Home Blog Page 30

 ყველამ თავის თვალში დაინახოს ბეწვი, სხვის თვალში დირეს ძებნის მაგივრად -ირაკლი ქადაგიშვილი

სამწუხაროა, როდესაც ისეთი დიდი ქვეყნის, როგორიც საფრანგეთია, პრეზიდენტი არაკომპეტენტურია. სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა და ამიტომ, ვერავითარ ჩაყრაზე აქ ვერ იქნება საუბარი, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შეფასებისას.

„როდესაც ასეთ არაკომპეტენტურ ინფორმაციაზე ან არაკომპეტენტურ ანალიზზე ეყრდნობა რაიმე განცხადება, ეს განცხადება ფასს კარგავს. კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ ყველამ თავის თვალში დაინახოს ბეწვი, სხვის თვალში დირეს ძებნის მაგივრად“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი იყო ჩარეული.

 საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ წარმატებით დაიცვა შობის დღესასწაული ფსევდოლიბერალების თავდასხმისგან და საბოლოოდ, ისინი აიძულა, დღესასწაული თავადაც ეღიარებინათ -ირაკლი კობახიძე

შარშან, შობა დღეს, როდესაც ფსევდოლიბერალები 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს დაესხნენ თავს, მე მათ ვუსურვე, ჭეშმარიტებას ზიარებოდნენ. მიხარია, რომ ჩემი ნატვრა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ახდა, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ფსევდოლიბერალებს 7 იანვარს შობის აღნიშვნის წინააღმდეგ წელს სიტყვა არ დასცდენიათ და დღესასწაულისთვის, შარშანდელისგან განსხვავებით, არც „რუსული შობა“ უწოდებიათ.

„შარშან, შობა დღეს, როდესაც ფსევდოლიბერალები 7 იანვარს მართლმადიდებლური წესით აღნიშნულ შობის დღესასწაულს დაესხნენ თავს, მე მათ ვუსურვე, ჭეშმარიტებას ზიარებოდნენ. მიხარია, რომ ჩემი ნატვრა, მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც ახდა.

ფსევდოლიბერალებს 7 იანვარს შობის აღნიშვნის წინააღმდეგ წელს სიტყვაც არ დასცდენიათ და დღესასწაულისთვის, შარშანდელისგან განსხვავებით, არც „რუსული შობა“ უწოდებიათ. მეტიც, 7 იანვარს მათ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლების მსგავსად, შობა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გალობითაც კი აღნიშნეს”, – წერს პრემიერი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ყველგან და ყველაფერში გახლეჩილი იყოს და მას არაფერი აერთიანებდეს.

„ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ყველგან და ყველაფერში გახლეჩილი იყოს და მას არაფერი აერთიანებდეს. არ უნდა გვაერთიანებდეს არც მწუხარება და არც სიხარული, არც 8 აგვისტო და არც 7 იანვარი. ზუსტად ამ მიზნით ავალებდნენ გასულ წლებში ლიბერალებს, 7 იანვარს შობის აღნიშვნა კოორდინირებულად დაეგმოთ და დღესასწაულისთვის „რუსული შობა“ ეწოდებინათ. ბუნებრივია, დღესასწაულზე თავდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმასაც ნიშნავდა და შესაბამისად, ეს ყველაფერი ეკლესიის იმიჯის დაზიანებასაც ისახავდა თანმდევ მიზნად.

თუმცა, წელს ფსევდოლიბერალებს განსხვავებული დავალება ჩამოუვიდათ, რადგან პოლიტიკურმა დღის წესრიგმა, ფსევდოლიბერალებისკენ ფართო საზოგადოების გულის მოსაბრუნებლად, მათი მოჩვენებითი „მოქცევა“ მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფსევდოლიბერალების ეს ყალბი ფერისცვალება მთლიანად პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი და ამდენად, სრულიად ყალბი და მოჩვენებითია, ის მაინც საზოგადოების ჯანსაღი უმრავლესობის გამარჯვებად უნდა შეფასდეს. საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ წარმატებით დაიცვა შობის დღესასწაული ფსევდოლიბერალების თავდასხმისგან და საბოლოოდ, ისინი აიძულა, დღესასწაული თავადაც ეღიარებინათ.

