Home Blog Page 308

,,სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი,”- მამუკა მდინარაძე

სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან. რაც უნდა ვინმეს გაუკვირდეს, თუ არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი გამორიცხულია” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარი გამორიცხულია.

„შეხედეთ, როგორ სისასტიკეებს ჩადიან ისინი. თქვენ გინდათ, რომ დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებზე რამე ფიქრი იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ კიდევ რა ტერიტორიების დათმობა არის შესაძლებელი? როგორ დავთმოთ? რუსი ხალხით თუ ხალხის გარეშე? მხოლოდ იშვიათი მეტალებით?“ – განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, ტერიტორიული დათმობები იმისთვის, რასაც ახლა უკრაინა ჰქვია, საბჭოთა ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს გააკეთა.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: აშშ არ დატოვებს ნატოს, მაგრამ შესაძლოა გაიყვანოს თავისი ჯარის ნაწილი ევროპიდან

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონმა განაცხადა, რომ აშშ არ დატოვებს ნატოს, მაგრამ შესაძლოა გაიყვანოს თავისი ჯარის ნაწილი ევროპიდან.

დრაგონემ, კერძოდ, ისაუბრა ევროპაში დისლოცირებული 100 000 ჯარისკაცის ნაწილის გაყვანის შესახებ „გარკვეული ვალდებულებების გამო, რომლებიც შეერთებულ შტატებს აქვს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში“.

თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, რომ „ამერიკელების დიდი რაოდენობა ევროპიდან გავა“.

დრაგონემ ასევე მოუწოდა ნატოს ევროპელ წევრებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და აღიარონ, რომ აშშ-ის პრიორიტეტების შეცვლა ნიშნავს, რომ კონტინენტს სჭირდება სამხედრო ძალების გაძლიერება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალის ნებისმიერი შემცირების საპასუხოდ, რეგიონის სამხედროებმა სწრაფად უნდა შეძლონ ხარვეზის შევსება.

შალვა პაპუაშვილი: ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის

შალვა პაპუაშვილი: ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები, ქმედითი ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის აღების გარეშე ამორალურია , – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

იგი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციის გამო ევროპის პოლიტიკური წრეების გაოგნებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ვითარებით განსაკუთრებით აღშფოთებული ლიეტუვის ყოფილი საგარეო მინისტრი ლანდსბერგისი ჩანს.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ზოგიერთი ევროპული ლიდერის მკაფიო გზავნილები მოვისმინეთ, რომ ომის პოლიტიკური არსი უკრაინას კი არა, რუსეთს შეეხება. ჩანს, რომ მათ იმდენად უკრაინის ბედი კი არ აწუხებთ, რამდენადაც რუსეთის დამარცხება სურთ. თუმცა, ამ შიშნარევი თვალსაზრისის ძირითადი ფარისევლური არსი ისაა, რომ რუსეთი მათ კი არ უნდა დაამარცხონ, არამედ ვიღაც სხვამ და არა მათ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ სადღაც სხვაგან.

ამიტომაცაა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციამ გაოგნება გამოიწვია ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ წრეში. ვაშინგტონმა გამოხატა პოზიცია, რომ მისი მთავარი მიზანი მშვიდობა და ომისა და ნგრევის შეჩერებაა. ავად თუ კარგად, ამერიკის ძირითად მიზანს რუსეთის დამარცხება უკვე აღარ წარმოადგენს (თუკი ოდესმე წარმოადგენდა) და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არ აპირებს ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევა გააგრძელოს. სანაცვლოდ, აშშ უკრაინაში მშვიდობაზე იზრუნებს.

ლიეტუვის ყოფილი საგარეო მინისტრი ლანდსბერგისი, რომელიც პოლიტიკოსების კონკრეტული საერთაშორისო ქსელის სახელით საუბრობს, ამ ვითარებით განსაკუთრებით აღშფოთებული ჩანს. ჩერჩილის პერიფრაზირებით, მან საერთაშორისო თანამეგობრობას ომის გაგრძელება ურჩია და „სისხლი, წვალება, ცრემლი და ოფლი“ შესთავაზა. თუმცა, ჩერჩილისგან განსხვავებით, მან ეს ყველაფერი არა საკუთარ ქვეყნისთვის, არამედ სხვებისთვის იგულისხმა.

