Home Blog Page 30

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, პირადი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების, მუქარის მიუხედავად, პოლიტიკაში ჩართულიყო, მისი ქმედება ეროვნული საქმის მსახურების საუკეთესო მაგალითია -ირაკლი ღარიბაშვილი

26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს აჭარა და გაიმარჯვებს საქართველო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, ჩემი მთავარი სათქმელი 2012 წლის მოვლენების გახსენებით დავიწყო, როცა ქვეყანას სამუდამოდ ჩამოვაშორეთ საკუთარი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მტერი, მოძალადე, ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ტერორზე, შანტაჟსა და ნებისმიერი განსხვავებული შეხედულების ჩახშობაზე იდგა! ქვეყანაში სრული უიმედობა იყო, ჩაგვრის ქვეშ მყოფ ჩვენს ხალხს კი თითქოს რწმენა ჰქონდა დაკარგული, რომ უცხო ინტერესების მსახური, უსამშობლო პოლიტიკური ძალისგან საკუთარ ქვეყანას დაიხსნიდა.

და სწორედ ამ დროს, ჩვენი ქვეყნის ასეთ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ჩვენმა ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პირადი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენებისა და უამრავი უკანონო გზებით ბრძოლისა და მუქარის მიუხედავად, პოლიტიკაში ჩართულიყო და მისი ეს ქმედება პირადი ინტერესების გვერდით გადადების და საერთო ეროვნული საქმის მსახურების საუკეთესო მაგალითია, რაც ჩვენი ბრძენი ქართველი ხალხისთვის იმ საოცარი ერთიანობით, რომელიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა!

და ეს თარიღი, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ არ დარჩა არცერთი სფერო, სადაც ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი არ მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. 12 წლის შემდეგ თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე ის პრობლემები და ის საშინელება, რომელიც გამეფებული იყო ჩვენს ქვეყანაში, წარსულს ჩავაბარეთ. ჩვენ კარგად გვახსოვს, ჩვენმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ჩვენი ბიზნესმენები ბიზნესრეკეტისგან, სახელმწიფო ინსტიტუტები კი პოლიტიკური და სააკაშვილის კლანის გავლენებისგან, ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვერით პატიმრებთან არაადამიანური პრაქტიკა, გათავისუფლდა მედია და ხელისუფლებისთვის პოლიტიკის ამოსავალ წერტილად იქცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი და ადამიანის უფლებები.

მთელმა ქვეყანამ კარგად იცის, რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. არავის დავიწყებია საკუთარი მოქალაქეების მკვლელობის, წამების, ბიზნესის და ქონების წართმევის და ათასი სხვა უბედურების მომტანი სისხლიანი მმართველობის ცხრა წელი და 12 წლის შემდეგ, ბათუმი და მთლიანად აჭარა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ზღვისპირა კურორტად გადაიქცა. რა პროპაგანდაც უნდა აკეთონ ჩვენმა ოპონენტებმა, რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, ყველაზე უკეთ ძვირფასო მეგობრებო, თქვენ იცით, აჭარის მაცხოვრებლებმა იციან, თუ რამდენი რამ გაკეთდა აჭარაში სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს. მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა აჭარაში და ბათუმი კიდევ გავიმეორებ, გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ზღვისპირა კურორტად.

ძვირფასო მეგობრებო, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების სია ძალიან დიდია, მაგრამ მე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი დანაშაული და ღალატი, რაც  მათ ჩაიდინეს, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომი, როცა პოლიტიკურად გაკოტრებულმა რეჟიმმა მიზანმიმართულად არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ომს აარიდებდა, ქვეყანა კი საშინელ ავანტიურაში ჩაითრიეს, რაც ჩვენი სამშობლოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის, ჩვენი გმირი სამხედროების, ჩვენი გმირი პოლიციელების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა, ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა! და ყველანაირი ადამიანური და პოლიტიკური მორალისგან დაცლილი პოლიტიკური დამნაშავეების ერთობამ ცინიკურად, საკუთარ ხალხს გამარჯვება აზეიმა! ამის საპასუხოდ, მეგობრებო, „ქართული ოცნებამ“ ჩვენ ქვეყანას მოუტანა უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც განაპირობა ყველა ის პროგრესი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან. სწორედ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა 12 წელში.  და კიდევ გავიმეორებ, არ დარჩენილა არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც ძალიან დიდ პროგრესს არ მივაღწიეთ.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა დღესაც ომის რისკის წინაშე დგას, ვინაიდან ამ ე.წ. აგენტების კოალიციამ, გახსოვთ კარგად, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. დღეს, ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა კარგად იციან, რომ საკუთარი მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში ისევ უცხო ინტერესების მორჩილი აგენტურის მოყვანაზე გადის და სწორედ ეს უსამშობლო ადამიანები, მზად არიან ძალაუფლება ჩაიგდონ ნებისმიერ ფასად, მათ შორის არეულობის, რევოლუციის გზით. შემდეგ კი საქართველო რა თქმა უნდა, ჩართონ ომში. მაგრამ ამის თავიდან აცილების, რისკების განეიტრალებისა და ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნების გარანტი ჩვენი ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დაწყებულ გზას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვას და ბოლომდე გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს.

