Home Blog Page 31

არსებული ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს ორივე პირი ტყეში იმყოფებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, ადგილზე მისულ ეკიპაჟს ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული დახვდა.

მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას – პრეზიდენტი

მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ზურაბიშვილმა მიცემულ ინტერვიუში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, გამოწვევებსა და საერთაშორისო ურთიერთობებზეც გააკეთა აქცენტი.

მისი შეფასებით, ქვეყანა ახლა „ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით“.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონით ცდილობს, „ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები კი სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს“.

კითხვაზე, ურევია თუ არა მოსკოვის ხელი საკამათო კანონის მიღებაში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ. ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა,- ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა.

ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაქინაციებს, როგორიცაა დაბრკოლებების შექმნა, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, რომელიც ამომრჩეველთა დაახლოებით, მესამედს წარმოადგენს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდა – ომი თუ ლგბტ საკითხი“ – განაცხადა ზურაბიშვილმა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში.

„ქართული ოცნება“ დასუსტებულია – 25%-ზე მეტს ვერ იღებენ – სალომე ზურაბიშვილი

მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის.

„არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, ეს ჩემი როლი არ არის, მაგრამ რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%. მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან“, – აღნიშნავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

“ლელოს” პროგრამაა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფსს და მასთან სამხედრო დაპირისპ ირებას -შალვა პაპუაშვილი

„ლელოს“ პროგრამაა, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ კოლაფსს და სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან, იმდენად არიან აბსურდში, ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თუკი ვინმესთვის ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს, რუსეთთან ესკალაციას და სანქციების დაწესებას, მაშინ ეს არ არის მშვიდობიანი გზა.

„ლელო ამბობს, რომ ევროკავშირში წინ წასასვლელად უნდა ჩავკეტოთ საზღვარი რუსეთთან, დავაწესოთ სანქციები. ლელოს პროგრამა ეს არის – დავუწესოთ სანქციები რუსეთს. და, თუკი ამ გზას დაადგებიან, ეს არის ესკალაციის გზა, რომლის ბოლოსაც გარანტირებულად არის ამ ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ეს მათ საარჩევნო პროგრამაში წერია. იმდენად არიან აბსურდში გადავარდნილები, რომ ფურცელზე დაწერეს ეს ყველაფერი. ქვეყნის განადგურების გეგმას თან „ილიას გეგმა“ დაარქვეს და ფურცელზე დაწერეს, პირდაპირ მტკიცებულება შექმნეს, რომ ეს არის მათი გეგმა. ანუ ზეპირი განცხადებაც კი არ არის, არამედ მათი გეგმაა, რომ როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში, მეორე დღესვე დაიწყებენ ესკალაციას რუსეთთან. თუკი ვინმესთვის ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს, რუსეთთან ესკალაციას და სანქციების დაწესებას, მაშინ ეს არ არის მშვიდობიანი გზა. ეს გზა აქვს არჩეული ოპოზიციას. ჩვენი გზა ევროკავშირისკენ მიდის მშვიდობით, კეთილდღეობით და ღირსებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6959 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6959 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6949 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9755 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9752 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

ისრაელის არმიამ „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლა-“ცაჰალი”

ისრაელის არმიამ ლიბანზე საჰაერო იერიშის შედეგად „ჰეზბოლას“ სპეციალური ოპერაციების დანაყოფის „რადვანის“ მეთაური მოჰამად კასემ ალ-შაა მოკლა.

ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

როგორც „ცაჰალი“ იუწყება, „რადვანის“ მეთაური ქარაუნის რაიონში, ბეირუთიდან 58 კილომეტრში მოკლეს. ალ-შაას მრავალი ტერორისტული აქტი აქვს ჩადენილი ისრაელის წინააღმდეგ.

მისმა ლიკვიდაციამ ლიბანის სამხრეთიდან ისრაელზე „ჰეზბოლას“ შეტევების შანსები მკვეთრად შეამცირა, ფიქრობენ ისრაელის თავდაცვის არმიაში.

 თქვენ პლაკატები დახიეთ – ჩვენ კი თქვენ დაგხევთ 26 ოქტომბერს, პოლიტიკურად რა თქმა უნდა-დავით ქართველიშვილი რადიკალურ ოპოზიციას

x

„ოლიმპიური თამაშები გამიგია, პარაოლიმპიურიც გამიგია. ვერ ვიგებ „ფსიქოლიმპიურ“ თამაშებს, რითაც საარჩევნო კამპანიის მაგივრად, დაკავებული არიან ჩვენს პოლიტიკურ ფსკერზე მცოცავი წურბლები,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გვარამია-მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხრიდან „ქართული ოცნების“ პლაკატების დახევისა და განადგურების ფაქტს ეხმაურება.