მან ასევე ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომლებიც მხედველობაში ჰქონდა: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და „სხვანი“. „ჩვენ ეს ადრეც გვიქნია და კვლავაც ვიზამთ“, განაცხადა ლანდსბერგისმა, ისე, რომ ფაქტიც კი არ წარმოუდგენია, რომ ოდესმე მართლაც გაუკეთებია მსგავსი რამ ან მომავალში აპირებს.

საინტერესოა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, უკრაინაში ომის პარალელურად, ლიეტუვა რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, თანაც ისე, რომ საკუთარ ღვინოს არ აწარმოებს. რა გასაკვირია, რომ ლანდსბერგისი მზადაა ესკალაციისათვის.

ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის. შინაგანად მათ უნდა ესმოდეთ, რომ ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები, ქმედითი ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის აღების გარეშე ამორალურია. უპასუხისმგებლო მოქმედი პირები კი საფრთხეს წარმოადგენენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის.

თუკი ვინმე „სისხლს, წვალებას, ცრემლებსა და ოფლს“ გვთავაზობს, ეს მათი საკუთარი უნდა იყოს და არა სხვისი. ნატო-ს მე-5 მუხლი სულაც არ უშლის ვინმეს ხელს, საკუთარი ინიციატივით, სამხედრო ქმედებებს მიმართოს. თუ ვინმეს სურს, თავი გამოიჩინოს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, მათ ჯარს უკრაინელები სიამოვნებით მიიღებენ ბრძოლის ველზე.

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა არ დაჰყოლოდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნით თუ რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებით, რუსეთთან ესკალაციის „რჩევებს“. თანაც ისე, რომ, გართულების შემთხვევაში, არც უსაფრთხოების გარანტიებს და არც ეკონომიკური დახმარებას გვთავაზობდა ვინმე”, წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

იგი აქვე აღნიშნავს, რომ ეს წნეხი უფრო გააძლიერა ადგილობრივმა რადიკალურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებსაც USAID და NED აფინანსებდა, რომელთა საქმიანობა ბოლო კვირებში სკანდალის საფუძველი გახდა.

„საქართველოს მთავრობა ამ „რჩევებს“ რომ დაჰყოლოდა, ახლა ქართველებს უხვად ექნებოდათ „სისხლიც, წვალებაც, ცრემლიც და ოფლიც“.

ომის დაწყების მესამე წლისთავზე ინიცირებული მოლაპარაკებების მიზანი მშვიდობა უნდა იყოს და არა ომი და მას პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები უნდა წარუძღვნენ და არა ისინი, ვისაც სხვის ხარჯზე სურს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება.

პ.ს. ლანდსბერგისთან და მის ბალტიელ კოლეგებთან ბოლო შეხვედრისას, მე მათ ვუთხარი, რომ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მათი რჩევა ყოველთვის არ წარმოადგენს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას. და იქვე ვკითხე, გვიჩვენა თუ არა დრომ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებაზე და საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე უარი, რომელსაც ისინი ნატოს არაწევრ საქართველოს “ურჩევდნენ”, სწორი იყო, ხოლო მათი “რჩევები” – შეცდომა. მათ დუმილით მიპასუხეს, რაც მე თანხმობად მივიღე”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

,,ჩემთან განცდილი არაერთი მარცხი, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს – 13 წლის შემდეგ თიკოს”- ნათია მოგელაძე 

ჩემთან განცდილი არაერთი მარცხი, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს – 13 წლის შემდეგ თიკოს [თეა წულუკიანი] ბოღმა ჯერ კიდევ არ განელებია, – ასე ეხმაურება ნათია მოგელაძე, რომელიც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებების შესაბამის დეპარტამენტს მართავდა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ.

ნათია მოგელაძის თქმით, დაბარების შემთხვევაში საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის და შესაბამისად საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

„კომპლექსებისგან გაბოროტებული წულუკიანი, როგორც ქალს, როგორც დედას და როგორც უბრალოდ ადამიანს, ყოველთვის რაღაცნაირად მეცოდებოდა.