ზუსტად ასევე, თუნდაც მოჩვენებითად და პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახით, ფსევდოლიბერალები უნდა ვაიძულოთ, საჯაროდ დაგმონ ლგბტ-პროპაგანდა და ე.წ. პრაიდი და მოიწონონ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

ფსევდოლიბერალებს 2025 წლის შობა დღესაც ვუსურვებ, ჭეშმარიტებას ეზიარონ, ოღონდ ახლა უკვე არა მოჩვენებითად და ფარისევლურად, არამედ მთელი გულით და შეგნებით!

საქართველოს მთავრობა თითოეული მათგანის მოქცევას სიყვარულით შეხვდება და უპასუხებს!“, – აღნიშნავს პრემიერი.

ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელება ღია მხილებაა, რასთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ, რომ ზურაბიშვილი უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა -შალვა პაპუაშვილი

ეს უკვე ღია მხილებაა, რასთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ, რომ ქალბატონი სალომე უცხო ჯგუფების გავლენებს ატარებდა საქართველოში. ეს არის სტანდარტული გზა, რომელსაც ასეთი ადამიანები გადიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა სალომე ზურაბიშვილის მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებასთან დაკავშირებით.

„შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი როდესაც წავიდა ხელისუფლებიდან, მასაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში მისცეს მკვლევრის სტატუსი და დასვეს. რაც შეეხება მაკკეინის ინსტიტუტს, ჩვენ გვახსოვს, რა როლი ჰქონდა მას და აქვს ამ არეულობებში, რომელიც საქართველოში ორგანიზდებოდა. გახსოვთ მათი პირდაპირ დაწერილი სცენარი, ქალბატონი ლორა თორნტონის. ის პირდაპირ წერდა, არჩევნები რომ ჩატარდება და აღიარებენ ამას დამკვირვებლებიო, მაინც პროტესტები იქნებაო და ამ პროტესტს უნდა დავუჭიროთ მხარიო. შემდეგ გახსოვთ, როგორი იმედგაცრუებული იყო ქალბატონი ლორა თორნტონი, გაკვირვებული იყო, კი მაგრამ მსხვერპლით როგორ არ დასრულდა ეს ძალადობრივი აქციებიო. ეს არის, საერთო ჯამში, კიდევ ერთი მხილება, რასთან გვაქვს საქმე. სირცხვილია უბრალოდ, როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავთ, მაგრამ ასეთ გზაზე როცა დადგება ადამიანი, მას უკვე სირცხვილის გრძნობა აღარ აქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა.

მაკკეინის ინსტიტუტის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ, როგორც კისინჯერის სტიპენდიატი, სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს დიპლომატის, ლიდერის და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას თავის ქვეყანაში ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზისკენ სწრაფვისთვის.

 პია კაუმამაც დაინახა, რა სამარცხვინო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე, ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს, ჯერ თითქმის რუსად გამოაცხადეს და როგორც კი თქვა, არ ჩამოვდივარო, ტაში დაუკრეს- შალვა პაპუაშვილი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდიოდა, რომ შეხვედროდა ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც და ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთო ჯამში, ამ ყველაფერში კარგიც უნდა დავინახოთ, თავად პია კაუმამაც დაინახა, რა სამარცხვინო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე საქართველოში.

„გახსოვთ, პირველად სიტყვა პოლარიზაცია რომ ახსენა ზოგიერთმა უცხოელმა და ხელისუფლებას მოგვიწოდებდა დეპოლარიზაციისკენ, უცხოელების მხარდაჭერილი, ხელშეწყობილი, თავზე ხელგადასმული ოპოზიციის ქცევა რა იყო. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჩამოდიოდა, რომ შეხვედროდა ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც, ყველას, ვისაც მასთან შეხვედრის სურვილი ექნებოდა და ადამიანი უბრალოდ გააგიჟეს. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე ჩვენ,  საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ხოლმე, ზოგი არ იჯერებდა. შეხედეს ხომ?! შეხედეს, რომ არის აბსოლუტური ექსტრემისტების ჯგუფი, პოლიტიკური რადიკალები და ექსტრემისტები, რომლებიც აბსოლუტურად ყველას გადაუვლიან. მანამდე, ქალბატონი პია ლამის რუსად გამოაცხადეს და როგორც კი მან თქვა, რომ კარგი, არ ჩამოვდივარო, შემდეგ ტაში დაუკრეს. არაადეკვატური რადიკალების ჯგუფთან გვაქვს საქმე.

