Home Blog Page 31

ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ, დადიან აღმა-დაღმა – კახა კალაძე ოპოზიციაზე

ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ. დადიან აღმა-დაღმა, რას მიედებიან თვითონაც არ იციან – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – ხვალ ან ზეგ ყველა პარლამენტში შემოლაგდება,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ოპოზიციონერი ლიდერების და მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ აქციებს.

როგორც კალაძემ განმარტა, ამ აქციებს ფასი არ აქვს.

„მთელი სოცმედია მიაქვს

ხუმრობებს ამ აქციებთან დაკავშირებით, ერთი გასვენება ხალხი ვერ შეუკრებიათ. დადიან აღმა-დაღმა, რას მიედ-მოედებიან თვითონაც არ იციან. მცდელობაა, საკუთარ ამომრჩეველს ანახონ, რომ თითქოს იბრძვიან. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები – ხვალ, ზეგ ყველა პარლამენტში შემოლაგდება!” – აღნიშნა კალაძემ.

ქართველი ფსევდოლიბერალების აზრით, ამერიკელი ხალხი ჩელიაბინსკში გაიღვიძებს! – მამუკა მდინარაძე

არჩევნებში არა თუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ომის დასრულების პირობებში ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი გვქონდა – ამ შემთხვევაში მითუმეტეს! – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს აშშ-მა გადატვირთვის ნაწილში, მდინარაძემ განაცხადა, რომ ჰელსინკის კომისიამ არ უნდა დაუწყოს ჩხუბი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუ რატომ ცნეს ლეგიტიმურად საქართველოს არჩევნები.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ტრამპის კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლის, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ნარატივზე.

„ქართველი ფსევდოლიბერალების აზრით ამერიკელი ხალხი ჩელიაბინსკში გაიღვიძებს! მათ რომ ჰკითხო, ამერიკელები დღეს ჩელისბინკში გაიღვიძებენ, რადგან არჩევნებში ტრამპი იმარჯვებს. ახლა წარმოიდგინეთ კამალა ჰარისმა რომ დაიწყოს, რომ ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ – დაახლოებით ამ დონის კამპანია აქვთ საქართველოში.

ტრამპის კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლის, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ნარატივზე. ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. აქ რომ ქილიკობდნენ: ეგ რა სალაპარაკოაო, აშშ-ს პრეზიდენტი ამ საკითხებზე ღიად საუბრობდა, თურმე ეს ქართული ნარატივი კი არ ყოფილა, არამედ მსოფლიოში არიან ლიდერები, მათ შორის აშშ-ში აწ უკვე არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ამ თემაზე ღიად ლაპარაკობდა და საქილიკო არაფერი ყოფილა.

თურმე ტრადიციებსა და ფასეულობებზე მხოლოდ 4 მილიონიან ქვეყანაში კი არ საუბრობენ, არამედ ამ ნარატივის გამო – რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, აშშ-ს მოსახლეობა მხარს უფრო მეტად იმ ლიდერს უჭერს, ვინც ამ კამპანიას მიყვება.

ამიტომაც არ უხარია ჩვენს ოპოზიციას არჩევნებში ტრამპის გამარჯვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან – მამუკა მდინარაძე 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება, 30 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებითაა ნაკარნახევი.

როგორც მან ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, ვლადიმერ ხუჭუა აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან.

„ასეთი ცნობილი ფრაზა არსებობს „თამაში გაყიდა“. ელისაშვილმა „თამაში გაყიდა“, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ. ჩემი საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ მე რომ მოსამართლე ვიყო, ნამდვილად შემრცხვებოდა იმის შემდეგ საუბარი, რაც პოლიტიკოსი, აქციაზე, ტრიბუნიდან, ერთი საათით ადრე, გადაწყვეტილებას ჩემ მაგივრად გამოაცხადებდა. მოსამართლე ხუჭუას ასეთი საუბარი ნიშნავს იმას, რომ მისი გადაწყვეტილება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებით არის ნაკარნახევი.

