Home Blog Page 31

ირაკლი კობახიძე – იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ

იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც ეწოდება „დიფ სთეითი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად უზბეკეთში განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ, აშშ-ში პროტესტის დამფინანსებლად ე.წ. „ფასიანი პრობლემების შემქმნელების” დასახელებას შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ეს განცხადებაც არის აბსოლუტურად ლოგიკური და ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, გათავისუფლდეს არაფორმალური გავლენებისგან.

„მე მგონია, რომ პრეზიდენტის ეს განცხადებაც არის აბსოლუტურად ლოგიკური, მითუმეტეს, რომ ხელწერა არის ზუსტად იდენტური. ზუსტად იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს თანხვედრა ხელწერაში, რა თქმა უნდა, არის იმის მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც ეწოდება „დიფ სთეითი”, ანუ გლობალური ომის პარტია. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, რომ გათავისუფლდეს ასეთი არაფორმალური გავლენებისგან, მცდელობებისგან, რომელიც არის მიმართული სხვადასხვა სახელმწიფოს ძლიერების შერყევისკენ. ეს არის ჩვენი ინტერესიც და მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე ჩვენს ინტერესებს ემთხვევა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის ინტერესები,”- აღნიშნა პრემიერმა.

 ,,ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით” – პრემიერი

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. თქვენ ხედავთ, რომ ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, მესიჯებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარია, რომ საბოლოოდ სწორად დალაგდეს აღქმები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში. 

„მთავარია, რომ Deep State-ისგან, „გლობალური ომის პარტიისგან”, მისი გავლენებისგან გათავისუფლდეს ყველა ევროპული ქვეყანა, საბოლოო გათავისუფლდეს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ შემთხვევაში პრინციპები იქნება დაცული. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, ამ შემთხვევაში კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე იქნება ისეთი პრინციპები, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და ა.შ. Deep State-ის და „გლობალური ომის პარტიის” გავლენის პირობებში თქვენ ხედავდით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა ეს პრინციპები. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ტენდენცია გაგრძელდება, რომელსაც დღეს ვხედავთ ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ,,ჩვენ გეგმაში არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

ვემზადებით და ჩვენ გეგმაში არის, რომ [თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის თქმით, ისინი დააკვირდებიან თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამასთან, აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, ოპოზიციური პარტიები „პარლამენტში რომ არ შევიდნენ, რა ხეირი მიიღეს ამისგან“.

„თან დავაკვირდებით ზოგადად მოვლენებს, როგორ განვითარდება და თუ ე.წ. თავის თავს რომ ეძახიან, ბარიერგადალახული პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას, სხვა პრობლემა გვექნება, რამდენი ადამიანი ვიპოვოთ, რომ საკრებულოებში გავიყვანოთ. მე ისიც არ მესმის პარლამენტში რომ არ შევიდნენ, რა ხეირი მიიღეს ამისგან, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჭორების დონეზე, ასე ვთქვათ, რომ ელოდებიან ვინ იტყვის პირველი, რომ მას ქოცები დაუძახონ, მერე თქვან, რომ ისინი უკვე იღებენ მონაწილეობას და ბარემ ჩვენც მივიღებთო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

აშშ-მა შეაჩერა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის -Sky News

აშშ-მა უკრაინასთან შეაჩერა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთანავე, კიევში აცხადებენ, რომ სადაზვერვო მონაცემების გაზიარება სრულად არ შეწყვეტილა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა ამ ნაბიჯს „შერჩევითი“ უწოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია კვლავ მიეწოდება უკრაინას და ეს ინფორმაცია შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსული ძალების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.

პარალელურად, თეთრ სახლში „ფოქს ბიზნესის“ კორესპონდენტი, ედუარდ ლოურენსი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯონ რატკლიფმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტა დაადასტურა.

რა ეღირება დოლარი და ევრო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7858 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7905 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9783 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9350 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0433 ლარი შეადგინა

“ტვ პირველის” ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის სასაზღვრო ზოლის გავლით დატოვა

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის სასაზღვრო ზოლის გავლით დატოვა.

როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რა წერია პროკურატურის მასალებში, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილისთვის ახალი ბრალის წარსადგენად გადაიგზავნა.

„შსს სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რის შემდეგაც სომხეთიდან უკვე მესამე ქვეყანაში გადავიდა“,- აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართება.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა“. ბაჩიაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი არ აქვთ-რატი იონათამიშვილი

მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია განადგურებულია და მათზე დიდი ყურადღების დათმობა არ უნდა მოხდეს.

„მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის. შესაბამისად, ეს ადამიანები თავიანთ ფანტაზიებში როგორ დაიკარგებიან, რას იტყვიან და რას გამოთქვამენ, მნიშვნელოვანი აღარ არის, რადგან წარსულის პერსონაჟები არიან. მათზე დიდი ყურადღების დათმობა არ უნდა მოხდეს, რადიკალური ოპოზიცია განადგურებული და დეგრადირებულია. ცხადია, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი არ აქვთ. ისინი აქამდე უცხო ძალების მხრიდან იმართებოდნენ. როგორც ჩანს, მათი პატრონები შავ დღეში არიან და ეს მათზეც აისახება. ესენი ამ ქვეყნის წარსულს და ისეთ ოპოზიციად წარმოადგენენ, რომელიც არსად არ უნდა იყოს. ამ ადამიანებზე საუბარი უხერხულიცაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

“ამ მოცემულობაში არანაირ ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი არ და ვერ იქნება”-ირაკლი ფავლენიშვილი 

ამ მოცემულობაში არანაირ არჩევნებზე საუბარი არ იქნება და ვერ იქნება, კრიტიკულ აზრს ახშობენ, მიიღეს კანონები, რომლებიც უნდა გამოიყენონ არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების და მათ შორის, ოპოზიციური ტელემედიების გასაუქმებლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ადგილობრივ არჩევნებზე რომ დაიწყოს ახლა საუბარი, არაადეკვატური იქნება.

„ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. როცა ცესკო-ს დაკომპლექტების წესი და სხვა მიმართულებები იქნება შესაბამისობაში დემოკრატიულ სტანდარტებთან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ექნება აზრი საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება

ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის

 

რა ცვლილებები იგეგმება და რას უნდა ელოდოს საზოგადოება ახალი სეზონისგან? ამ საკითხებზე ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა გვესაუბრება.

გიორგი სურმავა 1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში_აფხაზეთში (1992-1993) და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. დაჯილდოებულია მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“, ასევე, უწყებრივი მედლებით.

– ბატონო გიორგი, როგორ ემზადება „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ახალი სეზონისთვის? რა მიმართულებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული?

-შეკრებები დაიწყება აპრილის ბოლოს. ახლა მიმდინარეობს ბანაკის მოწესრიგება, ტენდერების გაფორმება (კვებაზე, ბაზის მოვლაზე…), ინსტრუქტორების მომზადება და სხვა მოსამზადებელი ღონისძიებები. ამ წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული დანაყოფების დაკომპლექტებას, რაც საშუალებას მოგვცემს რეგიონებში გვყავდეს სათანადოდ მომზადებული და ორგანიზებული მოხალისეები, რომლებიც საგანგებო თუ საომარი მდგომარეობის დროს ჩაერთვებიან სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ მოქმედებებში. დავიწყებთ სპეციალისტების მომზადებას – დრონების ოპერატორები, საველე მაშველები და სხვა. გარდა ამისა, ჩატარდება შეკრებები, სადაც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები შეისწავლიან, თუ როგორ იმოქმედონ საომარი თუ საგანგებო მდგომარეობების დროს (მაგალითად, ვგეგმავთ სპეციალიზებულ კურსს ჟურნალისტებისთვის).

– წინა სეზონის გამოცდილებიდან გამომდინარე, რა იყო ყველაზე წარმატებული ასპექტი და რა ასპექტების გაუმჯობესებას გეგმავთ?

– წინა წელს გამოცდა იყო ჩვენი კოლექტივის ქმედითუნარიანობის. წარმატებით გავართვით თავი შეკრებების ჩატარების საორგანიზაციო საკითხებს. რაიმე ჩავარდნა არ ყოფილა. ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი დამფუძნებლები. 2025 წელს ვგეგმავთ მოხალისეთა მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც უნდა მოხდეს სასწავლო პროგრამების დახვეწის და მოხალისეთა კონტინგენტის მრავალჯერადი მოზიდვის ხარჯზე.

-როგორია მონაწილეთა დაინტერესება და ჩართულობა? არის თუ არა მოთხოვნა და ინტერესი ახალგაზრდებსა და მოქალაქეებს შორის ახალ სეზონისთვის?

– ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ამ პროექტით. მათ აინტერესებთ შეკრებებზე ერთად ყოფნა, რაღაც ახლის შესწავლა და ა.შ. ჩვენი ამოცანაა მათ გავუჩინოთ სურვილი, რომ სისტემატურად იარონ შეკრებებზე, ჩამოყალიბდნენ ჯგუფებად და იგრძნონ, რომ სამშობლოს ასე უფრო გამოადგებიან გასაჭირის დროს. ვიდრე, ცალ-ცალკე და არაორგანიზებულად. აპრილში დავიწყებთ შეკრებების დაკომპლექტებას და ვფიქრობთ ინტერესი მაღალი იქნება. ჩვენ, ასევე, ვაპირებთ ჩავრთოთ პროექტში ყოფილი სამხედროები, რომლებსაც გავლილი აქვთ ომები და საერთაშორისო მისიები. მათი გამოცდილება დიდი რესურსია და ასევე ორგანიზებულად უნდა იქნას გამოყენებული;

– როგორი ცოდნა და უნარები რჩებათ კურსდამთავრებულებს? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ისინი სწავლობენ კურსის განმავლობაში?

– პირველი შეკრების გავლის შემდეგ მოხალისეები შეიძენენ ელემენტარულ ცოდნას და გამოცდილებას ისეთ საგნებში, როგორიცაა: საცეცხლე მომზადება, სამხედრო-საინჟინრო საქმე, საველე მედიცინა, თვითგადარჩენა, ტოპოგრაფია და ნავიგაცია და ა.შ. შეკრებების კურსის გავლის შემდეგ მათ ექნებათ დაახლოებით ისეთივე მომზადების დონე, როგორც რეზერვისტებს. ჩვენ მათ იგივე პროგრამით ვამზადებთ;

– რას ურჩევდით ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, რომლებიც ფიქრობენ, ჩაერთონ თუ არა ორგანიზაციის საქმიანობაში?

– საქართველოს თავდაცვის ძალების რიცხობრივი შემადგენლობის ზღვარი დამტკიცებულია პარლამენტის მიერ და შეადგენს 38 000-მდე მებრძოლს. რეზერვში გათვალისწინებულია 12 000-მდე მებრძოლი. შსს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტში ხალხის რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია. გამოდის რომ, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში უშუალოდ ჩართულია დაახლოებით 50 000 ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში მონაწილეობა ბევრად მეტს სურს და შეუძლია. ჩვენ მათ შესაძლებლობას ვაძლევთ თავიანთი წვლილი ორგანიზებულად შეიტანონ ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში;

– კიდევ ერთხელ, რომ განვმარტოთ, როგორ შეიძლება რეგისტრაცია და რა ეტაპებია, სანამ მოხალისე უშუალოდ გაივლის მომზადების კურსს?

– რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე უშუალოდ ჩვენს ორგანიზაციაში მოსვლით ან დარეკვით. რეგისტრაციის შემდეგ მას დაუკავშირდებიან და შეუთანხმდებიან შეკრების დროზე და პირობებზე.

ოპოზიცია ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ, ეს მცდელობა დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება -ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციას თვითლიკვიდაციის რეჟიმი ჰქონდა და ახლა გამქრალი მდგომარეობიდან აღდგენა უნდათ. ერთმანეთისგან იდეოლოგიურად არც განსხვავდებიან, ამიტომ ვამბობდით, რომ, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, უბრალოდ, საარჩევნოდ მათი სეგმენტებად დაყოფა მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ, ეს მცდელობა კი დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება.

„ოპოზიციას თვითლიკვიდაციის რეჟიმი ჰქონდა და ახლა გამქრალი მდგომარეობიდან აღდგენა უნდათ. ერთმანეთისგან იდეოლოგიურად არც განსხვავდებიან და სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ არიან. უბრალოდ, საარჩევნოდ მათი სეგმენტებად დაყოფა მოხდა. მათი შედეგი რა იყო, ისიც ვნახეთ, ისევე როგორც შემდეგ როგორ იმოქმედეს. ოპოზიცია დღეს ნულოვან მდგომარეობაშია, თვითრეანიმაციას ცდილობენ. მგონი, ეს მცდელობა დიდი არაფერი შედეგის მომტანი იქნება. ოპოზიცია, ლიდერების თამადობით, იმდენად გაკოტრებულია, რომ საპროტესტო აქციაზეც ვერ გამოდიან და მიტინგებს ვერ მართავენ. ცდილობენ, ისეთი მულაჟი შემოიტანონ, რაც თითქოსდა უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური შედეგი დამოუკიდებლად არასოდეს არ დაუდია. თავიდან საგარეო საქმეთა მინისტრად სააკაშვილმა წაიყვანა, შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მაჟორიტარი დეპუტატი და პრეზიდენტი გახდა. ამიტომ ახლა ნულოვანი ოპოზიცია ნულოვან ლიდერს დაიყენებს თუ არა, ამით ჯამი მაინც ნულოვანი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას – ირაკლი კობახიძე

