Home Blog Page 31

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის

ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ავრცელებს.

„როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია, აწარმოებს დავას Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში.

გაცნობებთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა).  აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა, თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული.

დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები.

უნდა აღინიშნოს, რომ Julius Baer-ი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა; თითქმის ექვსი თვის განმავლობაში Julius Baer-ი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს;  ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება, მიეღო ინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, Julius Baer-მა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება.

ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. Julius Baer-ი არის, ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული, მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. Julius Baer-ი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer-ი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ.

ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არა და, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.

შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო  არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის  საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.

და ბოლოს, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარე მათი საბანკო ანგარიშები.

ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული მიდგომები, მაგრამ ქმედებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს ეკონომიკურ პროცესს, გაუმართლებელია -ლევან დავითაშვილი

ჩვენ შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული იდეები, ოპონირებას ვახდენდეთ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, შეიძლება, იყოს განსხვავებული მიდგომები, გეგმები, ასევე გემოვნება, მაგრამ ქმედებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს ეკონომიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის გამართლებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ოპონირება იმ ფორმით, როგორითაც ხდება დღეს საქართველოში, არ არის პოლიტიკური კულტურის მაღალი დონის გამოვლინება. მისი თქმით, ოპონირების ეს ფორმები, ხშირ შემთხვევაში, დამაზიანებელია ქვეყნის, მათ შორის, მისი ეკონომიკური ინტერესებისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის მოწოდებები, მაგალითად, საბოტაჟის, ეკონომიკური პროცესების, გარკვეული ეკონომიკური აქტივობების პარალიზების, ასევე სანქცირების  – რა თქმა უნდა, თითოეული ასეთი არამხოლოდ მოწოდება, არამედ ქმედება, კამპანია დამაზიანებელია და რეპუტაციულად ქმნის სხვადსხვა რისკს, მათ შორის, განწყობას და  ეკონომიკას ვნებს“,- აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობასთან პირდაპირ კავშირშია, ამიტომ, მისი მოსაზრებით,  ეს არ არის სწორი პოლიტიკური გზა.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცდებით, როგორც პოლიტიკურ ჭრილში იყოს პროცესები მაქსიმალურად სტაბილური, ასევე გვქონდეს დიალოგი, მათ შორის, ყველა იმ აქტორთან, რომელიც ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია – ეს იქნება კერძო სექტორი, ბიზნესი, საერთაშორისო ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და თუ სხვა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ეკონომიკაში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი და თანმიდევრული განვითარების ტემპი არ შენელდეს“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ 2024 წელი, მაქსიმალური ინტენსივობით ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას -ირაკლი კობახიძე

შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მლრდ ლარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადააჭარბოს ქვეყნის ეკონომიკამ.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო 28 მილიარდიანი მაჩვენებლით, მხოლოდ 28 მილიარდის ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით და ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მილიარდ ლარამდე. მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც არის თავისუფლად შესაძლებელი. ამისთვის, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს კონკრეტული პროექტები და უნდა განვაგრძოთ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. იანვარშიც გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს 2025 წლისთვის,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ტურიზმის სფეროშიც 2024 წელი რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

„კონკრეტულად ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან კარგი მაჩვენებლები, აქაც რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ 2024 წელი. 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა წლიურმა შემოსავლებმა ტურიზმიდან, 300 მლნ დოლარით გადავაჭარბეთ 2023 წლის, ანუ წინა წლის მაჩვენებელს. რეკორდული იყო კონკრეტულად მეოთხე კვარტალიც, მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა. ეს იყო საარჩევნო თვე – ოქტომბერი, შემდეგ ნოემბერი, როცა ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, მერე ეს ყველაფერი გაგრძელდა დეკემბერში. ამ ყველაფრის მიუხედავად მეოთხე კვარტალიც დავხურეთ ძალიან დიდი წარმატებით, შემოსავლებმა მეოთხე კვარტალში შეადგინა 964 მლნ დოლარი, რაც არის 90 მლნ დოლარით მეტი 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებზე. ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხებას, თუმცა ხედავთ, რომ არაფერი გამოსდით, პირიქით, ვაგრძელებთ მაქსიმალური ინტენსივობით ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა, ჩვენი პოლიტიკის შედეგად მიღებული სარგებლით უნდა ისარგებლოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ -ირაკლი კობახიძე

ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და უნდა ვიმუშაოთ, როგორც ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, რომელსაც მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მიდის ყველას წინააღმდეგ, ისინი მუშაობენ, რომ დაზარალდეს თითოეული მოქალაქე.

„ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არა მხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ საკუთარ მხარდამჭერებსაც, მათ შორის ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით და ა.შ. არა მარტო ემუქრებიან, ამაზე მუშაობენ, რომ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. რა თქმა უნდა, არაფერი გამოსდით მთელი ამ წლების განმავლობაში და არც მომავალში არაფერი გამოუვათ. ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და უნდა ვიმუშაოთ, როგორც ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ამ სულისკვეთებით უნდა განვაგრძოთ მუშაობა, როგორც 2025 წელს, ასევე შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას -ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული. ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ გასული ოთხი წელიწადი იყო საკმაოდ რთული ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. იყო არაერთი კრიზისი და მიმდინარეობს კვლავაც ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემა. ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ოთხი წლის მანძილზე.

კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ოთხი მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი ოთხი წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც.

ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული პრეზიდენტ ტრამპს. ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა „დიფ სთეითთან“ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბით გასული ოთხი წლის მანძილზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან. იმედი გვაქვს, გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს 4-წლიანი პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება-პრემიერი

გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, მიმდინარე წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის.

„წელს იმართება საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა, მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები 2025 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს. განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ბატონ შალვა გოგოლაძეს, რომელიც მინისტრის რანგში პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას და მინდა მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე. სპორტის წარმატება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული“, – განაცხადა პრემიერმა.

 დავასრულებ ომს უკრაინაში, შევაჩერებ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად ახლოს ვართ ამასთან -დონალდ ტრამპი 

დავასრულებ ომს უკრაინაში, შევაჩერებ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად ახლოს ვართ ამასთან, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის უკუსვლა შეჩერდება და ამერიკული ძლიერების და კეთილდღეობის დრო დაიწყება.

„ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მეფობა ვაშინგტონში, წარუმატებელი ადმინისტრაცია. ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს საზღვრებში შემოჭრას. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ნავთობის დაბრუნებას. ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ თხევადი ოქრო, რომელიც ჩვენს ფეხქვეშ არის. ჩვენ ვაპირებთ, დავუბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაპირებთ აღვადგინოთ პატრიოტიზმი ჩვენს სკოლებში. რადიკალური მემარცხენე ვოუქისტური იდეოლოგიების მოშორებას ჩვენი სამხედროებიდან და ჩვენი მთავრობისგან. და ჩვენ ვაპირებთ ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა, მოაწყონ საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ფიცის დადების შემდეგ რამდენიმე დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სატელეფონო საუბრის მიზანი იქნება პირადი შეხვედრის ორგანიზება მომდევნო თვეებში უკრაინაში ომის დასასრულებლად.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 იანვარს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღეს თოვს. დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი რაჭაშიც. ამბროლაურში დღეს ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მოთოვს. დღისით ჰაერი -10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვს. +3 იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მოსალოდნელია თოვლი. დღისით +3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი – 4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი ამინდი იქნება. დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო დღეა. დღისით +2, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ვარაუდობენ მზიან ამინდს. სიღნაღში დღისით მზიანი ამინდია და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი დღის განმავლობაში.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

ხვალ, მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება- დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებს და იმიგრაციაზე შეზღუდვებს დააწესებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ხვალ მზის ჩასვლისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოჭრა შეჩერდება. ეს არის უდიდესი პოლიტიკური სვლა ამერიკის ისტორიაში და 75 დღის წინ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე ეპიკურ პოლიტიკურ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე უნახავს. ხვალიდან ვიმოქმედებ ისტორიული სისწრაფით და გამოვასწორებ თითოეულ კრიზისს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“, – განაცხადა ტრამპმა.

Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა გაიმეორა თავისი წინასაარჩევნო დაპირება აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მილიონობით მიგრანტს დააზარალებს.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია დღეს გაიმართება.

ტრამპმა მრჩევლებს პუტინთან ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა-CNN

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ მრჩევლებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მისი და პუტინის პირისპირ შეხვედრა იქნება, რომელიც აგრეთვე ცოტა ხანში უნდა გაიმართოს.

ტრამპი, როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ამბობდა, რომ ფიცის დადების შემდეგ ერთ დღეში დაასრულებდა უკრაინულ კონფლიქტს, მაგრამ ახლა, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ თითქმის სამწლიანი ომი დასასრულს უახლოვდება. ამრიგად, როგორც ჩანს, ტრამპი დაარღვევს მის მიერ მიცემულ სიტყვას, წერს ტელეარხი.

ამის სანაცვლოდ, ტრამპი და მისი გუნდი იმედოვნებენ, რომ მალე დაიწყებენ კონფლიქტის დარეგულირების გეგმაზე მუშაობას, რომელიც მისი პრეზიდენტობის რამდენიმე თვეში აღსრულდება, მათ შორის პუტინთან პირდაპირი საუბრის მეშვეობით.

ტრამპის გუნდის წევრებმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პუტინთან სატელეფონო საუბარზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. როგორც CNN-ი იუწყება, სატელეფონო საუბრის ზუსტი დღე უცნობია.

პრეზიდენტად ყოფნის გარეშე იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე შეძლეს პრეზიდენტად ყოფნის დროს ოთხი წლის განმავლობაში

ინაუგურაციის წინა დღეს დონალდ ტრამპმა Capital One Arena-ზე შეკრებილ მხარდაჭერებს მიმართა. ტრამპის თქმით, ის მოხარულია დაბრუნებით.

„ჩვენ გავიმარჯვეთ“, – უთხრა ტრამპმა შეკრებილ მხარდაჭერებს.

ტრამპმა ასევე ისაუბრა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის თქმით, ეს შეთანხმება მისი ისტორიული გამარჯვების შედეგია.

„ამ კვირაში ჩვენ მივაღწიეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, როგორც ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის პირველ ნაბიჯს. ეს შეთანხმება მხოლოდ ნოემბერში ჩვენი ისტორიული გამარჯვების შედეგად შეიძლებოდა, მომხდარიყო. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ პირველი მძევლები უკვე გათავისუფლდნენ“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა მომავალმა ადმინისტრაციამ ამის მიღწევა სამ თვეზე ნაკლებ დროში შეძლო.

„პრეზიდენტად ყოფნის გარეშე იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე შეძლეს პრეზიდენტად ყოფნის დროს ოთხი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპი ასევე შეეხო „ტიკ ტოკის“ საკითხს. „ტიკ ტოკი დაბრუნდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ეს აპლიკაცია ძალიან პოპულარულია და სხვა გზა არ აქვთ, ის უნდა გადაარჩინონ.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.

ფიცს ჯერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანოს წინაშე, შემდეგ კი ფიცს დონალდ ტრამპი დადებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

ტრამპი ფიცს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დადებს. ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება. ამის მიზეზი კი ვაშინგტონში ძლიერი ყინვებია. ასეთი რამ ბოლოს 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს მოხდა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტებიდან ტრამპის ფიცის დადებას დაესწრებიან ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბილ კლინტონი.

ასევე ისტორიაში პირველად, ინაუგურაციაზე მიწვეულები არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც. მიწვეულთა სიაში არიან: არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნაბოა, სალვადორის პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე.

ცერემონიაზე მიწვეული იყო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც, რაზეც მან უარი თქვა, თუმცა ინაუგურაციას დაესწრება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მიწვეულ სტუმრებს შორის იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ვაშგინგტონში ვერ ჩავა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ორბანი სხვა ღონისძიებას უნდა დაესწროს.