მე მგონი, კარგი იქნება, გარდა ვიზუალისა, ოპოზიცია ცოტა კითხვაზეც თუ გადავა და პია კაუმას წერილსაც თუ წაიკითხავს, სადაც ის საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, პრემიერ-მინისტრთან საუბარს და პარლამენტთან თანამშრომლობას ახსენებს. უბრალოდ სასაცილო, საბავშვო ბაღი აქვს მოწყობილი ოპოზიციას და მათ მფარველ უცხოელებს. რა დონესთან გვაქვს საერთოდ საუბარი და საერთო ჯამში, ბატონყმური დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას, რომ ქართველი ხალხისგან კი არ უნდა ლეგიტიმაცია, ქართველ ხალხთან საარჩევნო კამპანიაც კი არ ჩაუტარებია. მათ ლეგიტიმაცია უნდათ რომელიღაცა უცხოელი პოლიტიკოსისგან, თუ რაღაც პოლიტიკური ჯგუფისგან. კარგია, რომ ამ არჩევნებმა ეს რეალობა დაგვანახა, საბოლოო ჯამში, ვისთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციით ვიზიტს გეგმავს.

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ პია კაუმას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“. ასევე, პია კაუმას წერილით მიმართა გიორგი გახარიამ, რომლის მიხედვითაც, გახარია მოუწოდებს პია კაუმას, გადახედოს თბილისში ვიზიტის მიზანსა და დროს. პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთიც. მისი თქმით, „პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა“.

გუშინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტი გადადო. მოგვიანებით პია კაუმამ მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია: „გმადლობთ გაგებისა და თანამშრომლობისთვის, ვიმედოვნებ, შევძლებთ ერთად მუშაობას დემოკრატიული პრინციპებისა და პროცესების განმტკიცებისთვის“.

გრენლანდია თუ გახდება, და როდესაც გახდება ჩვენი ქვეყნის ნაწილი, მას გარე მსოფლიოსგან დავიცავთ, გავხადოთ გრენლანდია კვლავ დიადი- ტრამპი

დონალდ ტრამპი უმცროსი გრენლანდიაში ჩასვლას გეგმავს.

როგორც „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ვაჟი გრენლანდიაზე ერთი დღით ჩასვლას გეგმავს, სადაც პოდკასტისთვის ვიდეოს გადაღებას აპირებს. მას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ან პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.

„მე გავიგე, რომ გრენლანდიის ხალხი არიან MAGA. ჩემი ვაჟი და სხვადასხვა წარმომადგენელი გაემგზავრებიან იქ, რათა ეწვიონ ზოგიერთ ყველაზე შესანიშნავ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს. გრენლანდია წარმოუდგენელი ადგილია და ხალხი უზარმაზარ სარგებელს მიიღებს, თუ და როდესაც ის გახდება ჩვენი ქვეყნის ნაწილი. ჩვენ მოვუვლით და დავიცავთ მას ბოროტი გარე მსოფლიოსგან. გავხადოთ გრენლანდია კვლავ დიადი!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

კუნძული გრენლანდია არის დანიის სამეფოში შემავალი ავტონომიური ტერიტორია.

ტყუილია, თითქოს არჩევნებში ჩაერია რუსეთი, ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის მთელმა სამეგობრომ, მართლა რა არის, საბავშვო ბაღია? -შალვა პაპუაშვილი

ტყუილია, თითქოს ქართულ არჩევნებში ჩაერია რუსეთი, ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის მთელმა სამეგობრომ, 12 წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და რუსეთის მეტი სიტყვა არ დასცდენია ოპოზიციას და მის უცხოელ მხარდამჭერებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით სიტყვა რუსეთს ვინც ახსენებს, ყველას პასუხს გასცემენ.

„26 ოქტომბერს არჩევნებში რუსეთის ჩარევა დაინახეთ? ხომ ვერ დაინახეთ. როგორც საქართველოს მოქალაქე, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობთ, რომ საფრანგეთის ელჩის მიწოდებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ავრცელებს ცრუ ნარატივს, თითქოს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი კი არ გავედით არჩევნებზე და ჩვენი ნება გამოვხატეთ, არამედ ჩამოფრინდა ვიღაც მოსკოვიდან და იმან ჩაატარა არჩევნები. ამას გადაგვაყოლეს 12 წელია, ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის მთელმა სამეგობრომ.

