Home Blog Page 30

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი  საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში იწყებს ვიზიტს – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს ვიზიტს უნგრეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები ესწრებიან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბუდაპეშტში განაცხადა.

დარჩიაშვილის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და საინტერესო მექანიზმია იმისთვის, რომ ევროკავშირთან პოლიტიკურად ასოცირებული ქვეყნები კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ.

„პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის დისკუსიაში და პირველი იქნება ეკონომიკური უსაფრთხოების თემატიკაზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია და ამ დისკუსიაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს გერმანიის კანცლერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ პლენარულ სესიაში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან ერთად შეჯამდება გამართული დისკუსია. ვფიქრობთ, ჩვენთვის მსგავსი ტიპის პლატფორმაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ევროპული ინტეგრაცია და გარდა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობისა, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ საქართველომ წარმატებით განაგრძოს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დიდ ბრიტანეთში საგარეო საქმეთა მინისტრისგან ბოდიშის მოხდა სურთ, რომელმაც დონალდ ტრამპს „ნეონაცისტი სოციოპათი“ უწოდა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს, კემი ბეიდინოკს, ბოდიშის მოხდა სურს საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ლამისგან, რომელმაც დონალდ ტრამპს „ნეონაცისტი სოციოპათი“ უწოდა. ამის შესახებ Sky News იუწყება.

კემი ბეიდინოკმა, რომელმაც 2 ნოემბერს „კონსერვატიული პარტიის“ ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა, დიდი ბრიტანეთის პრემიერს ჰკითხა, მოიხდის თუ არა ბოდიშს თავისი კომენტარისთვის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი. 

დევიდ ლემიმ მინისტრად დანიშვნამდე ტრამპს „საერთაშორისო დღის წესრიგისთვის ღრმა საფრთხე“ და „ნეონაცისტი სოციოპათი“ უწოდა. 

კირ სტარმერმა თქვა, რომ ის და ლემი ტრამპს სადილზე შეხვდნენ კონსტრუქციული შეხვედრა შედგა. 

„გაგიჭირდებათ ისეთი პოლიტიკოსის პოვნა, რომელიც იმ დროს დონალდ ტრამპის შესახებ არაფერს ამბობდა“, – აღნიშნა სტარმერმა. 

16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

მატარებლები შემდეგი განრიგის მიხედვით იმოძრავებენ:

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე – https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

,,ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის ყველა გზას გამოვიყენებთ”- ნიკა გვარამია

ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გვარამიას თქმით, “სამწუხაროა ევროპელი ლიდერების განცხადებები, მაგრამ კანონზომიერი, რადგან ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა”.

“ჩვენ პრეზიდენტის ინიციატივებს არ ვიხილავდით, საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში, როგორ ვხედავთ ოპოზიციური პარტიები და რა გეგმები გვაქვს ან ხომ არ შეცვლილა ეს გეგმები. ცხადია, ეს გეგმები არ შეცვლილა, ჩვენ ვიბრძვით არჩევნების შედეგების ბათილობისთვის, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა გზას, როგორც ლეგალურს, ანუ სასამართლოებს და, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსაც, ასევე გამოვიყენებთ კონსტიტუციითა და კონვენციებით ნებადართულ გზას სახალხო დემოკრატიისა, რომელსაც მარტივად ჰქვია ქუჩა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ეს იცის მსოფლიოში ყველამ. ბუნებრივია, რომ საერთაშორისო შესწავლა ამ არჩევნების აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ, ყველას შევახსენებ, მეოთხე პუნქტი ბოლო რეკომენდაციებისა ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რამდენად იყო ეს არჩევნები შესაბამისობაში ამ დათქმასთან, ეს ისედაც ცხადი და გასაგებია, თუმცა ჩვენ მტკიცებულებებითაც ამას გავამყარებთ. ახალი არჩევნები იქნება.

პრეზიდენტთან არ გვისაუბრია, საპროტესტო მოძრაობა მოსწონს თუ არა. პრეზიდენტი არის ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, მას ეს ვალდებულებაც და უფლებაც აქვს და, შესაბამისად, როცა ადამიანები კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებენ, არ მგონია, ეს პრეზიდენტს არ მოსწონდეს.

სამწუხაროა ევროპელი ლიდერების განცხადებები იმიტომ, რომ ჩვენ ევროპელი ხალხი ვართ, მაგრამ კანონზომიერია, რადგან ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა, ამიტომ, თუ გვინდა, რომ თანხვედრაში იყოს ჩვენი ხალხის ევროპული მისწრაფებები ჩვენი სახელმწიფოს ქმედებებთან, უნდა გვყავდეს ახალი მთავრობა ევროპული მისწრაფებებით. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე გამოხატავს ხელისუფლება, ვიდრე ასეთია ხელისუფლება, ევროპა თავის ოჯახში არ მიგვიღებს, ეს ძალიან გასაგებია, ეს არავის უნდა ეწყინოს და ვისაც ეს არ მოსწონს, ხელისუფლება უნდა შეცვალოს. მოგვპარეს არჩევნები? წავართვათ უკან!”, – აღნიშნა გვარამიამ.