მას არავინ უკრძალავს პოლიტიკური გემოვნების ქონას, პირიქით, ამ ქვეყანაში როგორც არასდროს ისეა დაცული აზრის, გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სამოსამართლეო სტანდარტი მას ამის საშუალებას არ აძლევს, რომ ის წავიდეს, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს, აზრი გამოთქვას, ანგარიში აბაროს „ნაცმოძრაობის“ მედიასა თუ რომელიმე მედიას. ამიტომ ის აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან, მე როგორც იურისტი ვამბობ ამას და არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი. მისი ქცევა არ ჯდება არც მოსამართლის და არც იმ ეთიკურ ნორმებში, რა ეთიკური ნორმებიც მოსამართლეებს აქვთ დაწესებული და რა ეთიკაც მათ საკუთარი თვისთვის თავად აქვთ დაწესებული. ეს არის დაუწერელი და დაწერილი ნორმების ერთობლიობა, რომელსაც მოსამართლეები, როგორც წესი, არ ცდებიან ხოლმე. ჩვენ ვიცით სასამართლოშიც კი მოსამართლეები, რომლებიც აშკარად უჭერენ მხარს „ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის წარმომადგენლებს, მაგრამ ისინიც კი ცდილობენ, რომ რაღაც სტანდარტებს არ გასცდნენ. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებულ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როცა ეს ადამიანი „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ეთერში დაჯდა და პოლიტიკური განცხადებები აკეთა. ამ გადაწყვეტილების მოტივაცია უკვე ყველასთვის ნათელია, ის არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე, თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა – „იმპლანტ სტუდიო“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა. მისი ისტორია ხუთ წელს ითვლის.

კლინიკა „იმპლანტ სტუდიო“ 10 თანამშრომელს აერთიანებს და ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპია, იმპლანტაცია, ორთოდონტია, ორთოპედია, ქირურგია – ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომლებსაც კლინიკა პაციენტებს სთავაზობს. თუმცა, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მომსახურების ფართო სპექტრი ყველაფერი არ არის, რაც კლინიკას გამორჩეულს ხდის. აქ, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას იყენებენ, რომელიც პირველადი ციფრული კონსულტაციის და უშეცდომო დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.

კლინიკის გახსნას საფუძველი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა, მაშინ, როცა კლინიკის მეპატრონე, ვლადიმერ (ვიკო) ბაჯიაშვილი პროფესიას ირჩევდა.

წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, ვიკო საკუთარ პროფესიონალიზმში დაარწმუნა და საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება გადაწყვიტა. 2007 წელს, ბორჯომს დაუბრუნდა, პირადი სტომატოლოგიური კაბინეტი გახსნა და ადგილობრივი პაციენტების ნდობა და სიყვარული დაიმსახურა.  2019 წელს, გაფართოება და სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა გადაწყვიტა, რემონტისა და აპარატურის შეძენა კი თიბისის მხარდაჭერით შეძლო.

„თიბისის ბიზნესსესხით კლინიკა გავარემონტე და თანამედროვე აპარატურა შევიძინე. თიბისი ლიზინგის საშუალებით კი –  3D კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს და საქართველოში მხოლოდ რამდენიმე წამყვან კლინიკაშია ხელმისაწვდომი. პირველადი კონსულტაცია სრულიად გაციფრულებული გვაქვს. როდესაც პაციენტი კომპიუტერულ ტომოგრაფიას გადაიღებს, მონაცემები სპეციალურ პროგრამაში იტვირთება, რომელიც  3D სურათის ანალიზს  ახდენს და ქართულ ენაზე წერს პრობლემებს, რეკომენდაციებს, რომელი პროფილის ექიმმა რა უნდა გააკეთოს. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს, დროის უმოკლეს მონაკვეთში მივიღო უშეცდომო დიაგნოზი“,’– ამბობს ვიკო.

Diagnocat.com-ის პლატფორმით ვიკო რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, ქართულ ენაზე თარგმნა და საკუთარ კლინიკაში დანერგა. დღეს კი, ის ამ პლატფორმის წარმომადგენელია საქართველოში და დაინტერესებულ პირებს ეხმარება მის დანერგვაში.

16 და 19 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება

16 და 19 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყველანაირი პირობა იქნება, რომ გულშემატკივარმა უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს.