„ოლიმპიური თამაშები გამიგია, პარაოლიმპიურიც გამიგია. ვერ ვიგებ „ფსიქოლიმპიურ“ თამაშებს, რითაც საარჩევნო კამპანიის მაგივრად, დაკავებული არიან ჩვენს პოლიტიკურ ფსკერზე მცოცავი წურბლები.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ხევენ გვარამია/მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მმართველი პარტიის პლაკატებს.

გვეგონა გავიარეთ ჩვენი გარდაცვლილი შვილებით ბინძურ მანიპულირებას, მცირეწლოვანი ბავშვების სასკოლო ბულინგს ნაც-მასწავლებლების მიერ, სახლებთან „დაპადიეზდებას“, მარკეტებში თავდასხმებს, სოციალურ ქსელებში გინება/შეურაცხყოფას. მოჩვენებითი ძალისხმევის ფარგლებში მაინც ამაოდ ველოდებოდით ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო/პროგრამულ პაექრობას ხელისუფლებასთან. მაგრამ, „მამალი ვირი და მაკეე?“.

პლაკატების დახევით, თუ საკუთარი აგენტოკრატების აღშფოთებული შეშფოთებებით ამ ხალხის, მათთვის ამოუცნობი ქართველების ან დაშინება, ან დამარცხება რომ შეიძლებოდეს – ამ ქვეყანაში ერთ-ერთ უძველეს შენობა/ნაგებობად არა ბოლნისის სიონი ან ანჩისხატი, არამედ კახეთის გზატკეცილზე ნაცების ოფისი იქნებოდა. ასეთ ქვეყანას არც დიდგორი ეხსომებოდა, არამედ მხოლოდ ოქრუაშვილის ლაშქრობა ცხინვალზე 2004 წლის ზაფხულს. თქვენ პლაკატები დახიეთ – ჩვენ კი თქვენ დაგხევთ 26 ოქტომბერს. პოლიტიკურად რა თქმა უნდა. ფიზიკურად – ჰიგიენური ზიზღის გამო არც კი გაგეკარებით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

 ხელოვნურად ორგანიზებული საჩივრების გზით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებული მანიპულაციური კამპანია გრძელდება- ცესკო

ხელოვნურად ორგანიზებული საჩივრების გზით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებული მანიპულაციური კამპანია გრძელდება, – ნათქვამია ცენრალური საარჩევნო კომისიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, იმ საფრთხეებზე და ტენდენციებზე საუბარი, რაც უკვე გამოიკვეთა ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებულ ქმედებებში. საინტერესოა, რომ ეს ქმედებები ზუსტად იმეორებს 2020 წლის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას, რაც ითვალისწინებს პროცედურული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო ადმინისტრაციის და აქედან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს დაზიანებას.

„როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამჯერად, საქმე ეხება ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევის სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივად გასაჩივრების ორგანიზებულ პროცესს. გუშინ, 9 სექტემბერს 15 თითქმის ერთი და იგივე შინაარსის საჩივარი შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ ოლქების დასახელებით და ხელმომწერი პირებით განსხვავდება. ცხადია ასეთი ორგანიზებული გასაჩივრების მიზანია, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები საარჩევნო კომისიების არჩეული პირების მიკერძოებაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ წინასწარ აცნობა საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, საჩივრების რაოდენობის ხელოვნური ზრდით, ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს და ამით შეირყეს არჩევნებისადმი ნდობა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას, ისევ ამ პროცესის დისკრედიტაციის გზა აირჩია და ამ გზაზე საკუთარ სამიზნედ უკვე მერამდენედ ამოირჩია საარჩევნო ადმინისტრაცია. არადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ადმინისტრირებული იყოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ცხადია, ჩვენ ყველა საჩივარს განვიხილავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამომრჩევლის და ჩართული მხარეების ინფორმირებას იმ გამოწვევებზე და ტენდენციებზე, რამაც შეიძლება საარჩევნო პროცესის დაზიანება გამოიწვიოს. შევახსენებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებაზე, იმგვარად, რომ პატივი ვცეთ ამომრჩევლის საუკეთესო ინტერესებს“, – ნათქვამია ცესკოს განცადებაში.

iTrade.ge – ყველა ბიზნესი ერთ სივრცეში- გაიცანით თიბისი სტარტაპერის მიერ მხარდაჭერილი იდეა

“საკმარისია ხედავდე იდეას” – ეს გზავნილი თიბისიმ იმ ადამიანებს გაუგზავნა, ვისაც აქვთ ინოვაციური იდეები ახალი ბიზნესის შესაქმნელად და ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებენ. 