აგერ უკვე 13 წელია, ჩემი პირადი ბოღმა აქვს, რადგან მე ვარ ის ადამიანი, ვინც არაერთხელ აჩვენა რომ მისი ე.წ “ძლიერი” ქალის იმიჯი მხოლოდ მითია და მისი სისუსტის შესანიღბად მორგებული ნიღაბი, რომლის უკან ძალიან სუსტი, ბოღმა და გაბოროტებული ადამიანი იმალება.

ნათია მოგელაძე იყო ის, ვინც თეა წულუკიანი, რომელიც იურისპრუდენციაში წარმოუდგენელ უვიცობას ავლენდა, ამხილა, რომ შეუძლებელია ის იურისტი ყოფილიყო, რის შემდეგაც ივანიშვილმა ის ჩამოაშორა პარტიის იურიდიულ სამსახურს და თინა ხიდაშელს გადააბარა. მაშინ სიმწრისაგან გაცეცხლებული წულუკიანი კონტროლის პალატასთან მივარდებოდა და ჩემ გადადგომას ითხოვდა. მოგვიანებით ჩემი დასკვნა დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ მას იურისტის დიპლომი არ ჰქონდა და იღლიაში ამოჩრილი სხვა დიპლომით ეთერ-ეთერ დარბოდა, რაც ძალიან სევდიანი საყურებელი იყო.

ოცნების ბევრ საჯარო მოხელეს ემახსოვრება, მინისტრად დანიშვნის პირველი დღიდანვე გამწარებული როგორ არკვევდა როგორ გადაწყდა, რომ ნათია მოგელაძე ყოფილიყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირველი პროკურორი. რომელი ლიფტით ვსარგებლობდი იუსტიციის სამინისტროში და ასე შემდეგ. ანუ ანტიკორუფციული კომისიის სხდომებზე, დღის წესრიგის საკითხების ნაცვლად, წლების განმავლობაში მთავარ თემად ნათია მოგელაძე ჰქონდა.

ბოღმა და ჩემთან განცდილი არაერთი მარცხი, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. 2017 წელს ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნიდან მეორე დღესვე, ღამით ფარულად მიაკითხა ახალ აუდიტორს კაბინეტში და ჩემი და ნინო ლომჯარიას სამსახურიდან გაშვება მოსთხოვა. სამეთვალყურეო კამერები რომ ვნახე, მაშინ კიდევ უფრო მეტად შემეცოდა. ახლაც მახსოვს რა საცოდავი და სევდიანი სანახავი იყო ღამით, ფეხაკრეფით აუდიტის სამსახურში თავისი პირადი ბოღმის სანთხევად შეპარული მაშინდელი იუსტიციის მინისტრი.

მოკლედ, ამ ამბებიდან 13 წლის შემდეგ გავიგე, რომ თიკოს ბოღმა ჯერ კიდევ არ განელებია. ისიც ისევ ცხადია, რომ ამდენი წელი ვერაფერს მიხვდა და სიძლიერე მას სისტემას ამოფარებული ფეხების ბაკუნი გონია. დაე, მთელმა ერმა იხილოს ჩვენი ისტორიული შეხვედრა. ასაკი კი მომემატა, მაგრამ არც ამჯერად გამიჭირდება საზოგადოებას ცხადად დავანახო როგორი პატარა და სუსტი ადამიანია თეა წულუკიანი. რომ მასზე არ უნდა გავბრაზდეთ, ის შეიძლება მხოლოდ გვებრალებოდეს.

ცხადია, ეს კომისია მხოლოდ სანახაობისთვის შეიქმნა. ისიც ცხადია, რომ მე არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს და არც ამ კომისიის უფლებამოსილებას. თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ, თუ დამიბარებენ, მივალ არალეგიტიმურ პარლამენტშიც და მისთვის კომფორტულ ნებისმიერ სივრცეში, ჩამოლაბორანტებულ მოქალაქე თეა წულუკიანთან იმისათვის, რომ ავუხდინო მრავალწლიანი ქართული ოცნება და მივცე ჩემთან პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა. იმედია, ამჯერად მაინც კარგად იქნება მომზადებული და წინა ჩვენი შეხვედრების მსგავსად, მსუბუქად რომ ვთქვა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება“, – წერს ნათია მოგელაძე.