„16 ნოემბერს საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის უეფა-ს ერთა ლიგის შეხვედრა გაიმართება. ასევე, 19 ნოემბერს ჩვენი ეროვნული ნაკრები გასვლით მატჩს ჩეხეთში გამართავს. თბილისელ გულშემატკივარს, ვინც ვერ ახერხებს აღნიშნულ თამაშებზე დასწრებას, ვთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და კვების ობიექტებს განვათავსებთ. შევქმნით ყველანაირ პირობას, რომ გულშემატკივარმა უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც 16 ნოემბრის, ისე 19 ნოემბრის შეხვედრაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს. ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩვენს ნაკრებს და განსაკუთრებით სჭირდებათ გულშემატკივრობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს უკრაინის საფეხბურთო ნაკრებთან მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო 19 ნოემბერს – ჩეხეთში.

ოპოზიციას სასამართლოს იმედი აქვს, რომელმაც ხმის მიცემის შედეგები უკვე 30 ოლქში გააუქმა – Basler Zeitung

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ბასლერ ცაიტუნგში“ (Basler Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით „არჩევნები საქართველოში: ოპოზიციას სასამართლოს იმედი აქვს, რომელმაც ხმის მიცემის შედეგები უკვე 30 ოლქში გააუქმა“ (ავტორი – ფრენკ ნოიჰეისენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იქნებ ეს ფაქტი ის მცირე დასაწყისია, რომელიც კიდევ უფრო გამრავლდება და საბოლოოდ ყველაფერს შეცვლის? იქნებ ის ფაქტი, რაც პროვინციულ ქალაქ თეთრიწყაროში მოხდა, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მანიშნებელია და ქვეყანას სწორ გზაზე – ევროკავშირისაკენ შეაბრუნებს?  ოპოზიციას იმედი აქვს. ოპოზიცია არ აღიარებს პრომოსკოვური მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ოფიციალურად გამოცხადებულ გამარჯვებას.

„თეთრიწყაროს პრეცედენტი“

თეთრისწყარო თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრზე მდებარეობს. ორსაბათს ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საარცევნო ოლქში ხმის მიცემის წესი – ფარული კენჭისყრა – დაირღვა: ბიულეტენები, რომლებიც სკანერში იყო მოთავსებული, ისეთი თხელი იყო, რომ მათზე სრულიად გარკვევით ჩანდა გაფერადებული რგოლი, ანუ შეიძლებოდა იმის გაგება, თუ ვის მისცა თავისი ხმა ამომრჩეველმა. თეთრიწყაროს ოლქის 30-ვე საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა, რაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაა არჩევნების წესების დარღვევის გამოვლენაში.

ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ მოსამართლის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მან გამოიჩინა გაბედულება და პროფესიონალიზმი, გამოავლინა კანონმორჩილება და მთავრობისათვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო.

კავკასიურ სახელმწიფოში ხელისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება. ოპოზიციამ, რომელიც ოთხპარტიულ ალიანსს წარმოადგენს, დაადგინა, თუ როგორ, რა გზებითა და მეთოდებით უნდა იმოქმედოს.

რა უნდა გრეტას თბილისში?

საქართველოს დედაქალაქში 4 ნოემბერს გამართულ ოპოზიციურ დემონსტრაციაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა (მაგრამ არა იმდენი, რამდენიც არჩევნების შემდეგ ჩატარებულ მიტინგში), პლუს გრეტა ტუნბერგი. ცნობილი შვედი აქტივისტი თბილისის ქუჩებში თავის მოქსოვილი ქუდით დადიოდა და აცხადებდა, რომ იგი ქართველ ოპოზიციონერების გვერდით დგას და მათ მხარს უჭერს „თავისუფლებისა და მშვიდობისათვის“ (!) ბრძოლაში.

ოპოზიციას განზრახული აქვს საპროტესტო აქციები თბილისში ყოველდღიურად ჩაატაროს, სხვადასხვა ადგილზე – ზოგჯერ დიდი, ზოგჯერ კი მცირე მიტინგები. ლაშა ბაქრაძე, რომელიც ზაფხულში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა, თავის გამოსვლაში თბილისური პროტესტი 1989 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში (გდრ-ში) მომხდარ გამოსვლებს შეადარა, რომლებმაც საბოლოოდ „ბერლინის კედლის“ დაცემა გამოიწვია.

