლების გამოყენებაა. სწორედ ამ არჩევნებზე შენ პირველად გაქვს შესაძლებლობა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში – პროცესში, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ასე რომ, როცა პირველად ემზადები ხმის მისაცემად, გახსოვდეს, რომ ეს არის შესაძლებლობა, წვლილი შეიტანო შენი ქვეყნის, ქალაქისა თუ თემის მართვასა და  მომავლის ფორმირებაში. მხარი დაუჭირო შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს, ხელი შეუწყო დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საარჩევნო კულტურის განვითარებას.

არ იფიქრო, რომ ერთი ხმა არაფერს ცვლის. ყველაფერი ერთი ხმიდან იწყება, განსაკუთრებით, როცა ეს შენი ხმაა. შენ წყვეტ, ვინ იქნება შენი მერი, ვინ იმუშავებს შენს საკრებულოში და სწორედ ეს არჩევანი განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება ადგილი, სადაც ცხოვრობ და რომელზეც გული შეგტკივა.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი საერთო საქმე. სწორედ ამიტომ მოგმართავ: გამოიყენე შენი უფლება, მოდი არჩევნებზე და აირჩიე შენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა“, – აღნიშნულია ცესკო-ს თავმჯდომარის მიმართვაში.

რა ევროპაზე შეიძლება, ვისაუბროთ, როცა „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს ექსტრემიზმს, შიდა ტერორიზმს, ვინც ექსტრემიზმს უჭერს მხარს, ის ტერორიზმს მოიმკის საკუთარ ქვეყანაში -შალვა პაპუაშვილი

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება, ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს. გაცხადებული მიზანი აქვთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა და ამის მიმართ იჩენენ მხარდაჭერას, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ვინც ექსტრემიზმს უჭერს მხარს, ის ტერორიზმს მოიმკის საკუთარ ქვეყანაში“.

„ეს ჯგუფი უკვე ღიად აცხადებს თავს ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რომლის მიზანია ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამიტომაც ვთქვი, რომ ძალიან ახლოს დავაკვირდები უცხოელების მხრიდან ამ დაჯგუფების მიმართ დამოკიდებულებას. დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრად, მათ შორის მათ მხარდამჭერი განცხადება ჰქონდათ ხაბეიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება, ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს. გაცხადებული მიზანი აქვთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა და ამის მიმართ იჩენენ მხარდაჭერას. ვინც ექსტრემიზმს უჭერს მხარს, ის ტერორიზმს მოიმკის საკუთარ ქვეყანაში. როგორც მაკრონის მაგალითი მოიყვანეთ, საბოლოო ჯამში, საკუთარ ტანზე იგრძნობს ადამიანი, თუ ქვეყანა იმ შედეგს, რომელსაც სხვაგან აყენებს. როდესაც დამხობას და  ექსტრემიზმს უჭერენ მხარს ევროპული ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები „ევროპის სახალხო პარტიის სახით“, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს მიიღებენ თავისთან. ამ ჯინს თუ სხვაგან უშვებენ, საკუთარ ქვეყანაში მიიღებენ ზუსტად იმავეს. ეს არის წესი – როდესაც სხვას ექცევი, ზუსტად იმავეს მიიღებ საკუთარ სახლში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას – ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას -პრემიერი

