Home Blog Page 31

თიბისი x ქართული რაგბი – 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 6 ერის ფესტივალისთვის დაირაზმა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) გარდა, წელს ესპანეთის 18-წლამდე ნაკრებიც ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების საფესტივალო მატჩების კალენდარი ასეთია:


10 აპრილი – საქართველო Vs იტალია

14 აპრილი – საქართველო Vs უელსი

18 აპრილი – საქართველო Vs ირლანდია

ზურა ამონაშვილის გაწვრთნილი გუნდი საფრანგეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

ნიკოლოზ ბალანჩივაძე, გაბრიელ რაზმაძე, ალექსანდრე გამყრელიძე, ლუკა წიკლაური, გიორგი ბერძენიშვილი, დავით ხურციძე, ანდრია ბილანიშვილი, იოსებ ღვინჯილია, დავით ბარამია, ნიკოლოზ ჩხორთოლია, შოთა გვრიტიშვილი, მათე ბერუაშვილი, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე, გოგა უშვერიძე, გიორგი ხონელიძე, ლევან ბუცხრიკიძე, გიორგი გაბუნია, დათა ახვლედიანი, დემეტრე დევდარიანი, გიორგი კეკელია, ლუკა ტაბატაძე, ავთანდილ ზვიადაძე, ივა კვირიაშვილი, დავით არობელიძე, ლუკა ჭკადუა.

თიბისი აგრძელებს ქართული რაგბისა და ახალი თაობის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, რომ 6 ერის კარი, პირველად, სწორედ, ახალგაზრდებმა შეაღეს. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართული რაგბის მომავალ თაობას.
#ერთადგავიმარჯვებთ

აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში პარტიული უთანხმოება სულ უფრო მატულობს – The Wall Street Journal

ამერიკულმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ (The Wall Street Journal) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გამოკითხვის შედეგი მოწმობს, რომ საგარეო პოლიტიკაში პარტიული უთანხმოება სულ უფრო მატულობს“ (ავტორები – ალექსანდრე უორდი და აარონ ზიტნერი).

 როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოება საგარეო პოლიტიკაში ისეთია, რომ მათ ერთმანეთისაგან უფსკრული აშორებთ. გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელთა 80% უკრაინისათვის ფინანსური დახმარების წინააღმდეგ გამოდის, ხოლო დემოკრატთა 83% – მხარს უჭერს. გამოკითხვით ასევე გამოვლინდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა სუსტი მხარდაჭერა აქვს ტერიტორიული ექსპანსიის საკითხში, კანადისა და გრენლანდიის სავარაუდო მიერთებასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როგორც The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რესპუბლიკელი ამომრჩეველი სულ უფრო ხშირად გამოდის უკრაინისათვის დახმარების გაწევის წინააღმდეგ, ისინი ასევე ნეგატიურად არიან განწყობილი თავისუფალი ვაჭრობისა და აშშ-ის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართ.

გარდა ამისა, რესპუბლიკელი ამომრჩეველი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ნატოელმა მოკავშირეებმა თვითონ უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და ამერიკის ხელის შემყურეები არ უნდა იყონ. ვაშინგტონმა უნდა შეწყვიტოს ევროპელი მოკავშირეების მიმართ გადაჭარბებული ზრუნვა და არ უნდა დახარჯოს მათ დასაცავად თავისი საგადასახადო შემოსავლები. გამოკითხული დემოკრატების 83% თვლის, რომ საერთაშორისო ალიანსები (ნატო) ძალის წყაროებს წარმოადგენენ და ამერიკამ მათ მხარი უნდა დაუჭიროს.

აზრთა სხვადასხვაობა იმის გამო წარმოიქმნა, რომ რესპუბლიკელები წლობით უჭერდნენ მხარს იზოლაციონისტურ შეხედულებებს აშშ-ის როლზე მსოფლიოში, ხოლო დემოკრატები აგრძელებდნენ საერთაშორისო ალიანსებისადმი ერთგულებას.

2019 წელს გლობალური საკითხების ჩიკაგოს საბჭოს გამოკვლევის მიხედვით, რესპუბლიკელ და დემოკრატ პარტიულ ამომრჩევლებს შორის საგარეო პოლიტიკაში განსხვავება 15-პუნქტიანი იყო, ხოლო 2023 წლისათვის სხვაობა 30 პუნქტით გაიზარდა.

ახალი გამოკითხვის შედეგად, დემოკრატთა 83% მხარს უჭერს უკრაინისადმი ფინანსური დახმარების გაწევის გაგრძელებას, ხოლო ამის წინააღმდეგნი გამოდიან რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 79%. 2023-2024 წლების განმავლობაში დემოკრატები აცხდებდნენ, რომ ამერიკამ უკრაინისათვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ხოლო რესპუბლიკელები ამბობდნენ, რომ ამერიკა გადაჭარბებულად ბევრს აკეთებს კიევისათვის.

