Home Blog Page 30

ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს – მამუკა მდინარაძე

ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს – როგორც არ უნდა გაანადგურონ შვეიცარიული ბანკები, ეს ადამიანი მათ ვერ გაიცნეს! – ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვით, ივანიშვილი აპირებს კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს – Julius Baer-ს უჩივლოს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ამ ადამიანმა სამშობლოსთვის თავი გადადო და ფულით შანტაჟი შედეგს ვერ მოიტანს“.

„ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ეს არის წმინდა წლის პოლიტიკური შანტაჟი.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა Deep State-ზე ისაუბრა, ამ თემაში უფრო ღრმად შევიდა, ქართული საზოგადოებისთვის თემა გაშალა და ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ საქართველო და ბიძინა ივანიშვილი დასაჯონ და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ. აქედან დასკვნის გამოტანა არავის გვიჭირს – მარტივი ამბავია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ – კახა კალაძე

პირველ რიგში, ტრამპის გუნდს სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც არა მხოლოდ აშშ-ისთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ არის მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. იცით, რომ დღეს გაიმართება ინაუგურაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მთლიანად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, რომ ვიყოთ აშშ-ის კარგი მეგობრები, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა და მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ. რასაც თავად ამბობენ, პირველ რიგში, მათი მხრიდან „დიფ სთეითის“ დამარცხება უნდა მოხდეს, რაც არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც, ჟურნალისტის თქმით, ბოლო დროს ტრამპის შესახებ რიტორიკა შეცვალეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ისინი ფარისევლები არიან.

„ოპოზიციისთვის სასიკეთო არაფერი ხდება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ოპოზიცია არის დანგრეული, გაფარჩაკებული. მათ არც ქვეყანა აინტერესებთ, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ვიცით ვინ არიან ისინი და საიდან იმართებიან. ისინი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია მათი მხრიდან, როცა ტრამპს ოლიგარქს და ჯამბაზს უწოდებდნენ. ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“ვინ არის საქართველოში დაკავებული და საფრანგეთის მართლმსაჯულების მიერ ძებნილი იოგას მასწავლებელი ქალი ადინა სტოიანი?”-The European Times

ევროპული გამოცემა „იეროფიენ თაიმსი“ (The European Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვინ არის საქართველოში დაკავებული და საფრანგეთის მართლმსაჯულების მიერ ძებნილი იოგას მასწავლებელი ქალი ადინა სტოიანი?“ (ავტორი – ვილი ფოტრე, ბრიუსელში არსებული ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია  Human Rights Without Frontiers-ის (HRWF) დირექტორი, განსაკუთრებით იცავს ქალების, ეთნიკური და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლების, აგრეთვე ლგბტ ადამიანების უფლებებს).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

2024  წლის 20 და 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომებზე განიხილეს ექსტრადიციის საკითხი – უნდა გადასცეს თუ არა საქართველომ საფრანგეთს ინტერპოლის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე 2024 წლის აგვისტოში თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაკავებული ადინა სტოიანი და მისი მეუღლე მიხაი.

დეკემბრის შუა რიცხვებიდან რამდენიმე დღე ვიყავი თბილისში The European Times-ის დავალებით, საპარლამენტო არჩევნების სადაო შედეგებისა და ახალი პარლამენტის მიერ ახალი  პროკრემლური პოზიციის მქონე პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური ვითარებისა და დემონსტრაციების გასაშუქებლად. გამოვიყენე თბილისში ყოფნის შესაძლებლობა, რომ შევხვედროდი სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ცოლ-ქმარ სტოიანების საქმეში ჩართულ იურისტებს და შემეგროვებინა რამდენიმე გამოუქვეყნებელი ინფორმაცია წყვილის შესახებ. (…)