2013 წელს დონალდ ტრამპმა მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო, ვუპასუხე, მაგარი შანსები გაქვს-თქო – მიხეილ სააკაშვილი

2013 წელს დონალდ ტრამპმა მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მაშინ ტრამპმა უთხრა, რომ მის გარშემო ამ შანსების არავის სჯეროდა.

„2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ, ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი. მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ნიუ იორკში ვიყავი, თუ გინდა მესტუმრე-მეთქი. დამპირდა, რომ გამომივლიდა უილიამსბურგში, თანაც მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე: ხომ იცი ამის შესახებ ჩემი აზრი, ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო. ცოტა იხტიბარგატეხილმა მიპასუხა: რა ვიცი, ჩემ გარშემო არავის არ სჯერა, რომ მაქვს შანსები. გავამხნევე, არ დაუჯერო-მეთქი. და მერე მაიკლს გადაულაპარაკა, ხომ ხედავ, ხომ გეუბნებოდი, მიშაც ამბობს, რომ მაქვს შანსებიო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

,,პრეზიდენტი არის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი ქვეყანაში” -თინა ბოკუჩავა

საქართველოს პრეზიდენტთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების კონსულტაციები გრძელდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, პრეზიდენტი არის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი ქვეყანაში.

„პარტიები ვართ ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებში პრეზიდენტთან, რომელიც არის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, მაშინ, როცა ყველა სხვა ინსტიტუტი მიტაცებულია. ამის მაგალითი ვნახე, მათ შორის სააპელაციო სასამართლოში ახლა, საიდანაც მოვდივარ, სადაც დიმიტრი გვრიტიშვილს არ ეყო პროფესიონალიზმი, დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების შინაგანი განცდაც კი, რომ აცილების შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სასამართლო, ყველა სხვა სახელმწიფო უწყება არის მიტაცებული, პრეზიდენტი არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი და შესაბამისად, როგორც დემოკრატიის ერთადერთი შუქურა ამ ქვეყანაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასთან ინტენსიური კონსულტაციები იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმოს, მათ შორის, მომავალი რამდენიმე კვირა, როცა უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

სააპელაციო სასამართლომ ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) სამი სააპელაციო საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა და გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, თამარ ონიანმა და ნანა ჭიჭილაშვილიმა დაახლოებით სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ გადაწყვეტილება 4 ნოემბერს მიიღო.

“ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს – როგორც ჩანს, დავალებები იგვიანებს” – რატი იონათამიშვილი

“ჩვენი საზოგადოება ახლა რასაც ხედავს, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არის უპასუხისმგებლო, ანტიეროვნული და რომელიც, როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის” – ამის შესახებ “დღის კურიერში” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს, ვინაიდან “დავალებების მიცემა იგვიანებს”.

“ოპოზიცია, სინამდვილეში, არც პარლამენტში და არც ქუჩაში არის, არის ფანჩატურში და, როგორც ჩანს, ფანჩატური არის ის მასშტაბი, რა მასშტაბსაც დღეს აგენტურული ოპოზიცია წვდება.

ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვისმენთ, რომ ხვალ, ორშაბათს, შემდეგ დღეს იქნება გეგმა, გეგმა არ აქვთ, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ იგვიანებს დავალებები. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ მათ საკუთარი გეგმები არ ჰქონდათ, ისინი მოქმედებდნენ დავალებების შესაბამისად, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა ამ დავალებების გაცემაც იგვიანებს მათკენ და ვხედავთ მათ გზადაკარგულ ადამიანთა მარგინალური ჯგუფს და ესეც კანონზომიერი არის, რომ ასე ხდება.

როგორც ჩანს, ფსონის დადება ამ რადიკალურ ოპოზიციაზე უკვე აღარავის აღარ უნდა და მათ ძალიან მოაბეზრეს თავი ქვეყნის შიგნით საკუთარ ამომრჩეველსაც კი და ვხედავთ, რომ დღითიდღე მათი რაოდენობა იკლებს და მეორეს მხრივ, თავი მოაბეზრეს იმ დავალებების მიმცემებს, ვისაც ჰქონდა იმის იმედი, რომ ამ რადიკალური ოპოზიციის გამოყენებით ჩვენს ქვეყანაში არევდა სიტუაციას და მშვიდობას ომით ჩაანაცვლებდა. ცხადია, რომ ამ გეგმას აღსრულების არანაირი რესურსი და პოტენციალი არ აქვს.

აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება ახლა რასაც ხედავს, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არის უპასუხისმგებლო, ანტიეროვნული და რომელიც, როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის.