გამოკითხვაში მონაწილეობის მიმღები ამომრჩევლების (დემოკრატებისა და რესპუბლიკელების) საერთო რაოდენობიდან 49%-მა მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების გაგრძელებას, წინააღმდეგი გამოვიდა 44%.

რაც შეეხება  დონალდ ტრამპის ტერიტორიულ ამბიციებს კანადისა და გრენლანდიის მიმართ, რაც  პრეზიდენტის ერთ-ერთ ძირითად საგარეოპოლიტიკურ მიზნად ითვლება, გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ორივე პარტიას ტერიტორიული ანექსიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. დემოკრატ ამომრჩეველთა დაახლოებით 62% ანექსიის იდეას ცუდ იდეად თვლის, 25% კი მხარს უჭერს. რესპუბლიკელთა შორის 51%-მა ტერიტორიულ ექსპანსიას კარგი იდეა უწოდა, 28%-მა ცუდი (გამოკითხვა არ ეხებოდა პანამის არხის და ღაზას სექტორის გაკონტროლებას).

მთლიანობაში გამოკითხვის შედეგები პარტიული ლიდერების პოზიციებს დაემთხვა. ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი თანაპარტიელი დემოკრატები მტკიცედ უჭერდნენ მხარს უკრაინის დაცვას, ხშირად აცხადებდნენ, რომ კიევს „იმდენს დაეხმარებიან, რამდენიც საჭიროა“. დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, პრეზიდენტი და მისი გარემოცვა, ვიცე პრეზიდენტ ჯეიმს ვენსის ჩათვლით სულ უფრო ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებს უკრაინის მძიმე მდგომარეობის მიმართ და უპირატესობას ანიჭებს შუამავლობას რუსეთთან მიმართებით. „სწორედ დემოკრატები ითვლებიან ინტერნაციონალიზმის იდეების გამტარებლად. ისინი ასევე მხარს უჭერენ აშშ-ის მრავალმხრივობის იდეასაც“, – ამბობს დინა სმელცი, გლობალური საკითხების შემსწავლელი ჩიკაგოს ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.

ორი პარტიის საგარეოპოლიტიკური ორიენტაციების განსხვავების კიდევ ერთი მაგალითია ის, რომ გამოკითხვის მიხედვით, ნატოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს დემოკრატთა 81%ს, ხოლო რესპუბლიკელებიდან მხოლოდ 31%-ს.

თავისუფალი ვაჭრობის მიმართ რესპუბლიკელების სკეპტიციზმი გამოვლინდა ბაჟების საკითხში. კითხვაზე, კარგია თუ ცუდია აშშ-ის ეკონომიკსათვის საბაჟო გადასახადების გადიდება იმპორტულ პროდუქციაზე, 77%-მა რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ კარგია, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხოლო დემოკრატთა 93%-მა დაიჩივლა, რომ მოიმატებს ფასები და სხვა ბევრი ნეგატივი.

ზოგადად, ამერიკელების უმნიშვნელო უმრავლესობა მხარს უჭერს უცხოეთის ქვეყნებისადმი დახმარების შემცირებას (51%). მაგრამ პარტიების მიხედვით სურათი ასეთია: რესპუბლიკელების 92% მხარს უჭერენ, ხოლო დემოკრატთა 85% წინააღმდეგია. საინტერესოა, რომ ეს შედეგი ფიქსირდება „იუესაიდის“ (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს)  პრაქტიკული გაუქმების ფონზე.

გამოკითხვა ჩატარდა 27 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, ტელეფონისა და ელფოსტის მეშვეობით. გამოოიკითხ 1500 დარეგისტრირებული ამომრჩეველი. დასაშვებმა ცდომილობამ შეადგინა პლუს-მინუს 2,5%.

წყარო

როგორც კი გადაურეკეს ზემდგომებს, ერთ-ერთი მთავარი იყო ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მიიღეს ბრძანება, რომ „ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს“ – ია მეტრეველი ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე

„ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა, ბატონი სააკაშვილის მიერ გამოცხადებული, რომ ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთ, რასაც მოჰყვა სწორედ ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში და 162 ბიჭი დახვრიტეს ასე ქუჩაში უდანაშაულოდ სწორედ იმიტომ, რომ ყოფილიყო შიში, შიშით ემართათ ქვეყანა“ – განაცხადა ია მეტრეველმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთი მთავარ თემად ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობა განიხილება.

ია მეტრეველი იხსენებს მისი შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დეტალებს და აცხადებს, რომ განსაკუთრებით დიდი დანაშაული მიუძღვის “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ საპატრულოს უფროსს მიქაძეს, რომლის აზრითაც, „სცენარი უნდა გათამაშებულიყო, რომ ვითომ ბუტამ ავტომატიდან ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა პატრულის მიერ გასროლა“.