მეორე მოსმენის დასასრულს, რომელიც ჩემი საქართველოდან წასვლის შემდეგ გაიმართა, სასამართლომ დაადგინა, რომ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად აუცილებელი იყო მესამე მოსმენაც, მანამდე კი უნდა მომხდარიყო ბეჭდურ-წერილობითი სასამართლო დოკუმენტების რუმინულ ენაზე თარგმნა, რასაც ადინა და მიხაი სტოიანები და მათი იურისტები  მოითხოვდნენ, სასამართლო ხელისუფლების მიერ მანამდე დაწესებული ინგლისური ენის ნაცვლად.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მიხაი და ადინა სტოიანები საკმარისად ფლობდნენ ინგლისურს მათი საერთაშორისო საქმიანობის გამო, მაგრამ მათი საპირისპირო არგუმენტი იყო, რომ სამართალწარმოების დროს გამოყენებული და ინგლისურ ენაზე თარგმნილი იურიდიული და სასამართლო ენა მათთვის უცხო იყო და მათ წარუმატებლობის საფრთხის წინაშე აყენებდა – იმის გასაგებად, თუ რას უნდა მოაწერონ ხელი.

რთული საკითხების აღქმა და მათი გაცნობიერება ორმაგი თარგმანის დროს – ჯერ ქართულიდან ინგლისურად, თარჯიმნის მიერ და შემდეგ უკვე საკუთარ ენაზე (რუმინულად) – საკმაოდ რთულია. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ორმაგი თარგმანის დროს დიდია  უზუსტობების დაშვებისა და გაუგებრობების წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად, არ არის გამორიცხული მართლმსაჯულების შეცდომა, რომლის მსხვერპლნი მიხაი და ადინა სტოიანები  იქნებოდნენ.

ადინა და მიხაი სტოიანების დაკავების კონტექსტი

2023 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 175 პოლიციელისგან შექმნილი სპეცჯგუფის წევრები, შავი ნიღბებით, ჩაფხუტებითა და ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით, დილის 6 საათზე ერთდროულად შევიდნენ რვა სახლის ბინებში პარიზში და მის გარშემო, ასევე ნიცაში, სადაც რუმინელმა იოგას პრაქტიკოსებმა გადაწყვიტეს შესვლა.

რუმინელი იოგას პრაქტიკოსთა უმეტესობამ აირჩია საფრანგეთში სასიამოვნოსა და სასარგებლოსთან შერწყმა. მათ შორის იყვნენ IT ექსპერტები, ინჟინრები, დიზაინერები, მხატვრები, ექიმები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები, უნივერსიტეტისა და საშუალო სკოლის სტუდენტები და ა.შ.

2023 წლის 28 ნოემბრის რეიდები არ იყო ოპერაცია ტერორისტული ან შეიარაღებული ჯგუფის ან ნარკოტიკების კარტელის წინააღმდეგ. ეს იყო რეიდი, რომელიც მიმართული იყო, პოლიციის ეჭვებით, ისეთ ადგილების წინააღმდეგ, რომლებიც უკანონო ქმედებებისთვის გამოიყენებოდა: ადამიანებით ვაჭრობისათვის, სექსუალური ექსპლუატაციისათვის და იძულებითი პატიმრობისათვის.

ცოლ-ქმარ სტოიანების დაპატიმრების ორდერი, რომელიც პარიზიდან თბილისში ინტერპოლის მეშვეობით იქნა გადაცემული, მოიცავდა იმავე ბრალდებებს, თუმცა ისინი არ იმყოფებოდნენ საფრანგეთში პოლიციის რეიდების დროს ან მანამდე, არასოდეს ჰქონიათ იოგას საქმიანობა საფრანგეთში და არცერთ იოგას არ შეუტანია საჩივარი. მათ. ფრანგულ მედიაში ისინი არაერთხელ დახატეს კრიმინალად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რაც ჟურნალისტებს თავად შეეძლოთ შეეგროვებინათ.

ადინა სტოიანის ოჯახი და სოციალური ფონი

ადინა სტოიანი დაიბადა 1968 წლის 12 ივნისს ქალაქ სიბიუში (რუმინეთი). იგი გაიზარდა ბუქარესტში ნიკოლაე ჩაუშესკუს კომუნისტური მმართველობის დროს, მაგრამ მოინათლა მართლმადიდებლურ ეკლესიაში. დედამისი ტრანსპორტის სამინისტროს ბუღალტერი იყო. მამამისი ბუქარესტის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა და შემდეგ სამხედრო კარიერა გაიკეთა.