დღეს არჩევანი მეგობრებო მარტივია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან ომი, ან მშვიდობა, თუმცა გავიმეორებ, სიფრთხილე და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს! 26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს აჭარა და გაიმარჯვებს საქართველო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 “გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ”-კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას პერსონალურ მუქარად და შანტაჟად მიიჩნევს.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში მსგავსი დიქტატორული მანერა არაერთი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსისგან ყოფილა, თუმცა მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ მოუხდენია.

„გახარიას მცდელობა აქვს მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინოს მუქარის და შანტაჟის გზით. ეს არ არის ის გზა, რომელიც სასურველ შედეგს მიაღებინებს. გახარიას მსგავსი დიქტატორული მიდრეკილების პოლიტიკური ელემენტები ჩემს ცხოვრებაში მრავლად შემხვედრიან, მათ შორის წინა ხელისუფლებაშიც. გახარია არც პირველია და არც უკანასკნელი. მსგავს მუქარებს ჩემს საქციელზე და გადაწყვეტილებებზე გავლენა არც წარსულში მოუხდენია და ვერც მომავალში მოახდენს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს საშუალებას აძლევს, შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის თანამდებობებზე იმსახურონ

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს საშუალებას აძლევს, კონტრაქტით იმსახურონ შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის თანამდებობებზე.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 276-მა დეპუტატმა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებს ბევრი უცხოელი შეუერთდა და მათ დაამტკიცეს, რომ აქვთ უნარი, ეფექტურად შეასრულონ რთული ამოცანები საბრძოლო ველზე.“

„დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა და რომელიც ხსნის გზას იმ უცხოელების რაოდენობის გაზრდისკენ, რომლებიც კონტრაქტით იმსახურებენ ოფიცრის თანამდებობებზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, სახელმწიფო სპეციალურ სატრანსპორტო სამსახურსა და ეროვნულ გვარდიაში“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უმეროვის თქმით, მანამდე უცხოელებს შეეძლოთ, მხოლოდ რიგითი ჯარისკაცისა და სერჟანტის თანამდებობებზე ემსახურათ.

„ახალი კანონი აძლიერებს ჩვენი არმიის პოტენციალს“, – აღნიშნა უმეროვმა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის სრულყოფის აუცილებლობა წარმოიშვა საბრძოლო შეხების ხაზზე შექმნილი რთული ოპერატიული ვითარების გამო, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სხვა სამხედრო ფორმირებების საბრძოლო შემადგენლობის მნიშვნელოვან გაზრდას მოითხოვს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7257 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9803 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9885 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შესაბამისი დადგენილება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.

რუსული მედიის ცნობით, სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნებული დადგენილების ახალი ვერსია აღარ შეიცავს გამონაკლისებს, რისთვისაც მანამდე ვიზა იყო საჭირო.

რუსული მედიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ რუსეთის ფედერაციაში უვიზოდ შესვლა განათლების მისაღებად, სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა.

ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა საკითხი, კომისიის ფარგლებში საზოგადოება ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს -გიორგი გახარია

ძალიან სახიფათო ველზე შედიან, რადგან უკვე ვიწყებ ფიქრს, ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა საკითხი, რაც „ქართულ ოცნებაში“ ჩამოთვალეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიას მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადების თაობაზე დაუსვეს კითხვა.

გახარიას თქმით, დარწმუნებულია, საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საზოგადოება მისთვის საინტერესო ბევრ რამეს გაიგებს.

გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ისტერიკა პირდაპირ მიუთითებს პარტია „საქართველოსთვის“ მზარდ მხარდაჭერაზე.