პლატფორმა iTrade.ge -ს დამფუძნებელი გუჯა პარუნაშვილი თავიდან სკეპტიკურად განეწყო ბანკის ამ შეთავაზების მიმართ, თუმცა მაინც სცადა და განაცხადი შეავსო. ჯერ მხოლოდ იდეა ჰქონდა პლატფორმის, რომელიც დღეს, 7 თვის თავზე, ხელშესახები პროდუქტია და შესაძლებლობას იძლევა ერთ სივრცეში გააერთიანოს ქართულ ბაზარზე მოქმედი ყველა ბიზნესი. პლატფორმა კომპანიებს ყიდვა-გაყიდვის წარმოების, ტენდერების გამოცხადების,საკუთარი პროფილის პრეზენტაციის და ერთმანეთთან ონლაინ კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

“განაცხადის შევსებიდან 3 დღეში თიბისი ბანკიდან დამირეკეს და სტარტაპ იდეის შესახებ გამომკითხეს. მთხოვეს მიმეწოდებინა სამომავლო ფინანსური გათვლები, ხარჯთაღრიცხვა და სხვა დეტალები. სკეპტიკური განწყობა არც ამჯერად შემცვლია, თუმცა აქაც ვცადე, გულმოდგინედ შევაგროვე ინფორმაცია და გადავუგზავნე. 5 დღის შემდეგ ბანკის იგივე თანამშრომელმა დამირეკა. მითხრა, რომ პროექტი მოეწონათ და მზად არიან დააფინანსონ.  ამით მათ სული შთაბერეს ამ იდეას. აღსაღნიშნავია, ის საშეღავათო პერიოდი, რომელიც პირველი 9 თვის განმავლობაში ფინანსური ტვირთისგან მათავისუფლებდა, ასევე აწარმოე საქართველოს (enterprisegeorgia.gov.ge) უნიკალური პროექტი, რომელიც სესხის პროცენტის სუბსიდირებას ახდენს და ზემოთხსენებულ დაფინანსების გარანტორად წარმოგვიდგება,” – ამბობს გუჯა პარუნაშვილი, iTrade.ge -ის დამფუძნებელი.

პლატფორმა 12 აგვისტოდან ამოქმედდა, მართალია სრული დატვირთვით ჯერ ვერა, მაგრამ წინ უამრავი გეგმაა და საიტის დეველოპერები ახალი ფუნქციონალების განვითარებაზე ყოველდღიურად მუშაობენ.

iTrade.ge არის ქართული ელექტრონული B2B პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ბიზნეს სუბიექტებს შორის ყიდვა-გაყიდვის და კომუნიკაციის პროცესის გასაუმჯობესებლად. პლატფორმა ქართულ ბაზარზე მოქმედ ყველა ბიზნესს ერთ სივრცეში აერთიანებს, მისით სარგებლობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის (www.rs.ge) მიერ ვერიფიცირებულ, რეალურ მომხმარებლებს შეუძლიათ. პლატფორმაზე ჩაშენებული ონლაინ ჩატის – კომუნიკატორის მეშვეობით კი შესაძლებელია მოლაპარაკება აწარმოო ნებისმიერ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთან.

„პლატფორმა რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს მომხმარებელს. ეს არის მხოლოდ ბიზნესისთვის შექმნილი სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ ნახონ მომწოდებლები, რეალიზატორები, ახალი ბიზნეს პარტნიორები, მოიძიონ ინფორმაცია ამა თუ იმ კომპანიის შესახებ და კომუნიკატორის საშუალებით დაუკავშირდნენ მათ წარმომადგენლებს. ყველა რეგისტრირებული კომპანია არის რეალური, ვერიფიცირებული და მათ საშუალება აქვთ შექმნან საკუთარი პროფაილის საპრეზენტაციო გვერდი.

ჩვენი მიზანია, ციფრულ ეპოქაში შევქმნათ ჯანსაღი ბიზნეს გარემო, სადაც ყოველდღიურად, ყველა ზომის სუბიექტს შეუძლია აწარმოოს მცირე თუ მაღალ ბიუჯეტიანი შესყიდვები, გაყიდვები და იპოვოს ახალი ბიზნეს პარტნიორები.