სწავლაში ადინა მამის კვალს გაჰყვა. 1991 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური უნივერსიტეტი სატრანსპორტო ინჟინრის სპეციალობით. ამის შემდეგ მან დაახლოებით ორი წელი იმუშავა რუმინეთში, ტრანსპორტის სამინისტროს კომპიუტერულ ცენტრში, მოგვიანებით კი საკუთარი თავი მხოლოდ სულიერებას მიუძღვნა, ასწავლიდა იოგას და ატარებდა ტრანტრას გაკვეთილებს. მას ჰყავს და – კორინა – რომელმაც დაამთავრა ბუქარესტის უნივერსიტეტი მათემატიკოსის სპეციალობით. კორინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათემატიკას ასწავლიდა, მოგვიანებით კი სხვა სფეროებში დაიწყო მუშაობა, ხოლო თავისუფალ დროს იოგას ასწავლიდა ბოლო ათი წლის განმავლობაში.

(…)

ადინა და მიხაი სტოიანები 2001 წელს რუმინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაქორწინდნენ და ერთი წლის შემდეგ დანიაში გადავიდნენ. როგორც იოგას მასწავლებლები, ისინი მუშაობდნენ დანიის იოგა ნატა ცენტრში. (…) ადინა სტოიანმა ასევე წაიკითხა ლექციები ისეთ თემებზე, როგორიცაა ჰორმონები, პრემენსტრუალური სინდრომი, ეზოთერული ასტროლოგია, სპეციალურად ქალებისთვის.

ადინა ეწინააღმდეგება საფრანგეთში მისი და მეუღლის ექსტრადირებას და ამბობს, რომ არ იყო ჩართული იქ იოგას აქტივობებში და არალეგალურ საქმიანობაში, როგორც ეს ინტერპოლის დაკავების ორდერშია ნახსენები, არაფერი აქვს საერთო 2023 წლის 28 ნოემბერს იოგას ცენტრებში პოლიციის მასობრივ დარბევასთან, რამაც გამოიწვია მისი დაკავება და წინასწარი პატიმრობა საქართველოში. სხვათა შორის, არცერთ იოგას არ შეუტანია საჩივარი მის ან მის ქმრის წინააღმდეგ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

გარე მრჩევლებისთვის რომ დაგვეჯერებინა, არანაირი ეკონომიკური ზრდა და ლიდერობა არ იქნებოდა – შალვა პაპუაშვილი

მანამ სანამ ვიმოქმედებთ ეროვნული და არა უცხოური ინტერესებით, საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით, საქართველო ივლის წინ; ხოლო თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მათ რომ დაეჯერებინათ გარე მრჩევლებისთვის და ციხის შიგნიდან გამტეხავებისთვის, არანაირი ეკონომიკური ზრდა და ლიდერობა არ იქნებოდა.

„საქართველო მსოფლიოს ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით. ვუსწრებთ ევროკავშირსაც და მის კანდიდატებსაც. მსოფლიოში ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ორ ქვეყანას, მათ შორის, სამხრეთამერიკულ გაიანას აქვს (43%), ისიც იმიტომ, რომ იქ ახლახან ნავთობი აღმოაჩინეს.

თუმცა, ეს არ იქნებოდა, ჩვენ რომ

▪️დავთანხმებოდით ზელენსკის, რომელიც მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას მოითხოვდა, რაც ომის მონაწილე მხარედ გვაქცევდა,
▪️უკან დაგვეხია აშშ-ის მაშინდელი ელჩის წინაშე, რომელიც კატეგორიული ტონით მოითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ესკალაციას (თუმცა, საჯაროდ ამას არ ამხელდა და ჩვენც ნამუსს ვუნახავდით),
▪️დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, რომელიც სანქციების დაწესებას, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შეზღუდვას და ფრენების აკრძალვას მოითხოვდა,
▪️ავყოლოდით 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, ოპოზიციის და ენჯეოების ორგანიზებული აქციის “გულწრფელი მონაწილეების” მოთხოვნას და წინა სამი პუნქტის ავტორებისთვის დაგვეჯერებინა (თან როგორი დამთხვევაა, რომ ეს ენჯეოები ზუსტად იქიდან ფინანსდებიან, საიდანაც ეს მოთხოვნები მოდიოდა).