„ეს იყო სააკაშვილის მიზანმიმართულად მართვის მეთოდი და სწორედ ასე გააგრძელა, ამ შიშით დაიწყეს ქვეყნის მართვა. როგორც კი გადაურეკეს ზემდგომებს და ერთ-ერთი მთავარი იყო ადეიშვილი, ოქრუაშვილი, იქიდან მიიღეს ბრძანება, რომ „ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს“, ეს იყო მათი ნაბრძანები. ამის მერე სცენარისტი დონაძე ჩაერთო ამ ყველაფერში და ვაკის პოლიციიდან იქ მოზიდეს უამრავი იარაღი. მთელი სისტემა ამუშავდა და დაგვიპირისპირდა (ამ ბავშვებს). მიიტანეს უამრავი იარაღი. ერთ-ერთ იარაღს ეწერა გია, რომელიც ამოიცნო პატრონმა, რომ 15-20 წლის წინ ჩამორთმეული ჰქონდა და მისი იყო ეს იარაღი. მოკლედ, მთელი არსენალი იყო, რომელიც ამ ბავშვებს დაულაგეს, ბუტას დაუდეს ავტომატი. ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი იყო მიქაძე დონაძესთან ერთად, ყველაზე დიდი დანაშაული მათ მიუძღვით, განსაკუთრებით, მიქაძეს [ქალაქის საპატრულოს უფროსი], რომელმაც უთხრა, ასეთი სცენარი უნდა გათამაშებულიყო, რომ ვითომ ბუტამ ავტომატიდან ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა პატრულის მიერ გასროლა“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

თიბისიმ,  საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის,  Euromoney-ის 3 ჯილდო მიიღო

მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა – Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული, მუდმივად განვითარებადი, თანამედროვე მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის, ზედიზედ მესამედ მიიღო. ამასთანავე, თიბისი WM-მა, დამატებით, მაღალშემოსავლიანი კლიენტების მომსახურებისა და მდგრადობის ნომინაციებში გაიმარჯვა.

მდგრადობის ჯილდო თიბისი WM-მა ახალი ეკო ბარათებისთვის მიიღო. თიბისი WM მომხმარებლებისთვის, პირველი ეკომეგობრული, Visa Infinite საკრედიტო ბარათი შეიქმნა, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული მასალისგან. უმაღლესი კლასის ბარათის მომხმარებელს ავტომატურად შეაქვს წვლილი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) გლობალური და ადგილობრივი მიზნების მიღწევაში.

„მოხარული ვართ, რომ თიბისიმ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზება, რითიც ადამიანებს ცხოვრებას  ვუმარტივებთ. სწორედ ამ ღირებულებისა და გამოცდილების შექმნისთვის მივიღეთ აღნიშნული ჯილდო, რომელიც დაგროვილი კაპიტალის მართვისა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით, ჩვენს მოწინავე პოზიციას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ მომხმარებლების საჭიროებებს სათანადოდ ვპასუხობთ და წარმატებით ვუბამთ ფეხს გლობალურ ტენდენციებს”, –  ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

Euromoney მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, რომელიც 50 წელია საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვებს აქვეყნებს. დაჯილდოება, რომელიც 1992 წლიდან იმართება, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღონისძიებაა საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში. პერსონალურ საბანკო მომსახურებასა და დაგროვილი კაპიტალი მართვის მიმართულებით, Euromoney უკვე 20 წელია საერთაშორისო საბანკო სექტორს იკვლევს.   Euromoney-ის ჯილდო ისეთ კომპანიებსა და ადამიანებს გადაეცემათ, რომლებიც ლიდერობითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევიან.

R

კახა კალაძის განცხადებით, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება

ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით, ერთ თვეში მძღოლებს საშუალება ექნებათ, ბაგებიდან უმოკლესი გზით – ახალი ხიდისა და გვირაბის გამოყენებით გადაადგილდნენ.

„სამუშაოების პირველი ნაწილი იყო საავტომობილო ხიდის პროექტი, რომელიც დასრულებულია და დღეს უამრავი ადამიანი იყენებს ბაგებიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე გადასაადგილებლად. მეორე ეტაპი კი იყო უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების ერთმანეთთან დაკავშირება გვირაბით. ეს სამუშაოები გასულ წელს დავიწყებთ და, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. შესაბამისად, მძღოლებს ბაგებიდან უმოკლესი გზით, ახალი ხიდისა და გვირაბის საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გადავანაწილოთ სატრანსპორტო ნაკადები და ის დიდი დატვირთვა, რაც უნივერსიტეტის ქუჩაზე მოდის, მოიხსნას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ ობიექტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ბოლო ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დღეის მდგომარეობით, გვირაბის კონსტრუქციის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად, ხორციელდება გვირაბის შესასვლელ-გასასვლელის პანდუსების, ბეტონის კედლების მოწყობა და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობა და გვირაბში მონტაჟდება განათების სისტემა. პარალელურად, დაწყებულია მშენებარე გვირაბიდან პეტრე ქავთარაძის ქუჩამდე არსებული, შავიშვილის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფართოვდება გზა, რისთვისაც საჭირო გახდა იქ არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი იმისთვის, რომ ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მე დონალდ ტრამპთან ვმუშაობდი და მას კარგად ვიცნობ – ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მე დონალდ ტრამპთან ვმუშაობდი და მას კარგად ვიცნობ“, რომლის ავტორია ჯონ ბოლტონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, მისი პირველი ვადის პრეზიდენტობის პერიოდში.