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, არამედ საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა და ძალიან დიდი სიხარულია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ამ ღონისძიებაში. წლევანდელი თბილისობის ერთგვარი სიმბოლური კულმინაციაა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნა და ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ არაჩვეულებრივ სასახლეს ვუბრუნებთ განახლებული სახით, ახალი ბრწყინვალებით ჩვენს ახალგაზრდებს. ეს შენობა არ არის მხოლოდ არქიტექტურული ძეგლი და მხოლოდ ამ თვალსაზრისით არ არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. ეს არის სასახლე, რომელიც ინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ამ სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, როგორც შემოქმედები, ასევე მეცნიერების, სპორტის წარმომადგენლები და ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, განსაკუთრებული ზრუნვა გამოგვეჩინა ამ სასახლის მიმართ. ასევე მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას ინახავს ეს სასახლე. სწორედ ამ სასახლეში დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ. სწორედ აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და აქ ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს. ესეც არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვეკისრება ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ. ეს არის განსაკუთრებული ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა და ყველაზე ძვირფასი, მნიშვნელოვანი არის ინვესტიცია, რომელიც იდება მომავალი თაობების და ახალგაზრდების სასარგებლოდ. მრავალი თაობა აღუზარდა ამ სასახლემ ჩვენს ქვეყანას. ძალიან ემოციური იყო გოგონათა მიერ შესრულებული სიმღერა დღევანდელ დღეს და ესეც შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია ის საქმე, რომელიც კეთდება ამ ეროვნულ სასახლეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისი კაპიტალმა საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა კორპორატიულ პარტნიორებს საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ ახალი კვლევა წარუდგინა. ბოლო წლებში ქვეყანაში ტრანსპორტირებასა და დასაწყობებაზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად სექტორისადმი ინტერესი გაიზარდა – ამ ტენდენციის საპასუხოდ, თიბისი კაპიტალმა მოამზადა პუბლიკაცია, რომელიც ადგილობრივი და გლობალური ტენდენციებით შექმნილ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს აანალიზებს. კვლევაში განხილულია საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და შუა დერეფნის, საქართველოს გავლით ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრების დამაკავშირებელი სატრანსპორტო მარშრუტის, კონკურენტუნარიანობა და პოტენციალი.

საქართველოს ლოგისტიკის სექტორი

პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოს სატრანსპორტო და დასაწყობების სექტორი სტაბილურად იზრდება – 2024 წელს დაახლოებით 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, სექტორის წილი მშპ-ში კი 5.9% იყო. ლოგისტიკის სექტორზე დადებითად აისახა გაზრდილი სავაჭრო ნაკადები ევროპას, კასპიის რეგიონს, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის.

2015 წლიდან სტაბილურად იზრდება სატრანსპორტო სექტორის ტვირთბრუნვაც. დადებითი დინამიკა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება – თიბისი კაპიტალი 2025-2028 წლებში 5,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, მთავარი ფაქტორები კი შიდა მოთხოვნისა და ექსპორტის ზრდა, ასევე, ცენტრალური აზიის სავაჭრო ნაკადების გააქტიურება იქნება.

ტრანსპორტირების ზრდამ დასაწყობების სექტორზეც გაზარდა მოთხოვნა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ტენდენცია გაგრძელდება – ადგილობრივი და ტრანზიტული ტვირთბრუნვის ზრდის ფონზე 2025–2028 წლებში დასაწყობების სერვისებზე მოთხოვნა საშუალოდ 9%-ით გაიზრდება.

ამჟამინდელი მდგომარეობით, საწყობების ჯამური ფართობი საქართველოში 2.2 მლნ. კვ.მ.-ია, რომელთა ძირითადი ნაწილი – 90% – მშრალი, 10% კი – სამაცივრე საწყობებია. მნიშვნელოვანია, რომ საწყობების 67% მესაკუთრის მიერ გამოიყენება, ხოლო 33% იჯარით გაიცემა. იჯარის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე $3-$6-ის ფარგლებში მერყეობს(დღგ-ს და მომსახურების საფასურის გარეშე), A კლასის საწყობების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი $7-$8-ია.

სატრანზიტო დერეფნები – გამოწვევები და შესაძლებლობები

რეგიონის ქვეყნებისა და საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება ზანგეზურის სატრანზიტო დერეფნის ამოქმედება, რომელიც ქმნის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ალტერნატიულ მარშრუტს კავკასიაში. მოკლევადიან პერიოდში ზანგეზურის დერეფანზე ტვირთის ნაკადების გადამისამართება ნაკლებად სავარაუდოა, საშუალოვადიან პერიოდში კი აზერბაიჯანი-თურქეთისა და თურქეთი-ცენტრალური აზიის  ტვირთნაკადების ნაწილი შეიძლება საქართველოდან  ზანგეზურის დერეფანზე გადანაწილდეს.