საზოგადოებას ახსოვს, ჩვენ არჩევნების წინ ვამბობდით, რომ ეს რადიკალური აგენტურული ოპოზიცია იმსახურებდა, რომ კონსტიტუციის მიხედვით ყოფილიყო აკრძალული, მაგრამ როგორც ჩანს, არანაირი ბერკეტის გამოყენება ჩვენ არ დაგვჭირდება, ვინაიდან ესენი თვითონ მიიყვანენ საკუთარ თავს გაარაფრებამდე, ეს კარგიც იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებისთვის, ვინაიდან, რაც უფრო ნაკლები და დასუსტებული იქნება რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო ძლიერი იქნება დემოკრატია საქართველოში”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 ნომებერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7247 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9288 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9677 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0389 ლარი შეადგინა.

დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე, მივულოცე გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, აშშ საქართველოს გვერდით იქნება -გიორგი ვაშაძე

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ვაშაძის თქმით, ტრამპმა სერიოზული გამარჯვება მოიპოვა და დარწმუნებულია, რომ რეგიონში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს გამარჯვებას. პირველი, სხვათა შორის, ბიულეტენები იქ, აშშ-ში არ ჟონავდა. ჩვენ ვართ ერათადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენელი, თინა ბოკუჩავა, იყო წარმოდგენილი დონალდ ტრამპის კანდიდატად წარდgენის დროს. ვიდრე აქ მოვიდოდი, ცოტა დამაგვიანდა, რადგან  დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე, მივულოცე ეს გამარჯვება და დარწმუნებული ვარ, აშშ იქნება საქართველოს გვერდით; დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩადენილ სისტემურ დანაშაულს, არჩევნების სახელწოდებით, ექნება შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, დონალდ ტრამპისa და მისი გუნდის მხრიდან. ამერიკა სისტემურად უდგება თანამშრომლობას საქართველოსთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვულოცავ. ძალიან სერიოზული გამარჯვება მოიპოვა მან და დარწმუნებული ვარ, რომ, მათ შორის, ჩვენს რეგიონში ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.

თინა ბოკუჩავა იყო მიწვეული პირადად ტრამპის კანდიდატად წარდგენის დროს. მე იქ არ მინახავს არცერთი „ქოცი“ წარმომადგენელი, რადგან ჩვენ ორივე პარტიასთან თანაბარი პარტნიორობა გვაქვს. შეგახსენებთ, ზალკალიანი არ წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“. ზალკალიანი, რომელიც იქ შეიპარა და ჩუმად იჯდა, წარმოადგენდა საქართველოს, რადგან ჯერჯერობით ის ელჩია. „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი იქ არ იყო, ვერც იქნებოდა. გაგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე როცა ჩასული იყო ნიუ ორკში, ის შეეცადა ტრამპთან ან მის გუნდთან შეხვედრას და უარი უთხრეს ამაზე. აქ მოსვლამდე ტრამპის გუნდთან უკვე მქონდა კავშირი და მივულოცე გამარჯვება. სხვათა შორის, ბორის ჯონსონი, რომელიც ჩვენ გვისურვებს წარმატებას, არის ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მხარდამჭერი. ამით ყველაფერი მტკიცდება. ჩვენ არ ვარჩევთ ამერიკას პარტიებით. ჩვენს ხალხს ამერიკისგან აქვს სრული მხარდაჭერა, ამიტომ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება რუსული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი ამის შემდეგ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“მე არ გამხარებია ტრამპის მოგება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი” – გია ნოდია

პოლიტოლოგი, გია ნოდია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტრამპის გამარჯვება არ გახარებია.

“მე არ გამხარებია ტრამპის მოგება. ჩემი აზრით, ტრამპი არ არის ღირსეული ადამიანი და ის არ შეესაბამება ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას.
მაგრამ მე რას ვფიქრობ ტრამპზე, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რატომ მისცა მას ხმა ხალხმა.
ხოდა, ამაზე მოკლე პასუხი მაქვს:
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
ტრამპი არის დემოკრატების ბრალი!
სამწუხაროდ, ამერიკელმა დემოკრატებმა (ან
“ლიბერალებმა”, როგორც მათ ამერიკაში ეძახიან) ეს ვერაფრით გაიგეს. ამიტომ დაიმსახურეს, რომ ყავდეთ ტრამპი”.- წერს პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძრას ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძრას ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
“მუხრანის მოხუცთა თავშესაფარ შპს “მუხრანის სავანეში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ასევე, დაშავდა 2 ბენეფიციარი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. დაშავებულები, მიხეილ სარჯველაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.
მუხრანის თავშესაფრის ყველა ბენეფიციარმა გაიარა შესაბამისი შემოწმება და გადაყვანილები არიან სხვადასხვა თავშესაფარში, სადაც ყველა საჭირო სერვისით არიან უზრუნველყოფილნი.
ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება,” – წერია განცხადებაში.