მოსყიდვა, დაშინება და გაყალბება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ხმების 54% მიიღო, თუმცა ოპოზიცია და პირადად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ციფრებს მცდარად თვლის და არ აღიარებს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრების განცხადებით, არჩევნების პროცესში ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება და ხმების რაოდენობის გაყალბება.

რთული საკითხია – შეძლებს თუ არა მმართველი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება და ევროინტეგრაციას დეკლარირებს, იმავდროულად კი უკრაინასთან მეომარი რუსეთის ორბიტისაკენ იხრება, შეძლებს 54%-ის შენარჩუნებას?

ბევრი სოციოლოგიური ინსტიტუტი პროგნოზირებდა, რომ ქართული ოცნებ’ მხოლოდ ხმების 35%-ს მიიღებდა. ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები განსაკუთრებით გასაკვირი აღმოჩნდა ედისონის კვლევითი ინსტიტუტისათვის“, რომელიც საქართველოში საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი ორგანოების არჩევნების შედეგების კვლევას 2012 წლიდან აწარმოებს. დღემდე მათი კვლევის შედეგები ოფიციალურიგან მხოლოდ ერთიდან ხუთ პროცენტამდე განსხვავდებოდა, მაგრამ ამ არჩევნების შედეგების სხვაობამ 13%-ს მიაღწია. „ედისონის ინსტიტუტის“ მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 41% მიიღო – ნაკლები, ვიდრე  მთელმა ოპოზიციამ. „ამის ახსნა მხოლოდ იმ მანიპულაციებით შეიძლება, რომლებსაც მმართველი პარტია ახორციელებდა, განსაკუთრებით რეგიონებში“, – ამბობს ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი რობ ფარბმანი.

პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი არჩევნების მანიპულაციებს უარყოფს და აცხადებს, რომ ოპოზიცია „დეზინფორმაციას ავრცელებს“ და „რუსოფობიითაა შეპყრობილი. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები“.

განწყობა კატეგორიულია: უკომპრომისო ბრძოლა

ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზცია უარს აცხადებს მიღებული მანდატების გამოყენებასა და დეპუტატის მოვალეობის შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პარლამენტის არც პირველ სხდომას არ დაესწრებიან და არც შემდეგ არ მიიღებენ მონაწილეობას საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში. „თქვენ პარლამენტში მარტონი იქნებით, კეთროვანებივით“, – მიმართა ოპოზიციონერმა მამუკა ხაზარაძემ (ალიანსი „ძლიერი საქართველო“) მმართველი პარტიის წევრებს.  ოპოზიციის განწყობა კატეგორიულია და კომპრომისზე არ თანხმდება.

და მაინც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ ყველაფერი დემოკრატიულ ჩარჩოებში მიმდინარე ჩვეულებრივ მოვლენებად წარმოაჩინოს, იგი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული კურსი უცვლელია და ქვეყანა 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწვერიანებას გეგმავს – იმ მიზნის რეალიზებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული. თუმცა როგორ მოახერხებს ამას, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია – ევროკავშირმა საქართველოს როგორც წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღების პროცესი შეაჩერა, მთავრობის მიერ ავტორიტარული პოლიტიკის საპასუხოდ.

ოპოზიციის მოქმედების გეგმა

ოპოზიციას სურს, რომ არჩევნები განმეორებით ჩატარდეს და ამ მიზნის მიღწევას სამნაწილიანი გეგმის განხორციელებით აპირებს: პირველი – მოსახლეობის ინფორმირება იმ უხეში დარღვევების შესახებ, რაც არჩევნების დროს მოხდა; მეორე – საერთაშორისო პარტნიორებმა არჩევნების შედეგების არაღიარება; მესამე – „დემოკრატიული წინააღმდეგობის“ გაგრძელება ყოველდღიური მიტინგებით და ქუჩის საპროტესტო აქციებით.

რასაკვირველია, ასეთი სტრატეგია საკმაოდ სარისკოა და წარმატების მისაღწევად ბევრ ადამიანს აქციებში მონაწილეობა ხანგრძლივად მოუწევს. და ეს ყველაფერი იმ დროს, როცა ცივი ზამთარი ახლოვდება.

