Home Blog Page 31

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი 2 სპორტსმენია სიაში, მაგრამ მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ – ალეკო ელისაშვილი

ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის დუშკაბინით ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ უმძიმესად აქვთ საქმე – აიძულეს ტალახაძე და პეტრიაშვილი, სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფერი უშველით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მედიასთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში სპორტსმენების – ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის ნახვა გულდასაწყვეტია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მათთან ერთად დაამარცხებენ.

„პარლამენტში 4 წელი ვმუშაობდი. პარლამენტში „ქართული ოცნების“ მხრიდან არაერთი სპორტსმენი იყო და შემთხვევითაც არ დასჭერია არცერთ მათგანს მიკროფონზე ხელი. შემთხვევითაც არ შეშლიათ.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი ორი ქართველო სპორტსმენი არის „ქართული ოცნების“ სიაში – ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მოცემულობაა, მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს და მათთვის ალბათ, კარგი გამოცდილება და მწარე გაკვეთილი იქნება, რომ არ უნდა გაანიავონ ხოლმე ხალხის სიყვარული, არ უნდა დაახურდაონ აბსოლუტურად მათთვის გაუგებარ თანამდებობაზე.

ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის “დუშკაბინით” ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ ძალიან მძიმედ აქვთ საქმე, უმძიმესად აქვთ საქმე. თვითონ ძალიან კარგად იცის, რომ აგებენ, არიან გაკოტრებულები, აიძულეს პირდაპირ ტალახაძე და პეტრიაშვილი, რომ სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არც ეს უშველით, არაფერი უშველით. 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძალიან სახელოვნად“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელთა შორის არიან ქართველი სპორტსმენები – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან.

ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ხოლო გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

როგორც ცნობილია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაასახელა.

ღონისძიებაზე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა , “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.

2020 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არიან:

1. ბიძინა ივანიშვილი;

2. ირაკლი კობახიძე;

3. ირაკლი ღარიბაშვილი;

4. შალვა პაპუაშვილი;

5. მამუკა მდინარაძე;

6. თეა წულუკიანი;

7. ლაშა ტალახაძე;

8. ვახტანგ თურნავა;

9. მაკა ბოჭორიშვილი;

10. გენო პეტრიაშვილი;

11. სოზარ სუბარი;

12. მარიამ ქვრივიშვილი;

13. ანრი ოხანაშვილი;

14. ნიკოლოზ სამხარაძე;

15. ეკა ჭიჭინაძე;

16. შოთა ბერეკაშვილი;

17. ლევან მახაშვილი;

18. მიხეილ ყაველაშვილი;

19. გიორგი გაბუნია;

20. ლიკა შარტავა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ აფასებენ

ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა პირდაპირი საფრთხეა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ.

“საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები მკაცრად გმობენ ირანის მიერ გადაცემასა და რუსეთის მიერ ირანული ბალსიტიკური რაკეტების შეძენას. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისთვის ირანის სამხედრო დახმარების მეტი ესკალაციაა და შედეგად მოყვება, რომ ირანული რაკეტები ევროპულ მიწას მიწვდება, რაც უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაზრდის. ეს ირანისა და რუსეთის ესკალაციის აქტია, და ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა.

E3 [დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია] პირადად და საჯაროდ ნათლად ამბობდა, რომ [რაკეტების] გადაცემის შემთხვევაში ახალ და მნიშვნელოვან ზომებს მიიღებდა ირანის წინააღმდეგ. ახლა გვაქვს დასტური, რომ ირანმა ეს გადაცემა განახორციელა. დაუყონებლივ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ირანთან ორმხრივი საჰაერო სერვისების შეთანხმებები გავაუქმოთ. დამატებით, ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასა და რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა იარაღის გადაცემაში ჩართული მნიშვნელოვანი ორგანიზაციებისა და პიროვნებების [სანქცირებისთვის] განსაზღვრაზე ვიმუშავებთ. ასევე, ვიმუშავებთ Iran Air-ის დასანქცირებაზე.

E3 ამ გადაცემებისთვის ჩვენი ძლიერი პასუხისთვის მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან. მოვუწოდებთ ირანს, დაუყონებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ყველანაირი მხარდაჭერა და თავისი ბალისტიკური რაკეტების განვითარება და გადაცემა შეაჩეროს,” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს ორივე პირი ტყეში იმყოფებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, ადგილზე მისულ ეკიპაჟს ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული დახვდა.

მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას – პრეზიდენტი

მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ზურაბიშვილმა მიცემულ ინტერვიუში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, გამოწვევებსა და საერთაშორისო ურთიერთობებზეც გააკეთა აქცენტი.

მისი შეფასებით, ქვეყანა ახლა „ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით“.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონით ცდილობს, „ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები კი სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს“.

კითხვაზე, ურევია თუ არა მოსკოვის ხელი საკამათო კანონის მიღებაში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ. ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა,- ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა.

ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაქინაციებს, როგორიცაა დაბრკოლებების შექმნა, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, რომელიც ამომრჩეველთა დაახლოებით, მესამედს წარმოადგენს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდა – ომი თუ ლგბტ საკითხი“ – განაცხადა ზურაბიშვილმა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში.

„ქართული ოცნება“ დასუსტებულია – 25%-ზე მეტს ვერ იღებენ – სალომე ზურაბიშვილი

მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის.

„არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, ეს ჩემი როლი არ არის, მაგრამ რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%. მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან“, – აღნიშნავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

“ლელოს” პროგრამაა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფსს და მასთან სამხედრო დაპირისპ ირებას -შალვა პაპუაშვილი

„ლელოს“ პროგრამაა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფსს და სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან, იმდენად არიან აბსურდში, ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუკი ვინმესთვის ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს, რუსეთთან ესკალაციას და სანქციების დაწესებას, მაშინ ეს არ არის მშვიდობიანი გზა.

„ლელო ამბობს, რომ ევროკავშირში წინ წასასვლელად უნდა ჩავკეტოთ საზღვარი რუსეთთან, დავაწესოთ სანქციები. ლელოს პროგრამა ეს არის – დავუწესოთ სანქციები რუსეთს. და, თუკი ამ გზას დაადგებიან, ეს არის ესკალაციის გზა, რომლის ბოლოსაც გარანტირებულად არის ამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ეს მათ საარჩევნო პროგრამაში წერია. იმდენად არიან აბსურდში გადავარდნილები, რომ ფურცელზე დაწერეს ეს ყველაფერი. ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს და ფურცელზე დაწერეს, პირდაპირ მტკიცებულება შექმნეს, რომ ეს არის მათი გეგმა. ანუ ზეპირი განცხადებაც კი არ არის, არამედ მათი გეგმაა, რომ როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში, მეორე დღესვე დაიწყებენ ესკალაციას რუსეთთან. თუკი ვინმესთვის ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს, რუსეთთან ესკალაციას და სანქციების დაწესებას, მაშინ ეს არ არის მშვიდობიანი გზა. ეს გზა აქვს არჩეული ოპოზიციას. ჩვენი გზა ევროკავშირისკენ მიდის მშვიდობით, კეთილდღეობით და ღირსებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6959 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6949 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9755 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9752 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

ისრაელის არმიამ „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლა-“ცაჰალი”

ისრაელის არმიამ ლიბანზე საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ სპეციალური ოპერაციების დანაყოფის „რადვანის“ მეთაური მოჰამად კასემ ალ-შაა მოკლა.

ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

როგორც „ცაჰალი“ იუწყება, „რადვანის“ მეთაური ქარაუნის რაიონში, ბეირუთიდან 58 კილომეტრში მოკლეს. ალ-შაას მრავალი ტერორისტული აქტი აქვს ჩადენილი ისრაელის წინააღმდეგ.

მისმა ლიკვიდაციამ ლიბანის სამხრეთიდან ისრაელზე „ჰეზბოლას“ შეტევების შანსები მკვეთრად შეამცირა, ფიქრობენ ისრაელის თავდაცვის არმიაში.

 თქვენ პლაკატები დახიეთ – ჩვენ კი თქვენ დაგხევთ 26 ოქტომბერს, პოლიტიკურად რა თქმა უნდა-დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციას

x

„ოლიმპიური თამაშები გამიგია, პარაოლიმპიურიც გამიგია. ვერ ვიგებ „ფსიქოლიმპიურ“ თამაშებს, რითაც საარჩევნო კამპანიის მაგივრად, დაკავებული არიან ჩვენს პოლიტიკურ ფსკერზე მცოცავი წურბლები,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გვარამია-მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხრიდან „ქართული ოცნების“ პლაკატების დახევისა და განადგურების ფაქტს ეხმაურება.