საქართველოსა და უზბეკეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომობა ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ გუშინ და დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლოდ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა განსაკუთრებული მიღებისთვის და ჩვენი ხალხისა და დელეგაციისადმი მეგობრული დამოკიდებულებისთვის.

ნამდვილად შთამბეჭდავია, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. სწრაფად ვითარდება თქვენი ქვეყანა. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეფორმებმა და იმ გარდაქმნამ, რაც უზბეკეთში ხორციელდება თქვენი ლიდერობით.

გუშინ გვქონდა შესაძლებლობა ტექნოპარკში გვენახა ტრანსფორმაციის საუკეთესო მაგალითი, რაც თქვენს ქვეყანაში ხორციელდება.

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგიწვიოთ საქართველოში.

სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომობა ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მთავრობების წარმომადგენლებს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ გუშინ და დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე.

ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. დაინტერესებულნი ვართ, სავაჭრო პარტნიორობა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენს ქვეყნებს შორის.

ინვესტიციების ნაწილშიც შესაძლებელია გააქტიურება. თქვენი საინვესტიციო გარემო შეიძლება ძალიან მიმზიდველი იქნეს ქართველი ინვესტორებისთვის და საქართველოც ძალიან საინტერესეო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას. საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და ისტორიულად აკავშირებდა ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს.

გვსურს, ამ სტრატეგიული ადგილმდებარეობით მაქსიმალურად ვისარგებლოთ და ამ მიმართულებითაც ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეიძლება იყოს თანამშრომლობა საქართველოსა და უზბეკეთს შორის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ტრამპი და ვენსი ჭკვიანები და გონიერები კი არა, უმეცრები და უვიცები არიან“ – რას წერს The Daily Telegraph-ი

 „ნება მომეცით ახალი ამერიკული ეპოქის ჩემეული ხედვა გაგაცნოთ“, – ასე იწყებს თავის სტატიას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ექს-მინისტრი ბენ უოლესი, რომელიც ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 5 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სათაურით „ტრამპი და ვენსი ჭკვიანები და გონიერები კი არა, უმეცრები და უვიცები არიან“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი, როგორც ჩანს, ყველაფერში თვითონ არიან  დარწმუნებულნი, რასაც ლაპარაკობენ. ისინი არ ხუმრობენ, როცა ამბობენ, რუსეთის საფრთხეს არ წარმოადგენს. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ამერიკამ ნატო უნდა დატოვოს და რომ გრენლანდია აუცილებლად უნდა მიიერთონ. მათი აზრით, მსოფლიოში მხოლოდ ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს აქვთ მნიშვნელობა. ისინი ბრიტანეთს ევროპისაგან გარიყულ ქვეყნად თვლიან. მათი აზრით, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ვინც ძლიერია, მართალიც ის არის. დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის ლოზუნგის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (ანუ MAGA – „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) რეალიზებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ოპონენტების, სასამართლოსა და მასმედიის შეზღუდვას. მათთვის ფაქტები მონაგონია, ხოლო მონაგონი – ფაქტები.  ამერიკას განზრახული აქვს ევროპიდან თავისი ჯარები გაიყვანოს, პუტინის გულის გასახარებლად. ისინი თანხმდებიან უკრაინის განადგურებაზე, ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად.

„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სხვა ქვეყნებზე შურისძიებას ნიშნავს. ტრამპსა და ვენსს თაკერ კარსონის ყოველი ტყუილი სინამდვილე ჰგონიათ. თუ ამერიკა ჩაიკეტება და საკუთარ ნაჭუჭში მოექცევა, საკუთარ თავს ვკითხოთ: ვისთვის არის ეს სასარგებლო? თუ ნატოში განხეთქილება მოხდება, როგორ იქნება ალიანსი ავტორიტეტული და სხვებისთვის სასურველი ორგანიზაცია? ვინღა დაუჭერს მხარს სახელგატეხილ ნატოს?