წყარო

საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ დისკრიმინაციული პრაქტიკების წახალისების აღმოფხვრისკენ მოუწოდა

საქართველოს სახალხო დამცველი შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ დისკრიმინაციული პრაქტიკების წახალისების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, სახალხო დამცველმა შპს „ევოლუშენ ჯორჯიადან“ და სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურიდან გამოთხოვილი და მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე შეაფასა შესაძლო დისკრიმინაციული პრაქტიკების პოტენციური გავლენა კომპანიაში დასაქმებულ პირთა შრომითი პირობების ხარისხსა და დისკრიმინაციის წახალისების ფაქტორებზე.

„2024 წლის 1 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“.

„ევოლუშენ ჯორჯიაში“ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის წამახალისებელი გარემოს შესაფასებლად სახალხო დამცველის აპარატმა საქმისწარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო, 2024 წლის 8 ივლისს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული საკითხის შესწავლის თხოვნით მეორე დღესვე, 2024 წლის 9 ივლისს აპარატს ასევე პროფკავშირმა „ლაბორმაც“ მიმართა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „მაუწყებელს“ ანონიმურად მიაწოდა მენეჯერების მიმოწერები, რომელიც ფიზიკური ძალადობისკენ მოწოდებას, დამამცირებელ, რასისტულ, სექსისტურ და გარეგნობის გამო დასაქმებულებისადმი დამცინავ დამოკიდებულებებს შეიცავდა.

შპს „ევოლუშენ ჯორჯიადან“ და სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურიდან გამოთხოვილი და მიღებული მასალების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა შეაფასა შესაძლო დისკრიმინაციული პრაქტიკების პოტენციური გავლენა კომპანიაში დასაქმებულ პირთა შრომითი პირობების ხარისხსა და დისკრიმინაციის წახალისების ფაქტორებზე.

მისასალმებელია, რომ კომპანიამ საჯაროდ გავრცელებულ მიმოწერაში მონაწილე, დისკრიმინაციის წამახალისებელ ქმედებებზე პასუხისმგებელ ყველა აქტიურ თანამშრომელთან დაასრულა სამართლებრივი ურთიერთობა. თუმცა, აღნიშნული ფაქტების შინაარსი, განსაკუთრებით მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის წამახალისებელი ქმედებები მიუთითებს, რომ კომპანიაში დისკრიმინაციული გარემოს მიმართულებით რიგი პრობლემებია და დასაქმებულთა დისკრიმინაციისაგან დასაცავად გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია.

კომპანიაში დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნისა და თანასწორობის პრინციპების დაცვის განმტკიცების უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველმა შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ მოუწოდა: შრომითი ხელშეკრულების დადებამდე კანდიდატს გააცნოს ინფორმაცია არა მხოლოდ პირთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის შესახებ მოქმედი საკანონმდებლო დებულებების, არამედ თანასწორობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, უფლების დაცვის ხელმისაწვდომი საშუალებებისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ. სისტემატურად გადაამზადოს თანამშრომლები თანასწორობის პრინციპისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

შიდა ორგანიზაციული აქტები და პოლიტიკა დროულად და ეფექტიანად მოიყვანოს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ზოგადი წინადადების ელექტრონული ვერსია:

საინტერესოა, შეიტანს თუ არა „სმარტმატიკი“ სარჩელს რეპუტაციული ზიანისთვის – კახა კახიშვილი

საინტერესოა, შეიტანს თუ არა „სმარტმატიკი“ სარჩელს რეპუტაციული ზიანისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, კახა კახიშვილი წერს.

კახიშვილი ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ ბრალდებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე კენჭისყრის დღეს არცერთი საჩივარი არ დაწერილა და ოპოზიციურ პარტიებს ეს საკითხი მხოლოდ მას „შემდეგ გაახსენდათ, რაც არჩევნებში მარცხი იწვნიეს“.

„დღეს ბევრს საუბრობენ ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევაზე, ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა საქართველოში არჩევნები ჩატარდა ამერიკული კომპანია „სმარტმატიკის“ აპარატებით, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის 24-წლიანი გამოცდილება აქვს. ამავდროულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ისე სამოქალაქო საზოგადოება და თავად პოლიტიკური პარტიები აცხადებდნენ, რომ ეს არის ყველაზე სანდრო აპარატი და ამ მოწყობილობით რაიმე ტიპის მანიპულაციები გამორიცხულიაო.