„დონალდ ტრამპის მრჩევლად ყოფნა მისი მოქმედების კარგად გაგების გასაღებს წარმოადგენს“, – წერს ჯონ ბოლტონი, რომელიც თეთრ სახლში მუშაობის პერიოდში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოსაც ეწვია, თუმცა შემდეგ ბოლტონსა და ტრამპს შორის უთანხმოება მოხდა და პრეზიდენტმა იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მას შემდეგ ჯონ ბოლტონი, სადაც კი შესაძლებლობას და დროს იპოვის, დონალდ ტრამპს მუდამ აკრიტიკებს. ამ სტატიაშიც მისი კრიტიკული პოზიციაა გამოხატული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რა სურს და რის მიღწევას ცდილობს სინამდვილეში დონალდ ტრამპი? რა შეიძლება ჩაითვალოს მის მოქმედებაში ბლეფად, ტრაბახად და გარიგებად და არა? იმდენად, რამდენადაც მას არ გააჩნია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, იგი ყველაფერს სპონტანურად აკეთებს, რის გამოც მემარცხენეები და მემარჯვენეები ძალიან ხშირად გაურკვევლობაში იმყოფებიან. დონალდ ტრამპი თვითონ წარმოადგენს „ტრანზაქციურობის“ (ფულის გადარიცხვის ოპერაცია ყიდვა-გაყიდვისას) განსახიერებას, შესაბამისად, რა ხდება მის ტვინში, ამის გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია. მასმედია, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ხშირად ირწმუნებიან, რომ იგი მხოლოდ პოზიორობს, მაგრამ შემდეგ უკვირთ მისი მოქმდების შედეგები. გაიხსენებთ პრეზიდენტის მიერ მოქმედება უკრაინის, ნატოს და ტარიფების საკითხებში.

ბევრი ამბობდა, დონალდ ტრამპი საკუთარ თავს არასოდეს არ ჩაიგდებსო უხერხულ მდგომარეობაში უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუ იგი დარწმუნებული არ არის რუსეთის პოზიციაში, ანუ იგი არ გადადგამდა სარისკო ნაბიჯს თავისი თავისთვის. მთელი წინასაარცევნო კამპანიის განმავლობაში დონალდ ტრამპი განუწყვეტლივ იმეორებდა და ტრაბახობდა, რომ ომს რამდენიმე დღეში დაასრულებდა და რომ ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, იმ დროს რომ თვითონ ყოფილიყო პრეზიდენტი. ამ „კვეხნა-პოზიორობაში“ ვერავინ ვერ შენიშნა, თუ როგორ გადაიზარდა მისი თითქოსდა „ცარიელი განცხადებები“ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობის განახლების პრაქტიკულ მცდელობში. სხვათა შორის, დონალდ ტრამპისათვის ლიდერებს შორის კარგი პირადი ურთიერთობა ყოველთვის ნიშნავს კარგ ურთიერთობას იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ეს ლიდერები ხელმძღვანელობენ, რაც მსოფლიოსადმი ძალიან გამარტივებულ მიდგონას წარმოადგენს.

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მას მშვიდობა სურს. დონალდ ტრამპიც ეთანხმება თავის რუს კოლეგას. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ იგი უსაფუძვლოდ მიენდო კრემლის ნათქვამს და ხაფანგში აღმოჩნდა. კაცმა რომ თქვას, სინამდვილეში დონალდ ტრამპს არასოდეს არ ჰქონია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის სურვილი. იგი მშვიდობის მიღწევას რუსეთის მიმართ დათმობებზე წასვლით ცდილობს, მაგრამ უკრაინის ხარჯზე.

უფრო მეტიც: უნდა გავითვალისწინოთ იმ გარემოება, რომ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატობა სურს. მას თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს აშკარად შურდა ბარაკ ობამასი, რომელმაც პრემია მიიღო და გრძნობდა, რომ მასაც შეუძლია ჯილდოს დამსახურება. სწორედ ამ მიზნით დაიწყო მან სატელეფონო გადარეკვები ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან. დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს „უაზროს“ უწოდებს და შესაბამისად, თუ ომი უაზროა, ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, თუნდათ ომის მსხვერპლის მხრიდან ტერიტორიული დათმობებით. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ზედაპირული მსჯელობას წარმოადგენს: დონალდ ტრამპი თავს არ იწუხებს იმის გასაცნობიერებლად, რომ სასწორზე რეალური ღრმა პრობლემები და ქვეყნის ბედი დევს. მას არ აინტერესებს უკრაინის პერსპექტივა და გადარჩენა, მას სურს ცეცხლის შეწყვეტა ყველაფრის საფასურად – „მშვიდობა იყოს, თუნდაც უკრაინის საზიანოდ“. იგი ძალიან ჩქარობს ნობელის პრემიის მიღებას.