გარე მრჩევლებისთვის და ციხის შიგნიდან გამტეხავებისთვის რომ დაგვეჯერებინა, არანაირი ეკონომიკური ზრდა და ლიდერობა არ იქნებოდა. სამაგიეროდ იქნებოდა ომის რისკი და გარანტირებული ეკონომიკური კოლაფსი, რომლის ეფექტი ორჯერ უფრო მძიმე იქნებოდა ვიდრე კოვიდის პანდემიის დროს.

ასე არის ახლაც. მანამ სანამ ვიმოქმედებთ ეროვნული და არა უცხოური ინტერესებით, საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით, საქართველო ივლის წინ; ხოლო თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ და სხვა ხალხების ხელისუფლებას ჩვენად ჩავთვლით, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

“სახელმწიფოს კრიზისი საქართველოში: 50-დღიანი მასობრივი დემონსტრაციები, გაფიცვები და პიროვნული დაპირისპირებები” -გერმანული პრესა

გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუ“-ში (Frankfurter Rundschau) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სახელმწიფოს კრიზისი საქართველოში: 50-დღიანი მასობრივი დემონსტრაციები, გაფიცვები და პიროვნული დაპირისპირებები“ (ავტორი – შტეფან შოლი). „სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლას და დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს, თუმცა საპროტესტო აქციებს სიმბოლური პოლიტიკური წარმმართველი ცენტრი არ ჰყავს“, – ასეთია სტატიის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ქართული ტელეარხები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის ბათუმში მომხდარი ჩხუბისა და ცემა-ტყეპის კადრებს ავრცელებენ: ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ცხვირი გაუტეხეს…. ოპონენტები თავს დაესხნენ და სცემეს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. თავის მხრივ, ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა სილა გაარტყა პოლიციელს… ძალადობის ასეთი სცენები ქართული პოლიტიკური კულტურის ნაწილი ხდება.

საქართველოში სახელმწიფოებრივი კრიზისი გრძელდება. ათი ათასობით მოქალაქე საღამოობით ქვეყნის ქალაქებში საპროტესტო აქციებს აწყობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ., რომლის გამარჯვება გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებულად ითვლება. თუმცა ოპოზიცია და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ყველაზე მეტად იმით არის აღშფოთებული, რომ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკება შეწყვიტა 2028 წლამდე. არადა, გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს ევროპული ორიენტაცია აქვს და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში წევრობას.

დღეს საქართველოში ყოველდღიურად ტარდება საპროტესტო დემონსტრაციები თეატრალური ჯგუფების, უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების და სხვა პროფესიული ჯგუფების მონაწილეობით. ათასობით კომპანია წერილობითი ფორმით ითხოვს განმეორებითი არჩევნების ჩატარებას და აქცია-მიტინგების მონაწილეთა პატიმრობიდან გათავისუფლებას. არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციის „დემოკრატიის კვლევის“ ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის თქმით, ამჟამად 50 დემონსტრანტი პოლიტიკურ პატიმარს წარმოადგენს.

ალექსანდრე ლუკაშენკოს უშიშროების ორგანოების მიერ 2020 წლის დროინდელი დევნა-რეპრესიებისაგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ეტაპზე შეწყვიტა თავისი ღამის რეიდები. სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ „ქართული ოცნება“ კრიზისის გარკვეულ ეტაპზე მოცდა-ლოდინის პოლიტიკას ატარებს: „ამ სტრატეგიის თანახმად, აქციები დროთა განმავლობაში შეწყდება, ოპოზიციას მისი გაგრძელების შესაძლებლობა აღარ ექნება და საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ნორმალურ ურთიერთობას დაუბრუნდება“, – თვლის ყოფილი დიპლომატი ნატალია საბანაძე.