12 წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და რუსეთის მეტი სიტყვა არ დასცდენია ოპოზიციას და მის უცხოელ მხარდამჭერებს. ტყუილია, თითქოს ქართულ არჩევნებში ჩაერია რუსეთი. ყველამ, მათ შორის ჟურნალისტებს, ვისაც კეთილსინდისიერება გაქვთ შერჩენილი, ხომ უნდა იგრძნოთ თავი შეურაცხყოფილად? მართლა რა არის, საბავშვო ბაღია, რომ ქართველ ხალხს ამხელა ტრიბუნიდან გველაპარაკებოდნენ და ცრუ ნარატივებს ავრცელებდნენ? წეღან ვნახე პოლონეთის ერთ-ერთი სენატორის განცხადება, რუსული მანიპულაციაო. ამიტომ, რა დონეც არ უნდა იყოს, იქნება ეს ჩვეულებრივი უცხოელი მოქალაქე, დეპუტატი, პრეზიდენტი, თუ ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს პოლიტიკასთან, ჩარევასთან დაკავშირებით სიტყვა რუსეთს ვინც ახსენებს, ყველას გავცემთ პასუხს, რადგან ეს უნდა დასრულდეს.

გუშინ წინ მოისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის ინტერვიუ ჟურნალისტ ფრიდმანთან, მოისმინეთ, რა ისაუბრა ბუდაპეშტის მემორანდუმზე. 30 წელი შესრულდა ამ მემორანდუმიდან, როდესაც უკრაინამ დათმო ატომური იარაღი. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინა ხდებოდა მსოფლიოში მესამე ქვეყანა ატომური იარაღის სიძლიერით. ეს ატომური იარაღი დაათმობინეს და მისცეს უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის, საფრანგეთი იყო უსაფრთხოების გარანტორი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ წინ თქვა, რომ ვიდრე რუსეთის 2022 წლის აგრესია დაიწყებოდა, საუბარი ჰქონდა ყველა გარანტორთან, მათ შორის საფრანგეთთან, რომ დადგა მომენტი, თავის დროზე დავთმეთ ატომური იარაღი, თქვენ მოგვეცით პირობა, იქნებოდით უსაფრთხოების გარანტიო. დადგა მომენტი და გაიხსენეთ, რა თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რა გვითხრეს ამაზეო და რა განწყობაა – „პო ხერ“,  აი, რა გვითხრეს საბოლოო ჯამშიო. ასე მიუდგნენ უკრაინას.

ამიტომ, ვინმეს რუსეთზე თუ უნდა საუბარი, აგერ არის უკრაინა და დახმარებოდნენ თავის დროზე, როგორც საჭირო იყო და დაეხმარონ ახლაც. ახლა ნელ-ნელა აპარებენ, მათ შორის საფრანგეთის ხელისუფლება ნელ-ნელა აპარებს უკრაინელებს, მოგიწევთ ტერიტორიის დათმობა და ამას შეეგუეთ, შემდეგ დიპლომატიურად რაღაც შეიძლება მოხდესო. ახლა, სამი წლის თავზე რომ აპარებენ, როდესაც ათი ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი, ბავშვი, ქალი დაიღუპა და ნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის სასოწარკვეთილი ინტერვიუ ფრიდმანთან. რასაც ვუყურეთ, ზუსტად ეს არის იმედგაცრუება. ამიტომ, სადმე ვინმეს თუ აწუხებს რუსეთის პოლიტიკა, აგერ არის უკრაინა, მიეხედათ თავის დროზე, ერთი წლის წინ, ორი წლის წინ, სამი წლის წინ ან ახლა მაინც გამოიჩინონ სათანადო ძალები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ მოყვასზე – შალვა პაპუაშვილი

პატრიარქმა ხაზი გაუსვა ერთი მხრივ მთავარ პრინციპს რაც ნიშნავს სიყვარულს ადამიანებს შორის, რომელიც ღმერთიდან აქვს ადამიანს დანათლებული და მეორე, რომ ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ მოყვასზე. ამპარტავნობა და ეგოიზმი ეს არის ის რაც, ადამიანს უშლის იფიქროს საერთო სიკეთეზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„იმედი მაქვს პატრიარქის ეპისტოლეს ამ მოწოდებას ყველა გაიაზრებს. გაიაზრებს იმას, რომ მნიშვნელოვანია არა ის რაც მათ ინდივიდუალურ ინტერესებშია, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესები. ჩვენი ერისა და საზოგადოების ინტერესი კი არის მშვიდი განვითარება, კეთილდღეობის ზრდა და ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც იმყოფება სამყარო, საქართველო მშვიდად გავატაროთ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად მრავალი მცდელობისა შიგნიდან თუ გარედან, საქართველოს ინტერესები იმდენად სწორად დააპოზიციონირა ამ გარემოში, ერთი წამითაც საფრთხე არ შეექმნა ჩვენს მშვიდობიან, უსაფრთხო და ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ტიბეტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა

ტიბეტის მთიან რეგიონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას BBC-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, რომელმაც ყველაზე მეტად ტიბეტის წმინდა ქალაქი შიგაცე დააზარალა, დაშავებულია 62 ადამიანი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო კადრებში ჩანს დანგრეული სახლები და სხვა შენობები. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ და ადგილობრივებს სქელ საბნებს ურიგებენ.