ისინი, რომლებსაც სჯეროდათ, რომ დონალდ ტრამპი არ დაარღვევდა უკრაინის სახელმწიფოებრიობას და უფრო უარესი – არ დადგებოდა ვლადიმერ პუტინის მხარეს, ბევრჯერ დარჩნენ გაკვირვებულები და შოკშიც ჩავარდნილან პრეზიდენტის ნაბიჯებით. მაგალითად, ტრამპისტები კმაყოფილნი დარჩნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომ მან კიტ კელოგი, თავისი გრძელვადიანი მრჩეველი, მთავარ მომლაპარაკებლად დანიშნა მშვიდობის დამყარების საკითხებში, მაგრამ როგორც მოსკოვმა განაცხადა, რომ კიტ კელოგი „ძალიან პროუკრაინულად ლაპარაკობსო“, დონალდ ტრამპმა იმავწუთს „გვერდზე გასწია“ და, შეიძლება ითქვას, საქმეს ჩამოაშორა. მიუხედავად იმისა, რომ კიტ კელოგი დონალდ ტრამპის მიმართ ურყევ ერთგულებას ამჟღავნებდა და ფრიად გამოცდილი პიროვნებაა, ეს პრეზიდენტისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დონალდ ტრამპი თვლის, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი პრეზიდენტის პირით უნდა ლაპარაკობდეს და ზედმეტი არაფერი არ უნდა თქვას.

რაც შეეხება ნატოს: დამკვირვებელთა თქმით, დონალდ ტრამპი, უბრალოდ ვაჭრობდა, როცა აცხადებდა, რომ აშშ არ დაიცავდა ისეთ მოკავშირეებს, რომლებიც თავიანთი თავდაცვის გასამტკიცებლად მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ს არ დახარჯავენო. მისი მუქარები, რომ აშშ ნატოს დატოვებს, ექსპერტებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ დონალდ ტრამპი რასაც ამბობს, იმას ყოველთვის აკეთებს – მიუხედავად იმისა, სწორია თუ არა მისი მოქმედება. მერწმუნეთ, რომ ცრდილოატლანტიკური ალიანსი სულაც არ არის დაზღვეული იმისგან, რომ ერთ მშვენიერ დრეს ამერიკა ნატოს წევრობაზე უარს განაცხადებს. ალიანსიდან გასვლის შესაძლებლობა ისევ არის დონალდ ტრამპისათვის პრიორიტეტული.

დონალდ ტრამპი აღტაცებულია ტარიფების გადიდებით. იმის ფონზე, რაც ამ დღეებში მსოფლიოს ბირჟებზე ხდება, უკრაინისა და ნატოს საკითხები ფერმკრთალდება. დონალდ ტრამპი თავისი მოუზომელი ნაბიჯით უდიდეს ზიანს აყენებს როგორც საერთაშორისო ეკონომიკურ სიტემას, ასევე თვით ამერიკასაც: ბუმერანგი უკან ისევ ამერიკას დაუბრუნდება. დონალდ ტრამპს რომ ყველაფერი პირველ აპრილს დაეწყო და არა ორ აპრილს, მას შეეძლო ეთქვა, რომ გაიხუმრა და ტარიფები რეალურად არ გაიზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, საბაჟო გადასახადების ზრდა ნამდვილი აღმოჩნდა. აშშ-სათვის „ეკონომიკური დამოუკიდებლობის დღე“, როგორც პრეზიდენტმა მონათლა თავისი ბრძანებულების გამოქვეყნება, ზარალიანი აღმოჩნდა.

ასე რომ, დონალდ ტრამპს თუ აქვს ნობელის პრემიის მიღების შანსი, იგი მიიღებს არა მშვიდობის დაცვაში, არამედ ლიტერატურის დარგში. ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა თავის „შინაგან ხმას“ უსმენს, ვიდრე სხვების ნათქვამს, თუმცა იგი ადვილად ექცევა იმის გავლენის ქვეშ, ვინც მოსწონს. დონალდ ტრამპი თავის ილუზიურ სამყაროს ქმნის და მასში ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, რომ იგი პარალელურ სამყაროში იმყოფება. მისთვის ციფრებს მაგიური ძალა აქვს. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი ნეგატიურად რეაგირებს, როცა ციფრები რეალურ სამყაროში ერთმანეთს არ ემთხვევა და ამბობს: „ბოლოს და ბოლოს, ვინ არის აქ მთავარი? ციფრები ერთმანეთს უნდა დაემთხვეს“.

დონალდ ტრამპს არ შეუძლია აშშ-ის მეგობრების გარჩევა მტრებისაგან – არც სამხედრო-პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ეს მას საერთოდ არ აღელვებს. მისთვის მნიშვნელოვანია ის მეგობრები და მტრები, რომლებიც აშკარად არ ემთხვევა აშშ-ის მტერ-მოყვარეთა სიას.