„ოლიმპიური თამაშები გამიგია, პარაოლიმპიურიც გამიგია. ვერ ვიგებ „ფსიქოლიმპიურ“ თამაშებს, რითაც საარჩევნო კამპანიის მაგივრად, დაკავებული არიან ჩვენს პოლიტიკურ ფსკერზე მცოცავი წურბლები.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ხევენ გვარამია/მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მმართველი პარტიის პლაკატებს.

გვეგონა გავიარეთ ჩვენი გარდაცვლილი შვილებით ბინძურ მანიპულირებას, მცირეწლოვანი ბავშვების სასკოლო ბულინგს ნაც-მასწავლებლების მიერ, სახლებთან „დაპადიეზდებას“, მარკეტებში თავდასხმებს, სოციალურ ქსელებში გინება/შეურაცხყოფას. მოჩვენებითი ძალისხმევის ფარგლებში მაინც ამაოდ ველოდებოდით ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო/პროგრამულ პაექრობას ხელისუფლებასთან. მაგრამ, „მამალი ვირი და მაკეე?“.

პლაკატების დახევით, თუ საკუთარი აგენტოკრატების აღშფოთებული შეშფოთებებით ამ ხალხის, მათთვის ამოუცნობი ქართველების ან დაშინება, ან დამარცხება რომ შეიძლებოდეს – ამ ქვეყანაში ერთ-ერთ უძველეს შენობა/ნაგებობად არა ბოლნისის სიონი ან ანჩისხატი, არამედ კახეთის გზატკეცილზე ნაცების ოფისი იქნებოდა. ასეთ ქვეყანას არც დიდგორი ეხსომებოდა, არამედ მხოლოდ ოქრუაშვილის ლაშქრობა ცხინვალზე 2004 წლის ზაფხულს. თქვენ პლაკატები დახიეთ – ჩვენ კი თქვენ დაგხევთ 26 ოქტომბერს. პოლიტიკურად რა თქმა უნდა. ფიზიკურად – ჰიგიენური ზიზღის გამო არც კი გაგეკარებით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

 ხელოვნურად ორგანიზებული საჩივრების გზით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებული მანიპულაციური კამპანია გრძელდება- ცესკო

ხელოვნურად ორგანიზებული საჩივრების გზით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებული მანიპულაციური კამპანია გრძელდება, – ნათქვამია ცენრალური საარჩევნო კომისიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, იმ საფრთხეებზე და ტენდენციებზე საუბარი, რაც უკვე გამოიკვეთა ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებულ ქმედებებში. საინტერესოა, რომ ეს ქმედებები ზუსტად იმეორებს 2020 წლის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას, რაც ითვალისწინებს პროცედურული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო ადმინისტრაციის და აქედან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს დაზიანებას.

„როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამჯერად, საქმე ეხება ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევის სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივად გასაჩივრების ორგანიზებულ პროცესს. გუშინ, 9 სექტემბერს 15 თითქმის ერთი და იგივე შინაარსის საჩივარი შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ ოლქების დასახელებით და ხელმომწერი პირებით განსხვავდება. ცხადია ასეთი ორგანიზებული გასაჩივრების მიზანია, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები საარჩევნო კომისიების არჩეული პირების მიკერძოებაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ წინასწარ აცნობა საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, საჩივრების რაოდენობის ხელოვნური ზრდით, ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს და ამით შეირყეს არჩევნებისადმი ნდობა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას, ისევ ამ პროცესის დისკრედიტაციის გზა აირჩია და ამ გზაზე საკუთარ სამიზნედ უკვე მერამდენედ ამოირჩია საარჩევნო ადმინისტრაცია. არადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ადმინისტრირებული იყოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ცხადია, ჩვენ ყველა საჩივარს განვიხილავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამომრჩევლის და ჩართული მხარეების ინფორმირებას იმ გამოწვევებზე და ტენდენციებზე, რამაც შეიძლება საარჩევნო პროცესის დაზიანება გამოიწვიოს. შევახსენებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებაზე, იმგვარად, რომ პატივი ვცეთ ამომრჩევლის საუკეთესო ინტერესებს“, – ნათქვამია ცესკოს განცადებაში.