Home Blog Page 30

ევროკავშირის ლიდერები სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას არ გეგმავენ

ევროკავშირის ლიდერები 6 მარტს დაგეგმილი სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას არ გეგმავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინური სააგენტო STT ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 6 მარტს ევროკავშირი რიგგარეშე სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს განხილავს.

სამიტის გადაწყვეტილების პროექტში, რომელსაც ჟურნალისტები გაეცნენ, უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტი ან რაიმე ციფრები არ არის ჩაწერილი.

ჟურნალისტების ცნობით, ამ ეტაპზე ევროკავშირის ლიდერებს შორის უკრაინის დახმარების მოცულობასთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ არსებობს.

პროექტში ევროკავშირის ლიდერები გამოდიან მოწოდებით, რომ უკრაინის მხარდაჭერის მიზნით სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას და დადებითად არის შეფასებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის დახმარების გაზრდის მზაობა.

ასევე, პროექტში, რომელიც ჟურნალისტებმა მოიპოვეს, საუბარია ევროკავშირის მზადყოფნაზე, მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, შესაძლებლობების, პოლიტიკური ხაზისა და წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით.

პროექტში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი პოტენციური შეთანხმება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ უნდა მოიცავდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.

ცნობისთვის, 4 მარტს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ევროკავშირის გადაიარაღებისა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გეგმა, რომელიც, მისი თქმით, სამხედრო ხარჯებისთვის 800 მილიარდი ევროს მობილიზებას შეუწყობს ხელს.

გეგმის დეტალები ევროკავშირის ლიდერებს 6 მარტის სამიტის წინ გადაეგზავნათ.

ზელენსკი: ჩვენ გვინდა არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება

ჩვენ გვინდა არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.

„გვაქვს უკრაინის საკითხზე ევროპის ერთიანობის იმედი და ვმუშაობთ ამისთვის. ჩვენ ყველას გვსურს ჩვენი ხალხისთვის უსაფრთხო მომავალი. არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ ომის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება. ჩვენი კოორდინირებისა და აშშ-ის ლიდერობის წყალობით ეს რეალურად მისაღწევია“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განახორციელა

დეპორტაციები დაიწყო, ეფექტურად ვშლით ქართულ დაჯგუფებებს, არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

პრემიერ-მინისტრი განცხადებას ურთავს ვიდეორგოლს, რომელშიც სასაზღვრო პოლიცია ქართველი არალეგალი მიგრანტების ესკორტირებას ახდენს თვითმფრინავამდე.

პოლონელი ოფიციალური პირების ცნობით, 5 მარტს ქვეყნიდან საქართველოს 17 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.

“პოლონეთი ძალიან ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ არავითარ დანაშაულებს არ შევეგუებით. კრიმინალებს არ მივესალმებით და ისინი დეპორტირებულ იქნებიან… მიუხედავად იმისა, ეს წვრილმანი ქურდობაა, ნარკოტიკებით ვაჭრობაა, თუ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაა,” – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ.

პოლონელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, 5 მარტს დეპორტირებულ ქართველ მოქალაქეებს შორის იყვნენ 24-58 წლის მამაკაცები, რომელთა სადეპორტაციოდ ტრანსპორტირებაც პოლონეთის სხვადასხვა კუთხიდან მოხდა.

,,რადიკალურ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შანსი არ აქვს” – პრემიერი

რადიკალური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აქვთ არავითარი შანსი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ პარლამენტში არშესვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში.

„მე მგონია, რომ ისინი ძალიან კარგად აფასებენ საკუთარ რეიტინგებს, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. იმდენად დააზიანეს საკუთარი თავი, უფრო სწორად, მათ კი არ დააზიანეს საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესები, მათმა პატრონებმა, დამკვეთებმა დააზიანეს მათი ინტერესები. ისეთ დაკვეთებს იღებდნენ გარედან, რომ ამით მათ მიიღეს გამოუსწორებელი ზიანი. შესაბამისად, დღეს ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არის კიდევ უფრო მეტად შემცირებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათ არ აქვთ არავითარი შანსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ რომელიმე მუნიციპალიტეტში, რომელიმე მერის არჩევნებში ან რომელიმე საკრებულოს არჩევნებში. აქედან გამომდინარე, პრინციპში, ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკურია მათი გადაწყვეტილება. თუ პარლამენტში არშემოსვლით მათ საკუთარ თავს მიაყენეს მძიმე დარტყმა, ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს მათ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ამ პოლიტიკური ნაბიჯით შეიძლება თავი დაიძვრინონ მორიგი მძიმე მარცხისგან, თუმცა ეს არის საბოლოო ჯამში მათი გადასაწყვეტი. მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ასეც და ისეც ისინი არიან განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ჩვენ ვაპირებთ ყველა მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგებას და ყველა, 64-ვე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგებას”, –  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით, ეს აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაქვს 

ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და ეს ყველაფერი აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, შეფასებაში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა წლიურმა ზრდამ 9,5 პროცენტს გადააჭარბა. 

„იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალი გადასახადებით, ნაკლები ბიუროკრატიით და ა.შ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აისახება ყველა ობიექტურ რეიტინგში, შეფასებაში და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა წლიურმა ზრდამ გადააჭარბა 9,5 პროცენტს, იანვრის თვის ეკონომიკური ზრდა იყო 11,1 პროცენტი, ეს ყველაფერი არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურება, რომლის გამოც ჩვენ გვაქვს მაღალი შეფასებები სხვადასხვა ობიექტურ რეიტინგში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ

იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც ეწოდება „დიფ სთეითი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად უზბეკეთში განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მიერ, აშშ-ში პროტესტის დამფინანსებლად ე.წ. „ფასიანი პრობლემების შემქმნელების” დასახელებას შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ეს განცხადებაც არის აბსოლუტურად ლოგიკური და ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, გათავისუფლდეს არაფორმალური გავლენებისგან.