შუა დერეფანი, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებს საქართველოს გავლით აკავშირებს, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით უფრო აქტუალური გახდა. კვლევის მიხედვით, დერეფანი სტრატეგიულია, თუმცა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით ნაკლებად კონკურენტულია გამტარუნარიანობის, დროისა და ხარჯების თვალსაზრისით. მთავარ გამოწვევად სწორედ ინფრასტრუქტურის არასაკმარისი გამტარუნარიანობა და ადმინისტრაციული და საბაჟო პროცედურების სირთულე სახელდება.

გამოწვევებზე საპასუხოდ და შუა დერეფნის პოტენციალის გასაუმჯობესებლად  მომდევნო წლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, როგორც საქართველოში, ასევე დერეფნის სხვა ქვეყნებში. შედეგად, დერეფნის გამტარუნარიანობა ორჯერ – 6 მლნ. ტონიდან 12 მლნ. ტონამდე – გაიზრდება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2030 წლისთვის შუა დერეფნის ქვეყნების ეკონომიკური განვითარება დერეფნის პოტენციალს თითქმის სრულად აითვისებს.

(R)

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი, საინტერესო საქმის დაწყებისთვის, ექსპერიმენტებისა და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. გირჩევთ, ყველა საქმის ერთდროულად კეთებას მოერიდოთ და ყურადღება ერთ საკითხზე გაამახვილოთ. სასურველია, რომ ახალი ცოდნის დაუფლებით პროფესიული დონე გაიუმჯობესოთ – ეს კარიერულ წინსვლასა და ხელფასის ზრდაში დაგეხმარებათ.

კურო

არსებობს შანსი, რომ გაიგოთ სიმართლე, რომელსაც დიდხანს საგულდაგულოდ გიმალავდნენ და იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ყურადღებით მოუსმინეთ რას ამბობენ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები და ეცადეთ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. ამ დღეს რთული და დაძაბული ურთიერთობები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

ტყუპები

დროა, რომ შესრულებული სამუშაო გააანალიზოთ, დასკვნები გამოიტანოთ და საკუთარი თავი შესანიშნავი შედეგებისთვის დააჯილდოოთ. სრული უფლება გაქვთ, კარგად დაისვენოთ, მეგობრებთან ერთად გაერთოთ ან საოცნებო ნივთი შეიძინოთ. სხვა ადამიანების მიერ შესრულებულ სამუშაოსა და მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯი გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

კირჩხიბი

თუ თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებით, შეიძლება ახალი შესაძლებლობები დაინახოთ, რომლებიც თქვენ სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ. ახლობელმა ადამიანმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ, თუმცა ამის გამო მასთან ურთიერთობა არ გაწყვიტოთ და შეცდომის გამოსწორების შანსი მიეცით. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

ლომი

დღეს რთული საკითხების მოგვარება და რთული სიტუაციებიდან გამოსავალი უნდა მოძებნოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ყველა პასუხი კარგად გააზრებული, რისკები კი შეფასებული უნდა იყოს. 22 სექტემბერს შეიძლება მანიპულატორების მსხვერპლი გახდეთ. ნუ დაუჯერებთ ადამიანს, რომელიც თქვენს დარწმუნებას ცდილობს და საკუთარი თავით იაზროვნეთ.

ქალწული

რთული და მოვლენებით მდიდარი დღეა. დილიდან სხვადასხვა საკითხის მოგვარება მოგიწევთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან კამათს, რომელიც შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. ამ დღის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომ ყველაფერი თავად აკეთოთ. სხვების დახმარება შეიძლება შეცდომით დასრულდეს და შემდეგ ყველაფრის თავიდან კეთება მოგიწევთ. საღამოს შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები.