წყარო

ევროპის აუდიტორთა სასამართლომ დაადასტურა, რომ 7 მილიარდიანი ბიუჯეტი გაუმჭვირვალედ იხარჯება – შალვა პაპუაშვილი

ზოგს ამის დაჯერება არ უნდოდა, ზოგს აღიარება და ზოგს პასუხისმგებლობის აღიარება, თუმცა მოუწიათ მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა – ახლა ევროპის აუდიტორთა სასამართლომ დაადასტურა, რომ 7 მილიარდიანი ბიუჯეტი გაუმჭვირვალედ იხარჯება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, როცა 7 მილიარდი ევრო ტრიალებს გაუმჭვირვალედ, რა თქმა უნდა, იქ ზოგიერთი
ხელს ითბობს. სამწუხაროდ, საქართველოშიც გრანტებთან დაკავშირებით ეს ეჭვი არსებობს და ამაზე საუბრობს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

,,ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რაზეც ვსაუბრობდით – ზოგს ამის დაჯერება არ უნდოდა, ზოგს აღიარება და ზოგს ამაზე პასუხისმგებლობის აღიარება, თუმცა მოუწიათ მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და ამხილა „ისფედი”-ს, „ნედი”-ს, სხვათა

თაღლითური სქემები და პოლიტიკურად მოტივირებული ქცევა აღიარა. იმავეს ვსაუბრობდით ევროპულ ფონდებზე, ევროპის დემოკრატიის ფონზე და ახლა ევროპის აუდიტორთა სასამართლომ დაადასტურა, რომ 7 მილიარდიანი ბიუჯეტი გაუმჭვირვალედ იხარჯება. მათ შორის, ამ დასკვნის მიხედვით, ამ თანხების გამოყენება ხდებოდა ძალადობრივი, საპროტესტო აქციების განსახორციელებლად. მგონი, ბევრი რაღაც გვეცნობა, პარალელები საქართველოსთან დაკავშირებით რაც ხდება, რომ ეს თანხები გაუმჭვირვალედ იხარჯებოდა. შესაბამისად, აქ არის, რომ როცა ერთის მხრივ ეჭვია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისთვის ფულის გამოყენება ხდება, მეორეს მხრივ კი, კორუფციის ეჭვი ავტომატურად წარმოიშობა. როცა 7 მილიარდი ევრო ტრიალებს და გაუმჭვირვალედ, რა თქმა უნდა, იქ ზოგიერთი ხელს ითბობს. სამწუხაროდ, საქართველოშიც გრანტებთან დაკავშირებით ეს ეჭვი არსებობს და ამაზე საუბრობს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი ჯერ ჩუმად, კერძო საუბრებში ან ირიბად, მაგრამ უკვე ბევრი საუბრობს იმაზე, რომ გრანტების სისტემაში კორუფციაა, როცა ერთი და იმავე „ენჯეო” იღებს ფულს, ერთი და იმავე ადამიანები არიან ექსპერტების სახით, რომლებიც ტრიალებენ სხვადასხვა „ენჯეოში” და იღებენ სხვადასხვა დაფინანსებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 13-15 ივნისს, ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი მეხუთედ გაიმართება                 

როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორები და არტისტები? 

მზად ხარ დაუვიწყარი ისტორიების მოსასმენად და ინსპირაციის მისაღებად?

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, უკვე მეხუთედ ბრუნდება და წელს 13-15 ივნისს კვლავ თბილისში ჩატარდება. 

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დაახლოებას ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან, ვაერთიანებთ მოაზროვნეებსა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, ვსაუბრობთ ყველაფერზე –  მსოფლიოს ახალ პერსპექტივებზე, პირად ისტორიებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მხატვრობაზე, ფილოსოფიაზე, არქიტექტურაზე, მედიაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა თუ მედიცინაზე. 

იმდენად დიდი და მრავალფეროვანია ფესტივალის მომხსენებელთა სია, რომ ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი ადამიანი იპოვის.

100-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის “The Moth and the Mountain” ავტორი ედ სიზარი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ავღანეთში, ისრაელში, ღაზას სექტორში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში დაზარალებულებთან; ადამ ფეიზი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა „How Moving” და „River Fork”; ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა; წელს კვლავ ვუმასპინძლებთ სატირიკოსს, აღიარებული სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების, „Veep“-ის და “სტალინის სიკვდილის” ავტორს არმანდო იანუჩის; ასევე უკრაინელ ფილოსოფოსს ვოლოდიმირ ერმოლენკოს და უამრავ სხვა საინტერესო სპიკერს.  

სიტყვა ZEG იდეალურად ასახავს ჩვენს მისიას: აღმოვაჩინოთ და გავაზიაროთ ამბები, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღეს, არამედ მის მიღმაც. გვჯერა, რომ საინტერესო ამბის თხრობა მოითხოვს დისციპლინებს შორის ბარიერების დამსხვრევას და სწორედ ამიტომ ვაერთიანებთ ცნობილ მწერლებს, მოაზროვნეებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს, მეწარმეებსა და ხელოვანებს ZEG-ის გარშემო.

წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა გაქვთ, მხოლოდ 3 დღით, 7-9 აპრილს, 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ ბილეთები. 10 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის ყველა ბარათზე გავრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

ფესტივალის ორგანიზატორები:Impact Hub TbilisiCoda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, European Cultural Foundation, Coca-Cola, BMW, Culture of Solidarity Fund, Swiss Agency for Development and Cooperation, Windfor’s, Reckless, AI Accountability Network – Pulitzer Center, Adjara Group, Honore.

R

ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაიდინა – დავით მათიკაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე

ბუტა რობაქიძის საქმე, ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაიდინა, – განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ყველა, ვინც დაიბარეს საგამოძიებო კომისიაზე, ვალდებულია მივიდეს და საზოგადოებას გასცეს პასუხი.

„ბუტა რობაქიძის საქმე, ეს არის საქმე, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაიდინა და პირდაპირ ქუჩაში დახვრიტა ახალგაზრდა ბიჭი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ყველა, ვინც დაიბარეს შესაბამისად საგამოძიებო კომისიაზე, ვალდებულია მივიდეს და საზოგადოებას უთხრას, გასცეს პასუხი. თუკი ისინი თავს აარიდებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი წესით იქნება გამოყენებული ის სანქცირება, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამის კოდექსში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება.

დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება

დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება.

საუბარი ასევე შეეხება 2003–2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ამავე პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეს.

კომისიის სხდომაზე დაბარებულთა შორის არიან ბუტა რობაქიძის დედა – ია მეტრეველი, ასევე ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მმართველი გუნდი კომისიის მიერ დაბარებულ პირებს გამოკითხვაზე არ გამოცხადებისა და კომისიის წევრების კითხვებზე თავის არიდების შემთხვევაში არსებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ ახსენებენ.

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბოლოს და ბოლოს, სამსახურში თქვენი ძალისხმევა ნელ-ნელა შედეგს მოიტანს. ეს დღე იდეალურია პრეზენტაციების, მნიშვნელოვანი განხილვების, განაცხადების წარდგენისა და სტრატეგიული დაგეგმვისთვის. ინიციატივის აღების ნუ შეგეშინდებათ – ამ დღეს შეგიძლიათ, თქვენი მაგალითით გარშემომყოფები შთააგონოთ. ხელსაყრელი დროა ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებისთვის – ყურადღებით მოგისმენენ, განსაკუთრებით თუ საკუთარ შეხედულებებს გონივრულად ჩამოაყალიბებთ.

რჩევა: იმოქმედეთ მკაფიოდ და თავდაჯერებულად და საკუთარ თავში ნუ დაეჭვდებით. ეს დღე თქვენი შანსია, რომ კარიერული კიბის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი საფეხური დაძლიოთ.

კურო

ეს დღე თბილ და ემოციურად დატვირთულ ატმოსფეროს გპირდებათ. პარტნიორთან ურთიერთობაში შეიძლება გაუგებრობების ეტაპი დასრულდეს და გაუგებრობის ეტაპი დაიწყოს. ხელსაყრელი დროა გულახდილი საუბრებისა და სულიერი კავშირების აღსადგენად. ამ დღეს ადამიანები უძლურები არიან თქვენი პიროვნული მომხიბვლელობის წინაშე.

რჩევა: თუ ბოლო დროს აუხსნელ დაღლილობას გრძნობთ, შეეცადეთ გარემო შეიცვალოთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ და ის აკეთოთ, რაც მოგწონთ.

ტყუპები

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას და ემოციურ მდგომარეობას უნდა მიაქციოთ. ამ დღის კეთილგანწყობილი ფონის მიუხედავად, შესაძლოა ნერვიულობა და მარტო დარჩენის სურვილი იგრძნოთ. ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ – უბრალოდ, თქვენი ორგანიზმი „გადატვირთვას“ითხოვს. ეცადეთ, საქმეებით არ გადაიტვირთოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამ დღეს სასარგებლოა წყლის პროცედურები, სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა ან სხვა მსუბუქი ფიზიკური აქტივობა, რაც შინაგანი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

რჩევა: მოიცილეთ გამაღიზიანებელი ხმაური და დღე იმ ქმედებებით შეავსეთ, რაც სხეულსა და სულს სიხარულს ანიჭებს.

კირჩხიბი

კირჩხიბები ამ დღეს პრაქტიკულობითა და რაციონალურობით გამოირჩევიან. შესაძლოა, სასწრაფოდ გეგმების შეცვლა, ახალ პირობებთან შეგუება ან მოულოდნელად წარმოქმნილი საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზებიც: ვალების დაბრუნება, მოულოდნელი პრემია ან მომგებიანი შეთავაზება.

რჩევა: გრძელვადიანი გეგმების არ შეგეშინდეთ. თუნდაც მცირე ნაბიჯები თავდაჯერებასა და შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.