შედეგად, გამარტივებული ბიზნეს პროცესების, შემცირებული საოპერაციო ხარჯების, ახალი ბიზნეს პარტნიორების და დაზოგილი დროის ხარჯზე ეფექტურად მართავთ თქვენს ბიზნესს,“ – გუჯა პარუნაშვილი, iTrade.ge -ის დამფუძნებელი.

ვინ არის iTrade.ge -ის მომხმარებელი?

iTrade.ge -ის მომხმარებელი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებადი ყველა ბიზნეს სუბიექტია. ისინი, ვისაც ესაჭიროება B2B შესყიდვები ან  გაყიდვები, კომუნიკაცია სხვა ბიზნეს სუბიეტებთან, პოტენციური მომწოდებლების თუ რეალიზატორების პოვნა, ბიზნეს კატალოგზე წვდომა, სადაც წარმოდგენილია კომპანიები საქმიანობის სფეროს, ადგილმდებარეობის, თანამშრომელთა რაოდენობის, ბრუნვის მოცულობის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით.

iTrade.ge -ის მიზანია, რომ რეგისტრირებულ კომპანიებს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის და პარტნიორების პოვნის, არამედ იმპორტ-ექსპორტის წარმოების და უცხოურ მომწოდებლებთან დაკავშირების საშუალება ჰქონდეთ. გუჯა პარუნაშვილი ამბობს, რომ ამ მიზნის შესასრულებლად ბიზნესისთვის გლობალურ სივრცეს შექმნიან, შესაბამისად, ახლო მომავალში იგეგმება პლატფორმის სხვა ქვეყნებში , კერძოდ ჩინურ, თურქულ  და ევროპის ბაზარზე გატანა.

ამჟამად iTrade.ge-ის გუნდი 10 ადამიანს აერთიანებს, რომელიც დეველოპერების, დიზაინერების და გაყიდვების მენეჯერებისგან შედგება.   

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ 167-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 167-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

ყოველწლიურად იზრდება საქართველოში გენერაციის ობიექტების რაოდენობა, ასევე იზრდება დადგმული სიმძლავრე და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა – ლევან დავითაშვილი

ყოველწლიურად იზრდება საქართველოში გენერაციის ობიექტების რაოდენობა, ასევე იზრდება დადგმული სიმძლავრე და გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ ყოველდღიურად უფრო მეტად ვაძლიერებთ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ამით, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ენერგეტიკულ დარგს ვაძლიერებთ, არამედ იმის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იყოს უფრო მდგრადი და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა – უფრო მყარი. მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ აქტიური მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკას იმისთვის, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეს იყოს გრძელვადიანი, პროგნოზირებად გარემო როგორც სექტორში ინვესტორებისთვის, ისე ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სუბიექტისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ენერგეტიკის დარგში ინვესტირების მიზნით შემუშავებულ მხარდაჭერის სქემას. მისი ინფორმაციით, მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ პროცესის დაჩქარების მიზნით, პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმით, უკვე აუქციონების პირობებში ჩამოყალიბებულ კონკურენტულ ფასად მოხდეს ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების მხარდაჭერა.

„ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების პროცესი დავაჩქაროთ და უფრო სწრაფად მივიღოთ შედეგი იმ ამბიციური გეგმის, რომელიც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა – 2030 წლისთვის ვიყოთ ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა და გენერაცია აჭარბებდეს ჩვენს მოხმარებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარკვეული ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და ამით ფინანსდება პოლიტიკა – კახა კალაძე დავით კეზერაშვილზე

ძალიან მძიმეა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, თუ ვინ ძარცვავდა პენსიონერებს მთელი ამ წლების განმავლობაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი შეფასებით, ძალიან დიდი სიბინძურეა, როდესაც ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და შესაძლოა, ტელევიზიებიც და საარჩევნო კამპანიაც ფინანსდებოდეს.

„ეს, რა თქმა უნდა, უმძიმესია. ევროპაშიც მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებში გამოძიება, ბევრი ადამიანია დაკავებული. თავად კეზერაშვილის დაკავება-არდაკავებას რაც შეეხება, ალბათ, რაღაც დონეზე სჭირდებათ და მას რაღაცისთვის იყენებენ, თუმცა, ვნახოთ. თვითონ საქმე ძალიან მძიმე და ცუდია იმ თვალსაზრისითაც, რომ გარკვეული ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და ამით ფინანსდება პოლიტიკა. ამაზე დიდი სიბინძურე, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს, რომ ნაძარცვი ფულით ფინანსდებიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, შეიძლება ტელევიზიებიც და საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ცნობით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.