სასწორი

შექმნილი გარემოებები გაიძულებთ, დღის რეჟიმი შეცვალოთ და განსხვავებულ რიტმს ფეხი აუწყოთ, თუმცა შეიძლება აქედან სარგებელი მიიღოთ. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომელიც ბედმა მოგიმზადათ. ენერგეტიკული დონე დაბალია, ამიტომ ენერგია უნდა დაზოგოთ და მძიმე სამუშაო სხვა დროისთვის გადადოთ. სასურველია, ახალი პროექტები და იდეები კოლეგებთან ერთად განიხილოთ და მათ მოსაზრებებს ყურადღებით მოუსმინოთ.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა მაღაზიაში სიარულისა და საყიდლებისთვის. შესაძლოა, უსარგებლო ნივთებში ბევრი ფული დახარჯოთ და საქმე სანანებლად გაგიხდეთ. უმჯობესია, ეს დღე სახლის მოწესრიგებას და დასუფთავებას დაუთმოთ. თუ მოინდომებთ, შეიძლება საკმაოდ რთულ და უცნობ ამოცანებსაც კი გაუმკლავდეთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ ამ დღეს ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან თავი შეიკავოთ და ფინანსური კეთილდღეობის ასამაღლებლად რამე უჩვეულო გზა მოიფიქროთ. აკონტროლეთ საკუთარი სურვილები – ვნებების აყოლა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარ თავში რაღაც უჩვეულო თვისებები აღმოაჩინოთ და ამით თავადვე გაკვირვებული დარჩეთ.

თხის რქა

დროა, ფულის დაზოგვა და დაგროვება დაიწყოთ, რადგან მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. ეცადეთ, დასვენების დღე აქტიურად გაატაროთ – მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში წადით და დადებითი ემოციებით დაიმუხტეთ. შესაძლოა, დღეს აზრი შეიცვალოთ საკუთარ თავზე და არა მარტო.

მერწყული

არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ დღეს ძველი სურვილი აისრულოთ. მოერიდეთ ახალი პასუხისმგებლობების აღებას და დაპირებების გაცემას – მათი შესრულება რთული იქნება. შეიძლება ძველი ბიზნესპარტნიორებისგან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. სანამ დათანხმდებით გირჩევთ, ყველა შესაძლო რისკი კარგად აწონ-დაწონოთ.

თევზები

საყვარელი ადამიანების კრიტიკულმა შენიშვნებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ და თქვენი თავდაჯერება შეარყიოს. ეცადეთ, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან იღბალი თქვენს მხარეზეა. საოჯახო საქმეები ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას მოითხოვს. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ადამიანებში კარგად ერკვევით – თუ ვინმე მოგწონთ, ის ამას იმსახურებს.

 ,,ევროპა ყველაფერს აკეთებს ომის გასაგრძელებლად”- დიმიტრი პესკოვი

ევროპა ყველაფერს აკეთებს ომის გასაგრძელებლად, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ეს კიევის რეჟიმია, მეორე მხრივ კი, ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ დაძაბულობის გასაძლიერებლად. ყველაფერს აკეთებენ ომის გასაგრძელებლად და ზელენკსის წასახალისებლად, რომ ეს გააკეთოს“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ისგან და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ელოდება, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად ძალისხმევას გამოიჩენენ.

,,იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული”- მეუფე შიო

იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს, რომელიც დაემთხვა კვირა დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს ხარობს ცა, ხარობს მიწაც და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესიაც დღესასწაულის ტროპარში: „შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“. ეს სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა ამქვეყნად მოავლინა ყოვლადწმინდა დედა და დედოფალი ჩვენი – ღვთისმშობელი.