„წავიკითხე ტექსტი, მოსმენით არ მომისმენია. მამუკა მდინარაძე იმ დროს, ახლა არ ვიცი, ალბათ ახლაც, იმ ოთახში შემოშვებაზე კიარა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზეც საერთოდ ახლოს ვერ მივიდოდა. რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად. ჩემი მხრივ, მინდა, გითხრათ, რომ რეალურად რომ გვესმოდეს, ეს ტექსტი, ივანიშვილის მიერაა დაწერილი, რომელსაც ახლა შიშები ამოძრავებს. რატომ? მარტივი მიზეზის გამო. მან ძალიან კარგად იცის, რომ ახლა, წინასაარჩევნოდ სერიოზულ თემებზე როცა ვსაუბრობთ, როცა შენ შენი ხალხისგან გაურკვეველი მიზეზების გამო ითხოვ ბოდიშის მოხდას, ამის შემდგომ შენი დავალებით, შენი განკარგულებით, შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და, ფაქტობრივად, უმძიმეს დარტყმას აყენებს არაღიარების პოლიტიკას, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებას, როდესაც შენ შენი ფინანსური ინტერესების გამო, ფულის გამო რიგში აყენებ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებს და შენი ფინანსური კერძო დავის გამო ამ მონებს ალაპარაკებ, შემდგომ სახელმწიფოს შესაბამისად იყენებ, რათა როგორმე რაღაც ფული უკან დაიბრუნო, ამაში არის ძალიან სერიოზული ნიშნები ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ივანიშვილს ექნება შესაძლებლობა, რაღაც განმარტებები გააკეთოს, რადგან მერწმუნეთ, ეს განმარტებები იქნება ბევრად საჭირო, პირველ რიგში, მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, განმარტებები არ იქნება, იქნება სხვა ქმედებები, რადგან საზოგადოებაში არსებობს კითხვები, როგორ შეიძლება, შენს ქვეყანას და შენს მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა. როგორ შეიძლება, შენ შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება, მაშინ, როცა იცი, რომ არაღიარების პოლიტიკა არის უზარმაზარი რისკის ქვეშ შენს გამო, რადგან დაანგრიე საერთოდ ნორმალური ურთიერთობა დასავლეთთან და აქ არის პირდაპირ ჯაჭვი თანმიმდევრული მოვლენების. ამის შემდეგ რაღაც ტექსტი დაუწერო და ვიღაცა შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს. ძალიან სახიფათო ველზე შედიან, რადგან მე უკვე ვიწყებ ფიქრს, ხომ არ მოვიდა დრო, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა ის საკითხი, რომლებიც მათ ასე ჩამოთვალეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საზოგადოება მისთვის საინტერესო ძალიან ბევრ რამეს გაიგებს, ოღონდ არჩევნების შემდეგ, რადგან მე არ ვარ ისეთი მდაბიო, როგორც ზოგიერთი, რომ წინასაარჩევნო ინტერესებში მსგავსი თემები გამოვიყენო. მერწმუნეთ, ის ისტერიკა, რომელიც დღეს „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს ჩვენს მზარდ მხარდაჭერასა და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე. ასე რომ, მოკითხვა გადაეცით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე, გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“. მდინარაძის თქმით, მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან.

 ჩვენ, “ძლიერი საქართველო” ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს ყველა მოქალაქისთვის-ანა დოლიძე

ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს ყველა მოქალაქისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

კოალიციის ლიდერები დიღმის ჭალებში იმყოფებოდნენ.