ჩვენი პარტიული პოზიციაა, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის, არანაირ კომისიას – ირაკლი ფავლენიშვილი

ჩვენი პარტიული პოზიცია გახლავთ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის, არანაირ კომისიას და არცერთ იმ პროცედურას, რომელიც ამ პარლამენტს უკავშირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რას იზამენ სხვა პარტიები, ამის შესახებ არ აქვს ინფორმაცია.

„საგამოძიებო კომისიას აქვს ორი მიზანი. პირველი – პუტინის ბრძანების შესრულება და ადამიანების გასამართლება წარმატებული, თავისუფალი და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის გამო და იმ პირების, რომლებიც ამ მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ; და მეორე – როცა არსებობს რეალური პრობლემები, რეალური დღის წესრიგი – წამების, არაადამიანური მოპყრობის, ეკონომიკური და პოლიტიკური კატასტროფის, რაც ქვეყანაშია, სურთ წარსულზე აქცენტირებით ალტერნატიული დღის წესრიგის შექმნა. ამ დროს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ. ჩვენი პარტიული პოზიცია გახლავთ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტს არ ვაღიარებთ, მათ შორის, არანაირ კომისიას და არცერთ იმ პროცედურას, რომელიც ამ პარლამენტს უკავშირდება, კანონიერად არ ვცნობთ. სხვები რას იზამენ, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8170 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8170 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8362 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0192 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9536 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9687 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0151 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

პროკურორის განცხადებით, 10-წუთიან აუდიოჩანაწერს, რომელიც ბაჩიაშვილის დაცვის მხარეს, როგორც ბაჩიაშვილ-ივანიშვილის საუბრის ჩანაწერი ისე აქვს წარმოდგენილი, 114-ჯერ აქვს წყვეტის კვალი

ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებული დავის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განმარტებით, 10-წუთიან აუდიოჩანაწერს, რომელიც დაცვის მხარეს, როგორც ბაჩიაშვილ-ივანიშვილის საუბრის ჩანაწერი ისე აქვს წარმოდგენილი, 114-ჯერ აქვს წყვეტის კვალი.

სწორედ ამ ჩანაწერის ფარგლებში დაიკითხა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ასმათ მატუშევსკაია. ამასთან, სასამართლოში ჩვენება მისცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამაც.

„დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც ცალსახად და პირდაპირ დაადასტურეს ის გარემოება, რასაც ჩვენ ბრალდებულს სამართლებრივად ვედავებით. ამ სისხლის სამართლის საქმეზე ძალიან ბევრი მოწმე დაიკითხა, ძალიან ბევრი დოკუმენტი იქნა გამოკვლეული, ეს მოწმეები არსებითი ხასიათის იყვნენ, ყველა ეს პირი ამ ურთიერთობაში ოფიციალურად მონაწილეობდა. აბსოლუტურად ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ ინვესტიცია დაზარალებულის მხრიდან იყო განხორციელებული. თავად ბრალდებულის ბიზნესპარტნიორსაც კი არ უთქვამს ირიბადაც კი, რომ მხოლოდ მისი იყო ბიზნესი, ამას მხოლოდ ბრალდებული აცხადებს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია ამ საკითხის მოკვლევის საფუძველს წარმოადგენდა, ხოლო ამის შემდეგ, დოკუმენტაცია გამოითხოვა ეროვნულმა ბანკმა, გაანალიზა და ამის შემდეგ დაადგინა[დარღვევა]. საჯაროობის კომპონენტი მხოლოდ და მხოლოდ საკითხით დაინტერესების საფუძველია.

როგორც ბრალდებულმა, ასევე დაზარალებულმა ინვესტიცია სესხის სახით განახორციელა, დოკუმენტებში, ეს ასეა. თუ ჩვენ გვაინტერესებს ამ დოკუმენტების მიღმა რა არსებობს და როგორ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, მათ შორის სამართლებრივად, ეროვნული ბანკის კონტექსტშიც, ის დაკვალიფიცირებულია დოკუმენტურად, შემოწმების ანალიზის საფუძველზე, ოფიციალური სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში, როგორც ინვესტიცია. განვმეორდები, ბრალდებულის ძლიერი მხარე საერთოდ არ არის დოკუმენტები, არც ერთ დოკუმენტზე ის ოფიციალურად საერთოდ არ ფიქსირდება იმ კომპანიასთან შემხებლობაში, რომელზეც საუბარია. უფრო მეტიც, მან სესხად როცა შეიტანა თანხა, პროცენტის სახით დაიბრუნა ეს თანხა”, – განაცხადა სადრაძემ.