აშშ-ის უკვე ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას სანქციები დაუწესა, არჩევნების შედეგებს ევროკავშირიც არ აღიარებს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ყოფილი ფეხბურთელისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია მიწვეული, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციას და ამტკიცებს, რომ იგი კვლავ კანონიერ პრეზიდენტად ითვლება.

მაგრამ ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილმა, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ნებაყოფლობით დატოვა თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე თავისი რეზიდენცია, რაც ბევრი ოპოზიციონერისათვის იმედგამაცრუებელი ნაბიჯი აღმოჩნდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია საპროტესტო აქციების მონაწილეებისათვის ცენტრალური საყრდენი პუნქტი იქნებოდა – ისევე როგორც მაიდანი იყო უკრაინული ოპოზიციისათვის 2014 წელს.

იმდროინდელი უკრაინული ოპოზიციისაგან განსხვავებით, ამჟამინდელ ქართულ ოპოზიციას სიმბოლური ცენტრი არ ჰყავს. დღეისათვის ოპოზიციის მიზანია ახალი არჩევნების დანიშვნის მიღწევა. მაგრამ სხვადასხვა სამინისტროებში მომხდარი რიგი გადადგომებისა და ღია წერილების მიუხედავად, არც სახელმწიფო მმართველობის სისტემა და არც უშიშროების აპარატი არ გამოიყურება ისე, რომ მათი ჩამოშლა-ჩამოქცევა უახლოეს ხანში მოხდება.

„მე იმედი მაქვს, რომ პროტესტები იგივე ინტენსივობით გაგრძელდება, როგორც ადრე იყო“, – ამბობს ანდრო, აქციების აქტივისტი, – მაგრამ ისიც აშკარაა, რომ დღეს რთულია წარმოიდგინო სიტუაციის ისეთი ესკალაცია, რომელიც მთავრობას ახალი არჩევნების დანიშვნას აიძულებს“.

მოკლედ, საქართველოში პოლიტიკური ბრძოლის შეწყვეტას ან შესუსტება-გამოფიტვის ნიშნები ჯერ არ შეიმჩნევა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

“დონალდ ტრამპი მასშტაბურ დეპორტაციას სამშაბათს, ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს”-The Wall Street Journel

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია  გეგმავს  მასშტაბური ანტიმიგრაციული რეიდის დაწყებას ქალაქ ჩიკაგოში 21 იანვარს – ინაუგურაციიდან მეორე დღეს“, – ნათქვამია ამერიკულ გაზეთ The Wall Street Journel-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპი მასშტაბურ დეპორტაციას სამშაბათს, ინაუგურაციის შემდეგ დაიწყებს“ (ავტორები – მიშელ ჰეკმანი, ჯო ბარეთი და პოლ კირმანი).

პუბლიკაცია ემყარება იმ ოთხი წყაროს მიერ გამჟღავნებულ ინფორმაციას, რომლებიც გეგმას იცნობენ. მათი თქმით, ოპერაცია გაგრძელდება ერთი კვირა და მიმართული იქნება აშშ-ში არალეგალურად მყოფი მიგრანტების გამოვლენისა და მათი დეპორტაციისათვის.

გეგმის მიხედვით, რეიდის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებს იმიგრაციული და საბაჟო პოლიციის 100-დან 200-მდე თანამშრომელი. ოპერაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს იმ მიგრანტების გამოვლენა და დაკავება [შემდგომი დეპორტაციით], რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ, ან ჩადენილი აქვთ საგზაო წესების დარღვევა და სხვა ისეთი დანაშაული, რომლებსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ნაკლებმნიშვნელოვნად თვლიდა სამართლებრივი დევნისთვის. „ამასთან, როგორც წყაროები იტყობინებიან, იმიგრანტი კრიმინალებისა და კანონდამრღვევების დაკავების დროს, თუ მათთან ერთად სხვა არალეგალური იმიგრანტებიც იქნებიან, მათაც დააპატიმრებენ“, – წერს „უოლ-სთრით ჯორნელი“.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, ჩიკაგო არამარტო იმიტომ კი არ იქნა არჩეული რეიდის ჩასატარებლად, რომ  ამ ქალაქში ძალიან ბევრი იმიგრანტი ცხოვრობს შედარებით ლოიალური პირობების წყალობით, არამედ იმიტომაც, რომ ჩიკაგოს მერი, დემოკრატიული პარტიის წევრი ბრენდონ ჯონსონი და რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს დიდი ხანია საჯაროდ უპირისპირდებიან..