„დღეს, ჩვენ დიღმის ჭალებში ვიმყოფებით, „ძლიერი საქართველოს“ ძლიერ გუნდთან ერთად, საარჩევნო ნომერი 9. ეს ის გუნდია, რომელიც წლების განმავლობაში ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობს, მათ შორის იმაზე, თუ რა კატასტროფაც მოხდა დიღმის ჭალებში. მთავარი ისაა, რომ წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ადამიანის და ოჯახის კეთილდღეობას, მათ უსაფრთხო, კარგ, სასიამოვნო, მწვანე გარემოში ცხოვრების ფასეულობა ემსახურება. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვალთ და გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომ ეს ქვეყანა იყოს უსაფრთხო, აქ იყოს კარგი გარემო, სასიამოვნო და მაღალი ცხოვრების ხარისხი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. დიღმის ჭალების მსგავსი ადგილი უბრალოდ ნაგავსაყრელი კი არ უნდა იყოს სამშენებლო ნარჩენებისთვის, იმ კომპანიებისთვის რომლებსაც კონკრეტული მფარველობა და მფარველობითი შეთანხმება აქვთ თბილისის მერიიდან, არამედ ცენტრალური პარკი უნდა იყოს თბილისის მოსახლეობისთვის, რომელიც თბილისის განაპირას, აი აქ, აქეთ მხარეს ცხოვრობს. თბილისში იყო ერთი ცენტრალური პარკი , იქაც ჩააშენა ბეტონები და ახლა ჩაგვიშენებენ ბეტონებს. გვჭირდება რამდენიმე ცენტრალური პარკი იმისათვის რომ გაიზარდოს ცხოვრების ხარისხი ყველა თბილისელისთვის. „ძლიერი საქართველოს“ ამოცანაა, საქართველოში ყველას მაღალი ცხოვრების ხარისხი ჰქონდეს, სწორედ ისე, როგორც ევროპულ სახელმწიფოებშია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

 უცხოელები თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ, ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას -მეუფე სტეფანე

უცხოელები გვეუბნებიან, რომ წამოგვყევით ჩვენ და თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ. თითებს უქნევენ, თქვენ ეს კანონი რომ მიიღეთ, ამის გამო დაისჯებით, ვერ შემოხვალთ ჩვენთან და ათას რაღაცას მიედ-მოედებიან. თვალნათლივ ჩანს, ისინი გვაიძულებენ, მოლაპარაკებებში რომ შემოვიდნენ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად სოდომური ცოდვის პროპაგანდას გზა უნდა გავუხსნათ საქართველოში, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებაში დღეს მყოფი ძალა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე დგას. მეუფე სტეფანემ ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები აპირებენ გადატრიალების მოწყობას და იაქტიურებენ არჩევნების დღეს.

„არის ერთი ძალა, რომელიც, მადლობა ღმერთს, ხელისუფლებაშია დღეს და გვიცავს, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას, ეროვნულ, ქრისტიანულ ღირებულებებს წინა პლანზე აყენებს. ჩვენ რამდენი ხანი ვნატრობდით, რომ ხელისუფლებას ამაზე ხმა აემაღლებინა და ჩვენი ღირებულებები დაეცვა. ამ ვითარებაში რა უნდა გავაკეთოთ?  უნდა დავინახოთ, რასაც აკეთებს ეს ძალა და რასაც აკეთებს უცხოეთიდან მართული ძალა.

თუ მოხდა ისე, რომ გაგვაბრიყვეს, დაგვაშინეს ან ათასი რაღაც, შემდეგი ეტაპი რა არის? – არავინ დღეს არ აქტიურობს, აპირებენ გადატრიალების მოწყობს, იაქტიურებენ მაშინ, როდესაც ეს არჩევნები უკვე ჩაივლის ან მისი ჩატარების დროს, რომ მოვიდეს დასავლეთიდან მართული ძალა, რომელიც გვეუბნება, რომ სოდომის ცოდვა უნდა დამკვიდრდეს საქართველოში. თუ არ გაიწვევთ იმ კანონს, რომელიც იცავს ჩვენს ბავშვებს და ჩვენს მომავალს სოდომისგან, მაშინ ჩვენგან გექნებათ ბრძოლა და ისეთ ბრძოლას გვიცხადებენ, პრაქტიკულად, არნახულს. დღეს შეიძლება, იარაღით ვერ შემოდიან, რადგან სიტუაცია არ აქვთ, თორემ იარაღითაც მოვიდოდნენ. ჩვენი მანქურთების მეშვეობით, შეიძლება, მოაწყონ ათასი რაღაც“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

 სიცრუეა ანა წითლიძის განცხადება “ენგურჰესის” თანამშრომლებისთვის პირადობების ჩამორთმევაზე, აბსურდია ინფორმაცია ენგურის ხიდის დაკეტვის შესახებ ოკუპანტებთან მოლაპარაკებაზე-“ენგურჰესი”

„ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადება სრული სიცრუე, – ამის შესახებ „ენგურჰესის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ფიზიკურად ვერ იარსებებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და შპს „ენგურჰესის“ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებაა.