რაც შეეხება ექსპერტის ჩვენებას, როგორც პროკურორი განმარტავს, ჩანაწერი, რომელიც ბაჩიაშვილს აქვს წარმოდგენილი, ავთენტური არ არის.

„ძალიან ცალსახად უნდა იყოს ხაზგასმული, რომ ექსპერტიზა გულისხმობს სპეციალური ცოდნის, გამოცდილების და სპეციალური პროგრამების, ტექნოლოგიების გამოყენებას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ასეთი ტექნოლოგიების გამოყენებამ დაადასტურა, რომ დაახლოებით 10-წუთიან საუბარში, 114 წყვეტაა, ანუ ერთ წუთში 10-ზე მეტი წყვეტა ფიქსირდება, ეს იმდენად აშკარა დემონსტრაციაა, რომ მონტაჟია, მეტი დასაბუთებად რთულად წარმომიდგენია. უფრო მეტიც, თითქოს, ეს ავთენტური ჩანაწერია, ესეც გამორიცხულია, რადგან დეტალურად ისაუბრა ექსპერტმა, ავთენტურ ჩანაწერს, სწორად გაკეთებულ ასლს თავისი თავისებურებები აქვს და ის სპეციალურ ცოდნას არ საჭიროებს. 114 მხოლოდ და მხოლოდ წყვეტა არსებობდა, თორემ ამის გარდა, უამრავი იმპულსი, ხმების გადაფარვები, ჩახშობები და ა.შ. იყო. ეს წყვეტა არამხოლოდ საუბრის მიმდინარეობისას, ან საუბრის დასაწყისში ან დასასრულში, სიტყვებს შორისაც კი არის ეს წყვეტა. ზარებს შორის არსებული წყვეტაც არ არის ლოგიკური და ვერ გამართლდება, რადგან არ შეიძლება, თუ ზარი უწყვეტად მიმდინარეობს, მასში წყვეტა იყოს. იმის დაშვება, რომ ეს რამდენიმე ჩანაწერი, რამდენიმე მოწყობილობიდან განხორციელებული იყოს, ბუნებრივია, ლოგიკურია”,- განაცხადა სადრაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩვენ ვსწავლობთ ამ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება განხორციელდება – შს მინისტრის მოადგილე გახარიასთვის კვერცხების სროლაზე

x

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შს სამინისტრო სწავლობს აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

მისი თქმით, მომხდარზე „შესაბამისი რეაგირება განხორციელდება“.

„ჩვენ ვსწავლობთ ამ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება განხორციელდება,“ – განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.

საგამოძიებო კომისია უნდა დაინტერესდეს, „რატომ ემსახურებოდნენ აგვისტოს ომის დროს რუს გენერლებს მძღოლებად“ სამეგრელო ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორები ზაზა გოროზია და ლადო ვარძელაშვილი – სოზარ სუბარი

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის განცხადებით, კომისია უნდა დაინტერესდეს, რატომ ემსახურებოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს გენერლებს მძღოლებად სამეგრელო ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის იმ დროინდელი გუბერნატორები ზაზა გოროზია და ლადო ვარძელაშვილი.

საკითხი სუბარმა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მოსმენისას დასვა.

როგორც სუბარმა განმარტა, ასეთი ფაქტები უმნიშვნელო არ არის იმ დამოკიდებულების გამოსარკვევად, რაც მაშინდელ ხელისუფლებას ოკუპანტთან და ოკუპაციასთან ჰქონდა.

„არ ვიცი, ეს რამდენად შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საქმე იყოს, მაგრამ ღალატის მეტს ვერაფერს დავარქმევ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილების ოკუპაცია ხდება და იმ ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები, გუბერნატორები – სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ზაზა გოროზია და შიდა ქართლის მაშინდელი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, როგორც მძოლები რუს ოკუპანტ გენერლებს ემსახურებოდნენ და ეუბნებოდნენ: – მობრძანდით, დაბრძანდით, თვითონ საჭესთან სხედან და აქეთ-იქეთ დაატარებდნენ.

როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე მივალთ, ასეთი ფაქტები უმნიშვნელო არ არის იმ დამოკიდებულების გამოსარკვევად, რაც მაშინდელ ხელისუფლებას ოკუპანტთან და ოკუპაციასთან ჰქონდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior მესტიაში წარმატებით ჩატარდა

13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარია.

შეჯიბრება ზურულდის მთაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა 3 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდა სპორტსმენებმა მიიღეს.

გამარჯვებულებისა და პრიზიორების დაჯილდოება მესტიის პარკში მოწყობილ სპორტულ სოფელში გაიმართა. ახალგაზრდა სპორტსმენებს მედლები და პრიზები გადაეცათ. შეჯიბრებას, სპორტულ სოფელში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, თვალს ადევნებდნენ ზამთრის სპორტის მოყვარულები და გულშემატკივრები. ამასთან, ყველას ჰქონდა საშუალება, გაცნობოდნენ ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთ პროდუქციას და დაეგემოვნებინათ სვანური სამზარეულოს კერძები.

Svaneti Freeride Week Junior-ის გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ:

U14 სნოუბორდი: დემეტრე იოსელიანი (ოქრო)   U14 თხილამური: ნიკოლოზ გვარლიანი (ოქრო)                                  ალექსანდრე მეტრეველი (ვერცხლი)                                  ალექსანდრე ხერგიანი (ბრინჯაო)   U16 თხილამური: რეზი ჯაფარიძე (ოქრო)                                  ნიკოლოზ ნაკანი (ვერცხლი)
                                 კახუნა გოშთელიანი (ბრინჯაო)   U18 თხილამური: საბა მჭედლიანი (ოქრო)                                  რეზი ჭეხანი (ვერცხლი)                                  დათუნა რატიანი (ბრინჯაო)  


ფრირაიდის კვირეულმა ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს მისცა საშუალება თავი გამოეჩინათ მსოფლიო მასშტაბის ტურნირზე. ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარება, ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა და მათი პროფესიული კარიერის განვითარებაზე ზრუნვა, თიბისის პრიორიტეტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზია. სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ყოველწლიურად იზრდება მასშტაბი, დაინტერესება და ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა.

წელს, ზამთრის სპორტის მხარდაჭერას თიბისი გუდაურში გააგრძელებს. 20 მარტს,  Freeride Week Junior-ის მომდევნო ეტაპი გაიმართება.

ჩემი შეთავაზება იყო, რომ 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო „სიმართლის კომისია“ და შემდეგი 11 წელი „სისხლიანი 9 წლის“ ძახილით ვერ ირბენდა არაკომპეტენტური მოღალატეების ხროვა – ანა დოლიძე

სიბოროტეა ვიღაცების დაბარება. მაგრამ თუ დაბარებაა, მე ჩამოგითვლით ვინ უნდა დავიბაროთ მართლა, როგორც რეპრესიული სისტემის (2004-2025) შემოქმედები,- ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს, მისი შეთავაზება იყო, რომ 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო “სიმართლის კომისია”.

„ჩემი პოზიცია და შეთავაზება თავის დროზე დაფუძნებული იყო მსოფლიო გამოცდილებას და ასეულობით კვლევას: 2013 წელს უნდა გაკეთებულიყო „სიმართლის კომისია“ და შემდეგი 11 წელი „სისხლიანი 9 წლის“ ძახილით ვერ ირბენდა არაკომპეტენტური მოღალატეების ხროვა. ამის მაგივრად დღევანდელ უნიჭო დადგმაში არალეგიტიმურ პარლამენტში სრული სიბოროტეა ვიღაცების დაბარება. მაგრამ თუ დაბარებაა, მე ჩამოგითვლით ვინ უნდა დავიბაროთ მართლა, როგორც რეპრესიული სისტემის (2004-2025) შემოქმედები.

დავიწყოთ ნათია თურნავადან.

1996-2000 წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2018 წწ. “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018-2019 წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2019 წლის 18 აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი“, – წერს ანა დოლიძე „ფეისბუქში“.