ლომი

თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა და ქარიზმა ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. თუ ურთიერთობებში სირთულეები გაჩნდა, დროა ცოტა გაახალისოთ: შესთავაზეთ პარტნიორს სადმე გასეირნება ან რომანტიკული სიურპრიზი მოუწყვეთ. საღამოს მოსალოდნელია არასტაბილური ემოციური ფონი, ამიტომ უმჯობესია დაძაბულ საუბრებს და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ.

რჩევა: ითამაშეთ – სიტყვებით, მზერით, ემოციებით. ამით გრძნობებსაც გაახალისებთ და საკუთარ თავსაც გააკვირვებთ.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება მედიტაციის, კითხვის, შემოქმედების ან განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ. ამ სურვილს არ შეეწინააღმდეგოთ – თქვენი სული სიჩუმესა და ღრმა ფიქრებს ითხოვს. გაძლიერებული ინტუიციის დახმარებით შესაძლებელია მოულოდნელად მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. განსაკუთრებით მგრძნობიარეები იქნებიან ქალწულები, რომლებიც ახლახან ემოციურად რთული პერიოდი დაძლიეს – ახლა აღდგენის ეტაპი იწყება.

რჩევა: უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. თუ პარტნიორთან ერთად რაიმეს განხილვას ან გრძნობების აღიარებას გეგმავთ, ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა.

სასწორი

შესაძლოა, ლამაზი ნივთის შეძენის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შოპინგისთვის არახელსაყრელი დროა. უმჯობესია, რომ ფინანსური შეცდომების გამოსწორებაზე იზრუნოთ: ვალები დააბრუნოთ, ხარჯებს გადახედოთ და ახალი შემოსავლის წყაროები ეძიოთ.

რჩევა: დაიმახსოვრეთ, რომ ფული მხოლოდ საშუალება კი არა, ენერგიაა, ამიტომ უსარგებლო ნივთების შესაძენად არ უნდა დახარჯოთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენს სხეულს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ ბოლო დროს მძიმე შრომა მოგიწიათ და დიდი ხანია დაღლილობას უგულებელყოფთ, დროა დასვენებაზე და ძალების აღდგენაზე იფიქროთ. ხელსაყრელი დღეა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებისთვის, არც სრულფასოვანი ძილის შესახებ დაივიწყოთ.

რჩევა: თქვენი სხეული ახლა მგრძნობიარე ბარომეტრია – მიეცით მას ყურადღება და ზრუნვა, სანაცვლოდ კი ენერგიასა და გონების სიწმინდეს მიიღებთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან – დღე იდეალურია პირადი კავშირების გასამყარებლად. უამრავი საინტერესო შეხვედრა, ახალი ადამიანის გაცნობა და დიდი რაოდენობის ინფორმაციის შესწავლა მოგიწევთ. გირჩევთ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და დებატებში არ დანებდეთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. ახალი ინფორმაცია გაიძულებთ, სამომავლო გეგმებს გადახედოთ ან საგნების მიმართ მიდგომა შეცვალოთ.

რჩევა: იყავით გულწრფელი და გულღია – ურთიერთობები გაძლიერებას მოითხოვს და არა თამაშს.

თხის რქა

ეს დღე დაგეხმარებათ, რომ მკაფიოდ დაინახოთ, როგორ შეიძლება კარიერა პირად სურვილებს შეუთავსოთ. შესაძლოა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც საკუთარი პოზიციების დაცვა მოგიწევთ. ასევე შესაძლებელია საინტერესო შეთავაზება, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში გულწრფელი საუბარი გელით, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავი და პარტნიორი უკეთ გაიცნოთ.

რჩევა: იფიქრეთ იმაზე, რა გაძლევთ სტაბილურობისა და თვითშეფასების შეგრძნებას – ამ დღეს თქვენში ბევრი რესურსი იღვიძებს.

მერწყული

შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ახალი ცოდნით დაინტერესდეთ, შთაგონებულ ადამიანებს მოუსმინოთ ან სხვებისთვის მოტივაციის წყარო თავად გახდეთ. შესაძლოა იგრძნოთ, რომ ნაცრისფერი ყოველდღიურობიდან გაქცევა და ახალი ახალი ადგილების მონახულება გსურთ. თუ მარტოხელა ხართ, გამორიცხული არ არის, რომ ასეთ ადგილზე იმას შევხვდეთ, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდით. ამიტომ სახლიდან გასვლა არ დააგვიანოთ.

რჩევა: ეს დღე როგორც პიროვნულ, ისე სულიერ ზრდაში დაგეხმარებათ.

თევზები

ემოციური განახლების დროა. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს ან მოხვდეთ სიტუაციაში, რომელიც ძველი განცდების ახლებურად აღქმაში დაგეხმარებათ. კარგი დროა მედიტაციისთვის ან საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ არ გადადოთ — თუ გრძნობთ, რომ მომენტი დადგა, უნდა იმოქმედოთ.

რჩევა: ამ დღეს მნიშვნელოვანია არა მოქმედების სიხშირე, არამედ — ხარისხი. ჯობია ნაკლები გააკეთოთ, მაგრამ სწორად, ვიდრე მეტი და უხარისხოდ.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

 მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).