აქვე ინფორმაციისთვის, სხვადასხვა დროს კომპანია „სმარტმატიკის“ აპარატებით არჩევნები ჩატარდა არაერთ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ბელგიაში, ასევე 2020 წლის ლონდონის მერისა და თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ამ აპარატით არის ჩატარებული, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და დამუშავდა 10,6 მილიონი ბიულეტენი, ამავე აპარატით ჩატარდა არჩევნები არგენტინაში, ფილიპინებში, ვენესუელაში – გამოდის, რომ არსად ყოფილა ხმის ფარულობა დაცული, ვერავინ აღმოაჩინა ეს ხარვეზი და მხოლოდ საქართველოში, კენჭისყრიდან 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ხმის მიცემის ფარულობა არ არის დაცული?!რა ლოგიკით იხელმძღვანელა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ?! შესაბამისად, ისმის კითხვა, მანამდე რას აკეთებდნენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები? იმედია, მათი ლოგიკით არ გადახედავენ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების არჩევნების ლეგიტიმურობას და ასევე, ლონდონის მერის თანამდებობა არ გახდება ვაკანტური?! ისე ძალიან საინტერესო იქნება თავად „სმარტმატიკის“ პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და შეიტანს თუ არა სარჩელს რეპუტაციული ზიანისთვის?!

ყველას კარგად გვახსოვს ის ფაქტიც, თავად როგორ ატარებდნენ აგიტაციას მოსახლეობაში, რომ ეს ის აპარატია, რომელიც უზრუნველყოფს ხმის მიცემის ფარულობას და შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება და ვინაობის დადგენაო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კენჭისყრის დღეს, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არცერთი საჩივარი არ დაწერილა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა მას შემდეგ გაახსენდათ, როცა მათი დაანონსებული გამარჯვების შემდგომ რეალობა დაუდგათ და მარცხი იწვნიეს და აქედან 2 კვირის შემდეგ თურმე აღმოაჩინეს, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეულა.

ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქართველოში ჩამოტანისთანავე, აღნიშნული აპარატი შეისწავლეს ცესკოში, პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე შეესწავლათ ხმის მიცემის პროცედურები, მათ შორის ბიულეტენის აპარატში მოთავსების პროცედურაც, რის შემდგომაც დაადგინეს, რომ ყველაზე სანდო აპარატია და რაიმე სახის მანიპულაცია გამორიცხულია“, – აღნიშნავს კახა კახიშვილი.

დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა

დონალდ ტრამპი აშშ-ის რიგით 47-ე პრეზიდენტი გახდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ის გამარჯვებულად გამოცხადდეს.

მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ამომრჩეველთა კოლეგიის 226 ხმა მიიღო.

ამ დროისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 187 – CNN-ი 

ამ დროისთვის დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 187, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

ცნობისთვის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯიის შტატის საარჩევნო კოლეგიის 16 ხმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოიპოვა.

აშშ-ში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის თითოეულ კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.

ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატში უმრავლესობა „რესპუბლიკელებმა“ მოიპოვეს, ხოლო წარმომადგენელთა პალატის კონტროლისთვის ბრძოლა გრძელდება.

პირველადი მონაცემებით, დონალდ ტრამპი მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს – BBC

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი ე.წ. მერყევი შტატების უმეტესობაში ლიდერობს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტრამპი ლიდერობს ჯორშიაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაში, სადაც ხმების უმრავლესობა დათვლილია.

არიზონასა და ვისკონსინში, სადაც ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტრამპი უმნიშვნელოდ უსწრებს მეტოქეს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს.

ამასთან, კამალა ჰარისი ლიდერობს მიჩიგანში, თუმცა იქ, ამ დროისთვის, ხმების მხოლოდ 32%-ია დათვლილი.

ამასთან, BBC-ი წერს, რომ ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, რადგან ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 ნოემბერს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +4 იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ვარაუდობენ. დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +1, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.