„მე მგონია, რომ პრეზიდენტის ეს განცხადებაც არის აბსოლუტურად ლოგიკური, მითუმეტეს, რომ ხელწერა არის ზუსტად იდენტური. ზუსტად იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს თანხვედრა ხელწერაში, რა თქმა უნდა, არის იმის მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც ეწოდება „დიფ სთეითი”, ანუ გლობალური ომის პარტია. რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, რომ გათავისუფლდეს ასეთი არაფორმალური გავლენებისგან, მცდელობებისგან, რომელიც არის მიმართული სხვადასხვა სახელმწიფოს ძლიერების შერყევისკენ. ეს არის ჩვენი ინტერესიც და მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე ჩვენს ინტერესებს ემთხვევა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის ინტერესები,”- აღნიშნა პრემიერმა.

 ,,ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით” – პრემიერი

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. თქვენ ხედავთ, რომ ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა ჩვენი გზავნილებით, მესიჯებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარია, რომ საბოლოოდ სწორად დალაგდეს აღქმები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში. 

„მთავარია, რომ Deep State-ისგან, „გლობალური ომის პარტიისგან”, მისი გავლენებისგან გათავისუფლდეს ყველა ევროპული ქვეყანა, საბოლოო გათავისუფლდეს ამერიკის შეერთებული შტატები. ამ შემთხვევაში პრინციპები იქნება დაცული. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, ამ შემთხვევაში კვლავაც სერიოზული გამოწვევების წინაშე იქნება ისეთი პრინციპები, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და ა.შ. Deep State-ის და „გლობალური ომის პარტიის” გავლენის პირობებში თქვენ ხედავდით, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა ეს პრინციპები. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ტენდენცია გაგრძელდება, რომელსაც დღეს ვხედავთ ჩვენ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ,,ჩვენ გეგმაში არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

ვემზადებით და ჩვენ გეგმაში არის, რომ [თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის თქმით, ისინი დააკვირდებიან თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამასთან, აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, ოპოზიციური პარტიები „პარლამენტში რომ არ შევიდნენ, რა ხეირი მიიღეს ამისგან“.

„თან დავაკვირდებით ზოგადად მოვლენებს, როგორ განვითარდება და თუ ე.წ. თავის თავს რომ ეძახიან, ბარიერგადალახული პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას, სხვა პრობლემა გვექნება, რამდენი ადამიანი ვიპოვოთ, რომ საკრებულოებში გავიყვანოთ. მე ისიც არ მესმის პარლამენტში რომ არ შევიდნენ, რა ხეირი მიიღეს ამისგან, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჭორების დონეზე, ასე ვთქვათ, რომ ელოდებიან ვინ იტყვის პირველი, რომ მას ქოცები დაუძახონ, მერე თქვან, რომ ისინი უკვე იღებენ მონაწილეობას და ბარემ ჩვენც მივიღებთო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

აშშ-მა შეაჩერა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის -Sky News

აშშ-მა უკრაინასთან შეაჩერა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთანავე, კიევში აცხადებენ, რომ სადაზვერვო მონაცემების გაზიარება სრულად არ შეწყვეტილა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა ამ ნაბიჯს „შერჩევითი“ უწოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაცია კვლავ მიეწოდება უკრაინას და ეს ინფორმაცია შეიძლება, გამოყენებულ იქნას რუსული ძალების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე.

პარალელურად, თეთრ სახლში „ფოქს ბიზნესის“ კორესპონდენტი, ედუარდ ლოურენსი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯონ რატკლიფმა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეწყვეტა დაადასტურა.

რა ეღირება დოლარი და ევრო

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7858 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7905 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9783 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9350 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0433 ლარი შეადგინა

“ტვ პირველის” ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის სასაზღვრო ზოლის გავლით დატოვა

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის სასაზღვრო ზოლის გავლით დატოვა.

როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, მათთვის ცნობილი გახდა, რა წერია პროკურატურის მასალებში, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილისთვის ახალი ბრალის წარსადგენად გადაიგზავნა.

„შსს სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რის შემდეგაც სომხეთიდან უკვე მესამე ქვეყანაში გადავიდა“,- აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროცესი საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართება.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა“. ბაჩიაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი არ აქვთ-რატი იონათამიშვილი

მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია განადგურებულია და მათზე დიდი ყურადღების დათმობა არ უნდა მოხდეს.

„მამუკა ხაზარაძის განცხადებები ბადრი ჯაფარიძისთვისაც აღარ არის საინტერესო, არათუ ამ ქვეყნის რომელიმე მოქალაქისთვის. შესაბამისად, ეს ადამიანები თავიანთ ფანტაზიებში როგორ დაიკარგებიან, რას იტყვიან და რას გამოთქვამენ, მნიშვნელოვანი აღარ არის, რადგან წარსულის პერსონაჟები არიან. მათზე დიდი ყურადღების დათმობა არ უნდა მოხდეს, რადიკალური ოპოზიცია განადგურებული და დეგრადირებულია. ცხადია, ამ ადამიანებს არანაირი კაპიტალი არ აქვთ. ისინი აქამდე უცხო ძალების მხრიდან იმართებოდნენ. როგორც ჩანს, მათი პატრონები შავ დღეში არიან და ეს მათზეც აისახება. ესენი ამ ქვეყნის წარსულს და ისეთ ოპოზიციად წარმოადგენენ, რომელიც არსად არ უნდა იყოს. ამ ადამიანებზე საუბარი უხერხულიცაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.