მისი მოვლინება მოწმობს იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ კაცობრიობა არ არის მიტოვებული და განწირული ცოდვაში დასაღუპად; როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „ძე კაცისა მოვიდა საცხონებლად წარწყმედილისა“ (ლკ. 19, 10). უნდა მოსულიყო ძე კაცისა, უფალი იესო ქრისტე, მზე სიმართლისა ამ დედამიწაზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა, რომ გამხდარიყო დაუტევნელის დამტევნელი და ამ სამყაროში უდიდესი სიწმინდის კიდობანი. იგი აღასრულებს ყოვლადწმინდა სამების განგებულებას და ამიტომაც უგალობს მას ეკლესია ასეთი სიხარულით და უწოდებს „ქრისტე ღმერთის დედას“, „ცისა და მიწის დედოფალს“, ადარებს განთიადს, რომელიც წინასწარ გვამცნობს მზის ამოსვლას, სიმართლის მზის ამობრწყინებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წმინდა ეკლესია დიდი მოწიწებით უწოდებს ასევე ცოდვილი კაცობრიობის შემწესა და მეოხს.

არ არის ადვილი საქმე დაცემულთა და უღირსთა შეწევნა. არც ღვთისმშობლისთვის არის ეს იოლი მისია, ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით ჩვენი დაცემებით, ჩვენი ცოდვებით, თავად ვიქმნით სირთულეებს, რადგან აღვმართავთ კედლებს, წინაღობას, რაც გვაშორებს ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული.

მრავალ ჩვენგანს უჭირს სინანული, ზოგს ახალგაზრდობის გამო, ზოგიერთს – ამქვეყნიური, მიწიური მიჯაჭვულობის და სხვადასხვა მიზეზის გამო. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე. იმათ შორისაც კი, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა ან სხვა მიწიური სიკეთე, ბევრს ავიწყდება ღმერთი და ღვთისმშობელი. საერთოდ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება უფალი და ღვთისმშობლის სიყვარული და დედობრივი მზრუნველობა.

მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი მაინც ღვთისმშობლის შვილია, ღვთისმშობელი ყველასთვის არის: კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის. მისი სიყვარული, დედობრივი მზრუნველობა, ლოცვა და შეწევნა ყველაფერს აღემატება, მას ყველა შვილი უყვარს და ყველასთვის ევედრება თავის საღვთო ძეს. ამიტომ შეუძლებელია, უფალმა იესო ქრისტემ არ შეისმინოს მისი თხოვნა. არცერთი დედის ლოცვა არ ჩაივლის უკვალოდ, ძვირფასო ძმებო და დებო, მით უმეტეს, იმ დედისა, რომელიც თავის თავში აერთიანებს დედობრივი სიყვარულის მთელ სისავსეს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გული შესტკივა ჩვენთვის, ის ტირის ჩვენ გამო, ჩვენთან ერთად და ჩვენთვის; განუწყვეტლად, მხურვალედ ევედრება თავის ძეს ჩვენ ცოდვილთათვის, რომ მოგვცეს წყალობა. უფალი იესო ქრისტეც მისი ლოცვით გვაძლევს ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული ცხოვრებისთვის.

სწორედ ამიტომ მას ყოველთვის მივმართავთ და ვევედრებით: – შეგვიწყალენ ყველანი, ყოვლადწმინდაო დედაო და დედოფალო ჩვენო, მარადის ქალწულო ღვთისმშობელო! მოგვმადლე ყოველივე, რაც საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი ცხოვრებისთვის. დალოცე, გააძლიერე, გაამთლიანე, გადაარჩინე შენი წილხვედრი საქართველო. გააძლიერე დიდი მეუფე და მამა ჩვენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. დაიფარე ჩვენი ეკლესია, ჩვენი სამშობლო ხილული და უხილავი მტრებისგან. შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ, რამეთუ შენ ხარ მფარველი და მეოხი მონათა და მხევალთა შენთა. ამინ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენ და სრულიად საქართველოს. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

,,არაბული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას” – თბილისის მერი

დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, არაბული ინვესტიციები, რომელიც თბილისს და აჭარის რეგიონში ხორციელდება, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველოში მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები. იცით, რომ საუბარია 6 მილიარდიან ინვესტიციაზე ჩვენს ქვეყანაში – თბილისსა და აჭარის რეგიონში. ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი ინვესტიცია, რაც საქართველოში აქამდე განხორციელებულა და ეს მისასალმებელია. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აისახება ჩვენზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.