შესაბამისად, ანა წითლიძის ცილისმწამებლური ბრალდებების რიტორიკაც არჩევნებიდან არჩევნებამდე უცვლელია. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება „ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. ის უტიფრად იტყუება, როდესაც მსგავს „ფაქტზე“ საუბრობს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა, შესაბამისად, ვერანაირი „მტკიცებულება“ ფიზიკურად ვერ იარსებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია.

„რაც შეეხება მეორე, კიდევ უფრო მძიმე და ცილისმწამებლურ ბრალდებას – ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ, ეს „ინფორმაციაც“ ასევე სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ანა წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც არა მარტო ლევან მებონიას, არამედ შპს „ენგურჰესისა “და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ასეთივე ცილისმწამებლური განცხადებებით ის წინა წლებშიც გამოირჩეოდა. აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, შემდგომი რეაგირებისთვის მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, რათა მსგავსი განცხადებები სათანადოდ იქნას გამოძიებული და სამართლებრივი პასუხი გაეცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მდინარაძემ რაც თქვა, ან ტყუილია, ან გამოდის, რომ ისინიც აგენტები არიან, ოღონდ ამ მთელ აგენტურულ თამაშში რაღაცნაირად სხვა როლს თამაშობენ -რაქვიაშვილი

პირდაპირი გაგებით თუ გავიგებთ იმას, რაც მდინარაძემ თქვა, იმხელა არის საჯარო ინტერესი, რომ უნდა ითქვას, ვისი აგენტები არიან, საუბრობენ უცხოურ ძალებზე, ეს კანონით აკრძალულია, ეს ხალხი კრიმინალები გამოდიან და „ქართული ოცნება“ უცხოეთიდან მართულ ამ მასობრივ და ორგანიზებულ კრიმინალს ეგუება?, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ეს ძალიან სასაცილოდ გამოიყურება.

„ეს თავიდან ბოლომდე ან ტყუილია, ან გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ამ აგენტურის არსებობას და ხალხს აფრთხილებს, ცუდი ხალხი არისო. ეს ასე არ მუშაობს. თუ ამბობ, რომ ვიღაც აგენტი და მართულია გარე ძალებიდან, თუ იცი, საიდან იცი, მტკიცებულება დადე, ერთი მაინც. მეორე – ამას როგორ ეგუები, რომ შენს ქვეყანაში ეს ხდება, როცა სრული ძალაუფლება გაქვს და შეგიძლია, სუს-დან დაწყებული, პარლამენტით დამთავრებული ყველაფერი გააკეთო. ამიტომ, ეს ყველაფერი სერიოზულად არ გამოიყურება. ეს პროპაგანდაა. არაფერი ეტყობა, რომ ეს სიმართლე იყოს. მაშინ უნდა დავიჯერო, რომ „ქართული ოცნება“ ამ დანაშაულებრივ მასობრივ ქმედებებს ეგუება. ეს „ქართულ ოცნებაზე“ კარგად არ მეტყველებს. გამოდის, რომ ისინიც აგენტები არიან, ოღონდ ამ მთელ აგენტურულ თამაშში რაღაცნაირად სხვა როლს თამაშობენ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“.

თიბისის ტექ გუნდი DevOpsDays Portugal-ის შესახებ

ამჯერად, კომპანიის DevOps-ის გუნდმა DevOps-ის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაში, DevOpsDays Portugal-ში მიიღო მონაწილეობა. ეს კონფერენციების სერიაა, რომელიც მსოფლიოს არა ერთ ქალაქში ტარდება და სათავეს 2009 წლიდან იღებს. DevOpsDays-ზე განხილული თემები, ძირითადად, ავტომატიზაციას, ტესტირებას, უსაფრთხოებასა და ორგანიზაციულ კულტურას ეხება, რაც ნემისმიერი მაღალი დონის კომპანიისთვის, შესაბამისად თიბისისთვისაც მნიშვნელოვანია.

თიბისიში შექმნილი ერთ-ერთი მიმართულება, DevOps CoE დაახლოებით 50-მდე DevOps ინჟინერისგან შედგება, რომლებიც კომპანიის მასშტაბით ბიზნეს მიმართულებებზე არიან გადანაწილებულები. თითოეულ ამ მიმართულებას საკუთარი ლიდერი ჰყავს. სწორედ მიმართულების ლიდებითა და DevOps არქიტექტებით დაკომპლექტდა გუნდი გაემგზავრა DevOpsDays Portugal-ზე.