გარწმუნებთ, რომ ამით დასავლეთში არავინ მოგებული არ იქნება. სამაგიეროდ, რეალური მოგება ექნებათ რუსეთს, ჩინეთს და მსოფლიოს ყველა ჯურის ექსტრემისტებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ამერიკას თავის უპირველეს სამიზნედ თვლიდნენ. ისინი ნადირობენ არა ევროპაზე, არამედ ძია სემზე. პუტინი – კაცი, რომელიც თავისი ცხოვრების განმავლობაში დასავლეთს ევრძოდა, დონალდ ტრამპის მეგობარი ხდება. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ არ დავიწყებიათ ის დამცირება, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის სედეგად გადაიტანეს. რუსეთს დასავლეთის ქვეყნებს შორის განხეთქილება შეაქვს – კრემლი ამას ყველანაირად ცდილობს.

ჩინეთი გახარებული იქნება დღევანდელი მსოფლიო წესრიგის დემონტაჟით. ტაივანის გამო ყველაფერი, რამაც ამერიკა ნამდვილად დიდებულ და მდიდარ ქვეყნად გადააქცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაფერი პოტენციურ კოცონზეა დაწყობილი დასაწვავად. დღეს ჩინეთს ტაივანის სრუტის გადალახვა [და კუნძულზე თავდასხმა] ყველაზე იოლად შეუძლია.

არ ვიცი, რეალიზდება თუ არა ეს ყველაზე უარესი სცენარი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს არ მოხდება. დონალდ ტრამპი გააცნობიერებს, რომ ყველა წააგებს, თუ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ იზოლაციონიზმის სიმბოლო იქნება. იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი მიხვდებ, რომ მეგობრებს „უბილეთო მგზავრები“ არ უნდა უწოდოს და ყველას ყველაფერში ფულის გადახდა მოსთხოვოს. ეს ისეთ განხეთქილებას და უტანხმოებას იწვევს, რომლის გამოსწორება ზალიან რთულია.

მე ასევე იმედი მაქვს, ჩვენ, ატლანტიკის აქეთ ნაპირზე მცხოვრებნი, არ დავივიწყებთ, რომ ამერიკა მხოლოდ ერთი, დღევანდელი პრეზიდენტი არ არის. შესაძლოა ჯეი დი ვენსს ეწყინოს, მაგრამ ყველა ამერიკელი მისებურად არ ფიქრობს.

სამწუხაროდ, ამჟამად შემაშფოთებელი დროა დამდგარი. ჩვენ საკმაოდ შორს ვართ რონალდ რეიგანისა და მარგარეტ თეტჩერის ეპოქიდან. ყველა ჩვენთაგანისათვის სახიფათოა ის, რომ ოვალური კაბინეტის ახალი ბინადრები არასწორ განცხადებებს აკეთებენ და რაც სოციალურ ქსელებში იწერება, ბოლო ჭეშმარიტებად თვლიან.

ჩვენ თავის დროზე უარი ვთქვით Twitter-ით სარგებლობაზე. ერთმა ამერიკელმა მაგნატმა კერძო საუბარში მისაყვედურა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება სოციალური ქსელების რეგულირებას ცდილობს. როცა მე უშიშროების მინისტრი ვიყავი, საოცარი ფაქტები გავიგე – სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ხდებოდა ათასობით ადამიანის გადაბირება „ისლამური სახელმწიფოსგან“ და „ალ-ქაიდას“ მიერ.

ირონია იმაში გამოიხატება, რომ სწორედ ის სოციალური ქსელები, რომლებსაც MAGA იყენებს „ამერიკისათვის ძველი დიდების დასაბრუნებლად“, სინამდვილეში მას ასუსტებს და შლის.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჩვენგანს უფლება გვაქვს თავისუფლად გამოვთქვათ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მოქმედებასთან მიმართებით, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სწორად იქცევა, როცა იგი თეთრი სახლის მიმართ რბილ დამოკიდებულებას იჩენს. მეორევადიან დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აღზდა ჭირდება, რბილი მეთოდებით, იგი არ უნდა ვლანძღოთ.

მოდით, დონალდ ტრამპზე ვიმსჯელოთ მისი პრაქტიკული ნაბიჯების შედგებით და არა იმ ხმამაღალი განცხადებებით, რომლითაც ყოველი მთავრობა იწყებს თავის საქმიანობას. ჩვენ უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს, თუმცა, უნდა ვემზადოთ უარესისთვისაც.

წყარო