Home Blog Page 31

როგორც პრეზიდენტი, ვეცდები ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო – მიხეილ ყაველაშვილი

მინდა აღვნიშნო პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც ყოველთვის ყურადსაღებია და მიესადაგება არსებულ გამოწვევებსა და რეალობას. ეს არის მოყვასის სიყვარული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

„აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ეს ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, რაც ძალიან კარგი იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი საფრანგეთისთვის იყოს.

„არა ის, რომ საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50% სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს“, – წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ შერაზ გასრიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს.

ევროპა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის ლიდერები ფიქრობენ და რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრი ევროპელი ფიქრობს – რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა და უკრაინა, შესაძლოა, მალე აღმოჩნდნენ ზეწოლის ქვეშ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიძლება დათანხმება შეთანხმებაზე, რომელიც მოსკოვს ძალების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, – ინფორმაციას უკრაინული მედია RMF24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რა სახის გარიგებაზე შეიძლება დათანხმდეს გონივრული ევროპა? რა თქმა უნდა, არა გარიგებაზე, რომელიც მოსკოვს მოღონიერების საშუალებას მისცემს. ევროპა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის ლიდერები ფიქრობენ. რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრი ევროპელი ფიქრობს“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა იმსახურებს მშვიდობას და სჭირდება მშვიდობა. მაგრამ, მისი აზრით, ეს უნდა იყოს მშვიდობა სამართლიანი პირობებით და არა კაპიტულაცია.

„სუვერენული უკრაინის გარეშე არ იქნება უსაფრთხო ევროპა. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და მისი მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა სიკორსკიმ.

გარკვეული ძალები ცდილობენ სიძულვილი დათესონ, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული – პრემიერი

პატრიარქის ეპისტოლეში პირველ რიგში ყურადღება გამახვილებული იყო რწმენის მნიშვნელობაზე, ღმერთის სიყვარულის მნიშვნელობასა და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ თუ რაიმე აკლია დღეს საზოგადოებას, ეს არის ალბათ სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამების ტაძარში, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გარკვეული ძალები ხელოვნურად ცდილობენ, ქვეყანაში სიყვარულის მაგივრად სიძულვილი დათესონ.

„ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული და არსებითად ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეშიც. პატრიარქის ყველა ეპისტოლე, რა თქმა უნდა, ეძღვნება პირველ რიგში იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა. ყოველთვის ასეა და ბუნებრივია, დღესაც ეს ასე იყო. ადამიანი, რომელიც არის დაშორებული ღმერთს და რომელიც არის დაშორებული რწმენას, ეს არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. არის მათ შორის ძაიან მძიმე იდეოლოგია, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და სწორედ ეს იდეოლოგია აშორებს ადამიანს ღმერთს და აშორებს რწმენას. რა თქმა უნდა, ამას ყველა უნდა დავუპირისპირდეთ და ამისთვის საჭიროა რწმენის დაცვა, ტრადიციული ფასეულობების დაცვა და თითოეული ჩვენგანი ამით უნდა ვიყოთ დაკავებული. ზოგადად, თანამედროვე სამყაროს აქვს სერიოზული გამოწვევები. ეს გამოწვევები დაკავშირებულია მათ შორის კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიურ მიმართულებებთან და ამასთან ყველას გვიწევს ბრძოლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის – ირაკლი კობახიძე

თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეალური პრობლემა, რომელიც დღეს ყველას წინაშე დგას, არის განადგურებული უკრაინა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთბ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრამდე „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა გაიმართება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება. შეგროვებული სურსათი კი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.

„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

მსვლელობის დროს „ალილოს“ მონაწილეებს ხვდებიან პრეზიდენტი, პარლამენტის, საკრებულოს წევრები.

აშშ-ში ზამთრის შტორმს 4 ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, სტიქიის შედეგად 300 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან, ორშაბათ საღამოს მდგომარეობით, აშშ-ში და მის გარეთ 2 200-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.

დიდთოვლობისა და ყინულის გამო რამდენიმე შტატში შაბათ-კვირას ძირითადი მაგისტრალები დაიხურა, მათ შორის მისურიში, სადაც გზებზე 1 700-მდე მძღოლი იყო ჩაკეტილი. ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვირჯინიაში, ინდიანაში, კანზასსა და კენტუკში. 100-ზე მეტი ავარია დაფიქსირდა მერილენდში.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის შვიდ შტატში: მერილენდში, ვირჯინიაში, დასავლეთ ვირჯინიაი, კანზასში, მისურიი, კენტუკსა და არკანზასში.

 გილოცავთ მაცხოვრის შობას, ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას -ირაკლი კობახიძე

გილოცავთ მაცხოვრის შობას. ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ამ ღირებულებებმა განსაზღვრა ქართვწლი ხალხის კულტურა, ისტორია და დღესაც წარმართავს ჩვენს ყოველდღიურობას.