ჩიკაგოს შემდეგ ანალოგიური რეიდები ჩატარდება აშშ-ის სხვა ქალაქებში – „მსხვილ იმიგრანტულ ცენტრებში – ისეთებში, როგორებიც არიან ნიუ-იორკი, ლოს ანჟელესი, დენვერი და მაიამი. გარდა ამისა, ახალი ადმინისტრაციის წევრები ყურადღებით ადევნებენ თვალს იმიგრანტების თავმოყრის სხვა ადგილებსაც და, შესაბამისად,  მიზანმიმართული რეიდები გაგრძელდება“.

დონალდ ტრამპი აშშ-დან მიგრანტთა გასახლების ოპერაციების განხორციელებას ამომრჩევლებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირდებოდა. „ეს იქნება ამერიკის ისტორიაში უდიდესი სადეპორტაციო ოპერაცია ქვეყნიდან 15-20 მილიონი იმიგრანტის გაძევების მიზნით“, – ამბობდა იგი სამხრეთ კაროლინას შტატში გამართული მიტინგის დროს 2024 წლის თებერვალში. დონალდ ტრამპის აზრით, ამერიკამ უნდა შეწყვიტოს „ღია საზღვრების პოლიტიკა“, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ატარებდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ვაპირებთ, გავასაჯაროოთ ჩანაწერები, რომლებიც ეხება ჯონ კენედის, რობერტ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს -დონალდ ტრამპი

President-elect Donald Trump speaks at a rally ahead of the 60th Presidential Inauguration, Sunday, Jan. 19, 2025, in Washington. (AP Photo/Matt Rourke)

დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ ჯონ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებას გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ვაშინგტონში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ, გავასაჯაროოთ დარჩენილი ჩანაწერები, რომლებიც ეხება პრეზიდენტ ჯონ კენედის, მისი ძმის, რობერტ კენედის, ასევე დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს და ჩვენთვის დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხვა თემებს. ეს ყველაფერი გასაჯაროვდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის

ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ავრცელებს.

„როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია, აწარმოებს დავას Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში.

გაცნობებთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა).  აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა, თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული.

დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები.

უნდა აღინიშნოს, რომ Julius Baer-ი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა; თითქმის ექვსი თვის განმავლობაში Julius Baer-ი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს;  ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება, მიეღო ინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, Julius Baer-მა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება.

ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. Julius Baer-ი არის, ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული, მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. Julius Baer-ი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer-ი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ.

ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არა და, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.

შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო  არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის  საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.

და ბოლოს, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარე მათი საბანკო ანგარიშები.

ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული მიდგომები, მაგრამ ქმედებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს ეკონომიკურ პროცესს, გაუმართლებელია -ლევან დავითაშვილი

ჩვენ შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული იდეები, ოპონირებას ვახდენდეთ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, შეიძლება, იყოს განსხვავებული მიდგომები, გეგმები, ასევე გემოვნება, მაგრამ ქმედებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს ეკონომიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის გამართლებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ოპონირება იმ ფორმით, როგორითაც ხდება დღეს საქართველოში, არ არის პოლიტიკური კულტურის მაღალი დონის გამოვლინება. მისი თქმით, ოპონირების ეს ფორმები, ხშირ შემთხვევაში, დამაზიანებელია ქვეყნის, მათ შორის, მისი ეკონომიკური ინტერესებისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის მოწოდებები, მაგალითად, საბოტაჟის, ეკონომიკური პროცესების, გარკვეული ეკონომიკური აქტივობების პარალიზების, ასევე სანქცირების  – რა თქმა უნდა, თითოეული ასეთი არამხოლოდ მოწოდება, არამედ ქმედება, კამპანია დამაზიანებელია და რეპუტაციულად ქმნის სხვადსხვა რისკს, მათ შორის, განწყობას და  ეკონომიკას ვნებს“,- აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობასთან პირდაპირ კავშირშია, ამიტომ, მისი მოსაზრებით,  ეს არ არის სწორი პოლიტიკური გზა.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცდებით, როგორც პოლიტიკურ ჭრილში იყოს პროცესები მაქსიმალურად სტაბილური, ასევე გვქონდეს დიალოგი, მათ შორის, ყველა იმ აქტორთან, რომელიც ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია – ეს იქნება კერძო სექტორი, ბიზნესი, საერთაშორისო ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და თუ სხვა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ეკონომიკაში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი და თანმიდევრული განვითარების ტემპი არ შენელდეს“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ 2024 წელი, მაქსიმალური ინტენსივობით ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას -ირაკლი კობახიძე

შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მლრდ ლარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადააჭარბოს ქვეყნის ეკონომიკამ.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო 28 მილიარდიანი მაჩვენებლით, მხოლოდ 28 მილიარდის ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით და ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მილიარდ ლარამდე. მიმდინარე წელს 100 მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც არის თავისუფლად შესაძლებელი. ამისთვის, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს კონკრეტული პროექტები და უნდა განვაგრძოთ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. იანვარშიც გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს 2025 წლისთვის,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ტურიზმის სფეროშიც 2024 წელი რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

„კონკრეტულად ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან კარგი მაჩვენებლები, აქაც რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ 2024 წელი. 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა წლიურმა შემოსავლებმა ტურიზმიდან, 300 მლნ დოლარით გადავაჭარბეთ 2023 წლის, ანუ წინა წლის მაჩვენებელს. რეკორდული იყო კონკრეტულად მეოთხე კვარტალიც, მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა. ეს იყო საარჩევნო თვე – ოქტომბერი, შემდეგ ნოემბერი, როცა ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, მერე ეს ყველაფერი გაგრძელდა დეკემბერში. ამ ყველაფრის მიუხედავად მეოთხე კვარტალიც დავხურეთ ძალიან დიდი წარმატებით, შემოსავლებმა მეოთხე კვარტალში შეადგინა 964 მლნ დოლარი, რაც არის 90 მლნ დოლარით მეტი 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებლებზე. ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხებას, თუმცა ხედავთ, რომ არაფერი გამოსდით, პირიქით, ვაგრძელებთ მაქსიმალური ინტენსივობით ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა, ჩვენი პოლიტიკის შედეგად მიღებული სარგებლით უნდა ისარგებლოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ -ირაკლი კობახიძე

ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და უნდა ვიმუშაოთ, როგორც ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, რომელსაც მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მიდის ყველას წინააღმდეგ, ისინი მუშაობენ, რომ დაზარალდეს თითოეული მოქალაქე.

„ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არა მხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ საკუთარ მხარდამჭერებსაც, მათ შორის ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით და ა.შ. არა მარტო ემუქრებიან, ამაზე მუშაობენ, რომ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. რა თქმა უნდა, არაფერი გამოსდით მთელი ამ წლების განმავლობაში და არც მომავალში არაფერი გამოუვათ. ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და უნდა ვიმუშაოთ, როგორც ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ამ სულისკვეთებით უნდა განვაგრძოთ მუშაობა, როგორც 2025 წელს, ასევე შემდეგი ოთხი წლის განმავლობაშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას -ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტ ტრამპს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული. ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება, ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას, სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ გასული ოთხი წელიწადი იყო საკმაოდ რთული ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. იყო არაერთი კრიზისი და მიმდინარეობს კვლავაც ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ ოთხი წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი, რაც არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემა. ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ოთხი წლის მანძილზე.

კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ოთხი მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი ოთხი წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც.

ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული პრეზიდენტ ტრამპს. ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა „დიფ სთეითთან“ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომლებიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბით გასული ოთხი წლის მანძილზე.

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან. იმედი გვაქვს, გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.