როგორც პრეზიდენტი, ვეცდები ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო – მიხეილ ყაველაშვილი

მინდა აღვნიშნო პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც ყოველთვის ყურადსაღებია და მიესადაგება არსებულ გამოწვევებსა და რეალობას. ეს არის მოყვასის სიყვარული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

„აუცილებელია, გვიყვარდეს ერთმანეთი ქრისტეს სიყვარულით, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ეს ხელოვნურად შემოტანილი პოლარიზაციის თემები დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი სიყვარულით. ეს არის გზავნილი პატრიარქის ეპისტოლედან, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ქრისტეს სიყვარულით, რაც ძალიან კარგი იქნება. როგორც პრეზიდენტი, ვეცდები, ეს საქმითაც დავამტკიცო და ჩვენი საზოგადოება გავაერთიანო სიყვარულით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი საფრანგეთისთვის იყოს.

„არა ის, რომ საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50% სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს“, – წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ შერაზ გასრიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს.

ევროპა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის ლიდერები ფიქრობენ და რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრი ევროპელი ფიქრობს – რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა და უკრაინა, შესაძლოა, მალე აღმოჩნდნენ ზეწოლის ქვეშ რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიძლება დათანხმება შეთანხმებაზე, რომელიც მოსკოვს ძალების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, – ინფორმაციას უკრაინული მედია RMF24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რა სახის გარიგებაზე შეიძლება დათანხმდეს გონივრული ევროპა? რა თქმა უნდა, არა გარიგებაზე, რომელიც მოსკოვს მოღონიერების საშუალებას მისცემს. ევროპა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რუსეთის ლიდერები ფიქრობენ. რუსეთი გაცილებით სუსტია, ვიდრე ბევრი ევროპელი ფიქრობს“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა იმსახურებს მშვიდობას და სჭირდება მშვიდობა. მაგრამ, მისი აზრით, ეს უნდა იყოს მშვიდობა სამართლიანი პირობებით და არა კაპიტულაცია.

„სუვერენული უკრაინის გარეშე არ იქნება უსაფრთხო ევროპა. უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და მისი მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა სიკორსკიმ.

გარკვეული ძალები ცდილობენ სიძულვილი დათესონ, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული – პრემიერი

პატრიარქის ეპისტოლეში პირველ რიგში ყურადღება გამახვილებული იყო რწმენის მნიშვნელობაზე, ღმერთის სიყვარულის მნიშვნელობასა და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ თუ რაიმე აკლია დღეს საზოგადოებას, ეს არის ალბათ სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამების ტაძარში, საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გარკვეული ძალები ხელოვნურად ცდილობენ, ქვეყანაში სიყვარულის მაგივრად სიძულვილი დათესონ.

„ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიყვარული და არსებითად ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეშიც. პატრიარქის ყველა ეპისტოლე, რა თქმა უნდა, ეძღვნება პირველ რიგში იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა. ყოველთვის ასეა და ბუნებრივია, დღესაც ეს ასე იყო. ადამიანი, რომელიც არის დაშორებული ღმერთს და რომელიც არის დაშორებული რწმენას, ეს არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა და ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. არის მათ შორის ძაიან მძიმე იდეოლოგია, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და სწორედ ეს იდეოლოგია აშორებს ადამიანს ღმერთს და აშორებს რწმენას. რა თქმა უნდა, ამას ყველა უნდა დავუპირისპირდეთ და ამისთვის საჭიროა რწმენის დაცვა, ტრადიციული ფასეულობების დაცვა და თითოეული ჩვენგანი ამით უნდა ვიყოთ დაკავებული. ზოგადად, თანამედროვე სამყაროს აქვს სერიოზული გამოწვევები. ეს გამოწვევები დაკავშირებულია მათ შორის კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიურ მიმართულებებთან და ამასთან ყველას გვიწევს ბრძოლა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.