„გილოცავთ მაცხოვრის შობას. ყველა ჩვენგანისთვის ძვირფასი ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული განასახიერებს სიყვარულს, იმედს, განახლებას, ნათელი მომავლის რწმენას – ღირებულებებს, რომლებმაც მთელი ჩვენი კულტურა და ისტორია განსაზღვრა და რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ყოველდღიურობას. შობის ღამეს მშვიდობას, ბედნიერებასა და სიყვარულს გისურვებთ თქვენს ოჯახებში“, – აღნიშნავს პრემიერი.

 დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც, ამიტომაც ეძებდა და ეძებს სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ -ილია მეორე

დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც, ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ყოველივე ეს უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და „აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს“.

„ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია).

ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა… ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების“, – ნათქვამია ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.

პრემიერ-მინისტრი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

პრემიერ-მინისტრი საშობაო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა.

“გილოცავთ შობის დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს. შობა არის სიყვარულის, სიკეთის დღესასწაული. ეს არის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება და ყველას მინდა, ვუსურვო სიყვარული და სიკეთე”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საშობაო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინა.

ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი, ღმერთზე მინდობა საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა -ილია მეორე

ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი, დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა, ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა, საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა, – ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

„ჩვენს პირველმშობლებს მთელი თავისი ნებელობა უფლისკენ ჰქონდათ მიმართული და სრულად ღვთისას იზრახავდნენ. ამასთან, მათი სული სულ უფრო მეტად განიმტკიცებდა საღვთო ბუნების თვისებებს – სათნოებებს და ხარობდა ამით. როგორც ცნობილია, შემდგომ ბოროტმა ძალამ მოატყუა ისინი, როცა უთხრა: შემოქმედი იმიტომ გიკრძალავთ ხე-ცნობადისას ნაყოფის ჭამას, რომ მისებრ ღმერთი არ გახდეთო. სინამდვილეში კი, ჩვენი განღმრთობა სწორედ უფლის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ამისთვის ადამი და ევა თანდათან უნდა მომზადებულიყვნენ და უფლის მორჩილებით ასულიყვნენ სრულყოფის კიბეზე. ისინი კი, ჯერ კიდევ სულიერად მოუმწიფებელნი, შეეცადნენ, გატოლებოდნენ მას, ვინც დაჰბადა ისინი და ყველაფერი უშურველად მისცა; თანაც ამის მიღწევა მათ ღმერთისგან განდგომით მოინდომეს და მისი ნების წინააღმდეგ წავიდნენ. ვერ დააფასეს უფლისგან ბოძებული, თვით ანგელოზებზე აღმატებული პატივი, უხილავი ღმერთის თანაშემწეობაზე უარი თქვეს და მოინდომეს ღმერთად გახდომა. ცოდვამ აამღვრია და დაასნებოვნა ადამის და ევას შინაგანი სამყარო, რასაც თავისთავად მოჰყვა შესაბამისი შედეგი: სიცოცხლის ნაცვლად მიიღეს სიკვდილი; ნეტარების ნაცვლად – ტანჯვა და მწუხარება, ძლიერების ნაცვლად – უძლურება… და ერთბაშად დაკარგეს თვითმფლობელობაც და საღვთო ხელმწიფებაც; მათი მორჩილი სტიქიონებიც და ცოცხალი არსებებიც მტრად გაუხდნენ და მარტონი დარჩნენ გარემო სივრცის პირისპირ. ეს უმძიმესი ცვლილება კი მოხდა იმიტომ, რომ მათი გული ღმერთს განეშორა და შემოქმედის ადგილი ეგოისტურმა „მე“-მ დაიკავა.

ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა, – ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა… საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა. ბოროტი ძალისგან თავსმოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში სიტყვა “მე” განსაკუთრებულად დომინირებს. ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება, არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი.

ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა, – „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“ და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისაგან ასეთი სახით მოგვეცა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ,  როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13.34). მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას, – გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეცის მოქალაქეობას. „მე ვარ კარი, ჩემს მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს” (იოანე 10,9) – გვასწავლის იესო ქრისტე“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

გარემოს ეროვნული სააგენტო 7-9  იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 7-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 7–9 იანვარს თბილისში მოსალოდენლია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 ინავარს +5,+7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 7–9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 7–9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 ინავარს +6,+8, ხოლო 9 იანვარს +10,+12 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 7 – 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 ინავარს +7,+9, ხოლო 9 იანვარს +11,+13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 7 – 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 ინავარს +5,+7, ხოლო 9 იანვარს +9+11 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 ინავარს +3,+5, ხოლო 9 იანვარს +6+8 გრადუსი დაფიქსირდება.