კონფერენციაზე თიბისიდან 11 ადამიანი იმყოფებოდა და რამდენიმე მათგანმა DevOpsDays-ზე მიღებულ გამოცდილებასა და ემოციებზე საკუთარი პერსპექტივიდან ისაუბრა, თუმცა ყველა თანხმდება, რომ DevOpsDays Portugal მათი კარიერული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა იყო.

ქეთი წიკლაური გვიყვება, რომ კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა თიბისის ტექ გუნდი, რომ კომპანია იმავე ხელსაწყოებითა თუ მიდგომებით ცდილობს თანამედროვე სირთულეების დაძლევას, რომლებსაც წარმატებული, ყველასთვის ნაცნობი ორგანიზაციებიც იყენებენ. ქეთის განსაკუთრებული აღფრთოვანება DevOps-ის მიმართულებით ცნობილი პროფესიონალების გამოსვლებმა გამოიწვია, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება და მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარეს. 

“საინტერესო იყო პროფესიონალების გამოსვლები. მაგალითად, დანიელ რექუენა, რომელსაც ძალიან საიტერესო გზა აქვს გავლილი თავის პრაქტიკაში და ამჟამად პლატფორმის ინჟინერია. ის საკუთარ გამოცდილებასა და გამოვლილ პრობლემებზე დაყრდნობით, გვესაუბრა, როგორ გადავჭრათ პრობლემები მარტივად”, – გვიყვება ქეთი.

მიმართულების ლიდმა, ჯაბა მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენციაზე მსოფლიო დონის პროფესიონალებთან ურთიერთობის შესაძლებლობა კარიერულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. როგორც თავად ამბობს, ეს პროფესიონალს მთელი რიგი საკითხებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების უფრო ღრმა გაგებაში ეხმარება.

ჯაბას პათოსი ვანო ახვლედიანმა და ირაკლი ბერეჟიანმაც გაიზიარეს და აღნიშნეს, რომ  DevOpsDays მხოლოს ტექნიკურ ცოდნას არ ეხება. მათი აზრით, ისეთი პიროვნული უნარები, როგორიც არის ეფექტური კომუნიკაცია და პროფესიული სანაცნობო წრის ჩამოყალიბება, ინჟინრის პროფესიულ საქმიანობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

“ძალიან კარგი იყო ნეთვორქინგის კუთხით. გავიცანით ბევრი უცხოელი კოლეგა და გავაზიარეთ ერთმანეთის აზრები. ასევე გავიცანით და შევხვდით ისეთ ადამიანებს, ვის ვიდეოებზეც გვისწავლია და განვითარებულვართ. ამ მხრივ ძალიან კარგი და შედეგიანი მოგზაურობა იყო”, – ამბობს ვანო.

რა თქმა უნდა, რა ხდება ორგანიზაციაში, რა არის მათი მიზანი და ამომავალი წერტილი უშუალოდ იქ დასაქმებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან. როგორც თიბისის ტექ გუნდის წევრები ამბობენ, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაზარზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნებასთან ერთად, თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვაც არის. მათი თქმით, განვითარებული და თავდაჯერებული თანამშრომელი კომპანიის წარმატების საწინდარია და ამის მიღება ზუსტად ისეთ კონფერენციებზეა შესაძლებელი, როგორიცაა DevOpsDays Portugal.   

“თიბისი “სტანდარტული” ბანკი არ არის – ეს ტექ კომპანიაა, რომელიც ცდილობს თავისი ტექ ტალანტების კომპეტენცია მუდმივად აამაღლოს, რისთვისაც მსგავს კონფერენციებს იყენებს”,  – აღნიშნა ჯაბა მაჭარაშვილმა.

DevOpsDays პორტუგალიური თავგადასავალი თიბისის ტექ გუნდისთვის ფასდაუდებელი გამოცდილება აღმოჩნდა. ინდუსტრიის ლიდერებთან თანამშრომლობით და ცოდნის გაზიარებით, თიბისის DevOps ინჟინრები მზად არიან, გამოწვევებს გაუმკლავდნენ და კომპანიის შიგნით საჭირო ინოვაციები განახორციელონ.

უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი კი გვიანობამდე იმუშავებს

ქართველი გულშემატკივრებისთვის 11 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.

„შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 ოქტომბრის 15:00-იდან 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.

რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კერძოდ, ავტობუსები: N301, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397, 12 ოქტომბრის 02:00 საათამდე იმოძრავებენ. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა 11 ოქტომბერს, ქალაქ პოზნანში, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.